დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-2543-შ-92-2026 2 ივლისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – რ.ჩ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ბ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის, კოპენიკის სამხარეო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – არასრულწლოვანი ბავშვის მიმართ მშობლის (მამის) უფლების შეზღუდვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გერმანიის კოპენიკის სამხარეო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ რ.ჩ–ძე და ზ.ბ–ი საქართველოს მოქალაქეები არიან. ისინი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რომლის განმავლობაშიც, 2021 წლის 8 ოქტომბერს, შეეძინათ შვილი - ე.ჩ–ძე. 2024 წლის მაისიდან მხარეები განქორწინებულნი არიან. განქორწინების შემდეგ რ.ჩ–ძემ სასამართლოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა ყოფილი მეუღლისთვის ე.ჩ–ძის მიმართ მშობლის უფლების შეჩერება იმ საფუძვლით, რომ იგი თავს არიდებდა შვილზე ზრუნვას.
2. აღნიშნული გადაწყვეტილებით რ.ჩ–ძის განცხადება დაკმაყოფილდა. ზ.ბ–ს ე.ჩ–ძის მიმართ მშობლის უფლება შეუჩერდა, რადგან სასამართლომ დაადგინა, რომ მას ხანგრძლივი და განუსაზღვრელი ვადით ფაქტობრივად არ შეეძლო მშობლის ზრუნვის განხორციელება. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ბავშვის მოვლა-აღზრდასა და მასზე ზრუნვას დამოუკიდებლად უზრუნველყოფდა დედა.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განხილვას ზ.ბ–ი არ დასწრებია, რადგან სარწმუნოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მას გერმანიიდან დეპორტაცია ემუქრება. აღნიშნული გარემოების გამო იგი მიიმალა და გადაადგილდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. სასამართლომ მის მიმართ გამოიყენა საჯარო შეტყობინების (საჯარო ჩაბარების) წესი.
4. დედასთან არსებული მიმოწერის საფუძველზე სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ზ.ბ–მა უარი განაცხადა ყოველგვარ კონსტრუქციულ კომუნიკაციაზე, რის გამოც იგი ვერ ახორციელებდა, ფაქტობრივად არ შეეძლო ან არ სურდა მშობლის ზრუნვის განხორციელება. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ გერმანიაში დაბრუნების შემთხვევაში ზ.ბ–ი დაექვემდებარებოდა დეპორტაციას. მისი ადგილსამყოფელი უცნობია და არ არსებობს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ეს მდგომარეობა დროებითი ხასიათისაა. იგი პერიოდულად სხვადასხვა ჰოსტელში იმყოფება, რის გამოც მასთან კომუნიკაციისა და მისთვის სამართლებრივი დოკუმენტების ჩაბარების უზრუნველყოფა შეუძლებელია.
5. ამასთან, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ მოპასუხეს შეეძლო ესარგებლა მისი უფლებების ნაკლებად შემზღუდავი საშუალებით და განმცხადებლის, ბავშვის დედის, სახელზე გაეცა მინდობილობა, თუმცა, მიუხედავად განმცხადებლის არაერთი მოთხოვნისა, მან აღნიშნულ შესაძლებლობას არ მიმართა.
6. ზემოხსენებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
7. რ.ჩ–ძემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის კოპენიკის სამხარეო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. შუამდგომლობაში მითითებულია, რომ მამის თანხმობის გარეშე დედა ვერ იღებს ე.ჩ–ძის სახელზე პასპორტს, რის გამოც ბავშვს არ შეუძლია სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი მოქმედებების განხორციელება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 5 ივნისის განჩინებით აღნიშნული შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. განჩინება და შუამდგომლობა, თანდართულ მასალებთან ერთად, არაერთხელ გაეგზავნა ზ.ბ–ს, მის მამას - გ.ბ–ს, აგრეთვე ზ.მ–ს, ვინაიდან შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ზ.ბ–მა გვარი შეიცვალა და ამჟამად მ–ის გვარს ატარებს. აღნიშნულის დასადასტურებლად შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა ამომრჩეველთა ოფიციალური ვებგვერდიდან ამობეჭდილი მონაცემები, რომლებიც შეიცავს პირის ფოტოსურათს, ახალ გვარსა და მისამართს.
9. სასამართლო გზავნილი არაერთხელ გაიგზავნა ზ.ბ–ის (მ–ის) ყველა ცნობილ მისამართზე, თუმცა მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა, რადგან ადრესატი არცერთ მითითებულ მისამართზე არ იმყოფებოდა. ამასთან, გერმანიის კოპენიკის სამხარეო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებითაც დასტურდება, რომ მოპასუხის ადგილსამყოფელის დადგენა შეუძლებელია. აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა მის მიმართ მშობლის უფლების შეჩერების ერთ-ერთ საფუძველსაც.
10. რაც შეეხება მოპასუხის მამას - გ.ბ–ს, მან სასამართლო გზავნილის მიღებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ შვილთან კომუნიკაცია მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით აქვს.
11. მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოსთვის თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
14. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ რ.ჩ–ძე და ზ.ბ–ი საქართველოს მოქალაქეები არიან. ისინი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რომლის განმავლობაშიც, 2021 წლის 8 ოქტომბერს, შეეძინათ შვილი - ე.ჩ–ძე. 2024 წლის მაისში მხარეები განქორწინდნენ. ამის შემდეგ რ.ჩ–ძემ სასამართლოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა ყოფილი მეუღლისთვის ე.ჩ–ძის მიმართ მშობლის უფლების შეჩერება იმ საფუძვლით, რომ იგი თავს არიდებდა შვილზე ზრუნვა
15. გერმანიის კოპენიკის სამხარეო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ.ჩ–ძის განცხადება და ზ.ბ–ს ე.ჩ–ძის მიმართ მშობლის უფლება შეუჩერდა, რადგან სასამართლომ დაადგინა, რომ იგი ხანგრძლივი და განუსაზღვრელი ვადით ფაქტობრივად ვერ ახორციელებდა მშობლის ზრუნვას. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ბავშვზე დამოუკიდებლად ზრუნავდა დედა.
16. სასამართლომ მიუთითა, რომ ზ.ბ–ი საქმის განხილვას არ დასწრებია, რადგან გერმანიიდან დეპორტაციის საფრთხის გამო მიიმალა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია და არ არსებობს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ეს მდგომარეობა დროებითია. დედასთან არსებული მიმოწერით დადასტურდა, რომ მან უარი განაცხადა კონსტრუქციულ კომუნიკაციაზე და არ ახორციელებდა მშობლის ზრუნვას. ამასთან, მიუხედავად განმცხადებლის მოთხოვნისა, მან არც დედის სახელზე გასცა მინდობილობა, რაც სასამართლომ დამატებით გაითვალისწინა გადაწყვეტილების მიღებისას.
17. ზემოხსენებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რ.ჩ–ძის შუამდგომლობა, თანდართული მასალებით, არაერთხელ გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს შუამდგომლობაში მითითებულ ყველა მისამართზე, თუმცა მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა სასამართლოსგან დამოუკიდებელი მიზეზით.
19. სასამართლო გზავნილი ასევე გაეგზავნა ზ.ბ–ის მამას, რომელმაც მის ჩაბარებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ შვილთან ურთიერთობა მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით აქვს; სხვა ინფორმაცია მან სასამართლოსთვის არ მიუწოდებია.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა და მასზე დართული მასალები მოწინააღმდეგე მხარისათვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან შუამდგომლობის ავტორმა უზრუნველყო ზ.ბ–ის საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული მისამართის მითითება. აღნიშნულ მისამართზე არაერთხელ გაიგზავნა სასამართლო მასალები, თუმცა ადრესატი არცერთ მისამართზე არ იმყოფებოდა.
21. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ზ.ბ–ის ადგილსამყოფელი დაუდგენელია და იგი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გადაადგილდებოდა. სწორედ მასთან კომუნიკაციის გართულება გახდა მშობლის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთი საფუძველი.
22. რაც შეეხება სასამართლოს მიერ შესაძლო სხვა ღონისძიებებს, დადგენილია, რომ მამას სასამართლო გზავნილი არ ჩაუბარებია, საქართველოში შვილის ყოფნის ფაქტი არ დაუდასტურებია და მის შესახებ რაიმე ინფორმაცია სასამართლოსთვის არ მიუწოდებია.
23. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის განხილვა უნდა წარიმართოს დროულად და ეფექტიანად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. დადგენილია, რომ ზ. ბუჯიაშვილის ადგილსამყოფელი არ არის ცნობილი და სასამართლოსთვის მის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ იგი იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, რაც მისი ჩაბარებისა და პროცესში ჩართვის შესაძლებლობას ობიექტურად ართულებს.
24. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ გერმანიის კოპენიკის სამხარეო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ემყარებოდა იმ გარემოებებს, რომ მამა ფაქტობრივად არ ახორციელებდა მშობლის მზრუნველობას, ბავშვის აღზრდასა და მოვლას უზრუნველყოფდა მხოლოდ დედა, ხოლო იგი არ იჩენდა თანამშრომლობას და არ ქმნიდა პირობებს, რომ დედას დამოუკიდებლად განეხორციელებინა ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელი სამართლებრივი და ფაქტობრივი მოქმედებები, მათ შორის მინდობილობის გაცემით. აღნიშნული გარემოებები მიუთითებს მშობლის ზრუნვის ფაქტობრივ შეწყვეტასა და ბავშვის ინტერესების რეალიზების შეფერხებაზე.
25. ამასთან, სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ მამის თანხმობის არარსებობის გამო დედას არ შეუძლია ე.ჩ–ძის სახელზე პასპორტის აღება, რის შედეგადაც ბავშვს ეზღუდება სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა და სხვა აუცილებელი სამართლებრივი მოქმედებების განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნული მდგომარეობა პირდაპირ ზღუდავს ბავშვის ინტერესების სრულყოფილ რეალიზებას და საჭიროებს დროულ და ეფექტიან სამართლებრივ გადაწყვეტას.
26. ამდენად, ბავშვის საუკეთესო ინტერესი წარმოადგენს როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც განსაკუთრებულად მაღალ სტანდარტს ადგენს ოჯახურ-სამართლებრივი ურთიერთობების შეფასებისას. აღნიშნული პრინციპი გულისხმობს, რომ ყველა პროცესუალური თუ მატერიალური სამართლებრივი გადაწყვეტილება უნდა ემსახურებოდეს ბავშვის კეთილდღეობის, განვითარების და მისი უფლებების ეფექტიან რეალიზებას.
27. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი გარემოებები მიუთითებს, რომ ბავშვის ინტერესების სრულყოფილი განხორციელება დაკავშირებულია დროულ და ეფექტიან სამართლებრივ გადაწყვეტასთან, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ერთ-ერთი მშობლის ადგილსამყოფელი უცნობია და მისი მხრიდან არ ხორციელდება აქტიური მონაწილეობა ბავშვის ცხოვრებაში. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საკითხის გადაწყვეტა ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესების რეალიზებას და უზრუნველყოფს მისი უფლებების პრაქტიკულ და რეალურ დაცვას.
28. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი ცნობა/აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი წინაპირობების თვალსაზრისით. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის უნდა არსებობდეს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა ცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიული შედეგი უნდა გავრცელდეს საქართველოში.
30. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
31. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის, კოპენიკის სამხარეო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 70-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ.ჩ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს გერმანიის, კოპენიკის სამხარეო სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც რ.ჩ–ძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ზ.ბ–ს მშობლის უფლება ე.ჩ–ძის მიმართ შეუჩერდა. დადგინდა, რომ ე.ჩ–ძეზე დამოუკიდებლად ზრუნავს დედა - რ.ჩ–ძე.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
ბადრი შონია