გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.06.2026
საქმის ნომერი
ას-480-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-480-2026 22 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია

კასატორი – საქართველოს პარლამენტი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი/მ რ.ჭ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 15 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს პარლამენტმა (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ინდივიდუალური მეწარმე რ.ჭ–ძის (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 13 301.60 ლარის დაკისრება.

2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ მიუხედავად მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისა, დაკისრებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და ითხოვა შემცირება.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს პარლამენტის სარჩელი ინდმეწარმე რ.ჭ–ძის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს 6650.80 ლარის გადახდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. საქართველოს პარლამენტსა და ინდივიდუალურ მეწარმე რ.ჭ–ძეს შორის 2023 წლის 28 ივლისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N23-28/07/1 ხელშეკრულება, საქართველოს პარლამენტის სასახლის შიდა ეზოს ტერიტორიაზე ზ. ჭ–სა და ......... ქუჩების მხრიდან ავტოტრანსპორტის შესვლა-გასვლისთვის განკუთვნილ ალაყაფის კარებზე, კარის შუა ნაწილში მოწყობილი თითბერის ფრაგმენტების დამზადების (თანმდევი მომსახურებით) შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 25 580.00 ლარით.

4.2. ხელშეკრულების მე-3 მუხლით, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2023 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით, მისამართზე - ქ. თბილისი, ..........., საქართველოს პარლამენტის სასახლე.

4.3. ხელშეკრულების 6.1. მუხლით შესყიდვის ობიექტი მიწოდებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ მხარეებს შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ხელშეკრულების მე-8 მუხლით განისაზღვრა პირგასამტეხლოს დაკისრების პირობები ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის.

4.4. ხელშეკრულების 8.1. მუხლით მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების 3.1. პუნქტის და 4.1.3. ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ სრულ/არასრულ დღეზე ხელშეკრულების ღირებლების 1%-ის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ ვადების გადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებდა ხელშეკრულების ღირებულების 2%-ს. მაშინ შემსყიდველს ექნებოდა ხელშეკრულებიდან გასვლისა და მიმწოდებლისათვის გასვლის მომენტისთვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზღაურების უფლება. ამასთან, ხელშეკრულების 8.4. მუხლით განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების სრული შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების დამრღვევი მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება ხელშეკრულების ღირებულების 20%-ის ოდენობით.

4.5. ხელშეკრულების 11.1. მუხლით, მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან თუ აღნიშნული გამოწვეულია ფორს-მაჟორის ზეგავლენით. აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში მხარე ვალდეულია აცნობოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შესახებ. 11.2. მუხლით, თუ ერთ-ერთი მხარე ფორს-მაჟორული მდგომარეობის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებებისაგან.

4.6. მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში - 2023 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით, მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.

4.7. რ.ჭ–ძემ 2023 წლის 21 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფორს-მაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, უხვი ნალექების გამო, რომელმაც გამოწვია საქართველოს მასშტაბით დაზიანება, შეუშალა ხელი, დაემზადებინა თითბერის მრგვალი ფორმის ფრაგმენტებისთვის ყალიბები, რადგან აიღო ტენიანობა, რის გამოც მოუწია ხელახლა დაემზადებინა ფორმები, ასევე, 2023 წლის 27 აგვისტოს მუშაობის დროს სახელოსნოში გაჩენილმა ხანძარმა შეაფერხა, რის გამოც ვერ შეასრულა ხელშეკრულების პირობები. ამ ყოველივეს საფუძველზე, ითხოვა, რომ არ დაკისრებოდა პირგასამტეხლო და სამუშაოს შესრულების ვადა გაზრდოდა 2023 წლის 15 ოქტომბრამდე. განცხადების პასუხად, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2023 წლის 02 ოქტომბრის წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ 2023 წლის 28 ივლისის ხელშეკრულების 3.1. მუხლის თანახმად, ხელშეკრულების ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2023 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით, რაც წერილის მომზადების დროისთვისაც არ იყო შესრულებული. ამასთან, განმცხადებელს შეახსენეს, რომ ხელშეკრულების 11.2. მუხლით, თუ მხარე ფორს-მაჟორული მდგომარეობის გამო ვერ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, მეორე მხარისთვის უნდა ეცნობებინა დაუყოვნებლოვ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა. წერილში ვალდებულების შესრულების შემაფერხებელ კონკრეტული გარემოების თარიღად მითითებულია 2023 წლის 27 აგვისტო, შეტყობინება კი გაგზავნილი იყო 21 სექტემბერს - 25 დღის შემდეგ. ამიტომ აღნიშნული გარემოება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა მიჩნეული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად ვალდებულებების შეუსრულებლობისას. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ ვინაიდან, მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტი ჯერ კიდევ არ იყო მიწოდებული, ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების (25 580.00 ლარი) 1%-ის ოდენობით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მიმართავდნენ სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4.8. 2023 წლის 6 ოქტომბერს მოპასუხემ მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს თხოვნით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, შეწყვეტილიყო მხარეებს შორის 2023 წლის 28 ივლისს დადებული ხელშეკრულება. 2023 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსსა და ინდივიდუალურ მეწარმე რ.ჭ–ძეს შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება 2023 წლის 28 ივლისის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეწყდებოდა ხელშეკრულების მოქმედება ვადამდე, გარდა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, შესაბამისი პირგასამტეხლოს გამოყენებით.

4.9. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2023 წლის 9 ოქტომბრის წერილით ინდივიდუალურ მეწარმე რ.ჭ–ძეს ეცნობა, რომ 2023 წლის 28 ივლისის ხელშეკრულების 8.1. მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 3.1 და 4.1.3. მუხლებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით. ასევე ეცნობა, რომ ვინაიდან მხარე ვერ უზრუნველყოფდა შესყიდვის ობიექტის მიწოდებას, ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების (25 580.00 ლარის) 1%-ის - 255.80 ლარის ოდენობით. 2023 წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობით ვადაგადაცილება შეადგენდა 32 კალენდარულ დღეს. შესაბამისად, ვადაგადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა − 8 185.60 ლარს. ამასთან, ხელშეკრულების 8.4. მუხლის თანახმად, ვინაიდან სახეზე იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების სრული შეუსრულებლობა მხარეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო - 13 301.60 ლარი. მასვე განემარტა, რომ პირგასამტეხლო გადახდილი უნდა ყოფილიყო შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარდგენოდა საქართველოს პარლამენტს. საფოსტო გზავნილებით დგინდება, რომ წერილი ორჯერ გაეგზავნა მოპასუხეს, მაგრამ ვერ ჩაბარდა. პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება მოპასუხეს არ შეუსრულებია არც სარჩელის აღძვრის და, არც საქმის გადაწყვეტის დროისთვის.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 15 იანვრის განჩინებით საქართველოს პარლამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთება:

7.1. პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა იმ საკითხის გარკვევა, სწორად შეამცირა თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო.

7.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სახეზე იყო მხარეთა შორის წერილობით შეთანხმებული პირგასამტეხლო და სახელშეკრულებო ვალდებულების როგორც ვადაგადაცილების, ისე შეუსრულებლობის ფაქტი, რაც მოვალისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ორივე ტიპის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოადგენდა.

7.3. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და აღნიშნა, რომ მართალია, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმდა პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა, ხელშეკრულების თავისებურებას წარმოადგენდა ის, რომ სახელშეკრულებო პირობათა შემთავაზებელი იყო ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც წინასწარ დადგენილი პირობებით ატარებს ტენდერს და სახელშეკრულებო პირობათა შეცვლისა და მათზე ზემოქმედების შესაძლებლობა ტენდერში მონაწილე სუბიექტებს შეზღუდული აქვთ აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატის მოსაზრებით, ვერ იქნებოდა გათვალისწინებული მოსარჩელის პრეტენზია, რომ სასამართლო არ უნდა ჩარეულიყო სახელშეკრულებო ურთიერთობაში.

7.4. პალატამ დამატებით ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ ვალდებულების ვადაგადაცილება შეადგენდა 32 დღეს, რაც ვერ იქნებოდა მიჩნეული იმდენად მძიმე დარღვევად, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაკისრებოდა 8 185.60 ლარი, რაც 160%-ით აღემატება ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობას. რაც შეეხება ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობას, პალატამ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ მენარდემ მას შემდეგ, რაც უარი მიიღო ვალდებულების შესასრულებლად განსაზღვრული ვადის გაგრძელებაზე, მალევე მიმართა შემკვეთს ხელშეკრულების შეთანხმებით შეწყვეტის თაობაზე, ვინაიდან ჯეროვნად ვერ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და შემკვეთს აღარ დააკარგვინა დრო, რომელსაც იგი გამოიყენებდა ახალი კონტრაჰენტის მოსაძიებლად და შესრულების სხვა საშუალებით მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულების სრულიად შეუსრულებლობა საკმაოდ მძიმე დარღვევაა, პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული კომუნიკაციის, მენარდის კეთილსინდისიერი მოქმედებებისა და იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ შემკვეთს ვალდებულების შეუსრულებლობით რაიმე კონკრეტული ზიანი არ მისდგომია, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად მოხდა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და არ არსებობდა მისი გაზრდის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 15 იანვრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს პარლამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

9 საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

9.1. კასატორის მითითებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად შეამცირა მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად შეთანხმებული პირგასამტეხლო, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს მიზანს.

9.2. კასატორის მოსაზრებით, განჩინება არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული. სასამართლომ არ გაითვალისწინა კონკრეტული შესყიდვის მიზანი და საჯარო დაწესებულების ინტერესი, შეთანხმებულ ვადაში მიეღო ის შედეგი, რისთვისაც განახორციელა შესყიდვა. ასევე დაუსაბუთებელია მსჯელობა იმის შესახებ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობით მოსარჩელეს ზიანი არ მისდგომია.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 16 აპრილის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 15 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და ნაწილობრივ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. მოსარჩელის მოთხოვნაა, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ვადაგადაცილებისა და საერთოდ შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება. ეს სამართლებრივი შედეგი მიიღება 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში. კერძოდ, ეს წინაპირობები შემდეგია: ა) მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება; ბ) პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება; გ) ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.

15. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად შეამცირეს.

16. საქმეზე სადავო არ გამხდარა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაო მოპასუხემ ვერ შეასრულა და ხელშეკრულების შესრულების შეუძლებლობის გამო, მოსარჩელე მხარეს მიმართა ერთობლივი შეთანხმებით, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის თხოვნით. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულება შეწყდა 2023 წლის 6 ოქტომბერს. მოსარჩელემ, როგორც შემსყიდველმა მიიღო გადაწყვეტილება შემსრულებლისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. მხარემ გამოიყენა როგორც ხელშეკრულების 8.1. მუხლით, ისე 8.4. მუხლით შეთანხმებული დებულებები და შესაბამისად, შემსრულებელს დააკისრა პირგასამტეხლო 32 დღის ვადაგადაცილებისთვის, ყოველდღიური 1%-ის ოდენობით ხელშეკრულების ღირებულებიდან (25 580.00 ლარი) და ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, ხელშეკრულების ღირებულების 20%-ის ოდენობით.

17. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა როგორც ვადაგადაცილებისათვის, ასევე, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, საკასაციო პალატის შეფასების საგანი საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივრის პრეტენზიაა.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი).

19. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).

20. სსკ-ის 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, აღნიშნული მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.

21. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთმითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად.

22. მართალია, სსკ-ის 420-ე მუხლი უშვებს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, თუმცა აუცილებლად უნდა შეფასდეს, თუ რამდენად კვალიფიციური შედავება განახორციელა მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ, რამეთუ, სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან (მრავალთა შორის იხ. სუსგ.: ას-1499-2022, 24.01.2023წ; ას-1576-2022, 16.03.2023წ.). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს) (იხ. სუსგ-ები: №ას-888-2020, 10 დეკემბერი, 2020 წელი; №ას-1245-2022, 09 მარტი, 2023 წელი).

23. გამომდინარე იქიდან, რომ მოვალეს გააჩნია პროცესუალური ვალდებულება, კვალიფიციური შესაგებლით დაასაბუთოს, თუ რატომ არის მთხოვნილი პირგასატმეხლო შეუსაბამოდ მაღალი, საკასაციო პალატა პირველ რიგში შეაფასებს თუ რამდენად კვალიფიციური შედავება განახორციელა მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ.

24. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მის მიერ სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე არ მიუთითებია. მოსამზადებელ სხდომაზე კი აღნიშნა, რომ დარიცხული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და ითხოვა მისი შემცირება.

25. საკასაციო პალატა განმარტავს, როდესაც საკითხი ეხება ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. პალატა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა.

26. მოცემულ შემთხვევაშიც, იმის განსაზღვრისას, დარიცხული პირგასამტეხლო არის თუ არა შეუსაბამოდ მაღალი, პალატა შეაფასებს მოპასუხის მიერ აღნიშნულის დასადასტურებლად მითითებული გარემოებების საფუძვლიანობას (მითითებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე) და აღნიშნავს, რომ მხოლოდ მითითება პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობაზე, არ წარმოადგენს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველს. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმას, რომ მოპასუხე ხარე თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების სრული შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების დამრღვევი მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას ხელშეკრულების ღირებულების 20%-ის ოდენობით. გასათვალისწინებელია ასევე ის, რომ შემსყიდველი იყო საქართველოს პარლამენტი, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტის სასახლის შიდა ეზოს ტერიოტორიაზე ზ. ჭ–სა და ......... ქუჩების მხრიდან ავტოტრანსპორტის შესვლა-გასვლისთვის განკუთვნილ ალაყაფის კარებზე, კარის შუა ნაწილში მოწყობილი თითბერის ფრაგმენტების დამზადება, რომლის შესრულების განსაკუთრებული მოლოდინი ჰქონდა მოსარჩელეს და მიმწოდებელს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეთხოვებოდა ვალდებულების შესრულება. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია, რის გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების 8.4. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა. საკასაციო პალატა იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხე მხარის შედავება პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე არ წარმოადგენს კვალიფიციურ შედავებას, ვინაიდან, მხოლოდ ზოგადად უთითებს, რომ დარიცხული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და არ მიუთითებია იმ კონკრეტულ გარემოებებზე, რაც შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი, მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი ხელშეკრულების 8.4 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა ქვემდგომი სასამართლოების მიერ არამართებულად შემცირდა.

27. მოპასუხის მიერ განხორციელებული შედავების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენით ხელშეკრულების 8.4 პუნქტით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა - ხელშეკრულების ღირებულების 20%-ის ოდენობით, არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული ოდენობა, რომელიც არ გამოიწვევს კრედიტორის გამდიდრებას.

28. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ხელშეკრულების 8.1. მუხლით (მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების 3.1. პუნქტის და 4.1.3. ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ სრულ/არასრულ დღეზე ხელშეკრულების ღირებლების 1%-ის ოდენობით) გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დათქმების გონივრული განსჯისა და ლოგიკური განმარტების შედეგად, რომლებიც პირგასამტეხლოს აქვს დათმობილი, ერთმნიშვნელოვნად იკვეთება, რომ შესრულების ვადის გადაცილებისათვის მხარებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ სრულ/არასრულ დღეზე ხელშეკრულების ღირებლების 1%-ის ოდენობით. ხოლო, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევისთვის პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ღირებულების 20%-ის ოდენობით. პალატის მოსაზრებით, ვალდებულების სრულად შეუსრულებლობის დროს, ორივე სახის პირგასამტეხლოს დაკისრების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ორმაგი რეჟიმი გავრცელდება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებსა და პრინციპებს (კეთილსინდისიერების, უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობის და ა.შ). შესაბამისად, პალატა არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებასთან ერთად, ვადაგადაცილებული დღეების შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლის არსებობის შესახებ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, ამგვარი შედეგის დადგომა მხარის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის საუარესოდ შებრუნებას გამოიწვევს, რაც დაუშვებელია. ამდენად, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 2558 ლარის ოდენობით დაკისრებული პირგასამტეხლოს ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები.

29. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ არამართებულად იქნა შემცირებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების 8.4. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 20% - ხელშეკრულების ღირებულების 10%-მდე.

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 4092.80 ლარის დაკისრების შესახებ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 5116 ლარის ოდენობით (25580 ლარის 20%). სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის - 2558 ლარის უცვლელად დატოვების ნაწილში, დარჩეს ძალაში.

31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი (საკასაციო მოთხოვნის 76.92%-ით) და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟიდან (332.54 ლარის 76.92%) 255.78 ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟიდან (266.03 ლარის 76.92%) 204.63 ლარის გადახდა. ხოლო, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უკვე დაკისრებული 199.53 ლარის მხედველობაში მიღებით, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით უნდა დაეკისროს 30.69 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს პარლამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 15 იანვრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიიის 2025 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 4092.80 ლარის დაკისრების შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. საქართველოს პარლამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ინდივიდუალურ მეწარმე რ.ჭ–ძეს საქართველოს პარლამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 5116 ლარის გადახდა;

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 15 იანვრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიიის 2025 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 2558 ლარისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 199.53 ლარის გადახდა, დარჩეს ძალაში.

6. ინდივიდუალურ მეწარმე რ.ჭ–ძეს (.........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 491.1 (255.78+204.63+30.69) ლარის გადახდა;

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლევან ნემსაძე

მიხეილ ჯინჯოლია