გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1338-2025 26 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.ვ–ი“ (ყოფილი სს „პ.დ–ა“) (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „დეპარტამენტი“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს „პ.დ–ას“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მოპასუხე კომპანია“) დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 16 512 ლარის გადახდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2019 წლის 31 დეკემბერს დეპარტამენტსა (შემსყიდველი) და მოპასუხე კომპანიას (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა კონსოლიდირებული NCON190000537 სახელმწიფო შესყიდვის N02/665/10 ხელშეკრულება;
2.2. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის სადაზღვევო (თანდართული დაზღვევის პირობების დანართი N1-ის, დანართი N2-ის და დანართი N3-ის შესაბამისად) მომსახურების გაწევა (CPV კოდი: 66500000; 665514110) სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ტენდერის CON190000537 სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებითა და ტარიფებით;
2.3. ხელშეკრულების 10.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ან/და ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში, „მხარეებს“ ეკისრება „პირგასამტეხლო“ შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებით;
2.4. ხელშეკრულების ზოგადი პირობების მეორე ნაწილის მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო დეფიციტური ნაწილის შემთხვევაში - არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში, უნდა განხორციელდეს დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების შეკეთება/აღდგენა;
2.5. 2020 წლის 1 მაისს დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ბრონირებული ა/მანქანა „ფორდ ტრანზიტი“, სახელმწიფო ნომრით .........., რომელიც ინკასაციის შესრულების მიზნით მოძრაობდა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა;
2.6. 2021 წლის 06 მაისს მოპასუხემ ხელი მოაწერა ავტოავარიის შედეგად დაზიანებული ავტომობილის ზარალის ანაზღაურებაზე შეთანხმების აქტს, ზიანის ოდენობამ შეადგინა 67 951.48 ლარი;
2.7. 2022 წლის 18 თებერვალს, 243 დღის დაგვიანებით, დასრულდა დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ა/მანქანის „ფორდ ტრანზიტის", სახელმწიფო ნომრით .........., შეკეთება;
2.8. დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის NMIA 5 21 03429586 წერილით, მოპასუხეს ეცნობა, რომ ყურადღება მიექციათ სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებებსა და ვადებზე;
2.9. 2022 წლის 09 მარტის N612 155 წერილით, დეპარტამენტის შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა მოპასუხეს აცნობა, რომ NCON N02/665/10 ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1. პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელ კომპანიას ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში (67 951,48x0,2%x243 დღე) 33 023,70 ლარს შეადგენდა, რომელიც გადახდილი უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 5 საბანკო დღის ვადაში;
2.10. 2022 წლის 21 მარტის N01 50/50 წერილით, მოპასუხემ უარი განაცხადა პირგასამტეხლოს ანაზღაურებაზე და უარის თქმის მოტივად მიუთითა, რომ შემსყიდველი ინფორმირებული იყო დაზიანებული ავტომანქანის აღდგენის ვადების დარღვევასთან დაკავშირებით. ამასთან, დეპარტამენტიდან არანაირი პრეტენზია შეკეთების ვადების დარღვევასთან დაკავშირებით, არ მიუღია.
3. სააპელაციო პალატამ საქმეზე უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობა (ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა) - დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ა/მანქანის „ფორდ ტრანზიტის“, სახელმწიფო ნომრით .........., შეკეთება დასრულდა 2022 წლის 18 თებერვალს, 243 დღის დაგვიანებით.
4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ხელშეკრულების 10.1 პუნქტზე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 2.3 ქვეპუნქტი), ხელშეკრულების ზოგადი პირობების მეორე ნაწილის მე-2 მუხლის მე-10 პუნქტზე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 2.4 ქვეპუნქტი), წინამდებარე გადაწყვეტილების 2.6 და 2.9 ქვეპუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს ნებაყოფლობით გადაუხდელობის გამო, დეპარტამენტმა აღძრა სარჩელი მოპასუხე კომპანიის მიმართ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადების გადაცილებისათვის, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
5. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა პრეტენზიას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა შეაფასა სააპელაციო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიის ჭრილში, რომელიც უკავშირდებოდა საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების მართებულობას.
6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე იმთავითვე, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში აღნიშნავდა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება არ იყო გამოწვეული მისი ბრალეული ქმედებით (შემსყიდველი ინფორმირებული იყო დაზიანებული ავტომანქანის აღდგენის ვადების დარღვევასთან დაკავშირებით. ამასთან, კომპანიას არანაირი პრეტენზია შეკეთების ვადების დარღვევასთან დაკავშირებით, არ მიუღია), ამასთან, აპელირებდა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი და ითხოვდა პირგასამტეხლოს შემცირებას.
7. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ დაადასტურა, რომ შემსყიდველი ინფორმირებული იყო დაზიანებული ავტომანქანის აღდგენის ვადების დარღვევასთან დაკავშირებით, ამასთან, კომპანიას არანაირი პრეტენზია შეკეთების ვადების დარღვევასთან დაკავშირებით, არ მიუღია; ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მომსახურების მიუწოდებლობა გამოწვეული არ იყო მოპასუხის ბრალეული ქმედებით. უფრო მეტიც, მიმწოდებელ კომპანიას, დეპარტამენტის 2021 წლის 29 დეკემბრის NMIA 5 21 03429586 წერილით, ეცნობა, რომ ყურადღება მიექციათ სატრანსპორტო საშუალებების შეკეთებებსა და ვადებზე.
8. პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენებისა და მისი შემცირების კუთხით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნის მართებულობა, კონკრეტულ შემთხვევაში შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეწონილობის თაობაზე, თუმცა მიიჩნია, რომ დარიცხული პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო არა მისი (33 023,70 ლარი) 4-ჯერ შემცირებით, არამედ უნდა შემცირებულიყო 2-ჯერ და მისი ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ავტომობილის ზარალის ანაზღაურებაზე 2021 წლის 06 მაისის შეთანხმების აქტით დადგენილი ზიანის ოდენობის (67 951.48 ლარი) 0,1%-ით, ამდენად, 2-ჯერ შემცირებით, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენდა (67 951.48 ლარის 0,1%x243) 16 512 ლარს. პალატის შეფასებით, აღნიშნული ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრება მიმწოდებლისათვის, ხელშეკრულების დარღვევის ხასიათის და ვადაგადაცილების პერიოდის გათვალისწინებით, სრულად უზრუნველყოფდა მიმწოდებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულებისათვის დაკისრებული გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას.
9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
9.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ დარიცხული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი. ვინაიდან სასამართლომ სამართლიანად ჩათვალა, რომ მოპასუხეს დარღვეული ჰქონდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადები, მას სრულად უნდა დაკისრებოდა ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლო;
9.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილება - მოპასუხეს დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლოს მხოლოდ ნახევრის ანაზღაურება, არაგონივრულია. დეპარტამენტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, კერძოდ, 2021 წლის 6 მაისიდან ე.ი. სატრანსპორტო საშუალების შეკეთება/აღდგენის ზარალის ანაზღაურებაზე გადაწყვეტილების მიღებიდან მის შეკეთებამდე - 2022 წლის 18 თებერვლამდე დეპარტამენტს მის მიერ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად ავტომანქანის უმოქმედობის/დაზიანების გამო უამრავი პრობლემა ექმნებოდა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 9 მარტის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
13. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი].
14. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო, მიმწოდებლისთვის (მოპასუხე კომპანიისათვის) დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერება.
15. პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის [სსკ-ის 417-ე მუხლი].
16. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2014წ., გვ. 590).
17. მოცემულ შემთხვევაში უდავოა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლის არსებობა (მოპასუხე კომპანიას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია). დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობა (ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა) - დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ა/მანქანის „ფორდ ტრანზიტის“, სახელმწიფო ნომრით .........., შეკეთება დასრულდა 2022 წლის 18 თებერვალს, 243 დღის დაგვიანებით (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი). დადგენილია ასევე, რომ 2022 წლის 09 მარტის N612 155 წერილით, დეპარტამენტის შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა მოპასუხეს აცნობა, რომ NCON N02/665/10 ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1. პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელ კომპანიას ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში (67 951,48x0,2%x243 დღე) 33 023,70 ლარს შეადგენდა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 2.9 ქვეპუნქტი). სააპელაციო სასამართლომ დეპარტამენტის მიერ მოპასუხისთვის დარიცხული პირგასამტეხლო შეამცირა 2-ჯერ და მისი ოდენობა განსაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ავტომობილის ზარალის ანაზღაურებაზე 2021 წლის 06 მაისის შეთანხმების აქტით დადგენილი ზიანის ოდენობის (67 951,48 ლარი) 0,1%-ით, რაც შეადგენს (67 951,48 ლარის 0,1%x243) 16 512 ლარს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრება მიმწოდებლისათვის, ხელშეკრულების დარღვევის ხასიათის და ვადაგადაცილების პერიოდის გათვალისწინებით, სრულად უზრუნველყოფს მიმწოდებლის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულებისათვის დაკისრებული გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას.
18. კასატორი პრეტენზიას აცხადებს სააპელაციო სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირებაზე და მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მოპასუხეს დარღვეული ჰქონდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადები, მას სრულად უნდა დაკისრებოდა ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლო. ამდენად, საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადავოა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.
19. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი).
20. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი).
21. პირგასამტეხლოს ოდენობასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება [სსკ-ის 319.1 მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას]. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361.2 მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სსკ-ის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე, პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს (იხ. სუსგ საქმე №ას-901-2024, 11 ოქტომბერი, 2024 წელი). ვინაიდან მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. სასამართლო ასეთ შემთხვევაში ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას ანუ სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს (იხ. სუსგ საქმე №ას-279-2023, 18 მაისი, 2023 წელი).
22. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს (იხ. სუსგ საქმე №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი). გასათვალისწინებელია, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას იწყებს მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში (ქ. მესხიშვილი, „პირგასამტეხლო, თეორიული ასპექტები“, „სასამართლო პრაქტიკა“, ჟურნალი „ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა“, III გამოცემა, 2014, გვ. 23) (იხ. სუსგ საქმე №ას-206-2025, 30 მაისი, 2025 წელი).
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკით, სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (იხ. სუსგ საქმე №ას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი). მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის არარსებობის პირობებში მოითხოვოს პირგასამტეხლოს შემცირება (იხ. სუსგ საქმე №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი).
24. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე კომპანიას არ წარმოუდგენია კვალიფიციური შესაგებელი და სათანადო არგუმენტაცია მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს (0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) შესამცირებლად.
25. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი, ასევე, დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპის ერთგვარი გამოხატულებაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე არის დამოკიდებული, რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-108-2021, 22 აპრილი, 2021 წელი).
26. მოპასუხის წერილობით პასუხში მითითებული უნდა იყოს, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, რა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ [სსსკ-ის 201.2. მუხლის „დ“ ქვეპუნქტი]. პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს [სსსკ-ის 201.4 მუხლი]. მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული [სსსკ-ის 219.1. მუხლი]. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017 წელი, პარ. 201).
27. კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა... თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია, ნათია ჩიტაშვილი, გვ.17, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf ).
28. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს საქმეზე წარდგენილი არ აქვს კვალიფიციური შედავება/შესაგებელი შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე. კერძოდ, მართალია, იგი შესაგებელში უთითებდა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო, თუმცა, არ აღუნიშნავს ამის მიზეზი და არ დაუსაბუთებია იგი შესაბამისი არგუმენტაციით (იხ. ს.ფ. 72-81). საქმეში წარმოდგენილია მოპასუხის პოზიციაც, რომელშიც იგი უთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციაზე, რომელსაც სავალდებულო ხასიათი არ გააჩნია (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-778-2025, 18 ივლისი, 2025 წელი; საქმე №ას-1519-2023, 21 ივნისი, 2024 წელი), თუმცა მოპასუხის პოზიცია არ შეიცავს კონკრეტულ გარემოებებზე მითითებას პირგასამტეხლოს შესამცირებლად (იხ. ს.ფ. 98-101).
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური ღირებულებების - მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების გათვალისწინებით, სასამართლოს არ წარმოშობია სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება, შეეფასებინა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობა და შეემცირებინა იგი. სააპელაციო სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის და ვერ უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ვალდებულების ვადაგადაცილებით (243 დღის დაგვიანებით) შესრულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას.
30. გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული [სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი]. საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები [სსსკ-ის 411-ე მუხლის პირველი წინადადება].
31. საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტებისთვის სამართლებრივი შეფასების შეცვლით, საქმის ქვემდგომ სასამართლოში დაბრუნების გარეშე, შესაძლებლად მიიჩნევს თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, ვინაიდან საქმე არ საჭიროებს ფაქტების ხელახლა დადგენას ან მტკიცებულებათა ხელმეორედ გამოკვლევას. კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, პირგასამტეხლოს სახით, 33023,70 ლარის გადახდა.
32. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, სსსკ-ის 53.1 მუხლის თანახმად [იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან], მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 2807 ლარის ((სარჩელზე გადახდილია 990,71 ლარი (ს.ფ. 65), სააპელაციო საჩივარზე - 990,71 ლარი (ს.ფ. 142), საკასაციო საჩივარზე - 825,58 ლარი (ს.ფ. 263)) გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად;
4. სს „ს.კ.ვ–ს“ (ყოფილი სს „პ.დ–ა“) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 33023,70 ლარის გადახდა;
5. სს „ს.კ.ვ–ს“ (ყოფილი სს „პ.დ–ა“) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 2807 ლარის გადახდა;
6. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა.ძაბუნიძე