გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.07.2026
საქმის ნომერი
ას-655-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-655-2025 10 ივლისი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ს–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ.გ–ი“ (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში - მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ჯ.გ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს–ის“ (შემდგომ – მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, აპელანტი, კასატორი) მიმართ ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 289 667,70 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 12 ოქტომბერს მხარეებს შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება, ამ შეთანხმების გაფორმებიდან 190 კალენდარული დღის ვადაში, შეესრულებინა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების - ........... და ........... გაზიფიცირების სამშენებლო მომსახურება. მომსახურებისათვის საჭირო მასალების ბაზარზე მოძიებისა და შემსრულებლის (მოსარჩელისათვის) მიწოდებას უზრუნველყოფდა დამკვეთი (მოპასუხე). მოსარჩელე იტოვებდა უფლებას, არ გადაეხადა დამკვეთისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულება და მომსახურების გაწევის დასრულებისას მოეხდინა მისგან შეძენილი საქონლის ღირებულების გაქვითვა გაწეული მომსახურების ღირებულებაში. გაზსადენის სავარაუდო საერთო სიგრძე შეადგენდა 34 347 მეტრს.

3. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ნადრობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად შეასრულა, თუმცა მოპასუხეს მომსახურების ღირებულება სრულად არ აუნაზღაურებია.

მოპასუხის/შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ძირითადი მოსარჩელისათვის ზიანის სახით 431 959.47 ლარის გადახდევინებისა და, 2020 წლის 02 ოქტომბრის ხელშეკრულების ვადის დარღვევისთვის, პირგასამტეხლოს - ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ანაზღაურებისათვის 2021 წლის 3 იანვრიდან 15 ივლისამდე პერიოდისათვის, სულ - 206 562,85 ლარის ოდენობით.

5. მოპასუხემ მიუთითა, რომ მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულება დაიდო 90 და არა 190 დღით. მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა გადააცილა 194 დღით. ხელშეკრულების ღირებულება კი შეადგენდა 1 064 757 ლარს.

შეგებებულ სარჩელზე მოპასუხის პოზიცია:

6. ძირითადმა მოსარჩელემ შეგებებული სარჩელი მხოლოდ 99 000 ლარის ნაწილში ცნო, რაც შეეხებოდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე წარმოშობილ ვალდებულებებს. დანარჩენ ნაწილში მხარემ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ დაურღვევია, ხოლო პირგასამტეხლოს მოთხოვნით მისთვის მოწინააღმდეგე მხარეს არასდროს მიუმართავს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 289667,70 ლარის გადახდა, შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ძირითად მოსარჩელეს შეგებებული სარჩელის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა 100 064,75 ლარის ანაზღაურება, შეგებებული სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. 2020 წლის 2 ოქტომბერს მოპასუხესა (დამკვეთი) და მოსარჩელეს (შემსრულებელი) შორის გაფორმებული №02/10/2020 ნარდობის ხელშეკრულების თანახმად: შემსრულებელი ვალდებული იყო, დამკვეთის სასარგებლოდ, შეესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში შემდეგი სამუშაოები, კერძოდ: ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ და სოფელ ........... გაზიფიცირების სამშენებლო მომსახურება, მასალის შესყიდვას უზრუნველყოფდა დამკვეთი. დამკვეთის მიერ შესყიდული მასალის ღირებულება გამოაკლდებოდა შემსრულებელთან დადებულ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ საერთო ღირებულებას. გაზსადენის სავარაუდო საერთო სიგრძე შეადგენდა 34 347 მეტრს (შემდეგ - მომსახურება). მომსახურება უნდა განხორციელებულიყო შემსრულებლის ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, რომელიც №1 დანართის სახით ერთვოდა ხელშეკრულებას და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს.

10. ფაქტობრივად შესრულებულ მომსახურებაზე შემსრულებლის მიერ გამოწერილი და დამკვეთის მიერ დადასტურებული/ხელმოწერილი მიღება-ჩაბარებით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ან/და სასაქონლო ზედნადებით დადასტურდებოდა ფაქტობრივად შესრულებული მომსახურების შემსრულებლის მიერ ჩაბარება და დამკვეთის მიერ მიღება.

11. მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 1 გრძივი მეტრის გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოს შესრულება - 31 ლარით (დღგ-ს ჩათვლით). დამკვეთის მიერ ტენდერით გათვალისწინებული დანართი 1-ში მოცემული რომელიმე სამუშაოების მოცულობების აუთვისებლობა გამოიწვევდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ასანაზღაურებელი თანხის შემცირებას. ღირებულება მოიცავდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს.

12. ანაზღაურების გადახდა მოხდებოდა ნაღდი ან/და უნაღდო საავანსო ანგარიშსწორების გზით, წინასწარ შეთანხმებული საავანსო გადახდებით, შესრულებული სამუშაოს პროპორციულად. სულ ავანსის თანხა შეადგენდა 100 000 ლარს, დღგ-ს ჩათვლით, პერიოდულად წარმოდგენილი ზოგადი დანახარჯების მიხედვით ან/და ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.

13. დამკვეთი ვალდებული იყო: მიეღო ფაქტობრივად შესრულებული მომსახურება და დაედასტურებინა/ხელი მოეწერა მიღება-ჩაბარებისათვის, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისათვის ან/და სასაქონლო ზედნადებისათვის ან რაიმე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, ზეპირი ან წერილობითი ფორმით მიემართა შემსრულებლისათვის და მოეთხოვა ნაკლის შემსრულებლის ხარჯით გამოსწორება. დროულად და სრული ოდენობით გადაეხადა შემსრულებლისათვის კუთვნილი ანაზღაურება. დამკვეთს შეეძლო, დაეკისრებინა შემსრულებლისათვის ხელშეკრულების ღირებულების 0,1% პირგასამტეხლოს გადახდა, მომსახურების შესრულების ვადის დარღვევის გამო, და დაექვითა ანგარიშსწორებისას მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა.

14. შემსრულებელი ვალდებული იყო: დროულად, კეთილსინდისიერად და პირადად შეესრულებინა მომსახურებით გათვალისწინებული სამუშაოები, მისი გადაცემული პროექტის მიხედვით, დამკვეთის წინასწარი თანხმობის საფუძველზე სამუშაოების შესასრულებლად დაექირავებინა ქვეკონტრაქტორები. შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა ეცნობებინა დამკვეთისათვის. შესრულებული სამუშაოები/გაწეული მომსახურება უნდა ყოფილიყო უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო. შემსრულებელი ვალდებული იყო, შეეთანხმებინა დამკვეთთან სამუშაოების შესასრულებლად გამოსაყენებელი მასალა-მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები, სამშენებლო სამუშაოების შესრულების პერიოდში დაეცვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უსაფრთხოების ნორმები. გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან/და სასაქონლო ზედნადების გაფორმებისას დამკვეთისათვის საკუთრებაში გადაეცა მომსახურებასთან დაკავშირებული ყველანაირი სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება. აენაზღაურებინა დამკვეთისათვის გაწეული მომსახურების/შესრულებული სამუშაოების ნაკლის გამოსწორებასთან დაკავშირებული ის ხარჯები, რომელსაც დამკვეთი გასწევდა დამოუკიდებლად. აენაზღაურებინა დამკვეთისათვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯი, ასევე, ფაქტობრივად მიყენებული ზიანი, თუ დამკვეთი ხელშეკრულებაზე უარს იტყოდა შემსრულებლის ბრალით. ფაქტობრივად გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან/და სასაქონლო ზედნადების გაფორმების შემდეგ, საკუთარი ხარჯით გამოესწორებინა ნებისმიერი გამოვლენილი ნაკლი/ხარვეზი, რომელსაც შემსრულებელი განზრახ დამალავდა ან დაუდევრობის გამო, არ ეცოდინებოდა მის შესახებ, მაგრამ, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა სცოდნოდა. შემსრულებელი ვალდებული იყო, ტექნიკური სამუშაოს შესრულებაზე ზედამხედველობა განეხორციელებინა სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის მეშვეობით.

15. ხელშეკრულება ძალაში შევიდა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე და მოქმედებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა სრულად შესრულებამდე. 2020 წლის 2 ოქტომბერს ნარდობის ხელშეკრულების №1 დანართის შესაბამისად, მისი ხარჯთაღრიცხვა განისაზღვრა 1 064 757 ლარით, საიდანაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ........... სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 462 023,24 ლარს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ ღირებულება კი - 602 733,76 ლარს.

16. 2020 წლის 12 ოქტომბერს მოპასუხესა (დამკვეთი) და მოსარჩელეს (შემსრულებელი) შორის გაფორმებული №12/10/2020 ნარდობის ხელშეკრულების თანახმად: შემსრულებელი ვალდებული იყო, დამკვეთის სასარგებლოდ, შეესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 190 კალენდარულ დღეში შემდეგი სამუშაოები, კერძოდ: ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ და სოფელ ........... გაზიფიცირების სამშენებლო მომსახურება. მომსახურებისთვის საჭირო მასალის ბაზარზე მოძიებას და შემსრულებლისთვის მიწოდებას (საკუთრების უფლებით) უზრუნველყოფდა დამკვეთი. შემსრულებელი იტოვებდა უფლებას, არ გადაეხადა დამკვეთისათვის მოწოდებული საქონლის ღირებულება და მომსახურების გაწევის დასრულებისას მოეხდინა დამკვეთისგან შეძენილი საქონლის ღირებულების გაქვითვა მის (შემსრულებლის) მიერ დამკვეთისათვის გაწეული მომსახურების ღირებულებაში. გაზსადენის სავარაუდო საერთო სიგრძე შეადგენდა 34 347 მეტრს (შემდეგ - მომსახურება). შემსრულებელს მომსახურება უნდა განეხორციელებინა ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, რომელიც №1 დანართის სახით ერთვოდა ხელშეკრულებას და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს.

17. მომსახურების ღირებულება განისაზღვრა შემდეგი სახით: 1 გრძივი მეტრის გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოს შესრულება - 31 ლარით (დღგ-ს ჩათვლით). დამკვეთის მიერ ტენდერით გათვალისწინებულ №1 დანართში მოცემული რომელიმე სამუშაოების მოცულობების აუთვისებლობა გამოიწვევდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ასანაზღაურებელი თანხის შემცირებას. ღირებულება მოიცავდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასახადს.

18. ანაზღაურების გადახდა მოხდებოდა ნაღდი ან/და უნაღდო საავანსო ანგარიშსწორების გზით, წინასწარ შეთანხმებული საავანსო გადახდებით, შესრულებული სამუშაოს პროპორციულად. სულ ავანსის თანხა შეადგენდა 100 000 ლარს, დღგ-ს ჩათვლით, პერიოდულად წარმოდგენილი ზოგადი დანახარჯების მიხედვით ან/და ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.

19. დამკვეთი ვალდებული იყო: მიეღო ფაქტობრივად შესრულებული მომსახურება და დაედასტურებინა/ხელი მოეწერა მიღება-ჩაბარებისათვის, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისათვის ან/და სასაქონლო ზედნადებისათვის ან რაიმე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, ზეპირი ან წერილობითი ფორმით მიემართა შემსრულებლისათვის და მოეთხოვა ნაკლის შემსრულებლის ხარჯით გამოსწორება. დროულად და სრული ოდენობით გადაეხადა შემსრულებლისთვის კუთვნილი ანაზღაურება. დამკვეთს შეეძლო, დაეკისრებინა შემსრულებლისათვის ხელშეკრულების ღირებულების 0,1% პირგასამტეხლოს გადახდა მომსახურების შესრულების ვადის დარღვევის გამო და დაექვითა ანგარიშსწორებისას მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა.

20. შემსრულებელი ვალდებული იყო: დროულად, კეთილსინდისიერად და პირადად შეესრულებინა მომსახურებით გათვალისწინებული სამუშაოები, მისთვის გადაცემული პროექტის მიხედვით, დამკვეთის წინასწარი თანხმობის საფუძველზე სამუშაოების შესასრულებლად დაექირავებინა ქვეკონტრაქტორები. შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა ეცნობებინა დამკვეთისათვის. შესრულებული სამუშაოები/გაწეული მომსახურება უნდა ყოფილიყო უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო. შემსრულებელი ვალდებული იყო, შეეთანხმებინა დამკვეთთან სამუშაოების შესასრულებლად გამოსაყენებელი მასალა-მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები. სამშენებლო სამუშაოების შესრულების პერიოდში დაეცვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უსაფრთხოების ნორმები. გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან/და სასაქონლო ზედნადების გაფორმებით დამკვეთისათვის საკუთრებაში გადაეცა მომსახურებასთან დაკავშირებული ყველანაირი სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება. აენაზღაურებინა დამკვეთისათვის გაწეული მომსახურების/შესრულებული სამუშაოების ნაკლის გამოსწორებასთან დაკავშირებული ის ხარჯები, რომლებსაც დამკვეთი გასწევდა დამოუკიდებლად. აენაზღაურებინა დამკვეთისათვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯი, ასევე, ფაქტობრივად მიყენებული ზიანი, თუ დამკვეთი ხელშეკრულებაზე უარს იტყოდა შემსრულებლის ბრალით. შემსრულებელი ვალდებული იყო, ტექნიკური სამუშაოს შესრულება/ფაქტობრივად გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან/და სასაქონლო ზედნადების გაფორმების შემდეგ, საკუთარი ხარჯით გამოესწორებინა ნებისმიერი გამოვლენილი ნაკლი/ხარვეზი, რომელსაც შემსრულებელი განზრახ დამალავდა ან დაუდევრობის გამო, არ ეცოდინებოდა მის შესახებ, მაგრამ, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა სცოდნოდა. ზედამხედველობა განეხორციელებინა სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის მეშვეობით.

21. ხელშეკრულება ძალაში შევიდა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე და მოქმედებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა სრულად შესრულებამდე.

22. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ, ფაქტობრივად, სამუშაოს შესრულების ვადის გარდა, მხარეთა შორის 2020 წლის 2 ოქტომბერს დადებული და 2020 წლის 12 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების პირობები ერთი და იგივეა.

23. ამასთან, ორივე ხელშეკრულებაზე და მასზე დართულ ხარჯთაღრიცხვებზე დატანილია მხარეთა დირექტორების ხელმოწერები და დამოწმებულია ორივე კომპანიის ბეჭდით.

24. 2020 წლის 10 აგვისტოს შპს „ს.გ.ტ.კ–სა“ (შემსყიდველი) და შპს „მ....-ს“ (მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების №4290620 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისაგან ხელშეკრულების ღირებულების ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების - დიდი ........... და ........ გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. სამუშაოების შესრულების ვადა იყო 190 კალენდარული დღე. საქმეში წარმოდგენილი კრებსითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა ორივე სოფელში იყო 1 449 998,98 ლარი.

25. მოპასუხე წარმოადგენდა შპს „მ....-ის“ ქვეკონტრაქტორ კომპანიას აღნიშნული სამუშაოების შესრულების ფარგლებში, მათ შორის, 2020 წლის 21 სექტემბერს დადებული №429.06.20/1 ხელშეკრულების შესაბამისად, რომლის ღირებულება იყო 1 300 025,34 ლარი, სამუშაოების შესრულების ვადა კი 150 კალენდარული დღე.

26. აღნიშნული სამუშაოების ნაწილი მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, 1 064 757 ლარის ღირებულებით, შესრულებულ იქნა მოსარჩელის მიერ.

27. მოსარჩელის დაკვეთით შესრულებული 2023 წლის 4 ივლისის შპს „ა.ო–ის“ NSARAS-F-851870 დასკვნის თანახმად: მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო, მოპასუხისათვის გამოწერილი საგადასახადო დღგ-ს მიხედვით, შეადგენდა 964 503,45 ლარს. მოპასუხის მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულება, გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, შეადგენდა 522 188,75 ლარს. მოპასუხის მიერ გადახდილი თანხა მოსარჩელისათვის შეადგენს 152 647 ლარს. საბოლოოდ, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 289 667,7 ლარს. სამუშაოები განხორციელებულია საერთაშორისო სტანდარტით. აუდიტორმა ისარგებლა შემდეგი დოკუმენტაციით: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, მხარეთა შორის 2020 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულება, დღგ-ს ანგარიშფაქტურები შესრულებული სამუშაოსთან (გაწეული მომსახურებასთან) დაკავშირებით, სასაქონლო ზედნადებები შეძენილ სასაქონლო მატერიალურ ფასეულობასთან დაკავშირებით, ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, ნაღდი ფორმით გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი.

28. მოპასუხის დაკვეთით შესრულებული 2023 წლის 28 სექტემბრის შპს „გ.ა.ჯ–ას“ დასკვნის თანახმად: სამუშაოები განხორციელებულია საერთაშორისო სტანდარტით. ხელშეკრულების თანახმად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ........... და სოფელ ........... გაზიფიცირების გაზსადენის სიგრძეა (სავარაუდოდ) 34347მ (1მ, 31 ლარი) =1064757 ლარი (დღგ გარეშე 902336 ლარი, დღგ 162420 ლარი). მოპასუხემ ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელეს 2020 წლის 2 ოქტომბრიდან 2021 წლის 10 ივნისამდე პერიოდში, მიაწოდა სასაქონლო ზედნადებით 522 188,7 ლარის ღირებულების საქონელი, რაც დასტურდება სასაქონლო სატრანსპორტო ზედნადებებით.

29. მხარეთა შორის შესრულებული სამუშაო დადასტურებულია დღგ-ს ანგარიშფაქტურებით 884 503,46 ლარის ოდენობით.

30. მოპასუხის მიერ საბანკო ანგარიშიდან მოსარჩელის ანგარიშსწორების ანგარიშზე გადარიცხულია 70000 ლარი ავანსის სახით.

31. დასკვნის თანახმად, პირგასამტეხლო გაანგარიშებულია 194 დღეზე (ხელშეკრულების შესრულების ვადა 90 დღე. 03.01.2021-15.07.2021), თითოეულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1 პროცენტით - 1064,75 ლარით. სულ პირგასამტეხლო განსაზღვრულია 206 562,85 ლარით.

32. ნარდობის ხელშეკრულების თანახმად (2.2. პუნქტი), ანაზღაურების გადახდა ხდება ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორების გზით, წინასწარ შეთანხმებული საავანსო გადახდებით შესრულებული სამუშაოს პროპორციულად. სულ ავანსის თანხა შეადგენს 100000 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

33. პერიოდულად წარმოდგენილი ზოგადი დანახარჯების მიხედვით, ან/და ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მოსარჩელემ 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში გაწერილია ორი საგადასახადო ანგარიშფაქტურა (34000 და 46000) თანხით 80 000 ლარის ოდენობით.

34. 2021 წლის აპრილ-ივნისში, მოსარჩელემ გამოწერა ორი საგადასახადო ანგარიშფაქტურა 770762,58 და 113740,87 ლარზე შესრულებული სამუშაოს ღირებულებით, სულ - 884 503,46 ლარზე, აღნიშნული თანხა მოიცავს 80000 ლარის წინასწარ გადახდილ ავანსის თანხასაც.

35. 2021 წლის აპრილსა და ივნისში მოსარჩელის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშფაქტურაში, მომსახურების დასახელების გრაფაში მითითებულია, რომ თანხის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ........... და ........... გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები, 2020 წლის 15 ოქტომბრის ხელშეკრულება და 2021 წლის 30 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტი.

36. საბოლოოდ დასკვნა წარმოდგენილია შემდეგი შინაარსით: მხარეთა შორის 2020 წლის 2 ოქტომბერს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების ანალიზის შედეგად, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა 3104,91 ლარის დავალიანება, კერძოდ, მოსარჩელის მიერ საგადასახადო ანგარიშფაქტურებით გამოწერილ 884 503,46 ლარის ღირებულების მომსახურეობას უნდა გამოაკლდეს სატრანსპორტო სასაქონლო ზედნადებით გადაცემული 522188,7 ლარის სასაქონლო თანხა, უნდა გამოაკლდეს: ბანკით გადარიცხული 70000 ლარის ავანსი; ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტით გადახდილი ნ/ფული 82647 ლარი; 206562,85 ლარის პირგასამტეხლო.

37. დასკვნა ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რაზეც დადგენილია მხარეთა შორის 2020 წლის 2 ოქტომბერს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულება. დასკვნა არ ეხება თანხის მიზნობრივი გამოყენების ანგარიშგებას, იგი ასევე არ ეხება მოპასუხის მთლიან ფინანსურ ანგარიშგებას.

38. აუდიტორმა ისარგებლა შემდეგი მტკიცებულებებით: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, მხარეთა შორის 2020 წლის 2 ოქტომბერს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულება, საგადასახადო ანგარიშფაქტურები, სასაქონლო სატრანსპორტო ზედნადებები, ბუღალტრული რეგისტრები, მიღება-ჩაბარების აქტები, საზედამხედველო დასკვნები, სატენდერო დოკუმენტაცია, საბანკო ამონაწერები, შრომითი ხელშეკრულებები, ბუღალტრული რეგისტრები, ინვოისები ახსნა-განმარტება.

39. 2023 წლის 29 სექტემბრის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც დადებულია შპს „ს.ჯ–სა“ და მოპასუხეს შორის, შპს „ს.ჯ–ის“ მიერ მოსარჩელისათვის შესრულებული სამუშაოდან მისაღებ 49 000 ლარზე მოთხოვნის უფლება, წინამდებარე უფლების დათმობის ხელშეკრულებით, გადასცა მოპასუხეს.

40. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლები მოიცავს ხსენებული დათმობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნას, რაც მოპასუხე მხარემ ცნო, სასამართლომ დააკმაყოფილა და მხარეთა მიერ არ გასაჩივრებულა.

41. 2023 წლის 29 სექტემბრის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც დადებულია შპს „ჯ–სა“ და მოპასუხეს შორის, შპს „ჯ–ის“ მიერ მოსარჩელისათვის შესრულებული სამუშაოდან მისაღები 50 000 ლარის მოთხოვნის უფლება დაეთმო მოპასუხეს.

42. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლები მოიცავს ხსენებული დათმობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნას, რაც ცნო მოპასუხე მხარემ, სასამართლომ დააკმაყოფილა და მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ.

43. ნარდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების თანახმად, დამკვეთს შეეძლო, დაეკისრებინა შემსრულებლისათვის ხელშეკრულების ღირებულების 0,1% პირგასამტეხლოს გადახდა, მომსახურების შესრულების ვადის დარღვევის გამო, და დაექვითა ანგარიშსწორებისას მასზე დარიცხული პირგასამტეხლო. ამ ნაწილში შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა, მოსარჩელის მიერ მხარეთა შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის 194 დღით დარღვევის გამო, მისთვის 206 562,82 ლარის დაკისრება.

44. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. იგი წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

45. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ არ უარყო, რომ სამუშაოები შეასრულა ვადაგადაცილებით, რის გამოც მას, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაეკისრა პირგასამტეხლოს - 100 064,75 ლარის გადახდა, რაც მას არ გაუსაჩივრებია და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. მხარეთა შორის ძირითად სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს სამუშაოების შესრულების ვადა, კერძოდ, ის შეადგენდა 90 კალენდარულ დღეს, რაც განსაზღვრული იყო 2020 წლის 02 ოქტომბრის ნარდობის ხელშეკრულებით თუ 190 კალენდარულ დღეს, რაც განსაზღვრული იყო 12 ოქტომბრის ნარდობის ხელშეკრულებით. აღნიშნული საკითხის შეფასებაზეა დამოკიდებული პირგასამტეხლოს ოდენობა.

46. სააპელაციო პალატამ გამოარკვია, რომ სამუშაოს შესრულების ვადის გარდა, მხარეთა შორის 2020 წლის 02 და 12 ოქტომბრის ხელშეკრულებების პირობები იდენტურია. აპელანტის მტკიცებით, სამუშაოების შესრულების ვადა განსაზღვრული იყო მხარეთა შორის დადებული 2020 წლის 02 ოქტომბრის ნარდობის ხელშეკრულებით, რაც შეადგენდა 90 კალენდარულ დღეს. მისივე მტკიცებით, მხარეთა შორის 2020 წლის 12 ოქტომბერს ნარდობის ხელშეკრულება არ დადებულა, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან, როგორც საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებებით ირკვევა, ორივე ხელშეკრულებაზე და მათზე დართულ ხარჯთაღრიცხვებზე დატანილია მხარეთა დირექტორების ხელმოწერები და დამოწმებულია ორივე კომპანიის ბეჭდით. მართალია, აღნიშნული ხელშეკრულებები წარმოადგენს ასლებს და საქმეში მათი დედანი დოკუმენტები წარდგენილი არ არის, თუმცა, ფაქტია, რომ ხელშეკრულებების სიყალბე არ დადგენილა, შესაბამისად, ისინი საქმიდან არ ამორიცხულა. აღნიშნული გამორიცხავს აპელანტის პრეტენზიის გაზიარების შესაძლებლობას. იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის 12 ოქტომბრის ნარდობის ხელშეკრულება მხარეთა შორის უფრო გვიან დაიდო, სასამართლომ იხელმძღვანელა მასში შეთანხმებული პირობებით და დადგენილად მიიჩნია, რომ სამუშაოების შესრულების ვადა შეადგენდა 190 კალენდარულ დღეს.

47. ამ კუთხით სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ მას კონტრაქტორისაგან მეტი ვადა მიცემული არ ჰქონდა, რის გამოც ის ვერანაირად ვერ მისცემდა შემსრულებელს 190-დღიან პერიოდს ვალდებულების შესასრულებად. მართალია, საქმეში წარმოდგენილი მოპასუხესა და შპს „მ....-ს“ შორის 2020 წლის 21 სექტემბერს დადებული ნარდობის ხელშეკრულებით სამუშაოების შესრულების ვადა იყო 150 კალენდარული დღე, თუმცა აღნიშნული არ იძლევა აპელანტის მოსაზრების უაპელაციოდ გაზიარების შესაძლებლობას, ვინაიდან, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, შესაძლებელი იყო ამ ვადის ცვლილება, შესაბამისი გარემოებების არსებობის პირობებში. გარდა ამისა, მოპასუხე თავად დათანხმდა და ხელი მოაწერა მოსარჩელესთან 2020 წლის 12 ოქტომბრის ნარდობის ხელშეკრულებას სწორედ ამ ვადით. ამდენად, აპელანტის მიერ მითითებული ეს გარემოება არ გამორიცხავდა შემდგომში მოსარჩელესთან ნარდობის ხელშეკრულების დადებას იმ პირობით, რომლითაც სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 190 კალენდარული დღით.

48. სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა, რომ ნარდობის ხელშეკრულება დაიდო 2020 წლის 12 ოქტომბერს, სამუშაოები კი უნდა დასრულებულიყო 190 კალენდარულ დღეში, ანუ 6 თვესა და 10 დღეში, გამოდის, რომ სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2021 წლის 22 აპრილს. უდავოა, რომ მხარეთა შორის შესრულებული სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებული არ არის, მოპასუხის განმარტებით კი, სამუშაოები დასრულდა 2021 წლის 15 ივლისს, რის გამოც მოპასუხემ სწორედ 2021 წლის 15 ივლისამდე მოითხოვა ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს დაკისრებასაც. ამასთან, საქმეში ბოლო თარიღით წარმოდგენილია სწორედ 2021 წლის 15 ივლისამდე მოპასუხის მიერ დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა. ამ ვითარებაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სამუშაოები დაასრულა 2021 წლის 15 ივლისს, რაც მიიღო დამკვეთმა, რომელმაც, თავის მხრივ, მალევე ჩააბარა კიდეც მის კონტრაქტორ კომპანიას.

49. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციული, ისე სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მისი გავრცელება ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის იმ ნაწილზე, რა ნაწილშიც მოხდა ვალდებულების დარღვევა.

50. პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც. აღნიშნული მიდგომა არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან.

51. განსახილველ შემთხვევაში დამკვეთის მიერ მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის დაანგარიშება მოხდა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან და არა იმ კონკრეტული შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების ვადაგადაცილების გათვალისწინებით, რომლის შედეგადაც ამოქმედდა აღნიშნული სანქცია, რაც დაუშვებელია.

52. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ მიუთითა ამავე კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირება ემსახურება მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას სასამართლოს მხრიდან დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება.

53. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან და ა.შ. ამასთან, პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, სსკ-ის 115-ე მუხლით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.

54. სააპელაციო პალატამ პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობის შეფასებისას მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ, მართალია, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, თუმცა, მოცემულ ვითარებაში, პირგასამტეხლოს დაანგარიშება მოხდა ნარდობის ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან და არა სამუშაოების შესრულების ვადის ამოწურვისას შეუსრულებელი სამუშაოს მოცულობიდან; ამასთან, დადგინდა სამუშაოების შესრულების ვადის არც თუ ისე დიდი დარღვევა, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო სრულად უზრუნველყოფს დამკვეთის ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომ შემსრულებელს დაეკისროს ერთგვარი სანქცია. ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, მთლიანი მომსახურების ღირებულების 0.1%-ზე გაანგარიშებით პირგასამტეხლოს დაკისრება არაგონივრულია და გამოიწვევს დამკვეთის უსაფუძვლო გამდიდრებას.

55. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ ამ ნაწილში არ არსებობდა მოსარჩელისათვის მეტი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

56. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორმა ასევე გაასაჩივრა სასამართლოს მიერ მიღებული საოქმო განჩინებები და განჩინება, რომლითაც მოპასუხეს უარი ეთქვა მოწმეთა დაკითხვასთან დაკავშრებით შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე.

57. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ შეამცირა შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, ვინაიდან აღნიშნულის შესახებ მოწინააღმდეგე მხარეს არ უშუამდგომლია. ამასთან, მოთხოვნილი ოდენობა - 206 562,85 ლარი შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას არ წარმოადგენს. აღნიშნულით გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (საქმე №ას-1446-2024). სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რატომ მიიჩნია დაკისრებული კონკრეტული თანხა სადავო პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად.

58. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 408-ე მუხლი, როდესაც შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მოსარჩელის წინააღმდეგ ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დააკმაყოფილა. მხარის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო მოსარჩელის მიერ ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება და დააკისრა პირგასამტეხლოს გადახდა, ასევე, დადგინდა, რომ მოპასუხეს, თავის მხრივ, დაეკისრა პირგასამტეხლოს - 62 332,04 ლარის გადახდა მისი დამკვეთის სასარგებლოდ, რადგან ვადაში ვერ ჩაბარდა ობიექტი, სადავო ზიანი, პირგასამტეხლოსთან ერთად, სულ ცოტა 62 332,04 ლარით მაინც უნდა განსაზღვრულიყო.

59. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა, რის გამო მოაწერა ხელი მოპასუხემ 10 დღის შუალედში იმავე შინაარსის ახალ ხელშეკრულებას მხოლოდ და მხოლოდ ვადის ცვლილებით, რომლითაც მოსარჩელემ/შემკვეთმა მოპასუხეს, თავის ქვეკონტრაქტორ შემსრულებელს ვალდებულების შესასრულებლად განუსაზღვრა იმაზე მეტი ვადა, ვიდრე იმავე სამუშაოსათვის თავად ჰქონდა მიცემული. შესაბამისად, მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა არარსებული ხელშეკრულების ასლი, რაც გამორიცხავდა მისი ნამდვილობის შესამოწმებლად ექსპერტიზის ჩატარებას. დედანი დოკუმენტი მხარეს არ წარუდგენია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ამგვარი მტკიცებულება არასწორად გამოიყენა.

60. სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეზიარებინა შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში, საიდანაც დაკმაყოფილდა მხოლოდ მოსარჩელის მიერ აღაირებული 99 000 ლარი. ასევე, უსაფუძვლოდ მხედველობაში არ იქნა მიღებული მოპაუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულება 100 000 ლარის წინასწარ ჩარიცხვის შესახებ, რაც დავის სხაგვარად გადაწყვეტას გამოიწვევდა. ასევე, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარდგენილი შეფასების ანგარიში, სადაც ანგარიშფაქტურით გაწერილი თანხის ოდენობა 884 503,46 ლარია. მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 3104,91 ლარს. გაუგებარია, რატომ მიანიჭა სააპელაციო პალატამ უპირატესობა მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს.

61. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ასევე არასწორად მიუთითა შპს „მ....-სა“ და შპს „ს.გ.ტ.კ–ს“ შორის დადებულ ხელშეკრულებაზე, რომლის ვადა განისაზღვრა 190 დღით. აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო 2020 წლის 10 აგვისტოს და ამ თარიღიდან 190 დღეში შესრულება უნდა მიეღო გაზის კომპანიას შპს „მ....-საგან“ და არა მოპასუხეს მოსარჩელისაგან. გასაჩივრებული განჩინებით არასწორად დადგინდა, რომ მოპასუხემ მიღებული შეკვეთისათვის სამუშაოების მხოლოდ ნაწილი გადასცა მოსარჩელეს. ფაქტობრივად, მოსარჩელეს გადაეცა ვალდებულებათა სრული მოცულობა.

62. სააპელაციო პალატას არ უნდა გაეთვალისწინებინა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსერტიზის დასკვნა, რომელიც არასრულად მიწოდებული მასალების საფუძველზე იქნა მიღებული.

63. საკასაციო შესაგებელთან დაკავშირებით წარდგენილ მოსაზრებაში კასატორმა დააზუსტა, რომ ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას, რომლითაც მოპასუხე 2020 წლის 12 ოქტომბრის ნარდობის ხელშეკრულების დედნის წარდგენისაგან გათავისუფლდა, კასატორმა ასევე მოითხოვა სააპელაციო პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინების გაუქმება, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა მოწმეთა დაკითხვასა და მტკიცებულებების დართვაზე. აღნიშნულმა მოწმეებმა ვერ შეძლეს პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემა, რადგან, გაუგებარი მიზეზით, ვერ მოხერხდა მოწმის დისტანციურად დაკითხვა.

64. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორს სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

65. საკასაციო სასამართლომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში ცნო დასაშვებად, ხოლო დანარჩენ ნაწილში იგი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

66. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

67. საქმის არსებითად განხილვისას საკასაციო სასამართლო ამოწმებს საკასაციო საჩივრის პრეტენზიებს კასატორის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით (სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა) სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების ფარგლებში (სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები).

68. სსსკ-ის 393-ე მუხლი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის საფუძვლებს (საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი) და ადგენს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობა შეიძლება გახდეს მხარის საკასაციო საჩივარში მითითებული საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

69. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

70. 2020 წლის 2 ოქტომბერს მოპასუხესა (დამკვეთი) და მოსარჩელეს (შემსრულებელი) შორის გაფორმებული №02/10/2020 ნარდობის ხელშეკრულების თანახმად: შემსრულებელი ვალდებული იყო, დამკვეთის სასარგებლოდ, შეესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში შემდეგი სამუშაოები, კერძოდ: ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ და სოფელ ........... გაზიფიცირების სამშენებლო მომსახურება, მასალის შესყიდვას უზრუნველყოფდა დამკვეთი. დამკვეთის მიერ შესყიდული მასალის ღირებულება გამოაკლდებოდა შემსრულებელთან დადებულ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ საერთო ღირებულებას. გაზსადენის სავარაუდო საერთო სიგრძე შეადგენდა 34 347 მეტრს (შემდეგ - მომსახურება). მომსახურება უნდა განხორციელებულიყო შემსრულებლის ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, რომელიც №1 დანართის სახით ერთვოდა ხელშეკრულებას და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს.

71. ფაქტობრივად შესრულებულ მომსახურებაზე შემსრულებლის მიერ გამოწერილი და დამკვეთის მიერ დადასტურებული/ხელმოწერილი მიღება-ჩაბარებით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ან/და სასაქონლო ზედნადებით დადასტურდებოდა ფაქტობრივად შესრულებული მომსახურების შემსრულებლის მიერ ჩაბარება და დამკვეთის მიერ მიღება.

72. მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 1 გრძივი მეტრის გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოს შესრულება - 31 ლარით (დღგ-ს ჩათვლით). დამკვეთის მიერ ტენდერით გათვალისწინებული დანართი 1-ში მოცემული რომელიმე სამუშაოების მოცულობების აუთვისებლობა გამოიწვევდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ასანაზღაურებელი თანხის შემცირებას. ღირებულება მოიცავდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა გადასახადს.

73. ანაზღაურების გადახდა მოხდებოდა ნაღდი ან/და უნაღდო საავანსო ანგარიშსწორების გზით, წინასწარ შეთანხმებული საავანსო გადახდებით, შესრულებული სამუშაოს პროპორციულად. სულ ავანსის თანხა შეადგენდა 100 000 ლარს, დღგ-ს ჩათვლით, პერიოდულად წარმოდგენილი ზოგადი დანახარჯების მიხედვით ან/და ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.

74. დამკვეთი ვალდებული იყო: მიეღო ფაქტობრივად შესრულებული მომსახურება და დაედასტურებინა/ხელი მოეწერა მიღება-ჩაბარებისათვის, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისათვის ან/და სასაქონლო ზედნადებისათვის ან რაიმე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, ზეპირი ან წერილობითი ფორმით მიემართა შემსრულებლისათვის და მოეთხოვა ნაკლის შემსრულებლის ხარჯით გამოსწორება. დროულად და სრული ოდენობით გადაეხადა შემსრულებლისათვის კუთვნილი ანაზღაურება. დამკვეთს შეეძლო, დაეკისრებინა შემსრულებლისათვის ხელშეკრულების ღირებულების 0,1% პირგასამტეხლოს გადახდა, მომსახურების შესრულების ვადის დარღვევის გამო, და დაექვითა ანგარიშსწორებისას მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა.

75. შემსრულებელი ვალდებული იყო: დროულად, კეთილსინდისიერად და პირადად შეესრულებინა მომსახურებით გათვალისწინებული სამუშაოები, მისი გადაცემული პროექტის მიხედვით, დამკვეთის წინასწარი თანხმობის საფუძველზე სამუშაოების შესასრულებლად დაექირავებინა ქვეკონტრაქტორები. შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა ეცნობებინა დამკვეთისათვის. შესრულებული სამუშაოები/გაწეული მომსახურება უნდა ყოფილიყო უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო. შემსრულებელი ვალდებული იყო, შეეთანხმებინა დამკვეთთან სამუშაოების შესასრულებლად გამოსაყენებელი მასალა-მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები, სამშენებლო სამუშაოების შესრულების პერიოდში დაეცვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უსაფრთხოების ნორმები. გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან/და სასაქონლო ზედნადების გაფორმებისას დამკვეთისათვის საკუთრებაში გადაეცა მომსახურებასთან დაკავშირებული ყველანაირი სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება. აენაზღაურებინა დამკვეთისათვის გაწეული მომსახურების/შესრულებული სამუშაოების ნაკლის გამოსწორებასთან დაკავშირებული ის ხარჯები, რომელსაც დამკვეთი გასწევდა დამოუკიდებლად. აენაზღაურებინა დამკვეთისათვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯი, ასევე, ფაქტობრივად მიყენებული ზიანი, თუ დამკვეთი ხელშეკრულებაზე უარს იტყოდა შემსრულებლის ბრალით. ფაქტობრივად გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან/და სასაქონლო ზედნადების გაფორმების შემდეგ, საკუთარი ხარჯით გამოესწორებინა ნებისმიერი გამოვლენილი ნაკლი/ხარვეზი, რომელსაც შემსრულებელი განზრახ დამალავდა ან დაუდევრობის გამო, არ ეცოდინებოდა მის შესახებ, მაგრამ, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა სცოდნოდა. შემსრულებელი ვალდებული იყო, ტექნიკური სამუშაოს შესრულებაზე ზედამხედველობა განეხორციელებინა სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის მეშვეობით.

76. ხელშეკრულება ძალაში შევიდა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე და მოქმედებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა სრულად შესრულებამდე.

77. 2020 წლის 2 ოქტომბერს ნარდობის ხელშეკრულების №1 დანართის შესაბამისად, მისი ხარჯთაღრიცხვა განისაზღვრა 1 064 757 ლარით, საიდანაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ........... სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 462 023,24 ლარს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ ღირებულება კი - 602 733,76 ლარს.

78. 2020 წლის 12 ოქტომბერს მოპასუხესა (დამკვეთი) და მოსარჩელეს (შემსრულებელი) შორის გაფორმებული №12/10/2020 ნარდობის ხელშეკრულების თანახმად: შემსრულებელი ვალდებული იყო, დამკვეთის სასარგებლოდ, შეესრულებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 190 კალენდარულ დღეში შემდეგი სამუშაოები, კერძოდ: ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ და სოფელ ........... გაზიფიცირების სამშენებლო მომსახურება. მომსახურებისთვის საჭირო მასალის ბაზარზე მოძიებას და შემსრულებლისთვის მიწოდებას (საკუთრების უფლებით) უზრუნველყოფდა დამკვეთი. შემსრულებელი იტოვებდა უფლებას, არ გადაეხადა დამკვეთისათვის მოწოდებული საქონლის ღირებულება და მომსახურების გაწევის დასრულებისას მოეხდინა დამკვეთისგან შეძენილი საქონლის ღირებულების გაქვითვა მის (შემსრულებლის) მიერ დამკვეთისათვის გაწეული მომსახურების ღირებულებაში. გაზსადენის სავარაუდო საერთო სიგრძე შეადგენდა 34 347 მეტრს (შემდეგ - მომსახურება). შემსრულებელს მომსახურება უნდა განეხორციელებინა ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, რომელიც №1 დანართის სახით ერთვოდა ხელშეკრულებას და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს.

79. მომსახურების ღირებულება განისაზღვრა შემდეგი სახით: 1 გრძივი მეტრის გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოს შესრულება - 31 ლარით (დღგ-ს ჩათვლით). დამკვეთის მიერ ტენდერით გათვალისწინებულ №1 დანართში მოცემული რომელიმე სამუშაოების მოცულობების აუთვისებლობა გამოიწვევდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ასანაზღაურებელი თანხის შემცირებას. ღირებულება მოიცავდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასახადს.

80. ანაზღაურების გადახდა მოხდებოდა ნაღდი ან/და უნაღდო საავანსო ანგარიშსწორების გზით, წინასწარ შეთანხმებული საავანსო გადახდებით, შესრულებული სამუშაოს პროპორციულად. სულ ავანსის თანხა შეადგენდა 100 000 ლარს, დღგ-ს ჩათვლით, პერიოდულად წარმოდგენილი ზოგადი დანახარჯების მიხედვით ან/და ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.

81. დამკვეთი ვალდებული იყო: მიეღო ფაქტობრივად შესრულებული მომსახურება და დაედასტურებინა/ხელი მოეწერა მიღება-ჩაბარებისათვის, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისათვის ან/და სასაქონლო ზედნადებისათვის ან რაიმე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, ზეპირი ან წერილობითი ფორმით მიემართა შემსრულებლისათვის და მოეთხოვა ნაკლის შემსრულებლის ხარჯით გამოსწორება. დროულად და სრული ოდენობით გადაეხადა შემსრულებლისთვის კუთვნილი ანაზღაურება. დამკვეთს შეეძლო, დაეკისრებინა შემსრულებლისათვის ხელშეკრულების ღირებულების 0,1% პირგასამტეხლოს გადახდა მომსახურების შესრულების ვადის დარღვევის გამო და დაექვითა ანგარიშსწორებისას მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა.

82. შემსრულებელი ვალდებული იყო: დროულად, კეთილსინდისიერად და პირადად შეესრულებინა მომსახურებით გათვალისწინებული სამუშაოები, მისთვის გადაცემული პროექტის მიხედვით, დამკვეთის წინასწარი თანხმობის საფუძველზე სამუშაოების შესასრულებლად დაექირავებინა ქვეკონტრაქტორები. შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა ეცნობებინა დამკვეთისათვის. შესრულებული სამუშაოები/გაწეული მომსახურება უნდა ყოფილიყო უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო. შემსრულებელი ვალდებული იყო, შეეთანხმებინა დამკვეთთან სამუშაოების შესასრულებლად გამოსაყენებელი მასალა-მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები. სამშენებლო სამუშაოების შესრულების პერიოდში დაეცვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უსაფრთხოების ნორმები. გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან/და სასაქონლო ზედნადების გაფორმებით დამკვეთისათვის საკუთრებაში გადაეცა მომსახურებასთან დაკავშირებული ყველანაირი სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება. აენაზღაურებინა დამკვეთისათვის გაწეული მომსახურების/შესრულებული სამუშაოების ნაკლის გამოსწორებასთან დაკავშირებული ის ხარჯები, რომლებსაც დამკვეთი გასწევდა დამოუკიდებლად. აენაზღაურებინა დამკვეთისათვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯი, ასევე, ფაქტობრივად მიყენებული ზიანი, თუ დამკვეთი ხელშეკრულებაზე უარს იტყოდა შემსრულებლის ბრალით. შემსრულებელი ვალდებული იყო, ტექნიკური სამუშაოს შესრულება/ფაქტობრივად გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან/და სასაქონლო ზედნადების გაფორმების შემდეგ, საკუთარი ხარჯით გამოესწორებინა ნებისმიერი გამოვლენილი ნაკლი/ხარვეზი, რომელსაც შემსრულებელი განზრახ დამალავდა ან დაუდევრობის გამო, არ ეცოდინებოდა მის შესახებ, მაგრამ, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა სცოდნოდა. ზედამხედველობა განეხორციელებინა სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის მეშვეობით.

83. ხელშეკრულება ძალაში შევიდა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე და მოქმედებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა სრულად შესრულებამდე.

84. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ, ფაქტობრივად, სამუშაოს შესრულების ვადის გარდა, მხარეთა შორის 2020 წლის 2 ოქტომბერს დადებული და 2020 წლის 12 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების პირობები ერთი და იგივეა.

85. ამასთან, ორივე ხელშეკრულებაზე და მასზე დართულ ხარჯთაღრიცხვებზე დატანილია მხარეთა დირექტორების ხელმოწერები და დამოწმებულია ორივე კომპანიის ბეჭდით.

86. მოსარჩელის დაკვეთით შესრულებული 2023 წლის 4 ივლისის შპს „ა.ო–ის“ NSARAS-F-851870 დასკვნის თანახმად: მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაო, მოპასუხისათვის გამოწერილი საგადასახადო დღგ-ს მიხედვით, შეადგენდა 964 503,45 ლარს. მოპასუხის მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულება, გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, შეადგენდა 522 188,75 ლარს. მოპასუხის მიერ გადახდილი თანხა მოსარჩელისათვის შეადგენს 152 647 ლარს. საბოლოოდ, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 289 667,7 ლარს. სამუშაოები განხორციელებულია საერთაშორისო სტანდარტით. აუდიტორმა ისარგებლა შემდეგი დოკუმენტაციით: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, მხარეთა შორის 2020 წლის 12 ოქტომბერს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულება, დღგ-ს ანგარიშფაქტურები შესრულებული სამუშაოსთან (გაწეული მომსახურებასთან) დაკავშირებით, სასაქონლო ზედნადებები შეძენილ სასაქონლო მატერიალურ ფასეულობასთან დაკავშირებით, ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, ნაღდი ფორმით გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი.

87. მოპასუხის დაკვეთით შესრულებული 2023 წლის 28 სექტემბრის შპს „გ.ა.ჯ–ას“ დასკვნის თანახმად: სამუშაოები განხორციელებულია საერთაშორისო სტანდარტით. ხელშეკრულების თანახმად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ........... და სოფელ ........... გაზიფიცირების გაზსადენის სიგრძეა (სავარაუდოდ) 34347მ (1მ, 31 ლარი) =1064757 ლარი (დღგ გარეშე 902336 ლარი, დღგ 162420 ლარი). მოპასუხემ ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელეს 2020 წლის 2 ოქტომბრიდან 2021 წლის 10 ივნისამდე პერიოდში, მიაწოდა სასაქონლო ზედნადებით 522 188,7 ლარის ღირებულების საქონელი, რაც დასტურდება სასაქონლო სატრანსპორტო ზედნადებებით. მხარეთა შორის შესრულებული სამუშაო დადასტურებულია დღგ-ს ანგარიშფაქტურებით 884 503,46 ლარის ოდენობით. მოპასუხის მიერ საბანკო ანგარიშიდან მოსარჩელის ანგარიშსწორების ანგარიშზე გადარიცხულია 70000 ლარი ავანსის სახით.

88. დასკვნის თანახმად, პირგასამტეხლო გაანგარიშებულია 194 დღეზე (ხელშეკრულების შესრულების ვადა 90 დღე. 03.01.2021-15.07.2021), თითოეულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1 პროცენტით - 1064,75 ლარით. სულ პირგასამტეხლო განსაზღვრულია 206 562,85 ლარით.

89. დასკვნა ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რაზეც დადგენილია მხარეთა შორის 2020 წლის 2 ოქტომბერს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულება. დასკვნა არ ეხება თანხის მიზნობრივი გამოყენების ანგარიშგებას, იგი ასევე არ ეხება მოპასუხის მთლიან ფინანსურ ანგარიშგებას.

90. აუდიტორმა ისარგებლა შემდეგი მტკიცებულებებით: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, მხარეთა შორის 2020 წლის 2 ოქტომბერს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულება, საგადასახადო ანგარიშფაქტურები, სასაქონლო სატრანსპორტო ზედნადებები, ბუღალტრული რეგისტრები, მიღება-ჩაბარების აქტები, საზედამხედველო დასკვნები, სატენდერო დოკუმენტაცია, საბანკო ამონაწერები, შრომითი ხელშეკრულებები, ბუღალტრული რეგისტრები, ინვოისები ახსნა-განმარტება.

91. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას არსებითად დასაშვებად იქნა მიჩნეული მხოლოდ ის პრეტენზია, რომელიც შეეხება პირგასამტეხლოს ანაზღაურებას, ხოლო დანარჩენ ნაწილში სააპელაციო პალატის განჩინების კანონიერება საკასაციო შემოწმების საგანს არ წარმოადგენს.

92. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულება დაიდო 2020 წლის 12 ოქტომბერს, სამუშაოები კი უნდა დასრულებულიყო 190 კალენდარულ დღეში - 2021 წლის 21 აპრილს (და არა 22 აპრილს, როგორც ეს სააპელაციო პალატამ გამოთვალა). უდავოა, რომ მხარეთა შორის შესრულებული სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებული არ არის, მოპასუხის განმარტებით კი, სამუშაოები დასრულდა 2021 წლის 15 ივლისს, რის გამოც მოპასუხემ სწორედ 2021 წლის 15 ივლისამდე მოითხოვა ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს დაკისრება. ამასთან, საქმეში ბოლო თარიღით წარმოდგენილია სწორედ 2021 წლის 15 ივლისამდე მოპასუხის მიერ დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ მოსარჩელემ სამუშაოები დაასრულა 2021 წლის 15 ივლისს, რაც მიიღო დამკვეთმა, რომელმაც, თავის მხრივ, მალევე ჩააბარა კიდეც მის კონტრაქტორ კომპანიას.

93. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არსებობს 2021 წლის 21 აპრილიდან 2021 წლის 15 ივლისამდე პერიოდზე, რაც შეადგენს 84 კალენდარულ დღეს.

94. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განსახილველი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად შეამცირეს. ამასთან, მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას და მიიჩნევს, რომ მხარეთა შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ ითვალისწინებს ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ს თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის.

95. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე (იხ. სუსგ საქმე №ას-1529-2022, 1 მარტი, 2023 წელი) განმარტა, რომ სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება.

96. სსკ-ის 52-ე მუხლში მითითებული „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ ხარვეზების შევსებას ახორციელებს. „ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტება“ და „ხელშეკრულების შევსებითი განმარტება“ განსხვავებული ცნებებია. სხვადასხვანაირი, ორაზროვანი და მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დაზუსტების აუცილებლობა არსებობს, როდესაც მხარეები ხელშეკრულების გამონათქვამების მიღმა არსებულ მნიშვნელობებზე დავობენ, ხოლო ხელშეკრულების შევსებითი განმარტება საჭიროა, როდესაც მხარეებს ხელშეკრულების ტექსტში გამორჩენილი აქვთ ცალკეულ საკითხთა მოწესრიგება ან ხელშეკრულების პირობები გარკვეული ხარვეზებითაა მოცემული. განმარტება უნდა განხორციელდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის დამახასიათებელი გარემოებების გათვალისწინებით. გამოვლენილი ნების განმარტება უნდა განხორციელდეს სისტემური განმარტების საფუძველზე.

97. ხელშეკრულების განმარტების საფუძვლებთან დაკავშირებით საინტერესოა ევროპული სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი პრინციპების (დებულებების) 5:101-5:107 მუხლების დანაწესები, რომლის თანახმად ხელშეკრულება უნდა განიმარტოს მხარეთა საერთო ნების შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი განსხვავდება სიტყვასიტყვითი მნიშვნელობისაგან. მხარეთა საერთო ნების დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, განმარტების კრიტერიუმად მიიჩნევა ხელშეკრულების მხარეთა მსგავსი გონივრული აზროვნების მქონე პირთა შეფასება მოცემულ გარემოებებში. ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამი (პირობა) უნდა განიმარტოს იმ მთლიანი ხელშეკრულების ჭრილში, რომელშიც ისინი არის მოცემული.

98. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება.

99. ნების გამოვლენის განმარტება ემსგავსება კანონის განმარტებას: ორივე შემთხვევაში ხდება ბუნდოვანი, საეჭვო აზრის დაზუსტება. მაგრამ თუ კანონის განმარტებას ზოგადი ხასიათი აქვს, ე.ი. სავალდებულოა და გამოიყენება ყველას მიმართ და მიზნად ისახავს კანონის ბუნდოვანი ადგილების ერთიანი გაგების უზრუნველყოფას, გარიგების (ხელშეკრულების) განმარტების მიზანი უფრო ვიწროა – გარიგების (ხელშეკრულების) მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობის გარკვევა. ამიტომ ასეთ განმარტებას ძალა აქვს მხოლოდ გარიგების მონაწილეებისათვის.

100. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.

101. „ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტება“ და „ხელშეკრულების შევსებითი განმარტება“ განსხვავებული ცნებებია. სხვადასხვანაირი, ორაზროვანი და მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დაზუსტების აუცილებლობა არ არსებობს, როდესაც მხარეები ხელშეკრულების გამონათქვამების მიღმა არსებულ მნიშვნელობებზე დავობენ, ხოლო ხელშეკრულების შევსებით განმარტება საჭიროა მაშინ, როდესაც მხარეებს ხელშეკრულების ტექსტში გამორჩენილი აქვთ ცალკეულ საკითხთა მოწესრიგება ან ხელშეკრულების პირობები გარკვეული ხარვეზებითაა მოცემული.

102. გამონათქვამების განმარტების დროს უნდა დადგინდეს მხარის შინაგანი ნების შესაბამისობა მის გამოხატულებასთან. ნების გამოვლენის განმარტების მიზანი მისი შინაარსის დადგენაა. განმარტებას შეიძლება საჭიროებდეს როგორც მთელი ხელშეკრულება, ასევე მისი რომელიმე ნაწილი ან თუნდაც რომელიმე პუნქტი (პირობა).

103. ხელშეკრულების გამონათქვამების სხვადასხვანაირობა გულისხმობს, რომ ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამები შეიძლება სხვადასხვანაირად იქნას გაგებული. გამონათქვამთა საგულდაგულო შერჩევის მიუხედავად, დოკუმენტი ყოველთვის ერთნაირად ვერ იქნება აღქმული მისი წამკითხველების მიერ. გამონათქვამების შინაარსის დადგენა უნდა მოხდეს ხელშეკრულების საერთო ტექსტით ან ხელშეკრულების იმ ნაწილებით, რომლებიც განსამარტავ გამონათქვამებს შეიცავენ.

104. ამდენად, ხელშეკრულების ამა თუ იმ დებულების ბუნდოვანების თუ ტექნიკურად დაშვებული უზუსტობის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია, თავად განმარტოს აღნიშნული დებულების შინაარსი მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის იურიდიული ბუნებიდან, სადავო დებულების დანიშნულებიდან გამომდინარე.

105. მოცემულ საქმეზე სადავოა პირგასამტეხლოს დაკისრების წესი და ოდენობა.

106. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

107. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით-სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (იხ. სუსგ №ას-1220-1480-09, 25.05.2010წ.).

108. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

109. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

110. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

111. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

112. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

113. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-1158-1104-2014, 6.05.2015წ.; №ას-1265-1187-2015,10.02.2016წ.; №ას-1266-2025, 12.03.2026წ.).

114. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (იხ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

115. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი, პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია, შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.).

116. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და, ამავდროულად, დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (იხ. სუსგ №ას-1928-2018, 31.10.2019წ.; №ას-1336-2019, 30.03.2022წ.).

117. მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა (იხ. სუსგ: №ას-157-2023, 7.03.2023წ.; №ას-213-2023, 11.04.2023წ.).

118. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ნარდობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ მხარეებმა ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრება გაითვალისწინეს. ამასთან, დავის საგანს წარმოადგენს ხელშეკრულების იმ პირობის განმარტება, რომლის მიხედვითაც უნდა დადგინდეს, პირგასამტეხლო შეადგენდა ხელშეკრულების ღირებულების 0,1% ერთჯერადად, თუ იგი იმავე ოდენობით ექვემდებარებოდა გადახდას ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ყოველი დღისათვის.

119. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება, მისი პირობები ერთობლიობაში, აგრეთვე მხარეთა მიერ ხელშეკრულების შესრულებისა და საქმის განხილვის პროცესში გამოვლენილი ქცევა, რის საფუძველზეც მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შესახებ დებულების იმგვარი განმარტება, რომლის მიხედვითაც იგი ხელშეკრულების ღირებულების 0,1% (1 064 757 ლარის 0,1% - 1 064,75 ლარი) მხოლოდ ერთჯერადად შეადგენს, არ შეესაბამება ნარდობის ხელშეკრულების მიზანს, მხარეთა ნამდვილ ნებასა და პირგასამტეხლოს სამართლებრივ ბუნებას.

120. როგორც ზემოთ აღინიშნა, პირგასამტეხლო უზრუნველყოფს ვალდებულების დროულ შესრულებას (პრევენციული ფუნქცია) და, ამავე დროს, წარმოადგენს მოვალის ქონებრივი პასუხისმგებლობის ზომას ვალდებულების დარღვევისათვის. ხელშეკრულების ღირებულების მხოლოდ 0,1%-ის ერთჯერადად დაკისრება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია 1 064 757 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულებაზე, ვერ უზრუნველყოფს პირგასამტეხლოს ინსტიტუტის კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევას. ხელშეკრულებით შეთანხმებული სამუშაოს მასშტაბებისა და ღირებულების გათვალისწინებით, სსკ-ის 52-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს პირობის იმგვარი განმარტება, თითქოს იგი მხოლოდ ერთჯერადი ხასიათის იყოს და არ ვრცელდებოდეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მხარეთა შეთანხმებას პრაქტიკულ და სამართლებრივ მნიშვნელობას უკარგავს, რადგან პირგასამტეხლო ვეღარ ასრულებს ვერც ვალდებულების დროული შესრულების სტიმულირების ფუნქციას და, მით უფრო, ვერც უმნიშვნელოვანეს ფუნქციას - ვალდებულების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

121. სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნულ დასკვნას მართებულს ხდის მხარეთა მიერ სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი პოზიციებიც. კერძოდ, მოპასუხე სადავოდ ხდიდა ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ შესრულების ვადას და მიუთითებდა, რომ მენარდისთვის სამუშაოს შესრულებისათვის განსაზღვრული იყო 90-დღიანი ვადა, ხოლო მოსარჩელე, პირიქით, ამტკიცებდა, რომ სამუშაოს შესრულებისთვის 190-დღიანი ვადა იყო შეთანხმებული. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული დავა, რომელიც უკავშირდებოდა შესრულების ვადის ხანგრძლივობას, მიუთითებს, რომ ორივე მხარე პირგასამტეხლოს გამოყენებას ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეს უკავშირებდა. ამასთანავე, ხელშეკრულების საგანი, რომელიც ითვალისწინებდა მნიშვნელოვანი მოცულობისა და 1 064 757 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოების შესრულებას, ასევე ამყარებს დასკვნას, რომ ვალდებულების დროულ შესრულებას მხარეთათვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნდა. მსგავს მოცემულობაში, მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს ერთჯერადად, ხელშეკრულების ღირებულების მხოლოდ 0,1%-ის ოდენობით განსაზღვრა შეუძლებელია ჩაითვალოს გონივრულ და ხელშეკრულების მიზანთან შესაბამის შეთანხმებად არა იმ მიზეზით, რომ მხარეებს მსგავსი პირობის შეთანხმების უფლება არ გააჩნდათ, არამედ იმიტომ, რომ ამგვარი ოდენობით პირგასამტეხლოს განსაზღვრა ვერ უზრუნველყოფს ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იმ სამართლებრივი საშუალების ეფექტიან გამოყენებას, როგორიც პირგასამტეხლოა. უფრო მეტიც, ერთჯერადი პირგასამტეხლოს არსებობის შემთხვევაში შესრულების ვადის ხანგრძლივობას, იქნებოდა ეს 90 თუ 190 დღე, პირგასამტეხლოს ოდენობაზე გავლენა არ ექნებოდა, რის გამოც დავა, რომელიც სამუშაოს შესრულების ვადას მიემართებოდა, პრაქტიკულ მნიშვნელობას მოკლებული იქნებოდა. შესაბამისად, ხელშეკრულების საგნის, მისი პირობებისა და მხარეთა ქცევის კომპლექსური შეფასებით, სასამართლო ასკვნის, რომ მხარეთა ნამდვილი ნება მიმართული იყო ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე ვალდებულების შესრულების ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

122. ამდენად, მენარდის (მოსარჩელის) მიერ ვალდებულების შესრულების ვადის 84 დღით გადაცილების გამო, მას მოპასუხის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 89 439 ლარის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა. ვინაიდან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მოსარჩელეს პირგასამტეხლოს სახით უკვე დააკისრეს 1 064,75 ლარის გადახდა, დამატებით დაკისრებას ექვემდებარება 88 374,25 ლარი (89 439 - 1 064,75 = 88 374,25).

123. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ მსჯელობა უსაფუძვლოა, რადგან შეგებებული სარჩელის წინააღმდეგ ძირითად მოსარჩელეს კვალიფიციური შედავება არ განუხორციელებია და პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს.

124. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე, გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605.).

125. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება.

126. იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5). სწორედ დარღვევის მომენტიდან ეკისრება მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და სწორედ ამ მომენტიდან ხდება იგი შესასრულებლად მძიმე ან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

127. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულია, შესაბამისად, მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება არ გამოიყენება კანონით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით.

128. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია, იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებდეს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს მოცულობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება (იხ. სუსგ №ას-189-2022, 16.09.2022წ., პ.20-21). ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს, მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (იხ. სუსგ №ას-1417-2018, 16.11.2020წ.; №ას-13-2026, 30.04.2026წ.).

129. მართალია, სსკ-ის 420-ე მუხლი უშვებს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, თუმცა აუცილებლად უნდა შეფასდეს, თუ რამდენად კვალიფიციური შედავება განახორციელა მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ, რამეთუ, სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან (იხ. სუსგ №ას-1499-2022, 24.01.2023წ; №ას-1576-2022, 16.03.2023წ.; №ას-1274-2024, 27.12.2024წ.).

130. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი შესაგებლითა და საკასაციო შესაგებლით დასტურდება, რომ შეგებებულ სარჩელზე მოპასუხეს პირგასამტეხლოს შემცირება არ მოუთხოვია და არც მის შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე მიუთითებია.

131. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ მხარეები მოქმედებენ რა დისპოზიციურობისა (სსსკ-ის მე-3 მუხლი - მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი - სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები) პრინციპის ფარგლებში, თავად განსაზღვრავენ, თუ რა სახის სარჩელი აღძრან სასამართლოში, რომელ ფაქტებს დაამყარონ თავიანთი მოთხოვნა, რა ტიპის შესაგებელი დაუპირისპირონ სასარჩელო მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებები წარუდგინონ სასამართლოს საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირებით დაინტერესებულმა პირმა შესაგებლით უნდა მოითხოვოს პირგასამტეხლოს შემცირება ან აღნიშნულის თაობაზე საქმის მომზადების დასრულებამდე განაცხადოს.

132. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მოპასუხეს პირგასამტეხლოს შემცირება არ მოუთხოვია, შესაბამისად, მას არც იმ ფაქტებზე არ მიუთითებია, რომლებიც პირგასამტეხლოს შემცირებას დაასაბუთებდა. სასამართლო კი მოკლებულია შესაძლებლობას, მოპასუხის მითითების გარეშე იმსჯელოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობაზე.

133. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

134. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა მოპასუხის შეგებებული სარჩელის მოთხოვნას მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, ხოლო აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდება და მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრება 88 374,25 ლარის გადახდა.

135. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

136. პირველი ინსტანციის სასამართლოში როგორც ძირითადმა მოსარჩელემ, ისე შეგებებული სარჩელის ავტორმა სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადეს 5 000-5 000 ლარი. სააპელაციო საჩივარზე მოპასუხემ გადაიხადა 7 000 ლარი, ხოლო საკასაციო საჩივარზე კასატორს სახელმწიფო ბაჟის 8 000 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

137. ვინაიდან ძირითადი სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 5 000 ლარი.

138. რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, მისი ფასი შეადგენდა 638 522,32 ლარს, საიდანაც დაკმაყოფილდა 188 439 ლარის მოთხოვნა, ანუ 29,5%. შესაბამისად, მოსარჩელემ მოპასუხეს უნდა აუნაზღაუროს შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 29,5%, რაც შეადგენს 1 475 ლარს.

139. სააპელაციო საჩივარზე მოპასუხემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 7 000 ლარი, საიდანაც 2 240 ლარი (32%) მოდის ძირითადი სარჩელის ნაწილზე, ხოლო 4 760 ლარი (68%) - შეგებებული სარჩელის ნაწილზე. ვინაიდან სასამართლოში მოპასუხემ წარმატებას მხოლოდ შეგებებული სარჩელის ნაწილში მიაღწია 29,5%-ის ფარგლებში, მოსარჩელემ მას უნდა აუნაზღაუროს 4 760 ლარის 29,5%, რაც შეადგენს 1 404,20 ლარს.

140. ამდენად, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების სახით უნდა დაეკისროს სულ 2 879,20 ლარის (1 475 + 1 404,20) გადახდა.

141. რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე გადავადებულ სახელმწიფო ბაჟს, საკასაციო სასამართლოს განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი მხოლოდ პირგასამტეხლოს ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში დარჩა განუხილველად. შესაბამისად, არსებითად განხილულ იქნა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების 24,91%, რის პროპორციულად გადავადებული სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 1 992,80 ლარს (8 000 × 24,91%).

142. პირგასამტეხლოს ნაწილში საკასაციო საჩივრის მოთხოვნა შეადგენდა 206 562,85 ლარს, საიდანაც დაკმაყოფილდა 88 374,25 ლარის მოთხოვნა, ანუ 42,78%. შესაბამისად, შპს „ჯ.გ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1 992,80 ლარის 42,78%-ის - 852,53 ლარის გადახდა კასატორისათვის გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში, ხოლო დარჩენილი 1 140,3 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კასატორს.

143. საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, ვერ გაიზიარებს კასატორის შუამდგომლობას საქმის ზეპირი განხილვის შესახებ, დაუსაბუთებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 411-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ს–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინება შპს „ს–ის“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „ს–ის“ შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. შპს „ჯ.გ–ს“ შპს „ს–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 88 374.25 ლარის გადახდა;

5. შპს „ს–ს“ შპს „ჯ.გ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის ანაზღაურება;

6. შპს „ჯ.გ–ს“ შპს „ს–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 2879,2 ლარის გადახდა;

7. შპს „ჯ.გ–ს“ (ს/კ №.......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 852.5 ლარის, ხოლო შპს „ს–ს“ (ს/კ №......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1140.3 ლარის გადახდა;

8. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

ბადრი შონია