შეწყდა

სამოქალაქო 30.06.2026
საქმის ნომერი
ას-556-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-556-2025

30 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ნ.დ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ვ.დ–ი, შ.დ–(მოსარჩელეები)

დავის საგანი - იპოთეკის საგნის რეალიზაცია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ვ.დ–ის სარჩელი ნ.დ–ძის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ვ.დ–ის სასარგებლოდ 2015 წლის 13 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილი დავალიანების 23 000 აშშ დოლარის (ძირი თანხა - 20 000 აშშ დოლარი; პროცენტი 3 000 აშშ დოლარი) ნახევარი თანხის - 11 500 აშშ დოლარის დაფარვა განხორციელდა ნ.დ–ძის საკუთრებაში არსებული ........ ქუჩა N3, სადარბაზო 1, სართული 10, ბინა 28, საკადასტრო კოდი N..........: აუქციონის წესით რეალიზაციის გზით; შ.დ–ის სარჩელი ნ.დ–ძის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შ.დ–ის სასარგებლოდ 2015 წლის 13 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილი დავალიანების 17 250 აშშ დოლარის (ძირი თანხა - 15 000 აშშ დოლარი; პროცენტი 2 250 აშშ დოლარი) ნახევარი თანხის - 8 625 აშშ დოლარის დაფარვა განხორციელდა ნ.დ–ძის საკუთრებაში არსებული ........ ქუჩა N3, სადარბაზო 1, სართული 10, ბინა 28, საკადასტრო კოდი N.........; აუქციონის წესით რეალიზაციის გზით.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემაც, რომელმაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილებით, ვ. და შ.დ–ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ნ.დ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. და შ.დ–ების სარჩელის მოთხოვნები დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ.დ–ის სასარგებლოდ დადგენილი დავალიანების 23 000 აშშ დოლარის (ძირი თანხა - 20 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 000 აშშ დოლარი) და შ.დ–ის სასარგებლოდ დადგენილი დავალიანების 17 250 აშშ დოლარის (ძირი თანხა - 15 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 2 250 აშშ დოლარი) დაფარვა განხორციელდა ნ.დ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე, ქ. თბილისი, ........ქუჩა N3, სადარბაზო 1, სართული 10, ბინა 28, საკადასტრო კოდი N..........) აუქციონის წესით რეალიზაციის გზით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.დ–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

6. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზე ეცნობათ მხარეებს.

7. კასატორმა, 2026 წლის 23 ივნისს, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა და განაცხადა, რომ უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და ნ.დ–ძის შუამდგომლობის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მიღებულია წარმოებაში.

9. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.

10. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე(საკასაციო საჩივარზე) უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო (საკასაციო) სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე (საკასაციო საჩივარზე) უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო (საკასაციო) წესით.

11. სსსკ-ის მე-2 მუხლით განსაზღვრულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე (იხ.: სუსგ №ას-1573-2018, 26.09.2019 წ.; №ას-1793-2019, 12.03.2020 წ.; №ას-712-2020, 4.03.2021 წ. №ას-1238-2022, 04.10.2022 წელი).

12. კასატორმა უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე. განცხადებას ხელს აწერს წარმომადგენელი ს.ა–ძე (იხ. რწმუნებულება ძალაშია 08.11.2031 წლამდე, ტ. 3, ს/ფ 223-226),13. კასატორმა განაცხადა, რომ საკასაციო საჩივარზე ამბობს უარს, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის. ამდენად, მან განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც საკასაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

14. სსსკ-ის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 378-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით, ნ.დ–ძის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს (იხ. სუსგ #ას-813-2024, 08.07.2025 წ.).

15. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 399-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე, კასატორს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საკასაციო წესით.

16. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, რადგან კასატორმა საკასაციო საჩივარზე უარი განაცხადა სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მისი დასაშვებობის შემოწმებამდე, იგი სრულად თავისუფლდება გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად, ხოლო საქმის განხილვის დასრულებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა მას არ დაეკისრება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. კასატორის - ნ.დ–ძის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს და ნ.დ–ძის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს წარმოება;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

3. განემარტოს მხარეს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება დაუშვებელია;

4. ნ.დ–ძეს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მ.რ–ძის (პ/ნ ........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1 631 ლარი (საგადახდო დავალება #64305080, გადახდის თარიღი 18.08.2025 წ.);

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი