დაკმაყოფილდა ნაწილობრივ

სამოქალაქო 17.07.2026
საქმის ნომერი
ას-24-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-24-2026 17 ივლისი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ბ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ–ის“ მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მხარეთა შორის 2023 წლის 11 ივლისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N730 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შემსყიდველისთვის მიეწოდებინა, საწვიმარი ლაბადები. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 70 000 ლარს.

2.2. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 კალენდარული დღის განმავლობაში, 2023 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით.

2.3. ხელშეკრულების 9.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.

2.4. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების 3.1. პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა. კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი მოსარჩელეს მიაწოდა 2023 წლის 29 დეკემბერს, 96 დღის დაგვიანებით. შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.15%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 10 080 ლარი.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ნაწილობრივ - 3021,73 ლარის ნაწილში, ცნო.

3.2. შესაგებლის თანახმად, მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და უნდა შემცირებულიყო.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 06 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი, შპს „ბ–ის“ მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „ბ–ს“ მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 3021,73 ლარის გადახდის ვალდებულება.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.

5.2. სააპელაციო პალატამ, სახელშეკრულებო დათქმათა ჭრილით, შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე დაასკვნა, რომ მხარის კონკრეტული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის მაღალი პირგასამტეხლოს განსაზღვრა ხელშეკრულებაში უკვე არის ამ ვალდებულების მნიშვნელოვან ინტერესად შერაცხვის საწყისი ინდიკატორი. კონკრეტული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს დადგენით მოვალე ხელშეკრულებაშივე მიანიშნებს კონკრეტული პირობის ჯეროვნად შესრულების მოლოდინზე და პირგასამტეხლოს ფულადი ოდენობით გამოხატავს მისი დარღვევის მნიშვნელობას შესრულების ინტერესზე ზემოქმედების თვალსაზრისით“.

5.3. პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ხელშეკრულების მასშტაბისა (მიწოდებული პროდუქტი განკუთვნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთათვის, ხელშეკრულების დარღვევის მნიშვნელობის (უამინდობის პირობებში საწვიმარი ლაბადის გარეშე დატოვო შსს-ს შემადგენლობა, რომელთაც შესაძლოა, ექსტრემალურ პირობებშიც უწევდეთ მუშაობა) და კრედიტორის ნაგულისხმევი და ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესის გათვალისწინებით, კონკრეტულ შემთხვევაში, არ არსებობდა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი. პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს არსში სახელშეკრულებო ინტერესის კომპენსირების ფუნქციის გააქტიურება კრედიტორის დაცვის მნიშვნელოვან საშუალებად წარმოდგება და ზემოთ განხილული შემთხვევის მსგავსი სახელშეკრულებო ინტერესით დატვირთულ საქმეებში კიდევ უფრო სიფრთხილითაა გამოსაყენებელი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების სასამართლოსეული უფლებამოსილება, რომელიც უპირველესად დარღვეულ მოსალოდნელ სახელშეკრულებო ინტერესთან შეწონვით შეიძლება განხორციელდეს.

5.4. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი საფუძვლიანი იყო, რის გამოც არსებობდა შპს „ბ–ისთვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 10 080 ლარის ოდენობით დაკისრების წინაპირობა.

5.5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა შპს „ბ–მა“, რომლითაც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილებასა გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლითაც მოსარჩელის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო თანაზომიერ სანქციად იქნა მიჩნეული. კასატორი ყურადღებას მიაპყრობს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-8 მუხლს, რომლის მიხედვითაც შემსრულებელი ხელშეკრულების ხელმოწერიდან გარკვეულ ვადაში ვალდებული იყო წარედგინა ხელშეკრულების შესრულების გარანტია, რაც შეადგენდა ხელშეკრულების 5%-ს ანუ 3500 ლარს. კასატორი უთითებს, რომ შემსყიდველმა თავად განსაზღვრა ის მატერიალური ზიანი, რაც შეიძლება მას მისდგომოდა ხელშეკრულების სრული შეუსრულებლობით. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც კასატორს სრულად აქვს შესრულებული ვალდებულება, თუმცა ვადის დარღვევით, ხსენებულ ოდენობაზე მეტი პირგასამტეხლოს დაკისრება უსამართლოა.

6.2. კასატორი აცხადებს, რომ შემკვეთს არასოდეს მიუთითებია, რომ ხელშეკრულების ნაწილობრივი თუ ვადის დარღვევით შესრულებით ინტერესი დაკარგა ხელშეკრულების საგნის მიმართ, ამ პირობებში კი, ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო განსაზღვრულ სანქციაზე სამჯერ მეტი პირგასამტეხლოს დაკისრება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან.

6.3. კასატორი აცხადებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ქმნის იმგვარი პრაქტიკის ჩამოყალიბების საშიშროებას, რომ შემსრულებელმა შესრულების გაძნელებისას შეიძლება სრულად თქვას უარი ხელშეკრულები შესრულებაზე, რადგან შესრულების შემთხვევაში მისთვის დამდგარი ფინანსური დანაკლისი უფრო მეტი აღმოჩნდება, ვიდრე შეუსრულებლობის შემთხვევაში.

6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 19 თებერვლის განჩინებით, შპს „ბ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

6.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 3 ივლისის განჩინებით, შპს „ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ნაწილობრივ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

9. სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც კასატორს სურს, კერძოდ, დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირება, ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებს.

10. დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2023 წლის 11 ივლისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N730 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შემსყიდველისთვის მიეწოდებინა, საწვიმარი ლაბადები. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 კალენდარული დღის განმავლობაში 2023 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 70 000 ლარს. ხელშეკრულების 9.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.15%-ის ოდენობით. საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე გამხდარა სადავო, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების 3.1. პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა. კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი მოსარჩელეს მიაწოდა პერიოდულად შემდეგი ვადაგადაცილებებით: 5 დეკემბერს - 71 დღიანი დაგვიანებით 11550 ლარის პროდუქცია; 8 დეკემბერს - 74 დღიანი დაგვიანებით 6930 ლარის პროდუქცია; 12 დეკემბერს - 78 დღიანი დაგვიანებით 3150 ლარის პროდუქცია; 15 დეკემბერს - 81 დღიანი დაგვიანებით 6300 ლარის პროდუქცია; 18 დეკემბერს - 84 დღიანი დაგვიანებით 3500 ლარის პროდუქცია; 29 დეკემბერს - 95 დღიანი დაგვიანებით 38570 ლარის პროდუქცია. უდავოა, რომ მოპასუხეს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ვადაგადაცილებით მიწოდების გამო, მოსარჩელემ, ხელშეკრულების 9.3. პუნქტის საფუძველზე დაარიცხა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,15%-ის ოდენობით, რამაც ვადაგადაცილებულ 96 კალენდარულ დღეზე, ჯამურად შეადგინა 10 080 ლარი.

11. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის დარღვევით შესრულების ფაქტი მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის არსებობა სადავო არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა.

12. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია ვინაიდან იგი მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობის უზრუნველსაყოფად გამოყენებულ სანქციასაც კი აღემატება. საქმის განხილვის ყველა ეტაპზე, მოპასუხე დავობდა პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპის დადგენილ პრაქტიკასთან შეუსაბამობის შესახებ. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-1274-2022, 22.11.2022წ.; №ას-1245-2022, 9.03.2023წ.). პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქციის არსი განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა (იხ: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ. გვ. 590).

13. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება (იხ.: სუსგ №ას-1597-2019, 13.12.2019წ.; №ას-89-2024, 12.04.2024წ.; №ას-65-2024, 15.04.2024წ.). როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე, იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.).

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებით, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის გაითვალისწინება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე, გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რამდენსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605).

15. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორებიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და, ა.შ. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან“ (იხ.: სუსგ №ას-144-140-2016, 19.04.2016წ.; №ას-327-2019, 27.05.2019წ.; №ას-825-2019, 5.09.2019წ.; №ას-1511-2018, 26.03.2019წ.).

16. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა. ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მასზედ, რომ, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა (იხ.: სუსგ №ას-189-2022, 16.09.2022წ.; №ას-1206-2023, 17.11.2023წ.).

17. მიუხედავად ზემოთთქმულისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება მოხდა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, მაშინ, როდესაც ამ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა მასზედ, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს. სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ საქმე Nას-774-2023, 12.09.2023წ.; Nას-905-2021, 12.01.2022წ.; Nას-971-2019, 28.10.2019წ.; Nას581-2019, 31.07.2019წ.; Nას-164-160-2016, 28.07.2016წ.). შესაბამისად, მართალია, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, თუმცა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლისა და სამოქალაქო სამართალში ნაგულვები კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, მისი დაანგარიშება უნდა მოხდეს შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან.

18. საკასაციო პალატა დასძენს, რომ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით, პირგასამტეხლოს დაანგარიშება მთლიანი შესრულების ღირებულებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთიანი შესრულების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი იკვეთება, როდესაც ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობა საფუძველს აცლის ძირითად შესრულებას, ე.ი, როდესაც, ვალდებულების ნაწილობრივი შეუსრულებლობა, თავისი არსით, მთლიანი ვალდებულების შეუსრულებლობას უთანაბრდება (შდრ. იხ. სუსგ. საქმეზე №ას-254-2025, 15 ივლისი 2025 წელი). თუმცა, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი კვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება იმ ტიპის ვალდებულება, რომლის ნაწილის შეუსრულებლობაც მთლიანი ვალდებულების შესრულებას დაუკარგავდა აზრს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მთლიანი თანხიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება გამართლებულია, განსახილველ შემთხვევაში კი, მოსარჩელეს მოპასუხის მიერ ჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს, მეტიც - მან მიიღო დაგვიანებული შესრულება.

19. საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მართალია სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსზე, თუმცა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მას. კერძოდ, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით მხარეები პირგასამტეხლოს დაანგარიშების წესზე შეთანხმდნენ და შესასრულებელი ვალდებულების სპეციფიკიდან მისი შეცვლის საფუძვლები არ არსებობდა, ეს კი მაშინ, როდესაც მითითებულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს კარგად დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატა ასკვნის, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. კერძოდ, ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 კალენდარული დღის განმავლობაში, 2023 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით. შესაბამისად დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა გამოთვლილ უნდა იქნეს შეუსრულებელი ვალდებულების 0,15%-ის ოდენობით ყოველ დარღვევასთან მიმართებით ცალ-ცალკე - შემდეგი წესით:

2023 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით მიწოდებულია 11550 ლარის ღირებულების საწვიმარი ლაბადები, კერძოდ 71 დღიანი დაგვიანებით, შესაბამისად პირგასამტეხლო შეადგენს 7455 ლარს (70000*0,15%=105*71). შესასრულებელი დარჩა 58450 (70000-11550) ლარის ღირებულების საწვიმარი ლაბადების მიწოდება;

2023 წლის 8 დეკემბერის მდგომარეობით მიწოდებულია 6930 ლარის ღირებულების საწვიმარი ლაბადები, კერძოდ 74 (71+3) დღიანი დაგვიანებით, შესაბამისად პირგასამტეხლო შეადგენს 263,01 ლარს (58450*0,15%=87,67*3). შესასრულებელი დარჩა 51520 (58450-6930) ლარის ღირებულების საწვიმარი ლაბადების მიწოდება;

2023 წლის 12 დეკემბერის მდგომარეობით მიწოდებულია 3150 ლარის ღირებულების საწვიმარი ლაბადები, კერძოდ 78 (74+4) დღიანი დაგვიანებით, შესაბამისად პირგასამტეხლო შეადგენს 309,12 ლარს (51520*0,15%=77,28*4). შესასრულებელი დარჩა 48370 (51520-3150) ლარის ღირებულების საწვიმარი ლაბადების მიწოდება;

2023 წლის 15 დეკემბერის მდგომარეობით მიწოდებულია 6300 ლარის ღირებულების საწვიმარი ლაბადები, კერძოდ 81 (78+3) დღიანი დაგვიანებით, შესაბამისად პირგასამტეხლო შეადგენს 217,65 ლარს (48370*0,15%=72,55*3). შესასრულებელი დარჩა 42070 (48370-6300) ლარის ღირებულების საწვიმარი ლაბადების მიწოდება;

2023 წლის 18 დეკემბერის მდგომარეობით მიწოდებულია 3500 ლარის ღირებულების საწვიმარი ლაბადები, კერძოდ 84 (81+3) დღიანი დაგვიანებით, შესაბამისად პირგასამტეხლო შეადგენს 189,30 ლარს (42070*0,15%=63,10*3). შესასრულებელი დარჩა 38570 (42070-3500) ლარის ღირებულების საწვიმარი ლაბადების მიწოდება;

2023 წლის 29 დეკემბერის მდგომარეობით მიწოდებულია 38570 ლარის ღირებულების საწვიმარი ლაბადები, კერძოდ 95 (84+11) დღიანი დაგვიანებით, შესაბამისად პირგასამტეხლო შეადგენს 636,35 ლარს (38570*0,15%=57,85*11).

შესაბამისად, საკასაციო პალატის განსჯით, მოპასუხეს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის უნდა დაჰკისრებოდა შეუსრულებელი ვალდებულების 0,15% ყველა ვადაგადაცილებისთვის ცალ-ცალკე, რაც ჯამში შეადგენს 9070,43 ლარს (7455+263,01+309,12+217,65+189,30+636,35).

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, მოპასუხეს ეკისრება ბიუჯეტის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახ.ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხემ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნო 3021,73 ლარის ნაწილში, შესაბამისად მოპასუხე მოთხოვნის ამ ნაწილში თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე გადასახდელი ბაჟის - 181,46 (6048,7*3%) ლარისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი 241,94 (6048,7*4%) ლარის გადახდა. საკასაციო საჩივარზე შპს „ბ–ის“ მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 353 ლარის ოდენობით, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 302,43 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო საკასაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ნაწილი 50,57 ლარი უნდა დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შპს ,,ბ–ის’’ სასარგებლოდ

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. შპს „ბ–ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს, 9070,43 ლარის, გადახდა;

5. შპს „ბ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის – 423,4 (181,46+241,94) ლარის გადახდა;

6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შპს „ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით 50,57 ლარის გადახდა;

7. საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 302,43 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი