დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 02.07.2026
საქმის ნომერი
ას-619-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-619-2026 25 ივნისი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - გ.ა–ძე (აპელანტი, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოპასუხე - მ.ა–ძე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მოსარჩელის მოთხოვნა:

1.1. სს „ლ.ბ–მა“ (შემდგომში მოსარჩელე, ბანკი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ა–ძისა (შემდგომში პირველი მოპასუხე, მსესხებელი, მოვალე ან გამჩუქებელი) და გ.ა–ძის (შემდგომში მეორე მოპასუხე, არასრულწლოვანი შვილიშვილი, დასაჩუქრებული, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) (შემდგომში ერთად მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა პირველი მოპასუხისთვის დავალიანების, 28 257.68 ლარის (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 25 279.59 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 2094.40 ლარი და ჯარიმა - 883.69 ლარი) გადახდის დაკისრება, ასევე, პირველ და მეორე მოპასუხეს შორის 2023 წლის 3 მაისს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ პირველი მოპასუხე თავს არ არიდებდა ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, თუმცა გაუარესებული ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ შეძლო თანხის გადახდა. ამასთან, მოპასუხეთა შორის ჩუქების ხელშეკრულება გაფორმებული იყო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 28 257,68 ლარის (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 25279,59 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 2094,40 ლარი, პირგასამტეხლო - 883,69 ლარი); ბათილად იქნა ცნობილი პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის უძრავ ქონებაზე (მდებარე: ქ. ქუთაისი, ............, ს/კ: ..........) 2023 წლის 3 მაისს დადებული ჩუქების ხელშეკრულება და დადგინდა აღნიშნული ქონების პირველი მოპასუხის საკუთრებაში აღრიცხვა.

4. მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი:

4.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები:

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.2.1. 2022 წლის 27 დეკემბერს, ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება No05894339153.004, რომლითაც მსესხებელზე გაიცა სესხი, 26 100 ლარი 2028 წლის 3 იანვრამდე წლიური 16%-ით. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო - სესხის ძირითადი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

5.2.2. მსესხებელმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაარღვა 2023 წლის პირველი მაისიდან;

5.2.3. 2023 წლის 3 მაისსს, პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს (კანონიერი წარმომადგენელი ქ.კ–ძე) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც პირველმა მოპასუხემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე: ქ. ქუთაისი, ........., ს/კ ...........) აჩუქა შვილიშვილს, მეორე მოპასუხეს, რის შედეგადაც, ქონება აღირიცხა მეორე მოპასუხის საკუთრებად;

5.2.4. 2023 წლის 2 ივნისს კრედიტორმა წერილობით მიმართა მოვალეს და მოსთხოვა დავალიანების დაფარვა, თუმცა უშედეგოდ;

5.2.5. 2023 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით, მოვალეს ბანკის მიმართ ერიცხებოდა დავალიანება 28257.68 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 25279.59 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 2094.40 ლარი, ჯარიმა - 883.69 ლარი);

5.2.6. მეორე მოპასუხე არის პირველი მოპასუხის არასრულწლოვანი შვილიშვილი (დაბადებული 17.02.2017წ.);

5.2.7. წარდგენილ შესაგებლებში საცხოვრებელ მისამართად მოპასუხეებს მითითებული აქვთ სადავო უძრავი ქონების მისამართი, ასევე ამავე მისამართზე ბარდებოდათ მათ სასამართლო გზავნილები;

6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით მართებულად მიიჩნია პრეზუმფცია, რომ მოპასუხეთა შორის ჩუქების ხელშეკრულების დადებისას პირველ მოპასუხესთან ერთად, ერთ ოჯახში მცხოვრები არასრულწლოვანი შვილიშვილის კანონიერი წარმომადგენლისთვის (რომელიც პირველი მოპასუხის შვილია) ცნობილი იყო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალის შესახებ და სწორედ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა (დარღვევა) წინ უსწრებდა სადავო ჩუქების ხელშეკრულების დადებას, რაც ეჭქვეშ აყენებდა გარიგების მონაწილეთა კეთილსინდისიერებას. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა მოპასუხეთა შორის დადებული გარიგების მოჩვენებითობის შესახებ და დაასკვნა, რომ დასაჩუქრებულისთვის ქონების ფიქტიური გადაცემით პირველი მოპასუხის მიზანი იყო თავი აერიდებინა ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებებისთვის.

7. მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივარი:

7.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მეორე მოპასუხის კანონიერმა წარმომადგენელმა (დედამ), მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7.2. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც სამართლებრივად არასწორად შეაფასა ისინი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებითი იყო, თუმცა ვერ დაასაბუთა, თუ რაში გამოიხატა გარიგების მოჩვენებითობა. საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების მიხედვით, სადავო ხელშეკრულების დადებისას ქონება იპოთეკით ან სხვა ვალდებულებით დატვირთული არ იყო. შესაბამისად, პირველ მოპასუხეს შეეძლო თავისი შეხედულებისამებრ განეკარგა იგი. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, მან (კანონიერმა წარმომადგენელმა) არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა პირველი მოპასუხის საბანკო ვალდებულებების შესახებ. (აღნიშნული გარემოებები მისთვის ცნობილი გახდა ბანკის მიერ სარჩელის წარდგენის შემდეგ). ამრიგად, დასაჩუქრებულმა სრულიად კანონიერად მიიღო საჩუქარი ბებიისგან (მათ მიერ გარიგების დადებისას გამოხატული ნება ნამდვილია) და არ იკვეთება სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის რაიმე წინაპირობა.

8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

8.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. საქართველოს უზენაესი სასამართლო მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

14. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე, რაც მათი უფლებაა, მაგრამ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; იხ: სუსგ საქმე №ას-1298-2018; 22 მარტი 2019 წელი; №ას-1329-2018, 22 თებერვალი წელი; №ას-1610-2019, 7 თებერვალი 2020 წელი).

15. წინამდებარე დავის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების გამოყენებით, რამდენად მართლზომიერად მიიჩნია მოპასუხეთა შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებითად.

16. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. 55-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

17. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). დასახელებული ნორმის აღწერილობითი ნაწილი იძლევა მოჩვენებითი გარიგების იურიდიულ დეფინიციას და ნორმით გათვალისწინებული შედეგის მიმართ გადამწყვეტია მხოლოდ და მხოლოდ მხარეთა ნამდვილი ნება, ანუ მათ არ უნდა სურდეთ იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევა, რასაც გარიგება ითვალისწინებს, არამედ ამ გარიგების დადება ემსახურება სხვა, მათ შორის, მესამე პირის მიმართ ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდებას. თავის მხრივ, მოჩვენებითი გარიგება, როგორც წესი, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, ყოველთვის შეესაბამება ამ ტიპის გარიგების დადებისათვის კანონით დადგენილ წესსა და პირობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე გვექნებოდა ამავე კოდექსის ზოგადი თუ კერძო ნაწილით განსაზღვრული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლები (იხ. სუსგ №ას-296-283-2015, 2015 წლის 4 ივნისი).

18. მოჩვენებითია გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი გარეგნულად კი გამოხატავენ ნებას, იქცევიან ისე, თითქოს ნამდვილად სურდეთ ამ გარეგნულად გამოხატულის მიღწევა, სინამდვილეში კი არც ფიქრობენ ამ შედეგის დადგომაზე (ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2011, გვ. 361).

19. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ მოჩვენებით გარიგებას ორი ძირითადი ნიშანი ახასიათებს: პირველი, ის დადებულია მოსაჩვენებლად და, მეორე, მხარეებს არა აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს (სუსგ №ას-976-908-2017, 22 იანვარი 2018 წელი; №ას-366-2019, 17 მაისი 2019 წელი; №ას-603-562-2017, 10 ივლისი 2019 წელი; №ას-1483-2020, 19 მარტი 2021 წელი).

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთი მოჩვენებითი გარიგებების შემთხვევაში აწევს იმ პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას. თუნდაც, მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, მოსარჩელეს ევალება (იხ. სუსგ №ას-1439-1357-2012, 1 ივლისი 2013 წელი; №ას-862-812-2015, 11 ნოემბერი 2015 წელი).

21. განსახილველ შემთხვევაში, ასეთი სახის მტკიცების ტვირთი სწორედ მოსარჩელეზე იყო, რომელმაც გარიგების ბათილობის საფუძვლად მხარეთა არაკეთილსინდისიერებასა და მოჩვენებითი გარიგების არსებობაზე მიუთითა იმ მიზეზით, რომ გარიგების მხარეები წარმოადგენდნენ ოჯახის წევრებს, ბებია-შვილიშვილს და ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების მიზანი სასესხო ვლადებულებისათვის თავის არიდება იყო.

22. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსესხებელსა და ბანკს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულება დაირღვა 2023 წლის 1 მაისს, ხოლო მსესხებელსა და მეორე მოპასუხეს შორის იმავე წლის 3 მაისს გაფორმდა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებლის (პირველი მოპასუხის) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება აღირიცხა მეორე მოპასუხის საკუთრებად. სადავო არ არის ის ფაქტიც, რომ მჩუქებელი და დასაჩუქრებული ბებია და შვილიშვილი არიან, რომლებიც ერთად ცხოვრობენ სადავო ბინაში და დასაჩუქრებული არის მცირეწლოვანი (ხელშეკრულების დადების დროისთვის - 6 წლის). შესაბამისად, ხელშეკრულებას ხელს აწერს კანონიერი წარმომადგენელი (დედა, რომელიც ამავდროულად პირველი მოპასუხის შვილია).

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლებში სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ნამდვილად დაძლია დასაბუთების სტანდარტი, რაც მტკიცების ტვირთს აბრუნებს მოპასუხეთა (ხელშეკრულების მხარეების) მიმართ კეთილსინდისიერებისა და გარიგების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, რადგან, ასეთი სახის გარიგების ნამდვილობა, როგორც აღინიშნა, დამოკიდებულია გარიგების მონაწილეთა წინასწარგანწყობაზე.

24. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე (სუსგ-ები №ას-1347-1272-2012 2013 წლის 1 ივლისი, №ას-1439-1357-2012, 2013 წლის 1 თებერვალი), რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ახლო ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს, დედა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის/ახლო ნათესავებისთვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე, და, ასევე, მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე.

25. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ ნივთის ჩუქება შეიძლება მიუთითებდეს მხარეთა კეთილ ნებაზე და განპირობებული იყოს გარკვეული აუცილებლობით, მაგრამ ზუსტად მოპასუხეებს ეკისრებათ ტვირთი, ამტკიცონ ის, თუ რამ განაპირობა და ამ ხელშეკრულების დადების რა აუცილებლობა არსებობდა მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების მონაკვეთში (იხ. სუსგ. №ას-1347-1272-2012, 2013 წლის 1 ივლისი).

26. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ თავის მიმართ შებრუნებული მტკიცების ტვირთის დაძლევა ვერ შეძლო, რამდენადაც წარდგენილია არაკვალიფიციური შედავება. იმ პირობებში, როდესაც სასესხო ვალდებულების დარღვევიდან ორ დღეში გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება და ამ დროიდან მსესხებელი საერთოდ უგულებელყოდა ბანკის წინაშე არსებული ფულადი ვალდებულების გადახდას, დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო შედავებად ვერ მიიჩნევა კასატორის (მეორე მოპასუხის) მითითება ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე, ასევე, იმ გარემოებაზე, რომ გარიგების დადებისას მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება იყო ნამდვილი და სადავო ხელშეკრულების დადებისას უძრავი ქონება იპოთეკით დატვირთული არ ყოფილა.

27. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-820-786-2016 15 მაისის 2017 წელი; ას-76-2024, 22 მაისი 2014 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

28. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ა–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი