დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 12.02.2026
საქმის ნომერი
ას-1329-2024
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1329-2024

12 თებერვალი 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - დ.ვ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - იმა „ჩ–ის 9“, შპს „რ–ი“, შპს „რ.ც–ი“, ი.ბ–ძე, ა.ა–ძე, თ.მ–ძე, ფ.მ–ძე, ი.დ–ი, გ.ბ–ძე, ნ.ს–ძე, ხ.კ–ძე, ლ.ა–ი, გ.ა–ი, ნ.ა–ძე, ლ.ბ–ძე, ნ.ბ–ძე, გ.ჩ–ი, ე.ს–ძე, ი.ჭ–ძე, ც.ბ–ძე, რ.ს–ი, დ.ლ–ი, ნ.მ–ძე, გ.კ–ძე, ლ.მ–ი, ქ.დ–ი, ც.ჯ–ი, გ.ლ–ძე, ჟ.გ–ძე, შ.ა–ძე, ე.გ–ია, ნ.ჭ–ა, ზ.გ–ძე, ა.ლ–ვა, გ.ო–ი, ნ.გ–ძე, ხ.კ–ძე, თ.ჩ–ნი, თ.მ–ი, მ.ჩ–ძე, გ.ს–ი, ა.ს–ი, კ.მ–ი, გ.ჯ–ძე, გ.ბ–ძე, გ.ქ–ძე, გ.შ–ი, გ.კ–ძე, ჯ.ს–ძე, ა.ა–ნი (მოპასუხეები)

დავის საგანი - ვალდებულების არარსებობის დადგენა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

დ.ვ–მა (შემდეგში ტექსტში ხსენებული, როგორც „მოსარჩელე", „აპელანტი“, „კასატორი“), სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, იმა „ჩ–ის 9“, შპს „რ–ის“, შპს „რ.ც–ის“, ი.ბ–ძის და სხვათა (შემდეგში ტექსტში ხსენებული, როგორც „მოპასუხეები", „მოწინააღმდეგე მხარეები“), მიმართ, იბა „......... ქუჩა N9“-ს 2019 წლის 9 ოქტომბრის კრების ოქმის (რ–ისტრაციის N191240252) საფუძველზე რეგისტრირებული დ.ვ–ის ამხანაგობა

„...... ქუჩა N9“-ს მიმართ ვალდებულების არარსებობის დადგენისა და ქ. თბილისში,........ ქ. N9 მისამართზე მდებარე N49 ბინაზე, საკადასტრო კოდი N..........., იმა „..... ქუჩა N9“-ს 09/10/2019 წლის ოქმის საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ვალდებულების გაუქმების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეებმა ა.ა–ნმა, შპს „რ.ც–მა“, ამხანაგობამ, რ.ს–მა და შპს „რ–იმ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. დარჩენილ მოპასუხეებს სარჩელი ჩაბარდათ კანონით დადგენილი წესით, თუმცა შესაგებელი სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილებით დ.ვ–ის სასარჩელო მოთხოვნა, ვალდებულების არარსებობის დადგენის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

3.2 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება.

4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები: ა.ა–ნმა 2016 წლის 20 დეკემბერს საჯარო აუქციონზე შეიძინა უძრავი ქონება და დაირეგისტრირა საკუთრებაში. საჯარო რეესტრის ამონაწერში უძრავი ქონება ყოველგვარი ვალდებულებისაგან იყო თავისუფალი. 2022 წლის 12 აგვისტოს ა.ა–ნსა და დ.ვ–ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც მითითებულია, რომ უძრავ ქონებაზე გამყიდველის - ა.ა–ნის საკუთრების უფლება დასტურდება საჯარო რეესტრის 2022 წლის 20 ივლისის ამონაწერით. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ აღნიშნულ ამონაწერში ვალდებულებების გრაფაში დაფიქსირებულია სწორედ 2019 წლის 9 ოქტომბრის კრების ოქმით დადგენილი ვალდებულება შპს „რ–ის“ წინაშე.

4.3 სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ, ვინაიდან უძრავი ქონება შეძენილია აუქციონის მეშვეობით, აღნიშნული არ წარმოუშობს მას ვალდებულებებს და მიუთითა 2019 წლის 09 ოქტომბრის ამხანაგობის კრების ოქმზე, რომლითაც, ამხანაგობა „..... ქუჩა N9-ის წევრები ერთობლივად არიან მოვალეები ამხანაგობა „....... ქუჩა N9-ის“ მიმართ. ამხანაგობა „........ ქუჩა N9“ მოვალეა, კრედიტორი მშენებელი შპს „რ–ის“ მიმართ. ამხანაგობა „....... ქუჩა N9“-ს ერთობლივად გადასახდელი აქვს 422 000 აშშ დოლარი. ვინაიდან, მშენებლის შპს „რ–ის“ შესრულება დამოკიდებულია ამხანაგობა „..... ქუჩა N9-ის ფინანსური ვალდებულების შესრულებაზე, ამიტომ აუცილებელია ამხანაგობა „...... ქუჩა N9-ის ყველა წევრზე დარეგისტრირდეს შესასრულებელი ვალდებულება 422 000 აშშ დოლარის ოდენობით. ამავე კრების ოქმით განისაზღვრა რეგისტრირებული ვალდებულების მოხსნის პირობა, კერძოდ, ამხანაგობა „..... ქუჩა N9“-ს თავმჯომარეებისა და შპს „რ–ის“ დირექტორის ხელმოწერებით უნდა გაიცეს ხელმოწერილი დოკუმენტი ვალდებულების მოხსნის თაობაზე. მხოლოდ მათ მიერ, ერთობლივად ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე უნდა მოხდეს ვალდებულების მოხსნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება: დარეგისტრირდა შესასრულებელი ვალდებულება თითოეული ამხანაგობის წევრზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელიც ერთობლივად შეადგენს 422 000 აშშ დოლარს. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მხედველობაში იქნა მიღებული ამხანაგობა „...... ქუჩა N9“-ის იმ წევრებზეც, რომლებსაც პირველადი რეგისტრაცია არ აქვთ გავლილი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. კრების ოქმში მითითებულია აგრეთვე, რომ 422 000 აშშ დოლარის შესრულება რეგისტრაციაში გატარდეს ამხანაგობა „...... ქუჩა N9“-ს წევრებზე და ჩამონათვალშია მითითებული ა.ა–ნი და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებაც. საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება კრების ოქმით განსაზღვრული შეზღუდვა და მისი რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 2020 წლის 02 ივნისი.

4.4 2022 წლის 12 აგვისტოს, ნასყიდობის ხელშეკრულებით მხარეებმა განსაზღვრეს, რომ გამყიდველის საკუთრების უფლება დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 2022 წლის 20 ივლისი. ამასთან, მყიდველმა შეისწავლა ნასყიდობის საგანი, დაადგინა რომ უფლებრივად და ნივთობრივად არის უნაკლო. მყიდველმა მოიწონა ნასყიდობის საგნის მდგომარეობა. მომავალში თუ ნასყიდობის საგანი უფლებრივად აღმოჩნდება ნაკლის მქონე, გამყიდველი ვალდებულია საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას ეს ნაკლი. მიუხედავად მხარეების მიერ აღნიშნული ჩანაწერის გაკეთებისა ნასყიდობის ხელშეკრულებაში, ორივე მხარისათვის უდავოდ ცნობილი იყო ამონაწერით საჯარო რეესტრიდან არნიშნულ უძრავ ქონებასთან მიმართებაში, რომ მასზე რეგისტრირებული იყო შპს ,,რ"-ს მიმართ შესასრულებელი ვალდებულება, რაც მიუთითებდა გაყიდვის მომენტშივე ქონების უფლებრივ ნაკლოვანებაზე.

4.5 სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, ა.ა–ნის უძრავი ქონება მისი დ.ვ–ზე გასხვისების ეტაპზე იყო უფლებრივად ნაკლის მქონე. შესაბამისად, გასაზიარებელი არ არის ა.ა–ნისა და დ.ვ–ის წარმომადგენლების მითითება იმაზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და დ.ვ–ზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს, მხარეებისთვის არ იყო ცნობილი ნასყიდობის საგანზე მესამე პირის სასარგებლოდ რეგისტრირებული ვალდებულების შესახებ.

5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5.2 კასატორის განმარტებით, როგორც საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 489-ე მუხლი და არასწორად მიუსადაგა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ამ მუხლის დეფინიციას. გამყიდველის ფულადი ვალდებულების წარმოშობა მესამე პირის მიმართ ყოველთვის არ იწვევს უძრავ ნივთზე უფლებრივი ნაკლის არსებობას. თვით სსკ-ის 489-ე მუხლის შემადგენლობა შეიცავს იმ არსებით პირობებს, რომელთა არსებობა პირდაპირ მიუთითებს ნივთის ნაკლზე, კერძოდ - "ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო." აღნიშნული ნორმა მიუთითებს, რომ მესამე პირს უნდა ჰქონდეს რეალური და არა აბსტრაქციული უფლებები გასაყიდი ნივთის მიმართ და მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მყიდველს წაუყენოს დასაბუთებული პრეტენზია. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, დავა შეიძლება წარმოიშვას გასაყიდი ნივთის უფლებრივი მდგომარეობის ირგვლივ და თვით ნივთი უნდა წარმოადგენდეს დავის საგანს.

5.3 საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დავა ა.ა–ნსა და ამხანაგობას შორის შეიძლება წარმოშობილიყო მხოლოდ ა.ა–ნის ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე. დავის საგანი ასეთ შემთხვევაში იქნებოდა ფული და არა უძრავი ქონება. ამხანაგობა არ აცხადებდა და არ აცხადებს პრეტენზიას უძრავი ნივთის მიმართ, რომელიც ა.ა–ნს შეძენილი ჰქონდა არა ამხანაგობისგან, არამედ საჯარო აუქციონზე მონაწილეობის მიღებით და გამარჯვებით. შესაბამისად, მესამე პირს, ამხანაგობას არ შეეძლო და არ შეუძლია მყიდველს დ.ვ–ს წაუყენოს პრეტენზია თავისი უფლებების შესახებ უძრავი ნივთის მიმართ. აღნიშნული პრეტენზიის წაყენების სამართლებრივი შეუძლებლობა მეტყველებს და მიანიშნებს ნივთის უფლებრივ უნაკლობაზე. უფლებრივ უნაკლობაზე ასევე, მიანიშნებს ის გარემოება, რომ ამხანაგობის მიერ ა.ა–ნისგან კუთვნილი თანხის მოთხოვნისას და თუნდაც იძულებითი აღსრულებისას დ.ვ–ის მიერ შეძენილი ბინა ვერ გახდებოდა სარჩელის უზრუნველყოფის ან სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ობიექტი, ვინაიდან, აღნიშნული ბინა არ წარმოადგენდა და არ წარმოადგენს ა.ა–ნის ფულადი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საგანს. ასეთ ვითარებაში გაუგებარია, თუ რა სამართლებრივიბსაფუძვლების გამო ა.ა–ნის ფულადი ვალდებულება უნდა იყოს ასახული დ.ვ–ის კუთვნილი ბინის საჯარო ამონაწერში. ის გარემოება, რომ დ.ვ–ს არ გააჩნია ამხანაგობის და შპს "რ"-ს მიმართ რაიმე სახის ფულადი ვალდებულება, დასტურდება 2019 წლის 09 ოქტომბრის ამხანაგობის კრების ოქმით, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებით და მოპასუხეების შესაგებლებით. ის გარემოება, რომ ამხანაგობას გააჩნია ა.ა–ნის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დასტურდება ამხანაგობის 2019 წლის 09 ოქტომბრის კრების ოქმით. ის გარემოება, რომ ამხანაგობის პოტენციური სარჩელის დაკმაყოფილებისას ა.ა–ნის ფულადი ვალდებულების აღსრულება, რომ ვერ განხორციელდება დ.ვ–ის მიერ შეძენილი ბინიდან დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის მიხედვით დ.ვ–ის მიერ შეძენილი ბინა არ წარმოადგენს ა.ა–ნის ფულადი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საგანს.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლომ საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ის დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

11. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს, 2022 წლის 12 აგვისტოს მოსარჩელის მიერ, ა.ა–ნთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოშობილი ვალდებულების არარსებობის დადგენა. მოსარჩელე დ.ვ–ი ითხოვს იმ ვალდებულების არარსებობის დადგენას, რომელიც მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გადმოვიდა 2022 წლის 12 აგვისტოს ა.ა–ნთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო თავის მხრივ ა.ა–ნს, აღნიშნული ვალდებულება წარმოეშვა 2019 წლის 15 ოქტომბრის კრების ოქმის საფუძველზე, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ აღძრულია აღიარებითი სარჩელი.

15. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობად უნდა იკვეთებოდეს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა [სსსკ-ის 180-ე მუხლი: სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს]. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია. აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე (იხ. სუსგ. საქმე Nას-17-2025, 24.10.2025წ.).

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. სუსგ. დიდი პალატის განჩინება საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).

17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სარჩელში იურიდიულ ინტერესად უთითებს, რომ მის ქონებაზე რეგისტრირებული ვალდებულების არსებობა, უხეშად ლახავს მისი საკუთრების უფლებას, რადგან ის არ წარმოადგენს ამ ფულადი ვალდებულების მოვალეს და საჯარო რეესტრში ასახულია ძველი მესაკუთრის ვალდებულება ამხანაგობის წინაშე. ფულადი ვალდებულების არარსებობის დადგენის შემთხვევაში, მოსარჩელე შეძლებს თავისუფლად განკარგოს კუთვნილი უძრავი ქონება.

27. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ შეძლო დაესაბუთებინა აღიარებითი მოთხოვნის მიმართ მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, როგორც აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებისა და განხილვის აუცილებელი წინაპირობა [სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი]. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიზანს, სარჩელის აღძვრის ინტერესს წარმოადგენს საჯარო რეესტრში, მოსარჩელის უძრავ ქონებაზე არსებული ვალდებულების რ–ისტრაციის გაუქმება, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, წარმოადგენს სარჩელის აღძვრის განმაპირობებელ ფაქტორს.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (სსსკ-ის 102-ე მუხლი).

19. მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხის მხოლოდ ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

20. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

21. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2007 წლის 14 მაისს, დაფუძნდა ამხანაგობა „......... ქუჩა N9“, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ერთობლივად აშენება. ამხანაგობის საქმიანობის საწყის ეტაპზე მშენებლობის დაფინანსების უზრუნველყოფა ევალებოდა ამხანაგობის ყველა წევრს. ხელშეკრულების 8.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საფუძველზე ამხანაგობის წევრთა საკუთრება გახდებოდა ამხანაგობის მიერ აშენებული შენობა-ნაგებობის ინდივიდუალიზებული ფართები და ავტოსადგომები საერთო ავტოსადგომში. აღნიშნული ამხანაგობის 49 დამფუძნებელ წევრთა შორის იყვნენ რ.ს–ი და თ.ჩ–ნი. ამხანაგობის დაფუძნების შესახებ ხელშეკრულების 11.1 მუხლის თანახმად, ამხანაგობის დამფუძნებლები შეთანხმდნენ, რომ ამხანაგობის საქმეებს გაუძღვებოდა ამხანაგობის ორი თავმჯდომარე.

22. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის, 20 დეკემბრის, NA16070108-011/001 განკარგულების საფუძველზე, გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე, მოვალეების რ.ს–ისა და თ.ჩ–ნის თანასაკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, ........, ბინა N49, ფართით 164,50 კვ.მ., საკადასტრო კოდი N..........-ის შემძენი გახდა ა.ა–ნი. განკარგულების მე-6 პუნქტის თანახმად, რეალიზებული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებული ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე; აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, 2016 წლის 27 დეკემბერს, ა.ა–ნი დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ..... მისამართზე მდებარე N49 ბინის, ფართით 164,50 კვ.მ., საკადასტრო კოდი N........, მესაკუთრედ.

23. 2019 წლის 9 ოქტომბერს დამოწმებული ამხანაგობა „.........ქუჩა N9“-ს კრების ოქმის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N191240252) თანახმად (ოქმი ხელმოწერილია ამხანაგობის თავმჯდომარეების მიერ და დამოწმებულია სანოტარო წესით), მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამხანაგობის შესასრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით. კერძოდ, კრების ოქმში მითითებულია, რომ ამხანაგობა „........ ქუჩა N9“-ს წევრები ერთობლივად არიან მოვალეები ამხანაგობა „....... ქუჩა N9“-ს მიმართ. ამხანაგობა მოვალეა კრედიტორის - მშენებელი შპს „რ–ის“ მიმართ. ამხანაგობას ერთობლივად გადასახდელი აქვს 422 000 აშშ დოლარი. ვინაიდან მშენებლის - შპს „რ–ის“ შესრულება დამოკიდებულია ამხანაგობის მხრიდან ვალდებულების შესრულებაზე, ამიტომ აუცილებელია ამხანაგობის ყველა წევრზე დარეგისტრირდეს შესასრულებელი ვალდებულება - 422 000 აშშ დოლარის ოდენობით.

24. ამხანაგობის კრების მითითებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ამხანაგობა „.......ს ქუჩა N9“-ს იმ წევრებზეც, რომლებსაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში პირველადი რ–ისტრაცია გავლილი არა აქვთ. შესაბამისად, 422 000 აშშ დოლარის შესასრულებელი ვალდებულება რ–ისტრაციაში უნდა გატარდეს ამხანაგობის წევრებზე: ა.ს–ზე, ა.ა–ნზე, გ.კ–ძეზე, გ.ბ–ძეზე, გ.ო–ზე და სხვა წევრებზე,(სულ 34 წევრი).

25. 2019 წლის 15 ოქტომბერს, ზემოაღნიშნული ოქმის საფუძველზე, ვალდებულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში (ტ.I, ს.ფ 74). ვალდებულება ასევე აისახა ა.ა–ნის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. თბილისი, ........ ქ. N9 ს/კ ............ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ა.ა–ნის მიერ სადავო არ გამხდარა ოქმის შინაარსი, ეს უკანასკნელი წარმოადგენდა ამხანაგობის მიერ შპს „რ–ის“ წინაშე ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს.

26. 2022 წლის 12 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ა.ა–ნის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ......... ქ. N9, ბინა N49, საკადასტრო კოდით ............, შეიძინა დ.ვ–მა; ნასყიდობის საგანზე გამყიდველის საკუთრების უფლება დასტურდება 2022 წლის 20 ივლისს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (ტ.I, ს.ფ 80). ხელშეკრულების მე-4 პუნქტში მითითებულია, რომ მყიდველმა შეისწავლა და მოიწონა ნასყიდობის საგანი და დაადგინა, რომ ქონება უფლებრივად და ნივთობრივად არის უნაკლო. ამავე ამონაწერში მითითებულია, რომ ა.ა–ნის საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, ......... ქ. N9 მისამართზე მდებარე უძრავ ქონებაზე, ვალდებულების გრაფაში, შპს „რ–ის“ განცხადების საფუძველზე, რეგისტრირებულია შეზღუდვა. ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ამხანაგობის კრების ოქმი, რეესტრის N191240252, დამოწმების თარიღი 09/10/2019.

27. ”’ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, მე-3 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წარმოიშობა მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების შეძენისთანავე. ამავე მუხლის, მე-5 პუნქტის შესაბამისად, ბინის მესაკუთრის გარდაცვალების, იურიდიული პირის ლიკვიდაციის, ბინის გასხვისების ან სხვა მიზეზით საკუთრების უფლების შეწყვეტის მომენტიდან, შესაბამისი პირის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წყდება. ამ პირის სამართალმემკვიდრე ან ქონების შემძენი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ხდება ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტიდან.

28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დ.ვ–მა, რომელმაც 2022 წლის 12 აგვისტოს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ა.ა–ნის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ........ ქ. N9, ბინა N49, საკადასტრო კოდით .......... გახდა იბა „....... ქუჩა N9“-ს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი. შესაბამისად, როგორც ქონების შემძენი და ამხანაგობის წევრი მასზე გადმოვიდა მისი წილი შესასრულებელი ვალდებულება შპს „რ–ის“ მიმართ.

29. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 487-ე მუხლის საფუძველზე კი გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 489-ე მუხლში განმარტებულია ნივთის უფლებრივი და ქონებრივი ნაკლი, რომლის თანახმად, ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო. უფლებრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია არარსებული უფლება. აქვე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უძრავი ქონებასთან მიმართებით, სახეზეა ის შემთხვევა, რომლის დროსაც უძრავ ნივთთან დაკავშირებული ყოველი უფლება ასახულია ამონაწერში და ნებისმიერი პირისთვის, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, შესაძლებელია მოიძიოს ნივთთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რა სახის შემზღუდველი უფლებები და ვალდებულებებია რეგისტრირებული საგანზე და ა.შ.

30. სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ 2022 წლის 12 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ა.ა–ნის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ............, ბინა N49, საკადასტრო კოდით .........., შეიძინა დ.ვ–მა; ნასყიდობის საგანზე გამყიდველის საკუთრების უფლება დასტურდება 2022 წლის 20 ივლისს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (ტ.I, ს.ფ 80). ამავე ამონაწერში მითითებულია, რომ ა.ა–ნის საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, .......... N9 მისამართზე მდებარე უძრავ ქონებაზე, ვალდებულების გრაფაში, შპს „რ–ის“ განცხადების საფუძველზე, რეგისტრირებულია შეზღუდვა. ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ამხანაგობის კრების ოქმი, რეესტრის N191240252, დამოწმების თარიღი 09/10/2019. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება გულისხმობს იმას, რომ ქონების უფლებრივი მდგომარეობა შეთანხმებული იყო და პირმა მოიწონა, მისთვის მისაღები იყო გადასაცემი საგანი ხელშეკრულების გაფორმების მომენტში არსებული უფლებრივი მდგომარეობით, რაც გამორიცხავს ნაკლზე აპელირების საფუძველს.

31. საკასაციო პალატა, კასატორის ყურადღებას კვლავ გაამახვილებს 2019 წლის 09 ოქტომბრის ამხანაგობის კრების ოქმზე, რომლითაც, ამხანაგობა „.......... ქუჩა N9-ის წევრები ერთობლივად არიან მოვალეები ამხანაგობა „.... ქუჩა N9-ის“ მიმართ. ამხანაგობა „ ქუჩა N9“ მოვალეა, კრედიტორი მშენებელი შპს „რ–ის“ მიმართ. ამხანაგობა „........ ქუჩა N9“-ს ერთობლივად გადასახდელი აქვს 422 000 აშშ დოლარი. ვინაიდან, მშენებლის შპს „რ–ის“ შესრულება დამოკიდებულია ამხანაგობა „....... ქუჩა N9-ის ფინანსური ვალდებულების შესრულებაზე, ამიტომ აუცილებელია ამხანაგობა „........ ქუჩა N9-ის ყველა წევრზე დარეგისტრირდეს შესასრულებელი ვალდებულება 422 000 აშშ დოლარის ოდენობით. ამავე კრების ოქმით განისაზღვრა რეგისტრირებული ვალდებულების მოხსნის პირობა, კერძოდ, ამხანაგობა „....... ქუჩა N9“-ს თავმჯდომარეებისა და შპს „რ–ის“ დირექტორის ხელმოწერებით უნდა გაიცეს ხელმოწერილი დოკუმენტი ვალდებულების მოხსნის თაობაზე. აღნიშნული კრების ოქმი, კანონით დადგენილი წესით სადავო არ გამხდარა წინა მესაკუთრის ა.ა–ნის მიერ, რომლის უფლებამონაცვლეც გახდა ქ. თბილისში, ........ ქ. N9, ბინა N49, საკადასტრო კოდით ......... დარეგისტრირებული უძრავი ქონების შემძენი მოსარჩელე, ვინაიდან იგი წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრს, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტიდან. ამასთან, საქმეზე დადგენილი გარემოებაა, რომ კრების ოქმის საფუძველზე, 2019 წლის 15 ოქტომბერს, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ვალდებულება შპს „რ–ის“ მიმართ. 2022 წლის 12 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს, ქონებაზე შეზღუდვა რეგისტრირებული იყო, თუმცა შემძენს (დ.ვ–ს) პრეტენზია ნაკლის მიმართ არ გამოუთქვამს და არც შედავებია კანონით დადგენილი წესით. ამდენად, ნაკლის მქონე ნივთის უპირობოდ მიღება მყიდველის მიერ (თუ მან ნაკლის შესახებ წინასწარ იცოდა) ნიშნავს, რომ მან ნივთი ამ მდგომარეობაში შეიძინა.

32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრით, კასატორმა ვერ გააქარწყლა ვალდებულების გაუქმების საფუძველი. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას.

33. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

34. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან/დამატებით ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. 35. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი -300 ლარის, 70% 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ.ვ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ვ.ც–ძის მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „თიბისი ბანკში“, 26/08/2024წ., N1724664840 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% 210 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი