დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1599-2025
23 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები - ც.დ–ძე, მ.დ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – ზ.დ–ძე, ნ.დ–ძე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამკვიდრო ქონებიდან წილის მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ზ.დ–ძემ და ნ.დ–ძემ სარჩელი აღძრეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში ც.დ–ძისა და მ.დ–ძის მიმართ, სამკვიდრო ქონებიდან წილის მიღების მოთხოვნით.
სამტრედიის რაიონულ სასამართლოს 2024 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განჩინებით ც.დ–ძისა და მ.დ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს 2024 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ც.დ–ძის და მ.დ–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
2026 წლის 26 ივნისს კასატორ ც.დ–ძის წარმომადგენელმა ნ.ბ–ამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს.
სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
მოცმეულ შემთხვევაში 2026 წლის 26 ივნისს კასატორის - ც.დ–ძის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე (იხ.: განცხადება, მინდობილობა, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმომადგენლობის, გასაჩივრების და სარჩელზე ნაწილობრივ ან მთლიანად უარის თქმის უფლებით, ტ. 2; ს.ფ. 358,360).
სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-501-2023, 04.08.2023 წელი; №ას-89-2021, 07.02.2023 წელი).
კასატორმა ც.დ–ძემ განაცხადა, რომ საკასაციო საჩივარზე ამბობს უარს, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, ამდენად, მან განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც საკასაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის საფუძველია. საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საკასაციო წესით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმისას სასამართლო შეწყვეტს საკასაციო საჩივარზე არსებულ საქმის წარმოებას, ხოლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უცვლელად დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებამდე კასატორ ც.დ–ძის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის ც.დ–ძის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა შეწყდეს საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება ც.დ–ძის ნაწილში და უცვლელად უნდა დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისთვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 468.75 ლარის ოდენობით. შესაბამისად, რადგან კასატორმა საკასაციო საჩივარზე უარი განაცხადა სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მისი დასაშვებობის შემოწმებამდე, არსებობს მისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სრულად დაბრუნების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 49-ე, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც.დ–ძის წარმომადგენლის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება ც.დ–ძის საკასაციო საჩივარზე ზ.დ–ძისა და ნ.დ–ძის მიმართ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განჩინებაზე.
3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
4. ც.დ–ძეს დაუბრუნდეს მ.დ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 468.75 ლარი (საგადასახადო დავალება N495, გადახდის თარიღი 04/06/2025 წელი) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
5. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მიხეილ ჯინჯოლია
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
ლევან ნემსაძე