დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 09.07.2026
საქმის ნომერი
ას-340-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
09.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე Nას-340-2026

9 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ა.ა.ს.კ–კა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ხ–ა“ (მოსარჩელე)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 02 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, 2024 წლის 25 აპრილს სარჩელით მიმართა შპს „ა.ხ–ის“ წარმომადგენელმა თ.ქ–მა მოპასუხე შპს „ა.ა.ს.კ–კის“ მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, შპს „ა.ხ–ის“ სარჩელი მოპასუხე შპს „ა.ა.ს.კ–კის“ მიმართ, დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „ა.ა.ს.კ–კას“ მოსარჩელე შპს „ა.ხ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 193235.24 (ას ოთხმოცდაცამეტი ათას ორას ოცდათხუთმეტი მთელი და ოცდაოთხი მეასედი) ლარის გადახდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 ივნისის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 ივნისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

5. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 20 ივნისის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მათი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და საქმის განხილვა ჩაინიშნა 2026 წლის 2 თებერვალს 13:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე უწყებები გაეგზავნათ მხარეთა წარმომადგენლებს. მოპასუხის წარმომადგენელს დ.ა–ძეს აღნიშნული უწყება ჩაბარდა 2025 წლის 9 დეკემბერს (ტ. 2, ს/ფ 43).

7. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2026 წლის 2 თებერვალს, 13:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელი არ გამოცხადდა და არც სასამართლოსთვის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი უცნობებია. ამავე სხდომაზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 2 თებერვლის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.

9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტი/მოპასუხე ინფორმირებული იყო სასამართლო სხდომის შესახებ კანონით დადგენილი წესით. მის წარმომადგენელს დ.ა–ძეს, სასამართლო სხდომის შესახებ უწყება გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით და პირადად ჩაბარდა 2025 წლის 9 დეკემბერს. მას ასევე ეცნობა სხდომაზე გამოუცხადებლობის პროცესუალური შედეგების თაობაზე.

10. აპელანტის წარმომადგენელს სასამართლოში არ წარუდგენია შუამდგომლობა, რომელიც სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება ყოფილიყო მიჩნეული.

11. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება აპელანტმა გაასაჩივრა კერძო საჩივრით, მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის ხელახლა განხილვა მოითხოვა. მისი განმარტებით, 2026 წლის 2 თებერვალს აპელანტის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება წარმოადგენს საპატიო მიზეზს.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 1 მაისის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 2 თებერვლის სხდომაზე გამოუცხადებლობის მოტივით და გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა.

16. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

17. სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

18. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

19. ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (სსსკ-ის 229-242 მუხლები). შესაბამისად, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, სსსკ-ის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

20. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

22. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი.

23. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის.

24. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

25. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, მისი სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობით, რაც საპატიო მიზეზად უნდა ჩაითვალოს.

26. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სსსკ-ის 215.3 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

27. ამდენად, მართალია, სსსკ-ის 215-ე მუხლით ავადმყოფობა მიჩნეულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, მაგრამ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე ან შრომისუუნარობის ფურცელი( ერთ-ერთ საქმეში უზენაესმა სასამართლომ ასევე განმარტა შემდეგი: „საავადმყოფო ფურცელი, განსხვავებით ამბოლატორიული მკურნალობის სამედიცინო ცნობებისგან, არ საჭიროებს დამატებით აღნიშვნას სასამართლო სხდომაზე პაციენტის გამოუცხადებლობის თაობაზე, მითითებული დოკუმენტი, დანიშნულებიდან გამომდინარე, იმთავითვე გამორიცხავს საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში, პაციენტის შრომისუნარიან სუბიექტად და, მაშასადამე, საკუთარი ინტერესების დასაცავად სამართალწარმოებაში მონაწილეობისუნარიან პირად განხილვას (სუსგ №ას-1976-2018, 30.04.2020 წ.; ას-1579-2024, 21.05.2024წ.).

28. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტის წარმომადგენელს დ.ა–ძეს სააპელაციო სასამართლოსთვის წინასწარ არ უცნობებია სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე. მან მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 2 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე წარდგენილ კერძო საჩივარში განმარტა, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორს, არც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას და არც შემდეგ, მათ შორის კერძო საჩივრით მიმართვისას, სასამართლოსთვის არ წარუდგენია ცნობა, რომელიც დაადასტურებდა სააპელაციო სასამართლოში სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის დადასტურება და სააპელაციო სასამართლომ მართებულად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს საქმეებზე დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო (იხ. სუსგ-ები საქმე №ას-421-399-2012, 30.04.2012 წელი; საქმე №ას-237-224-2015, 25.05.2015 წელი; საქმე №ას-634-634-2018, 31.10.2018 წელი; საქმე №ას-1151-2021, 21.12.2021 წელი; საქმე №ას-171-2024, 12.06.2024 წელი; საქმე №ას-733-2024, 11.07.2024წელი; Nას-344-2024 16 .07.2024 წელი;).

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სწორედ იმ მიზნით აწესებს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის მიზეზის შეფასების ზემოთ მოყვანილ წესს, რომ მხარეებმა საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და მხოლოდ ობიექტურად გამოუვალი მდგომარეობა იქნეს მიჩნეული დასახელებული მოვალეობების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად (იხ. სუსგ №ას-455-2024, 14.06.2024 წ.).

32. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტი სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა, არც გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის შესახებ შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის და არც ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგენია, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ა.ა.ს.კ–კის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 02 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი