დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-579-2026 07 ივლისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ.ჯ–ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ყ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.02.2026წ. გადაწყვეტილებით თ.ყ–ძის (შემდეგში - მოსარჩელე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.09.2024წ. გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ, მოსარჩელე ცნობილ იქნა გ.ჯ–იას (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ.თბილისში, .........., ს/კ:........... (შემდეგში - სადავო უძრავი ქონება), ½ ნაწილის მესაკუთრედ.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მხარეეები 2009 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საოჯახო ურთიერთობაში, ხოლო 2011 წლის 14 მარტს ქორწინება დაარეგისტრირეს;
2.2. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ შვილი - 2011 წლის 11 სექტემბერს დაბადებული ა.ჯ–ია;
2.3. სადავო უძრავი ქონება მოპასუხის საკუთრებაში ირიცხება 2011 წლის 19 დეკემბრიდან;
2.4. სადავო უძრავი ქონება 42000 აშშ დოლარადაა შეძენილი;
2.5. 2011 წლის 19 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად ხელშეკრულების მხარეები არიან: მოპასუხე და მოსარჩელე. კრედიტის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, კლიენტია მოპასუხე. კრედიტის ოდენობაა 14 000 აშშ დოლარი.
3. რაკი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით მოსარჩელემ გაასაჩივრა, წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო პალატამ იმსჯელა, არსებობდა თუ არა მოსარჩელის თანასაკუთრების ცნობის სამართლებრივი წინაპირობები სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილზე.
4. მოსარჩელე, მოთხოვნას სადავო ქონების ნახევრის მიკუთვნებაზე იმ გარემოებებს ამყარებს, რომ ქონება ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მხარეთა საერთო თანხითაა შეძენილი, რომელშიც ოჯახისთვის ნაჩუქარი ფული (მოპასუხის დედინაცვლის მიერ ნაჩუქარი 20 000 აშშ დოლარი, მოპასუხის დეიდის და მოსარჩელის ოჯახის წევრების მიერ ნაჩუქარი თანხა) და კრედიტის სახით მიღებული თანხა შედიოდა. მოსარჩელე სადავო ბინაში 10 წელი ცხოვრობდა.
5. მოპასუხის შედავება კი, იმ გარემოებას ეყრდნობა, რომ 30 000 აშშ დოლარი მამის გარდაცვალების შემდეგ დამ და დედინაცვალმა მისცა, როგორც პირადი საჩუქარი, სოლოლაკში მიცემული ბინის (ოთახი) სანაცვლოდ. ეს ოჯახისთვის ნაჩუქარი თანხა არ ყოფილა. აღნიშნულ თანხას დაემატა კრედიტის სახით აღებული 14 00 აშშ დოლარი. ამ თანხით ბინა შეიძინა. დეიდამ 5000 აშშ დოლარი რემონტისთვის აჩუქა. მოსარჩელის ოჯახს რაიმე თანხა არ მიუცია.
6. სააპელაციო პალატამ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 1158-ე, 1164-ე, 1168-ე მუხლებით იხელმძღვანელა და აღნიშნა, ქონების შეძენის პერიოდს თანასაკუთრების განსასაზღვრად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნებს ემსახურება, ამიტომ დავის წარმოშობის შემთხვევაში, ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისთვის. მეუღლეთა საერთო ქონება - ესაა ქონება, რომელიც მეუღლეებმა ერთობლივად შეიძინეს. შეძენაში მხოლოდ ფულის გადახდა არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება, რომ მეუღლეების ნება მიმართულია ქონების მათ საკუთრებაში გადასვლაზე. ამდენად, იმ საკითხის გადასაწყვეტად ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებააა თუ არა, განმსაზღვრელია უძრავი ქონების მეუღლეების მიერ ერთობლივად, რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში საერთო სახსრებით შეძენის ფაქტი და ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების საფუძვლის წარმოშობის თარიღი.
7. დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონება მოპასუხის საკუთრების უფლებით მოსარჩელესთან ქორწინების შემდეგ - 2011 წლის 19 დეკემბრიდან ირიცხება.
8. უდავოა რომ ქორწინების პერიოდში მეუღლეები ერთად ცხოვრობდნენ სწორედ სადავო ბინაში შვილთან ერთად.
9. მოპასუხის შედავება, რომ თანხის უმეტესი ნაწილი, რომლითაც შეძენილია სადავო უძრავი ქონება მოპასუხეს ინდივიდუალურად აჩუქეს, რასაც თავად მოპასუხე, მამის გარდაცვალებას უკავშირებს, სააპელაციო პალატამ არ ჩათვალა საკმარის საფუძვლად, რომ ქონება მხოლოდ მოპასუხის ინდივიდუალურ ქონებად ჩათვლილიყო.
10. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში იქნა შეძენილი და საჯარო რეესტრში მხოლოდ მოპასუხის საკუთრების უფლებით აღირიცხა, მართალია შეძენილია ნაჩუქარი თანხით, თუმცა საჩუქარს არ გააჩნდა ინდივიდუალური მოხმარების დანიშნულება, რადგან განკუთვნილი იყო ოჯახისთვის.
11. შესაბამისად, კანონშეუსაბამოდ იქნა მიჩნეული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხისთვის მამის დანაშთი სამკვიდროდან გადაცემული თანხა მიჩნეული იქნა მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებად და არა მეუღლეთა საქორწინო საჩუქრად, რამდენადაც საქმეზე წარმოდგენილი არ იყო მტკიცებულება, რაც მემკვიდრეობის მიღების ფაქტს დაადასტურებდა.
12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოპასუხემ.
13. კასატორი აღნიშნავს, მიღებული თანხა ოჯახის საჩუქარი არ ყოფილა, არამედ მოპასუხემ მამის გარდაცვალების შემდეგ მისი კუთვნილი სამკვიდრო წილის სანაცვლო კომპენსაციის სახით მიიღო. მოსარჩელე, თავადაც აღნიშნავდა, რომ მოპასუხემ მამის გარდაცვალების შემდეგ თანხა მიიღო დისა და დედინაცვლისაგან, სასამართლოს ეს განმარტება უნდა მიეჩნია ფაქტის აღიარებად. ამ თანხის საჩუქრად მიჩნევა მოკლებულია დასაბუთებას. კასატორი აღნიშნავს, სადავო ბინა შეძენილია 42 000 აშშ დოლარად, საიდანაც 30 000 აშშ დოლარი მისი სამკვიდრო წილის ფარგლებში მიღებული თანხაა, რაც ნიშნავს, რომ ეს თანხა მოპასუხის ინდივიდუალური საკუთრებაა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
16. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე (სსსკ-ის 391.5 მუხლი).
17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სადავო ქონების ნახევარზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების მართლზომიერება.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ (სსკ-ის 1161-ე-1162-ე მუხლები) და საერთო თანაზიარ საკუთრებად (სსკ-ის 1158-ე მუხლი).
20. ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. თანაზიარ ქონებად (მეუღლეთა საერთო ქონებად) ჩაითვლება მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება, თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ, როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით (შდრ. სუსგ-ები №ას-7-7-2016, 16.03.2016წ.; №ას-708-708-2018, 26.07.2019წ.; №ას-1314-2020, 22.02.2022წ.).
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 1158-ე მუხლი ადგენს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების მათ საერთო ქონებად, თანასაკუთრებად არსებობის პრეზუმფციას. მითითებული ნორმა განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მიმართ და ემსახურება ოჯახის ინტერესების დაცვის მიზანს, კერძოდ, ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის, საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად. ამდენად, დავის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) საკმარისი საფუძველია ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის.
22. სადავო ქონების თანასაკუთრებად პრეზუმირების ფარგლებში, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც სადავოდ ხდის ამ გარემოებას (სუსგ-ები №ას-1426-1346-2017, 02.03.2018წ.; №ას-888-2024, 7.10.2025წ.).
23. ფაქტობრივი გარემოებების მითითების და მათი დამტკიცების ტვირთთან დაკავშირებით კი, საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:
24. მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი კომპონენტისაგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).
25. მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ წინაპირობებს, ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია).
26. თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს.
27. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას.
28. ამდენად, ასე უწყვეტად, მოსამართლე გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები.
29. მოსარჩელის მითითებით, სადავო უძრავი ქონება, მხარეებმა რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეიძინეს. ქონება, საჯარო რეესტრში ერთ-ერთი მეუღლის - მოპასუხის, სახელზე აღირიცხა. ამჟამად, მეუღლეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელე, მხარეთა საერთო შვილთან ერთად, დედის სახლში ცხოვრობს. მოსარჩელე თანაცხოვრებაში შეძენილი ქონებიდან კუთვნილ წილზე - ქონების ნახევარზე, საკუთრების უფლების ცნობას ითხოვს.
30. მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე სადავო ქონების მხოლოდ 1/6 ნაწილის მესაკუთრედ იქნა ცნობილი, აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით მხოლოდ მოსარჩელემ გაასაჩივრა. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ იმსჯელა სადავო საკითხზე, მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება, როგორც მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილი, მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენდა, ხოლო მასზე ან მის ნაწილზე საკუთრების განსხვავებული რეჟიმის - ინდივიდუალური საკუთრების, გასავრცელებლად სწორედ მოპასუხე იყო ვალდებული წარმოედგინა რელევანტური მტკიცებულებები.
31. თავის მხრივ, მოპასუხემ მიუთითა, რომ სადავო უძრავი ნივთი შეძენილ იქნა არა მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, არამედ, ნასყიდობის საფასურის სახით გადახდილი თანხის უმეტესი ნაწილი - 30 000 აშშ დოლარი, საჩუქრად მიიღო მამის გარდაცვალების შემდეგ, დედინაცვლისაგან. საჩუქრად მიღებული თანხა მისი ინდივიდუალური ქონებაა. შესაბამისად, ხსენებული თანხით შეძენილ ნივთზე არ უნდა გავრცელდეს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი (იხ., შესაგებლის მე-4 ფაქტობრივი გარემოება და დამატებითი ფაქტობრივი გარემოება - ს.ფ. 47, 48). აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას მოიხმობს: „ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიერ საჩუქრად მიღებული ნივთის საკუთრების ფორმის (ინდივიდუალური თუ საერთო) განსაზღვრისათვის, არსებითი მნიშვნელობისაა, დადგინდეს მჩუქებლის ნება. მოპასუხის მამის ნება მოპასუხის ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნვისაკენ იყო მიმართული და ოჯახის საერთო მიზნებს ემსახურებოდა, რაც იმ გარემოებით დასტურდება, რომ სადავო უძრავ ქონებაში მოპასუხე თავის მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობდა... სადავო საცხოვრებელი სახლი, რომელიც კასატორმა, ქორწინების განმავლობაში, მამის ნაჩუქარი ფულით შეიძინა, მთლიანი ოჯახისათვის იყო განკუთვნილი და როგორც საჩუქარი, მოკლებული იყო ინდივიდუალური მოხმარების ხასიათს.“ (იხ., სუსგ №ას-963-2018 25 აპრილი, 2019 წელი, პ .22).
32. ზემოთ მოხმობილი სამართლებრივი ნორმებისა და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ქორწინების პერიოდში შეძენილ სადავო უძრავ ქონებაზე, თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე, დასაბუთებულია და სააპელაციო სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა, რომ აპელანტის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო.
33. საკასაციო პალატა დადასტურებულად კასატორის არც იმ მოსაზრებას მიიჩნევს, რომ სადავო ქონების შესაძენად საჭირო თანხის უმეტესი ნაწილი - 30 000 აშშ დოლარი, რომელზეც შესაგებლის პოზიცია ჩუქებას ეფუძნებოდა, გარდაცვილი მამის სამკვიდროდან კუთვნილი წილის კომპენსაცია იყო (დეტალურად იხ., საკასციო საჩივარი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია, ხოლო მოსარჩელის მიერ სადავო გარემოების ფაქტის აღიარებასთან მიმართებით წარმოდგენილი კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია. კასატორი, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ, მასზე დაკისრებულ მტკიცების ტვირთს თავს ვერ ართმევს და ვერ ასაბუთებს, რომ ბინა, რომელიც ქორწინების პერიოდში შეიძინა და მასში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, მისი ინდივიდუალური საკუთრებაა (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლი).
34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. ამდენად საკასაციო პალატა კასატორთა არაძირითად არგუმენტებზე აღარ იმსჯელებს (იხ., „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის შეფასებით, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, კასატორმა კი ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
37. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.ჯ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. გ.ჯ–იას (პ/ნ: ......) დაუბრუნდეს 13.05.2026წ. №444 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4900 ლარის 70% – 3,430 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე