დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-920-2025 26 ივნისი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.კ–ვა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ზ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მ.ზ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში, ნ.კ–ვას მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ 2023 წლის 7 თებერვლიდან მ.ზ–ძის საკუთრებად ირიცხება უძრავი ქონება ს/კ N........., მდებარე: ქ. თბილისი, .......... (ს. ფ. 29). სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია 2019 წლის 18 ნოემბრის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და 2023 წლის 2 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება.
2.2. მ.ზ–ძის საკუთრებად რეგისტრირებულ სადავო ქონებაში ცხოვრობს მოპასუხე ნ.კ–ვა და უარს აცხადებს მის გამოთავისუფლებაზე, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3.2. შესაგებლის თანახმად, სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი 2019 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის თაობაზე - გაფორმებულია მესამე პირის მიერ მოპასუხის შეცდომაში შეყვანით.
3.3. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ მიუთითა, რომ 2019 წელს მოპასუხესთან ნდობაში შევიდა ერთი პირი, რომელმაც მოპასუხეს გააფორმებინა მინდობილობა სადავო ქონების იპოთეკით დატვირთვის უფლებამოსილებით, რის შედეგადაც სადავო ქონება ამ მინდობილობის გამოყენებით მოპასუხის ნების საწინააღმდეგოდ გაიყიდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით მ.ზ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ.კ–ვას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ........, საკადასტრო კოდი N ........, და ეს უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მ.ზ–ძეს. ნ.კ–ვას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 60 ლარის ოდენობით.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, ნ.კ–ვამ.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინებით, ნ.კ–ვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის დასამტკიცებელი გარემოება იყო, რომ სადავო უძრავი ნივთი მისი საკუთრებაა და რომ მოპასუხე მას ხელს უშლის საკუთრებით სარგებლობაში. ამ მიმართებით, სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ 2023 წლის 7 თებერვლიდან მ.ზ–ძის საკუთრებად N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია მოპასუხის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ........, რის მიმართაც მოქმედებს სისრულისა და სისწორის კანონისმიერი პრეზუმფცია. პალატის აზრით, მოპასუხეს, არ წარუდგენია აღნიშნული ამონაწერის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება, ასევე, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება სადავო უძრავ ნივთზე მოპასუხეების მფლობელობის მართლზომიერების დასადასტურებლად. მხარეებს შორის არ არსებობს რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითიც შეიძლება, მოსარჩელე შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებით.
5.3. შედეგად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ არ იკვეთებოდა მესაკუთრის კანონისმიერი შებოჭვის საფუძველი, რაც განაპირობებდა, მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის უფლებამოსილებას, მის საკუთრებაში არსებულ ნივთზე მესაკუთრის უფლებები სრულყოფილად განახორციელებინა.
5.4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტს სადავოდ არ გაუხდია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. გადაწყვეტილებას აპელანტი ასაჩივრებდა მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, კერძოდ, სააპელაციო საჩივარში აპელანტი (მოპასუხე მხარე) მიუთითებდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ამასთან, მისივე აზრით, გადაწყვეტილება იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული/ სააპელაციო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნული მოსაზრება არ გაიზიარა სააპელაციო პალატამ და აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით წარმოებული დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სწორედ სადავო სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმებით, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 312-ე მუხლებით, რამაც განაპირობა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასება, ამდენად, აპელანტის მოსაზრებები გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არასწორი სამართლებრივი შეფასებების თაობაზე, დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული.
5.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინებაზე, საკასაციო საჩივარი წარადგინა ნ.კ–ვამ.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევით, რამაც საბოლოოდ საქმეზე არასწორი შედეგი გამოიწვია. კერძოდ, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები.
6.2. კასატორი აცხადებს, რომ მას არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დარჩება ღია ცის ქვეშ. იგი მოითხოვს მიეცეს შესაძლებლობა გამოისყიდოს მისი ყოფილი საცხოვრებელი სახლი.
6.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 8 სექტემბრის განჩინებით, ნ.კ–ვას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 172.1. მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა (სამოქალაქო კოდექსის 170.1 მუხლი: მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. 172.1 მუხლი: მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება). შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
12. დადგენილია, რომ 2023 წლის 7 თებერვლიდან მ.ზ–ძის საკუთრებად N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულია უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ......... (ს. ფ. 29). სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია 2019 წლის 18 ნოემბრის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და 2023 წლის 2 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულება. ასევე დადგენილია, რომ მ.ზ–ძის საკუთრებად რეგისტრირებულ სადავო ქონებაში ცხოვრობს მოპასუხე ნ.კ–ვა, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსისს 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები). აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.
14. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
15. მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხის მხოლოდ ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
16. დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. მოპასუხეს კი სასამართლოსთვის არ წარუდგენია სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერების დამადასტურებელი რაიმე რელევანტური და სათანადო მტკიცებულება.
17. კასატორის ძირითადი პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოში მიემართებოდა მოსარჩელის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის კანონიერებას, თუმცა საკასაციო საჩივრით შედავებულია მხოლოდ ის, რომ არ შეიძლება პირს ერთადერთი საცხოვრებელი წაერთვას და ღია ცის ქვეშ დარჩეს უსახლკაროდ.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 312.1 მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდე ითვლება კანონიერად, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი, მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს (იხ. სუსგ საქმე №ას-1542-1462-2017, 30 იანვარი, 2018 წელი). მანამდე კი ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (იხ. სუსგ საქმე №ას-877-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი; სუსგ საქმე №ას-1719-2019, 22 იანვარი, 2020 წელი).
19. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერების შემოწმება არ წარმოადგენდა და მასზე მითითება არ წარმოადგენს კვალიფიციურ მოთხოვნის გამომრიცხველ შესაგებელს, აღნიშნული მოთხოვნით მოპასუხეს შეუძლია ცალკე სარჩელით მომავალშიც მიმართოს სასამართლოს (იხ. სუსგ საქმე №ას-316-2022, 21 ივნისი, 2022 წელი; შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1076-2023, 13 ოქტომბერი, 2023 წელი). ამდენად, მოპასუხის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად არსებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის და არც მისი უკანონობაა დადასტურებული. აგრეთვე საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ერთადერთი საცხოვრებელი სახლის დაკარგვის არგუმენტი, მიუხედავად მორალური სიმძიმისა, სამართლებრივი თვალსაზრისით, არ ქმნის ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს და შესაბამისად, ვერც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი გახდება.
20. მოსარჩელის კანონიერი უფლებების დაცვის საჭიროების ნათელსაყოფად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რათა პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33). საკუთრება უპირობოდ დაცული ფასეულობაა, იმის მიუხედავად, თუ რა ღირებულების მფლობელობაა სახეზე და რა სოციალური ტვირთის მატარებელია იგი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ”, II-23).
21. სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ვინაიდან განხორციელებულია ამავე კოდექსის 172.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს.
22. საკასაციო პალატა ასკვნის, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ნ.კ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; ნ.კ–ვას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 13/08/2025წ. №28789120859 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი