დაკმაყოფილდა ნაწილობრივ
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1155-2025 29 ივნისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ს.მ–ია“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი.თ.ჯ–ი“ (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში - მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება, საბანკო გარანტიისა და უსაფუძვლოდ დაკავებული თანხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს ანაზღაურება (ძირითად სარჩელში) პირგასამტეხლოს გადახდა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სარჩელის მოთხოვნა და საფუძვლები:
1. შპს „ი.თ.ჯ–იმ“ (შემდგომ – მოსარჩელე, მიმწოდებელი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.მ–იის“ (შემდგომ – მოპასუხე, შემსყიდველი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა: საბანკო გარანტიის თანხის - 214 062, 40 ლარის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 233 275.6 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 77 317.19 ლარი წარმოადგენს ხელშეკრულებით ვალდებულების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად დაკავებულ თანხას, 17 345.35 ლარი - ზედმეტად შესრულებული სამუშაოს ღირებულებას, ხოლო 138 612.85 ლარი - მოსარჩელისათვის, შესრულებული სამუშაოს ღირებულების ასანაზღაურებელი თანხიდან, მოპასუხის მიერ უკანონოდ დარიცხულ და დაკავებულ პირგასამტეხლოს. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს 2021 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლო - 59 497.20 ლარის ოდენობით, ხოლო 2021 წლის 10 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლო 118.05 ლარის ოდენობით.
2. მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 10 დეკემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელეს, პროექტის შესაბამისად, უნდა შეესრულებინა მარნეულის მუნიციპალიტეტში ხრამ-არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 125 დღის ვადაში, 2019 წლის 14 აპრილის ჩათვლით. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 2 140 623,97 ლარით. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებული იყო ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია - 214 062,40 ლარი. შესრულებული სამუშაოს მიღება ხორციელდებოდა მოპასუხის მიერ ხელმოწერილი №2 ფორმის საფუძველზე. მოპასუხემ შეასრულა სამუშაოების ნაწილი, რაზეც გაფორმდა 14 მიღება-ჩაბარების აქტი.
3. მოსარჩელის მითითებით, ნაწილი ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის საფუძველი გახდა საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილების განხორციელების აუცილებლობა. საპროექტო დოკუმენტაციის უზუსტობისა და ხარვეზების გამო, არაერთხელ გახდა საჭირო საპროექტო პირობის ცვლილება, რაც აფერხებდა სამუშაოების პროცესს. სამუშაო პროცესს აბრკოლებდა მესამე პირებისგან ხელშეშლაც, მათი თვითნებური ქმედებები. „Covid-19-თან“ დაკავშირებული პანდემიის პირველი ტალღის გამო, მარნეულის მუნიციპალიტეტი პერიოდულად არ ფუნქციონირებდა, რის გამოც ჩერდებოდა მუშაობა. შესაბამისად, სამუშაოს შესრულებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა მოსარჩელეს საკუთარი ბრალით არ დაურღვევია. ამასთან, არაერთი მიმართვის მიუხედავად, მოპასუხემ ცვლილება არ მოახდინა და არც დოკუმენტაცია ხელმოწერილა.
4. ხელშეკრულების ვადის დარღვევის გამო, მოპასუხემ მოსარჩელესთან შეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა და მიმართა სს „ა.დ–ას“, სააბანკო გარანტიის გამოთხოვის თაობაზე. საბანკო გარანტიის თანხა სრულად გადაერიცხა მოპასუხეს.
5. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების ფარგლებში შეასრულა 1 563 686,51 ლარის სამუშაო, ხოლო ანაზღაურებულია 1 330 409,94 ლარი. შესაბამისად, სხვაობა შეადგენს 233 275.6 ლარს, რაც უნდა გადახდილიყო შესრულებული სამუშაოების დასრულებიდან, შემჭიდროვებულ ვადაში.
6. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხის დავალიანებამ მოსარჩელის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოების ფარგლებში შეადგინა 233 275.6 ლარი, საიდანაც, 160 593.48 ლარის დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა.
7. მიმწოდებელს დამატებით 17 345.53 ლარის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი. ხელშეკრულების 7.5 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო შესრულებიდან გასულია სამუშაოს დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდი და მოპასუხეს პრეტენზია არ წარუდგენია. შესაბამისად, მოპასუხემ უნდა დააბრუნოს მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების თანხა, რომელიც, დეფექტების უზრუნველყოფის მიზნით, იყო დაკავებული. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს კომპანიის მიერ მე-11 შესრულებიდან დაკავებული თანხა სრულად და ზედმეტად შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 17 345.53 ლარი.
8. მოსარჩელე მიუთითებს, რომ №63-ბ/18 ხელშეკრულების ფარგლებში აუნაზღაურებელი თანხის ოდენობა შეადგენს 233 275.60 ლარს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ აუნაზღაურებელ თანხაზე დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობაა 0.07%. ძირი თანხა - 168 639.48 ლარი, პირგასამტეხლო ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე - 118.05 ლარი, 2021 წლის 9 აგვისტომდე ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობაა 504 კალენდარული დღე. 2021 წლის 9 აგვისტომდე პირგასამტეხლოს ოდენობაა 59 497.20 ლარი, სულ მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელია 292 772.80 ლარი (233 275.60+59 497.20).
9. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სამუშაოების წარმოების ვადა ბრალეული ქმედებით არ დაურღვევია. მეტიც, მას არასოდეს არ უთქვამს უარი ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, თუმცა, პროექტის ცვლილებების გარეშე, სამუშაოს დასრულება შეუძლებელი იყო. აღნიშნულის გამო, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გამოირიცხება მისი როლი და პასუხისმგებლობა პროექტის დაუსრულებლობაში.
მოპასუხის/შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია:
10. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს, კერძოდ, 2020 წლის 10 მარტიდან 2021 წლის მარტამდე პერიოდისათვის 948 300.93 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
11. მოპასუხემ განმარტა, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №63-ბ/18 ხელშეკრულება, მარნეულის მუნიციპალიტეტში ხრამ-არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მონაკვეთის (პკ 68+80-დან პკ 180+50-მდე) რეაბილიტაციის (II რიგი) სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით. თავდაპირველი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 2,140,623.97 ლარს, ხოლო 2019 წლის 20 მარტის №2 შეთანხმებით, ღირებულება შემცირდა 4,581.74 ლარით და განისაზღვრა 2,136,042.23 ლარით. ასევე, დაკორექტირდა სახელშეკრულებო ვადებიც და ხელშეკრულების მოქმედების საბოლოო ვადად, 2020 წლის 15 მაისის №8 შეთანხმებით, განისაზღვრა 2021 წლის 31 მარტი.
12. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, სს „ა.დ–ამ“ გასცა ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა, უპირობო საბანკო გარანტია 2021 წლის 30 მაისამდე მოქმედების ვადით. 2019 წლის 11 ივნისის №5 და 2020 წლის 13 აპრილის №7 შეთანხმებების საფუძველზე №5, №7, №8, №9 ლოკალური ხარჯთაღრიცხვებით გათვალისწინებულ სამუშაოთა დასრულების თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 21 დეკემბერი, ხოლო №1, №2, №3, №4, №6, №10 ლოკალური ხარჯთაღრიცხვებით გათვალისწინებულ სამუშაოთა დასასრულებლად - 2020 წლის პირველი თებერვალი.
13. შემსყიდველმა არაერთხელ გააფრთხილა მიმწოდებელი ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების არადამაკმაყოფილებელი ტემპის შესახებ, თუმცა უშედეგოდ. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მიმწოდებელს 2019 წლის 22 დეკემბრიდან 2020 წლის 9 მარტის პერიოდზე დაერიცხა პირგასამტეხლო, რაც გაქვითულია შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან.
14. №8 შეთანხმებით, ხელშეკრულების მოქმედების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2021 წლის 31 მარტი, თუმცა, ამ პერიოდამდეც, მხარის მიერ არ შესრულებულა სრულად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მხარეს უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო 2020 წლის 10 მარტიდან 2021 წლის 31 მარტამდე პერიოდზე 948,300.93 ლარის ოდენობით (ვადაგადაცილებულია 387 დღე, სახელშეკრულებო ღირებულება დღგ-ს გარეშე - 1,785,476.82 ლარი, შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 1,301,002.12 ლარი, ხელშეკრულებიდან ამოსაღები თანხა - 69,155.59 ლარი, შეუსრულებელი ვალდებულება - 415,319.11 ლარი (დღგ-ს გარეშე), ხოლო დღგ-ს ჩათვლით - 490,076.55 ლარი, დღიური პირგასამტეხლო - 415,319.11 ×0,5% = 2,076.60 ლარი (დღგ-ს გარეშე), ხოლო დღგ-ს ჩათვლით - 2,450.39 ლარი, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა - 387 დღე).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
15. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: ხელშეკრულების 6.6 პუნქტის შესაბამისად, ხარისხის უზრუნველყოფის გარანტის სახით (შესრულებული სამუშაოს 5%) დაკავებული 77 317.19 ლარის; მოსარჩელის მიერ ზედმეტად შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 17 345.35 ლარის; ამ ნაწილში, 2020 წლის 21 დეკემბრიდან 2021 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით (231 დღე) პერიოდზე პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.02%-ის, სულ - 801 ლარის; 2021 წლის 10 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლოს - 3,47 ლარის; დაკავებული პირგასამტეხლოს - 138 612.85 ლარის; ამ ნაწილში, 2020 წლის პირველი მაისიდან 2021 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით (466 დღე) პერიოდზე, პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.02%-ის, სულ - 12,917.52 ლარის; 2021 წლის 10 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლოს - 27.72 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
16. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო, მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების (490 076.55 ლარის) 0.02%-ის - 98.02 ლარის გადახდა, პირგასამტეხლო დაანგარიშდა 2021 წლის 5 იანვრიდან 2021 წლის 31 მარტამდე (85 დღე) პერიოდზე და განისაზღვრა სულ - 8331,7 ლარით.
17. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
19. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს მოპასუხესა (შემსყიდველი) და მოსარჩელეს (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ღირებულება განისაზღვრა 2 140 623.97 ლარით.
20. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საფუძველზე, მიმწოდებელი კისრულობდა ვალდებულებას, მიეწოდებინა შემსყიდველისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ხრამ-არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მონაკვეთის (პკ 68+80-დან პკ 180+50-მდე) რეაბილიტაციის (II რიგი) სამუშაოები. შემსყიდველი კისრულობდა ვალდებულებას, მიეღო მოთხოვნილი სამუშაო და გადაეხადა მისი ღირებულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
21. 3.8. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან, არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ფორმდება შესაბამისი აქტი. სამუშაოს არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას დეფექტ(ებ)ი/გაუმართაობები, რომელთა ღირებულება მიმწოდებელს დამატებით არა უნაზღაურდება. 4.1. პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 14 აპრილის ჩათვლით. აღნიშნული ვადა არ მოიცავს სარწყავ პერიოდს, რომლის განმავლობაში შემსყიდველის წერილობითი შეტყობინების არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვერ შეასრულებს სამშენებლო სამუშაოებს. სარწყავი პერიოდის დაწყება/დასრულების თაობაზე, შემსყიდველი ატყობონებს მიმწოდებელს 2 კვირით ადრე. ასეთ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით სამუშაოების შესრულების ვადა იზრდება იმ ვადით, რა ვადითაც შეჩერდა სამუშაოების წარმოება, რაზეც, მიმწოდებელს პირგასამტეხლო არ ეკისრება.
22. ხელშეკრულების 5.1. პუნქტით, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის შესრულებული სამუშაოს წარდგენა ხორციელდება სულ მცირე თვეში ერთხელ. 5.2. პუნქტით კი, შესრულებული სამუშაო ჩაითვლება მიღებულად მიღება-ჩაბარების (ფორმა №2) გაფორმებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურების შემდეგ.
23. ხელშეკრულების 6.6. პუნქტის თანახმად, ყოველი ანგარიშსწორებისას გადახდილი თანხიდან დაიქვითება 6.8.7 (ავანსის დაქვითვა), 7.5. (ხარისხის უზრუნველყოფის გარანტია) და 9.5 (ადმინისტრაციული სახდელი) პუნქტების პირობების გათვალისწინებით.
24. 6.7. პუნქტით, თუ ანგარიშსწორებისას, მიმწოდებელს უფიქსირდება თანხობრივი ვალდებულებები შემსყიდველის წინაშე (გადაუხდელი პირგასამტეხლო), შემსყიდველი უფლებამოსილია გამოქვითოს აღნიშნული თანხა გადასახდელი ოდენობიდან.
25. ხელშეკრულების 7.5. პუნქტიის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება ამ სამუშაოს ღირებულების 5%. აღნიშნული თანხის ნახევარი (2.5%) მიმწოდებელს აუნაზღაურდება დეფექტებზე პასუხისმგებლობის პირველი პერიოდის 6 თვის გასვლის შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი (2.5%) - დეფექტებზე პასუხისმგებლობის 1 წლის გასვლის შემდეგ. ანაზღაურება მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენელი დაამოწმებს, რომ მიმწოდებლის მიერ გასწორებულია ყველა აღმოჩენილი დეფექტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამ მუხლით პასუხისმგებლობის პერიოდ(ებ)ის დასრულებამდე.
26. ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ, ხელშეკრულების ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ.
27. 9.2. პუნქტით, შემსყიდველი კისრულობს პასუხისმგებლობას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადების დარღვევისთვის, პირგასამტეხლოს სახით მიმწოდებელს გადაუხადოს გადასახდელი თანხის 0.07 პროცენტი, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას, სამუშაოს შესრულების ვადებით გათვალისწინებული, საბოლოო ვადის დარღვევისათის პირგასამტეხლოს სახით შემსყიდველს გადაუხადოს შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.5 პროცენტი, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
28. ხელშეკრულების 9.5. პუნქტით, მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან, თუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორსმაჟორული მდგომარეობით ან შემსყიდველის მხრიდან სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით. 10.1. პუნქტით, „ფორს-მაჟორი" ნიშნავს, მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომელსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოებები შეიძლება გამოწვეული იქნეს ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და მსგავსი გარემოებებით.
29. ხელშეკრულების 12.1 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებაში გამოყენებულია მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, სახელშეკრულებო თანხის 2.5% (პროცენტის) ოდენობით. 12.3 პუნქტით, საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უფლებას აძლევდეს, საბანკო გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს საბანკო გარანტიით განსაზღვრული სრული თანხა. 12.4. პუნქტის ძალით, საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების რისკის თავიდან ასაცილებლად, ასევე, აღნიშნული ქმედებით გამოწვეული ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების მიზნით.
30. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, შემსყიდველს წარედგინა სადაზღვევო კომპანია სს „ა.დ–ის“ მიერ 2018 წლის 10 დეკემბერს გაცემული საბანკო გარანტიის დოკუმენტი, CPB/ 18-004194, 214 062,40 ლარზე, მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 10 დეკემბრიდან 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაზრდის გამო, შემდგომ საბანკო გარანტიის ვადა რამდენჯერმე გაიზარდა და 12.06.20წ. №CPB/ 20-005427 საბანკო გარანტიის თანახმად, მოქმედების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 19 ივლისიდან 2021 წლის 30 მაისის პერიოდი.
31. 2021 წლის 13 აპრილის წერილის თანახმად, მოსარჩელის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის საფუძვლით, CPB/ 20-005427 საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა - 214 062,40 ლარი აუნაზღაურდა მოპასუხეს.
32. 2019 წლის 20 მარტის №2 შეთანხმების საფუძველზე, ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 10 დეკემბრის №63 ბ/18 ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 2 136 042,23 ლარით. ხელშეკრულების დანარჩენი პირობები დარჩა უცვლელად.
33. 2019 წლის 2 მაისის №4 შეთანხმების საფუძველზე, ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 10 დეკემბრის №63 ბ/18 ხელშეკრულებაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს წარმოება შეჩერდა 2019 წლის 29 მარტს. სამუშაოების განახლების ვადად განისაზღვრა სარწყავი სეზონის დასრულება. ხელშეკრულების მოქმედების ვადად მიეთითა 2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. ხელშეკრულების დანარჩენი პირობები დარჩა უცვლელად.
34. 2019 წლის 11 ივნისის №5 შეთანხმების საფუძველზე, ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 10 დეკემბრის №63 ბ/18 ხელშეკრულებაში და მიმწოდებლის მიერ დარჩენილი სამუშოების შესრულების ვადად განისაზღვრა 17 კალენდარული დღე, შეჩერებული სამუშოების განახლების თარიღიდან.
35. 2019 წლის 26 დეკემბრის №6 შეთანხმების საფუძველზე, ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 10 დეკემბრის №63 ბ/18 ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაღვრა 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით. ხელშეკრულების დანარჩენი პირობები დარჩა უცვლელად.
36. 2020 წლის აპრილის №7 შეთანხმების საფუძველზე, ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №63 ბ/18 ხელშეკრულებაში და მთლიანი სამუშაოების დასრულების ვადა გახანგრძლივდა 4 კალენდარული დღით და ძირითადი ხარჯთაღრიცხვის №1,2,3,4,6,10 ლოკალური ხარჯთაღრიცხვებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა გახანგრძლივდა დამატებით 42 კალენდარული დღით (6 კვირით).
37. 2020 წლის 15 მაისის №8 შეთანხმების საფუძველზე, ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 10 დეკემბრის ͏№63 ბ/18 ხელშეკრულებაში და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021წ. 31 მარტის ჩათვლით პერიოდი.
38. შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის, გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები.
39. 31.01.19წ. №1 მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით, შემსყიდველმა მიმწოდებლისგან მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ღირებულებით - 126 474,05 ლარი და შემსყიდველმა, მიმწოდებელს გადაურიცხა 120 150.35 ლარი.
40. 13.02.19წ. №2 მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით, შემსყიდველმა მიმწოდებლისგან მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ღირებულებით - 241 883,74 ლარი და შემსყიდველმა, მიმწოდებელს გადაურიცხა 229 789,55 ლარი.
41. 26.02.19წ. №3 მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით, შემსყიდველმა მიმწოდებლისგან მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ღირებულებით - 130 892.68 ლარი და შემსყიდველმა, მიმწოდებელს გადაურიცხა 124 348.05 ლარი.
42. 04.03.19წ. №4 მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით, შემსყიდველმა მიმწოდებლისგან მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ღირებულებით - 193 046.44 ლარი და შემსყიდველმა, მიმწოდებელს გადაურიცხა 183 394.12 ლარი.
43. 14.03.19წ. №5 მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით, შემსყიდველმა მიმწოდებლისგან მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ღირებულებით - 30 850.51 ლარი და შემსყიდველმა, მიმწოდებელს გადაურიცხა 29 307.98 ლარი.
44. 18.03.19წ. №6 მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით, შემსყიდველმა მიმწოდებლისგან მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ღირებულებით - 75 483,51 ლარი და შემსყიდველმა, მიმწოდებელს გადაურიცხა 71 709.33 ლარი.
45. 25.03.19წ. №7 მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით, შემსყიდველმა მიმწოდებლისგან მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ღირებულებით - 186 366.81 ლარი და შემსყიდველმა, მიმწოდებელს გადაურიცხა 177 048,47 ლარი.
46. 28.03.19წ. №8 მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით, შემსყიდველმა მიმწოდებლისგან მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ღირებულებით - 54 827,41 ლარიდაშემსყიდველმა, მიმწოდებელს გადაურიცხა 52 086.04 ლარი.
47. 08.04.19წ. №9 მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით, შემსყიდველმა მიმწოდებლისგან მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ღირებულებით - 199 611.21 ლარი და შემსყიდველმა, მიმწოდებელს გადაურიცხა 189 630.65 ლარი.
48. 19.06.19წ. №10 მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით, შემსყიდველმა მიმწოდებლისგან მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ღირებულებით - 8083.00 ლარი და შემსყიდველმა, მიმწოდებელს გადაურიცხა 7678.85 ლარი.
49. 08.01.20წ. №11 მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით, შემსყიდველმა მიმწოდებლისგან მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ღირებულებით - 110 370,33 ლარი და შემსყიდველმა, მიმწოდებელს გადაურიცხა 102 324.33 ლარი.
50. 01.05.20წ. №12 მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით, შემსყიდველმა მიმწოდებლისგან მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ღირებულებით - 143 247,95ლარი. 08.07.20წ №13 მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით, შემსყიდველმა მიმწოდებლისგან მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ღირებულებით - 45 202.34 ლარით. შემსყიდველმა, მიმწოდებელს გადაურიცხა 42 942.22 ლარი.
51. 21.12.20წ. №14 მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით, მიმწოდებელმა შემსყიდველს წარუდგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ღირებულებით - 17 345.53 ლარით. შემსყიდველის მიერ, შესრულების მიღება დადასტურებული არაა.
52. შემსყიდველმა, 24.12.18წ წერილით მიმართა მიმწოდებელს. წერილში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან გასული იყო 14 დღე და მიმწოდებლის მიერ სამუშაოები დაწყებული არ ყოფილა. მიმწოდებელს განემარტა, დაუყოვნებლივ უზრუნველეყო მუშახელის, ტექნიკის მობილიზება, რათა საფრთხე არ შექმნოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოების ვადების დაცვას.
53. შემსყიდველის 18.01.19წ წერილით, მიმწოდებელს ეცნობა, რომ ობიექტზე, მიმწოდებლის სამუშაოების წარმოების ტემპი იყო არადამაკმაყოფილებელი და საგრძნობლად ჩამორჩებოდა გეგმა-გრაფიკს.
54. შემსყიდველის 25.03.19წ წერილით, მიმწოდებელს ეცნობა, რომ ობიექტზე, მიმწოდებლის სამუშაოების წარმოების ტემპი იყო არადამაკმაყოფილებელი და საგრძნობლად ჩამორჩებოდა 13.02.19წ განახლებულ გეგმა-გრაფიკს; შესრულებული დადასტურებული სამუშაო ოდენობა წარმოადგენდა სახელშეკრულებო ღირებულების 37 %-ს.
55. შემსყიდველმა, 08.02.21წ. წერილით მიმართა მიმწოდებელს. წერილში აღნიშნული იყო, რომ მიმწოდებელს 11.11.20წ და 20.01.21წ წერილებით ეცნობა, არხში წყლის შეწყვეტის, სამუშაოების წარმოების გეგმა-გრაფიკის წარდგენისა და 24 ნოემბრიდან სამუშაოების განახლების შესახებ, თუმცა, სისტემატური მონიტორინგის შედეგად დგინდებოდა, რომ სამუშაოები არ იყო გახლებული. მიმწოდებელს განემარტა, სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების ვალდებულებაზე. შემსყიდველმა, ანალოგიური შინაარსის 18.03.21წ წერილით ასევე მიმართა მიმწოდებელს.
56. შემსყიდველის 25.03.19წ წერილით, მიმწოდებელს ეცნობა, რომ ობიექტზე, სარწყავი სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, შეეჩერებინა სამუშაოები 2019 წლის 29 მარტისთვის.
57. შემსყიდველის 28.10.19წ წერილით, მიმწოდებელს ეცნობა, რომ ხელშეკრულების განხორციელების პერიოდად განისაზღვრა სამუშაოების განახლების თარიღიდან 17 კალენდარული დღე. 19.11.19წ წერილით, მიმწოდებელს ეცნობა, რომ ხრამარხის გადაკეტვის გამო, შეჩერებული სამუშაოები განეახლებინა 01.12.19 წლიდან.
58. შემსყიდველის 11.11.20წ. წერილით, მიმწოდებელს ეცნობა, რომ ხრამ-არხში წყლის მიწოდება შეწყდებოდა 20.11.20წ და კომპანიას შეეძლო სამუშაოები განეახლებიდან 24.11.20 წლიდან.
59. შემსყიდველის 16.11.20 წლის წერილის მიხედვით, მიმწოდებელს ეცნობა, რომ პკ114+10-დან - პკ 117+80-მდე მონაკვეთი, 370 მეტრის სარეაბილიტაციო სამუშოები დაგეგმილი იყო სხვა ხელშეკრულების ფარგლებში, რის გამოც, აღნიშნული მონაკვეთის მოცულობა და ღირებულება ამოღებული იქნებოდა „შესყიდვების შესახებ“ №63-ბ/18 ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვიდან. აღნიშნულზე, ხელშეკრულებაში ცვლილება არ შესულა.
60. მოპასუხემ 2021 წლის 14 აპრილის წერილობით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, რეაგირების თაობაზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2021 წლის 14 ივლისის №2218 განკარგულებით მოსარჩელე არ იქნა რეგისტრირებული შავ სიაში.
61. მოპასუხის მიერ, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, მოსარჩელეს დაერიცხა პირგასამტეხლო, სულ - 138 612.85 ლარი.
62. პირგასამტეხლო დარიცხულია 2019 წლის 22 დეკემბრიდან 2020 წლის 9 მარტის პერიოდზე, ლოკალური ხარჯთაღრიცხვების შესაბამისად, რაც დაკავებულია მოპასუხის მიერ, შესრულებული სამუშაოს თანხიდან.
63. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 417-ე, 420-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მიმწოდებლის შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო აშკარად შეუსაბამოა ვალდებულების დარღვევასთან, მით უფრო, რომ ხელშეკრულებით იმავე დარღვევისათვის გათვალისწინებული იყო საბანკო გარანტია, რომელიც მოსარჩელემ გამოითხოვა. ამასთან, პირგასამტეხლოს 0,02% სრულად უზრუნველყოფს დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას. ანალოგიურად, მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფის პირობებში, მიმწოდებლის მსგავსად, შემსყიდველის პასუხისმგებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობაც უნდა განისაზღროს 0,02 %-ით.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
64. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
65. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განგრძობადი ხასიათის პირგასამტეხლოს დაკისრება იმ პირობებში, როდესაც სამართალწარმოება 3 ინსტანციის სასამართლოში გრძელდება, არათანაზომიერია და გამოიწვევს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრებას.
66. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სამუშაოს შესრულების ვადად არასწორად მიიჩნია 2021 წლის 5 იანვარი და 2019 წლის 22 დეკემბრიდან 2020 წლის 9 მარტამდე პერიოდზე პირგასამტეხლოს დაკისრება არამართლზომიერად შეაფასა. თუკი შემსყიდველმა მიმწოდებელს პირგასამტეხლო სამუშაოების შესრულებისათვის შეთანხმებულ ვადაში დააკისრა, სულ მცირე, საპრეტენზიო წერილი მაინც უნდა მიეღო მისგან, რაც არ განხორციელებულა. მიმწოდებელი აპელირებდა მხოლოდ სადავო ვადის გაგრძელებაზე, რაზეც შემსყიდველი არ დაეთანხმა. რეალურად მიმწოდებელს პირგასამტეხლო დაერიცხა სამუშაოს შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. №7 შეთანხმების მიხედვით, №5, 7, 8 და 9 ლოკალური ხარჯთაღრიცხვებით განსაზღვრულ სამუშაოთა დასრულება გათვალისწინებული იყო 2019 წლის 21 დეკემბერს, №1, 2, 3, 4, 6 და 10 ლოკალური ხარჯთაღრიცხვებით გათვალისწინებულ სამუშაოთა დასრულება - 2020 წლის პირველ თებერვალს. შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, სსკ-ის 420-ე მუხლის ფარგლებში ემსჯელა მხოლოდ სადავო პირგასამტეხლოს ოდენობაზე და არა დარიცხული თანხის სრულად მხარისათვის დაბრუნებაზე.
67. სააპელაციო სასამართლომ მიმწოდებლის მიერ შესრულების ვადასთან მიმართებით მსჯელობას დაუკავშირა შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარი, რაც, კასატორის მოსაზრებით, არასწორია, ვინაიდან პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდი უნდა განსაზღვრულიყო არა 2021 წლის 5 იანვრიდან 31 მარტამდე დრო, არამედ 2020 წლის 10 მარტიდან 2021 წლის 31 მარტამდე პერიოდი.
68. კასატორმა სადავოდ გახადა გასაჩივრებული განჩინება იმ ნაწილშიც, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 17 345,35 ლარის ოდენობით. მხარემ მიიჩნია, რომ აღნიშნული სამუშაოს შესრულება წარედგინა №14 აქტით, რომელიც შემსყიდველს არ დაუდასტურებია. ამდენად, აღნიშნული აქტის საფუძველზე ვერც ანაზღაურება ვერ მოხდებოდა. ამასთან, მოსარჩელეს არ წარუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მისი მხრიდან სადავო დამატებითი სამუშაოს შესრულებას, მაგალითად: ფარული სამუშაოს აქტი; ფოტო/ვიდეო მასალა; საჭირო სფეროში აკრედიტებული პირების დასკვნა და ა.შ.
69. კასატორმა აღნიშნა, რომ მიმწოდებელი სადავო სამუშაოებს ასრულებდა დაგვიანებით და არაჯეროვნად. პროექტში ცვლილების შეტანა მან მოითხოვა 2019 წლის 30 იანვარს, როდესაც სამუშაოს შესასრულებლად განსაზღვრული ვადის მესამედი უკვე გასული იყო. ამასთან, ცვლილებას საჭიროებდა პროექტის მხოლოდ ნაწილი და კორექტირება მიმართული იყო ტექნოლოგიური პროცესების გამარტივებისაკენ. მხარემ კი აღნიშნული წარმოაჩინა სამუშაოს შესრულების შეუძლებლობის წინაპირობად, რაც არ შეესაბამება რეალობას. მითითებულის სამტკიცებლად მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები საკმარისი არ იყო.
70. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის პოზიციას შესასრულებელი სამუშაოს ხარისხის გარანტად ხელშეკრულებით გათვალისწინებული, დაკავებული 5%-ის - 77 317,19 ლარის ანაზღაურების შესახებ და აღნიშნული თანხის დაბრუნება დაუკავშირა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენას, რაც არ განხორციელებულა.
71. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს განჩინებით, საკასაციო საჩივარი შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისათვის მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის პირგასამტეხლოს ანაზღაურების ნაწილში ცნობილ იქნა დასაშვებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში დაუშვებლობის გამო განუხილველად დარჩა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
72. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
73. საქმის არსებითად განხილვისას საკასაციო სასამართლო ამოწმებს საკასაციო საჩივრის პრეტენზიებს კასატორის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით (სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა) სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების ფარგლებში (სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები).
74. სსსკ-ის 393-ე მუხლი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის საფუძვლებს (საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი) და ადგენს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობა შეიძლება გახდეს მხარის საკასაციო საჩივარში მითითებული საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
75. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
76. 2018 წლის 10 დეკემბერს მოპასუხესა (შემსყიდველი) და მოსარჩელეს (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ღირებულება განისაზღვრა 2 140 623.97 ლარით.
77. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საფუძველზე, მიმწოდებელი კისრულობდა ვალდებულებას, მიეწოდებინა შემსყიდველისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ხრამ-არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მონაკვეთის (პკ 68+80-დან პკ 180+50-მდე) რეაბილიტაციის (II რიგი) სამუშაოები. შემსყიდველი კისრულობდა ვალდებულებას, მიეღო მოთხოვნილი სამუშაო და გადაეხადა მისი ღირებულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
78. 3.8. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან, არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ფორმდება შესაბამისი აქტი. სამუშაოს არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას დეფექტ(ებ)ი/გაუმართაობები, რომელთა ღირებულება მიმწოდებელს დამატებით არა უნაზღაურდება. 4.1. პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 14 აპრილის ჩათვლით. აღნიშნული ვადა არ მოიცავს სარწყავ პერიოდს, რომლის განმავლობაში შემსყიდველის წერილობითი შეტყობინების არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვერ შეასრულებს სამშენებლო სამუშაოებს. სარწყავი პერიოდის დაწყება/დასრულების თაობაზე, შემსყიდველი ატყობონებს მიმწოდებელს 2 კვირით ადრე. ასეთ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით სამუშაოების შესრულების ვადა იზრდება იმ ვადით, რა ვადითაც შეჩერდა სამუშაოების წარმოება, რაზეც, მიმწოდებელს პირგასამტეხლო არ ეკისრება.
79. ხელშეკრულების 5.1. პუნქტით, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის შესრულებული სამუშაოს წარდგენა ხორციელდება სულ მცირე თვეში ერთხელ. 5.2. პუნქტით კი, შესრულებული სამუშაო ჩაითვლება მიღებულად მიღება-ჩაბარების (ფორმა №2) გაფორმებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურების შემდეგ.
80. ხელშეკრულების 6.6. პუნქტის თანახმად, ყოველი ანგარიშსწორებისას გადახდილი თანხიდან დაიქვითება 6.8.7 (ავანსის დაქვითვა), 7.5. (ხარისხის უზრუნველყოფის გარანტია) და 9.5 (ადმინისტრაციული სახდელი) პუნქტების პირობების გათვალისწინებით.
81. 6.7. პუნქტით, თუ ანგარიშსწორებისას, მიმწოდებელს უფიქსირდება თანხობრივი ვალდებულებები შემსყიდველის წინაშე (გადაუხდელი პირგასამტეხლო), შემსყიდველი უფლებამოსილია გამოქვითოს აღნიშნული თანხა გადასახდელი ოდენობიდან.
82. ხელშეკრულების 7.5. პუნქტიის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება ამ სამუშაოს ღირებულების 5%. აღნიშნული თანხის ნახევარი (2.5%) მიმწოდებელს აუნაზღაურდება დეფექტებზე პასუხისმგებლობის პირველი პერიოდის 6 თვის გასვლის შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი (2.5%) - დეფექტებზე პასუხისმგებლობის 1 წლის გასვლის შემდეგ. ანაზღაურება მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენელი დაამოწმებს, რომ მიმწოდებლის მიერ გასწორებულია ყველა აღმოჩენილი დეფექტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამ მუხლით პასუხისმგებლობის პერიოდ(ებ)ის დასრულებამდე.
83. ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ, ხელშეკრულების ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ.
84. 9.2. პუნქტით, შემსყიდველი კისრულობს პასუხისმგებლობას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადების დარღვევისთვის, პირგასამტეხლოს სახით მიმწოდებელს გადაუხადოს გადასახდელი თანხის 0.07 პროცენტი, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას, სამუშაოს შესრულების ვადებით გათვალისწინებული, საბოლოო ვადის დარღვევისათის პირგასამტეხლოს სახით შემსყიდველს გადაუხადოს შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.5 პროცენტი, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
85. ხელშეკრულების 9.5. პუნქტით, მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან, თუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორსმაჟორული მდგომარეობით ან შემსყიდველის მხრიდან სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით. 10.1. პუნქტით, „ფორს-მაჟორი" ნიშნავს, მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომელსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოებები შეიძლება გამოწვეული იქნეს ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და მსგავსი გარემოებებით.
86. ხელშეკრულების 12.1 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებაში გამოყენებულია მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, სახელშეკრულებო თანხის 2.5% (პროცენტის) ოდენობით. 12.3 პუნქტით, საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უფლებას აძლევდეს, საბანკო გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს საბანკო გარანტიით განსაზღვრული სრული თანხა. 12.4. პუნქტის ძალით, საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების რისკის თავიდან ასაცილებლად, ასევე, აღნიშნული ქმედებით გამოწვეული ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების მიზნით.
87. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, შემსყიდველს წარედგინა სადაზღვევო კომპანია სს „ა.დ–ის“ მიერ 2018 წლის 10 დეკემბერს გაცემული საბანკო გარანტიის დოკუმენტი, CPB/ 18-004194, 214 062,40 ლარზე, მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 10 დეკემბრიდან 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაზრდის გამო, შემდგომ საბანკო გარანტიის ვადა რამდენჯერმე გაიზარდა და 12.06.20წ. №CPB/ 20-005427 საბანკო გარანტიის თანახმად, მოქმედების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 19 ივლისიდან 2021 წლის 30 მაისის პერიოდი.
88. 2021 წლის 13 აპრილის წერილის თანახმად, მოსარჩელის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის საფუძვლით, CPB/ 20-005427 საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა - 214 062,40 ლარი აუნაზღაურდა მოპასუხეს.
89. 2019 წლის 20 მარტის №2 შეთანხმების საფუძველზე, ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 10 დეკემბრის №63 ბ/18 ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 2 136 042,23 ლარით. ხელშეკრულების დანარჩენი პირობები დარჩა უცვლელად.
90. 2019 წლის 2 მაისის №4 შეთანხმების საფუძველზე, ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 10 დეკემბრის №63 ბ/18 ხელშეკრულებაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს წარმოება შეჩერდა 2019 წლის 29 მარტს. სამუშაოების განახლების ვადად განისაზღვრა სარწყავი სეზონის დასრულება. ხელშეკრულების მოქმედების ვადად მიეთითა 2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. ხელშეკრულების დანარჩენი პირობები დარჩა უცვლელად.
91. 2019 წლის 11 ივნისის №5 შეთანხმების საფუძველზე, ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 10 დეკემბრის №63 ბ/18 ხელშეკრულებაში და მიმწოდებლის მიერ დარჩენილი სამუშოების შესრულების ვადად განისაზღვრა 17 კალენდარული დღე, შეჩერებული სამუშოების განახლების თარიღიდან.
92. 2019 წლის 26 დეკემბრის №6 შეთანხმების საფუძველზე, ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 10 დეკემბრის №63 ბ/18 ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაღვრა 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით. ხელშეკრულების დანარჩენი პირობები დარჩა უცვლელად.
93. 2020 წლის აპრილის №7 შეთანხმების საფუძველზე, ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №63 ბ/18 ხელშეკრულებაში და მთლიანი სამუშაოების დასრულების ვადა გახანგრძლივდა 4 კალენდარული დღით და ძირითადი ხარჯთაღრიცხვის №1,2,3,4,6,10 ლოკალური ხარჯთაღრიცხვებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა გახანგრძლივდა დამატებით 42 კალენდარული დღით (6 კვირით).
94. 2020 წლის 15 მაისის №8 შეთანხმების საფუძველზე, ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2018 წლის 10 დეკემბრის ͏№63 ბ/18 ხელშეკრულებაში და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021წ. 31 მარტის ჩათვლით პერიოდი.
95. შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის, გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტები.
96. 31.01.19წ. №1 მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით, შემსყიდველმა მიმწოდებლისგან მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ღირებულებით - 126 474,05 ლარი და შემსყიდველმა, მიმწოდებელს გადაურიცხა 120 150.35 ლარი.
97. 13.02.19წ №2 მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით, შემსყიდველმა მიმწოდებლისგან მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ღირებულებით - 241 883,74 ლარი და შემსყიდველმა, მიმწოდებელს გადაურიცხა 229 789,55 ლარი.
98. 26.02.19წ. №3 მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით, შემსყიდველმა მიმწოდებლისგან მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ღირებულებით - 130 892.68 ლარი და შემსყიდველმა, მიმწოდებელს გადაურიცხა 124 348.05 ლარი.
99. 04.03.19წ. №4 მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით, შემსყიდველმა მიმწოდებლისგან მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ღირებულებით - 193 046.44 ლარი და შემსყიდველმა, მიმწოდებელს გადაურიცხა 183 394.12 ლარი.
100.14.03.19წ. №5 მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით, შემსყიდველმა მიმწოდებლისგან მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ღირებულებით - 30 850.51 ლარი და შემსყიდველმა, მიმწოდებელს გადაურიცხა 29 307.98 ლარი.
101.18.03.19წ. №6 მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით, შემსყიდველმა მიმწოდებლისგან მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ღირებულებით - 75 483,51 ლარი და შემსყიდველმა, მიმწოდებელს გადაურიცხა 71 709.33 ლარი.
102.25.03.19წ. №7 მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით, შემსყიდველმა მიმწოდებლისგან მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ღირებულებით - 186 366.81 ლარი და შემსყიდველმა, მიმწოდებელს გადაურიცხა 177 048,47 ლარი.
103.28.03.19წ. №8 მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით, შემსყიდველმა მიმწოდებლისგან მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ღირებულებით - 54 827,41 ლარიდაშემსყიდველმა, მიმწოდებელს გადაურიცხა 52 086.04 ლარი.
104.08.04.19წ. №9 მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით, შემსყიდველმა მიმწოდებლისგან მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ღირებულებით - 199 611.21 ლარი და შემსყიდველმა, მიმწოდებელს გადაურიცხა 189 630.65 ლარი.
105.19.06.19წ. №10 მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით, შემსყიდველმა მიმწოდებლისგან მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ღირებულებით - 8083.00 ლარი და შემსყიდველმა, მიმწოდებელს გადაურიცხა 7678.85 ლარი.
106.08.01.20წ. №11 მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით, შემსყიდველმა მიმწოდებლისგან მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ღირებულებით - 110 370,33 ლარი და შემსყიდველმა, მიმწოდებელს გადაურიცხა 102 324.33 ლარი.
107.01.05.20წ. №12 მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით, შემსყიდველმა მიმწოდებლისგან მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ღირებულებით - 143 247,95ლარი. 08.07.20წ №13 მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით, შემსყიდველმა მიმწოდებლისგან მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ღირებულებით - 45 202.34 ლარით. შემსყიდველმა, მიმწოდებელს გადაურიცხა 42 942.22 ლარი.
108.21.12.20წ. №14 მიღება-ჩაბარების შუალედური აქტით, მიმწოდებელმა შემსყიდველს წარუდგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ღირებულებით - 17 345.53 ლარით. შემსყიდველის მიერ, შესრულების მიღება დადასტურებული არაა.
109.შემსყიდველმა, 24.12.18წ წერილით მიმართა მიმწოდებელს. წერილში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან გასული იყო 14 დღე და მიმწოდებლის მიერ სამუშაოები დაწყებული არ ყოფილა. მიმწოდებელს განემარტა, დაუყოვნებლივ უზრუნველეყო მუშახელის, ტექნიკის მობილიზება, რათა საფრთხე არ შექმნოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოების ვადების დაცვას.
110.შემსყიდველის 18.01.19წ წერილით, მიმწოდებელს ეცნობა, რომ ობიექტზე, მიმწოდებლის სამუშაოების წარმოების ტემპი იყო არადამაკმაყოფილებელი და საგრძნობლად ჩამორჩებოდა გეგმა-გრაფიკს.
111.შემსყიდველის 25.03.19წ წერილით, მიმწოდებელს ეცნობა, რომ ობიექტზე, მიმწოდებლის სამუშაოების წარმოების ტემპი იყო არადამაკმაყოფილებელი და საგრძნობლად ჩამორჩებოდა 13.02.19წ განახლებულ გეგმა-გრაფიკს; შესრულებული დადასტურებული სამუშაო ოდენობა წარმოადგენდა სახელშეკრულებო ღირებულების 37 %-ს.
112.შემსყიდველმა, 08.02.21წ. წერილით მიმართა მიმწოდებელს. წერილში აღნიშნული იყო, რომ მიმწოდებელს 11.11.20წ და 20.01.21წ წერილებით ეცნობა, არხში წყლის შეწყვეტის, სამუშაოების წარმოების გეგმა-გრაფიკის წარდგენისა და 24 ნოემბრიდან სამუშაოების განახლების შესახებ, თუმცა, სისტემატური მონიტორინგის შედეგად დგინდებოდა, რომ სამუშაოები არ იყო გახლებული. მიმწოდებელს განემარტა, სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების ვალდებულებაზე. შემსყიდველმა, ანალოგიური შინაარსის 18.03.21წ წერილით ასევე მიმართა მიმწოდებელს.
113.შემსყიდველის 25.03.19წ წერილით, მიმწოდებელს ეცნობა, რომ ობიექტზე, სარწყავი სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, შეეჩერებინა სამუშაოები 2019 წლის 29 მარტისთვის.
114.შემსყიდველის 28.10.19წ წერილით, მიმწოდებელს ეცნობა, რომ ხელშეკრულების განხორციელების პერიოდად განისაზღვრა სამუშაოების განახლების თარიღიდან 17 კალენდარული დღე. 19.11.19წ წერილით, მიმწოდებელს ეცნობა, რომ ხრამარხის გადაკეტვის გამო, შეჩერებული სამუშაოები განეახლებინა 01.12.19 წლიდან.
115.შემსყიდველის 11.11.20წ. წერილით, მიმწოდებელს ეცნობა, რომ ხრამ-არხში წყლის მიწოდება შეწყდებოდა 20.11.20წ და კომპანიას შეეძლო სამუშაოები განეახლებიდან 24.11.20 წლიდან.
116.შემსყიდველის 16.11.20 წლის წერილის მიხედვით, მიმწოდებელს ეცნობა, რომ პკ114+10-დან - პკ 117+80-მდე მონაკვეთი, 370 მეტრის სარეაბილიტაციო სამუშოები დაგეგმილი იყო სხვა ხელშეკრულების ფარგლებში, რის გამოც, აღნიშნული მონაკვეთის მოცულობა და ღირებულება ამოღებული იქნებოდა „შესყიდვების შესახებ“ №63-ბ/18 ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვიდან. აღნიშნულზე, ხელშეკრულებაში ცვლილება არ შესულა.
117.მოპასუხემ 2021 წლის 14 აპრილის წერილობით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, რეაგირების თაობაზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2021 წლის 14 ივლისის №2218 განკარგულებით მოსარჩელე არ იქნა რეგისტრირებული შავ სიაში.
118.მოპასუხის მიერ, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, მოსარჩელეს დაერიცხა პირგასამტეხლო, სულ - 138 612.85 ლარი.
119.პირგასამტეხლო დარიცხულია 2019 წლის 22 დეკემბრიდან 2020 წლის 9 მარტის პერიოდზე, ლოკალური ხარჯთაღრიცხვების შესაბამისად, რაც დაკავებულია მოპასუხის მიერ, შესრულებული სამუშაოს თანხიდან.
120.წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორმა სადავოდ გახადა მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობების შეფასება.
121.მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავა წარმოიშვა ნადრობის ხელშეკრულების საფუძველზე.
122.სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება (იხ. სუსგ №ას-240-2023, 21.03.2023წ.; პ.10).
123.უნდა აღინიშნოს, რომ ნარდობის ხელშეკრულებასთან ახლოს დგას მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე მომსახურებას უწევს მეორე მხარეს სათანადო ანაზღაურების მიღებით. განსხვავება ამ ხელშეკრულებებს შორის მდგომარეობს შემდეგში: ნარდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგი (რეზულტატი). მაშასადამე, ნარდობის ხელშეკრულება აგებულია შემდეგი ფორმულით: თუ არ არსებობს შესრულებული შედეგი, მაშინ ადგილი აქვს სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობას (იხ. ზ. ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულება, თბილისი, 2016, გვ. 156).
124.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი კი, სსკ-ის 648-ე მუხლის თანახმად, მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას (იხ. სუსგ №ას-1522-2019, 12,01.2021წ.; პ.34.).
125.პალატა განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეთა უფლებები, თავისი სამართლებრივი ბუნებით, მიეკუთვნება რელატიურ (შეფარდებით) უფლებათა რიცხვს. რელატიური უფლება არის განსაზღვრული პირის მიმართ შესრულების მოთხოვნის უფლებამოსილება. იგი მიმართულია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ განსაზღვრული პირის მიმართ კონკრეტული ვალდებულების შესრულებისაკენ. რელატიური უფლება წარმოიშობა ნამდვილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
126.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეთანხმებული სამუშაოს დროულად შესრულება. ზოგადად, სამოქალაქო უფლებების განხორციელება და დაცვა მჭიდროდ არის დაკავშირებული დროის ფაქტორთან. ვადა აწესრიგებს სამოქალაქო ბრუნვას, განაპირობებს ხელშეკრულებათა ჯეროვან შესრულებას. თანამედროვე საბაზრო ეკონომიკა, მისთვის დამახასიათებელი დინამიკურობითა და დროის დეფიციტით, წარმოუდგენელია ვადებთან დაკავშირებული საკითხების სრულყოფილი და სწორი სამართლებრივი მოწესრიგების გარეშე. სამოქალაქო კანონმდებლობა დროის ფაქტორს უკავშირებს სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას, შეცვლასა და შეწყვეტას, ასევე, იმ მოქმედებათა შესრულებას, რომელიც გათვალისწინებულია კანონით ან ხელშეკრულებით. ვალდებულების დროულად შესრულება ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. ვალდებულების შესრულების დროდ ითვლება იმ მომენტის დადგომა, როდესაც ვალდებულება შესრულებულ უნდა იქნეს.
127.ყველაზე მეტად გავრცელებულია ვალდებულების შესრულების გარიგებით (ხელშეკრულებით) განსაზღვრული ვადები. ამ შემთხვევაში შესრულების დროის შეთანხმება შეიძლება აშკარად გამოხატული ან დუმილით ნაგულისხმევი იყოს. ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების დრო შეიძლება იყოს როგორც აბსოლუტური, ისე რელატიური ბუნების. აბსოლუტურია ვადა, როდესაც ვადის გადაცილების შემდეგ შესრულება კარგავს ყოველგვარ ინტერესს.
128.საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით მხარეებმა შეიძლება, განსაზღვრონ არა მხოლოდ სამუშაოთა დასრულების ვადები, არამედ სამუშაოთა დაწყებისა და შუალედური ვადებიც. იმ შემთხვევაში, როდესაც შესრულების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მაშინ ნარდობის ხელშეკრულებით, შესრულების დრო განისაზღვრება, როგორც ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობა - „time is of the esse№ce“. თუ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის სამუშაოს შესრულების ვადა, მაშინ ვადა უნდა განისაზღვროს გონივრულად. „გონივრული ვადა“ წარმოადგენს შეფასებით კატეგორიას. ყველა შემთხვევაში მისი ფარგლები მოიაზრება შესრულების თავისებურებებით.
129.თუ ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულია შესრულების დრო, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ შემკვეთს არ შეუძლია შესრულების მოთხოვნა ამ ვადამდე, ხოლო მენარდეს შეუძლია ვალდებულების შესრულება ვადაზე ადრე. საეჭვოობა გულისხმობს ისეთ მდგომარეობას, როდესაც განსაზღვრული ვადის დაცვა ეჭვის ქვეშ დგება მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება მოვალის ინტერესების დაცვას. ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ერთ-ერთ გავრცელებულ შემთხვევას წარმადგენს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება. მენარდის მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან შემკვეთის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. მენარდის მიერ ვადის გადაცილება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროულ შეუსრულებლობას უკავშირდება. შესრულების დროულობა კი ნარდობის ხელშეკრულებიდან ან კანონიდან შეიძლება გამომდინარეობდეს. სსკ-ის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა, გადაუხადოს მენარდეს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ.
130.განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მიმწოდებელმა შემსყიდველის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები სრულად და ჯეროვნად არ შეასრულა, რის გამოც შეგებებული სარჩელის ავტორს წარმოეშვა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძველი.
131. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
132. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით-სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (იხ. სუსგ №ას-1220-1480-09, 25.05.2010წ.).
133. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
134. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
135. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
136. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
137. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
138. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-1158-1104-2014, 6.05.2015წ.; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016წ.).
139. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (იხ. სუსგ №ას-1597-2019, 13.0.2019წ.).
140. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი, პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია, შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.).
141. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და, ამავდროულად, დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (იხ სუსგ №ას-1336-2019, 30.03.2022წ.; №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).
142. მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა (იხ. სუსგ №ას-157-2023, 7.03.2023წ.; №ას-213-2023, 11.04.2023წ.).
143.მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.2. პუნქტით, მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს გადახდის წესი და პირობები, კერძოდ: შემსყიდველი კისრულობს პასუხისმგებლობას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშსწორების ვადების დარღვევისთვის, პირგასამტეხლოს სახით მიმწოდებელს გადაუხადოს გადასახდელი თანხის 0.07 პროცენტი, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას, სამუშაოს შესრულების ვადებით გათვალისწინებული, საბოლოო ვადის დარღვევისათის პირგასამტეხლოს სახით შემსყიდველს გადაუხადოს შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.5 პროცენტი, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
144. მხარეთა აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, მიმწოდებელს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება წარმოეშობოდა სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადის დარღვევის შემთხვევაში,145. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ ნადრობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა მიმწოდებელმა დაარღვია 2021 წლის 5 იანვრიდან. ამდენად, მიმწოდებელს პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობაც აღნიშნული დროიდან უნდა დაეკოსროს.
146. კასატორი პირგასამტეხლოს ანაზღაურებას მოითხოვს 2021 წლის 31 მარტამდე, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების პერიოდი - 2021 წლის 5 იანვრიდან 31 მარტამდე, ანუ 85 დღე, სწორად განსაზღვრა, თუმცა საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად შეუსრულებელი სამუშაოს - 490 075,55 ლარის 0,02%-ის დადგენა მოცემულ დავაზე პირგასამტეხლოს ფუნქციის სრულად რეალიზებას ვერ მოახდენს.
147. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე, გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605.).
148. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება.
149. იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5). სწორედ დარღვევის მომენტიდან ეკისრება მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და სწორედ ამ მომენტიდან ხდება იგი შესასრულებლად მძიმე ან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
150. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულია, შესაბამისად, მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება არ გამოიყენება კანონით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით.
151. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია, იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებდეს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს მოცულობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება (იხ. სუსგ №ას-189-2022, 16 სექტემბერი, 2022 წელი, პ. 20-21).
152. სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს, მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (იხ. სუსგ №ას-1417-2018, 16.11.2020წ.).
153. მართალია, სსკ-ის 420-ე მუხლი უშვებს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, თუმცა აუცილებლად უნდა შეფასდეს, თუ რამდენად კვალიფიციური შედავება განახორციელა მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ, რამეთუ, სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან (იხ. სუსგ №ას-1499-2022, 24.01.2023წ.; №ას-1576-2022, 16.03.2023წ.).
154. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და, შედეგად, სადავო პირგასამტეხლოს ოდენობა არამართლზომიერად შეამცირა.
155. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების დადებისას მხარეებმა ურთიერთვალდებულებების მნიშვნელობის, ხასიათისა და შესაძლო დარღვევის შედეგების გათვალისწინებით, პირგასამტეხლო წინასწარ განსხვავებული ოდენობით განსაზღვრეს. კერძოდ, ხელშეკრულების 9.1 პუნქტით შემსყიდველის მიერ ანგარიშსწორების ვადის დარღვევისთვის გათვალისწინებული იყო გადასახდელი თანხის 0.07%-იანი პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, ხოლო 9.2 პუნქტით მიმწოდებლის მიერ სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადის დარღვევისთვის - შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.5%-იანი პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. აღნიშნული განსხვავება შემთხვევითი არ ყოფილა და ასახავდა მხარეთა თავისუფალ ნებას, რომელიც ჩამოყალიბდა ხელშეკრულების საგნის, ვალდებულებათა შინაარსისა და მათი დარღვევის შესაძლო შედეგების შეფასების საფუძველზე.
156. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 2 140 623.97 ლარის ღირებულების სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის - მარნეულის მუნიციპალიტეტში, ხრამ-არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მონაკვეთის რეაბილიტაციის (II რიგი) სამუშაოების შესრულება. ამდენად, მიმწოდებლის ვალდებულება არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ქონებრივი ინტერესის დაკმაყოფილებით. იგი დაკავშირებული იყო სასიცოცხლო მნიშვნელობის საინჟინრო ინფრასტრუქტურის დროულ აღდგენასთან, რაც უშუალო გავლენას ახდენდა რეგიონის სარწყავი სისტემის გამართულ ფუნქციონირებასა და, შესაბამისად, ფართო საზოგადოებრივი ინტერესის დაცვაზე. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა მხარეთა შეთანხმება, რომ სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევას გაცილებით მაღალი პირგასამტეხლო დაკავშირებოდა, ვიდრე ანგარიშსწორების ვადის დარღვევას. ასეთ პირობებში არ არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ მხოლოდ იმის გამო, რომ ორივე მოთხოვნა პირგასამტეხლოს ეხება, ისინი ერთსა და იმავე სამართლებრივ რეჟიმში მოექცეს. პირგასამტეხლოს შემცირების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ვალდებულია ინდივიდუალურად შეაფასოს თითოეული ვალდებულების ხასიათი, მისი მნიშვნელობა, დარღვევის შედეგები, მხარეთა ინტერესთა თანაფარდობა და ის მიზანი, რომლის უზრუნველყოფასაც ემსახურებოდა პირგასამტეხლოს კონკრეტული ოდენობის შეთანხმება. შესაბამისად, დაუშვებელია ერთი ვალდებულებისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების მასშტაბის ავტომატურად გავრცელება მეორე, არსებითად განსხვავებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაზე.
157. ამასთან, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ მიმწოდებელმა ვალდებულება სრულად და ჯეროვნად არ შეასრულა, ხოლო დარღვევას მოჰყვა მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები. ამავე დროს, მხარეებმა ჯერ კიდევ ხელშეკრულების დადებისას სწორედ ამგვარი რისკების გათვალისწინებით განსაზღვრეს 0.5%-იანი პირგასამტეხლო. ამიტომ, მისი იმავე პროპორციით შემცირება, რა პროპორციითაც შემცირდა შემსყიდველისთვის გათვალისწინებული 0.07%-იანი პირგასამტეხლო, ვერ ჩაითვლება სსკ-ის 420-ე მუხლის მიზნებთან შესაბამის გადაწყვეტილებად, რადგან იგი უგულებელყოფს როგორც ხელშეკრულების შინაარსს, ისე დარღვეული ვალდებულების სპეციფიკასა და მნიშვნელობას.
158. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ სადავო პირგასამტეხლო 0.5%-დან 0.14%-მდე შემცირდეს. აღნიშნული წარმოადგენს იმავე, 3,5-ჯერ შემცირების პროპორციის გამოყენებას, რომელიც სააპელაციო პალატამ სამართლიანად მიიჩნია ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0.07%-იანი პირგასამტეხლოს მიმართ. ამდენად, სასამართლო ინარჩუნებს პირგასამტეხლოს შემცირების ერთიან მასშტაბს, თუმცა ითვალისწინებს იმასაც, რომ მხარეებმა ხელშეკრულების დადებისას სხვადასხვა ვალდებულების მნიშვნელობიდან გამომდინარე განსხვავებული საწყისი ოდენობები თავადვე განსაზღვრეს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში 0.5%-იანი პირგასამტეხლოს 0.14%-მდე შემცირება, არ არღვევს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით დადგენილ სახელშეკრულებო ბალანსს და ინარჩუნებს პირგასამტეხლოს ფუნქციას.
159. ამასთან, პირგასამტეხლოს საბოლოო ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი იყო 214 062,40 ლარის ოდენობის ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია, რომელიც შემსყიდველმა ვალდებულების დარღვევის გამო გამოითხოვა. აღნიშნული გარემოება მიუთითებს, რომ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება უკვე რეალიზებულია და შემსყიდველმა შესაბამისი უზრუნველყოფით ისარგებლა. შესაბამისად, ეს წარმოადგენს ერთ-ერთ იმ გარემოებას, რომელიც პირგასამტეხლოს სამართლიანი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლოს მიერ შეფასებას ექვემდებარება, თუმცა, თავისთავად, არ გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრებას, ვინაიდან საბანკო გარანტიასა და პირგასამტეხლოს განსხვავებული სამართლებრივი დანიშნულება და ფუნქცია გააჩნიათ.
160. შესაბამისად, მიმწოდებელს შემსყიდველის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 85 ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების - 490 076,55 ლარის 0.14%-ის, დღეში 686,10 ლარის, სულ 58 318,50 ლარის გადახდა. ამასთან, მიმწოდებელმა ვერ დაასაბუთა ისეთი განსაკუთრებული გარემოებების არსებობა, რომლებიც პირგასამტეხლოს კიდევ უფრო მეტად შემცირების აუცილებლობას გაამართლებდა.
161. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
162. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
163. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ (შეგებებული სარჩელის ავტორმა) სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა: შეგებებულ სარჩელზე - 5 000 ლარი, სააპელაციო საჩივარზე - 7 000 ლარი, ხოლო საკასაციო საჩივარზე - 8 000 ლარი. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა 5,92%-ით. რაც შეეხება საკასაციო საჩივარს, იგი დასაშვებად იქნა ცნობილი მხოლოდ მოთხოვნათა 77,41%-ის ფარგლებში, რის გამოც საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების საკითხიც სწორედ აღნიშნული მოცულობის გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს. შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხის (შეგებებული სარჩელის ავტორის) სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების სახით უნდა დაეკისროს: შეგებებულ სარჩელზე გადახდილი ბაჟიდან - 296 ლარი, სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟიდან - 414,40 ლარი, ხოლო საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 366,60 ლარი, სულ -1 076,40 ლარი. დანარჩენ ნაწილში, შეგებებული სარჩელის მოთხოვნაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ხაზინაში უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 411-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ს.მ–იის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ივნისის განჩინება შპს „ს.მ–იის“ შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში;
3. შპს „ს.მ–იის“ შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „ი.თ.ჯ–ის“ შპს „ს.მ–იის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 58 318.5 ლარის ანაზღაურება;
5. დანარჩენ ნაწილში შპს „ს.მ–იის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
6. შპს „ი.თ.ჯ–ის“ შპს „ს.მ–იის“ სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1076,4 ლარის ანაზღაურება;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
ბადრი შონია