დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-787-2026 19 ივნისი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - დ.ქ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.მ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 8 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ.მ–ძის (შემდგომში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დ.ქ–ძის (შემდგომში - მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი სამკვიდრო ქონება, მდებარე: ხონის მუნიციპალიტეტი, სოფელი .........., საკადასტრო კოდი №........, და მისი გამოთავისუფლების შემდეგ გადაეცა მოსარჩელეს.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო და საკასაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 აპრილისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 15 ოქტომბრის განჩინებებით მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, რის შედეგადაც გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.
3. მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, 2024 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსასრულებლად, 2025 წლის 8 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
4. 2025 წლის 30 დეკემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა გადაწყვეტილებასა და მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორება. კერძოდ, განცხადება შეეხებოდა მოპასუხის პირადი ნომრის არასწორად მითითებას.
5. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 12 იანვრის განჩინებით გასწორდა 2024 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 2025 წლის 8 დეკემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა. კერძოდ, მოპასუხის პირად ნომრად, ნაცვლად „..........“-ისა, მიეთითა „..........“.
6. აღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი, რომლითაც, შინაარსობრივად, სადავოდ გახადა იმ საქმეზე სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი, რომლის განხილვაც უკვე დასრულებული იყო, და მოითხოვა 2026 წლის 12 იანვრის განჩინების გაუქმება.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 12 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი და მის შესავსებად დაევალა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
8. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებების საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 24 მარტისა და 14 აპრილის განჩინებებით, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 8 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი განუხილველად დარჩა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო. აღნიშნული განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა, თუმცა კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არც ამჯერად გადაუხდია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. სასამართლო გაეცნო კერძო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
12. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო/კერძო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო/კერძო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
13. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
14. დადგენილია, რომ მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 12 იანვრის განჩინება, რომლითაც გადაწყვეტილებასა და სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა გასწორდა. კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაევალა. მისი შუამდგომლობების საფუძველზე, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ორჯერ გაგრძელდა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორის მეუღლეს, ხარვეზი დადგენილ ვადაში არ იქნა შევსებული, რის გამოც კერძო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა განჩინების საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრის შეტანის გზით გასაჩივრების უფლება.
15. კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 8 მაისის განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება, ასევე საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება. შესაბამისად, განსახილველი კერძო საჩივრის ფარგლებში გასაჩივრების უშუალო ობიექტს წარმოადგენს არა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 12 იანვრის განჩინება, არამედ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 8 მაისის განჩინება, რომლითაც კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
16. საკასაციო სასამართლო, ძირითადი პროცესუალური საკითხის შეფასებაზე გადასვლამდე, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღების გამახვილებას იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი კერძო საჩივრის შინაარსობრივი, თუნდაც ზედაპირული ანალიზი ცხადყოფს მის არსებით დაშორებას გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი და ფაქტობრივი დასაბუთებისგან. კერძოდ, საჩივარი არ შეიცავს იმ კონკრეტულ გარემოებებზე მითითებას, რომლებიც პირდაპირ და უშუალო კავშირში იქნებოდა სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების დასაბუთებულობის შეფასებასთან, მათ შორის – არც იმ ფაქტობრივ ან სამართლებრივ წინაპირობებზე, რომლებზეც აღნიშნული განჩინება იყო დაფუძნებული.
17. ამასთან, მოცემული კერძო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი ისეთი საკითხი, რომელიც შინაარსობრივად ეხება სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპს, მაშინ როდესაც შესაბამისი პროცედურული ეტაპი უკვე დასრულებულია და მოთხოვნილია 2026 წლის 12 იანვრის განჩინების გაუქმება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს საჩივრის შინაარსობრივ დაშორებაზე გასაჩივრებული აქტის რეალურ სამართლებრივ საგანთან.
18. ამგვარად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი თავისი შინაარსით ვერ ქმნის იმ პროცესუალურ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს უფლების ეფექტიან და პროპორციულ სასამართლო დაცვას, რამდენადაც იგი ვერ უზრუნველყოფს გასაჩივრებული სასამართლო აქტის არსებით სამართლებრივ კონტროლს. შესაბამისად, იგი უფრო ფორმალური გასაჩივრების მექანიზმის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე უფლების დაცვის რეალური და ეფექტიანი საშუალებისას, რაც შორდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულ სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს.
19. რაც შეეხება კერძო საჩივრის დასაშვებობას, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებების მიმართ და იმ შემთხვევებში, რომლებზეც კანონი პირდაპირ მიუთითებს. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს კერძო საჩივრის ფარგლებს და განჩინებების გასაჩივრების შესაძლებლობას მკაცრად უკავშირებს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
20. ამასთან, სსსკ-ის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივარს განიხილავს და მასზე განჩინებას გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლო. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი კი ადგენს, რომ კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება არ გასაჩივრდება.
21. სსსკ-ის 419-ე მუხლით დარეგულირებული საკითხის თაობაზე აღსანიშნავია სამართლებრივ ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც, „გადაწყვეტა საკითხისა კერძო საჩივრის დასაშვებობა-დასაბუთებულობის შესახებ წარმოადგენს არა გასაჩივრებული განჩინების გამომტანი სასამართლოს, არამედ მისი ზემდგომი სასამართლოს პრეროგატივას. რაც შეეხება ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, რომლითაც გადაწყდა ეს საკითხი კერძო საჩივრის დასაშვებობა-დასაბუთებულობის შესახებ, იგი საბოლოოა და არ გასაჩივრდება“ (იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საქმეთა წარმოება სასამართლოში, თბ., 2000, გვ. 346). შესაბამისად, კანონმდებელმა კერძო საჩივრის განხილვა ერთსაფეხურიანი სასამართლო კონტროლის ფარგლებში მოაქცია და ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას საბოლოო ხასიათი მიანიჭა. აღნიშნული მიდგომა დასტურდება სასამართლო პრაქტიკითაც (იხ. სუსგ №ას-814-781-2016, 30.11.2016წ.; №ას-21-2019, 21.01.2019წ.; №ას-1587-2019, 04.11.2019წ.; №ას-478-2020, 03.07.2020წ.; №ას-303-2023, 24.03.2023წ.), სადაც გაზიარებულია პოზიცია, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივარზე მიღებული განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
22. წარმოდგენილი კერძო საჩივრით გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 8 მაისის განჩინება, რომლითაც კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. აღნიშნული განჩინების კანონიერება, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ამავე წესით ვერ შემოწმდება.
23. სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვას. მხარის მატერიალური უფლების რეალიზაციისათვის საპროცესო ნორმები ადგენს თითოეული მხარის მიერ პოზიციის, განმარტების სასამართლოსათვის წარდგენის პროცესუალურ წესებს, რაც მოიცავს გასაჩივრების პროცედურას, ასევე, საქმის მოსმენის როგორც ზეპირ (მხარეთა მონაწილეობით), ისე - ზეპირი მოსმენის გარეშე ფორმებს. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებასა თუ განჩინებაში უთითებს: საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ.: №ას-1033-2018, 30.10.2018წ.; №ას-303-2023, 24.03.2023წ.).
24. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ქ–ძის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 8 მაისის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ლევან მიქაბერიძე