დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 08.09.2026
საქმის ნომერი
ას-893-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-893-2026 8 სექტემბერი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ო.ქ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „ა–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების - შპს „ტ.მ–ისა“ შპს „ო.ქ–ის“ მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ა–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს „ტ.მ-ს“ მოსარჩელე შპს „ა–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 60 085 ევროს გადახდა. მოპასუხე შპს „ტ.მ–ს“ მოსარჩელე შპს „ა–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება ყოველდღიურად 2100 ლარის ოდენობით 2022 წლის 1 ივნისიდან მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. შპს „ა–ის“ სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სატრანსპორტო საშუალებებზე შპს „ტ.მ–ის“ მესაკუთრედ ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა–მა“ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ა–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები და ამ ნაწილებში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს „ა–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ო.ქ–ამ“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 6 ივლისის განჩინებით შპს „ო.ქ–ის“ წარმომადგენელ გ.ფ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 8000 ლარის დამადასტურებელი ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოსადგენად.

2026 წლის 20 ივლისს შპს „ო.ქ–ის“ წარმომადგენელმა გ.ფ–მა წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 10 დღით.

საკასაციო სასამართლოს 2026 წლის 21 ივლისის განჩინებით შპს „ო.ქ–ის“ წარმომადგენელ გ.ფ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 10 დღით.

2026 წლის 27 ივლისს შპს „ო.ქ–ის“ წარმომადგენელმა გ.ფ–მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 5 დღით.

საკასაციო სასამართლოს 2026 წლის 31 ივლისის განჩინებით შპს „ო.ქ–ის“ წარმომადგენელ გ.ფ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდეს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.

2026 წლის 10 აგვისტოს შპს „ო.ქ–ის“ წარმომადგენელმა გ.ფ–მა წარმოადგინა გადახილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 2400 ლარის დამადასტურებელი ქვითარი და კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 10 დღით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ო.ქ–ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო საჩივარში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო დაუდგენს მხარეს იმ საპროცესო მოქმედებას რომელიც ამ ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო და განუსაზღვრავს ვადას აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულება სავალდებულო ხასიათისაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიმართ გამოყენებული იქნება ამავე ნორმის ბოლო ნაწილით გათვალისწინებული ეგრეთ წოდებული პროცესუალური სანქცია – საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნება დატოვებული, ამასთან სასამართლოს მიერ დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობაში ასევე იგულისხმება მისი არასრული და ნაწილობრივი შესრულებაც.

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 6 ივლისის განჩინებით შპს „ო.ქ–ის“ წარმომადგენელ გ.ფ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 8000 ლარის დამადასტურებელი ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოდგენა. კასატორის წარმომადგენელმა ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, კერძოდ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და რამდენიმეჯერ იშუამდგომლა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა.

2026 წლის 10 აგვისტოს შპს „ო.ქ–ის“ წარმომადგენელმა გ.ფ–მა წარმოადგინა გადახილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 2400 ლარის დამადასტურებელი ქვითარი და კვლავ იშუამდგომლა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ, უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, ხოლო კასატორის მიერ 2026 წლის 10 აგვისტოს წარმოდგენილი შუამდგომლობაში საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ, კასატორი არა თუ ვერ ასაბუთებს, არამედ საერთოდ არ უთითებს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების არცერთი საპატიო გარემოების შესახებ.

სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით (სსსკ მუხლი 5), რა დროსაც თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული დავის ორივე მხარეს მყოფი სუბიექტების ინტერესები, სწორედ ამ მიზნითაა დაწესებული საქმის განხილვის ვადები, რათა მართლმსაჯულების განხორციელების გაჭიანურებით არ შეილახოს იმ მოდავე პირის უფლებები, რომელიც მათ სასამართლო წესით დაცვას მოითხოვს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩეს და კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2400 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ო.ქ–ის“ წარმომადგენელ გ.ფ–ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. შპს „ო.ქ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

3. შპს „ო.ქ–ას“ (ს/კ ..........) დაუბრუნდეს მის მიერ 2026 წლის 10 აგვისტოს №17728 ელექტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2400 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი