დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1187-2025 07 ივლისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“ (ყოფილი ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“) (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი/მ ა.კ. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.06.2025წ. განჩინებით ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ (ყოფილი ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“) (შემდეგში: სააგენტო ან მოსარჩელე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 02.04.2021წ. გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ი.მ ა.კ–ს (შემდეგში - ბენეფიციარი ან მოპასუხე) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 4 000 ლარის ოდენობით.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.სააგენტოს, ბენეფიციარს და სს „თ.ბ–ს“ (შემდეგში- ბანკს) შორის 13.12.2016წ. მიზნობრივი თანადაფინანსების შეთანხმება დაიდო;
2.2.იმავე დღეს „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში ბანკსა და ბენეფიციარს შორის საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც სესხის თანხა 270 000 ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთი - 13%-ით განისაზღვრა. სააგენეტოს თანადაფინანსების მაქსიმალურ ჯამურ თანხად 86 093,17 ლარი მიეთითა. მიზნობრიობა - 110 მაღალკალორიული ავსტრიული ჯიშის მაკე უშობელი ფურის შესყიდვა;
2.3.შეთანხმების მე-3 პუნქტის მიხედვით სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს წინასწარი შეტყობინების გარეშე განხორციელოს სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი, ხოლო თუ მონიტორინგის შედეგად დადგინდება ბენეფიციარის მხრიდან მიზნობრიობის დარღვევა, სააგენტო შეწყვეტს თანადაფინანსებას. ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებულ სანქციას რაც შეეხება, შეთანხმების მესამე პუნქტის მიხედვით სააგენტო უფლებამოსილია ბენეფიციარს დააკისროს პირგასამტეხლო სესხზე გადახდილი თანადაფინანსების სრული თანხის ოდენობით.
2.4. სააგენტომ 16.08.2018წ. განახორციელა მიზნობრივი თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმების მონიტორინგი. 21.01.2019წ. კომისიის სხდომის N1 ოქმით დადგინდა შემდეგი:
2.4.1. სესხის თანხიდან 70 000 ლარი მოხმარდა ამავე სესხის ძირის დაფარვას ისე რომ არ შესრულდა შესაბამისი მიზნობრიობა (დაფარვა ფიქსირდება საველე მონიტორინგის საკრედიტო პროგრამასა და საბანკო ანგარიშიდან ამონაწერშიც);
2.4.2. 4 800 ლარი მოხმარდა საბრუნავი საშუალებების შესყიდვას (საქონლის კარანტინში ყოფნის დროს მწყემსისა და საქონლის საკვების ხარჯი);
2.4.3. 7 261.57 ლარის ხარჯვის მიზნობრიობა ვერ დგინდება, რადგანაც არ არის წარმოდგენიი ხარჯვის დოკუმენტაცია (ამასთან დაკავშირებით მოხდა ბენეფიციართან სატელეფონო გასაუბრება, რა დროსაც მან განაცხადა, რომ დარჩენილი თანხაც მოახმარა საქონლის საკარანტინო მომსახურებას, რაზეც საბუთს ვერ წარმოადგენს);
2.4.4. დოკუმენტაციის ნაწილი შეიცავს სხვადასხვა ხასიათის ხარვეზებს (მათ შორის, გარკვეულ დოკუმენტაციაში არ არის მითითებული განხორციელებული ოპერაციის თარიღები).
2.5. კომისიამ მონიტორინგის შედეგად გადაწყვიტა:
2.5.1. შეუწყდეს ბენეფიციარს სესხზე სააგენტოს მიზნობრივი თანადაფინანსება და მეორადი უზრუნველყოფა;
2.5.2. მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს სააგენტოს მიერ სესხზე გადახდილი თანადაფინანსების თანხა - 39 887.34 ლარი;
2.5.3. ეთხოვოს „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მენეჯერს ვ.ქ–ს აცნობოს კომისიის გადაწყვეტილების შესახებ მოპასუხეს და სესხის გამცემ კომერციულ ბანკს.
2.6.დადგენილია რომ ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში ი.მ ა.კ–მა სარჩელი წარადგინა სააგენტოს პროექტების/პროგრამის მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიის 21.01.2019წ. N1 სხდომის ოქმის მის ნაწილში გაუქმების, სესხის ხელშეკრულების აღდგენის და ურთიერთობის გაგრძელების მოთხოვნით, რომელიც უარყოფილი იქნა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 27.12.2019წ. გადაწყვეტილებით და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
2.7. სააგენტომ 19.02.2019წ. ბენეფიციარს აცნობა, რომ პროექტების/პროგრამების მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიის 21.01.2019წ. სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე, 13.12.2016წ. გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად სააგენტო წყვეტს სესხის პროცენტის თანადაფინანსებას და მეორად უზრუნველყოფას 21.01.2019 წლიდან. ამასთან, ბენეფიციარს პირგასამტეხლოს - 39 887.34 ლარის გადახდა დაევალა.
2.8. 09.11.2016წ. განხორციელდა „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის“ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან“ შერწყმა.
3. რაკი, სააგენტოს სარჩელი ბენეფიციარის მიმართ პირგასამტეხლოს - 39 887.34 ლარის დაკისრების შესახებ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 02.04.2021წ. გადაწყვეტილებით 4000 ლარის ნაწილში დაკმაყოფილდა, და გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს სრულად დაკისრების მოთხოვნით სააპელაციო საჩივრით მხოლოდ სააგენტომ გაასაჩივრა, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ბენეფიციარის მხრიდან 13.12.2016წ. შეთანხმების დარღვევა და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება მხოლოდ პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში შეამოწმა.
4. სააგენტო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში უთითებდა, რომ პირგასამტეხლოს სახით სწორედ იმ თანხას ითხოვდა რომელიც სახელმწიფომ არამიზნობრივად გახარჯულ სესხზე გადაიხდა. აპელანტს მიაჩნდა, რომ თანადაფინანსების ფარგლებში გადახდილი თანხა ადეკვატურ პირგასამტეხლოს წარმოადგენდა, და რაიონულ სასამართლოს მისი შემცირების უფლება არ ჰქონდა. აპელანტი იმასაც აღნიშნავდა, რომ გარდა სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრებისა, მოსარჩელე მოპასუხეზე გაწეული საპროცესო ხარჯის დაკისრებასაც მოითხოვდა (იხ., სააპელაციო საჩივარი - ტ.2. ს.ფ. 178, 180, 183).
5. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თანხას, რომელსაც სააგენტო ბენეფიციარს სთხოვდა სწორედ პირგასამტეხლო იყო, რომლის შემცირების შესაძლებლობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი ითვალისწინებდა.
6. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ სესხის თანხის - 270 000 ლარიდან 70 000 ლარი მოხმარდა ამავე სესხის ძირის დაფარვას ისე, რომ არ შესრულდა შესაბამისი მიზნობრიობა; 4800 ლარის მოხმარდა საბრუნავი საშუალებების შესყიდვას; 7261.57 ლარის ხარჯვის მიზნობრიობა ხარჯვის დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო, ვერ დადგინდა. ბანკის 26.05.2019წ. წერილით დადგენილია, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში ბენეფიციარისთვის სესხის დასაფარად ჩარიცხული სააგენტოს თანადაფინანსების თანხა 21.01.2019წ. მდგომარეობით 39 887.34 ლარს შეადგენდა.
7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია რომ პირგასამტეხლოს სახით 39 887.34 ლარის გადახდევინება არაგონივრულია და ვალდებულების დარღვევის ხასიათის, შეთანხმების შესრულების მიმართ მხარის ინტერესის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს 4000 ლარამდე შემცირება სრულიად მართებულია და შეესაბამება ბენეფიციარის მიერ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტმა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
9. კასატორი სადავოდ ხდის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ პირგასამტეხლოს შემცირებას და აღნიშნავს, რომ მოპასუხეს საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ მიუთითებია, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია (იხ. საკასაციო საჩივარი - ტ.3. ს.ფ. 96).
10. ამასთან, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ ვერ მოახდინა მოთხოვნის იდენტიფიცირება, რამდენადაც მოსარჩელე ითხოვდა ხელშეკრულებიდან გასვლას ვალდებულების დარღვევის გამო და გადახდილი თანხის სრულად დაბრუნებას, სასამართლომ კი მოსარჩელის მოთხოვნა მიიჩნია პირგასამტეხლოს დაკისრებად და იმსჯელა პირგასამტეხლოს გონივრულობაზე (იხ. საკასაციო საჩივარი - ტ.3. ს.ფ. 96)..
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2026 წლის 04 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობა და დაასკვნა, რომ მოსარჩელე სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების პ.2-ში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, რის გამოც, მათ საკასაციო პალატისთვის სავალდებულო ძალა აქვთ.
15. რაკი, კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია მოთხოვნის იდენტიფიცირებისკენაა მიმართული, საკასაციო სასამართლო ყურადღებას სასარჩელო მოთხოვნასა, და მის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველზე გაამახვილებს.
16. ირკევევა, რომ სარჩელით მოსარჩელე მოპასუხეს პირგასამტეხლოს - სესხზე გადახდილი თანადაფინანსების თანხის (39 887.34 ლარი) დაბრუნებას სთხოვს (იხ., ტ.1. ს.ფ. 8, სარჩელის მოთხოვნა) და მოთხოვნას იმ გარემოებებზე აფუძნებს, რომ ბენეფიციარმა 13.12.2016წ. მიზნობრივი თანადაფინანსების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია. ვალდებულების დარღვევა კომისიამ დაადგინა მონიტორინგის შედეგად და გადაწყვიტა რომ ბენეფიციარს შეუწყდება სესხზე სააგენტოს მიზნობრივი თანადაფინანსება და მეორადი უზრუნველყოფა, და პირგასამტეხლოს სახით სესხზე გადახდილი თანადაფინანსების თანხა - 39 887.34 ლარი დაეკისრება (იხ., ტ.1. ს.ფ. 26); სააგენტომ 19.02.2019წ. ბენეფიციარს აცნობა, კომისიის 21.01.2019წ. სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე წყვეტს სესხის პროცენტის თანადაფინანსებას და მეორად უზრუნველყოფას და ბენეფიციარს პირგასამტეხლოს - 39 887.34 ლარის გადახდას ავალებს (იხ., ტ.1. ს.ფ. 29).
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ.
18. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა, ვალდებულების დარღვევაა. ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოხატულებას ჰპოვებს მოვალეზე კანონით დადგენილი ქონებრივი ზემოქმედების ზომებში.
19. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე. ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესი სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიკეთეა ნებისმიერ სამართლებრივ სისტემაში. სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ყველაზე გავრცელებული სახეა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ანუ პასუხისმგებლობა გამოიხატება დამრღვევი მხარის ვალდებულებაში, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი ნატურით ან ფულადი სახით.
20. ზიანის ანაზღაურება იწვევს ქონებრივი ან არაქონებრივი ხასიათის უარყოფითი შედეგების დადგომას. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი სახის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის არსებობისას (შდრ. ჰ.ბოილინგი, პ. ლუტრინგჰაუსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული მოთხოვნების სისტემური ანალიზი, თბილისი, 2009, 33).
21. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის, ზიანის ანაზღაურების დაკისრების ცენტრალურ და უზოგადეს ნორმას სსკ-ის 394.I მუხლი წარმოადგენს, რომელიც კრედიტორს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს.
22. ზიანის ერთ-ერთი გავრცელებული სახეა პირგასამტეხლო (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომელიც წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას და მისი გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
23. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
24. პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობაა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა. მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი ფორმით შეთანხმების არსებობა (სსკ-ის 418-ე მუხლი), ხოლო მოვალის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა, რაც მოვალის ბრალით არ არის განპირობებული.
25. მოცემულ საქმეში, დადგენილია და აღნიშნულის წინააღმდეგ მოპასუხეს პრეტენზია არ დაუფიქსირებია, რომ წერილობითი ფორმით არსებობს მხარეთა შეთანხმება პირგასამტეხლოს დაკისრებაზე. მეტიც, წარმოდგენილ საკასაციო შესაგებელში მოწინააღმდეგე მხარე უთითებს, რომ სააგენტოს მოთხოვნა სწორედ პირგასამტეხლოს დაკისრება იყო (იხ., ტ.1. შესაგებელი საკასაციო საჩივარზე).
26. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სესხზე გადახდილი თანადაფინანსების თანხის - 39 887.34 ლარის პირგასამტეხლოს სახით დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა, სამართლებრივ მოწესრიგებას სსკ-ის 417, 418-ე მუხლების საფუძველზე საჭიროებს და ამ ნაწილში გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სწორედ პირგასამტეხლოს დაკისრებაში მდგომარეობს.
27. რაც შეეხება კასატორის ძირითად საკასაციო შედავებას, სააგენტო სადავოდ ხდის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ პირგასამტეხლოს შემცირებას და აღნიშნავს, რომ მოპასუხეს საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე პირგასამტეხლოს თანხის შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე არ მიუთითებია.
28. კასატორის ზემომითითებულ პრეტენზიას საკასაციო პალატა იზიარებს და მიაჩნია, რომ კასატორმა პირგასამტეხლოს არაკანონიერი შემცირების საკითხზე დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო შეადვება წარმოადგინა.
29. პირველ რიგში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სსკ-ის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. “pacta sunt servanda“- ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო.
30. სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების თავისუფლება ეფუძნება მხარეთა სურვილს, დაამყარონ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ხელშეკრულების დადების თავისუფლება; ბ) ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებული ხელშეკრულების სახეები არ არის ამომწურავი. ხელშეკრულების მხარეებს, როგორც წესი უფლება აქვთ, დამოუკიდებლად აირჩიონ ხელშეკრულების ტიპიც და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი (იხ., ჯორბენაძე ს., ხელშეკრულების თავისუფლება სამოქალაქო სამართალში, თბილისი, 2017წ., 103).
31. ხელშეკრულება მიიჩნევა მხარეთა ნების დეკლარაციად და ასახავს ხელშემკვრელი მხარეების მიერ წინასწარ შეთანხმებულ პირობებს. მხარეთა შეთანხმების შედეგად მიღებულ დოკუმენტში პირობების/დათქმების დაზუსტება შესაძლებელია ამავე მხარეების შეთანხმების გზით. ხელშეკრულების ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, კონტრაჰენტები ვალდებულნი არიან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები განუხრელად დაიცვან და მათ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად იმოქმედონ.
32. ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლებში, მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში. შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას ანუ, სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე (შდრ: სუსგ №ას-279-2023, 18 მაისი, 2023 წელი; დამატებით იხ., ჩიტაშვილი ნ., პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17 <http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf>
33. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება, ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ., ჯორბენაძე ს., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019წ., 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
34. კანონმდებელმა დააწესა სამართლებრივი მოწესრიგება, რომელიც სასამართლოს აღჭურავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება.
35. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.
36. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება.
37. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა. გამომდინარე იქედან, რომ თეორიასა და სასამართლო პრაქტიკაში, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან, უშუალოდ ვალდებულების დარღვევის ხარისხის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს გონივრულობის დადგენის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა (შდრ.: გაგუა ი., ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გამომცემლობა, თბილისი, 2017წ. 47).
38. პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს). ამ მხრივ, დავის გადაწყვეტაში სარჩელთან ერთად მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონეა მოვალის (მოპასუხე) შესაგებელი.
39. შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი.
40. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.
41. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.
42. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“ (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIძ), 2013წ., 19.)
43. კასატორი აცხადებს, რომ მოპასუხეს საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე სადავოდ პირგასამტეხლოს გონივრულობა არ გაუხდია. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა კი, სადავო თანხა, როგორც არაგონივრული პირგასამტეხლო დაუსაბუთებლად შეამცირეს. კასატორი იმასაც აღნიშნავს, რომ სადავო თანხას სააგენტო როგორც ვალდებულების დარღვევის გამო ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად მისაღებ თანხას ისე ითხოვდა, რის გამოც, სასამართლოებს მისი შემცირების უფლება გამოყენებული სამართლის ნორმების საფუძველზე არ გააჩნდათ (იხ., საკასაციო საჩივარი - ტ.3. ს.ფ. 96).
44. კასატორის ზემომითითებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით მოწინააღმდეგე მხარეს არც საკასაციო შესაგებელში მიუთითებია, რომ პირგასამტეხლოს შემცირების საკითხი, მის არაგონივრულობაზე მითითებით, საქმის წარმოების რომელიმე ეტაპზე ჰქონდა დაყენებული. მოწინააღმდეგე მხარემ მხოლოდ აღნიშნა, რომ სადავო თანხას სააგენტო სარჩელშივე ითხოვდა პირგასამტეხლოს სახით და ქვემდგომი ინსატანციის სასამართლოებმაც სარჩელის მოთხოვნაზე შესაბამისი სამართლებრივ საფუძვლით იმსჯელეს (იხ., საკასაციო შესაგებელი - ტ.3.)
45. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააგენტოს საკასაციო პრეტენზია გასაზიარებელია - არ დასტურდება, რომ მოპასუხემ შესაგებლით სადავო გახადა პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობა, როგორც შეუსაბამოდ მაღალი ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.
46. ვინაიდან, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში, იურიდიულად დაუსაბუთებელია.
47. საკასაციო პალატა აღნიშნავს, თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, სასამართლო მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე შეზღუდულია შესაძლებლობით იკვლიოს პირგასამტეხლო რამდენად არის შეუსაბამოდ მაღალი რამდენადაც სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა.
48. ზემომითითებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააგენტოს საკასაციო საჩივარი რომლითაც იგი ითხოვს სარჩელით მოთხოვნილი თანხის სრულად დაკისრებას საფუძვლიანია, და აღნიშნული თანხა, როგორც მხარეთა მიერ შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო სრულად უნდა დაეკისიროს მოპასუხეს. შესაბამისად, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
49. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
50. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სრულად დაკმაყოფილდეს. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა სრული ოდენობით.
51. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
52. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამივე ინსტანციაში გაწეული ხარჯი (სარჩელზე - 1 200 ლარი. ს.ფ. 41, ტ.1.; სარჩელის უზრუნველყოფაზე - 50 ლარი. ს.ფ.49, ტ.1.; გამარტივებული წარმოების სააპლიკაციო საფასურზე - 100 ლარი. ტ.1. ს.ფ. 33; სააპელაციო საჩივარზე - 1650.29 ლარი. ტ.2. ს.ფ. 197; საკასაციო საჩივარზე - 1794.37 ლარი. ტ.1. ს.ფ. 107) - 4,794.66 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გადაწყვიტა:
1. ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ (ყოფილი ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“) საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინება;
3. ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ (ყოფილი ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“) სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ი.მ ა.კ–ს ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ (ყოფილი ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“) სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 39 887.34 ლარის ოდენობით;
5. ი.მ ა.კ–ს ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ (ყოფილი ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე, სარჩელის უზრუნველყოფაზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 4,794.66 ლარის გადახდა;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე