დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 03.06.2026
საქმის ნომერი
ას-471-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-471-2026 3 ივნისი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „მ.პ–ი“ (აპელანტი, მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.პ.გ.ს–თვის“ (მოპასუხე )

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 11 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „მ. პ–სა“ („შემსრულებელი“) და მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას - „ს–ის“ („დამკვეთი“) შორის 2021 წლის 4 სექტემბერს წერილობით გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც შემსრულებელმა, იკისრა პოლიგრაფიული მომსახურების გაწევის - ტრიპლეტების, პოსტერებისა და ფლაერების ბეჭდვის და დამკვეთისთვის მიწოდების ვალდებულება. დამკვეთს, უნდა გადაეხადა მომსახურების საფასური ორ ნაწილად. ხელშეკრულების ჯამური ღირებულებიდან - 205 930 ლარი, 15 000 ლარი უნდა გადაეხადა 2021 წლის 10 სექტემბრამდე, 190 930 ლარი კი - 2021 წლის 19 სექტემბრამდე. ხელშეკრულების გაფორმების დღესვე მხარეები დამატებით შეთანხმდნენ მომსახურების ჯამური ღირებულების გაზრდაზე 208 752.50 ლარამდე. ამ თანხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო შემდეგი პირობებით: 15 000 ლარის – არაუგვიანეს 2021 წლის 10 სექტემბრისა, 100 000 ლარის – არაუგვიანეს 2021 წლის 24 სექტემბრისა, 93 752.50 ლარის – არაუგვიანეს 2021 წლის 28 სექტემბრისა.

2. მხარეები ასევე შეთანხმდნენ დასაბეჭდი პროდუქციის ტირაჟის გაზრდაზე და დამატებით, ბანერის დამზადებაზე. საბოლოოდ, დამკვეთის მიერ დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, მომსახურების მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 213 197.00 ლარით.

3. ხელშეკრულებით შეთანხმდა მხარეთა უფლება-მოვალეობები, ასევე, პასუხისმგებლობის ფორმები ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის.

4. ხელშეკრულების 1.3. პუნქტის მიხედვით, მომსახურების ჩაბარება განხორციელდება დამკვეთის მიერ შემსრულებლისათვის საბეჭდი ფაილის მიწოდებიდან არაუგვიანეს 12 (თორმეტ) დღეში. იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებელი მიიჩნევს, რომ საჭიროა საბეჭდი ფაილის შესწორება/რედაქტირება ჩაბარების ვადა აითვლება ამ ფაილების საბოლოო რედაქციის დამკვეთის მხრიდან დადასტურებიდან.

5. ხელშეკრულების 3.3.4. პუნქტით კი, დამკვეთის ვალდებულებად განისაზღვრა შემდეგი: მომსახურების მიღებამდე შეამოწმოს შემსრულებლის მიერ შესრულებული სამუშაო („მომსახურება“) და ხარვეზის/ნაკლის არარსებობის შემთხვევაში განახორციელოს მისი ჩაბარება წინამდებარე ხელშეკრულების 1-ლი მუხლის შესაბამისად, რის შემდგომაც დამკვეთს არ აქვს უფლება წარადგინოს პრეტენზია შესრულებული მომსახურების ხარისხისა თუ მისი სხვა ნებისმიერი ნაკლის შესახებ.

6. ხელშეკრულების 4.2. პუნქტის მიხედვით, შემსრულებელი უფლებამოსილია ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ანგარიშსწორების პირობების დარღვევის შემთხვევაში დამკვეთს დააკისროს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.5 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

7. ხელშეკრულების 6.6. მუხლის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავის შემთხვევაში სასამართლოს მიერ საქმის გადაწყვეტისას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 268.11-ე მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

8. 2021 წლის 13 ოქტომბერს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის დადასტურებით 2021 წლის 15 ოქტომბერს მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „ს–ის“ დაადასტურა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შპს „მ.პ–ის“ მიერ 213 197.00 ლარის ღირებულების მომსახურების გაწევა.

9. 2021 წლის 10 სექტემბერს, ხელშეკრულების პირობის დაცვით, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „ს–ის“ 15 000.00 ლარი გადარიცხა შპს „მ.პ–ის“ საბანკო ანგარიშზე.

10. 2021 წლის 11 ნოემბრისა და 2021 წლის 6 დეკემბრის წერილებით, რაც შპს „მ.პ–მა“ ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას - „ს–ის“ 2021 წლის 18 ნოემბერს და 6 დეკემბერს, ამ უკანასკნელს განესაზღვრა 1 კვირის ვადა დავალიანების - 198 197 ლარის გადასახდელად. მას წერილებით ასევე ეცნობა, რომ დათქმულ ვადაში ანგარიშსწორების განუხორციელებლობის შემთხვევაში შპს „მ.პ–ი“ მიმართავდა სასამართლოს და დავალიანების გადახდასთან ერთად, მოითხოვდა პირგასამტეხლოს და სხვა ხარჯების ანაზღაურების დაკისრებას.

11. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები

11.1. მოპასუხეს - მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „ს–ის“, შპს „მ.პ–ის“ სასარგებლოდ, დაეკისროს 325 063 ლარის გადახდა, საიდანაც 198 197 ლარი არის სახელშეკრულებო ვალდებულებიდან წარმოშობილი დავალიანება, 126 866 ლარი კი - პირგსამტეხლო.

11.2. მოსარჩელე შპს „მ.პ–სა“ და მოპასუხე მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „ს–ის“ შორის 2021 წლის 4 სექტემბერს გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ, როგორც შემსრულებელმა, იკისრა პოლიგრაფიული მომსახურების გაწევის (ტრიპლეტების, პოსტერებისა და ფლაერების ბეჭდვა/მიწოდების სახით) ვალდებულება, ხოლო მოპასუხეს, როგორც დამკვეთს უნდა გადაეხადა მომსახურების საფასური მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადაში. ხელშეკრულების გაფორმების დღეს მხარეთა შორის ასევე გაფორმდა წერილობითი შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა 208 752.50 ლარი. სახელშეკრულებო დათქმის თანახმად, ნაბეჭდი პროდუქციის მიწოდების ვადა შეადგენდა დამკვეთის მიერ შემსრულებლისათვის საბეჭდი ფაილის მიწოდებიდან 12 დღეს, მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადახდა კი უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად: ღირებულების 7 %-ის გადახდა – არაუგვიანეს 2021 წლის 10 სექტემბრისა, ღირებულების 48%-ის – იმავე წლის 24 სექტემბერს, ხოლო დარჩენილი 45%-ის – არაუგვიანეს 28 სექტემბრისა.

11.3. დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე გაიზარდა რა საბეჭდი პროდუქციის ტირაჟი (რაოდენობა), ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 213 197 ლარი, რაც მოპასუხის მიერ 2021 წლის 15 ოქტომბერს დადასტურებულ იქნა საგადასახადო ანგარიშფაქტურით №ეა-73 6177844. თუმცა მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება სრულად არ შეუსრულებია, გადაიხადა ხელშეკრულების ღირებულების ნაწილი - 15 000 ლარი. არაერთი გაფრთხილების (მოთხოვნის) მიუხედავად, სარჩელის წარდგენის დროისთვის მოპასუხის დავალიანება შეადგენს 325 063 ლარს, ამ თანხიდან 126 866 ლარი არის დარიცხული პირგასამტეხლო.

11.4. მოპასუხის შესაგებლის არგუმენტებზე საპასუხოდ, მოსარჩელემ დამატებით წარადგინა ინფორმაცია თითოეული შეკვეთის მიღებისა და შესაბამისი მიწოდების თარიღების შესახებ და დამატებითი განმარტება საგადასახადო ანგარიშფაქტურის შინაარსთან დაკავშირებით. განმარტების მიხედვით, მოპასუხის მიერ საქონლის დამზადება და მიწოდება ხდებოდა შეკვეთის გადაცემიდან 11 დღემდე ვადაში, მხოლოდ ერთი შეკვეთის ნაწილი დამზადდა შეკვეთიდან მე-13 დღეს.

12. მოპასუხის შესაგებელი

12.1. სასამართლოში მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული პოზიციით სარჩელი არ ცნო.

12.2. შესაგებელში მოპასუხემ აღნიშნა, რომ არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას, რაც ეფუძნება მხარეებს შორის 2021 წლის 04 სექტემბრის მომსახურების ხელშეკრულებასა და წერილობითი შეთანხმების საფუძველზე შესულ ცვლილებებს. მოპასუხე მხარეს მოსარჩელის მიერ შესაბამისი მომსახურების გაწევის აუცილებლობა დაუდგა ქვეყანაში არსებული 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან გამომდინარე, მოსახლეობაში პარტიისა და პასიური საარჩევნო ხმის უფლებით მოსარგებლე პარტიული კანდიდატების საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლების მიზნით.

12.3. მოსარჩელე მხარეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში უნდა მიეწოდებინა სააგიტაციო მასალა, რათა ორთვიან საარჩევნო პერიოდში მოსახლეობაში მაქსიმალურად მომხდარიყო მისი გავრცელება.

12.4. საარჩევნო პერიოდში, რომელიც მოიცავს ორთვიან ვადას, წარმატებული საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია თითოეული დღის ეფექტურად გამოყენება. სწორედ ამ მოტივით ჩაიდო ხელშეკრულებაში შესაბამისი მუხლი, რომელიც განსაზღვრავდა მომსახურების მიწოდების 12 დღიან ვადას, რაც არაერთხელ დაარღვია მოსარჩელე მხარემ და შესაბამისად, აზრი დაკარგა დაგვიანებით გაწეულმა მომსახურებამ, აქტივისტებმა ვერ მოასწრეს მასალების დისტრიბუცია და გავრცელება საზოგადოებაში. ამიტომ მოპასუხე იტოვებს უფლებას, უარი თქვას ვალდებულების შესრულების იმ ნაწილზე, რომელიც მოსარჩელისგან მოითხოვდა საპასუხო მოქმედების განხორციელებას, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად: „იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა“. ასეთი ვალდებულება მოსარჩელე მხარეს გააჩნდა 2021 წლის 04 სექტემბრის მომსახურების ხელშეკრულებითა და სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 პუნქტით - „თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას“.

12.5. მოსარჩელემ ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში არ შეასრულა ნაკისრი საქონლის მიწოდების ვალდებულება, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის შესაბამისად, „მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება“, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12.6. მოპასუხემ აღნიშნა, რომ საარჩევნო კანონმდებლობით იზღუდება სააგიტაციო მასალების გავრცელების ვადები და ის მოიცავს ორთვიან ვადას, რაც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, თუ რამდენად კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა მოპასუხისათვის საქონლის მიწოდებას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, თუმცა გარდა ვადების დარღვევისა, მოსარჩელემ მოპასუხე მხარეს მიაწოდა ნაკლიანი ნივთი, ფლაერები და ბუკლეტები, ორთოგრაფიულ-გრამატიკული შეცდომებით, რომელიც მოპასუხეს უნდა გაევრცელებინა სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტში.

12.7. ზეპირ მოსმენაზე მოპასუხე მხარემ ასევე განმარტა, რომ დროულად ვერ მოხერხდა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე დაბეჭდილი ტრიპლეტების ტრანსპორტირება, რის გამოც გასანაწილებელი მასალა პარტიის ცენტრალურ ოფისში ინახება.

12.8. მოპასუხე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი და აღნიშნავს, რომ ამ უფლების რეალიზაცია ვერ მოხერხდა ზემოაღნიშნული მიზეზების გამო. მიიჩნევს, რომ პოლიტიკურად და ელექტორალურად მათ პოლიტიკურ პარტიას მიადგა იმგვარი ზიანი, რომ ყველა საფუძველი არსებობს შეგებებული სარჩელის წარსადგენად

12.9. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ 2021 წლის 04 სექტემბრის მომსახურების ხელშეკრულების თანახმად, დამკვეთის მიერ 15 000 ლარის გადახდა განხორციელდა დათქმულ ვადაში.

12.10. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისთვის გათვალისწინებული იყო შესაბამისი ვადები, რომლის დარღვევის შემთხვევაში, მხარეს უფლება ჰქონდა ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შესაბამისი პრეტენზია წაეყენებინა მოპასუხისთვის, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიემართა სასამართლოსთვის. თანხის საბოლოოდ გადახდის ვადა 2021 წლის 28 სექტემბრამდე იყო განსაზღვრული. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელის მიერ უმოკლეს ვადებში სასამართლოსათვის სარჩელის წარუდგენლობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ რაც შეიძლება გაზრდილიყო ისედაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ჯამური მოცულობა. აღნიშნულზე ასევე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ 2021 წლის 11 ნოემბერს მოპასუხისთვის გაგზავნილ წერილში მითითებულია ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ერთი კვირის ვადაში სასამართლოში სარჩელის წარდგენის შესახებ, რაც 2022 წლის 31 იანვრამდე არ განხორციელდა.

12.11. მოპასუხემ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს „მ.პ–ის“ სარჩელი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების - „ს–ის“ მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „მ.პ–ს“ უარი ეთქვა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების - „ს–ის“ მიმართ პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე. (2) მოპასუხე მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას - „ს–ის“, მოსარჩელე შპს „მ.პ–ის“ სასარგებლოდ, დაეკისრა ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 198 197 ლარის გადახდა. (3) მოპასუხე მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას - „ს–ის“, მოსარჩელე შპს „მ.პ–ის“ სასარგებლოდ, დაეკისრა შემცირებული პირგასამტეხლოს - 12

686.60 ლარის გადახდა.

14. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლის წარმომადგენელმაც ამ ნაწილში მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინება

15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 11 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შესაბამისად, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

15.2. პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის შედავება, რომლის თანახმად, მოპასუხე ამ ურთიერთობის დასაწყისიდანვე კვალიფიციური იურისტებით წარმოდგენილი პირია, შესაბამისად, გამოირიცხება მისი მხრიდან ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში სამომავლო სამართლებრივი შედეგების გაუთვალისწინებლობისა და გაუცნობიერებლობის დაშვებაც. ამიტომ, მართალია, იგი არ წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოებას, თუმცა, არც ფიზიკური პირების მსგავსად, სუსტ მხარედ შეიძლება მისი განხილვა. აქედან გამომდინარე, მასზეც უნდა გავრცელდეს მეწარმე სუბიექტების მიმართ მოქმედი პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი, პირგასამტეხლო - თუნდაც შეუსაბამოდ მაღალი, მხარეთა ნამდვილ ნებასთან თანმხვედრად უნდა იქნას მიჩნეული და არ უნდა დაექვემდებაროს შემცირებას.

15.3. პალატამ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ მოპასუხე მხარის პირგასამტეხლოს ოდენობასთან მიმართებაში სათანადო შედავება არ იყო წარმოდგენილი, რაც თავისთავად გამორიცხავდა სასამართლოს უფლებამოსილებას, შეემცირებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული განაკვეთი და, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნით განსაზღვრული თანხის ოდენობა.

15.4. პალატის მითითებით, „ისედაც შეუსაბამოდ მაღალი ჯამური მოცულობის“ ხელოვნურად გაზრდასთან დაკავშირებით მითითებას შეიცავდა მოპასუხე მხარის მიერ როგორც თავდაპირველად, ისე შემდგომში, დაზუსტებული პოზიციით წარდგენილი შესაგებელი. გარდა ამისა, აღნიშნულზე ხაზგასმა მოხდა მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე, ახსნა-განმარტების მოხსენების დროსაც (15:37:12 სთ). შესაბამისად, აპელანტის (მოსარჩელის) მითითება, თითქოსდა მოპასუხე (მოწინააღმდეგე) მხარის მიერ პირგასამტეხლოს საკითხის უგულებელყოფის თაობაზე, აშკარად უსაფუძვლოა. ამ უკანასკნელმა მითითებულ საკითხთან მიმართებაში შედავების განსახორციელებლად ისარგებლა როგორც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლით (შესაგებლის წარდგენის სახით), ისე ამავე კოდექსის 83-ე მუხლით (ახსნა-განმარტების მიცემის გზით) განმტკიცებული შესაძლებლობით, რითაც, თავის მხრივ, სასამართლოსთვის, საჭიროებისამებრ, მხარეთა ავტონომიაში ჩარევისა და პირგასამტეხლოს ვალდებულების დარღვევასთან მიმართებაში თანაზომიერების შეფასების ლეგიტიმური წინაპირობა შექმნა.

15.5. თუმცა, როგორც ეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შინაარსიდანაც იკვეთება, პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან საპროცენტო განაკვეთის 10-ჯერ შემცირებას საფუძვლად უდევს არა მხოლოდ მოპასუხე მხარის სტატუსი, ან, მაგალითად, მისი მხრიდან სახელშეკრულებო რისკებისა თუ ვალდებულებების გაუცნობიერებლობის ფაქტი, არამედ საკუთრივ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთის არაგონივრულობა, რომლის შესაბამისადაც, სანქციის სახით დასაკისრებელი თანხის ოდენობა მოსარჩელემ სარჩელით თითქმის გაუთანაბრა ძირითადი ვალდებულების - პოლიგრაფიული მომსახურების გადაუხდელ ღირებულებას.

15.6. მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილია 126 866 ლარის დაკისრება (გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებულია - 12 686.60 ლარი; სააპელაციო პალატის მსჯელობის საგანია დამატებით 114 179.4 ლარის დაკისრების საკითხი), რაც ძირითადი დავალიანების - 198 197 ლარის 64.01%-ს შეადგენს (მაშინ, როდესაც საერთო სასამართლოების პრაქტიკაში, გონივრულობის ზღვარი, როგორც წესი (ბუნებრივია, კონკრეტული საქმეში არსებული მოცემულობის ინდივიდუალურად გათვალისწინებით), უმეტესწილად, შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობის 10%-ზე გადის). ამ თანხის დაკისრება კი ვერანაირად ვერ იქნება გამართლებული მისი პირგასამტეხლოს ინსტიტუტის საფარველში მოქცევით.

15.7. იმ განმარტების საპასუხოდ, რომ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა დათვლილია ძირითადი ვალდებულებიდან - ე.ი. მომსახურების გადაუხდელი ღირებულებიდან, იმის საილუსტრაციოდ, რომ სასარჩელო მოთხოვნით განსაზღვრული თანხა უფრო მსუბუქია, ვიდრე ეს ხელშეკრულების პირდაპირი დანაწესით ხელმძღვანელობის შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო, სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგი: ერთი მხრივ, ხელშეკრულების 4.2. პუნქტში არ იკითხება, რომ, პირობითად, გარდა მომსახურების დავალიანებული ღირებულებისა, პირგასამტეხლოს გამოთვლისას სანქციის სახით დაკისრებული თანხებიც მიიღება მხედველობაში. მეორე მხრივ, ამ საკითხის ამგვარი რეგულირება წინააღმდეგობაშიც კი მოვა როგორც სამოქალაქო კანონმდებლობით, ისე სასამართლო პრაქტიკით დამკვიდრებულ მიდგომებთან. პირგასამტეხლოს დაანგარიშება უკვე დარიცხული პირგასამტეხლოს თანხიდან ორმაგი პასუხისმგებლობის სტანდარტს ემსგავსება, რაც ცალსახად შეუსაბამოა სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ მოთხოვნებთან. პირგასამტეხლო დაიანგარიშება მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან და სასარჩელო მოთხოვნის დაყენებისას, ამ წესის შესაბამისად მისი თუნდაც შეზღუდულ (ვალდებულების დარღვევიდან - სარჩელის აღძვრამდე და არა - გადაწყვეტილების აღსრულებამდე) პერიოდზე გამოთვლის ფაქტი, კრედიტორის მხრიდან რაიმე განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენაზე მიმთითებელ გარემოებად ვერ შეფასდება. მეტიც, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი რომ არაგონივრულია, ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მიუხედავად მისი ძირითადი ვალდებულებიდან დროის მოკლე პერიოდზე გაანგარიშებისა, მისმა ჯამურმა ოდენობამ მაინც მიაღწია ძირითადი დავალიანების 64.01%-ს.

15.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დარღვეული ვალდებულების არსისა თუ მოცულობის, დარღვევის ხარისხის, ვადაგადაცილების პერიოდის, კრედიტორის მხრიდან გაფრთხილების მიუხედავად მოვალის უმოქმედობის, თითოეული მხარის სტატუსის, მათ შორის, სადავო ხელშეკრულების დადების საჭიროების განმაპირობებელი ფაქტორებისა თუ მათი ქონებრივი მდგომარეობის, სახელშეკრულებო ვალდებულებებისადმი მხარეთა დამოკიდებულებისა თუ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირებული განაკვეთის - გადასახდელი თანხის 0.05%-ის შესაბამისად დაანგარიშებული თანხა - 12 686.60 ლარი, არის სრულიად გონივრული, ადეკვატური, ასევე საკმარისია ამ ინსტიტუტის ლეგიტიმური მიზნის შესასრულებლად და მხარეთა ორმხრივ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად. მიკუთვნებული თანხა არის არა მინიმალური ან/და სიმბოლური, არამედ რეალური პასუხისმგებლობა ფინანსური სახით. შესაბამისად, ობიექტურად არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლისა და მოპასუხისათვის (მოწინააღმდეგე მხარისათვის) დამატებით 114 179.4 ლარის დაკისრების წინაპირობები, მით უფრო, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დღეის მდგომარეობით, კრედიტორს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის პირობებში დაწყებული იძულებითი სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, შესრულება უკვე მიღებული აქვს

16. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

16.1. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

16.2. კასატორის მოსაზრებით, მის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნა დაანგარიშებული იყო მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხიდან და არა - შეუსრულებელი ვალდებულებიდან / გადასახდელი თანხიდან, რის გამოც დაუსაბუთებლად შემცირდა მოთხოვნილი ოდენობა.

16.3. კასატორი მიუთითებს, რომ მოპასუხეს კვალიფიციური შედავება პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით არ წარადგინა, თუმცა გასაჩივრებული განჩინებით პირგასამტეხლო შემცირდა 10-ჯერ, სასამართლოს მხრიდან ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. გაურკვეველია, თუ რატომ იქნა მიჩნეული მის მიერ სარჩელით მოთხოვნილი, პირგასამტეხლოს სახით დასაკისრებელი თანხა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და რა კრიტერიუმებით/გარემოებებით შეფასდა აღნიშნული შეუსაბამობა.

16.4. მხარეთა შორის დადებულია წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს განსაზღვრის შესახებ, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის/მოპასუხის მიერ დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - გადაუხდელია მომსახურების ღირებულება, რაც კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას დააკისროს მას ხელშეკრულებით გათალისწინებული სანქცია პირგასამტეხლოს სახით. გამომდინარე იქიდან, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, მოსარჩელე არ იყო ვალდებული ემტკიცებინა მის მიმართ დამდგარი ფაქტობრივი მატერიალური ზიანი.

16.5. გარდა იმისა, რომ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლო დაანგარიშებულია მხოლოდ ძირითადი თანხიდან და არა შეუსრულებელი ვალდებულებიდან - გადასახდელი თანხიდან (ძირ თანხას + იმ დროისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო), გასათვალისწინებელია ისიც, რომ მისი ათვლა დაიწყო იმ თარიღიდან, რა დროსაც მოწინააღმდეგე მხარის/მოპასუხის მიერ დაირღვა ნაკისრი ვალდებულება - 2021 წლის 25 და 29 სექტემბრიდან (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის ნაწილის - 100 000 ლარის გადახდა უნდა მომხდარიყო 24/09/21 წელს, შესაბამისად, ამ ნაწილში პირგასამტეხლოს ათვლა დაიწყო 25 სექტემბრიდან და მოპასუხის მიმართ დაკისრებულმა თანხამ შეადგინა 2 000 ლარი (100 000 ლარი X 0.5% = 500 ლარი X 4 (დღე) = 2000 ლარს). დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მომხდარიყო 28/09/2021 წელს შესაბამისად, 29 სექტემბრიდან მოპასუხის მიმართ დაკისრებულმა პირგასამტეხლომ შეადგინა 126 866 ლარი (198 197 ლარი X0.5% – 991 ლარი X 126 (დღე) = 124 866 + 2 000 (4 დღის პირგასამტეხლო) = 126 866 ლარს) და დარიცხვა შეწყდა სარჩელის შეტანის დღეს - ანუ, მოსარჩელეს პირგასამტეხლოს დაკისრება არ მოუთხოვია ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

16.6. სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. განსახილველ საქმეში, მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს) პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების ნაწილში არ წარმოუდგენია შესაბამისი შედავება და არ დაუსაბუთებია, რატომ იყო იგი შეუსაბამოდ მაღალი. უფრო მეტიც, ახსნა-განმარტებისა და პაექრობის ეტაპზე, იგი არც კი შეხებია პირგასამტეხლოს მოთხოვნის ოდენობის მართლზომიერებას.

16.7. სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო 12 686.60 ლარის ოდენობით, დარღვევის ხარისხისა და შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების გათვალისწინებით, სიმბოლურია და არა - რეალური პასუხისმგებლობა. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, მოპასუხეზე უნდა გავრცელდეს, მეწარმე სუბიექტთა მიმართ მოქმედი, ფიზიკური პირებისგან განსხვავებული პასუხისმგებლობა და სტანდარტი, ვინაიდან მის ინტერესებს ხელშეკრულების გაფორმების დღიდანვე იცავენ კვალიფიციური იურიდიული განათლების მქონე პირები. ეს კი პირგასამტეხლოს შესახებ სახელშეკრულებო პირობის განსაზღვრისას, თავისთავად გამორიცხავს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში სამომავლო სამართლებრივი შედეგების გაუთვალისწინებლობასა და გაუცნობიერებლობას. ასეთ მოცემულობაში, სრულყოფილი დასაბუთების გარეშე, სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს 10-ჯერ შემცირება შეუძლებელია მიჩნეული იქნას სამართლიანად.

16.8. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ თუნდაც მოვალის მეწარმე სუბიექტის/იურიდიული პირის სტატუსი, არ გამორიცხავს სასამართლოს ჩარევას და მხარეთა შორის პრეზუმირებულად სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, რადგან სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს მისთვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (შდრ., სუსგ. №ას-992-2025, 2.10.2025 წ., §24; №ას-1052-2024, 30.10.2024 წ., §46.), რაშიც აუცილებლად მოაზრებული უნდა იქნას სასამართლოს ფუნქცია, გამორიცხოს კრედიტორის გამდიდრება, მოვალის დასჯის ხარჯზე და დაადგინოს მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი და რაც უმთავრესია, გათვალისწინებული იქნას ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (შდრ., სუსგ. №ას-1199-1127-2015, 13.04.2016 წ.; №ას-1405-2025, 05.02.2026 წ., §33.). თუმცა, ბუნებრივია, ნებისმიერ შემთხვევაში, დაკისრებული პირგასამტეხლო არ უნდა იყოს მინიმალური და არ უნდა ატარებდეს სიმბოლურ ხასიათს. (შდრ., სუსგ. №ას-889-2022, 23.03.2023 წ.; №ას-1519-2023, 21.06.2024 წ.)

17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

18. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

21. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

22. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

23. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

24. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

25. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოსთვის განსახილველ მთავარ სამართლებრივ საკითხს წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შედეგად წარმოშობილი პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულად განსაზღვრის შეფასება.

26. კასატორის მთავარი არგუმენტაცია გულისხმობს იმას, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; მოპასუხე მეწარმე სუბიექტია და პირგასამტეხლოზე შეთანხმება მისი მხრიდან გაცნობიერებული ნების საფუძველზე მოხდა; ამასთან, მოპასუხემ ვერ მიუთითა პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობების არსებობაზე, ხოლო სასამართლოს განჩინება მისი ოდენობის შემცირების თაობაზე დაუსაბუთებელია.

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda“-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე Nას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი; Nას-1520-2018, 28 დეკემბერი, 2018 წელი).

28. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია. ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე Nას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; Nას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი; Nას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; Nას-1077-997-2017, 31 ივლისი, 2018 წელი; Nას-31-2021, 07 ივლისი, 2022 წელი).

30. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

31. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების - „ს–ის“ მიერ დარღვეულია შპს „მ.პ–ის“ მიმართ, 04.09.2021 წ.-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესისამებრ, ამ უკანასკნელის მიერ გაწეული პოლიგრაფიული მომსახურების ფარგლებში, შეკვეთების შესაბამისად მიღებული პროდუქციის დარჩენილი გადაუხდელი ღირებულების - 198 197 ლარის ანაზღაურების ვალდებულება. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე შემთხვევაში სახეზე იყო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

32. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ საქმე Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი).

33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე Nას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი).

34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ვალდებული იყო წარედგინა შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში კვალიფიციური შედავება. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლო მხოლოდ მაშინაა უფლებამოსილი იმსჯელოს პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, როდესაც მოპასუხე მას სადავოდ გახდის და მიუთითებს არგუმენტებს, რომლებიც გააბათილებს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებულ პირგასამტეხლოს დათვლის პრინციპს.

35. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის არგუმენტაცია პირგასამტეხლოს არაგონივრულობის განსაზღვრის კონტექსტში მიუთითებს მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო რისკებისა თუ ვალდებულებების გაუცნობიერებლობის ფაქტსა და საკუთრივ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთის არაგონივრულობას, რომლის შესაბამისადაც, სანქციის სახით დასაკისრებელი თანხის ოდენობა მოსარჩელემ სარჩელით თითქმის გაუთანაბრა ძირითადი ვალდებულების - პოლიგრაფიული მომსახურების გადაუხდელ ღირებულებას.

36. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (იხ. სუსგ საქმე №ას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს). ამ მხრივ, დავის გადაწყვეტაში სარჩელთან ერთად მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონეა მოვალის (მოპასუხე) შესაგებელი.

37. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა კვალიფიციური შედავების არსებობას, ანუ პირგასამტეხლოს გონივრულობის გამორიცხვის მოპასუხისეულ არგუმენტაციაზე უთითებს შემდეგს: „უნდა აღინიშნოს, რომ პირგასამტეხლოს არაგონივრულობასთან, მისი „ისედაც შეუსაბამოდ მაღალი ჯამური მოცულობის“ ხელოვნურად გაზრდასთან დაკავშირებით მითითებას შეიცავდა მოპასუხე მხარის მიერ როგორც თავდაპირველად (იხ., ტომი 1, ს.ფ. 48-49), ისე შემდგომში, დაზუსტებული პოზიციით წარდგენილი შესაგებელი (იხ., ტომი 1, ს.ფ. 164-165). გარდა ამისა, აღნიშნულზე ხაზგასმა მოხდა მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე, ახსნა-განმარტების მოხსენების დროსაც (15:37:12 სთ). შესაბამისად, აპელანტის (მოსარჩელის) მითითება, თითქოსდა მოპასუხე (მოწინააღმდეგე) მხარის მიერ პირგასამტეხლოს საკითხის უგულებელყოფის თაობაზე, აშკარად უსაფუძვლოა. ამ უკანასკნელმა მითითებულ საკითხთან მიმართებაში შედავების განსახორციელებლად ისარგებლა როგორც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლით (შესაგებლის წარდგენის სახით), ისე ამავე კოდექსის 83-ე მუხლით (ახსნა-განმარტების მიცემის გზით) განმტკიცებული შესაძლებლობით, რითაც, თავის მხრივ, სასამართლოსთვის, საჭიროებისამებრ, მხარეთა ავტონომიაში ჩარევისა და პირგასამტეხლოს ვალდებულების დარღვევასთან მიმართებაში თანაზომიერების შეფასების ლეგიტიმური წინაპირობა შექმნა.“ (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 22-ე გვერდის მეორე აბზაცი). საკასაციო პალატა მოცემულ დასაბუთებას ვერ გაიზიარებს, რამდენადაც მხოლოდ იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ მოპასუხემ გამოიყენა შედავების უფლება და „აღნიშნულზე ხაზგასმა მოხდა“ სხდომაზეც, ავტომატურად ვერ აქცევს მას კვალიფიციურ შედავებად. სააპელაციო პალატა ვალდებული იყო პირგასამტეხლოს ნაწილში შედავების არსებობის შემოწმებასთან ერთად ასევე შეეფასებინა მისი კვალიფიციურობის საკითხიც და ემსჯელა შედავების ფარგლებში რამდენად შეძლო მოპასუხემ პირგასამტეხლოს არაგონივრული ოდენობის დადასტურება. ამ კუთხით, საკასაციო პალატამ შეამოწმა სააპელაციო პალატის მიერ მითითებული (და არამხოლოდ) საქმის მასალები (იხ., ტომი 1, ს.ფ. 48-49, 164-165; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის სასამართლოს მთავარი სხდომა -15:37:12 სთ), რომლის საფუძველზეც ასკვნის, რომ მოპასუხის მიერ არ არის პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ კვალიფიციური შედავება წარდგენილი - მოპასუხის პოზიცია ამ ნაწილში შემოიფარგლება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ „მოსარჩელის მიერ უმოკლეს ვადებში სასამართლოსთვის სარჩელის წარუდგენლობა განპირობებული იყო ისედაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ჯამური მოცულობით“. მარტოოდენ აღნიშნული სახის მითითება ვერ ჩაითვლება კვალიფიციურ არგუმენტაციად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ის მსჯელობა, რომლითაც პირგასამტეხლოს გონივრულობა შეფასდა, კვალიფიციური შესაგებლის წარუდგენლობის პირობებში დაუსაბუთებელია. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ რამდენადაც მოპასუხეს არ ჰქონდა კვალიფიციური შედავება წარდგენილი, სააპელაციო პალატის შეფასება პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობის შესახებ საფუძველს მოკლებულია.

38. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს დათვლის წესს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ის არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ გამოთვლის პირობებს (მაგ. პირგასამტეხლო დაითვლება შეუსრულებელი და არა მთლიანი ვალდებულებიდან - იხ. საქმე №ას-164-160-2016, 2016 წლის 28 ივლისის განჩინება, №ას-581-2019, 2019 წლის 31 ივლისის განჩინება). კერძოდ, დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული 2021 წლის 4 სექტემბრის ხელშეკრულების 4.2 მუხლის თანახმად, დამკვეთის მიერ ანგარიშსწორების ვადის დარღვევის შემთხვევაში, შემსრულებელი უფლებამოსილი იყო დაეკისრებინა მისთვის პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომელიც სარჩელის შეტანის დროისთვის შეადგენდა 126 დღეს. კასატორმა პირგასამტეხლო დაიანგარიშა შეუსრულებელი ვალდებულებიდან გამომდინარე, რამაც შეადგინა 198 197 ლარი, შესაბამისად, სწორედ აღნიშნული თანხიდან იქნა დათვლილი პირგასამტეხლოს ოდენობაც, ამიტომ, პირგასამტეხლოს სახით, კასატორის მიერ მოთხოვნილი თანხის - 126 866 ლარის დაკმაყოფილება ზემოაღნიშნული დასაბუთების საფუძველზე მართლზომიერია.

39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ; კერძოდ, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ს–ის“ მოსარჩელე - შპს „მ.პ–ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით გადასახდელად უნდა დაეკისროს 126 866 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს „მ.პ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 11 მარტის განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით:

3. შპს „მ.პ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს: მოპასუხეს - მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ს–ის“ მოსარჩელე - შპს „მ.პ–ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით გადასახდელად დაეკისროს 126 866 ლარი;

4. მოპასუხეს - მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ს–ის“ მოსარჩელე - შპს „მ.პ–ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი ბაჟის ჯამური ოდენობა (1757+4567+5708.97) 12 032.97 ლარის ოდენობით;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი