დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 30.04.2026
საქმის ნომერი
ას-655-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-655-2025 30 აპრილი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ს–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ.გ–ი“ (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში - მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ს–ი“ ასაჩივრებს (შემდგომ - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, აპელანტი, კასატორი) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინებას შპს „ჯ.გ–ის“ მიმართ (შემდგომ - მოსარჩელე), რომლითაც აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. თავის მხრივ, პირველი ინსტანციის სასამართლომ ძირითადი სარჩელი დააკმაყოფილა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 289667,70 ლარის გადახდა, შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ძირითად მოსარჩელეს შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა 100 064,75 ლარის ანაზღაურება, შეგებებული სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორმა ასევე გაასაჩივრა სასამართლოს მიერ მიღებული საოქმო განჩინებები და განჩინება, რომლითაც მოპასუხეს უარი ეთქვა მოწმეთა დაკითხვასთან დაკავშირებით შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე.

3. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ შეამცირა შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, ვინაიდან აღნიშნულის შესახებ მოწინააღმდეგე მხარეს შესაბამისი შუამდგომლობა არ დაუყენებია. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო – 206 562,85 ლარი არ წარმოადგენს აშკარად შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რაც მისი შემცირების სამართლებრივ საფუძველს გამორიცხავს. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას (საქმე №ას-1446-2024), რადგან სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნია დაკისრებული თანხა სადავო პირგასამტეხლოს გონივრულ და სამართლიან ოდენობად.

4. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 408-ე მუხლი, როდესაც არ დააკმაყოფილა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში. კასატორის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება და მას პირგასამტეხლოს გადახდა დააკისრა, ამასთან, ასევე დაადგინა, რომ მოპასუხეს საკუთარი დამკვეთის სასარგებლოდ დაეკისრა 62 332,04 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა ობიექტის დათქმულ ვადაში ჩაუბარებლობის გამო, არსებობდა მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელის მიერ ვალდებულების დარღვევასა და მოპასუხისთვის დამდგარ ზიანს შორის. შესაბამისად, სადავო ზიანი, სულ მცირე, 62 332,04 ლარის ოდენობით მაინც უნდა ყოფილიყო ანაზღაურებული.

5. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს სათანადოდ არ დაუსაბუთებია, რის საფუძველზე მიიჩნია დადგენილად, რომ მოპასუხემ 10-დღიანი შუალედით იმავე შინაარსის ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც თავდაპირველი ხელშეკრულებისგან მხოლოდ შესრულების ვადით განსხვავდებოდა. კასატორის განმარტებით, აღნიშნული ხელშეკრულებით მოსარჩელემ, როგორც შემკვეთმა, მოპასუხეს, როგორც ქვეკონტრაქტორ შემსრულებელს, იმავე სამუშაოების შესასრულებლად უფრო ხანგრძლივი ვადა განუსაზღვრა, ვიდრე თავად ჰქონდა განსაზღვრული ძირითადი ხელშეკრულებით. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარდგენილი ხელშეკრულების ასლი არ ასახავს რეალურად არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას, რის გამოც მისი ნამდვილობის დასადგენად ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელი იყო. ამასთან, მოსარჩელეს ხელშეკრულების დედანი სასამართლოსთვის არ წარუდგენია, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ იგი წარმოადგენდა შესაბამისი მტკიცებულების პირველად წყაროს. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული დოკუმენტი მტკიცებულებად არასწორად გამოიყენა და მას არასათანადო მტკიცებულებითი ძალა მიანიჭა.

6. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს სრულად უნდა გაეზიარებინა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში, თუმცა დააკმაყოფილა მხოლოდ მოსარჩელის მიერ აღიარებული 99 000 ლარის ოდენობით. ამასთან, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულება 100 000 ლარის წინასწარი გადახდის შესახებ, რომლის სათანადო შეფასება, კასატორის აზრით, დავის სხვაგვარად გადაწყვეტას განაპირობებდა. ასევე, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შეფასების ანგარიში, რომლის თანახმად, ანგარიშ-ფაქტურით განსაზღვრული შესრულებული სამუშაოების ღირებულება 884 503,46 ლარს შეადგენდა. კასატორის განმარტებით, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ მხოლოდ 3 104,91 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კასატორისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე მიანიჭა სააპელაციო სასამართლომ უპირატესობა მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

7. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად შეაფასა შპს „მ–ი ...“-სა და შპს „ს.გ.ტ.კ–ას“ შორის 2020 წლის 10 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული 190-დღიანი შესრულების ვადა მოპასუხისა და მოსარჩელის სახელშეკრულებო ურთიერთობას უკავშირდებოდა, მაშინ როდესაც აღნიშნული ვადა განსაზღვრული იყო შპს „მ–ი ...“-ის მიერ შპს „ს.გ.ტ.კ–ის“ წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ამასთან, კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც მოპასუხემ მოსარჩელეს მხოლოდ მიღებული შეკვეთის ნაწილი გადასცა შესასრულებლად. მისი პოზიციით, მოსარჩელეს გადაეცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრული მოცულობა, რის საპირისპიროდაც სასამართლოს დასკვნა ფაქტობრივ გარემოებებს არ შეესაბამება.

8. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან იგი მომზადებულია ექსპერტისთვის არასრულად წარდგენილი მასალების საფუძველზე.

9. საკასაციო შესაგებელთან დაკავშირებით წარმოდგენილ მოსაზრებაში კასატორმა დააზუსტა, რომ ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას, რომლითაც მოპასუხე გათავისუფლდა 2020 წლის 12 ოქტომბრის ნარდობის ხელშეკრულების დედნის წარდგენის ვალდებულებისგან. ამასთან, კასატორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინების გაუქმებაც იმ ნაწილში, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ უარი განაცხადა დამატებითი მტკიცებულებების დართვასა და მოწმეების დაკითხვაზე. კასატორის განმარტებით, აღნიშნულმა მოწმეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემა ვერ შეძლეს, ვინაიდან, გაურკვეველი მიზეზით, ვერ განხორციელდა მათი დისტანციური დაკითხვა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორს სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი ნაწილობრივ დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, ხოლო შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ნაწილში ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

13. 2020 წლის 2 ოქტომბერს მოპასუხესა (დამკვეთი) და მოსარჩელეს (შემსრულებელი) შორის გაფორმებული №02/10/2020 ნარდობის ხელშეკრულების თანახმად: „შემსრულებელი“ ვალდებული იყო, „დამკვეთის“ სასარგებლოდ, შეესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში შემდეგი სამუშაოები, კერძოდ: ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ .......... და სოფელ დიდი .......... გაზიფიცირების სამშენებლო მომსახურება, მასალის შესყიდვას უზრუნველყოფდა დამკვეთი. დამკვეთის მიერ შესყიდული მასალის ღირებულება გამოაკლდებოდა შემსრულებელთან დადებულ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ საერთო ღირებულებას. გაზსადენის სავარაუდო საერთო სიგრძე შეადგენდა 34 347 მეტრს (შემდეგ - მომსახურება). მომსახურება უნდა განხორციელებულიყო შემსრულებლის ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, რომელიც №1 დანართის სახით ერთვოდა ხელშეკრულებას და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს.

14. ფაქტობრივად შესრულებულ მომსახურებაზე შემსრულებლის მიერ გამოწერილი და დამკვეთის მიერ დადასტურებული/ხელმოწერილი მიღება-ჩაბარებით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ან/და სასაქონლო ზედნადებით დადასტურდებოდა ფაქტობრივად შესრულებული მომსახურების შემსრულებლის მიერ ჩაბარება და დამკვეთის მიერ მიღება.

15. მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 1 გრძივი მეტრის გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოს შესრულება - 31 ლარით (დღგ-ს ჩათვლით). დამკვეთის მიერ ტენდერით გათვალისწინებული დანართი 1-ში მოცემული რომელიმე სამუშაოების მოცულობების აუთვისებლობა გამოიწვევდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ასანაზღაურებელი თანხის შემცირებას. ღირებულება მოიცავდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს.

16. ანაზღაურების გადახდა მოხდებოდა ნაღდი ან/და უნაღდო საავანსო ანგარიშსწორების გზით, წინასწარ შეთანხმებული საავანსო გადახდებით, შესრულებული სამუშაოს პროპორციულად. სულ ავანსის თანხა შეადგენდა 100 000 ლარს, დღგ-ს ჩათვლით, პერიოდულად წარმოდგენილი ზოგადი დანახარჯების მიხედვით ან/და ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.

17. დამკვეთი ვალდებული იყო: მიეღო ფაქტობრივად შესრულებული მომსახურება და დაედასტურებინა/ხელი მოეწერა მიღება-ჩაბარებისათვის, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისათვის ან/და სასაქონლო ზედნადებისათვის ან რაიმე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, ზეპირი ან წერილობითი ფორმით მიემართა შემსრულებლისათვის და მოეთხოვა ნაკლის შემსრულებლის ხარჯით გამოსწორება. დროულად და სრული ოდენობით გადაეხადა შემსრულებლისათვის კუთვნილი ანაზღაურება. დამკვეთს შეეძლო, დაეკისრებინა შემსრულებლისათვის ხელშეკრულების ღირებულების 0,1% პირგასამტეხლოს გადახდა, მომსახურების შესრულების ვადის დარღვევის გამო, და დაექვითა ანგარიშსწორებისას მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა.

18. შემსრულებელი ვალდებული იყო: დროულად, კეთილსინდისიერად და პირადად შეესრულებინა მომსახურებით გათვალისწინებული სამუშაოები, მისი გადაცემული პროექტის მიხედვით, დამკვეთის წინასწარი თანხმობის საფუძველზე სამუშაოების შესასრულებლად დაექირავებინა ქვეკონტრაქტორები. შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა ეცნობებინა დამკვეთისათვის. შესრულებული სამუშაოები/გაწეული მომსახურება უნდა ყოფილიყო უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო. ,,შემსრულებელი" ვალდებული იყო შეეთანხმებინა

19. დამკვეთთან სამუშაოების შესასრულებლად გამოსაყენებელი მასალა-მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები, სამშენებლო სამუშაოების შესრულების პერიოდში დაეცვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უსაფრთხოების ნორმები. გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან/და სასაქონლო ზედნადების გაფორმებისას დამკვეთისათვის საკუთრებაში გადაეცა მომსახურებასთან დაკავშირებული ყველანაირი სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება. აენაზღაურებინა დამკვეთისათვის გაწეული მომსახურების/შესრულებული სამუშაოების ნაკლის გამოსწორებასთან დაკავშირებული ის ხარჯები, რომელსაც დამკვეთი გასწევდა დამოუკიდებლად. აენაზღაურებინა დამკვეთისათვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯი, ასევე, ფაქტობრივად მიყენებული ზიანი, თუ დამკვეთი ხელშეკრულებაზე უარს იტყოდა შემსრულებლის ბრალით. ფაქტობრივად გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან/და სასაქონლო ზედნადების გაფორმების შემდეგ, საკუთარი ხარჯით გამოესწორებინა ნებისმიერი გამოვლენილი ნაკლი/ხარვეზი, რომელსაც შემსრულებელი განზრახ დამალავდა ან დაუდევრობის გამო, არ ეცოდინებოდა მის შესახებ, მაგრამ, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა სცოდნოდა. შემსრულებელი ვალდებული იყო, ტექნიკური სამუშაოს შესრულებაზე ზედამხედველობა განეხორციელებინა სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის მეშვეობით.

20. ხელშეკრულება ძალაში შევიდა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე და მოქმედებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა სრულად შესრულებამდე.

21. 2020 წლის 2 ოქტომბერს ნარდობის ხელშეკრულების №1 დანართის შესაბამისად, მისი ხარჯთაღრიცხვა განისაზღვრა 1 064 757 ლარით, საიდანაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი .......... სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 462 023,24 ლარს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ .......... ღირებულება კი - 602 733,76 ლარს.

22. 2020 წლის 12 ოქტომბერს მოპასუხესა (დამკვეთი) და მოსარჩელეს (შემსრულებელი) შორის გაფორმებული №12/10/2020 ნარდობის ხელშეკრულების თანახმად: შემსრულებელი ვალდებული იყო, დამკვეთის სასარგებლოდ, შეესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 190 კალენდარულ დღეში შემდეგი სამუშაოები, კერძოდ: ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ .......... და სოფელ დიდი .......... გაზიფიცირების სამშენებლო მომსახურება. მომსახურებისთვის საჭირო მასალის ბაზარზე მოძიებას და შემსრულებლისთვის მიწოდებას (საკუთრების უფლებით) უზრუნველყოფდა დამკვეთი. შემსრულებელი იტოვებდა უფლებას, არ გადაეხადა დამკვეთისათვის მოწოდებული საქონლის ღირებულება და მომსახურების გაწევის დასრულებისას მოეხდინა დამკვეთისგან შეძენილი საქონლის ღირებულების გაქვითვა მის (შემსრულებლის) მიერ დამკვეთისათვის გაწეული მომსახურების ღირებულებაში. გაზსადენის სავარაუდო საერთო სიგრძე შეადგენდა 34 347 მეტრს (შემდეგ - მომსახურება). შემსრულებელს მომსახურება უნდა განეხორციელებინა ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, რომელიც №1 დანართის სახით ერთვოდა ხელშეკრულებას და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს.

23. მომსახურების ღირებულება განისაზღვრა შემდეგი სახით: 1 გრძივი მეტრის გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოს შესრულება - 31 ლარით (დღგ-ს ჩათვლით). დამკვეთის მიერ ტენდერით გათვალისწინებულ №1 დანართში მოცემული რომელიმე სამუშაოების მოცულობების აუთვისებლობა გამოიწვევდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ასანაზღაურებელი თანხის შემცირებას. ღირებულება მოიცავდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასახადს.

24. ანაზღაურების გადახდა მოხდებოდა ნაღდი ან/და უნაღდო საავანსო ანგარიშსწორების გზით, წინასწარ შეთანხმებული საავანსო გადახდებით, შესრულებული სამუშაოს პროპორციულად. სულ ავანსის თანხა შეადგენდა 100 000 ლარს, დღგ-ს ჩათვლით, პერიოდულად წარმოდგენილი ზოგადი დანახარჯების მიხედვით ან/და ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.

25. დამკვეთი ვალდებული იყო: მიეღო ფაქტობრივად შესრულებული მომსახურება და დაედასტურებინა/ხელი მოეწერა მიღება-ჩაბარებისათვის, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისათვის ან/და სასაქონლო ზედნადებისათვის ან რაიმე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, ზეპირი ან წერილობითი ფორმით მიემართა შემსრულებლისათვის და მოეთხოვა ნაკლის შემსრულებლის ხარჯით გამოსწორება. დროულად და სრული ოდენობით გადაეხადა შემსრულებლისთვის კუთვნილი ანაზღაურება. დამკვეთს შეეძლო, დაეკისრებინა შემსრულებლისათვის ხელშეკრულების ღირებულების 0,1% პირგასამტეხლოს გადახდა მომსახურების შესრულების ვადის დარღვევის გამო და დაექვითა ანგარიშსწორებისას მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა.

26. შემსრულებელი ვალდებული იყო: დროულად, კეთილსინდისიერად და პირადად შეესრულებინა მომსახურებით გათვალისწინებული სამუშაოები, მისთვის გადაცემული პროექტის მიხედვით, დამკვეთის წინასწარი თანხმობის საფუძველზე სამუშაოების შესასრულებლად დაექირავებინა ქვეკონტრაქტორები. შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა ეცნობებინა დამკვეთისათვის. შესრულებული სამუშაოები/გაწეული მომსახურება უნდა ყოფილიყო უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო. შემსრულებელი ვალდებული იყო, შეეთანხმებინა დამკვეთთან სამუშაოების შესასრულებლად გამოსაყენებელი მასალა-მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები. სამშენებლო სამუშაოების შესრულების პერიოდში დაეცვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უსაფრთხოების ნორმები. გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან/და სასაქონლო ზედნადების გაფორმებით დამკვეთისათვის საკუთრებაში გადაეცა მომსახურებასთან დაკავშირებული ყველანაირი სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება. აენაზღაურებინა დამკვეთისათვის გაწეული მომსახურების/შესრულებული სამუშაოების ნაკლის გამოსწორებასთან დაკავშირებული ის ხარჯები, რომლებსაც დამკვეთი გასწევდა დამოუკიდებლად. აენაზღაურებინა დამკვეთისათვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯი, ასევე, ფაქტობრივად მიყენებული ზიანი, თუ დამკვეთი ხელშეკრულებაზე უარს იტყოდა შემსრულებლის ბრალით. შემსრულებელი ვალდებული იყო, ტექნიკური სამუშაოს შესრულება/ფაქტობრივად გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან/და სასაქონლო ზედნადების გაფორმების შემდეგ, საკუთარი ხარჯით გამოესწორებინა ნებისმიერი გამოვლენილი ნაკლი/ხარვეზი, რომელსაც შემსრულებელი განზრახ დამალავდა ან დაუდევრობის გამო, არ ეცოდინებოდა მის შესახებ, მაგრამ, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა სცოდნოდა. ზედამხედველობა განეხორციელებინა სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის მეშვეობით.

27. ხელშეკრულება ძალაში შევიდა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე და მოქმედებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა სრულად შესრულებამდე.

28. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 2 ოქტომბერსა და 2020 წლის 12 ოქტომბერს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების პირობები ერთმანეთის იდენტურია, გარდა სამუშაოს შესრულების ვადის შესახებ დათქმისა.

29. ამასთან, ორივე ხელშეკრულებასა და მათზე დართულ ხარჯთაღრიცხვებს ხელს აწერენ მხარეთა დირექტორები და ისინი დამოწმებულია ორივე კომპანიის ბეჭდით.

30. 2020 წლის 10 აგვისტოს შპს „ს.გ.ტ.კ–ასა“ (შემსყიდველი) და შპს „მ–ი ...-ს“ (მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების №4290620 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისაგან ხელშეკრულების ღირებულების ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების - დიდი .......... და .......... გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. სამუშაოების შესრულების ვადა იყო 190 კალენდარული დღე. საქმეში წარმოდგენილი კრებსითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა ორივე სოფელში იყო 1 449 998,98 ლარი.

31. მოპასუხე წარმოადგენდა შპს „მ–ი ....-ის“ ქვეკონტრაქტორ კომპანიას აღნიშნული სამუშაოების შესრულების ფარგლებში, მათ შორის, 2020 წლის 21 სექტემბერს დადებული №429.06.20/1 ხელშეკრულების შესაბამისად, რომლის ღირებულება იყო 1 300 025,34 ლარი, სამუშაოების შესრულების ვადა კი 150 კალენდარული დღე.

32. აღნიშნული სამუშაოების ნაწილი მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, 1 064 757 ლარის ღირებულებით, შესრულებულ იქნა მოსარჩელის მიერ.

33. მოსარჩელის დაკვეთით შესრულებული 2023 წლის 4 ივლისის შპს „ა.ო–ის“ NSARAS-F-851870 დასკვნის თანახმად: მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო, მოპასუხისათვის გამოწერილი საგადასახადო დღგ-ს მიხედვით, შეადგენდა 964 503,45 ლარს. მოპასუხის მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულება, გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, შეადგენდა 522 188,75 ლარს. მოპასუხის მიერ გადახდილი თანხა მოსარჩელისათვის შეადგენს 152 647 ლარს. საბოლოოდ, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 289 667,7 ლარს. სამუშაოები განხორციელებულია საერთაშორისო სტანდარტით. აუდიტორმა ისარგებლა შემდეგი დოკუმენტაციით: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, მხარეთა შორის 2020 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულება, დღგ-ს ანგარიშფაქტურები შესრულებული სამუშაოსთან (გაწეული მომსახურებასთან) დაკავშირებით, სასაქონლო ზედნადებები შეძენილ სასაქონლო მატერიალურ ფასეულობასთან დაკავშირებით, ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, ნაღდი ფორმით გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი.

34. მოპასუხის დაკვეთით შესრულებული 2023 წლის 28 სექტემბრის შპს „გგ ა.ჯ–ას“ დასკვნის თანახმად: სამუშაოები განხორციელებულია საერთაშორისო სტანდარტით. ხელშეკრულების თანახმად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ .......... და სოფელ დიდი .......... გაზიფიცირების გაზსადენის სიგრძეა (სავარაუდოდ) 34347მ (1მ, 31 ლარი) =1064757 ლარი (დღგ გარეშე 902336 ლარი, დღგ 162420 ლარი). მოპასუხემ ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელეს 2020 წლის 2 ოქტომბრიდან 2021 წლის 10 ივნისამდე პერიოდში, მიაწოდა სასაქონლო ზედნადებით 522 188,7 ლარის ღირებულების საქონელი, რაც დასტურდება სასაქონლო სატრანსპორტო ზედნადებებით.

35. მხარეთა შორის შესრულებული სამუშაო დადასტურებულია დღგ-ს ანგარიშფაქტურებით 884 503,46 ლარის ოდენობით.

36. მოპასუხის მიერ საბანკო ანგარიშიდან მოსარჩელის ანგარიშსწორების ანგარიშზე გადარიცხულია 70000 ლარი ავანსის სახით.

37. დასკვნის თანახმად, პირგასამტეხლო გაანგარიშებულია 194 დღეზე (ხელშეკრულების შესრულების ვადა 90 დღე. 03.01.2021-15.07.2021), თითოეულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1 პროცენტით - 1064,75 ლარით. სულ პირგასამტეხლო განსაზღვრულია 206 562,85 ლარით.

38. ნარდობის ხელშეკრულების თანახმად (2.2. პუნქტი), ანაზღაურების გადახდა ხდება ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორების გზით, წინასწარ შეთანხმებული საავანსო გადახდებით შესრულებული სამუშაოს პროპორციულად. სულ ავანსის თანხა შეადგენს 100000 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

39. პერიოდულად წარმოდგენილი ზოგადი დანახარჯების მიხედვით, ან/და ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მოსარჩელემ 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში გაწერილია ორი საგადასახადო ანგარიშფაქტურა (34000 და 46000) თანხით 80 000 ლარის ოდენობით.

40. 2021 წლის აპრილ-ივნისში, მოსარჩელემ გამოწერა ორი საგადასახადო ანგარიშფაქტურა 770762,58 და 113740,87 ლარზე შესრულებული სამუშაოს ღირებულებით, სულ - 884 503,46 ლარზე, აღნიშნული თანხა მოიცავს 80000 ლარის წინასწარ გადახდილ ავანსის თანხასაც.

41. 2021 წლის აპრილსა და ივნისში მოსარჩელის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშფაქტურაში, მომსახურების დასახელების გრაფაში მითითებულია, რომ თანხის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ .......... და დიდი .......... გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები, 2020 წლის 15 ოქტომბრის ხელშეკრულება და 2021 წლის 30 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტი.

42. საბოლოოდ დასკვნა წარმოდგენილია შემდეგი შინაარსით: მხარეთა შორის 2020 წლის 2 ოქტომბერს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების ანალიზის შედეგად, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა 3104,91 ლარის დავალიანება, კერძოდ, მოსარჩელის მიერ საგადასახადო ანგარიშფაქტურებით გამოწერილ 884 503,46 ლარის ღირებულების მომსახურეობას უნდა გამოაკლდეს სატრანსპორტო სასაქონლო ზედნადებით გადაცემული 522188,7 ლარის სასაქონლო თანხა, უნდა გამოაკლდეს: ბანკით გადარიცხული 70000 ლარის ავანსი; ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტით გადახდილი ნ/ფული 82647 ლარი; 206562,85 ლარის პირგასამტეხლო.

43. დასკვნა ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რაზეც დადგენილია მხარეთა შორის 2020 წლის 2 ოქტომბერს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულება. დასკვნა არ ეხება თანხის მიზნობრივი გამოყენების ანგარიშგებას, იგი ასევე არ ეხება მოპასუხის მთლიან ფინანსურ ანგარიშგებას.

44. აუდიტორმა ისარგებლა შემდეგი მტკიცებულებებით: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, მხარეთა შორის 2020 წლის 2 ოქტომბერს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულება, საგადასახადო ანგარიშფაქტურები, სასაქონლო სატრანსპორტო ზედნადებები, ბუღალტრული რეგისტრები, მიღება-ჩაბარების აქტები, საზედამხედველო დასკვნები, სატენდერო დოკუმენტაცია, საბანკო ამონაწერები, შრომითი ხელშეკრულებები, ბუღალტრული რეგისტრები, ინვოისები ახსნა-განმარტება.

45. 2023 წლის 29 სექტემბრის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც დადებულია შპს „ს.ჯ–სა“ და მოპასუხეს შორის, შპს „ს.ჯ–ის“ მიერ მოსარჩელისათვის შესრულებული სამუშაოდან მისაღებ 49 000 ლარზე მოთხოვნის უფლება, წინამდებარე უფლების დათმობის ხელშეკრულებით, გადასცა მოპასუხეს.

46. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლები მოიცავს ხსენებული დათმობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნას, რაც მოპასუხე მხარემ ცნო, სასამართლომ დააკმაყოფილა და მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა.

47. 2023 წლის 29 სექტემბრის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც დადებულია შპს „ჯ–სა“ და მოპასუხეს შორის, შპს „ჯ–ის“ მიერ მოსარჩელისათვის შესრულებული სამუშაოდან მისაღები 50 000 ლარის მოთხოვნის უფლება დაეთმო მოპასუხეს.

48. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლები მოიცავს ხსენებული დათმობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნას, რაც ცნო მოპასუხე მხარემ, სასამართლომ დააკმაყოფილა და მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ.

49. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა კანონდარღვევით.

50. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

51. განსახილველ საქმეზე საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ფულადი ვალდებულებების შესრულება.

52. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება (იხ. სუსგ №ას-240-2023, 21 მარტი, 2023 წელი, პ.10).

53. უნდა აღინიშნოს, რომ ნარდობის ხელშეკრულებასთან ახლოს დგას მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე მომსახურებას უწევს მეორე მხარეს სათანადო ანაზღაურების მიღებით. განსხვავება ამ ხელშეკრულებებს შორის მდგომარეობს შემდეგში: ნარდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგი (რეზულტატი). მაშასადამე, ნარდობის ხელშეკრულება აგებულია შემდეგი ფორმულით: თუ არ არსებობს შესრულებული შედეგი, მაშინ ადგილი აქვს სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობას (იხ. ზ. ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულება, თბილისი, 2016, გვერდი 156).

54. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი კი, სსკ-ის 648-ე მუხლის თანახმად, მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას (იხ. სუსგ №ას-1522-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი, პ.34.).

55. პალატა განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეთა უფლებები, თავისი სამართლებრივი ბუნებით, მიეკუთვნება რელატიურ (შეფარდებით) უფლებათა რიცხვს. რელატიური უფლება არის განსაზღვრული პირის მიმართ შესრულების მოთხოვნის უფლებამოსილება. იგი მიმართულია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ განსაზღვრული პირის მიმართ კონკრეტული ვალდებულების შესრულებისაკენ. რელატიური უფლება წარმოიშობა ნამდვილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

56. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეთანხმებული სამუშაოს დროულად შესრულება. ზოგადად, სამოქალაქო უფლებების განხორციელება და დაცვა მჭიდროდ არის დაკავშირებული დროის ფაქტორთან. ვადა აწესრიგებს სამოქალაქო ბრუნვას, განაპირობებს ხელშეკრულებათა ჯეროვან შესრულებას. თანამედროვე საბაზრო ეკონომიკა, მისთვის დამახასიათებელი დინამიკურობითა და დროის დეფიციტით, წარმოუდგენელია ვადებთან დაკავშირებული საკითხების სრულყოფილი და სწორი სამართლებრივი მოწესრიგების გარეშე. სამოქალაქო კანონმდებლობა დროის ფაქტორს უკავშირებს სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას, შეცვლასა და შეწყვეტას, ასევე, იმ მოქმედებათა შესრულებას, რომელიც გათვალისწინებულია კანონით ან ხელშეკრულებით. ვალდებულების დროულად შესრულება ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. ვალდებულების შესრულების დროდ ითვლება იმ მომენტის დადგომა, როდესაც ვალდებულება შესრულებულ უნდა იქნეს.

57. ყველაზე მეტად გავრცელებულია ვალდებულების შესრულების გარიგებით (ხელშეკრულებით) განსაზღვრული ვადები. ამ შემთხვევაში შესრულების დროის შეთანხმება შეიძლება აშკარად გამოხატული ან დუმილით ნაგულისხმევი იყოს. ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების დრო შეიძლება იყოს როგორც აბსოლუტური, ისე რელატიური ბუნების. აბსოლუტურია ვადა, როდესაც ვადის გადაცილების შემდეგ შესრულება კარგავს ყოველგვარ ინტერესს.

58. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით მხარეებმა შეიძლება, განსაზღვრონ არა მხოლოდ სამუშაოთა დასრულების ვადები, არამედ სამუშაოთა დაწყებისა და შუალედური ვადებიც. იმ შემთხვევაში, როდესაც შესრულების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მაშინ ნარდობის ხელშეკრულებით, შესრულების დრო განისაზღვრება, როგორც ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობა - „time is of the essence“. თუ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის სამუშაოს შესრულების ვადა, მაშინ ვადა უნდა განისაზღვროს გონივრულად. „გონივრული ვადა“ წარმოადგენს შეფასებით კატეგორიას. ყველა შემთხვევაში მისი ფარგლები მოიაზრება შესრულების თავისებურებებით.

59. თუ ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულია შესრულების დრო, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ შემკვეთს არ შეუძლია შესრულების მოთხოვნა ამ ვადამდე, ხოლო მენარდეს შეუძლია ვალდებულების შესრულება ვადაზე ადრე. საეჭვოობა გულისხმობს ისეთ მდგომარეობას, როდესაც განსაზღვრული ვადის დაცვა ეჭვის ქვეშ დგება მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება მოვალის ინტერესების დაცვას. ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ერთ-ერთ გავრცელებულ შემთხვევას წარმადგენს ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება. მენარდის მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან შემკვეთის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. მენარდის მიერ ვადის გადაცილება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროულ შეუსრულებლობას უკავშირდება. შესრულების დროულობა კი ნარდობის ხელშეკრულებიდან ან კანონიდან შეიძლება გამომდინარეობდეს. სსკ-ის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა, გადაუხადოს მენარდეს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ.

60. მოცემულ საქმეზე მხარეთა შორის დავის ერთ-ერთ ძირითად საგანს წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადის განსაზღვრის საკითხი. კერძოდ, მხარეები ვერ თანხმდებიან, თუ რომელი სახელშეკრულებო პირობა ასახავს მათ შორის მიღწეულ საბოლოო შეთანხმებას სამუშაოს შესრულების ვადის შესახებ. აღნიშნული გარემოებას საქმის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან სწორედ ხელშეკრულებით შეთანხმებული შესრულების ვადა განსაზღვრავს მხარეთა უფლებებისა და მოვალეობების ფარგლებს, ვალდებულების შესრულების ჯეროვანებას, ასევე ვადის დარღვევიდან გამომდინარე შესაძლო სამართლებრივი შედეგების არსებობასა და მოცულობას. შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაზღვროს, თუ რა იყო მხარეთა ნამდვილი და საბოლოო ნება სადავო სახელშეკრულებო პირობასთან დაკავშირებით.

61. მოსარჩელის განმარტებით, მხარეებმა საბოლოოდ შეთანხმებას მიაღწიეს სამუშაოების 190 კალენდარული დღის განმავლობაში შესრულებაზე, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის 12 ოქტომბრით დათარიღებული ნარდობის ხელშეკრულების ასლით. მოსარჩელის პოზიციით, სწორედ აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საბოლოო რედაქციას, რის გამოც სამუშაოების შესრულების ვადის შეფასებაც ამ დოკუმენტით უნდა განხორციელდეს.

62. თავის მხრივ, მოპასუხემ უარყო როგორც 2020 წლის 12 ოქტომბრის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი, ისე მასში მითითებულ 190-დღიან შესრულების ვადაზე შეთანხმება. ამასთან, მოპასუხემ მიუთითა, რომ ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი იყო მხოლოდ ხელშეკრულების ასლი, ხოლო მისი ნამდვილობა სადავო იყო, აუცილებელი იყო დოკუმენტის დედნის წარმოდგენა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო მასზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარების გზით. აღნიშნული პოზიცია ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ დოკუმენტის ავთენტურობის დადგენა, მისი მტკიცებით, უშუალოდ განსაზღვრავდა სადავო სახელშეკრულებო პირობის არსებობის საკითხს.

63. საქმის მასალებით დგინდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 6 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელეს დაევალა 2020 წლის 12 ოქტომბრის ნარდობის ხელშეკრულების დედნის წარმოდგენა. სასამართლოს აღნიშნული დავალება ემსახურებოდა სადავო დოკუმენტის ავთენტურობის სრულყოფილ გამოკვლევას და მხარეთა შორის არსებულ დავაზე მტკიცებულებითი გარემოებების დაზუსტებას. თუმცა, მოსარჩელემ განმარტა, რომ ხელშეკრულების დედანი მის მფლობელობაში აღარ იმყოფებოდა, რის გამოც ობიექტურად მოკლებული იყო შესაძლებლობას, შეესრულებინა სასამართლოს მითითება. აღნიშნული განმარტების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელე გაათავისუფლა სადავო დოკუმენტის დედნის წარმოდგენის ვალდებულებისაგან და მიუთითა, რომ ხელშეკრულების ასლი შეფასდებოდა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მათი ურთიერთშეჯერებისა და საერთო მტკიცებულებითი მნიშვნელობის განსაზღვრის გზით.

64. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 135-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი წერილობითი მტკიცებულების დასაშვებობის წინაპირობად არ განიხილავს მხოლოდ მისი დედნის წარმოდგენას. აღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მტკიცებულებითი მნიშვნელობა მიანიჭოს დოკუმენტის ასლსაც, თუ მისი სარწმუნოობა და მტკიცებულებითი ღირებულება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივი შეფასების შედეგად დასტურდება, კერძოდ, თუ ისინი ქმნიან ერთიან, თანმიმდევრულ და სარწმუნო სურათს სადავო ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც სადავო არ არის თავად სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა, მისი სამართლებრივი ხასიათი და მხარეთა შორის შეთანხმების ფაქტი, არამედ დავა უკავშირდება კონკრეტული ვალდებულების შესრულების ვადას ან მისი დენის დაწყების მომენტს. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 135-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი იმპერატიულად არ მოითხოვს დოკუმენტის მხოლოდ დედნის სახით წარმოდგენას, არამედ ითვალისწინებს სასამართლოს მიერ წერილობითი დოკუმენტის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭებას (იხ. სუსგ №ას-274-262-2015, 13 მაისი, 2015 წელი). შესაბამისად, დოკუმენტის დედნის წარუდგენლობა თავისთავად ვერ გამოიწვევს მისი მტკიცებულებითი ძალის ავტომატურ გამორიცხვას, თუ საქმის გარემოებები იძლევა მისი სანდოობის სხვა მტკიცებულებებით დადასტურების შესაძლებლობას.

65. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნარდობის ხელშეკრულებით სამუშაოების შესრულებისათვის 190-დღიანი ვადის არსებობის დადგენა, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელის დოკუმენტის დედნის წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლება, ცალკე აღებული, ვერ განაპირობებს გასაჩივრებული სასამართლო აქტის უკანონობის შესახებ დასკვნის გამოტანას. სამოქალაქო პროცესში არც ერთი მტკიცებულება არ ფასდება განყენებულად და მას წინასწარ განსაზღვრული მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნია. სასამართლოს ვალდებულებაა თითოეული მტკიცებულება შეაფასოს საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთკავშირსა და ერთობლიობაში, რის შედეგადაც უნდა დადგინდეს, რამდენად ადასტურებს იგი სადავო ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულების ასლი და არა მისი დედანი, ან რომ სასამართლომ მოსარჩელე გაათავისუფლა დედნის წარმოდგენის ვალდებულებისაგან, თავისთავად ვერ გახდება საფუძველი იმისა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ან მათ საფუძველზე გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მიჩნეულ იქნეს არასწორად. ასეთი დასკვნისათვის აუცილებელია დადასტურდეს, რომ სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასების პროცესში დაარღვია სამოქალაქო საპროცესო სამართლის ნორმები, ან მიღებული გადაწყვეტილება აშკარად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

66. კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოდ, რომლის თანახმადაც, მან მხარეთა სახელით შედგენილი 2020 წლის 12 ოქტომბრის ნარდობის ხელშეკრულების ნამდვილობის ეფექტიანად შესადავებლად კანონით გათვალისწინებული ყველა სამართლებრივი და საპროცესო საშუალება სრულად არ გამოიყენა. სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებზე, რაც თითოეულ მხარეს აკისრებს ვალდებულებას, საკუთარი მოთხოვნის ან შესაგებლის საფუძვლად მითითებული გარემოებები დაამტკიცოს კანონით დაშვებული მტკიცებულებებით და დროულად გამოიყენოს მისთვის ხელმისაწვდომი საპროცესო მექანიზმები. შესაბამისად, როდესაც მხარე სადავოდ ხდის კონკრეტული წერილობითი მტკიცებულების ნამდვილობას, მას ეკისრება ვალდებულება, სათანადო საპროცესო აქტიურობით უზრუნველყოს იმ გარემოებების გამოვლენა და წარმოდგენა, რომლებიც დაადასტურებს დოკუმენტის არასანდოობას ან არანამდვილობას.

67. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალი არ აღიარებს მტკიცებულებათა წინასწარ დადგენილი ძალის პრინციპს. თითოეული მტკიცებულება ექვემდებარება შეფასებას სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთკავშირსა და ერთობლიობაში. შესაბამისად, დოკუმენტის დედნის არარსებობა ან ექსპერტიზის ჩატარების შეუძლებლობა წარმოადგენს მხოლოდ ერთ-ერთ გარემოებას, რომელიც სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასებისას უნდა გაითვალისწინოს, თუმცა იგი თავისთავად ვერ გამორიცხავს წერილობითი მტკიცებულების სანდოობის დადგენას სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე. ასეთი მტკიცებულებები შეიძლება იყოს მხარეთა განმარტებები, საქმეში წარმოდგენილი სხვა წერილობითი დოკუმენტები, მხარეთა შემდგომი ქცევა, ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობა, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ურთიერთშესაბამისობა და სხვა ობიექტური მონაცემები, რომლებიც ერთობლიობაში იძლევა სადავო ფაქტის არსებობის ან არარსებობის შესახებ დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას.

68. ამასთან, საქმის მასალები არ ადასტურებს, რომ კასატორმა ხელშეკრულების ნამდვილობის შესამოწმებლად გამოიყენა კანონით გათვალისწინებული ყველა შესაძლო საპროცესო საშუალება. იგი შემოიფარგლა მხოლოდ დედნის წარუდგენლობაზე მითითებით და ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები ან დასაბუთებული არგუმენტები, რომლებიც გააქარწყლებდა ხელშეკრულების ასლის სარწმუნოობას.

69. საქმეზე არსებული მასალების ანალიზიდან იკვეთება, რომ იმავე ლოკაციაზე გაზიფიკაციის სამუშაოების განხორციელების მიზნით შპს „ს.გ.ტ.კ–ასა“ და შპს „მ–ი ...“-ს, ასევე ამ უკანასკნელსა და მოპასუხეს შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებებით სამუშაოების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადები შეადგენდა შესაბამისად 190 და 150 დღეს. აღნიშნული გარემოება, სამუშაოების მოცულობის, ტექნიკური სირთულისა და შესრულების ეტაპობრივობის გათვალისწინებით, ობიექტურად მიუთითებს, რომ სადავო სამუშაოების მხოლოდ 90-დღიან ვადაში შესრულება ვერ ჩაითვლებოდა რეალისტურად და საკმარისად, რადგან იგი აშკარად არ შეესაბამებოდა პროექტის ფაქტობრივ მასშტაბს.

70. სამუშაოების შესრულების ვადის შეფასებისას მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ხელშეკრულებაში მითითებულ რიცხვობრივ მონაცემს, არამედ შესასრულებელი სამუშაოების მასშტაბს, ტექნოლოგიურ პროცესს, შესრულების ეტაპობრივობასა და იმ გარემოებას, თუ რა ვადები განისაზღვრა იმავე პროექტის ფარგლებში დადებულ სხვა ხელშეკრულებებში. სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობა მიუთითებს, რომ სადავო სამუშაოებისათვის 190-დღიანი ვადის განსაზღვრა შეესაბამებოდა პროექტის რეალურ მოცულობასა და ობიექტურ საჭიროებებს, მაშინ როდესაც 90-დღიანი ვადა ვერ უზრუნველყოფდა იმავე მოცულობისა და სირთულის სამუშაოების სრულყოფილად შესრულებას.

71. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობების გათვალისწინება არ გულისხმობს მათთვის წინასწარ მტკიცებულებითი ძალის მინიჭებას. აღნიშნული ხელშეკრულებები შეფასებულია მხოლოდ როგორც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ერთობლიობაში მიუთითებენ სამუშაოების ხასიათსა და მათი შესრულებისათვის ობიექტურად საჭირო დროის ხანგრძლივობაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია, რომ 2020 წლის 12 ოქტომბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული 190-დღიანი ვადა წარმოადგენდა მხარეთა რეალურ შეთანხმებას და შეესაბამებოდა შესრულებული სამუშაოების სპეციფიკას.

72. ამავდროულად, გაზიარებული ვერ იქნება კასატორის არგუმენტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელესთან სადავო ნარდობის ხელშეკრულების გაფორმების და შპს „მ–ი ...“-ის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოსარჩელისათვის გადაცემის მომენტისათვის მოპასუხეს აღარ გააჩნდა საკმარისი დრო იმისათვის, რომ მოსარჩელესთან 190-დღიან ვადაზე შეთანხმება მიეღწია. აღნიშნული პოზიცია არ გამომდინარეობს საქმის მასალებით დადგენილი გარემოებებიდან და არ ადასტურებს სადავო სახელშეკრულებო პირობის გონივრულობასთან შეუსაბამობას ან მისი დადგენისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებულ სამართლებრივ შეცდომას.

73. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული პოზიცია საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და მისი დაკმაყოფილების წინაპირობა ვერ გახდება. მართალია, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები განსაზღვრავს კონკრეტული ვალდებულებების შესრულების ვადებს, თუმცა აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობები წარმოშობილია იმ პირებთან, რომლებიც მოცემული დავის მხარეებს არ წარმოადგენენ და, შესაბამისად, მათში ასახული პირობები, როგორც ასეთი, უშუალოდ არ განსაზღვრავს ან არ ზღუდავს მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის შინაარსსა და ვადის განსაზღვრის შესაძლებლობას.

74. ამასთან, კასატორის არგუმენტი ეფუძნება ვარაუდს, თითქოს აღნიშნულ ურთიერთობებში განსაზღვრული ვადები უცვლელად დარჩა და არ განხორციელებულა მათი ცვლილება, თუმცა ამგვარი გარემოება საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ვალდებულებების შესრულების ვადის ცვლილება არ წარმოადგენს გამორიცხულ სამართლებრივ შესაძლებლობას და დამოკიდებულია თავად ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებაზე. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ადასტურებს იმ დასკვნას, რომ ნარდობის ხელშეკრულებით 190-დღიანი ვადის განსაზღვრა იყო ობიექტურად შეუძლებელი ან სამართლებრივად გაუმართლებელი და, ამდენად, არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივ წინაპირობას.

75. განსახილველ დავაში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკავშირებულია ნარდობის ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებასთან. აღნიშნული ღირებულების ზუსტად განსაზღვრის მიზნით, მხარეთა მიერ სასამართლოში წარმოდგენილია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები.

76. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმგვარი გარემოებების დადგენა, რომელთა შეფასებაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, უნდა განხორციელდეს ექსპერტიზის ჩატარების გზით და შესაბამისი დარგის სპეციალისტის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე. ასეთ შემთხვევებში ექსპერტის შეფასება წარმოადგენს მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომელიც ეხმარება სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებების სწორად დადგენაში. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული საკითხი რეგულირდება სსსკ-ის 162-ე მუხლით. აღნიშნული ნორმის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. მხარეებს შეუძლიათ სასამართლოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყონ ექსპერტიზის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა სასამართლოს უნდა წარედგინოს სასამართლოში საქმის აღძვრის ან საქმის მომზადების სტადიაზე. სარჩელის (შესაგებლის) წარდგენისას მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად. კანონის დასახელებული დანაწესი ითვალისწინებს ექსპერტიზის დანიშვნას როგორც სასამართლოს მიერ, ისე უშუალოდ მხარეთა ჩართულობით, სასამართლოსათვის მტკიცებულებათა წარდგენის პირობებში, სადავო გარემოების ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებას.

77. როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ საქმეზე ჩატარებულია ორი ექსპერტიზა და წარმოდგენილია შესაბამისი დასკვნები, რომლებშიც განსაზღვრულია მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება და ხარისხი, ასევე მოპასუხის მიერ გადახდილი თანხისა და მიწოდებული მასალების ღირებულება. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების შინაარსი გარკვეულ ნაწილში ერთმანეთისგან განსხვავდება. შესაბამისად, იმის შეფასება, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან რომელია ობიექტურად სადავო ღირებულების განსაზღვრისათვის მისაღები და სანდო, წარმოადგენს სასამართლოს პრეროგატივას.

78. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს (იხ. სუსგ №ას-398-371-2017, 06.06.2017წ.). მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული (იხ. სუსგ №ას-279-264-2017, 21.04.2017წ.).

79. სასამართლო მტკიცება წარმოადგენს მტკიცებულებათა შეგროვების, შემოწმებისა და შეფასებისათვის სასამართლოსა და მხარეების სამართლით მოწესრიგებულ საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს მხარემ დამტკიცების მოვალეობის შესასრულებლად - ესაა მტკიცებულებათა წარმოდგენა სასამართლოში იმ ფაქტის დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცების მოვალეობაც მას ეკისრება. წარმოდგენილი მტკიცებულება ისეთ კავშირში უნდა იყოს დასადგენ გარემოებასთან, რომ შეიძლებოდეს ამ გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ უტყუარი დასკვნის გაკეთება. მხარე საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მისი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე. მხარის ყოველი განმარტება ფაქტების შესახებ, რომელიც გაკეთებულია მის სასარგებლოდ, მართალია, მტკიცებულებაა, მაგრამ არასაკმარისია და მოითხოვს დადასტურებას სხვა მტკიცებულების მეშვეობით. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და, შესაბამისად, ისინი მათ უნდა მიუთითონ. სსსკ-ი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული, დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი ფაქტები (იხ. სუსგ №ას-125-2024, 01.05.2024წ.).

80. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

81. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ შემკვეთის/მოპასუხის მიერ არსებული დავალიანების ოდენობის განსაზღვრისას უფრო სარწმუნოდ მიიჩნია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში ასახული მონაცემები. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება 2020 წლის 12 ოქტომბრის ნარდობის ხელშეკრულების პირობების, ასევე საქმეზე დართული სხვა მტკიცებულებების დეტალურ კვლევას. სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შესრულებული სამუშაოები განხორციელებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამასთან, დასკვნებში ასახული ფინანსური მონაცემები ძირითადად ერთმანეთთან თანხვედრაშია ან მხოლოდ მცირედით განსხვავდება. გარდა ამისა, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ძირითადად მიმართული იყო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაზე, რაც მის მიზნობრიობას ნაწილობრივ განსხვავებულ კონტექსტს ანიჭებს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა იმ დასკვნას, რომელიც უფრო სრულყოფილად და პირდაპირ პასუხობდა დავის ძირითად საგანს.

82. საკასაციო სასამართლო დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევს კასატორის არგუმენტს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კასატორმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნული დასკვნის ისეთ არსებით ნაკლს, რაც მის შინაარსსა და სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა.

83. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა კანონით დადგენილი წესით ვერ გააქარწყლა სააპელაციო პალატის დასკვნა იმის შესახებ, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების 289 667,70 ლარის გადახდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში კანონიერ და დასაბუთებულად უნდა ჩაითვალოს.

84. პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის, ზიანის ანაზღაურების დაკისრების ცენტრალურ და უზოგადეს ნორმას წარმოადგენს სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც კრედიტორს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. სსკ-ის 394-ე მუხლი ვალდებულების დარღვევის სისტემის უმნიშვნელოვანესი მოთხოვნის საფუძველია, რომელსაც სამოქალაქო კოდექსის სისტემაში შემოაქვს განსხვავება შესრულების გვერდით და შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტებს შორის. ორივე მოთხოვნისათვის ეს ნორმა განსაზღვრავს საერთო და სპეციალურ წინაპირობებს და ადგენს შესაბამის სამართლებრივ სანქციებს. ერთეული სპეციალური მოთხოვნის საფუძვლებს თუ არ ჩავთვლით, ეს ნორმა მოიცავს სახელშეკრულებო ვალდებულებათა სრულ სპექტრს. შესრულების ნაცვლად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი სსკ-ის 394 II და III მუხლის დანაწესია იმ შემთხვევაში, როცა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას წინ არ უსწრებს ხელშეკრულებიდან გასვლა (შდრ: გიორგი ვაშაკიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 394-ე, ველი 1-2, თბილისი, 2019 წელი).

85. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნის საფუძვლები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ როგორია კრედიტორის მოთხოვნა. ამ თვალსაზრისით კრედიტორი შეიძლება ითხოვდეს ზიანის ანაზღაურებას შესრულებასთან ერთად ან ზიანის ანაზღაურებას შესრულების ნაცვლად. პირველ შემთხვევაში, კრედიტორი ინარჩუნებს შესრულების მოთხოვნის უფლებას; მეორე შემთხვევაში კი, შესრულებას ზიანის ანაზღაურება ანაცვლებს. იმის გამიჯვნას, თუ რომელი ზიანის ანაზღაურებას ითხოვს კრედიტორი, დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან შესრულების გვერდით ზიანი (სსკ-ის 394 I მუხლის საფუძველზე), ხოლო შესრულების სანაცვლოდ ზიანი მხოლოდ დამატებითი წინაპირობების დაცვით ანაზღაურდება. გამიჯვნა უნდა მოხდეს ზიანის გამოსწორებადობის კრიტერიუმის მიხედვით. თუ არსებობს ზიანი, რომელიც საბოლოოა და დამატებითი ვადის ან დამატებითი შესრულების შემთხვევაშიც არ გამოსწორდება, ასეთი ზიანი პირდაპირ უნდა ანაზღაურდეს. სსკ-ის მე-400-ე, 404-ე და 391-ე მუხლებით გათვალისწინებული ზიანის გარდა, ყველა სხვა ზიანი, რომლის ანაზღაურებაც შესრულების გვერდით ხდება (გულისხმიერების ვალდებულების დარღვევისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანი), 394-ე I მუხლის საფუძველზე, დამატებითი წინაპირობების გარეშე, ანაზღაურდება. შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას, კრედიტორი უარს ამბობს მიუღებელ შესრულებაზე და მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას.

86. უნდა აღინიშნოს, რომ სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი დამოუკიდებელი და თვითკმარი მოთხოვნის საფუძველია შესრულების გვერდით ზიანის ანაზღაურებისას (გარდა ვადის გადაცილებისა). აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული დანაწესის გამოყენების წინაპირობებია: 1) ზიანი; 2) ქმედების მართლწინააღმდეგობა; 3) მიზეზობრივი კავშირი; 4) ბრალი.

87. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს.

88. სსკ-ის 408-ე მუხლის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც პირს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალურად განვითარების შემთხვევაში ანუ ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო (შდრ: გიორგი რუსიაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 408-ე, ველი 10, თბილისი, 2019).

89. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება (იხ. სუსგ №ას-667-2023, 16.112023წ.).

90. მოცემულ შემთხვევაში შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა მოსარჩელისგან ზიანის ანაზღაურება, რაც მოიცავს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს, მენარდის ნაცვლად, მოპასუხის მიერ შესრულების ღირებულებას, ასევე სამუშაოების შესრულებაში ჩართულ მესამე პირებზე გადახდილ თანხებსა და მსგავს ხარჯებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სადავო სამუშაოების მოპასუხის მიერ შესრულების ფაქტი არ დასტურდება. საქმეში არსებული მასალების ანალიზი ცხადყოფს, რომ შეგებებული სარჩელის ავტორს არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც ობიექტურად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურებდა მის მიერ მითითებული სამუშაოების შესრულებასა და შესაბამისი ხარჯების გაწევას. შესაბამისად, მან ვერ უზრუნველყო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესრულება, რაც აუცილებელი წინაპირობაა მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის.

91. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ თავად მოპასუხის განმარტებით, მხარეთა შორის შეთანხმებული წესით მან დაადასტურა მენარდის მიერ სადავო მომსახურების გაწევა, რასთან დაკავშირებითაც შედგა შესაბამისი წერილობითი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს საქმისთვის მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომელიც ადასტურებს მომსახურების შესრულების ფაქტს და მის სამართლებრივად აღიარებას მხარეთა შორის შეთანხმებული ფორმით. ამ პირობებში, მოცემული წერილობითი მტკიცებულების უგულებელყოფა ან მისი გამორიცხვა მხოლოდ მოპასუხის შემდგომი ახსნა-განმარტების საფუძველზე, რომ დოკუმენტი თითქოს ფორმალურად არის შედგენილი არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარის და სამართლებრივად ვარგის საფუძვლად მისი გაუქმებისთვის. სასამართლო მიუთითებს, რომ წერილობითი მტკიცებულების შინაარსის უარყოფა საჭიროებს ისეთივე სიძლიერის ან უფრო მაღალი დონის საწინააღმდეგო მტკიცებულებებს, რომლებიც ობიექტურად დაადასტურებდა მის შინაარსში ეჭვის შეტანის საფუძველს. მხოლოდ მხარის ცალმხრივი განმარტება, რომელსაც არ ახლავს დამადასტურებელი მტკიცებულებები, ვერ გააქარწყლებს უკვე დადასტურებულ წერილობით დოკუმენტს. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები სათანადოდ დასაბუთებული მტკიცებულებებით არ არის გამყარებული, ხოლო სადავო წერილობითი დოკუმენტის უგულებელყოფა სამართლებრივად გამართლებული არ არის.

92. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ დავაზე განსხვავებულ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს ვერ გამოიწვევდა კასატორის პრეტენზიის გაზიარება მოწმეთა დაკითხვის თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების სტანდარტის თანახმად, სადავო გარემოებები უნდა დადგინდეს ისეთი მტკიცებულებებით, რომლებიც თავისი შინაარსითა და ბუნებით უშუალოდ შეესაბამება დასადგენ ფაქტს და იძლევა მისი ობიექტურად დადასტურების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებები უკავშირდება შესრულებული სამუშაოების მოცულობას, ღირებულებასა და შესაბამის ფინანსურ ოპერაციებს, რაც, თავისი არსით, საჭიროებს წერილობითი და დოკუმენტური მტკიცებულებების არსებობას, როგორიცაა ანგარიშფაქტურები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა ფინანსური დოკუმენტაცია.

93. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ასეთი კატეგორიის ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად მოწმეთა ჩვენებები ვერ ჩაითვლება სათანადო და საკმარის მტკიცებულებად, რადგან ისინი არ უზრუნველყოფს იმ ხარისხის სიზუსტესა და ობიექტურობას, რასაც ფინანსური ხასიათის ურთიერთობების დადასტურება მოითხოვს. შესაბამისად, სადავო სამუშაოების შესრულებისა და მასთან დაკავშირებული ფინანსური ვალდებულებების არსებობა ვერ დადგინდება მხოლოდ მოწმეთა განმარტებებზე დაყრდნობით. ამგვარად, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ მოწმეთა დაკითხვის საკითხი მოცემულ შემთხვევაში ვერ შეცვლიდა დავის სამართლებრივ შედეგს, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს იმგვარ მტკიცებულებას, რომელიც შეძლებდა ფინანსური დოკუმენტაციის ჩანაცვლებას ან მისი შინაარსის გადალახვას.

94. საკასაციო საჩივარი 62 332,04 ლარის ანაზღაურების ნაწილშიც დაუშვებელია, ვინაიდან შეგებებული სარჩელის ავტორმა ვერ დაასაბუთა, რომ აღნიშნული ოდენობის ჯარიმის დაკისრება მას შპს „მ–ი ....“-ის სასარგებლოდ სწორედ მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შედეგად დაეკისრა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ გარემოების დადასტურება მოცემულ დავაში არსებით და გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებდა, რადგან მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი ზიანის ანაზღაურებაზე მსჯელობა, თუ დადგინდებოდა პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელის ქმედებასა და მესამე პირის მიერ დაკისრებულ ფინანსურ სანქციას შორის. შესაბამისად, აღნიშნული კავშირის დაუდასტურებლობის პირობებში მოთხოვნა რჩება დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

95. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობა მოსარჩელისათვის შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ მოთხოვნებთან დაკავშირებით საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.

96. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული განჩინების კვლევით ნაწილში მითითებული მოთხოვნების მიმართ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

97. ზემოხსენებულ ნაწილში კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

98. ამასთან, ამავე ნაწილში საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

99. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ზემოხსენებულ ნაწილში დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

100. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

101. როგორც ზემოთ აღინიშნა, საკასაციო სასამართლოს განჩინებით კასატორს სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

102. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდა 8000 ლარიდან დაუშვებლად ცნობილი საკასაციო საჩივრის ღირებულების პროპორციულად (დაუშვებლად ცნობილია საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების 75,09%). შესაბამისად, 6007,20 ლარიდან 30%-ის ოდენობით -1802,16 ლარის გადახდა.

103. რაც შეეხება მოპასუხის საკასაციო საჩივარს პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, მოცემულ შემთხვევაში განსახილველი დავის სამართლებრივ შეფასებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მსგავსი კატეგორიის საქმეებზე სასამართლო პრაქტიკის განვითარებისათვის.

104. სსსკ-ის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

105. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განხილულ უნდა იქნეს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს–ის“ საკასაციო საჩივარი შპს „ჯ.გ–ისათვის“ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში ცნობილ იქნას დასაშვებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. საქმის განხილვა ჩატარდეს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც ეცნობოთ მხარეებს;

3. კასატორ შპს „ს–ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №........) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 1802.16 ლარის გადახდა;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

ბადრი შონია