დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
07 ივლისი 2026 წელი №ას-431-2026 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შ.პ.ს. „გ-ე“
მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „თ.ე.კ–ია“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2026 წლის 17 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შ.პ.ს. „თ.ე.კ–ია“-მ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „მიმწოდებელი”) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შ.პ.ს. „გ“-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე“, „კასატორი“, „მომხმარებელი“, „აბონენტი“) მიმართ, მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების - 2278.26 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მაისის №236 დადგენილებით, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების, 162-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის“ მე-9 მუხლის, მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების გათვალისწინებით, შ.პ.ს. „თ.ე.კ“-ს დაეკისრა ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულება და განისაზღვრა ელექტროენერგიის სექტორში უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლად, ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლად და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლად 2025 წლის 1 იანვრამდე, ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის - ს.ს. „თ“-ს სალიცენზიო არეალში. შესაბამისად, შ.პ.ს. „თ.ე.კ–ია“ 2021 წლის 01 ივლისიდან ახორციელებს აბონენტების ელექტროენერგიით უზრუნველყოფის ვალდებულებას.
2.2. შ.პ.ს. „თ.ე.კ“-ს აბონენტია მოპასუხე შპს „გ–ე“ (აბონენტის №.........), როგორც არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი და 2021 წლის ივლისიდან კომპანიისგან მიეწოდება ელექტროენერგია რეგულირებადი ტარიფით. სარჩელის აღძვრის დროისთვის, მოპასუხის დავალიანება მოხმარებული ელექტროენერგიისათვის შეადგენს 2278.26 ლარს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შ.პ.ს. „გ–ე“ ქ. თბილისში, ..........., აღარ ფუნქციონირებს 2023 წლის 18 იანვრიდან, რაზეც ინფორმირებულია მოსარჩელეც. აბონენტის ბრუნვის ისტორიით დგინდება, რომ ობიექტზე აღრიცხვის კვანძის შეცვლის შემდეგ მკვეთრად იცვლება ბრუნვის ისტორია, რაც იწვევს დასაბუთებულ ეჭვს ძველი მრიცხველის თვითსვლის შესაძლებლობაზე. გარდა ამისა, კანონმდებლობა ავალდებულებს ელექტროენერგიის განაწილების/მიმწოდებლის ლიცენზიანტს, მრიცხველის შეცვლის თაობაზე შესაბამისი აქტის შედგენისას ინფორმაცია შეავსოს სრულად. მოსარჩელემ კი, დაარღვია ვალდებულება და აქტის შედგენისას სრულყოფილად არ მიუთითა სავალდებულო ინფორმაცია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
6.1. მოწინააღმდეგე მხარის - შ.პ.ს. „გ“-ს გამოუცხადებლობის გამო შ.პ.ს. „თ.ე.კ“-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
6.2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად;
6.3. შ.პ.ს. „გ“-ს შ.პ.ს. „თ.ე.კ“-ს სასარგებლოდ დაეკისრა მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების - 2278.26 ლარის გადახდა.
სააპელაციო პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2025 წლის 25 ნოემბერს, 11:00 საათზე, დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „გ“. სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტის წარმომადგენლებმა ნ.ხ–ამ და კ.გ–მა იშუამდგომლეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.
7.2. პალატამ შენიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ სასამართლოსათვის არ ყოფილა მიწოდებული რაიმე ინფორმაცია გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზთან დაკავშირებით. საქმეში წარმოდგენილი უკუგზავნილით კი, დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე შ.პ.ს. „გ“-ს წარმომადგენელ ქ.ყ–ს (მინდობილობა იხ. ს.ფ. 72-73) გაეგზავნა და ჩაბარდა უწყება სხდომის თარიღის შესახებ. (იხ. ს.ფ. 206). სასამართლომ აღნიშნა, რომ ყოველგვარი გონივრული მოლოდინის რეჟიმიც ამოწურული იყო, ვინაიდან, სასამართლო სხდომა დანიშნული იყო 11:00 საათზე, სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილება კი, მიღებულია დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ. სასამართლოს მხრიდან სხდომის მიმდინარეობისას კვლავ გადამოწმდა მხარის მიერ გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწოდების თაობაზე, თუმცა ასეთი ინფორმაცია სააპელაციო სასამართლოში არ შესულა კანცელარიის/მოსამართლის თანაშემწესთან კომუნიკაციის მეშვეობით. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობდა ფორმალური წინაპირობები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოსატანად.
7.3. პალატამ შენიშნა, რომ ვინაიდან მხარის მიერ სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 ივლისის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, უნდა შემოწმებულიყო სააპელაციო საჩივარსა და სარჩელში მითითებული გარემოებების კვალობაზე დაყენებული მოთხოვნის იურიდიული მართებულობა.
7.4. სსსკ 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გამომდინარე, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია იმ გარემოებები, რომ: 1) შ.პ.ს. „თ.ე.კ“-ს აბონენტია მოწინააღმდეგე მხარე შ.პ.ს. „გ.“ (აბონენტის №3516751); 2) მხარეთა შორის არსებობდა ელექტროენერგიის ნასყიდობა-მიწოდების სამართალურთიერთობა; 3) მოწინააღმდეგე მხარემ 2024 წლის მარტიდან 2024 წლის დეკემბრის ჩათვლით მოიხმარა 2278.26 ლარის ღირებულების ელექტროენერგია, 4) რომლის ღირებულებაც არ გადაუხდია.
7.5. ზემოაღნიშნული ფაქტების დამტკიცებულად მიჩნევის შედეგად, პალატამ დაასკვნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე და 477-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად გამართლებული იყო, ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი დაკმაყოფილებულად მიიჩნეოდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ არც ამ თვალსაზრისით არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოება.
8. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხე მხარემ საჩივარი წარადგინა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმისწარმოების განახლება, შემდეგი დასაბუთებით:
8.1. მხარისთვის ცნობილი არ იყო სააპელაციო სასამართლოში სხდომის გამართვის თარიღი და დრო. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოსთვის ცნობილი იყო უშუალოდ მხარის მისამართი, აქტიური ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა. საჩივრის ავტორმა საჩივრის განხილვის სხდომაზე განმარტა, რომ სასამართლოს მიერ მისთვის გაგზავნილ გზავნილში მოთავსებული არ იყო უწყება, რომლითაც ცნობილი გახდებოდა მისთვის სხდომის გამართვის თარიღისა და დროის შესახებ. საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ კონვერტზე მითითებული იყო სააპელაციო საჩივარი და უწყება, თუმცა უწყება არ ერთვოდა გზავნილს. 2026 წლის 17 თებერვლის სხდომაზე საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ გზავნილი ჩაბარდა არა პირადად ქ.ყ–ს, არამედ ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელიც არაუფლებამოსილ პირს წარმოადგენდა. უკუგზავნილში გზავნილის ჩამბარებლად მითითებული პირი ს.ქ–ია, საჩივრის ავტორის განმარტებით, არ წარმოადგენს შ.პ.ს. „გ“-ს თანამშრომელს.
8.2. საჩივრის თანახმად, სააპელაციო საჩივარი და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად არ ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს არ უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ, სააპელაციო საჩივარზე არსებითად უნდა ემსჯელა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
სააპელაციო პალატის განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
10.1. პალატამ ყურადღება მიაპყრო საქმის მასალებში დაცულ, მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგენილ და ხელმოწერილ გზავნილს, რომლითაც დგინდება, რომ 2025 წლის 27 ოქტომბერს შ.პ.ს. „გ“-ს წარმომადგენელ ქ.ყ–ს გაეგზავნა სააპელაციო საჩივრის ასლი, 2025 წლის 06 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ, 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინება სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ და უწყება. ამასთანავე, უშუალოდ გზავნილში, ისევე როგორც 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაში, აღნიშნულია, რომ სხდომა ჩანიშნულია 2025 წლის 25 ნოემბერს, 11:00 საათზე. საქმეში არსებული უკუგზავნილით დგინდება, რომ სასამართლოს გზავნილი (განჩინებები, სააპელაციო საჩივარი, უწყება) 2025 წლის 30 ოქტომბერს ჩაბარდა ს.ქ–იას (პ/ნ .........), იურისტს.
10.2. სააპელაციო სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ შ.პ.ს. „გ“-ს წარმომადგენელს 2025 წლის 27 ოქტომბრის გზავნილი და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაბარდა ერთსა და იმავე მისამართზე: ქ. თბილისი, ........, 1 სად. 3 სართ. ზემოაღნიშნული გზავნილები ჩაბარებული აქვს სხვადასხვა იურისტს. გზავნილები გაიგზავნა თავად მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მითითებულ მისამართზე (ს.ფ. 59). საჩივრის ავტორის იმ განმარტებასთან მიმართებით, რომ ს.ქ–ია არ იყო უფლებამოსილი, ჩაებარებინა სასამართლოს გზავნილი, პალატამ განმარტა, რომ ს.ქ–იას ჰქონდა შესაძლებლობა, მაშინვე უარი განეცხადებინა გზავნილის ჩაბარებაზე ან შესაბამისი მინაწერი გაეკეთებინა, რასაც ადგილი არ ჰქონია. ამასთან, შ.პ.ს. „გ“-ს წარმომადგენლლისთვის გაგზავნილი დოკუმენტები, ყველა შემთხვევაში, ჩაბარებულია სხვადასხვა იურისტის მიერ. პალატის განსჯით, მხარის წარმომადგენლისათვის გზავნილის ჩაბარება ზემოხსენებულ შემთხვევებში წარმატებით განხორციელდა, ვინაიდან საქმის მასალებს ერთვის გზავნილის ჩაბარების დასტურები და, ამავდროულად, 2025 წლის 27 ოქტომბრის გზავნილთან მიმართებით თავად მხარე აღნიშნავს, რომ მას ჩაბარდა იგი (თუმცა არ ერთვოდა უწყება), ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების შემთხვევაში წარმატებით ჩაბარებას ადასტურებს მხარის მიერ წარმოდგენილი საჩივარი. დასახელებულ გარემოებათა ერთობლიობით პალატამ დაასკვნა, რომ მისამართის უზუსტობას ან სხვა რაიმე ტექნიკურ ხარვეზს ადგილი არ ჰქონია.
10.3. პალატის განსჯით, საჩივრის ავტორის მითითება, რომ გზავნილს არ ერთვოდა უწყება, წარმოადგენდა მისი მტკიცების ტვირთს. მხოლოდ მხარის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტება ვერ იქნებოდა საკმარისი მტკიცებულება აღნიშნული გარემოების დადგენისთვის. ამდენად, სასამართლომ დაასკვნა, რომ სასამართლო სხდომის გამართვის დროის შესახებ მხარის წარმომადგენელი ინფორმირებული იყო კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამის გამაბათილებელი არგუმენტი მხარეს სასამართლოსთვის არ შეუთავაზებია. პალატის მითითებით, მხარის წარმომადგენელს სხდომის თარიღის გაგების შესაძლებლობა ჰქონდა არამხოლოდ უწყებიდან, არამედ გზავნილისა და მასზე თანდართული 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინების შინაასიდან, ვინაიდან, ზემოხსენებული დოკუმენტები შეიცავდა მითითებას სასამართლოს სხდომის თარიღისა და დროის შესახებ.
10.4. დავის მიმართ ინტერესის, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების, არგუმენტთან მიმართებით, პალატამ შენიშნა, რომ მარტოოდენ სამართალწარმოების მიმართ ინტერესის არსებობა ვერ გახდებოდა კანონიერად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. სსსკ-ის 233-ე და 241-ე მუხლები მკაფიოდ განსაზღვრავენ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს და ცალკე მდგომი - დავის მიმართ ინტერესი, ამ საფუძვლებში გათვალისწინებული არ არის.
10.5. სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების იურიდიული საფუძვლის არსებობასთან მიმართებით წარმოდგენილი პრეტენზიის საპასუხოდ პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე და განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარსა და სარჩელში მითითებული გარემოებების კვალობაზე დაყენებული მოთხოვნა გამომდინარეობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე და 477-ე მუხლებიდან. მოპასუხის მიერ სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად მიჩნეული სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტები ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას ნასყიდობის ფასის გადახდის დაკისრებაზე, შესაბამისად, სსსკ 230.2 მუხლით გათვალისწინებული ბარიერი დაძლეულად მიიჩნეოდა.
10.6. პალატის შეფასებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივრის განხილვის პროცესში საჩივრის ავტორი (მოწინააღმდეგე მხარე) სადავოდ ვერ გახდიდა დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, არამედ შეეძლო, ედავა იმ სამართლებრივ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. საჩივრის ავტორის შედავება დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიმართ, პალატის განსჯით, ფაქტობრივად წარმოადგენდა საქმის არსებით განხილვაში გადაზრდას, რაც საჩივრის განხილვის ეტაპზე გაუმართლებელი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება იყო კანონიერი და მისი გაუქმების საპროცესო საფუძველი არ ვლინდებოდა.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ნოემბრის დაუსწრებეი გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2026 წლის 17 თებერვლის განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მათი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი დასაბუთებით:
11.1. კასატორის მითითებით, მოპასუხის იურიდიულ მისამართს წარმოადგენს: თბილისი, ........, თუმცა სააპელაციო საჩივარი მოპასუხის წარმომადგენელ ქ.ყ–ს გაეგზავნა თბილისში, .......... სააპელაციო საჩივარი ჩაბარდა იმავე კორპუსში მყოფ არაუფლებამოსილ პირს - მეზობელ ს.ქ–იას (წარწერით იურისტი), რომელიც არ წარმოადგენდა არც შ.პ.ს. „გ“-ს და არც ქ.ყ–ის წარმომადგენელს და რომელმაც სააპელაციო საჩივარი ადრესატს გადასცა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ქ.ყ–ისთვის გადაცემისა და ვითარების გარკვევის შემდგომ. სასამართლოსთვის და მოსარჩელე მხარისთვის ცნობილი იყო მოპასუხის იურიდიული მისამართი, ასევე აქტიური საკონტაქტო ნომერი, თუმცა კომუნიკაცია არ მომხდარა არცერთ დასახელებულ საშუალებაზე.
11.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო იურიდიულად დასაბუთებული, ხოლო სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიული თვალსაზრისით არ ამართლებდნენ მოთხოვნას;
11.3. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაბარებისთანავე მხარემ იგი გაასაჩივრა მყისიერად, რაც ადასტურებს საქმის შედეგის მიმართ მოპასუხის მოჭარბებულ ინტერესს, შესაბამისად, მის მიმართ პრეზუმფციის ამოქმედება, რომ დაკარგული აქვს დავის წარმოების ინტერესი და, შედეგად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების, როგორც სანქციის გამოყენება, უმართებულოა.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო სასამართლოს 2026 წლის 01 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინების კანონიერება.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმოვს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტების გაცნობის შემდეგ მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარუდგენია.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
16. კასატორის პრეტენზიის გათვალისწინებით, უნდა დადგინდეს, იყო თუ არა მოწვეული აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე საქმის განხილვაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია შედეგი ფაქტობრივი გარემოებები:
16.1. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვა 2025 წლის 25 ნოემბერს, 11:00 საათზე, დაინიშნა.
16.2. საქმის მასალებში დაცულია მოსამართლის თანაშეწის მიერ შედგენილი გზავნილი, რომლის მიხედვით, შ.პ.ს. „გ“-ს წარმომადგენელ ქ.ყ–ს გაეგზავნა სააპელაციო საჩივრის ასლი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 06 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ, ამავე სასამართლოს 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ (2025 წლის 25 ნოემბერს 11:00 საათზე) და უწყება.
16.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მოპასუხის, მისი წარმომადგენლის ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში ალტერნატიული მისამართის მითითების ვალდებულება სწორედ მოპასუხეს ეკისრება.
16.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. ხოლო ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა (მრავალთა შორის, იხ. სუსგ. №ას-1310-2025, 14.11.2025წ.).
16.5. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გააჩნდა სრული თავისუფლება, კორესპონდენცია გაეგზავნა უშუალოდ მხარისთვის ან მისი წარმომადგენლისათვის, საკასაციო პალატა, კასატორის პრეტენზიის უსაფუძვლობის წარმოსაჩენად მიუთითებს მასზედ, რომ მოპასუხე მხარე, სარჩელის ინიციირების ეტაპიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე დროის შუალედში, საქმეში წარდგენილ ერთადერთ საპროცესო დოკუმენტში - შესაგებელში, მოპასუხის ძირითად მისამართად უთითებდა ქ. თბილისი, .........., თუმცაღა, თავად შესაგებელში იმასაც მიუთითებდა, რომ დასახელებულ ობიექტზე შ.პ.ს. „გ“ აღარ ფუნქციონირებდა. კასატორის იურიდიულ მისამართზე გზავნილის გაგზავნის შესაძლებლობის არგუმენტთან მიმართებით კი, პალატა შენიშნავს, რომ მასზე მითითებას შესაგებელი არ შეიცავდა, ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის საქმის მასალებში დაცული არ ყოფილა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც სასამართლოსთვის, შესაძლოა, ცნობილი გამხდარიყო მოპასუხის იურიდიულ მისამართი. ამრიგად, წარმომადგენელ ქ.ყ–ისთვის სასამართლო კორესპონდენციის გაგზავნის გადაწყვეტილებას საკასაციო პალატა გამართლებულად მიიჩნევს.
16.6. რაც შეეხება უწყების ჩაბარების ფორმის მიმართ წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიას, უნდა აღინიშნოს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხისათვის გადასაცემი იყო არამარტო სასამართლო სხდომაზე დაბარების უწყება, არამედ სხვა წერილობითი დოკუმენტებიც (სააპელაციო საჩივარი სააპელაციო შესაგებლის წარდგენის მიზნებისათვის; განჩინებები), საკასაციო პალატისათვის ლოგიკურია, რომ მოპასუხე მხარისათვის წერილობითი კორესპონდენციის გაგზავნის ეფექტიან საშუალებას წარმოადგენდა სწორედ წარმომადგენლის შესაგებელში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის განხორციელება და არა წარმომადგენელთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება.
16.7. საკასაციო საჩივრის შინაარსის საწინააღმდეგოდ, საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ თბილისი, .........., 1-ლი სადარბაზო, სართული 3 წარმოადგენს წარმომადგენლის არა საცხოვრებელ, არამედ სამსახურებრივ მისამართს (უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრი - ICFRP). აღნიშნულზე მიუთითებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივარი (ს.ფ. 223).
16.8. მაშასადამე, გამოსაყენებელია საპროცესო წესი, რომელიც მიემართება პირის სამსახურებრივ მისამართზე გაგზავნილი უწყების ჩაბარების საკითხს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8 მუხლის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
16.9. საკასაციო პალატა მიიჩნევს, სასამართლო უწყების შემცველი გზავნილი, რომელიც გაიგზავნა შესაგებელში მითითებულ მოპასუხის წარმომადგენლის სამუშაო ადგილის მისამართზე, ჩაჰბარდა უფლებამოსილ პირს - თანამშრომელს. კასატორს იმ გარემოების მტკიცება არ უზრუნველუყვია, რომ გზავნილის ჩამბარებელი ს.ქ–ია არ არის ქ.ყ–ის დამსაქმებელი ორგანიზაციის (უფლებათა დაცვის საერთაშორისო ცენტრი - ICFRP) თანამშრომელი. შესაბამისად, გზავნილის ჩაბარების დასტურზე აღნიშნული თანამშრომელი, რომელმაც მიიღო გზავნილი და იკისრა მისი ადრესატისათვის გადაცემის ვალდებულება, მიიჩნევა უფლებამოსილ სუბიექტად (საკითხზე მრავალთა შორის, იხ. სუსგ. №ას-388-2020 18.09.2020წ.; №ას-789-2024, 27.06.2024წ.). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ ამავე მისამართზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაგზავნილი კორესპონდენცია ყველა ცალკეულ ჯერზე ორგანიზაციის სხვადასხვა თანამშრომელს ბარდება (იხ. ს.ფ. 234; 290; 320), რაც მეტყველებს სამუშაო ადგილზე კანცელარიის ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეულისა და ორგანიზაციაში კონკრეტული უფლებამოსილი პირის არარსებობაზე. შესაბამისად, გზავნილის ჩაბარების დასტურზე აღნიშნული თანამშრომელი, რომელმაც მიიღო გზავნილი და იკისრა მისი ადრესატისათვის გადაცემის ვალდებულება, მიიჩნევა უფლებამოსილ სუბიექტად, ხოლო გზავნილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8 მუხლის შესაბამისად, მხარის წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად.
16.10. როგორც აღინიშნა, 27.10.2025 წლის გზავნილით აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა არამარტო სასამართლო სხდომაზე გამოძახების უწყება, არამედ სასამართლოს 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინებაც სააპელაციო საჩივრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად 2025 წლის 25 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქმის განხილვის დანიშვნის შესახებ. საგულისხმოა, რომ თავად გზავნილი შეიცავს მითითებას სასამართლო სხდომის 2025 წლის 25 ნოემბერს, 11:00 საათზე, დანიშვნის შესახებ. მაშასადამე, არგუმენტი, რომ სააპელაციო სასამართლოს გზავნილი მოპასუხის წარმომადგენელს არასრული სახით გაეგზავნა, სახელდობრ, ფოსტის მეშვეობით მიღებულ კონვერტში მოთავსებული არ იყო უწყება, საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარების შემთხვევაშიც კი, არ იძლევა სასამართლო სხდომის თარიღის არცოდნის შესახებ კასატორის მტკიცების გაზიარების საფუძველს.
16.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლიდან გამომდინარე, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების მითითებული წესი ვრცელდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარმოდგენილ საჩივარში ასახული გარემოებების დადასტურებაზეც. მაშასადამე, სწორედ მოპასუხე მხარე იყო ვალდებული, სასამართლოს წინაშე დამაჯერებლად დაედასტურებინა, რომ სასამართლო შეტყობინება არასრული ფორმით, უწყების გარეშე, მიიღო. საგულისხმოა, რომ 2025 წლის 27 ოქტომბრის გზავნილი მოპასუხე მხარის წარმომადგენელს 2025 წლის 30 ოქტომბერს ჩაჰბარდა, თუმცა გზავნილსა და კონვერტზე წერილობით ჩამოთვლილი დოკუმენტების არასრული სახით მიღების შესახებ პრეტენზია სასამართლოს წინაშე არ დაუფიქსირებია 2025 წლის 25 ნოემბრის სასამართლო სხდომის გამართვამდე, არამედ, ხსენებული არგუმენტი მოიხმო მხოლოდ მისთვის არასასურველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასასაჩივრების ეტაპზე. ამ მოცემულობაში კი, სასამართლო დამაჯერებლად არ მიიჩნევს სასამართლო გზავნილსა და კონვერტზე გაგზავნილად მითითებულ და საფოსტო კონვერტში რეალურად მოთავსებულ დოკუმენტებს შორის შეუსაბამობის შესახებ კასატორის მიერ მითითებულ გარემოებას.
17.1. ამრიგად, დადგენილია, რომ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა მოპასუხის (მოწინააღმდეგე მხარის) წარმომადგენელი, რომელსაც კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა სასამართლო სხდომის გამართვის დროისა და ადგილის შესახებ. აპელანტმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა გამოცხადებული მხარის შუამდგომლობა და მოწინააღმდეგე მხარის წინააღმდეგ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
17.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
17.3. მსგავსი პრინციპით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დადგინდეს და გაზიარებული იქნეს სააპელაციო საჩივარში დასახელებული გარემოებები. თუ ისინი იურიდიულად ამართლებენ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარისათვის საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეტყობინება; 2. მისი არასაპატიო გამოუცხადებლობა; 3. სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით (იხ. სუსგ. №ას-920-2019, 27.11.2019წ.).
17.4. იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას, სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უნდა დაყრდნობოდა მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ეს ნიშნავს არა სარჩელში მითითებული გარემოებების ავტომატურად დადგენილად მიჩნევას, არამედ იმის შემოწმებას, სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებებით (მათი დადგენილად მიჩნევით) გაბათილდება თუ არა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მისი სადავო ნაწილის დასკვნები, რომლებიც აპელანტის წინააღმდეგ არის მიმართული, ანუ სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას მხედველობაში უნდა მიიღოს აპელანტის ახსნა-განმარტება, ხოლო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით აპელანტის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებები მოთხოვნას იურიდიულად ამართლებს (ანუ აპელანტი მიუთითებს მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მატერიალური ნორმის შემადგენელ ელემენტებზე). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა-შეფასება არ ხდება და მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად, ივარაუდება, რომ სააპელაციო მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო (იხ. სუსგ. №ას-970-2021, 29.11.2021წ.; №ას-620-2021, 13.11.2021წ.; №ას-209-2019, 19.04.2021წ.; №ას-837-2020, 08.04.2021წ.; №ას-662-2019, 11.12.2020წ.; №ას-330-2019, 19.11.2019.; №ას- 656-626-2016, 27.03.2017წ.; №ას-682-648-2013, 10.03.2015წ.).
17.5. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველზე. უდავოა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატს, რომელიც აბონენტს აწვდის ელექტროენერგიას, ხოლო, მოპასუხე - აბონენტს, შესაბამისად, მხარეთა შორის არსებობს ნასყიდობის სამართალურთიერთობა (მსგავს საკითხზე იხ. სუსგ. №ას-1164-2084-2017, 22.02.2019წ.), რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 477-ე და შემდგომ ნორმებთან ერთად, რეგულირდება აბონენტთან გაფორმებული ხელშეკრულებითა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47-ე დადგენილებით „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ. სასარჩელო მოთხოვნის საგანს წარმოადგენს მიმწოდებლის (გამყიდველი) მხრიდან მიწოდებული და აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საზღაურის გადახდევინება, რის სამართლებრივ საფუძველსაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მეორე ნაწილი აფუძნებს. მოცემულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების პირობებში, სააპელაციო საჩივარში მითითებული და დადგენილად მიჩნეული ფაქტები - 1. მხარეთა შორის ნასყიდობის სამართალურთიერთობის არსებობა; 2. მოპასუხის მოსარჩელის აბონენტად ყოფნა; 3. აბონენტის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება და 4. მისი ღირებულების ნებაყოფლობით გადაუხდელობა - იურიდიულად ამართლებს სამოქალაქო კოდექსის 477.2 მუხლით წარდგენილ სასარჩელო მოთხოვნას, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართლზომიერად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა.
18.1. კასატორის პრეტენზიის თანახმად, მას დავის მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაეუქმებინა. აღნიშნული არგუმენტის საპირწონედ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილი სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (იხ. სუსგ. №ას-964-929-16, 06.03.2017წ.)
18.2. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე, 387-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016).
18.3. დავის მიმართ ინტერესის, როგორც კასატორის ერთ-ერთი არგუმენტის საპასუხოდ, პალატა შენიშნავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია არც სასამართლოს და არც მხარეთა შეხედულებაზე არაა დამოკიდებული. მხარე, რომელიც დაინტერესებულია საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებით, მოვალეა, მისდიოს საპროცესო კოდექსით დადგენილ იმპერატიულ წესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარტოოდენ დავის მიმართ ინტერესზე აპელირებით, იგი თავს ვერ დაიცავს პროცედურულ ნორმათა უგულებელყოფის გამო დამდგარი უარყოფითი სამართლებრივი შედეგებისგან (იხ. სუსგ. №ას-1379-2024, 12.11.2024წ.; №ას-667-2025, 26.09.2025წ.).
19. ამრიგად, პალატის განსჯით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის ყველა ზემოაღნიშნული წინაპირობა შესრულებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მართებულად დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი.
20. საკასაციო პალატის მითითებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხ. Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.). თუმცა არ შეიძლება, აღნიშნული განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით კი - მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეთა თანასწორობის დაცვა უზრუნველყო.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2026 წლის 17 თებერვლის განჩინება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
23. ვინაიდან საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე კასატორს ეთქვა უარი, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „გ“-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2026 წლის 17 თებერვლის განჩინება.
3. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი