დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-863-2025 03 აგვისტო, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ზ.დ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ზ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით დ.ზ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ.ზ.დ–ს (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით 4 420 აშშ დოლარის ანაზღაურება.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 05.09.2017 წელს მხარეთა შორის დაიდო N171024441 სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს 6 თვის ვადით ასესხა 41 400 აშშ დოლარი, ყოველთვიური 2,5% სარგებლის დარიცხვით. თანხის დაბრუნების ბოლო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 6 მარტამდე პერიოდი. ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0,12%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების მე-7 პუნქტის თანახმად, გადახდის განხორცილებისას, პირველ რიგში, დაიფარება პირგასამტეხლოს თანხები, შემდეგ სარგებელი და ბოლოს სესხის ძირითადი თანხა. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ..........., ს.კ. .......... (ტომი 1; ს.ფ. 20-24; N171024441 სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება; ს.ფ. 27-28; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
2.2. 12.02.2019 წელს მოსარჩელის განცხადების საფუძველზე ნოტარიუსმა ე.ჯ–ძემ გასცა N190147754 სააღსრულებო ფურცელი, რომლის შესაბამისად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა: სესხის ძირი თანხა - 35 000 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო - სესხის ძირი თანხის 0,12% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2018 წლის 06 მარტიდან აღსრულებამდე; სააღსრულებო ფურცლის გაცემის სანოტარო ხარჯი - 125.54 ლარი. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსასრულებლად მიექცა იპოთეკის საგანი - მოპასუხის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, .........., ს.კ. ............ (ს.ფ. 29-31; N190147754 სააღსრულებო ფურცელი);
2.3. 12.02.2019 წელს მოსარჩელემ სააღსრულებო ფურცელი წარადგინა კერძო აღმასრულებელთან - ე.ღ–ძესთან, რომელმაც დაიწყო NA1901921 სააღსრულებო წარმოება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ და დაევალა 49 406 აშშ დოლარისა (საიდანაც 14 406 აშშ დოლარი დარიცხული პირგასამტეხლოა) და 125,54 ლარის კრედიტორისათვის გადახდა 7 დღის ვადაში (ს.ფ. 32-33; განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ; ს.ფ. 34-36; წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ; ს.ფ. 135-147; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.05.2019 წ. გადაწყვეტილება);
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის მოთხოვნა და შეჩერდა ნოტარიუს ე.ჯ–ძის მიერ 2019 წლის 12 თებერვალს გაცემული N190147754 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული კერძო აღმასრულებელ ე.ღ–ძის წარმოებაში არსებული NA1901921 სააღსრულებო წარმოება სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე. აღნიშნული განჩინება გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.05.2019წ. გადაწყვეტილებით (ს.ფ. 38-41; განჩინება; ს.ფ. 42; სააღსრულებო წარმოების ელექტრონული რეესტრი);
2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.05.2019წ. გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა 12.02.2019 წელს ნოტარიუს ე.ჯ–ძის მიერ გაცემულ N190147754 სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ვალდებულება პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვრა 4 750 აშშ დოლარით (ს.ფ. 135-147; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.05.2019 წ. გადაწყვეტილება);
2.6. 2022 წლის 19 ივლისს მოპასუხემ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადაიხადა 83 001 ლარი, საიდანაც 2022 წლის 27 ივლისს (საგადახდო დავალება N475504) მოსარჩელის ანგარიშზე გადაირიცხა 78 345,79 ლარი. შესაბამისად, გადახდილ და ჩარიცხულ თანხებს შორის სხვაობამ შეადგინა 4 655.21 ლარი (ს.ფ. 148; საგადახდო დავალება N475504; ს.ფ. 160; საგადახდო დავალება N475504);
2.7. 2022 წლის 07 ნოემბერს მოპასუხემ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დამატებით კიდევ გადაიხადა 5 000 ლარი (ტომი 1; ს.ფ. 170; საგადახდო დავალება N65478/15471);
2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების გადადების თაობაზე. 2019 წლის 12 თებერვალს გაცემული N190147754 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე წარმოებული (A9019021 სააღსრულებო საქმე) იძულებითი აღსრულების პროცესი გადაიდო წინამდებარე განჩინების მიღების დღიდან - 2022 წლის 13 სექტემბრიდან ერთჯერადად 3 (სამი) თვის ვადით. აღნიშნულ განჩინებაში მითითებულია, რომ თავად მოპასუხის განმარტებით, მან 2022 წლის 19 ივლისს სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე კრედიტორისთვის გადასარიცხად შეიტანა 83 000 ლარი და გადასახდელი დარჩა 35 700 ლარი (ს.ფ. 151-158; გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ განჩინება).
3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წინამდებარე სარჩელით მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრებას, კერძოდ: 1. 2019 წლის 9 მარტიდან 2021 წლის 19 აპრილამდე (სარჩელის შემოტანის დღემდე), სესხის ძირი თანხის - 35 000 აშშ დოლარის 2.5%-ის ყოველთვიურად, სულ 21 875 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში; 2. 2021 წლის 19 აპრილიდან 2022 წლის 28 ივლისამდე, სესხის ძირი თანხის 35 000 აშშ დოლარის 2.5% - 875 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ყოველთვიურად; 3. 2022 წლის 28 ივლისიდან აღსრულებამდე, შესასრულებელი ვალდებულების - 11 655 აშშ დოლარის 2.5% - 291,37 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ყოველთვიურად.
4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით 5 303,28 ლარის ანაზღაურება. სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებას, რომ, ვინაიდან ვალდებულება მოპასუხის მიერ ნაწილობრივ შესრულდა ეროვნულ ვალუტაში, ხოლო მოსარჩელეს უცხოურ ვალუტაში შესრულებულ ან/და შესასრულებელ ვალდებულებასთან დაკავშირებით რაიმე სახის მტკიცებულება არ ჰქონდა წარდგენილი, მიუღებელი შემოსავალი უნდა დაანგარიშებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებაში მითითებული თანხიდან (35700+4655.21-5000)=35 355.21 ლარიდან. მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილი იყო, რომ მხარეთა შორის 05.09.2017 წელს დადებული N171024441 სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ყოველთვიური 2,5% სარგებელი. შესაბამისად, 35 355.21 ლარზე თვეში 2,5%-ის დარიცხვით უნდა აეღო სარგებელი 883.88 ლარის ოდენობით (35355.21X2,5), რაც, სასამართლოს მოსაზრებით, უნდა დაანგარიშებულიყო 6 თვეზე. შედეგად, მიუღებელი შემოსავალი შეადგენდა (883.88 X 6) 5 303,28 ლარს, რაც წარმოადგენდა მოსარჩელისთვის მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებულ ზიანს მიუღებელი შემოსავლის სახით.
5. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა, რომ სააპელაციო სასამართლოში დავის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრება შემდეგი ოდენობით: კერძოდ, 1. 2019 წლის 9 მარტიდან 2021 წლის 19 აპრილამდე (სარჩელის შემოტანის დღემდე), სესხის ძირი თანხის 35 000 აშშ დოლარის 2.5% ყოველთვიურად, სულ 21 875 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში; 2. 2021 წლის 19 აპრილიდან 2022 წლის 28 ივლისამდე, სესხის ძირი თანხის 35 000 აშშ დოლარის 2.5% - 875 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ყოველთვიურად; 3. 2022 წლის 29 ივლისიდან 2022 წლის 07 ნოემბრამდე სესხის ძირი თანხის 11 655 აშშ დოლარის 2,5% - 291,37 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ყოველთვიურად; 4. 2022 წლის 08 ნოემბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე, სესხის ძირი თანხის 7796,74 აშშ დოლარის 2,5% - 194,91 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ყოველთვიურად.
6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე ეწეოდა გარკვეულ სამეწარმეო საქმიანობას, რაც წარმოადგენდა მისი შემოსავლის წყაროს. სასამართლოს მითითებით, აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 21 მაისის წერილით, რომლითაც დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით 2021 წლის 21 მაისის მდგომარეობით გაცემულია ელექტრონული ცნობები 9377972, 9377980, 9377986, 9377996, 9378003, 9378012, 9378015, 9378021, 9378026, 9378032, 9378041, 9378046 მოსარჩელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხების შესახებ. კერძოდ: 01.01.2012-დან 31.12.2012 ჩათვლით ბიუჯეტში გადახდილია 4354 ლარი; 01.01.2013-დან 31.12.2013-ის ჩათვლით გადახდილია 754 ლარი; 01.01.2014-დან 31.12.2014-ის ჩათვლით გადახდილია 3687 ლარი; 01.01.2015-დან 31.12.2015-ის ჩათვლით გადახდილია 2982 ლარი; 01.01.2016-დან 31.12.2016-ის ჩათვლით გადახდილია 7800 ლარი; 01.01.2017-დან 31.12.2017-ის ჩათვლით გადახდილია 14505 ლარი; 01.01.2018-დან 31.12.2018-ის ჩათვლით გადახდილია 20000 ლარი; 01.01.2019-დან 31.12.2019-ის ჩათვლით გადახდილია 7000 ლარი; 01.01.2020-დან 31.12.2020-ის ჩათვლით გადახდილია 1000 ლარი; 01.01.2010-დან 18.05.2021-ის ჩათვლით ბიუჯეტში გადახდილი თანხები შეადგენს 62082 ლარს, ხოლო 01.01.2021-დან 21.05.2021-ის ჩათვლით ბიუჯეტში გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება (ტომი 1; ს.ფ. 66; შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 21 მაისის წერილი; ს.ფ. 67-77; ელექტრონული ცნობები).
7. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის მითითება და სასამართლოს დასკვნა ზიანის მიყენების ფაქტზე, თუმცა, დაზუსტებულ სააპელაციო მოთხოვნაში მითითებული ზიანის ოდენობა დაუსაბუთებლად მიიჩნია.
8. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სადავო საკითხთან მიმართებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რასაც ასევე სადავოდ არ ხდიდნენ მხარეები (იხ. წინამდებარე განჩინების 2.2, 2.5 ქვეპუნქტები) და აღნიშნა, რომ სააღსრულებო ფურცელში სესხის ძირი თანხის აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის ნაწილში, რომელიც სააღსრულებო ფურცლით 35 000 აშშ დოლარით იყო განსაზღვრული, ცვლილება არ განხორციელებულა. სააღსრულებო ფურცელში მითითებული სესხის ძირი თანხა შემცირდა მხოლოდ 2022 წლის 27 ივლისს, როდესაც მოსარჩელის ანგარიშზე გადაირიცხა 78 345,79 ლარი (იხ. საგადახდო დავალება N475504), რაც 27.07.2022 წელს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული კურსის შესაბამისად (2,7886) 28 095 აშშ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, 2022 წლის 28 ივლისის მდგომარეობით, გადასახდელი ძირი თანხის მოცულობა (35 000 აშშ დოლარს - 28 095 აშშ დოლარი) 11 655 აშშ დოლარი იყო. ამასთან, დადგენილია, რომ 2022 წლის 07 ნოემბერს მოპასუხემ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დამატებით გადაიხადა 5000 ლარი (ს.ფ. 170; საგადახდო დავალება N65478/15471), რომელიც იმ დღეს დაწესებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად (2.7419) 1823,55 აშშ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, 2022 წლის 08 ნოემბრის მდგომარეობით გადასახდელი ძირი თანხის მოცულობა (11 655 აშშ დოლარს - 1823,55 აშშ დოლარი) იყო 9831,45 აშშ დოლარი. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა, რომ სააპელაციო საჩივრის შემოტანის შემდეგ, 2023 წლის 22 მარტს, მოპასუხემ სრულად შეასრულა მოსარჩელის მიმართ ვალდებულება, რაც დასტურდება აღსრულების ეროვნული ბიუროს 20.03.2023 წლის ცნობით სააღსრულებო წარმოების დასრულების შესახებ. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2022 წლის 08 ნოემბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე გადასახდელი სესხის ძირითადი თანხა სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული მოთხოვნის გათვალისწინებით (5 303,28 ლარი, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად 2034,71 აშშ დოლარი) (9831,45-2034,71) 7 796,74 აშშ დოლარს შეადგენდა.
9. სააპელაციო პალატის მითითებით, მიუღებელი შემოსავლის პროცენტულობა უნდა დადგენილიყო არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის, 2,5%-ის ოდენობით, არამედ ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, რომლის თანახმად, 2019 წლის 9 მარტიდან 2021 წლის 19 აპრილამდე ყოველწლიური სარგებელი საშუალოდ შეადგენდა 4,5%-ს, 2021 წლის 19 აპრილიდან 2022 წლის 28 ივლისამდე, - 2,6%-ს, 2022 წლის 29 ივლისიდან 2022 წლის 07 ნოემბრამდე, - 2,8%-ს, ხოლო 2022 წლის 08 ნოემბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე, - 2,72%-ს. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა არ ეწინააღმდეგებოდა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს.
10. ამდენად, 2019 წლის 09 მარტიდან 2021 წლის 19 აპრილამდე (სარჩელის შემოტანის დღემდე), წლიურად 4,5%-ის დარიცხვით მოპასუხეს უნდა მიეღო სარგებელი (35 000 აშშ დოლარის 4,5%x2+131) 3 281 აშშ დოლარი; 2021 წლის 19 აპრილიდან 2022 წლის 28 ივლისამდე, წლიურად 2,6%-ის დარიცხვით, - (35 000 აშშ დოლარის 2,6%+76 ) 986 აშშ დოლარი; 2022 წლის 29 ივლისიდან 2022 წლის 07 ნოემბრამდე წლიურად 2,8%-ის დარიცხვით, - (11 655 აშშ დოლარის 2,8%:12x3) 82 აშშ დოლარი; 2022 წლის 08 ნოემბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე, წლიურად 2,72%-ის დარიცხვით - (7796,74 აშშ დოლარის 2,72%:12x4) 71 აშშ დოლარი.
11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელისთვის მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით ჯამში (3281+986+82+71) 4 420 აშშ დოლარს შეადგენდა.
12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
12.1. გამოყენებულია ეროვნული ბანკის გაურკვეველი მონაცემები შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიუთითებლად;
12.2. გადაწყვეტილება ზიანის ასანაზღაურებელი თანხის მოცულობის გაზრდის ნაწილში უნდა შეიცვალოს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით შეადგენს 5303,28 ლარს;
12.3. 4420 აშშ დოლარი ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 12022,4 ლარს და მოპასუხეს გადასახდელად დაეკისრა 6719,2 (12022,4-5303,28) ლარით მეტი, რაც დაუსაბუთებელი და უკანონოა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
15. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
17. განსახილველ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიუღებელი შემოსავლის სახით დაკისრებული თანხის - 5303,28 ლარის გაზრდის კანონიერებას 4420 აშშ დოლარამდე, კერძოდ, მისთვის გაურკვეველია შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიუთითებლად, ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით ზიანის მოცულობის განსაზღვრა. ამდენად, საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადავოა მხოლოდ ზიანის მოცულობა. გამომდინარე აქედან, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას შეამოწმებს მხოლოდ მითითებულ ნაწილში [სსსკ-ის 404.1 მუხლი: საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში].
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, [ქონებრივი] ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი)“ (იხ. სუსგ საქმე №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი). 408 I მუხლის მიხედვით, რესტიტუციის ვალდებულება ორ მიზანს ისახავს: პირველ რიგში, ეს არის არსებული ქონების შემცირებით მიყენებული (პოზიტიური) ზიანის (damnum emergens) ანაზღაურება, თუმცა რესტიტუციის ვალდებულება ვრცელდება ასევე ზიანზე, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ დაზარალებულის ქონება არ გაიზარდა დამზიანებლის ქმედების გამო, რაც მიუღებელ შემოსავლად (lucrum cessans) მოიხსენიება. ზიანის ორივე ტიპი მოცემულია 408 I მუხლის მიხედვით გათვალისწინებული ანაზღაურების ვალდებულებით, რის გამოც 411-ე მუხლი მხოლოდ ამ ფაქტის ნათელყოფას ემსახურება (იხ. გიორგი რუსიაშვილი/გიორგი ბათლიძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი, 2019, გვ. 723-724).
19. სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ საქმე №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი). სსკ-ის 411-ე მუხლი, როგორც სამოქალაქო კოდექსის ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილის ნორმა, თანაბრად გამოიყენება როგორც სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით, აგრეთვე კანონისმიერი ვალდებულების დარღვევით გამოწვეული და მომეტებული საფრთხის წყაროდან გამომდინარე ზიანის ოდენობის განსაზღვრისას (იხ. გიორგი რუსიაშვილი /გიორგი ბათლიძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, გვ. 724).
20. განსახილველ დავაში მიუღებელი შემოსავლის არსებობა უდავოა, რადგან ფული, როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. მოვალემ ვალდებულების დარღვევით, იმით, რომ კრედიტორს დროულად არ გადაუხადა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხა, ლოგიკურად სავარაუდო შემოსავალი დააკარგვინა მას (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-250-250-2018, 15 ივნისი, 2018 წელი).
21. სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისთვის სესხის ძირი თანხის/შესასრულებელი ვალდებულების 2,5%-ის დაკისრებას ყოველთვიურად. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით 5303,28 ლარის ანაზღაურება. სასამართლომ მიიჩნია, რომ 35355.21 ლარზე თვეში 2,5%-ის დარიცხვით მოსარჩელეს უნდა აეღო სარგებელი 883.88 ლარის ოდენობით (35355.21 X 2,5), რაც, სასამართლოს მოსაზრებით, უნდა დაანგარიშებულიყო 6 თვეზე. შედეგად, მიუღებელი შემოსავალი შეადგენდა 5303,28 ლარს (883.88 X 6). სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრება შემდეგი ოდენობით: 1. 2019 წლის 9 მარტიდან 2021 წლის 19 აპრილამდე (სარჩელის შემოტანის დღემდე), სესხის ძირი თანხის 35 000 აშშ დოლარის 2.5% ყოველთვიურად, სულ 21 875 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში; 2. 2021 წლის 19 აპრილიდან 2022 წლის 28 ივლისამდე, სესხის ძირი თანხის 35 000 აშშ დოლარის 2.5% - 875 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ყოველთვიურად; 3. 2022 წლის 29 ივლისიდან 2022 წლის 07 ნოემბრამდე სესხის ძირი თანხის 11 655 აშშ დოლარის 2,5% - 291,37 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ყოველთვიურად; 4. 2022 წლის 08 ნოემბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე, სესხის ძირი თანხის 7796,74 აშშ დოლარის 2,5% - 194,91 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ყოველთვიურად. სააპელაციო პალატამ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მიუღებელი შემოსავლის პროცენტულობა დაადგინა არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის, 2,5%-ის ოდენობით, არამედ ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, რომლის თანახმად, 2019 წლის 9 მარტიდან 2021 წლის 19 აპრილამდე ყოველწლიური სარგებელი საშუალოდ შეადგენდა 4,5%-ს, 2021 წლის 19 აპრილიდან 2022 წლის 28 ივლისამდე, - 2,6%-ს, 2022 წლის 29 ივლისიდან 2022 წლის 07 ნოემბრამდე, - 2,8%-ს, ხოლო 2022 წლის 08 ნოემბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე, - 2,72%-ს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2019 წლის 09 მარტიდან 2021 წლის 19 აპრილამდე (სარჩელის შემოტანის დღემდე), წლიურად 4,5%-ის დარიცხვით მოპასუხეს უნდა მიეღო სარგებელი (35 000 აშშ დოლარის 4,5%x2+131) 3 281 აშშ დოლარი; 2021 წლის 19 აპრილიდან 2022 წლის 28 ივლისამდე, წლიურად 2,6%-ის დარიცხვით, - (35 000 აშშ დოლარის 2,6%+76) 986 აშშ დოლარი; 2022 წლის 29 ივლისიდან 2022 წლის 07 ნოემბრამდე წლიურად 2,8%-ის დარიცხვით, - (11 655 აშშ დოლარის 2,8%:12x3) 82 აშშ დოლარი; 2022 წლის 08 ნოემბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე, წლიურად 2,72%-ის დარიცხვით - (7796,74 აშშ დოლარის 2,72%:12x4) 71 აშშ დოლარი.
22. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის განაკვეთი - თვიური 2,5%, რომელიც წლიურად 30%-ს შეადგენს, ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით შეამცირა ერთ შემთხვევაში წლიურ 4,5%-მდე, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში - წლიურ 2,6; 2,8; და 2,72%-მდე. მოპასუხე არ დავობს სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცენტო სარგებლის დარიცხვის პერიოდის გაზრდაზე და არც შესასრულებელი ძირითადი ვალდებულების ოდენობებს ხდის სადავოდ. კასატორისთვის გაურკვეველია ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით ზიანის მოცულობის გაზრდა, თუმცა, როგორც ზემოთ იქნა მითითებული, მიუღებელი შემოსავლის სახით დაკისრებული თანხის გაზრდა განპირობებული არ არის სასამართლოს მიერ მოხმობილი ეროვნული ბანკის მონაცემებით, პირიქით, სააპელაციო პალატამ აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, საპროცენტო სარგებლის განაკვეთი კი არ გაზარდა, არამედ შეამცირა. გამომდინარე აქედან, კასატორის პრეტენზია მიუღებელი შემოსავლის სახით 4420 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია და არაკვალიფიციური შედავების პირობებში არ არსებობს ზიანის მოცულობის განსაზღვრის კანონიერების დამატებით კვლევის წინაპირობები.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
24. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, ჯამში, 602 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 259,79 ლარი და დარჩენილი 342,21 ლარის (საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე დავის საგნის ღირებულებაა 6844,21 ლარი (12147,49 ლარს (4420 აშშ დოლარი საკასაციო საჩივრის წარდგენის დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად (1 აშშ დოლარი = 2,7483)) - 5303,28 ლარი), ხოლო 6844,21 ლარის 5% შეადგენს 342,21 ლარს) 70% – 239,55 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.ზ.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს მ.ზ.დ–ს დაუბრუნდეს ფ. კ–ძის მიერ (პ/ნ: ..........) 2025 წლის 07 ივლისს №61970892 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 336 ლარიდან და 2025 წლის 14 ივლისს №28292464751 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 266 ლარიდან, ჯამში, 602 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 259,79 ლარი და დარჩენილი 342,21 ლარის 70% – 239,55 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე