დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 19.06.2026
საქმის ნომერი
ას-86-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-86-2025 19 ივნისი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.კ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ნ.კ–ვა, შპს „ჯ–ას“ ლიკვიდატორი - გ.ჭ–ვა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ლ.კ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც დააყენა შემდეგი სახის მოთხოვნები:- ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 ივნისის #B18065823/6 გადაწყვეტილება შპს „ჯ–ას“ ლიკვიდაციის თაობაზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ; - ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 ივლისის რეგისტრაციის შესახებ #B18079311/3 გადაწყვეტილება; - ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 04 ოქტომბრის # B22122799/5 გადაწყვეტილება ლიკვიდაციის გაგრძელების შესახებ; - ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მიღებული 2023 წლის 14 სექტემბრის #199108 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; - ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ მიღებული 2023 წლის 05 ოქტომბრის #216156 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 2018 წლის 21 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა #B18065823/6 გადაწყვეტილება შპს „ჯ–ას“ ლიკვიდაციის დაწყების თაობაზე. საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მეწარმეთა შესახებ კანონის 14.3 მუხლის დანაწესით ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან. შპს „ჯ–ას“ ლიკვიდაციის დაწყების შესახებ 15/06/2018 წლის პარტნიორთა საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების განცხადებები იყო მცდარი, ამიტომ ამ გადაწყვეტილების რეგისტრაციის დროს საჯარო რეესტრს მოუწია დაერღვია იმ დროს მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 14.4 მუხლი.

2.2. სარჩელის თანახმად, საჯარო რეესტრისადმი შპს „ჯ–ას“ დამფუძნებლის ნ.კ–ვას მიერ წარდგენილ განცხადებებში მოთხოვნილ იქნა ლიკვიდაციის დაწყების რეგისტრაცია, თუმცა მას არ მიეწოდა „სავალდებულო“ ინფორმაცია ამ ორგანიზაციის კრედიტორის დაკმაყოფილების ვადების შესახებ, რაც ზემოთ აღნიშნული მუხლის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს. უფრო მეტიც, საჯარო რეესტრს განმცხადებელმა მართლსაწინააღმდეგო ქმედებით განზრახ მიაწოდა მცდარი ინფორმაცია, რომ შპს „ჯ–ას“ არ ჰქონდა ვალები, არ ჰყავდა კრედიტორები. ამის შედეგად მოსარჩელე, რომელიც ამავე დროს პარტნიორიცაა, ამ გადაწყვეტილების რეგისტრაციის შემდეგ დადგა ფაქტის წინაშე, რომ მისი კრედიტორად ყოფნის ფაქტი გახდა სადავო. ასევე სადავო გახდა მის მიერ შპს „ჯ–ასთან“ გაფორმებული ექვსი სესხის ხელშეკრულებაც.

2.3. 27.07.2018 წელს დანიშნულმა ლიკვიდატორმა მთლიანად უგულებელყო კრედიტორის წინაშე ორგანიზაციის ვალდებულებები, რადგანაც მიიჩნია, რომ ლიკვიდაციის დაწყების რეგისტრაციის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ განაცხადით, რომ შპს „ჯ–ას“ კრედიტორი არ ჰყავდა. ლიკვიდატორის დანიშვნამდე ორგანიზაციის დირექტორმა მოსარჩელე კრედიტორის კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე, იხელმძღვანელა იმ დროს მოქმედი მეწარმეთა შესახებ კანონის 9.6 მუხლით მისთვის მინიჭებული უფლებით/ვალდებულებით და საწარმოსათვის ყველაზე ხელსაყრელ პირობებში ორგანიზაციის ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთისა და სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხებით შეუმცირა კრედიტორს ფინანსური ვალდებულებები. ერთი თვის შემდეგ მოსულმა ლიკვიდატორმა კი იმ მიზეზით, რომ ლიკვიდაციის დაწყების გადაწყვეტილების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას გაცხადებული იქნა კრედიტორის არარსებობა, დირექტორის მიერ განხორციელებული სამეწარმეო ოპერაციები: კერძოდ გასხვისებული სატრანსპორტო საშუალებები და გასხვისებული მიწის ნაკვეთი, მიიჩნია უკანონოდ და განახორციელა კრედიტორის ფინანსურად დამაზიანებელი მოქმედებები. საჯარო რეესტრის მეშვეობით ლიკვიდატორმა მიწის ნაკვეთი დააბრუნა კვლავ შპს „ჯ–ას“ საკუთრებაში, ხოლო ასევე სატრანსპორტო საშუალებებზე მომსახურების სააგენტოს გააუქმებინა სარეგისტრაციო ნომრები. ეს გასხვისებული ქონებები კი დღესაც სასამართლო დავის ქვეშ იმყოფება. ცხადია კრედიტორს მოუწია მიღებული თანხების უკან დაბრუნება და კეთილსინდისიერ შემძენებთან ახალი პირობებით ურთიერთობა/მოლაპარაკება. მოსარჩელე/კრედიტორს თავის ვალდებულებები გააჩნდა სს „თ.ბ–ის“ წინაშე და მისი შეუსრულებლობის გამო, ამ პერიოდში მოუწია საცხოვრებელი ბინის დათმობა.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ წარდგენილი მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3.2. შესაგებლის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს Nას-48-2022 საქმეზე 2022 წლის 16 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2018 წლის 15 ივნისს გამართული პარტნიორთა საერთო კრება ზოგადად გადაწყვეტილებაუნარიანი იყო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9(1) მუხლის შესაბამისად. ასევე მიიჩნია, რომ 2018 წლის 15 ივნისს კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება არ იყო კანონსაწინააღმდეგო და არ არსებობდა მისი ბათილ გარიგებად ცნობის საფუძველი, ამასთან, განმარტა, რომ „2018 წლის 15 ივნისს კრებაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საზოგადოების 50% წილის მფლობელი პარტნიორის მიერ, რაც საზოგადოების წესდების 15.3 პუნქტისა და სპეციალური კანონის 9(1) მუხლის თანახმად, საკმარისია განმეორებით ჩატარებულ კრებაზე გადაწყვეტილების მისაღებად“.

3.3. შესაგებელში ასევე, აღინიშნა, რომ #B23121771 განცხადებაზე წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე, მოთხოვნილი იყო შპს „ჯ–ას“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტა. სარეგისტრაციო წარმოების განახლებაზე უარის თქმის #B23121771/6 (04.09.2023) შეტყობინებით განმცხადებელს ეცნობა, რომ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციით არ დგინდებოდა ლიკვიდაციის შეწყვეტის ფაქტი. #B23121771 განცხადებაზე წარდგენილი დოკუმენტაციის შეჯერების შედეგად დგინდებოდა, რომ მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრში წარმოდგენილი არ იყო ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტის წარმოუდგენლობის გამო, მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ B23121771/7 (11/10/2023) გადაწყვეტილება.

3.4. მოპასუხემ მიუთითა, რომ 2023 წლის 06 სექტემბერს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იყო ლ.კ–ძის 226225/17 ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილი იყო სარეგისტრაციო წარმოების განახლებაზე უარის თქმის #B23121771/6 (04.09.2023) შეტყობინებისა და რეგისტრაციის შესახებ #B18065823/6 (21.06.2018) გადაწყვეტილების/ქმედების ბათილად ცნობა და სარეგისტრაციო მოთხოვნის დაკმაყოფილება. ზემოაღნიშნული გარემოებების შესაბამისად, 2023 წლის 14 სექტემბერს, მიღებულ იქნა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ N199108 გადაწყვეტილება. ასევე, 2023 წლის 03 ოქტომბერს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილი იყო ლ.კ–ძის ადმინისტრაციული საჩივარი (N250332/17), რომლითაც მოთხოვნილი იყო რეგისტრაციის შესახებ #B18065823/6 (21.06.2018) და #B22122799/6 (04.10.2022) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. 22.09.2022 წელს საჯარო რეესტრში წარმოდგენილ იქნა შპს „ჯ–ას“ 50%-იანი წილის მესაკუთრის, ნ.კ–ვას წარმომადგენლის, დ.ბ–ძის #261102/17 განცხადება, რომელსაც ერთოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს Nას-48-2022 საქმეზე 2022 წლის 16 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლის მიხედვით: ნ.კ–ვას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.კ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დავის საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეჩერდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 ივნისის №B18065823/6 გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული შპს „ჯ–ას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: .......) ლიკვიდაციის პროცესი.

3.5. მოხმობილი გარემოებებიდან გამომდინარე რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო ლიკვიდაციის შესახებ პროცესის რეგისტრაციის გადაწყვეტილება, ხოლო 2023 წლის 05 დეკემბერს, ვინაიდან საკითხი იყო სასამართლოს განსჯადი საჯარო რეესტრმა მიიღო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ N216156 გადაწყვეტილება. 2018 წლის 26 ივლისის რეგისტრაციის შესახებ #B18079311/3 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კი განმარტა, რომ რადგან განცხადების წარდგენისას არ არსებობდა დამაბრკოლებელი გარემოებები რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და ლიკვიდატორად დარეგისტრირდა გ.ჭ–ვა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით, ლ.კ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4.2. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით, გაასაჩივრა ლ.კ–ძემ.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5.2. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველი სარჩელი წარმოადგენდა აღიარებით სარჩელს, რომლის დასაკმაყოფილებლადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი იურიდიული ინტერესის არსებობას განსაზღვრავს. პალატის აზრით, მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სადავო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნის მიმართ მდგომარეობდა იმაში, რომ ლიკვიდაციის დაწყების დროისათვის იგი წარმოადგენდა შპს „ჯ–ას“ კრედიტორს, რაც არ იქნა მითითებული და დარღვევით მოხდა ლიკვიდაციის დაწყება. მოსარჩელის მითითებით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შპს „ჯ–ასათვის“ დგება შემდეგი სამართლებრივი გარემოება: 2018 წლის 15 ივნისის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება „ლიკვიდაციის დაწყების თაობაზე" რჩება ძალაში. თავიდან ლიკვიდაციის დაწყების გადაწყვეტილების ხელახალი რეგისტრაციისათვის საჭირო ხდება ახალი განცხადებით მიმართვა საჯარო რეესტრისადმი, რომლითაც მიეთითება კრედიტორის დაკმაყოფილების ვადები და მოცემული დღიდან ჩაითვლება ლიკვიდაცია დაწყებულად. ხოლო მანამდე ძველი სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის გამო, კრედიტორი დაიბრუნებს სადავოდ ქცეული თანხების იმ ნაწილს, რომელიც მას მიღებული ჰქონდა 2018 წლის 25 და 26 ივნისს და რომლის დაბრუნებაც მოუწია სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებების გამო და ის დაიბრუნებს მყისიერად უკან დაბრუნებულ შესრულებას, ხოლო დარჩენილი ვალდებულებების კანონიერებაზე დავა შეწყდება. მოსარჩელე პარტნიორის ინტერესებიც აღდგება და შემცირდება ორგანიზაციის ვალების ზრდის პერსპექტივები. მოსარჩელე/პარტნიორს ასევე ეძლევა შესაძლებლობა იზრუნოს ორგანიზაციის მომავალზე, ხელი შეუწყოს მისი წესდების მე-11 მუხლით განსაზღვრული ხელსაყრელი გარემოს შექმნას და გაჰყვეს კანონმდებლობით განსაზღვრულ გზას საწარმოს ლიკვიდაციის პირობებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სახეზე იყო ნამდვილი იურიდიული ინტერესი.

5.3. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი ფაქტებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე განმარტა, რომ საზოგადოების ლიკვიდაციის საკითხის განსახილველად საზოგადოების პარტნიორთა საერთო კრება თავდაპირველად მოწვეულ იქნა 2018 წლის 11 მაისს, რომელიც საზოგადოების 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის/მოსარჩელის და საზოგადოების დირექტორის გამოუცხადებლობის გამო ხელახლა მოწვეულ იქნა კიდევ ორჯერ 2018 წლის 25 მაისსა და 2018 წლის 15 ივნისს. ხოლო 2018 წლის 15 ივნისის კრება გადაწყვეტილებაუნარიანი იყო. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ საზოგადოების ლიკვიდაცია მის ჩვეულებრივ საქმიანობას არ წარმოადგენს. ლიკვიდაცია არის იურიდიული პირის (საწარმოს) არსებობის შეწყვეტა, რომლის შედეგად, მისი უფლებები და მოვალეობები უფლებამონაცვლეობის წესით სხვა პირებზე არ გადადის. ამიტომ, ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებულ კრებაზე უნდა იქნეს მიღებული. მიუხედავად აღნიშნული წესისა, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სპეციალური კანონის მე-91 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ უნდა განმარტებულიყო იმგვარად, რომ თუკი პარტნიორი, რომელსაც სათანადო წესით ეცნობა მოწვეული კრების ჩატარების დრო, ადგილი და დღის წესრიგი, კრებაზე მრავალჯერადად არ გამოცხადდება და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ აცნობებს კრების მომწვევთ, საზოგადოების ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება საერთოდ ვერ იქნება მიღებული. პალატის აზრით, ნორმის ამგვარი განმარტება კანონის მიზნიდან არ გამომდინარეობს. კანონის მიზანს კი წარმოადგენს ყველა პარტნიორის მონაწილეობის უზრუნველყოფა ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას არ მიეკუთვნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თუკი პარტნიორი, რომელიც სათანადო წესით ინფორმირებულია საერთო კრების მოწვევის შესახებ, საკუთარი გადაწყვეტილებით საერთო კრებაზე არ გამოცხადდება, ასეთ შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს სპეციალური კანონის მე-91 მუხლის მე-2 პუნქტით (ბოლო წინადადება) დადგენილი წესი და კრება გადაწყვეტილებაუნარიანად უნდა ყოფილიყო მიჩნეული.

5.4. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რის შესაბამისად, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ წარმოადგენდა კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს და არ ეწინააღმდეგებოდა პარტნიორთა კრებისა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამდენად, არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძვლები. აღნიშნული დასკვნის გასამყარებლად, სააპელაციო პალატამ დასძინა, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ სასამართლოს წარმოებაში იყო ლ.კ–ძის სარჩელი 2018 წლის 15 ივნისის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობაზე, რომლის საფუძველზეც დაიწყო შპს „ჯ–ას“ ლიკვიდაციის პროცესი. საბოლოოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ.კ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა საჯარო რეესტრის მიერ შპს „ჯ–ას“ ლიკვიდაციის პროცესის დაწყების საფუძველს. ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ ლიკვიდაციის პროცესი დასრულებული არ იყო, რის გამოც არ დგინდებოდა ლ.კ–ძის ნამდვილი იურიდიული ინტერესი სასარჩელო მოთხოვნის მიმართ.

5.5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ლ.კ–ძემ.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხორციელებულ სამართლებრივ შეფასებას, ასევე პრეტენზიას აცხადებს ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქმე განხილულია მატერიალური და პროცესუალური დარღვევებით.

6.2. კასატორის მთავარი პრეტენზია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 14.4 და 5.12-ე მუხლების არასწორ ინტერპრეტირებასა და გამოყენებას მიემართება. კასატორი ამტკიცებს, რომ სააპელაციო პალატამ ვრცელი მსჯელობა მიუძღვნა კრების უფლებაუნარიანობის დადგენასა და მის მიერ ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, მაშინ როდესაც ამ ფაქტს არც მოსარჩელე ხდიდა სადავოდ და შესაბამისად უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა. სასამართლომ მოხმობილი მსჯელობის განვითარებით გვერდი აუარა მთავარი საკითხის განხილვას, კერძოდ იმას, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარეებმა აღიარეს, რომ საწარმოს კრედიტორების არსებობის შესახებ მათთვის თავიდანვე იყო ცნობილი. კასატორის აზრით, ეს ფაქტი იმის აღიარებას წარმოადგენდა, რომ სარეგისტრაციო განაცხადის ერთპიროვნულმა შემდგენელმა პარტნიორმა ნ.კ–ვამ, კრედიტორის არსებობა განზრახ დამალა. კასატორი ამტკიცებს, რომ 2018 წლის 15 მაისის პარტნიორთა კრების ოქმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მას მიზნად ჰქონდა შპს „ჯ–ას“ ბალანსზე არსებული ქონების ნახევრის მითვისება.

6.3. კასატორი ამტკიცებს, რომ საქმის განხილვის დროს საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა აღიარა, რომ 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაში, მისთვის საწარმოს კრედიტორის დამადასტურებელი დოკუმენტების მიუხედავად, მან გადაწყვეტილება ბათილად არ ცნო, მხოლოდ იმიტომ, რომ განმცხადებლის განცხადება მიიჩნია უპირატესად. კასატორის აზრით, ტყუილის შემცველი განცხადების შინაარსის დადგენა მას თავისუფლად შეეძლო არა მხოლოდ კასატორის, არამედ ამავე ვადაში, კომპანიის დირექტორის მიერ მიწოდებული სესხის ხელშეკრულების კვლევის შედეგად.

6.4. კასატორი ამტკიცებს, რომ ნ.კ–ვა ბრალეული პირია, ვინაიდან საჯარო რეესტრს მიაწოდა სხვადასხვა სახის არასწორი/ყალბი ინფორმაცია, სახელდობრ: არასწორია, რომ საწარმოს ლიკვიდაციის დაწყვების მიზანს წარმოადგენდა პარტნიორებს შორის ქონების განაწილება; არასწორია, რომ საწარმოს არ ჰყავდა კრედიტორი; ასევე არასწორია, რომ საწარმოს დაარსების დღიდან არ უფუნქციონირებია; რომ წესდების დანაწესის საწინააღმდეგოდ საწარმოს ლიკვიდაციას ახორციელებდა ერთი ლიკვიდატორი; რომ ლიკვიდაციის პერიოდში არ შეიძლება საწარმომ დააკმაყოფილოს კრედიტორი საწარმოს ქონებით, რომ წესდებით დადგენილი, დირექტორის მიერ ლიკვიდატორისთვის საწარმოს მართვის უფლება-მოვალეობის გადაცემამდე, დირექტორს არ ჰქონდა უფლება განეხორციელებინა თავისი რეგისტრირებული უფლებამოსილებები და რომ მან უნდა დატოვოს საწარმოსათვის განსახორციელებელი ხელსაყრელი პირობებით დამდგარი გარემოება სამართლებრივი მოქმედების გარეშე.

6.5. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო საჩივარში ასევე, შედავებულია სსიპ საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული და ბრალეულად განუხორციელებელი ქმედებების ჩამონათვალი, რომლებსაც კასატორის აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა დასახელებული დავის მიმართ. კერძოდ, კასატორი უთითებს, რომ საჯარო რეესტრმა გასაჩივრების ვადაში მასთან წარდგენილი კრედიტორების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები განზრახ დამალა და შედეგად, დააკანონა ლიკვიდაციის დაწყების თაობაზე უკანონო გადაწყვეტილება. აგრეთვე, საჯარო რეესტრმა კანონის უხეში დარღვევით სამეწარმეო რეესტრში ასახა უფლებამოსილების არ მქონე ლიკვიდატორი, რაც შემოსავლების სამსახურის მხრიდან გახდა იმის საფუძველი, რომ მან გაწყვიტა ოფიციალურად ურთიერთობა საწარმოს სრულუფლებიან დირექტორთან და ოფიციალურ უფლებამოსილ პირად არაუფლებამოსილი ლიკვიდატორი გ.ჭ–ნავა მიიჩნია. ამ უკანასკნელმა კი, სახელმწიფო ვალდებულებებით გასტუმრებული საწარმო, რომელსაც ზედმეტობაში დღგ-ს სახით 56 000 ლარზე მეტი გააჩნდა ანგარიშზე უკანონოდ და ფარულად ნაწარმოები ოპერაციების შედეგად წარმოქმნილი გადასახადების განზრახ გადაუხდელობით, საწარმოს დაუგროვა სახელმწიფოს წინაშე გადასახდელად 100 000 ლარს ზევით ყოველდღიურად მზარდი ვალდებულებები.

6.6. საჯარო რეესტრის საწინააღმდეგოდ, კასატორი ასევე უთითებს, რომ რეესტრმა მის მიერვე აღიარებული უფლებამოსილების არმქონე ლიკვიდატორისგან განცხადებების მიღება. შემდეგ კი, ამ განცხადებების დასაკმაყოფილებლად ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, თავად წარმოდგა „დაინტერესებულ პირად“ და მოახდინა ლიკვიდატორის მიერ წარდგენილ ყველა განცხადებაზე დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების რეგისტრაცია. კასატორი ამტკიცებს, რომ რეესტრმა კანონდარღვევით, საკუთარი ინიციატივით, დააკმაყოფილა არაუფლებამოსილი ლიკვიდატორის განცხადება და ნასყიდობის ხელშეკრულება გაუუქმა კრედიტორის დასაკმაყოფილებლად კანონიერად გასხვისებული უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს, რითიც ხელყო, როგორც შემძენის, ასევე კრედიტორის ინტერესები.

6.7. საკასაციო საჩივარში მხარე უთითებს, რომ მან რეესტრისგან ოფიციალურად მოითხოვა მასთან 17/08/2018 წელს 11 საათამდე წარდგენილი „საწარმოს ლიკვიდაციის შეჩერების თაობაზე“ თბილისის საქალაქო სასამართლოს 16/08/2018 წლის განჩინების რეგისტრაცია ერთდღიან ვადაში და ამისთვის გადაიხადა დაწესებული გადასახადი. საჯარო რეესტრმა კი, გამიზნულად მისი რეგისტრაცია მოახდინა ვადის დარღვევით 20/08/2018 წელს 17 საათის შემდგომ.

6.8. კასატორი ამტკიცებს, რომ 2018 წლის 20 აგვისტოს 14 საათამდე, სასამართლოს განჩინებით საწარმოს ლიკვიდაციის შეჩერების პერიოდში, საჯარო რეესტრმა თავად, როგორც „დაინტერესებულმა პირმა“ მოახდინა არაუფლებამოსილი ლიკვიდატორის განცხადების შესაბამისი დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების რეგისტრაცია და საწარმოს ბალანსზე უკანონოდ აღრიცხა კრედიტორის დასაკმაყოფილებლად კანონიერად გასხვისებული ქონება. მხოლოდ მისი რეგისტრაციის შემდეგ (20/08/2018 წლის 14 საათამდე), იმავე დღესვე მოახდინა ვადა დარღვეული სასამართლო განჩინების რეგისტრაცია (20/08/2018 წლის 17 საათის შემდგომ). კასატორის აზრით, საჯარო რეესტრის ეს უკანონო მოქმედება გახდა საფუძველი იმისა, რომ არაუფლებამოსილი ლიკვიდატორის მიერ განზრახ წარმოშობილი სახელმწიფო ვალდებულებათა გადაუხდელობის მიზნით, ქონება სოლიდური ვალდებულებით დაიტვირთა.

6.9. კასატორი უთითებს, რომ მან 2018 წლის 19 ივლისს მიმართა საჯარო რეესტრს და წარუდგინა მასსა და საწარმოს შორის დადებული ექვსი სესხის ხელშეკრულება, ამავდროულად მიუთითა, რომ იგი წარმოადგენდა საწარმოს კრედიტორს და ითხოვა რეგისტრაციის შეჩერება. მიუხედავად აღნიშნულისა რეესტრმა უკანონოდ არ გაითვალისწინა კრედიტორის მოთხოვნა და მიუთითა, რომ აღნიშნული ფაქტი უნდა დადასტურებულიყო სასამართლო წესით. შესაბამისად, კასატორი დაელოდა საწარმოს სესხის ხელშეკრულებების თაობაზე სასამართლოში მიმდინარე დავის დასრულებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 26 ივნისის განჩინებით, დადგინდა სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა და შესაბამისად ის ფაქტიც, რომ საწარმოს ფუნქციონირების დაწყებისთანავე ჰყავდა კრედიტორი ლ.კ–ძე. თუმცა ის გამიზნულად იყო დამალული სარეგისტრაციო განაცხადში. სწორედ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, საჯარო რეესტრთან განახლდა ადმინისტრაციული დავა.

6.10. კასატორი ამტკიცებს, რომ აუხსნელი მიზეზით, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა სრულად უგულებელყვეს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 26 ივნისის განჩინება და ყურადღება მიაპყრეს ცხრა თვით ადრე მიღებული 16/09/2022 წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ კრედიტორთა ვალდებულებების დაკმაყოფილების დაწყებას ითვალისწინებდა ჯერ კიდევ საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყებამდე არსებულ პერიოდში. ეს კი მაშინ, როდესაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 14.3 პუნქტის შესაბამისად, ლიკვიდაცია მხოლოდ მას შემდეგ ითვლება კანონიერად დაწყებულად, რაც საჯარო რეესტრს წარედგინება 2022 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება პარტნიორთა კრების კანონიერად ცნობისა და კრედიტორთა დაკმაყოფილების გრაფიკის შესახებ.

6.11. კასატორი ამტკიცებს, რომ სააპელაციო პალატა განზრახ დუმს იმ რეალურ მოტივებზე, რასაც 2022 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება დაეფუძნა, სახელდობრ ის ამტკიცებს, რომ ამ დავის ფარგლებში მხოლოდ კრედიტორთა კრების მოწვევის კანონიერებისა და მისი უფლებაუნარიანობის საკითხი (ფორმალური მხარე) შეფასდა და არა საწარმოს კრედიტორთა უფლებების დამცავი ნორმების კანონიერების საკითხი. კასატორი ამტკიცებს, რომ 15/06/2018 წლის კრების ოქმით დადგენილია, რომ კრებას, და შესაბამისად უზენაეს სასამართლოს, არ უმსჯელია ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დაცული იყო, თუ არა, კრედიტორის უფლებების დამცავი ნორმები, რაც წესრიგდება მოქმედი მეწარმეთა შესახებ კანონის 39-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით. პირიქით, აღნიშნული ოქმის ჩანაწერი ადასტურებს, რომ კრებაზე ლიკვიდაციის პროცესის დაწყების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კრედიტორის უფლებების დამცველი ნორმების სრული უგულებელყოფით, რაც მოწმობს 2018 წლის 15 ივნისის პარტნიორთა კრების ოქმის უკანონობას, ვინაიდან მასში ნახსენებიც კი არ არის, რომ საწარმოს ჰყავდა კრედიტორები.

6.12. კასატორი აცხადებს, რომ ლიკვიდაციის მთავარ მიზანს კრედიტორების გასტუმრება წარმოადგენს. ამ ოქმში კი არის ჩანაწერი, რომ „ნ.კ–ვა დაჟინებით ითხოვდა შეხვედრას და მანამ სანამ კომპანია არ გაკოტრებულა და გადახდისუუნარო არ გამხდარა, პარტნიორებს დაეწყოთ ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი და ნარჩენი თანხების განაწილება“. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ კრებაზე ლიკვიდაციის დაწყების გადაწყვეტილების მიღება განპირობებული იყო იმ მიზნით, რომ მომხდარიყო საწარმოს ბალანსზე რიცხული ქონების გადანაწილება პარტნიორებს შორის, რაც არ მომხდარა.

6.13. 2018 წლის 26 ივლისის NB18079311/3 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, კასატორი აცხადებს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ არასწორად გაავრცელა 2018 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების მოთხოვნები 2018 წლის 26 ივლისს საჯარო რეესტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. 2022 წლის 16 სექტემბერს კანონიერად იქნა მიჩნეული 2018 წლის 24 ივლისის პარტნიორთა კრების ოქმი, ანუ კანონიერად იქნა მიჩნეული ლიკვიდაციის მმართველად გ.ჭ–ვას კანდიდატურის დასახელება, რაც იმას ნიშნავდა, რომ 2018 წლის 24 ივლისს სწორედ ეს პირი წარმოადგენდა საწარმოს ლიკვიდაციის მმართველს, თუმცა სადავო პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 5.12 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ გ.ჭ–ვა საწარმოს უფლებამოსილ ლიკვიდატორად დანიშნულიყო უნდა განხორციელებულიყო უმნიშვნელოვანესი პირობა: სარეგისტრაციო დოკუმენტით უნდა დადასტურებულიყო საწარმოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნისთვის გამოხატული ნება, რაც არ მომხდარა. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ ხსენებული პირი, საჯარო რეესტრის უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე კვლავაც ასახულია საჯარო რეესტრში.

6.14. კასატორი, ასევე არ იზიარებს, გასაჩივრებულ განჩინებაში მოყვანილ იმ მსჯელობას, რომ იურიდიული ინტერესი არ არსებობს, ვინაიდან დასრულებული არ არის საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი. კასატორი მიიჩნევს, რომ თუ მის მიერ სადავო გადაწყვეტილებები არ გაუქმდება, გასხვისებული ქონებები უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში არ დაუბრუნდება კეთილსინდისიერ შემძენს, კრედიტორს მისაღები თანხები პრაქტიკულად აღარ დარჩება ან/და ძალიან შემცირდება. კასატორი აცხადებს, რომ სარჩელის მთავარ მიზანს წარმოადგენს გასაჩივრებული 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შედეგად აღდგენილ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობა, რაც ცხადყოფს მის ნამდვილ იურიდიულ ინტერესს.

6.15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 29 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

- შპს „ჯ–ა“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2017 წლის 3 მაისიდან. მისი დამფუძნებელი პარტნიორები არიან ლ.კ–ძე 50% და ნ.კ–ვა 50% წილით. საზოგადოების ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად დანიშნულ იქნა დ.კ–ძე;

- საზოგადოების წესდების 19.3. პუნქტის თანახმად, საზოგადოების ლიკვიდაცია ხდება პარტნიორ(ებ)ის გადაწყვეტილებით, ხოლო წესდების 20.4 პუნქტის მიხედვით, საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტის შესახებ პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებებს იღებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

-შპს „ჯ–ას“ 2018 წლის 11 მაისის პარტნიორთა კრების ოქმის მიხედვით, დღის წესრიგს წარმოადგენდა საზოგადოების ლიკვიდაცია. კრებაზე არ გამოცხადდა 50%-იანი წილის მფლობელი ლ.კ–ძე და დირექტორი დ.კ–ძე. ამავე სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება 25 მაისს, იგივე დღის წესრიგით, განმეორებითი კრების მოწვევის თაობაზე;

- 2018 წლის 25 მაისს გამართულ კრებაზე კვლავ არ გამოცხადდა შპს „ჯ–ას“ 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი ლ.კ–ძე და დირექტორი დ.კ–ძე. განმეორებითი კრება მოწვეული იქნა 2018 წლის 15 ივნისს;

- 2018 წლის 15 ივნისს გამართულ პარტნიორთა კრებაზე არ გამოცხადდნენ შპს „ჯ–ას“ 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი ლ.კ–ძე და დირექტორი დ.კ–ძე. შესაბამისად 50%-იანი წილის მფლობელის, ნ.კ–ვას მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს „ჯ–ას“ ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე. გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად მითითებულია, რომ კომპანია რეგისტრაციის დღიდან არ ფუნქციონირებს, არ გააჩნია საოფისე ფართი, უსახსრობის გამო ,არ ყავს თანამშრომლები და არ აქვს სამომავლოდ განსახორციელებელი გეგმა;

- 2018 წლის 21 ივნისის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს #B18065823/6 გადაწყვეტილებით, ნ.კ–ვას განცხადება შპს „ჯ–ას“ ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შესახებ დაკმაყოფილდა;

- 2018 წლის 24 ივლისს შპს „ჯ–ას“ პარტნიორთა კრებას ესწრებოდა ერთი პარტნიორი ნ.კ–ვა, რომლის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დამტკიცდა შპს „ჯ–ას“ ლიკვიდაციის წესი. შპს „ჯ–ას“ ლიკვიდაციის მმართველად დაინიშნა გ.ჭ–ვა და გადაეცა საზოგადოების დოკუმენტები. ამავე კრების ოქმით ირკვევა, რომ მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, იგივე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე ორჯერ გადაიდო პარტნიორთა კრება 05.07.2018 წელს და 16.07.2018 წელს. საბოლოოდ გადაწყვეტილება მიღებული იქნა 24.07.2018 წელს;

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 ივლისის #B18079311/3 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ.კ–ვას განცხადება. შპს „ჯ–ას“ მიმართ დაიწყო ლიკვიდაციის პროცესი, ხოლო ლიკვიდატორად დაინიშნა გ.ჭ–ვა;

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 აგვისტოს N2/24140-18 გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ლ.კ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 15 ივნისის პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის საფუძველზე დაიწყო შპს „ჯ–ას“ (ს/ნ .......) ლიკვიდაციის პროცესი. ამავე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი შპს „ჯ–ას“ 2018 წლის 24 ივლისის პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის საფუძველზეც სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა შესაბამისი ცვლილება. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც დავის საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეჩერდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 ივნისის №B18065823/6 გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული შპს „ჯ–ას“ (ს/ნ .........) ლიკვიდაციის პროცესი;

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, ნ.კ–ვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება;

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის, №ას-48-2022 გადაწყვეტილებით, ნ.კ–ვას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.კ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დავის საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეჩერდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 ივნისის №B18065823/6 გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული შპს „ჯ–ას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: ..........) ლიკვიდაციის პროცესი;

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 04 ოქტომბრის #B22122799/5 გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება შპს „ჯ–ას“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ;

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 14 სექტემბრის N199108 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სარეგისტრაციო წარმოების განახლებაზე უარის თქმის შეტყობინებისა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებაზე ლ.კ–ძის ადმინისტრაციული საჩივარი;

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 05 ოქტომბრის N216156 გადაწყვეტილებით ლ.კ–ძეს უარი ეთქვა #B18065823/6 (21.06.2018) და #B 22122799/6 (04.10.2022 გადაწყვეტილებებზე) ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.

12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ის გარემოება, არსებობს, თუ არა, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის კანონისმიერი საფუძვლები და რამდენად მიღწევადია მოსარჩელის მიერ დასახული იურიდიული ინტერესი.

13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ასევე, განსახილველი დავის ფარგლებში შესამოწმებელია ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობის ფაქტი. სახელდობრ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა არათუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველსაც კი წარმოადგენს. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე Nას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა მიიღებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე Nას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი). აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს მოსარჩელეს ამგვარი აღიარებით. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოვლენაა. ასეთი ინტერესის არსებობა ყოველთვის გულისხმობს, რომ მხარე გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს ინტერესის ობიექტს, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ, აუცილებელია მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით, ინტერესი მოიცავს შედეგებს, რომელიც კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად ობიექტურად მიღწევადი უნდა იყოს (იხ. სუსგ საქმე Nას-202-191-2017, 27 სექტემბერი, 2017 წელი).

14. საკასაციო საჩივარში მოხმობილი ვრცელი დასაბუთების მთავარი არგუმენტი ის არის, რომ საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების დროისათვის კასატორი წარმოადგენდა შპს „ჯ–ას“ კრედიტორს, რაც არ იქნა მითითებული პარტნიორთა კრების ოქმში, ხოლო მას შემდეგ, რაც რეესტრს მის მიერ წარედგინა საწარმოსთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები, მათ საფუძველზე ლიკვიდაციის პროცესი არასწორად არ შეჩერდა. კასატორის მითითებით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შპს „ჯ–ასათვის“ დგება შემდეგი სამართლებრივი გარემოება: 2018 წლის 15 ივნისის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება „ლიკვიდაციის დაწყების თაობაზე“ რჩება ძალაში. თავიდან ლიკვიდაციის დაწყების გადაწყვეტილების ხელახალი რეგისტრაციისათვის საჭირო ხდება ახალი განცხადებით მიმართვა საჯარო რეესტრისადმი, რომლითაც მიეთითება კრედიტორის დაკმაყოფილების ვადები და მოცემული დღიდან ჩაითვლება ლიკვიდაცია დაწყებულად. ხოლო მანამდე ძველი სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის გამო კრედიტორი დაიბრუნებს სადავოდ ქცეული თანხების იმ ნაწილს, რომელიც მას მიღებული ჰქონდა 2018 წლის 25 და 26 ივნისს და რომლის დაბრუნებაც მოუწია სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებების გამო, ხოლო დარჩენილი ვალდებულებების კანონიერებაზე დავა შეწყდება.

15. უპირველესად, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორი ეთანხმება და სადავოდ არ ხდის საწარმოს 2018 წლის 15 მაისის პარტნიორთა კრების უფლებაუნარიანობასა და გადაწყვეტილებაუნარიანობას (მის მიერ ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას) (იხ. ტომი I, ს.ფ. 387-388), მეტიც, კასატორი აცხადებს, რომ ამ ფაქტს მოსარჩელე არასდროს ხდიდა სადავოდ. შესაბამისად, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს 2018 წლის 15 მაისს გამართული პარტნიორთა კრების უფლებაუნარიანობა და გადაწყვეტილებაუნარიანობა და პალატა აღარ შეუდგება იმის სამართლებრივ შეამოწმებას, თუ რის საფუძველზე ცნო დადგენილად აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ.

16. კასატორი საჯარო რეესტრის სადავო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძვლად უთითებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 14.4 მუხლის არასწორ ინტერპრეტირებასა და ამავე კანონის 5.12-ე მუხლის გამოუყენებლობას. მოხმობილი ნორმების თანახმად, საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს ინფორმაცია, რომელშიც მითითებული იქნება საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების ვადები. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციისთანავე საწარმოს პარტნიორებმა საწარმოს ყველა ცნობილ კრედიტორს უნდა გაუგზავნონ წერილობითი შეტყობინება ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს კრედიტორთა დაკმაყოფილების ვადები. საწარმოს ქონების რეალიზაციის დაწყებამდე საწარმო (ლიკვიდატორი) ვალდებულია ნებისმიერ პირს მოთხოვნისთანავე მიაწოდოს საწარმოს ცნობილ კრედიტორთა დაზუსტებული სია. საწარმოს შეუძლია აღნიშნული დაზუსტებული სია გამოაქვეყნოს პერიოდულ გამოცემაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებაში. ასევე, საწარმოს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) დანიშვნისთვის/რეგისტრაციისთვის სარეგისტრაციო დოკუმენტაციით უნდა დასტურდებოდეს ამ პირის (პირების) ნება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოხმობილი ნორმები არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, არც ფაქტობრივ და, არც სამართლებრივ საფუძველს.

17. პირველ რიგში, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც თავად კასატორიც არ ხდიდა სადავოდ, რომ საჯარო რეესტრში წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტის მიღებაზე საწარმოს 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი იყო, როგორც უფლებამოსილი, ასევე გადაწყვეტილებაუნარიანი, ამ პირობებში, აბსოლუტურად არარელევანტურია კასატორის ის შედავება, რომ საჯარო რეესტრი ვალდებული იყო ეხელმძღვანელა მის მიერ წარდგენილი სესხის ხელშეკრულებებით. აღნიშნული ერთი მხრივ, გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ საჯარო რეესტრი არ წარმოადგენს მხარეთა შორის სამოქალაქოსამართლებრივი დავის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ ორგანოს, ხოლო მეორე მხრივ, როგორც უკვე აღინიშნა საჯარო რეესტრი მის წინაშე წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობაზე პასუხისმგებელი არ არის, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებები, თავისი არსით, შინაარსობრივი ან/და ფორმალური თვალსაზრისით არ წარმოადგენდა ბათილ გარიგებებს. საკასაციო პალატა განმეორებით აღნიშნავს, რომ განსახილველ დავაში მოპასუხეა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“, ხოლო სადავოდაა გამხდარი მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, შესაბამისად კასატორის მიერ მითითებული, საჯარო რეესტრის სადავო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) 14.4 და 5.12-ე მუხლები ვერ იქნება, ვინაიდან ისინი არეგულირებს შიდასამეწარმეო ურთიერთობებს, და არ წარმოადგენს საფუძველს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ გადაწყვეტილების მისაღებად.

18. რაც შეეხება კასატორის შემდგომ არგუმენტს, იგი ამტკიცებს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა სრულად უგულებელყვეს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 26 ივნისის განჩინება და ყურადღება მიაპყრეს ცხრა თვით ადრე მიღებული 16/09/2022 წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ კრედიტორთა ვალდებულებების დაკმაყოფილების დაწყებას ითვალისწინებდა ჯერ კიდევ საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყებამდე არსებულ პერიოდში. ეს კი მაშინ, როდესაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 14.3 პუნქტის შესაბამისად, ლიკვიდაცია მხოლოდ მას შემდეგ ითვლება კანონიერად დაწყებულად, რაც საჯარო რეესტრს წარედგინება 2022 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება პარტნიორთა კრების კანონიერად ცნობისა და კრედიტორთა დაკმაყოფილების გრაფიკის შესახებ. აღნიშნულ შედავებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ქრონოლოგიაზე. 2018 წლის 15 ივნისის პარტნიორთა კრებაზე მიღებული ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე, 2018 წლის 21 ივნისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიღო გადაწყვეტილება ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ. ასევე დადგენილია, რომ ლ.კ–ძემ, 2018 წლის 15 აგვიტოს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ ასევე იშუამდგომლა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 ივნისის №B18065823/6 გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული შპს „ჯ–ას“ ლიკვიდაციის პროცესის შეჩერება, რაც დაკმაყოფილდა. 2019 წლის 30 აგვისტოს N2/24140 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ლ.კ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 15 ივნისის პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის საფუძველზე დაიწყო შპს „ჯ–ას“ (ს/ნ ........) ლიკვიდაციის პროცესი. ამავე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი შპს „ჯ–ას“ 2018 წლის 24 ივლისის პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის საფუძველზეც სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა შესაბამისი ცვლილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ნ.კ–ვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის, №ას-48-2022 გადაწყვეტილებით, ნ.კ–ვას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.კ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ასევე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დავის საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეჩერდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 ივნისის №B18065823/6 გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული შპს „ჯ–ას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: ........) ლიკვიდაციის პროცესი. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ კი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 04 ოქტომბრის #B22122799/5 გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება შპს „ჯ–ას“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო 2018 წლის 15 ივნისის პარტნიორთა კრების ოქმისა და უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის N48-2022 გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლითაც ძალაში დარჩა პარტნიორთა კრების ოქმი. საჯარო რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება ლიკვიდაციის პროცესის განახლებისა და დასრულების შესახებ, რომლის, როგორც უფლებამოსილებას ასევე, ვალდებულებას ითვალისწინებდა საჯარო რეესტრის შესახებ კანონი.

19. აგრეთვე, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლოს წარმოებაში იყო ლ.კ–ძის სარჩელი 2018 წლის 15 ივნისის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობაზე, რომლის საფუძველზეც შეჩერდა შპს „ჯ–ას“ ლიკვიდაციის პროცესი. საბოლოოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ.კ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გარემოება კი რა საკვირველია, წარმოადგენდა საჯარო რეესტრის მიერ შპს „ჯ–ას“ ლიკვიდაციის პროცესის დაწყების საფუძველს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ კომპანიის კრედიტორების, მათი ვინაობის არსებობა არ განაპირობებს ლიკვიდაციის პროცესის დაწყებაზე უარის თქმას, ხოლო განცხადება ლიკვიდაციის დაწყების ეტაპზე შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს.

20. მოდავე მხარეთა შორის წარმოებული სამართლებრივი დავებისა და ფაქტობრივი გარემოებების განვითარების ქრონოლოგიის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ წარმოადგენდა კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს და არ ეწინააღმდეგებოდა პარტნიორთა კრებისა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამდენად, არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.

21. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

23. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ლ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; ლ.კ–ძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 25/12/2024წ. №979 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი