დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 12.06.2026
საქმის ნომერი
ას-976-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-976-2025 12 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ი.ჯ–ი“ (მოპასუხე, გაერთიანებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური (მოსარჩელე, გაერთიანებული სარჩელით მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 08 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება, დარიცხული პირგასამტეხლოს უკანონოდ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „სამსახური“ ან „გაერთიანებული სარჩელით მოპასუხე“) სარჩელი შპს „ი.ჯ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“ ან „გაერთიანებული სარჩელით მოსარჩელე“) მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და მოპასუხე კომპანიის სარჩელი სამსახურის მიმართ დარიცხული პირგასამტეხლოს უკანონოდ აღიარების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე კომპანიას სამსახურის სასარგებლოდ დაეკისრა 4000 ლარის გადახდა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 08 მაისის გადაწყვეტილებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე კომპანიას სამსახურის სასარგებლოდ დაეკისრა 18 269.23 ლარის გადახდა; მოპასუხე კომპანიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე კომპანია გათავისუფლდა პირგასამტეხლოს - 32 885.86 ლარის გადახდისაგან; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელების დაკმაყოფილების უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად.

3. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. 2019 წლის 27 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება N11/66 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომელიც ეხება სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა, პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა კვებით მომსახურებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების პირობების თანახმად, ხელშეკრულება უნდა განხორციელდეს უწყვეტად, 2019 წლის 01 დეკემბრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და ხელშეკრულების საერთო სავარაუდო ღირებულება შეადგენს 73 077 497.50 ლარს (ხელშეკრულების 3.7 პუნქტი). ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, „მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ შესყიდვის ობიექტის (მომსახურების) და მის მიერ მიწოდებული ყველა პროდუქტის ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულების პირობებს და დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს“, ხოლო 4.4 პუნქტით განსაზღვრულია, რომ „ამ მუხლით დადგენილი ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ხელშეკრულების მე-9 მუხლის შესაბამისად“. 4.5 პუნქტის თანახმად, მხარეები აცხადებენ და ადასტურებენ, რომ ამ ხელშეკრულებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების ხარისხი (მათ შორის მიწოდებული პროდუქტების, ასევე მიწოდების ხარისხი, ნორმები და სხვა) არის ხელშეკრულების არსებითი პირობა და მიმწოდებლის ვალდებულების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც მიმწოდებელს არ აქვს უფლება მიუთითოს/დაეყრდნოს ამ ვალდებულების დარღვევის უმნიშვნელობაზე. ხელშეკრულებით განსაზღვრულია, რომ „შემსყიდველი უფლებამოსილია, შესყიდვის ობიექტის (მომსახურების) მიწოდების პარალელურად განახორციელოს შემოწმება, რომლის მიზანია შესყიდვის ობიექტის (მომსახურების) შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან; შეამოწმოს კვების პროდუქტების ხარისხი და წარმომავლობა, ჩაატაროს ლაბორატორიული კვლევა მიწოდებულ პროდუქტზე“ (ხელშეკრულების მე-13 მუხლის 13.1. პუნქტი). ხელშეკრულების მე-9 მუხლით გათვალისწინებულია მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისას. 9.6 პუნქტის თანახმად, სამზარეულო და სასაწყობე სივრცეში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევისას მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.03%-ის ოდენობით, ხოლო 9.7 პუნქტის თანახმად, უხარისხო ან ვადაგასული პროდუქტების აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.01%-ის ოდენობით უხარისხო ან ვადაგასული პროდუქტის თითოეულ სახეობაზე;

3.2. 2021 წლის 12 ივნისს და 26 აგვისტოს სამსახურის სისტემაში შექმნილი კვების ინსპექტირების კომისიამ განახორციელა ინსპექტირება გარე დაცვის აღმოსავლეთ სამმართველოს N17 განყოფილების და N6 პენიტენციური დაწესებებულების სასადილოში, რა დროსაც აღმოაჩინეს დარღვევები და შედგა ოქმები შემდეგი საფუძვლებით:

3.2.1. გარე დაცვის აღმოსავლეთ სამმართველოს N17 განყოფილების სამზარეულოს დამხმარე დერეფანში აღმოჩნდა მერცხლის ბუდე, რომლის გამოც ბინძურდებოდა სამზარეულოს სივრცე;

3.2.2. სამზარეულოში იდგა გაფუჭებული მაცივარი, რომელსაც ქვედა ნაწილი არ გააჩნდა;

3.2.3. 2021 წლის 26 აგვისტოს კვების ინსპექტირების კომისიამ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შემოწმების მიზნით N6 პენიტენციური დაწესებულების სასადილოში განახორციელა ინსპექტირება, რა დროსაც აღმოჩნდა დარღვევა და შედგა ოქმი. დარღვევა გამოიხატებოდა სასადილოში კიტრის არსებობით, რომელიც იყო საჭმელად უვარგისი და არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრულ სტანდარტებს.

3.3. 2021 წლის 12 ივნისის ინსპექტირებისას აღმოჩენილი დარღვევების გამო, სამსახურმა მოპასუხე კომპანიას ხელშეკრულების 9.6. პუნქტის საფუძველზე დააკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.03%-ის ოდენობით, ორივე დარღვევისათვის;

3.4. 2021 წლის 26 აგვისტოს ინსპექტირებისას აღმოჩენილი დარღვევის გამო, სამსახურმა მოპასუხე კომპანიას ხელშეკრულების 9.7. პუნქტის საფუძველზე დააკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.01%-ის ოდენობით;

3.5. სამსახურმა აცნობა მოპასუხე კომპანიას პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ (2021 წლის 01 სექტემბრის N206532/01 და N206534/01 წერილები), ხოლო მოპასუხემ უარი განაცხადა პირგასამტეხლოს გადახდაზე.

4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებაზე მითითება ეფუძნება სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ N17 პენიტენციურ დაწესებულებასა და N6 პენიტენციურ დაწესებულებაში ინსპექტირებისას შედგენილ 2021 წლის 12 ივნისისა და 26 აგვისტოს ინსპექტირების ოქმებს.

5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამსახურის მითითებით, 2021 წლის 01 სექტემბრის №206532/01 წერილის თანახმად, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების 8.1.16 პუნქტით განსაზღვრული პირობა („მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით დროულად აწარმოოს მასზე გადაცემული ინვენტარისა და ტექნიკის პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება/შეკეთება“), სამზარეულოში იდგა გაფუჭებული მაცივარი. ამ ნაწილში, მოპასუხე კომპანიის პასუხი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ხარვეზი მოპასუხემ აღმოფხვრა პირველი მითითების შემდეგ, თუმცა აღმოფხვრას სჭირდებოდა გარკვეული დრო, ამასთან, მოსარჩელე ვერ აიდენტიფიცირებდა დაზიანებულ მაცივარს.

6. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ ინსპექტირების აქტში არ არის მითითებული მაცივრის რეკვიზიტები და შეუძლებელია იდენტიფიცირება, კონკრეტულად რომელი მაცივარი იყო დაზიანებული. პალატამ ასევე სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ მოპასუხემ ხელშეკრულების 8.1.16. მუხლის შესაბამისად, აღმოფხვრა შემოწმების დროს მოსარჩელის მიერ განსაზღვრული ხარვეზი. აღნიშნული ფაქტი აგრეთვე მტკიცდება საქმის მასალებში წარმოდგენილი 2021 წლის 28 ივლისის მორიგი ინსპექტირების დასკვნით (N17 პენიტენციური დაწესებულების გარე დაცვის აღმოსავლეთ სამმართველოს სამზარეულოში განხორციელდა ინვენტარისა და ტექნიკის გეგმიური შემოწმება. აქტის სისწორეს ხელს აწერენ უფლებამოსილი პირები). ინსპექტირების დასკვნის თანახმად: „სამზარეულოს ტექნიკა და ინვენტარი მწყობრშია, მუშაობს გამართულად“. გამომდინარე აქედან, პალატამ დაასკვნა, რომ ხელშეკრულების 8.1.16 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება მოპასუხეს არ დაურღვევია, პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი არ არსებობდა, რის გამოც აღნიშნული დარღვევისთვის დარიცხული პირგასამტეხლო - 21 923.18 ლარის ოდენობით მართებულად გაუქმდა.

7. ამავდროულად, სააპელაციო პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები იმ ნაწილში, რომლითაც სასამართლომ მერცხლის ბუდის გამო, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაუცველობა და უხარისხო კიტრის მიწოდების ფაქტები დადასტურებულად მიიჩნია.

8. სასამართლომ მიუთითა ხელშეკრულების 9.6 პუნქტზე (იხ. წინამდებარე განჩინების 3.1 ქვეპუნქტი) და 2021 წლის 01 სექტემბრის №206532/01 წერილით, 2021 წლის 12 ივნისის შემოწმების/დარღვევის №2/6 ოქმით, ფოტოსურათითა და მხარეთა განმარტებებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ გარე დაცვის აღმოსავლეთ სამმართველოს N17 განყოფილების სამზარეულოს დამხმარე დერეფანში არის მერცხლის ბუდე. სასამართლოს მითითებით, აღნიშნული სივრცე, სადაც განთავსებულია მერცხლის ბუდე, წარმოადგენს დერეფანს, რომელიც არის სამზარეულოსა და სამზარეულოსათვის განკუთვნილი სურსათის საწყობის შესასვლელი. სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ სამზარეულოს შესასვლელის თავზე არსებული ბუდე არღვევს სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, ამასთან, სავალდებულოა არა მხოლოდ უშუალოდ სამზარეულო სივრცეში ჰიგიენის დაცვა, არამედ მოპასუხე ვალდებულია მის მფლობელობასა და გამგებლობაში არსებულ მთელ ტერიტორიაზე (რაც კვებით კომპონენტს უკავშირდება) დაიცვას ჰიგიენური ნორმები. სასამართლომ აღნიშნა, რომ ფრინველის ბუდე სამზარეულოსა და საკვების საწყობის სივრცის ირგვლივ არსებულ ტერიტორიაზე წარმოადგენს ანტისანიტარიის წყაროს, მისგან მომდინარე დაინფიცირების რისკის გათვალისწინებით, რის გამოც დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების 9.6 პუნქტი. შესაბამისად, არსებობდა მოპასუხეზე 21 923.25 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვის წინაპირობა, ხელშეკრულების თანახმად.

9. სააპელაციო პალატამ 2021 წლის 01 სექტემბრის №206534/01 წერილით, 2021 წლის 26 აგვისტოს შემოწმების/დარღვევის №4 ოქმით, ფოტოსურათებითა და მხარეთა განმარტებებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ N6 პენიტენციური დაწესებულების სასადილოში აღმოჩნდა საჭმელად უვარგისი კიტრი. სასამართლომ მიუთითა მხარეთა შორის გაფორმებული N11/66 ხელშეკრულების დანართი №1-ის (ხილი, ბოსტნეული) მე-4 პუნქტზე, რომლის მიხედვით, კიტრის თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს კონკრეტული ჯიშისათვის დამახასიათებელი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლით, საშუალო ზომის, მკვრივი, საღი, ჭკნობის ნიშნების, მავნებლების, მექანიკური ბაქტერიოლოგიური დაზიანებისა და ჭარბი ნიტრატების გარეშე, ყუთებში. თითოეულის დიამეტრი არანაკლებ 15-18 სმ.

10. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე კომპანიის მტკიცება, რომ კიტრი აღმოჩენილი იყო საწყობში და არა სამზარეულოში, შესაბამისად, აღნიშნული პროდუქტი არ იქნებოდა გამოყენებული საკვებად. სასამართლოს შეფასებით, სამზარეულოს საწყობში საკვები პროდუქტის არსებობა მაღალი ალბათობით მიუთითებდა იმაზე, რომ აღნიშნული პროდუქტი განკუთვნილი იყო სამზარეულოში გადატანისა და საკვებში გამოყენებისათვის. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების 9.7 მუხლის დარღვევის გამო არსებობდა მოსარჩელეზე 7 307.73 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვის წინაპირობა.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაასკვნა, რომ მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი არსებობდა მხოლოდ მერცხლის ბუდისა და უხარისხო კიტრის მიწოდების ფაქტის გამო, რომლის ჯამური ოდენობაც, ხელშეკრულების 9.7 და 9.6 პუნქტის თანახმად, 29 230.98 ლარს შეადგენდა (21 923.18 + 7 307.73).

12. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 420, 417-ე, 418-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოპასუხეს 2021 წლის 01 სექტემბრის №206532/01 და №206534/01 წერილების საფუძველზე, პირგასამტეხლოს სახით საფუძვლიანად დაერიცხა: ხელშეკრულების საერთო ღირებულების (73 077 497.50 ლარი) 0.03% - 21 923.18 ლარი (მერცხლის ბუდის ეპიზოდი); უხარისხო კიტრის აღმოჩენის გამო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების (73 077 497.50 ლარი) 0.01% - 7307.73 ლარი, რაც ჯამში 29 230.98 ლარს შეადგენდა.

13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ნაკისრი ვალდებულების დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესის გათვალისწინებით, ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით რაიმე სახის ზიანი არ მიუღია, მერცხლის ბუდის გამო ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს საერთო ღირებულების - 0,03%-ის ოდენობით დაკისრება არაგონივრული იყო და უნდა განახევრებულიყო. რაც შეეხება უხარისხო კიტრის აღმოჩენის გამო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.01%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ოდენობა გონივრულად და სამართლიანად მიიჩნია. პალატის მოსაზრებით, პირგასამტეხლოს ასეთი რაოდენობით გათვალისწინების მთავარი მოტივაცია არამხოლოდ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების დაზღვევაა, არამედ ხელშეკრულების შესრულების მიზნის ეფექტიანად უზრუნველყოფა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სახელმწიფო ორგანოა, რომელსაც განსაკუთრებული ვალდებულება აკისრია - უზრუნველყოს პატიმრებისთვის სათანადო პირობები, რაც მათ შორის გულისხმობს მსჯავრდებულების კვებას (იხ. სუსგ საქმე №ას-753-2023, 07 თებერვალი, 2024 წელი).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო შეთანხმებული პირგასამტეხლოს, როგორც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის, შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას უზრუნველყოფდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო (მერცხლის ბუდის ეპიზოდი), დარიცხული პირგასამტეხლოს - 21 923.18 ლარის ორჯერ შემცირებული ოდენობა, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენდა 10 961.59 ლარს, ხოლო უხარისხო კიტრის აღმოჩენის ნაწილში დარიცხული პირგასამტეხლო - 7307.93 ლარი უნდა დარჩენილიყო უცვლელად.

15. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ დასარიცხი პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 18 269.23 ლარით ((21 923.18 : 2) + 7307.93 = 18 269.23). შესაბამისად, სამსახურის 2021 წლის 01 სექტემბრის №206532/01 და №206534/01 წერილებით მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო, ჯამში 51 154.09 ლარი, უნდა გაუქმებულიყო 32 884.86 ლარის ოდენობით (51 154.09 - 32 884.86 = 18 269.23), რაც ამ ნაწილში მოპასუხე კომპანიის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.

16. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

17. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

17.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების 9.6 პუნქტის პირობა, რაც გამოიხატა სამზარეულოს შესასვლელთან მერცხლის ბუდის არსებობაში. 9.6 პუნქტიდან გამომდინარე საუბარია სამზარეულოზე, სადაც ხდება საკვების მომზადება და მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება და სასაწყობე სივრცეზე, სადაც ხდება პროდუქტების შენახვა. 2021 წლის 12 ივნისის ოქმში პირველ პუნქტად მითითებულია, რომ ობიექტის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამდენად, ფაქტია, რომ იმ ობიექტზე, რომელიც ხელშეკრულების თანახმად, წარმოადგენს მოპასუხის მოვლა-პატრონობის საგანს, სრულად არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. რაც შეეხება დერეფანს, იგი არ წარმოადგენს არც სასადილო და არც სასაწყობე სივრცეს, შესაბამისად, დერეფნის ჩიტის ბუდისგან „გამოთავისუფლება“ არ წარმოადგენს მოპასუხის ვალდებულებას. მოპასუხე ვერ იქნება პასუხისმგებელი სამზარეულოსთან მისასვლელ სივრცეზე, რომელზეც მოვლა-პატრონობის ვალდებულება აქვს მხოლოდ და მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებას;

17.2. სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, მოპასუხე კომპანიის საწინააღმდეგოდ შეცვალა სამსახურის მიერ შედგენილი ოქმების შინაარსი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტი, რომ თითქოს ოქმში მითითებულია შემდეგი ტექსტი: „1. გარე დაცვის აღმოსავლეთ სამმართველოს N17 განყოფილების სამზარეულოს დამხმარე დერეფანში აღმოჩნდა მერცხლის ბუდე, რომლის გამოც ბინძურდებოდა სამზარეულოს სივრცე“. სამსახურის მიერ შედგენილი ოქმი მსგავს ტექსტს საერთოდ არ შეიცავს. პირიქით, ოქმში მითითებულია, რომ ობიექტის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია;

17.3. სასამართლო სრულიად დაუსაბუთებლად მიიჩნევს დადგენილად, რომ მოპასუხე კომპანიას დერეფანი გადაცემული ჰქონდა სარგებლობაში. მსგავსი ფაქტი საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება. აქაც სასამართლო თავისი ინიციატივით უთითებს არარსებულ ფაქტზე. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ფრინველის ბუდე წარმოადგენს დაინფიცირების წყაროს. ზეპირი განხილვისას სასამართლომ განმარტა, რომ დაინფიცირების წყარო იმიტომ არის ბუდე, რომ იქ ფრინველი ცხოვრობს. სამსახურს არც ერთ დოკუმენტში არ აქვს მითითებული, რომ ბუდეში ფრინველი ცხოვრობდა. ფოტოსურათზეც ნათლად ჩანს, რომ ბუდე ცარიელია, ცარიელი ბუდე, რომელიც წლებია დერეფანში იყო, გაუგებარია როგორ უნდა წარმოადგენდეს დაინფიცირების წყაროს;

17.4. სასამართლომ ასევე არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების 9.7. პუნქტის დარღვევას, კერძოდ, ის ფაქტი, რომ კიტრი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების დანართი N1-ის პირობებს. მნიშვნელოვანია, რომ შემოწმება განხორციელდა არა საკვების დამზადებისას, არამედ მაშინ, როდესაც პროდუქტი იყო დასაწყობებული. შესაბამისად, საუბარია არა კვებით მომსახურებაში გამოსაყენებლად გამზადებულ კიტრზე, არამედ დასაწყობებულ პროდუქტზე, რომელიც დასაწყობებული იყო იმ სახით, როგორი სახითაც მოპასუხეს მიაწოდა მისმა მიმწოდებელმა. სასამართლომ კიტრი ჩათვალა სამსახურისათვის მიწოდებულ პროდუქტად. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხე ამზადებს სხვადასხვა კერძებს და შემსყიდველს აწვდის მხოლოდ მზა საკვებს. N11/66 ხელშეკრულება არ წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებას და არც მის ელემენტებს შეიცავს. ხელშეკრულების ფარგლებში სამსახურისათვის პროდუქციის ნასყიდობა (მიწოდება) არ ხდება, ანაზღაურების გადახდაც ხდება არა მიწოდებული (მიყიდული) ბოსტნეულის ან სხვა ინგრედიენტების სანაცვლოდ, არამედ მიწოდებული მზა კერძების ულუფების რაოდენობის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, სასამართლომ არასწორად განმარტა ხელშეკრულება. როდესაც მოპასუხე მისი მიმწოდებლისაგან იღებს გარკვეულ პროდუქციას, ეს პროდუქცია ხდება მოპასუხის საკუთრება. პროდუქცია საწყობდება მოპასუხის მიერ იჯარით აღებულ ფართში. როგორც მესაკუთრეს, მოპასუხეს უფლება აქვს, აღნიშნული პროდუქცია გადაამუშაოს, მოიყვანოს 11/66 ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში, გადაარჩიოს და ხელშეკრულებასთან შეუსაბამო ნაწილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაყაროს. ასევე უფლება აქვს საერთოდ უარი თქვას კონკრეტული პარტიის გამოყენებაზე კვებით მომსახურებაში და სასადილოში შეიტანოს სხვა პარტია. სასამართლო არ ითვალისწინებს, რომ პროდუქცია არ გადაეცემა სამსახურს საკუთრებაში ანუ არ ხდება ცალკე პროდუქციის მიწოდება. პროდუქცია გამოიყენება კვებით მომსახურებაში და მხოლოდ კერძის სახით მიეწოდება შემსყიდველ ორგანიზაციას. განსახილველ შემთხვევაშიც გასაჩივრებული გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

17.5. სასამართლომ ასევე სრულიად დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ კიტრი იყო საკვებად უვარგისი. საქმეში არსებული მასალებით (ფოტოსურათით) შესაძლოა მხოლოდ კიტრის ფორმაზე მსჯელობა. სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, შეეთავსებინა ექსპერტის როლი და მხოლოდ ფოტოსურათზე დაყრდნობით გამოეტანა დასკვნა, რომ კიტრი იყო საკვებად უვარგისი;

17.6. მოთხოვნილი პირგასამტეხლო დათვლილია ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან და არა შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან. მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს. დარღვევის არსებობის შემთხვევაშიც კი, მოსარჩელისათვის ამ ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრება არის შეუსაბამო დარღვევის ხასიათთან, შეუსრულებელი/არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებასთან და დარღვევიდან გამომდინარე შესაძლო საფრთხესთან მიმართებით. პირგასამტეხლოს ის ოდენობა, რომელიც სასამართლომ ძალაში დატოვა, არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს;

17.7. სასამართლომ კიტრის ნაწილში მოპასუხე კომპანიას პირგასამტეხლოს შემცირებაზე საერთოდ უარი უთხრა, ხოლო ჩიტის ბუდის ნაწილში პირგასამტეხლო მხოლოდ ორჯერ შეამცირა. მიღებული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. 2024 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Nას-511-2024 სასამართლომ პირდაპირ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულების საერთო ღირებულების ნაცვლად მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან უნდა დაანგარიშდეს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ნათლად ჩანს, რომ ფოტოსურათზე ასახულია ორი ყუთი კიტრი, საიდანაც რაღაც ნაწილი სამსახურმა ხელშეკრულებასთან შეუსაბამოდ მიიჩნია. სასამართლოსათვის ცხადია, რომ ამ ორი ყუთი კიტრის ღირებულება (მთლიანი უვარგისად რომ ჩავთვალოთ) ახლოსაც კი ვერ იქნება 7307.73 ლართან, თუმცა სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ შეამცირა. სასამართლო საქმის ზეპირი განხილვისას გასცდა საქმეში არსებულ ფაქტებს და მოპასუხეს მოსთხოვა მიეტანა ზედნადები იმის დასადგენად, სულ რა ღირებულების პარტია იქნა მიწოდებული იმ პერიოდში. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სამსახურისათვის პროდუქციის მიწოდება არ მომხდარა (რადგან აღნიშნული არ არის ხელშეკრულების საგანი), თუმცა, საწინააღმდეგოს დაშვების შემთხვევაშიც კი, სასამართლოს არ აქვს უფლება ივარაუდოს ისეთი ფაქტი, რაც არც მითითებული ყოფილა მხარის მიერ და არც მტკიცებულებებით დასტურდება, კერძოდ, ის ფაქტი, რომ მთელი პარტია ხელშეკრულებასთან შეუსაბამო იქნებოდა;

17.8. ამასთან, სახეზე არ არის რაიმე სახის ზიანი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე.წ. „დარღვევებს“ ზიანი არ გამოუწვევია, არ არსებობს რაიმე სახის პრეტენზია კვებითი მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით. არცერთი ბრალდებულის, მსჯავრდებულის ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ჯანმრთელობა არ დაზიანებულა. არც რაიმე სახის პრეტენზია გამოთქმულა მათი მხრიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით არც სამსახურს მიუთითებია. შესაბამისად, საქმეში არსებობს ყველა გარემოება, რომელიც ქმნიდა პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველს.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

20. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

21. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

22. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შემოწმების საგანია მოპასუხე კომპანიისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერება.

23. პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის [სსკ-ის 417-ე მუხლი].

24. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2014წ., გვ. 590). პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობაა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა. ვალდებულება შეიძლება მდგომარეობდეს აქტიურ მოქმედებასა ან უმოქმედობაში. ვალდებულების დარღვევა კი შეიძლება გამოიხატოს ვალდებულების შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი ფორმით შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა, რაც მოვალის ბრალით არ არის განპირობებული (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვ. 92-93).

25. მოცემულ საქმეში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.6 [სამზარეულო და სასაწყობე სივრცეში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევისას მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.03%-ის ოდენობით] და 9.7 პუნქტები [უხარისხო ან ვადაგასული პროდუქტების აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.01%-ის ოდენობით უხარისხო ან ვადაგასული პროდუქტის თითოეულ სახეობაზე]. კერძოდ, 2021 წლის 01 სექტემბრის №206532/01 წერილით, 2021 წლის 12 ივნისის შემოწმების/დარღვევის №2/6 ოქმით, ფოტოსურათითა და მხარეთა განმარტებებით სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ გარე დაცვის აღმოსავლეთ სამმართველოს N17 განყოფილების სამზარეულოს დამხმარე დერეფანში არის მერცხლის ბუდე, ხოლო 2021 წლის 01 სექტემბრის №206534/01 წერილით, 2021 წლის 26 აგვისტოს შემოწმების/დარღვევის №4 ოქმით, ფოტოსურათებითა და მხარეთა განმარტებებით დაადგინა, რომ N6 პენიტენციური დაწესებულების სასადილოში აღმოჩნდა საჭმელად უვარგისი კიტრი.

26. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მერცხლის ბუდის ეპიზოდთან მიმართებით კასატორის პრეტენზიებს და აღნიშნავს, რომ 2021 წლის 12 ივნისის შემოწმების/დარღვევის №2/6 ოქმში ობიექტის დამაკმაყოფილებელ სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე მითითება ვერ გააბათილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტს, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების 9.6 პუნქტის პირობა. დადგენილია, რომ სივრცე, სადაც განთავსებულია მერცხლის ბუდე, წარმოადგენს დერეფანს, რომელიც არის სამზარეულოსა და სამზარეულოსათვის განკუთვნილი სურსათის საწყობის შესასვლელი. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამზარეულოს დამხმარე დერეფანში მერცხლის ბუდის არსებობა, სადაც, ოქმის თანახმად, დგას ინვენტარი, თავისთავად მიუთითებს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევაზე და მოპასუხის შედავება მის სარგებლობაში დერეფნის არარსებობის თაობაზე ვერ იქნება მიჩნეული კვალიფიციურ პრეტენზიად.

27. რაც შეეხება უხარისხო კიტრის მიწოდების ფაქტს, კასატორის ძირითადი პრეტენზია არის ის, რომ შემოწმება განხორციელდა არა საკვების დამზადებისას, არამედ მაშინ, როდესაც პროდუქტი იყო დასაწყობებული; შესაბამისად, მისი განმარტებით, საუბარია არა კვებით მომსახურებაში გამოსაყენებლად გამზადებულ კიტრზე, არამედ დასაწყობებულ პროდუქტზე, რომელიც დასაწყობებული იყო იმ სახით, როგორი სახითაც მოპასუხეს მიაწოდა მისმა მიმწოდებელმა.

28. საკასაციო პალატა კასატორის ვერც აღნიშნულ პრეტენზიას მიიჩნევს საფუძვლიანად, რადგან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 9.7 პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლო მოპასუხეს ეკისრება უხარისხო ან ვადაგასული პროდუქტების აღმოჩენის შემთხვევაში. ამასთან, მხარეთა შორის გაფორმებული N11/66 ხელშეკრულების დანართი №1-ის (ხილი, ბოსტნეული) მე-4 პუნქტის თანახმად, კიტრის თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს კონკრეტული ჯიშისათვის დამახასიათებელი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლით, საშუალო ზომის, მკვრივი, საღი, ჭკნობის ნიშნების, მავნებლების, მექანიკური ბაქტერიოლოგიური დაზიანებისა და ჭარბი ნიტრატების გარეშე, ყუთებში. თითოეულის დიამეტრი არანაკლებ 15-18 სმ (იხ. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტი). ამდენად, მხარეთა შორის შეთანხმებული იყო არა გამოსაყენებელი, არამედ მიწოდებული პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებელი. 2021 წლის 26 აგვისტოს ოქმის თანახმად კი, დარღვევა გამოიხატებოდა სასადილოში კიტრის არსებობით, რომელიც იყო საჭმელად უვარგისი და არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრულ სტანდარტებს. გასათვალისწინებელია ასევე, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ცალკე 9.5 პუნქტით დადგენილია პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობა უხარისხო მზა საკვები პროდუქტის მიწოდების შემთხვევაში, რაც დამატებით ადასტურებს ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორეს.

29. კასატორი არ ეთანხმება ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას. მისი შედავების თანახმად, პირგასამტეხლო გამოანგარიშებულია ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან. მიუხედავად ამისა, სასამართლომ კიტრის ნაწილში მოპასუხე კომპანიას პირგასამტეხლოს შემცირებაზე საერთოდ უარი უთხრა, ხოლო მერცხლის ბუდის ნაწილში პირგასამტეხლო მხოლოდ ორჯერ შეამცირა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას.

30. საკასაციო პალატის განმარტებით, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი).

31. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).

32. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ, კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე №ას-91-2021, 22 აპრილი, 2021 წელი).

33. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (იხ. სუსგ საქმე №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).

34. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას (იხ. სუსგ საქმე №ას-1389-2023, 30 იანვარი, 2024 წელი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება (იხ. სუსგ საქმე №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი).

35. საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე, რომ, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. პალატა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა (იხ. სუსგ საქმე №ას-889-2022, 23 მარტი, 2023 წელი).

36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან მხოლოდ სამუშაოთა ნაწილის არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. საკასაციო სასამართლო მხარს უჭერს მიდგომას, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებული იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ საქმე №ას-971-2019, 28 ოქტომბერი, 2019 წელი; №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი).

37. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, მერცხლის ბუდის არსებობის გამო ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს საერთო ღირებულების - 0,03%-ის ოდენობით დაკისრება არაგონივრულია და დარიცხული პირგასამტეხლოს - 21 923,18 ლარის ორჯერ შემცირებული ოდენობა - 10961,59 ლარი სრულად უზრუნველყოფს დარღვეული ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას. ამასთან, კასატორს საკასაციო საჩივარში არ დაუსაბუთებია, რატომ მიაჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო. გამომდინარე აქედან, არ არსებობს ხელშეკრულების 9.6 პუნქტის დარღვევის ნაწილში შემცირებული პირგასამტეხლოს დამატებით შემცირების საფუძველი.

38. რაც შეეხება უხარისხო კიტრის აღმოჩენის გამო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,01%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება [სსკ-ის 319.1 მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას]. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361.2 მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

39. სსკ-ის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს (იხ. სუსგ საქმე №ას-901-2024, 11 ოქტომბერი, 2024 წელი).

40. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ უხარისხო კიტრის აღმოჩენის ფაქტზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,01%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 1000 ლარამდე შემცირებული ოდენობით წარმოადგენდა დარღვევის შეუსაბამო და პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ინსტრუმენტისა და მისი დანიშნულების უგულებელმყოფელ ოდენობას.

41. ზოგადად, როდესაც სასამართლო, მხარის შედავების პირობებში, შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობს, მხარს უჭერს იმ პრინციპს, რომ პირგასამტეხლო არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან უნდა დაანგარიშდეს, არამედ შეუსრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების მოცულობიდან. ამასთან, საგულისხმოა ისიც, თუ რა სახის ვალდებულების შეუსრულებლობაზეა საუბარი, მისაწოდებელი პროდუქციის ოდენობა, ხარისხი თუ ვადაა დარღვეული, რაც თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ფასდება სასამართლოს მიერ, ამასთან, რამდენად მნიშვნელოვანია ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროს და ადგილას შესრულებისადმი შემკვეთის (კრედიტორის) ინტერესი. იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ საქმეზე ინდივიდუალურად უნდა დადგინდეს და შემოწმდეს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, შესაძლებელია განსხვავებული იყოს შემთხვევა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის (იხ. სუსგ საქმე №ას-901-2024, 11 ოქტომბერი, 2024 წელი). სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება (იხ. სუსგ საქმე №ას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი).

42. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშებული პირგასამტეხლოს ოდენობა მოცემულ შემთხვევაში გონივრულია, ვინაიდან დარღვევა უკავშირდება ხელშეკრულებას, რომლის საგანსაც წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა, პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ - ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მომსახურეთა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა კვებითი მომსახურების შესყიდვა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა იმის თაობაზე, რომ შესყიდვის ობიექტის (მომსახურების) და მის მიერ მიწოდებული ყველა პროდუქტის ხარისხი უპასუხებდა ხელშეკრულების პირობებს და დააკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

43. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების, მომსახურების ის სახე, რომელიც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-901-2024, 11 ოქტომბერი, 2024 წელი). პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით გათვალისწინების მთავარი მოტივაცია არა მხოლოდ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების დაზღვევაა, არამედ ხელშეკრულების შესრულების მიზნის ეფექტიანად უზრუნველყოფა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სახელმწიფო ორგანოა, რომელსაც განსაკუთრებული ვალდებულება აკისრია - უზრუნველყოს პატიმრებისთვის სათანადო პირობები, რაც მათ შორის გულისხმობს მსჯავრდებულების კვებას, რადგან პატიმრის განსხვავებული საცხოვრებელი რეჟიმი აუცილებელს ხდის სახელმწიფომ შეუფერხებლად შეძლოს მათი საკვებით მომარაგება, შესაბამისად, სახელშეკრულებო ურთიერთობის ხასიათი მოითხოვს ვალდებულების შესრულების შესაბამის გარანტიებს იმისათვის, რომ კრედიტორმა შეძლოს მისთვის მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების დროული და შეუფერხებელი განხორციელება. აქედან გამომდინარე, სასამართლოსთვის ნათელია, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში არსებული ვალდებულების შეუსრულებლობა განსხვავდება ჩვეულებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობისგან, სწორედ ხელშეკრულების ხასიათიდან და შესრულების მიზნებიდან გამომდინარე, რის შესახებაც სათანადოდ იყო ინფორმირებული მოვალე, ამიტომ ვალდებულების დარღვევის ხასიათი განსაკუთრებულად კრიტიკულია, რადგან პირდაპირპროპორციულად შესაძლოა წარმოშვას ეგზისტენციალური საფრთხეები არა ხელშეკრულების, არამედ ხელშეკრულებით მოსარგებლე მხარეების მიმართ (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-753-2023, 07 თებერვალი, 2024 წელი).

44. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უხარისხო კიტრის მიწოდების ფაქტზე კასატორისთვის დაკისრებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულია და სრულად შეესაბამება მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალი არ არის და სასამართლოს მხრიდან სსკ-ის 420-ე მუხლით განმტკიცებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლის საჭიროება არ ვლინდება.

45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

46. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 913 ლარის 70% – 639,10 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ი.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს შპს „ი.ჯ–ს“ (საიდ. კოდი: ..........) დაუბრუნდეს ა.ნ–ას მიერ (პ/ნ: ..........) 2025 წლის 30 ივლისს №3981 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 913 ლარის 70% – 639,10 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე