დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 28.05.2026
საქმის ნომერი
ას-546-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-546-2025

28 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები - მ.ა–ძე, გ.პ–ვი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ვ–ნი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - თ.გ–ნი

დავის საგანი - ღობის დემონტაჟი და უკანონო მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ნ.ვ–ნმა (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი) 2015 წლის 7 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა და მოითხოვა, მოპასუხეებს: მ.ა–ძეს, გ.პ–ვსა და თ.გ–ნს დაევალოთ ქ.თბილისში, ......... მდებარე მიწის ნაკვეთზე მათ მიერ აგებული ღობის საკუთარი ხარჯებით დემონტაჟი და მოპასუხეთა მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ნ.ვ–ნისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.

2. მოპასუხეთა შესაგებელი

2.1. მოპასუხეებმა - მ.ა–ძემ და გ.პ–ვმა სარჩელი არ ცნეს.

2.2. მოპასუხე თ.გ–ნმა წერილობით შესაგებელში სარჩელი ცნო ნაწილობრივ.

3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის პირველი ივლისის გადაწყვეტილებით ნ.ვ–ნის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის პირველი ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეების: მ.ა–ძის, გ.პ–ვისა და თ.გ–ნის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ქ. თბილისში, .......... მდებარე ნ.ვ–ნის სახელზე რეგისტრირებული #........... მიწის ნაკვეთი ნაწილი, ფართი 34 კვ.მ.; მოპასუხეებს: მ.ა–ძეს, გ.პ–ვსა და თ.გ–ნს დაევალათ ქ. თბილისში, .......... მდებარე მიწის ნაკვეთზე მათ მიერ აგებული ღობის საკუთარი ხარჯებით დემონტაჟი და მოპასუხეთა მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ნ.ვ–ნისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.

4.2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენელსა და ნ.ვ–ნს შორის 1995 წლის 18 აპრილს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ნ.ვ–ნმა აუქციონზე შეიძინა ქ. თბილისში, ........... მდებარე აბანო #18, ცალკე მდგომი შენობა საერთო ფართით 242 კვ.მ; ქონება მყიდველს გადაეცა 1995 წლის 14 აპრილს მიღება-ჩაბარების #99 აქტით. ნ.ვ–ნის სახელზე 1995 წლის 27 აპრილს გაიცა #23/296-ა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მიხედვით, მიწის ნაკვეთით სარგებლობის პირობები უნდა დადგენილიყო კანონმდებლობის და ქალაქ თბილისის მერიის ნორმატიული აქტების საფუძველზე (ტ. I, ს.ფ. 19-22; 24).

4.3. 1994 წლის 26 ივლისს შედგენილი საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით, ქ. თბილისში, ........... მდებარე აბანო #18 მოიცავდა 368 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განლაგებულ 242 კვ.მ. შენობა-ნაგებობებს და წყლის ავზს (ტ. I, ს.ფ. 23). 2006 წლის 14 ივნისს შედგენილი საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით, მოსარგებლე ნ.ვ–ნის მფლობელობაში იყო ქ. თბილისში, .......... მდებარე 368 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 242.45 კვ.მ. შენობა-ნაგებობა (ტ. I, ს.ფ. 27).

4.4. შპს ,,ა...“-ის მიერ 2006 წლის 24 ივლისს შესრულებული ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის გეგმის მიხედვით, ქ. თბილისში, ......., ნ.ვ–ნის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართი განსაზღვრულია 330 კვ.მ.-ით (ტ. I, ს.ფ. 29).

4.5. 2007 წლის 15 თებერვალს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, .......... მდებარე 330 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი) და 242.45 კვ.მ. შენობა-ნაგებობები საკადასტრო კოდით #......... რეგისტრირებულია ნ.ვ–ნის საკუთრებად; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1513-ე მუხლი, მიწის ნაკვეთის გეგმა დამოწმებული თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2006 წლის 23 აგვისტოს; საკუთრების მოწმობა #23/296-ა, დამოწმების თარიღი: 27/04/1995 (ტ. I, ს.ფ. 30).

4.6. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ 2009 წლის 23 ოქტომბერს მომზადებული ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. თბილისში, ........... მდებარე, 762 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (508 კვ.მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით) განთავსებული შენობა-ნაგებობების თანამესაკუთრეებად მითითებული არიან მ.ა–ძე და დ.კ–ვი (ტ. I, ს.ფ. 41-43).

4.7. 1998 წლის 29 მარტს გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის მიხედვით, მ.ა–ძემ მიიღო გარდაცვლილ ა.ჩ–ის სამკვიდრო ქონება, ქონება მოიცავდა ქ. თბილისში, ........... #19-ში, ,,ლიტ ,,ა-ბ“ თითოსართულიანი სახლების ½ ნაწილს, შემდგარი 4 საცხოვრებელი ოთახისგან, 75.23 კვ.მ. სასარგებლო ფართი, 62,73 საცხოვრებელი ფართით, 12.50 კვ.მ. დახმარე ფართი აშენებული 508 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ტ. I, ს.ფ. 136).

4.8. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, .......... მდებარე, #..........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთიდან (მიწის ნაკვეთი: 766 კვ.მ; შენობა-ნაგებობები: #1, #2, #3), თ.გ–ნის საკუთრებად რეგისტრირებულია ½ ნაწილი; მ.ა–ძის საკუთრებად რეგისტრირებულია 258 კვ.მ-დან ½ ნაწილი, გ.პ–ვის საკუთრებად რეგისტრირებულია 508 კვ.მ.-დან ½ ნაწილი (ტ. I, ს.ფ. 44-46).

4.9. შპს ,,ა...“-ის მიერ 2006 წლის 24 იანვარს შესრულებული ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის გეგმის მიხედვით, ქ. თბილისში, .........., მ.ა–ძის და დ.კ–ვის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართი განსაზღვრულია 798 კვ.მ.-ით, რაც მოიცავს სადავო მიწის ნაკვეთს (ტ. I, ს.ფ. 181).

4.10. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, .......... მდებარე 508 კვ.მ. მიწის ნაკვეთს მიენიჭა მართლზომიერი მფლობელობის კატეგორია, ხოლო 287 კვ.მ.-ს - თვითნებურად დაკავებული კატეგორია და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აღიარებული იქნა მ.ა–ძის და დ.კ–ვის საკუთრების უფლება (ს.ფ. 277); 2008 წლის 02 დეკემბერს გაიცა საკუთრების უფლების #2051 მოწმობა, რომლის მიხედვით მ.ა–ძეს და დ.კ–ვს ქ. თბილისში, .......... საკუთრებაში გადაეცა 795 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ტ. I, ს.ფ. 142).

4.11. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 09 აგვისტოს ინფორმაციით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ......... მდებარე მიწის ნაკვეთი ფართით 762 კვ.მ. აღრიცხულია 1994 წლამდე მ.ა–ძის და დ.კ–ვის სახელზე, შესაბამისად თითოეულს ეკუთვნის მიწის ნაკვეთის ნახევარი შესაბამის წილ შენობა-ნაგებობებთან ერთად. აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილი - 254 კვ.მ. აღრიცხულია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე და წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელზეც ვრცელდება იგივე წილობრივი თანაფარდობა (ტ. 1, ს.ფ. 167-168).

4.12. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 08 სექტემბრის გადაწყვეტილებით შეჩერდა ი.გ–ის განცხადების გამო სარეგისტრაციო წარმოება, რომლითაც მოთხოვნილი იყო ქ. თბილისში, ....... მდებარე საკუთრებად აღიარებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების მიხედვით წარდგენილ საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე დგინდებოდა ზედდება მეზობელ მიწის ნაკვეთთან (ნ.ვ–ნის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან) (ტ. I, ს.ფ. 172-173).

4.13. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 18 იანვრის #000250716 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ........... მდებარე ნ.ვ–ნის სახელზე რეგისტრირებული #............ მიწის ნაკვეთი ნაწილი, ფართი 34 კვ.მ., ფაქტობრივად დაკავებული აქვთ ქ. თბილისში, ........ მცხოვრებ მ.ა–ძეს, გ.პ–ვს და თ.გ–ნს. აღნიშნული ფართი დასკვნის დანართი #1-ზე მწვანე ფერით არის ნაჩვენები. ის ფართი, რომელიც დღეისათვის დაკავებული აქვთ მ.ა–ძეს, გ.პ–ვს და თ.გ–(34 კვ.მ) სრულად არის შემოღობილი ბეტონის ღობით და იგი მოქცეულია ქ. თბილისი, .......... მდებარე მიწის ნაკვეთის ერთიანი ღობის შიგნით (ტ. I, ს.ფ. 107-114).

4.14. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 31 მარტის დასკვნის მიხედვით, წარდგენილი ტოპოგრაფიული გეგმისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზები გაორიენტირდა კოორდინატთა სივრცეში, აღნიშნული მონაცემები შედარდა ქ. თბილისში, ........... და #21-ს შორის ფაქტობრივად არსებული ღობის მდებარეობას (რომელიც მოცემულია #000250716 ექსპერტიზის დასკვნაში) აღნიშნულის შედეგად დადგინდა, რომ ღობის მდებარეობა და კონფიგურაცია (სადავო მონაკვეთზე) ზუსტად შეესაბამება დღეისათვის ადგილზე ფაქტობრივად არსებული გამყოფილი ღობის ადგილმდებარეობას და კონფიგურაციას (ტ. I, ს.ფ. 179).

4.15. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, აპელანტის პრეტენზია, ძირითადად, ემყარება იმ არგუმენტს, რომ სასამართლოს, ზედდების არსებობის პირობებში, შეეძლო, მოპასუხეები სადავო უძრავი ნივთის არამართლზომიერ მფლობელებად მიეჩნია, შესაბამისად, ღობის დემონტაჟის და მიწის ნაკვეთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის საფუძველი არსებობდა. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლო მოპასუხეთა მფლობლობის მართლზომიერების დასადასტურებლად დაეყრდნო ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილებას და 2008 წლის 2 დეკემბერს გაცემულ საკუთრების უფლების #2051 მოწმობას; აპელანტის მითითებით, მან გაასაჩივრა აღნიშნული ადმინისტრაციული აქტები, რომლებიც კომისიამ ბათილად ცნო; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 7 თებერვლის N251 განკარგულება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 6 ოქტომბრის N59 საოქმო გადაწყვეტილების (საკითხი 25) ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ“ გაასაჩივრა მოწინააღმდეგე მხარე მ.ა–ძემ, რომელმაც აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით მანანა აბულაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება კი შესულია კანონიერ ძალაში. აპელანტის მითითებით, ასევე კანონიერ ძალაშია შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება (27.04.2018, საქმე N3/7893-16), რომლითაც მ.ა–ძის მოთხოვნა სადავო მიწის ნაკვეთზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ სამოქალაქო საქმეზე საქმის წარმოება შეჩერებული იყო ადმინისტრაციულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, აპელანტი მიიჩნევს, რომ მოცემულ მომენტში, მოპასუხეთა მართლზომიერი მფლობელობის თაობაზე მსჯელობას საფუძველი გამოეცალა (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 10:59:23 -11:01:46 სთ.).

4.16. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე მოსარჩელეა, ხოლო მოპასუხეები მას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობენ.

4.17. მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში (2016 წლის პირველი ივლისის გადაწყვეტილება) ნ.ვ–ნის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელსაც ფლობენ მოპასუხეები და მოსარჩელე ითხოვს თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას, მოპასუხეებს საკუთრებაში გადაეცათ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილებით და 2008 წლის 02 დეკემბერს მიწის ნაკვეთზე გაიცა საკუთრების უფლების #2051 მოწმობა. საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთი ვერ დარეგისტრირდა, ვინაიდან საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე დგინდებოდა ზედდება ნ.ვ–ნის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. სასამართლომ განმარტა: მიუხედავად ზედდებისა, არ უნდა იქნას დაშვებული, რომ მოპასუხეს იურიდიულად დაკარგული აქვს უფლება უძრავ ნივთზე. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება და 2008 წლის 02 დეკემბერს გაცემული საკუთრების უფლების #2051 მოწმობა არის ძალაში. სასამართლომ მიუთითა: საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხეები უკანონოდ ფლობენ სადავო მიწის ნაკვეთს და შესაბამისად არ დგინდება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.

4.18. როგორც უკვე აღინიშნა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით №2ბ/4711-16 სამოქალაქო საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება №3/7753-16 და №3/7893-16 ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

4.19. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 დეკემბრის განჩინებით №3/7753-16 საქმეზე, ნ.ვ–ნის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით აღნიშნული განჩინება დარჩა უცვლელად). აღნიშნული სარჩელით მოსარჩელე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილების და 2008 წლის 2 დეკემბრის საკუთრების უფლების #2051 მოწმობის ბათილად ცნობას ითხოვდა.

4.20. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით N3/7893-16 საქმეზე მ.ა–ძის და გ.პ–ვის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (სასარჩელო მოთხოვნა: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 16 მარტის N10.16-083591 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 მაისის N882016292611-08 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 26 სექტემბრის N249495 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; უძრავ ნივთზე ს.კ. ..........რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ). თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით მ.ა–ძისა და გ.პ–ვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის Nბს-832(კ-21) განჩინებით მ.ა–ძისა და გ.პ–ვის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებაზე და განცხადება გაშვებული საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ, დარჩა განუხილველად.

4.21. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა და №2ბ/4711-16 სამოქალაქო საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება №3/2401-18 ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

4.22. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2401-18) მანანა აბულაძის სარჩელი მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, მესამე პირების - ნ.ვ–ნის, გ.პ–ვის, ლ.ტ–ვას (გარდაცვლილი დ.კ–ვის უფლებამონაცვლე), თ.გ–ნის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (სასარჩელო მოთხოვნა - ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 7 თებერვლის N251 განკარგულება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 6 ოქტომბრის N59 საოქმო გადაწყვეტილების (საკითხი 25) ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ“).

4.23. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ა–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინებით (საქმე №95-19) მ.ა–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4.24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის (საქმე #826 (კ-23)) განჩინებით მ.ა–ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

4.25. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში (საქმე №2401-18) მითითებულ უდავო ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, ნ.ვ–ნმა, 2016 წლის 26 ოქტომბერს, N3866772/12 განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 6 ოქტომბრის N59 საოქმო გადაწყვეტილების (საკითხი 25) და მის საფუძველზე 2008 წლის 2 დეკემბერს მ.ა–ძის და დ.კ–ვის სახელზე გაცემული N2051 საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერების შესწავლა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 7 თებერვლის N251 განკარგულებით, ბათილად იქნა ცნობილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 6 ოქტომბრის N59 საოქმო გადაწყვეტილება (საკითხი-25), ნ.ვ–ანის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ნაწილზე, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, მ.ა–ძისა და დ.კ–ვის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში (34.00კვ.მ. მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში), მისი ძალაში შესვლის დღიდან. გაუქმდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 2 დეკემბერს გაცემული N2051 საკუთრების უფლების მოწმობა, თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად.

4.26. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით N3/7893-16 საქმეზე მ.ა–ძის და გ.პ–ვის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (სასარჩელო მოთხოვნა: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 16 მარტის N10.16-083591 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 მაისის N882016292611-08 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 26 სექტემბრის N249495 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; უძრავ ნივთზე ს.კ. ..........რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ).

4.27. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე აღარ არსებობს ის საფუძველი, რომელიც მოპასუხეთა მფლობელობას მართლზომიერად აქცევდა. კერძოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 7 თებერვლის N251 განკარგულებით, ბათილად იქნა ცნობილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 6 ოქტომბრის N59 საოქმო გადაწყვეტილება (საკითხი-25), ნ.ვ–ნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ნაწილზე, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, მ.ა–ძისა და დ.კ–ვის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში (34.00კვ.მ. მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში), მისი ძალაში შესვლის დღიდან. გაუქმდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 2 დეკემბერს გაცემული N2051 საკუთრების უფლების მოწმობა, თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად.

4.28. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

4.29. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

4.30. სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

4.31. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის დასამტკიცებელი გარემოება იყო, რომ სადავო უძრავი ნივთი მისი საკუთრებაა და რომ მოპასუხეები მას ხელს უშლიან საკუთრებით სარგებლობაში.

4.32. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ უძრავი ნივთის მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, რათა აღდგენილი იქნეს ნივთზე მისი მფლობელობის შელახული უფლება. შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; 2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; 3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია. მაშასადამე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს აღნიშნული წინაპირობები (იხ. სუსგ №ას-766-2023, 05.10.2023 წ.).

4.33. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (იხ. სუსგ №ას-766-2023, 05.10.2023 წ.).

4.34. მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ამონაწერებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, .......... მდებარე 330 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი) და 242.45 კვ.მ. შენობა-ნაგებობები საკადასტრო კოდით #.......... რეგისტრირებულია ნ.ვ–ნის საკუთრებად.

4.35. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მოპასუხეების/მოწინააღმდეგე მხარეების მფლობელობა სადავო უძრავ ნივთზე მართლზომიერი არ არის. რაც განაპირობებს, მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის უფლებამოსილებას, მის საკუთრებაში არსებულ ნივთზე მესაკუთრის უფლებები სრულყოფილად განახორციელოს.

4.36. დადგენილია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 18 იანვრის #000250716 დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, ......... მდებარე ნ.ვ–ნის სახელზე რეგისტრირებული #...........მიწის ნაკვეთი ნაწილი, ფართი 34 კვ.მ., ფაქტობრივად დაკავებული აქვთ ქ. თბილისში, .......... მცხოვრებ მ.ა–ძეს, გ.პ–ვს და თ.გ–ნს. აღნიშნული ფართი დასკვნის დანართი #1-ზე მწვანე ფერით არის ნაჩვენები. ის ფართი, რომელიც დღეისათვის დაკავებული აქვთ მ.ა–ძეს, გ.პ–ვს და თ.გ–(34 კვ.მ) სრულად არის შემოღობილი ბეტონის ღობით და იგი მოქცეულია ქ. თბილისი, .......... მდებარე მიწის ნაკვეთის ერთიანი ღობის შიგნით.

4.37. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა/მოწინააღმდგე მხარეებმა ვერ უზრუნველყვეს თავიანთი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმგვარი მტკიცებულების წარდგენა, რომლითაც სადავო უძრავ ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება მანამდე ითვლება კანონიერად, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს, მანამდე კი ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (იხ. სუსგ №ას-320-2020, 18.02.2021 წ.).

4.38. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ასევე მოთხოვნილია მოპასუხეებს: მ.ა–ძეს, გ.პ–ვსა და თ.გ–ნს დაევალოთ ქ. თბილისში, .......... მდებარე მიწის ნაკვეთზე მათ მიერ აგებული ღობის საკუთარი ხარჯებით დემონტაჟი. დადგენილია, რომ ის ფართი, რომელიც დღეისათვის დაკავებული აქვთ მ.ა–ძეს, გ.პ–ვსა და თ.გ–ს (34 კვ.მ) სრულად არის შემოღობილი ბეტონის ღობით და იგი მოქცეულია ქ. თბილისი, .......... მდებარე მიწის ნაკვეთის ერთიანი ღობის შიგნით. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია მოპასუხეთა არამართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასთან ერთად, არსებობს ბეტონის ღობის დემონტაჟის საფუძველი, მოსარჩელისათვის კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის უზრუნველსაყოფად.

5. მოპასუხეთა საკასაციო საჩივრის საფუძვლები

5.1. მ.ა–ძემ და გ.პ–ვმა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.

5.2. კასატორების განმარტებით, მართალია პირველი ინსტანციის სასამართლოში კასატორებს წარდგენილი ჰქონდათ #2051 საკუთრების მოწმობა, როგორც მათი უფლების დამდგენი დოკუმენტი (რომელიც გაუქმებულია), თუმცა მათ ასევე წარდგენილი ჰქონდათ ცნობა-დახასიათება, რაზეც სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა. ის ფაქტი, რომ საკუთრების მოწმობა გაუქმდა, არ ნიშნავს იმას, რომ კასატორებმა მართლზომიერი მფლობელობის უფლებაც დაკარგეს, არსებობს სხვა დოკუმენტებიც, რომლებიც ძალაშია და რომლებიც ამ უფლებას ადასტურებენ.

5.3. კასატორთა განმარტებით, საკუთრების მოწმობა #2051 ნაწილობრივ, მხოლოდ 34 კვ.მ ნაწილში გაუქმდა, რადგან დაფიქსირდა ზედდება ნ.ვ–ნის რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. საქმეში არსებულ ცნობა-დახასიათებაში მითითებულია, რომ 762 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და ზედ განთავსებული შენობა-ნაგებობების „მესაკუთრეები“ არიან მ.ა–ძე და დ.კ–ვი. ფართობი უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე აღრიცხულია 1993 წელს. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 9 აგვისტოს ინფორმაციით დადგენილია, რომ 254 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელშიც ექცევა სადავო 34 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მ.ა–ძისა და დ.კ–ვის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწას. ამის თაობაზე ცნობილი იყო მოსარჩელისათვის, რაზეც მას პრეტენზია არ განუცხადებია.

5.4. კასატორთა განმარტებით, სადავო 34 კვ.მ მიწის ნაკვეთი, არ არის სივრცით კავშირში ნ.ვ–ნის სახლთმფლობელობასთან. ნ.ვ–ნს უძრავი ქონების შეძენის დროს პრეტენზია არ გამოუთქვამს ღობესთან დაკავშირებით, რომლის დემონტაჟსაც მოსარჩელე ითხოვს. მან პრეტენზია უძრავი ქონების შეძენიდან 8 წლის შემდეგ გამოთქვა. შენობა-ნაგებობის პირვანდელ მესაკუთრეს აღნიშნულ ღობესთან დაკავშირებით პრეტენზია არ განუცხადებია. ეს ღობე კასატორებს არ აუშენებიათ, ის ჯერ კიდევ სახელმწიფოს მიერ არის აშენებული როგორც გამყოფი მიჯნა და უსაფრთხოების ჯებირი 5 მეტრით მაღლა არსებული მიწის ნაკვეთისათვის.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინებით მ.ა–ძისა და გ.პ–ვის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

6.2. საკასაციო სასამართლოში, 2025 წლის 22 ოქტომბერს, გაიმართა საქმის ზეპირი მოსმენა, მხარეთა მონაწილეობით. სასამართლომ მხარეებს დავის მორიგებით დასრულება შესთავაზა და ამისათვის, მათ ვადა მისცა. მხარეთა შორის მორიგება ვერ შედგა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორების ძირითადი საკასაციო პრეტენზია შეეხება იმ გარემოებას, რომ მათ სადავო ფართზე მართლზომიერი მფლობელობის უფლება არ დაუკარგავთ. ამასთან, სადავო ღობე აღმართულია წლებია, რასთან დაკავშირებითაც მოსარჩელეს პრეტენზია უძრავი ქონების შეძენის დროს არ გამოუთქვამს.

14. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით განმტკიცებულია საკუთრების უფლების არსი და ნორმაში გადმოცემულია ის ელემენტები, რომლებიც ქმნის საკუთრების უფლების შინაარსს: მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ნივთებით, არ დაუშვას მესამე პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. მესაკუთრეს შეუძლია განახორციელოს პოზიტიური უფლებამოსილებანი, ან ნეგატიური - გამორიცხოს ნებისმიერი მესამე პირის მიერ ქონებით სარგებლობა (იხ. სუსგ Nას-25-2021, 27.04.2021წ; Nას-583-2021, 23.07.2021წ).

15. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც მითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ: სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245; ს.უ.ს.გ. №ას-457-2021, 05.10.2021წ.)

16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (ს.უ.ს.გ. Nას-914-2019, 25.07.2019წ; ს.უ.ს.გ. Nას-246-246-2018; 20.03.2018წ.).

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (ს.უ.ს.გ. Nას-887-2019, 27.12.2019წ.).

18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

19. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად, რის საფუძველზეც, საკასაციო პალატამ უპასუხა, კასატორის მხოლოდ ძირითად არგუმენტებს (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

20. საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქმეში დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

20.1. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენელსა და ნ.ვ–ნს შორის 1995 წლის 18 აპრილს დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ნ.ვ–ნმა აუქციონზე შეიძინა ქ. თბილისში, .......... მდებარე აბანო #18, ცალკე მდგომი შენობა საერთო ფართით 242 კვ.მ; ქონება მყიდველს გადაეცა 1995 წლის 14 აპრილს მიღება-ჩაბარების #99 აქტით. ნ.ვ–ნის სახელზე 1995 წლის 27 აპრილს გაიცა #23/296-ა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მიხედვით, მიწის ნაკვეთით სარგებლობის პირობები უნდა დადგენილიყო კანონმდებლობის და ქალაქ თბილისის მერიის ნორმატიული აქტების საფუძველზე (ტ. I, ს.ფ. 19-22; 24).

20.2. 1994 წლის 26 ივლისს შედგენილი საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით, ქ. თბილისში, ........ მდებარე აბანო #18 მოიცავდა 368 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განლაგებულ 242 კვ.მ. შენობა-ნაგებობებს და წყლის ავზს (ტ. I, ს.ფ. 23). 2006 წლის 14 ივნისს შედგენილი საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით, მოსარგებლე ნ.ვ–ნის მფლობელობაში იყო ქ. თბილისში, ........... მდებარე 368 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 242.45 კვ.მ. შენობა-ნაგებობა (ტ. I, ს.ფ. 27).

20.3. შპს ,,ა...“-ის მიერ 2006 წლის 24 ივლისს შესრულებული ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის გეგმის მიხედვით, ქ. თბილისში, ............, ნ.ვ–ნის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართი განსაზღვრულია 330 კვ.მ.-ით (ტ. I, ს.ფ. 29).

20.4. 2007 წლის 15 თებერვალს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, .............. მდებარე 330 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი) და 242.45 კვ.მ. შენობა-ნაგებობები საკადასტრო კოდით #............ რეგისტრირებულია ნ.ვ–ნის საკუთრებად; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1513-ე მუხლი, მიწის ნაკვეთის გეგმა დამოწმებული თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2006 წლის 23 აგვისტოს; საკუთრების მოწმობა #23/296-ა, დამოწმების თარიღი: 27/04/1995 (ტ. I, ს.ფ. 30).

20.5. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ 2009 წლის 23 ოქტომბერს მომზადებული ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. თბილისში, .......... მდებარე, 762 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (508 კვ.მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით) განთავსებული შენობა-ნაგებობების თანამესაკუთრეებად მითითებული არიან მ.ა–ძე და დ.კ–ვი (ტ. I, ს.ფ. 41-43).

20.6. 1998 წლის 29 მარტს გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის მიხედვით, მ.ა–ძემ მიიღო გარდაცვლილ ა.ჩ–ის სამკვიდრო ქონება, ქონება მოიცავდა ქ. თბილისში, ..........., ,,ლიტ ,,ა-ბ“ თითოსართულიანი სახლების ½ ნაწილს, შემდგარი 4 საცხოვრებელი ოთახისგან, 75.23 კვ.მ. სასარგებლო ფართი, 62,73 საცხოვრებელი ფართით, 12.50 კვ.მ. დახმარე ფართი აშენებული 508 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ტ. I, ს.ფ. 136).

20.7. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, .......... მდებარე, #..........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთიდან (მიწის ნაკვეთი: 766 კვ.მ; შენობა-ნაგებობები: #1, #2, #3), თ.გ–ნის საკუთრებად რეგისტრირებულია ½ ნაწილი; მ.ა–ძის საკუთრებად რეგისტრირებულია 258 კვ.მ-დან ½ ნაწილი, გ.პ–ვის საკუთრებად რეგისტრირებულია 508 კვ.მ.-დან ½ ნაწილი (ტ. I, ს.ფ. 44-46).

20.8. შპს ,,ა...“-ის მიერ 2006 წლის 24 იანვარს შესრულებული ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის გეგმის მიხედვით, ქ. თბილისში, .........., მ.ა–ძის და დ.კ–ვის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართი განსაზღვრულია 798 კვ.მ.-ით, რაც მოიცავს სადავო მიწის ნაკვეთს (ტ. I, ს.ფ. 181).

20.9. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, .......... მდებარე 508 კვ.მ. მიწის ნაკვეთს მიენიჭა მართლზომიერი მფლობელობის კატეგორია, ხოლო 287 კვ.მ.-ს - თვითნებურად დაკავებული კატეგორია და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აღიარებული იქნა მ.ა–ძის და დ.კ–ვის საკუთრების უფლება (ს.ფ. 277); 2008 წლის 02 დეკემბერს გაიცა საკუთრების უფლების #2051 მოწმობა, რომლის მიხედვით მ.ა–ძეს და დ.კ–ვს ქ. თბილისში, .......... საკუთრებაში გადაეცა 795 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ტ. I, ს.ფ. 142).

20.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 09 აგვისტოს ინფორმაციით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ........... #19-ში მდებარე მიწის ნაკვეთი ფართით 762 კვ.მ. აღრიცხულია 1994 წლამდე მ.ა–ძის და დ.კ–ვის სახელზე, შესაბამისად თითოეულს ეკუთვნის მიწის ნაკვეთის ნახევარი შესაბამის წილ შენობა-ნაგებობებთან ერთად. აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილი - 254 კვ.მ. აღრიცხულია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე და წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელზეც ვრცელდება იგივე წილობრივი თანაფარდობა (ტ. 1, ს.ფ. 167-168).

20.11. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 08 სექტემბრის გადაწყვეტილებით შეჩერდა ი.გ–ის განცხადების გამო სარეგისტრაციო წარმოება, რომლითაც მოთხოვნილი იყო ქ. თბილისში, ........... #19-ში მდებარე საკუთრებად აღიარებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების მიხედვით წარდგენილ საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე დგინდებოდა ზედდება მეზობელ მიწის ნაკვეთთან (ნ.ვ–ნის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან) (ტ. I, ს.ფ. 172-173).

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი , რომლითაც დაადასტურა მისი საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. მოპასუხეს ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მფლობელობა მართლზომიერია.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, უძრავი ნივთის მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, რათა აღდგენილი იქნეს ნივთზე მისი მფლობელობის შელახული უფლება. შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; 2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; 3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია.

23. სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე აღარ არსებობს ის საფუძველი, რომელიც მოპასუხეთა მფლობელობას მართლზომიერად აქცევდა. კერძოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 7 თებერვლის N251 განკარგულებით, ბათილად იქნა ცნობილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 6 ოქტომბრის N59 საოქმო გადაწყვეტილება (საკითხი-25), ნ.ვ–ნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ნაწილზე, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, მ.ა–ძისა და დ.კ–ვის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში (34.00კვ.მ. მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში), მისი ძალაში შესვლის დღიდან. გაუქმდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 2 დეკემბერს გაცემული N2051 საკუთრების უფლების მოწმობა, თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად.

24. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 18 იანვრის #000250716 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ........... მდებარე ნ.ვ–ნის სახელზე რეგისტრირებული #.......... მიწის ნაკვეთი ნაწილი, ფართი 34 კვ.მ., ფაქტობრივად დაკავებული აქვთ ქ. თბილისში, ........... მცხოვრებ მ.ა–ძეს, გ.პ–ვს და თ.გ–ნს. აღნიშნული ფართი დასკვნის დანართი #1-ზე მწვანე ფერით არის ნაჩვენები. ის ფართი, რომელიც დღეისათვის დაკავებული აქვთ მ.ა–ძეს, გ.პ–ვს და თ.გ–ს (34 კვ.მ) სრულად არის შემოღობილი ბეტონის ღობით და იგი მოქცეულია ქ. თბილისი, .......... მდებარე მიწის ნაკვეთის ერთიანი ღობის შიგნით (ტ. I, ს.ფ. 107-114).

25. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 31 მარტის დასკვნის მიხედვით, წარდგენილი ტოპოგრაფიული გეგმისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზები გაორიენტირდა კოორდინატთა სივრცეში, აღნიშნული მონაცემები შედარდა ქ. თბილისში, ........... და #21-ს შორის ფაქტობრივად არსებული ღობის მდებარეობას (რომელიც მოცემულია #000250716 ექსპერტიზის დასკვნაში) აღნიშნულის შედეგად დადგინდა, რომ ღობის მდებარეობა და კონფიგურაცია (სადავო მონაკვეთზე) ზუსტად შეესაბამება დღეისათვის ადგილზე ფაქტობრივად არსებული გამყოფილი ღობის ადგილმდებარეობას და კონფიგურაციას (ტ. I, ს.ფ. 179).

26. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლებით დაცულ საკუთრების უფლებაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა, კერძოდ: „მესაკუთრის უფლება, მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა, არ შეიძლება იყოს ხანდაზმული, ვინაიდან მესაკუთრის აღნიშნული თავისუფლების ხანდაზმულობის შემზღუდავი დანაწესისადმი დაქვემდებარება ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების აბსოლუტურ ბუნებას, საქართველოს კონსტიტუციასა და სამოქალაქო კოდექსის აღნიშნულ ნორმებს. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადები არ უნდა გავრცელდეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნაზე, თუმცა, ნეგატორულ სარჩელთან მიმართებით, ხანდაზმულობის ვადები გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, კერძოდ, მესაკუთრეს ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით სარჩელის აღძვრის უფლება აქვს იქამდე, სანამ ხელშეშლა გრძელდება, თუნდაც ხელშეშლა უსასრულოდ გრძელდებოდეს, ხოლო ხელშეშლის აღკვეთის შემდეგ ნეგატორული სარჩელის წარდგენა შეუძლებელია. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა დღემდე გრძელდება (იხ. სუსგ №ას-307-289-2014, 09.01.2015წ.).

27. საკასაციო შედავება ეხება ასევე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს, უძრავი ქონების შეძენის დროს, პრეტენზია არ გამოუთქვამს ღობესთან დაკავშირებით, რომლის დემონტაჟსაც სარჩელით ითხოვს და კასატორები ეყრდნობიან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაწესს.

28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 179-ე მუხლი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებელობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვარს. ნორმის მიზანია, დააბალანსოს მიწის მესაკუთრეთა ინტერესები, როდესაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდება მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს. მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის თმენის ვალდებულება ანაზღაურდება შესაბამისი ფულადი კომპენსაციით. სსკ-ის 179-ე მუხლი არის ამავე კოდექსის 170-ე მუხლის მოდიფიცირება იმ თვალსაზრისით, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლება მეზობელი მიწის ნაკვეთიდან საზღვრის დარღვევით განხორციელებული მშენებლობით იზღუდება. ნორმის მიხედვით, არსებობს საჯარო ინტერესი, შენარჩუნდეს მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ნაგებობის ეკონომიკური ერთიანობა, რის გამოც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს მშენებლობის განმახორციელებელი მეზობლის მიმართ არ აქვს ნაგებობის დანგრევის მოთხოვნის უფლება (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი, 2018, გვ. 103).

29. საკასაციო პალატა, სადავო შემთხვევის მოსაწესრიგებლად ვერ დაეყრდნობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 179-ე მუხლს, რადგან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ დგინდებოდა ზედდება მეზობელ მიწის ნაკვეთთან (ნ.ვ–ნის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან). დადგენილია, ასევე, რომ ბათილად იქნა ცნობილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 6 ოქტომბრის N59 საოქმო გადაწყვეტილება (საკითხი-25), მ.ა–ძისა და დ.კ–ვის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში (34.00კვ.მ. მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში). საკასაციო პალატა, კვლავ მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 18 იანვრის #000250716 დასკვნაზე, რომლის საფუძველზეც დადგენილია, რომ ........... მდებარე ნ.ვ–ნის სახელზე რეგისტრირებული #......... მიწის ნაკვეთი ნაწილი, ფართი 34 კვ.მ., ფაქტობრივად დაკავებული აქვთ ქ. თბილისში, ........... მცხოვრებ მ.ა–ძეს, გ.პ–ვს და თ.გ–ნს. ამდენად, სადავო 34 კვ.მ ფართის კონფიგურაციით დასტურდება, რომ იგი მოქცეულია ქ. თბილისი, .......... მდებარე მიწის ნაკვეთის ერთიანი ღობის შიგნით (ტ. I, ს.ფ. 107-114). ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია მოპასუხეთა არამართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასთან ერთად, არსებობს ბეტონის ღობის დემონტაჟის საფუძველი, მოსარჩელისათვის კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის უზრუნველსაყოფად.

30. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დასახელებული კონსტიტუციური დებულებით აღიარებული საკუთრების უფლება თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების არსებობისა და განვითარების საფუძველია. საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლების დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის.

31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ,მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ვინდიკაციური სარჩელი, რომლის წარმატების წინაპირობებიც დაკმაყოფილებულია, შესაბამისად, არ არსებობს კასატორთა მიერ მითითებული სამეზობლო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების საფუძველი.

32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ გარემოებათა ერთობლიობაში შეფასების შედეგად, მოსარჩელემ სარწმუნოდ დაადასტურა მოპასუხეების მხრიდან მისი საკუთრების ფლობის/სარგებლობის იმ სახის არსებითი, დაუშვებელი ხასიათის ხელშეშლის არსებობა, რომლის აღსაკვეთად, მოპასუხისათვის სადავო ღობის დემონტაჟის დავალდებულება ადეკვატურ, აუცილებელ და პროპორციულ სამართლებრივ ზომას წარმოადგენს და სამეზობლო თმენის ვალდებულებას სცდება.

33. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

34. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

36. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.მ.ა–ძისა და გ.პ–ვის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. მ.ა–ძესა (პ/ნ ...........) და გ.პ–ვს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ შპს იურიდიული ფირმა დ–ი და გ–ის მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „საქართველოს ბანკში“ 14.07.2025 წლის N0107 ელექტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი