დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 26.06.2026
საქმის ნომერი
ას-423-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-423-2026 26 ივნისი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ნ.ვ.დ–ვა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 06 თებერვლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ნ.ვ.დ–ვის“ წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა ზიანის - 2269 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით - 150 ლარის დაკისრება.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სს „ნ.ვ.დ–ვას“ შორის 2023 წლის 28 დეკემბერს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №123 ხელშეკრულება (CON230000388-00013), რომლის საფუძველზეც, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაეწია, შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის (თანდართული დაზღვევის პირობების - დანართი N1-ისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალის - დანართი N2-ის შესაბამისად) მომსახურება. ამასთან, ხელშეკრულების დანართი №1-ის -"დაზღვევის პირობების" II ნაწილის, მე-2 მუხლის, №10 პუნქტის თანახმად ავტომანქანის ან მისი ნაწილების შეკეთება/აღდგენის ვადად განისაზღვრა, სადაზღვევო შემთხვევის აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღე, ხოლო დეფიციტური ნაწილების შემთხვევაში არაუგვიანეს 45 კალენდარული დღე.

2.2. 2024 წლის 15 აგვისტოს დაზიანდა დაზღვეული ავტომობილი "KIA NIRO", სახელმწიფო ნომრით ........., ქ. თბილისში, ......... ქ. №71-ის მიმდებარედ, ძაღლებმა დაკბინეს სატრანსპორტო საშუალების წინა ბამპერის მარჯვენა კუთხე. სს „ნ.ვ.დ–ვის“ 2024 წლის 24 სექტემბრის წერილით №L-24/1259 ირკვევა, რომ სადაზღვევო კომპანია, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ავტომობილის დაზიანება გამოწვეული იყო იმგვარი გარემოებით, რომელიც ვერ ექცეოდა, მხარეთა შორის, 2023 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული №123 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სადაზღვევო რისკებში, უარს აცხადებდა აენაზღაურებინა მიყენებული ზიანი.

2.3. აღნიშნული ავტომობილი შეკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და შპს „კ.ს–ოს" 2024 წლის 04 სექტემბრის ინვოისით დასტურდება, რომ ავტომობილის შეკეთების ხარჯმა შეადგინა 2 269 ლარი.

2.4. ხელშეკრულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, დამატებით უნდა დაეკისროს ჯარიმის გადახდა 150 ლარის ოდენობით.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

3.2. შესაგებლის თანახმად, მიღებული დაზიანება არ იყო გამოწვეული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციით, ხოლო სადაზღვევო დაფარვა მოიცავდა სწორედ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად გარე ზემოქმედებით დამდგარი ზიანის ანაზღაურებას.

3.3. მოპასუხის მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სადაზღვევო რისკები წინასწარ იყო განსაზღვრული ხელშეკრულებით და მათ ვერცერთ ჩამონათვალში ვერ მოექცა ზიანი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მიიჩნევდა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძვლები

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი მოპასუხე სს „ნ.ვ.დ–ვას“ მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხე სს „ნ.ვ.დ–ვას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის სახით - 2269 ლარისა და ჯარიმის -150 ლარის გადახდის ვალდებულება.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით, გაასაჩივრა სს „ნ.ვ.დ–ვამ“.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 06 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.2. სააპელაციო პალატამ, სახელშეკრულებო დათქმათა ჭრილით, შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე დაასკვნა, რომ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული სადაზღვევო რისკებისა და ხელშეკრულებაში არსებული იმ საერთო გამონაკლისების (რომლითაც მზღვეველს უფლებამოსილება ენიჭება უარი თქვას ზიანის ანაზღაურებაზე) მხედველობაში მიღებით, განსახილველი შემთხვევაში არსებობდა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების წინაპირობები.

5.3. ამასთან პალატამ სრულად გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, მასზედ, რომ ხელშეკრულების მიხედვით მოსარჩელის მიერ დაზღვეულ იქნა როგორც მოძრავ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების დროს დამდგარი ზიანი, ისე ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ზემოქმედება, ასევე დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზიანება, შესაბამისად, ცხადია, რომ როდესაც სამინისტრო/ხელშეკრულების მხარე გამოთქვამდა სურვილს ასეთი ფართო სპექტრის რისკების დაზღვევაზე, ხოლო სადაზღვევო კომპანია, თავის მხრივ, თანხმდებოდა და სადაზღვევო რისკად მოიაზრებდა ბუნებრივ მოვლენას, დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზიანებას, ან თუნდაც სამოქალაქო მღელვარების და სხვა სახის არეულობის დროს მიყენებულ ზიანს, იქ კონკრეტულად დადგენილი მიზეზით ავტომანქანის დაზიანებაც მოიაზრებოდა. შესაბამისად არ იყო სავალდებულო ხელშეკრულება შეიცავდეს კონკრეტული ცხოველის სახეობის, ან კონკრეტული ნივთიერების სახელს, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა განხორციელებულიყო ავტომანქანის დაზიანება.

5.4. ამასთან, პალატის აზრით, საერთო გამონაკლისებიც არ მოიცავდა მითითებას იმის შესახებ, რომ ცხოველის მიერ ავტომანქანის დაზიანება არ იქნებოდა ანაზღაურებული. როგორც საქმის მასალებით დგინდებოდა, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2024 წლის 15 აგვისტოს დაზიანდა დაზღვეული ავტომობილი „KIA NIRO“, სახელმწიფო ნომრით ......., ქ. თბილისში, .......... ქ. №71- ის მიმდებარედ, ძაღლებმა დაკბინეს სატრანსპორტო საშუალების წინა ბამპერის მარჯვენა კუთხე. სს „ნ.ვ.დ–ვამ“ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ავტომობილის დაზიანება გამოწვეული იყო იმგვარი გარემოებით, რომელიც ვერ ექცეოდა, მხარეთა შორის, 2023 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული №123 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სადაზღვევო რისკებში, უარი განაცხადა აენაზღაურებინა მიყენებული ზიანი, რაც პალატის აზრით, არ გამომდინარეობდა სამოქალაქო კოდექსით დადენილი წესებიდან. სააპელაციო პალატამ სადავო საკითხის გარკვევის მიზნით მიიჩნია, რომ აღნიშნული გამორკვეულიყო მთლიანი ხელშეკრულების ანალიზის საფუძველზე, კერძოდ პალატამ კვლავ ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების დანართი N1-ის პირველი ნაწილის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა წარმოადგენს დაფარულ რისკს მიუხედავად იმისა, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა თუ იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში კონსოლიდირებული ტენდერის პირობების მიხედვით განსაზღვრული სადაზღვევო რისკებად მითითებულია: ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა). მიუხედავად იმისა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა, თუ იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში; …….ბ) სატრანსპორტო საშუალების ან მისი ცალკეული ნაწილების დაკარგვა (მათ შორის: ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, გატაცება, ან ქურდობის/ძარცვის/ყაჩაღობის/გატაცების მცდელობა); გ) ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ზემოქმედება, კერძოდ მიწისძვრა, წყალდიდობა, დიდთოვლობა, გრიგალი, ქარიშხალი, ღვარცოფი, მეხის დაცემა, მეწყერი, სეტყვა ან უბედური შემთხვევა (მოულოდნელი მოვლენა, რომელმაც გამოიწვია დაზიანება ან განადგურება გარეშე და აშკარა მიზეზებით). დ) აალება, აფეთქება, ხანძარი, რაიმე საგნის ვარდნა/დაცემა/მოხვედრა, ვანდალიზმი; ე) დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზიანება. ვ) სადაზღვევო შემთხვევა, მიუხედავად იმისა მძღოლი გადაღლილი იყო, ჩაეძინა ან დაარღვია მოძრაობის წესები; ზ) წინამდებარე რისკებით გამოწვეული დამატებითი აღჭურვილობის (საპოლიციო ციმციმა, ხმამაღლა მოლაპარაკე, ანტენა და სხვა) დეტალებისა და აქსესუარების (მინების, სარკეების, მოლდინგების, სახურავის, საბარგულის და ა.შ.) დაზიანება- ქურდობა-დაკარგვა. აღნიშნულის შესაბამისად კი მიიჩნია, რომ დამდგარი სადაზღვევო შემთხვევა იყო დაზღვეული რისკი და ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.

5.5. პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების გამო, ასევე დაკმაყოფილდა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მოთხოვნაც.

5.6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა საქართველოს სს „ნ.ვ.დ–ვამ“, რომლითაც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხორციელებულ სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სახელშეკრულებო პირობები. კასატორი ამტკიცებს, რომ ხელშეკრულებით, მხარეთა მიერ, შეთანხმებული იყო ყველა სადაზღვევო რისკი, და ამ რისკების სასამართლოს მიხედულებით განვრცობა არ გამომდინარეობდა დავის ფაქტობრივი გარემოებებიდან. მისი აზრით, სასამართლოს მიერ სადაზღვევო რისკების გაფართოება სცილდება ხელშეკრულების განმარტების ფარგლებს და წარმოადგენს შინაარსის შეცვლას.

6.2. კასატორი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო უნდა შემოიფარგლოს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით და არამართლზომიერად არ უნდა გააფართოოს მხარეთა უფლებამოსილებები იმაზე მეტად, ვიდრე ეს ხელშეკრულებით არის დადგენილი.

6.3. კასატორი ამტკიცებს, რომ სადაზღვევო რისკების საკუთარი მიხედულებით ამგვარად გაფართოება საფრთხეს უქმნის ტენდერში მონაწილე პირების ეკონომიკურ ინტერესებს და ეჭვქვეშ აყენებს მათ სამართლებრივ სტაბილურობას, რადგან მათ არ შეეძლებათ წინასწარ განჭვრიტონ ნაკისრი სადაზღვევო რისკების მოცულობა. კასატორი დასძენს, რომ სადაზღვევო ურთიერთობა თავისი ბუნებით წარმოადგენს მკაცრად სახელშეკრულებო ურთიერთობას, რომლის ფარგლებშიც მზღვეველის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მხოლოდ იმ რისკებით, რომლებიც მხარეთა მიერ წინასწარ არის შეთანხმებული. დაზღვევის არსი ეფუძნება კონკრეტული რისკის წინასწარ განსაზღვრას, მის შეფასებასა და შესაბამისი სადაზღვევო პრემიის საფუძველზე ანაზღაურების მიღებას. შესაბამისად, მზღვეველი ანაზღაურებს მხოლოდ იმ ზიანს, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული და შეფასებული სადაზღვევო რისკის ფარგლებში.

6.4. კასატორი მიიჩნევს, რომ მას უსაფუძვლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც ვინაიდან არ არსებობდა ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

6.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 21 მაისის განჩინებით, სს „ნ.ვ.დ–ვის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

- 2023 წლის 28 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სს „ნ.ვ.დ–ვას“ შორის კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის N123 ხელშეკრულება;

- 2024 წლის 15 აგვისტოს დაზიანდა დაზღვეული ავტომობილი "KIA NIRO", სახელმწიფო ნომრით ........., ქ. თბილისში, .......... ქ. №71-ის მიმდებარედ, ძაღლებმა დაკბინეს სატრანსპორტო საშუალების წინა ბამპერის მარჯვენა კუთხე;

- სს „ნ.ვ.დ–ვას“ 2024 წლის 24 სექტემბრის წერილის №L- 24/1259 მიხედვით სადაზღვევო კომპანია, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ავტომობილის დაზიანება გამოწვეული იყო იმგვარი გარემოებით, რომელიც ვერ ექცევა, მხარეთა შორის, 2023 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული №123 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სადაზღვევო რისკებში, უარი განაცხადა აენაზღაურებინა მიყენებული ზიანი;

- შსს ეკონომიკური დეპარტამენტის 2024 წლის 28 ოქტომბრის წერილით №MIA 0 24 03280943 სს „ნ.ვ.დ–ვას“ გაეგზავნა მოთხოვნა შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები არაუგვიანეს 2024 წლის 08 ნოემბრისა;

- 2024 წლის 28 ოქტომბრის წერილის პასუხად სს „ნ.ვ.დ–ვას“ 2024 წლის 11 ნოემბრის №L-24/1444 წერილის მიხედვით სადაზღვევო კომპანიის პოზიცია უცვლელი იყო.

- დაზიანებული ავტომობილი შეკეთდა, რომლის ხარჯიც დგინდება შპს „კ.ს–ოს“ 2024 წლის 04 სექტემბრის ინვოისით, კერძოდ ავტომობილის შეკეთების ხარჯმა შეადგინა - 2 269 ლარი.

12. წინამდებარე დავის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სახეზე არის თუ არა სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას და შესაბამისად, არსებობს თუ არა, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. სახელდობრ, საქმეზე დადგენილია, რომ 2024 წლის 15 აგვისტოს დაზიანდა დაზღვეული ავტომობილი "KIA NIRO", სახელმწიფო ნომრით .........., ქ. თბილისში, გახოკიძის ქ. №71-ის მიმდებარედ, ძაღლებმა დაკბინეს სატრანსპორტო საშუალების წინა ბამპერის მარჯვენა კუთხე. ხოლო სადაზღვევო კომპანიის უარი ზიანის ანაზღაურებაზე განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ავტომობილის დაზიანება გამოწვეული იყო იმგვარი გარემოებით, რომელიც ვერ ექცეოდა, მხარეთა შორის, 2023 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული №123 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სადაზღვევო რისკებში.

13. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმებით (799-858) კანონმდებელი დამზღვევსა და მზღვეველს შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის მოწესრიგებას ისახავს მიზნად. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 820-ე-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (იხ. სუსგ საქმე №ას-663-624-2011, 17 თებერვალი 2012 წელი).

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ საქმე №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი).

15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე (იხ. სუსგ-ები: №ას-535-2020, 5 ოქტომბერი, 2021, პ. 11; №ას-1306-1226-2015, 1 ივლისი 2016 წელი).

16. დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (იხ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ. 85).

17. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზიის თანახმად, სადაზღვევო კომპანია თავისუფლდება ანაზღაურების ვალდებულებისგან, რამდენადაც სადაზღვევო შემთხვევა მოხდა ისეთ ვითარებაში, რაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, პირდაპირ არ ყოფილა გათვალისწინებული, შესაბამისად გამოირიცხებოდა სადაზღვევო რისკების სასამართლოს ინიციატივით განვრცობის შესაძლებლობა.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაცაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური ნორმები აზუსტებენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი (იხ. სუსგ №ას-92-88-2016, 11 მარტი 2016 წელი). შესაბამისად, მნიშვნელოვანია თავად სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებების შინაარსი (იხ. სუსგ №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი).

19. დაზღვევის ხელშეკრულება ფორმირდება მხარეთა კონსენსუსის შედეგად და მის ფარგლებში წარმოშობილი უფლება-მოვალეობების სისტემა ბოჭავს ამ ურთიერთობის მონაწილეებს. სადაზღვევო ინტერესის ცნება განიხილება ეკონომიკური და სამართლებრივი მნიშვნელობით. ეკონომიკური არსი განპირობებულია ქონების ღირებულებითი ეკვივალენტურობით. რაც შეეხება სადაზღვევო ინტერესის სამართლებრივ შინაარსს, მას დაცვითი ფუნქცია აქვს და გულისხმობს პირის იურიდიულ კავშირს სადაზღვევო ობიექტის მიმართ. ამ კუთხით, სადაზღვევო ინტერესი განისაზღვრება, როგორც დამზღვევის გონივრული ზრუნვა და სურვილი, დაიცვას საკუთარი სიკეთე სხვადასხვა გაუთვალისწინებელი მოვლენისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-1410-2025 14 იანვარი, 2026 წელი).

20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ავტოდაზღვევის ხელშეკრულების მიზნობრივი განმარტებიდან გამომდინარე, ავტოსატრანსპორტო შემთხვევას წარმოადგენს დაზღვეული მანქანის მონაწილეობით ან მისი მოძრაობის დროს, ამავე მანქანაზე, ქონებაზე ან მესამე პირის მიმართ წარმოშობილი ზიანი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა, ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ რა ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს (იხ. სუსგ საქმე №ას-1147-1067-2017, 29 დეკემბერი, 2017 წელი, საქმე №ას-653-2019 14 ივლისი, 2021 წელი).

21. საკასაციო პალატა სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნებისთვის ყურადღებას მიაპყრობს მხარეთა შორის გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის N123 ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანია მიმწოდებლის მიერ, შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის სადაზღვევო მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესყიდვა, სატენდერო დოკუმენტაციის, წინამდებარე ხელშეკრულების, დანართი N1-ის, დანართი N2-ის, დანართი N3-ის და დანართი N4-ის შესაბამისად. ხელშეკრულებაში ასახული ტერმინთა განმარტების მიხედვით ირკვევა, რომ შემთხვევა - არის ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც ზიანი მიადგა: ა) დაზღვეულ სატრანსპორტო საშუალებას ან/და; ბ) დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების უფლებამოსილი მძღოლის/მგზავრების ჯანმრთელობას ან/და გ) დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების უფლებამოსილი მძღოლის მიერ ექსპლუატაციისას დამზღვევს წარმოეშვა პასუხისმგებლობა მესამე პირ(ებ)ის მიმართ; დასტურდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის ხელმოწერილი სადაზღვევო შემთხვევის აქტით; სადაზღვევო შემთხვევის დადასტურება (შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად ქცევა, სადაზღვევო აღიარება) - მზღვეველის აღიარება იმის შესახებ, რომ მომხდარი შემთხვევის შედეგად მას წარმოეშვა ვალდებულება, გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად; დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება - ხელშეკრულებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება, რომელზედაც ვრცელდება დაზღვევა წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციითა და დაზღვევის ხელშეკრულების პირობებით; საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა - გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მისივე მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება, ნაგებობა ან სხვა ქონება (მიუხედავად იმისა, თუ დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა, თუ იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში).

22. ამასთან ხელშეკრულება შეიცავს იმ საერთო გამონაკლისებს, რომლითაც მზღვეველი უფლებამოსილია, არ აანაზღაუროს შემდეგი შემთხვევები: ა) შემთხვევა, თუ ზარალი დადგა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების მართვისას არაუფლებამოსილი პირის მიერ; ბ) შემთხვევა, რომელიც მოხდა სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ალკოჰოლური ან ნარკოტიკული (ფსიქოტროპული) ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს, მიუხედავად იმისა ზარალი უფლებამოსილი მძღოლის ბრალით დადგა, თუ მის გარეშე; გ) ზარალი რომელიც გამოწვეულია დამზღვევის მიერ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული განზრახი ქმედებით, მათ შორის ისეთი შემთხვევა, როდესაც დამზღვევი განზრახ გამოიწვევს სადაზღვევო შემთხვევას (გარდა I ნაწილის I მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან რაიმე ხერხით გააყალბებს სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებულ რაიმე დოკუმენტაციას; დ) დამზღვევის ან მისი წარმომადგენლის მიერ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული განზრახ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, როდესაც სატრანსპორტო საშუალება გამოყენებულია სისხლის სამართლის დანაშაულის იარაღად; ე) შემთხვევა, რომელიც ითვალისწინებს უფლებამოსილი მძღოლის თვითმკვლელობას ან მის მცდელობას, გარდა მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევისა; ვ) შემთხვევა, რომელიც ითვალისწინებს უფლებამოსილი მძღოლის ისეთ განზრახ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას (გარდა I ნაწილის I მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა); ზ) შემთხვევა, რომლის დადგომის მომენტშიც დამზღვევს ერთი და იგივე ინტერესი ერთდროულად რამდენიმე მზღვეველთან ჰქონდა დაზღვეული და ამის თაობაზე შემთხვევის დადგომამდე არ უცნობებია მზღვეველისათვის. თ) დაზიანებული ქონების შეკეთების შედეგად მისი საბაზრო ღირებულების შემცირების ხარჯები; ი) ზარალი, თუ დამზღვევის მიერ სადაზღვევო ხელშეკრულებაში მითითებული რომელიმე ინფორმაცია (სატრანსპორტო საშუალების, დამზღვევის და უფლებამოსილი მძღოლების შესახებ) აღმოჩნდება არაზუსტი, გარდა ტექნიკური შეცდომისა, რომელიც არ ზრდის რიკის მოცულობას; კ) შემთხვევა, რომლის დროსაც დამზღვევის მხარე ანდა მოსარგებლე უარს განაცხადებს მზღვევლისათვის სუბროგაციის უფლების მოთხოვნის გადაცემაზე; ლ) ზარალი, რომელიც წარმოიშვა დაზღვევის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. მ) ზარალი, რომელიც

23. განსახილველ შემთხვევაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნია იმ გარემოებას, არსებობს თუ არა სამოქალაქო კოდექსის 812-ე მუხლის შესაბამისად ანაზღაურების მოვალეობის შესრულებისაგან მზღვეველის გათავისუფლების საფუძველი. პალატა განმარტავს, რომ დაუდგენელი მიზეზით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება, ან გაჩერებულ მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება, რაც გამოწვეულია მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მხარეთა შორის შეთანხმებული ხელშეკრულების საგამონაკლისო შემთხვევებით ერთმნიშვნელოვნად გამორიცხული არ არის, ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობების არსებობისას, ასეთი შემთხვევა უნდა დაკვალიფიცირდეს სადაზღვევო შემთხვევად. აღნიშნულ დასკვნას განსაკუთრებით ამყარებს, ხელშეკრულების ტერმინთა განმარტებები, საიდანაც ირკვევა, რომ არათუ არ გამორიცხულა ამგვარი რისკი, არამედ ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელის მიერ, დაზღვეულ იქნა, როგორც მოძრავ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების დროს დამდგარი ზიანი, ისე ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ზემოქმედება, ასევე დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზიანება, შესაბამისად, ცხადია, რომ როდესაც სამინისტრო/ხელშეკრულების მხარე გამოთქვამდა სურვილს ასეთი ფართო სპექტრის რისკების დაზღვევაზე, ხოლო სადაზღვევო კომპანია, თავის მხრივ, თანხმდებოდა და სადაზღვევო რისკად მოიაზრებდა ბუნებრივ მოვლენას, დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზიანებას, ან თუნდაც სამოქალაქო მღელვარების და სხვა სახის არეულობის დროს მიყენებულ ზიანს, იქ კონკრეტულად დადგენილი მიზეზით ავტომანქანის დაზიანებაც მოიაზრებოდა. პალატა დასძენს, რომ გაჩერებული ავტომანქანის დაზიანება ცხოველის მიერ, თავისთავად იმგვარ კონკრეტულ სადაზღვევო რისკს წარმოადგენს, რომ შესაძლებელია მისი წინასწარ განჭვრეტა მხარეთა მიერ შეუძლებელიც კი იყოს, ვინაიდან იგი არც გავრცელებულ შემთხვევას წარმოადგენს და არც წინასწარ სავარაუდოს. თუმცა პალატა სრულიად იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ სადაზღვევო რისკად აღიარებული შემთხვევა - დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზიანება, თავისთავად მოიცავს ისეთ კონკრეტულ რისკს, როგორიცაა ავტომობილის ცხოველის მიერ დაზიანება და კასატორის ვრცელი მსჯელობის მიუხედავად, ეს დასკვნა სახელშეკრულებო პირობათა ბუნდოვან გავრცობას კი არ წარმოადგენს, არამედ დედუქციური მსჯელობაა, ანუ უფრო ფართო განმარტების დაკონკრეტების შედეგად კონკრეტული სადაზღვევო რისკის კვალიფიცირება, ან ზოგადი კანონზომიერებების კონკრეტულ შემთხვევაზე მისადაგება.

24. კასატორის შემდგომ შედავებას პირგასამტეხლოს დაკისრების უკანონობა წარმოადგენს, რომელსაც ასევე, არ იზიარებს საკასაციო პალატა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სს „ნ.ვ.დ–ვას“ შორის 2023 წლის 28 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №123 ხელშეკრულების (CON230000388-00013) 10.3. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე 150 ლარის ოდენობით. ვინაიდან წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატამ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნა მასზედ, რომ დამდგარი შემთხვევა წარმოადგენდა სადაზღვევო რისკს და ექვემდებარებოდა ანაზღაურებას, ასევე ვინაიდან დადგენილია, რომ ანაზღაურების ვალდებულება შესრულებული არ იყო სადაზღვევო კომპანიის მხრიდან. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ ასვე სწორია სასამართლოების დასკვნა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 150 ლარის დაკისრების თაობაზე.

25. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

26. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ნ.ვ.დ–ვის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „ნ.ვ.დ–ვას“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 07/05/2026წ. №1778072509, საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის - 70% 210 ლარი; შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი