დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
21 მაისი, 2026 წელი,საქმე №ას-1236 -2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ე.ჭ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „დ.ს.ს.ც–ი“ (მოპასუხე)
მესამე პირი - ზ.ჩ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივნისის განჩინება;
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2020 წლის 20 ივლისს 23:40 საათზე, ე.ჭ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან პაციენტი) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, შპს „აკ. ზ. ც.ს.დ.ს.ი.მ.ე.ც–ში“ (ამჟამინდელი მოპასუხე კლინიკა) მიიყვანა. სადაც კასატორს სამედიცინო მომსახურება გაეწია, სახელდობრ:
ექიმ ზ.ჩ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ექიმი ან მესამე პირი) ჩანაწერის მიხედვით, 2020 წლის 21 ივლისს, 03:30 საათზე, მოსარჩელე კლინიკაში შევიდა ძლიერი შეტევითი ხასიათის ტკივილით, ეპიგასტრიუმში და მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, ირადიაციით წელის არეში, ანამნეზში აღნიშნავდა გულისრევას, ღებინებას, ზოგად ძლიერ საერთო სისუსტეს; ტკივილი დაეწყო ეპიგასტრიუმის არესა და მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, ტკივილს თან დაერთო გულისრევა და ღებინების რამდენიმე ეპიზოდი ჩატარებული მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევით, ნაღვლის ბუშტი შეიცავდა 80 მლ. ჰომოგენურ ნაღველს, მასში ისახებოდა მრავლობითი 11 მმ-მდე ზომის კონკრემენტები, რომლებსაც მკაფიო აკუსტიკური ჩრდილით ეჭირათ ღრუს 1/3 ნაწილი. პანკრესი იყო მცირედ გადიდებული. ლაბორატორიული კვლევის მიხედვით, ამილაზა - 1451 u/l.
დიაგნოზი - „ნაღველ-კენჭოვანი დაავადება, მწვავე კალკულოზური ქოლეცისტიტი, ქოლედოქოლითიაზი, ბილიოგენური პანკრეატიტი“. პაციენტს დაენიშნა კონსერვატული მკურნალობა, რომლის არაფექტურობის შემთხვევაში დღის წესრიგში დადგებოდა ოპერაციული მკურნალობის საკითხი.
2020 წლის 21 ივლისს, 11:00 საათზე პაციენტის მდგომარეობა რჩებოდა საშუალო სიმძიმის - ტკივილი ეპიგსტრიუმისა და მარჯვენა ფერდქვეშ, საერთო სისუსტე და გულისრევის შეგრძნება, ისინჯებოდა ნაღვლის ბუშტის ფუძე, ორტნერის სიმპტომი იყო დადებითი.
იმის გათვალისწინებით, რომ კონსერვატული მკურნალობის ფონზე იყო უარყოფითი დინამიკა, პაციენტისათვის შეთავაზებული იქნა ოპერაციული მკურნალობა, რასაც მოსარჩელე დაეთანხმა.
ოპერაციის #282 პროტოკოლით, 2020 წლის 21 ივლისს 16:40 საათზე, მოსარჩელეს ენდოტრაქეალური ნარკოზით ჩაუტარდა შემდეგი ოპერაცია - „ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია, ლაპარატომია, ქოლედოქოტომია, ქოლედოქოლითოტომია, ქოლედოქოდუედენალური ანასტომოზის ფორმირება“.
ნაღვლის ბუშტი ფლეგმონური ცვლილებებით ჰისტოლოგიურ კვლევაზე გაიგზავნა (05.08.2020წ. ჰისტოლოგიური დიაგნოზი: აღინიშნება მწვავე ფლეგმონური ქოლეცისტიტი-ინიციალური ფაზა, განვითარებული ქრონიკული ანთების ფონზე კედლების ფიბროზით, კეროვანი სისხლჩაქცევებით).
2020 წლის 21 ივლისის 21:10 საათიდან იმავე წლის 24 ივლისის 12 საათამდე პაციენტი რეამინაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. 2020 წლის 21 ივლისს 23:30 საათზე პაციენტი გართულების გარეშე ექსტუბირებული იქნა.
მისი მდგომარეობა შემდეგნაირად შეფასდა - ზოგადი მდგომარეობა მძიმე, გადატანილი ოპერაციის სიმძიმის შესაბამისი.
პოსტოპერაციულ პერიოდში პაციენტს ამილაზას დადებითი დინამიკა და ჰიპერბილირუბინემია აღენიშნა. ჰემოდინამიკა იყო სტაბილური, მუცლის ღრუს დრენაჟები ფუნქციონირებდა, პაციენტი გადიოდა გაზებზე, სუბიექტურად აღენიშნებოდა მდგომარეობის გაუმჯობესება.
2020 წლის 23 და 27 ივლისს, მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევით ღვიძლის მარცხენა ნაწილში სანაღვლე სადინრების მცირედი დილატაცია გამოვლინდა.
2020 წლის 28 ივლისს, პაციენტს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევა ჩაუტარდა, რომლის თანახმად, „ღვიძლშიდა სანაღვლე სადინრები მეტად მარცხენა ნაწილში მცირედ დილატირებული იყო. ღვიძლის საერთო სადინარი ისახებოდა მნიშვნელოვანი დილატაციის გარეშე, მის სანათურში კონკრემენტის არსებობა არ ვლინდებოდა“.
ექმიმის ჩანაწერის მიხედვით, 2020 წლის 31 ივლისს 11:30 საათზე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო სტაბილური, საშუალო სიმძიმის, ზოგად საერთო სისუსტეს უჩიოდა, ჰემოდინამიკა სტაბილური. კანი და ხილული ლორწოვანი ყვითელი, ენა სველი, მუცელი ოვალური ფორმის, შებერილი არ იყო. სიმეტრიულად მონაწილეობდა სუნთქვაში, პალპაციით რბილი, უმტკივნეულო. პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები არ იყო. აუსკულტაციით პერისტალტიკა ისმინებოდა დუნედ. დეფეკაცია არ ჰქონდა, გაზზე გადიოდა, შარდვა თავისუფალი, უმტკივნეულო. პოსტოპერაციული ჭრილობა ინფილტრაციისა და სიწითლის გარეშე. ნახვევი სუფთა, ჭრილობა დამუშავდა და ასეპიური ნახვევი დაედო.
პოსტოპერაციული მკურნალობის პერიოდში პაციენტს პერიოდულად აღენიშნებოდა ბოლირუბინის მატება ან კლება, პოსტოპერაციული პერიოდის საწყის ეტაპზე ასევე შეინიშნებოდა ნაზოგასტრალური ზონდიდან ნაღვლოვანი გამონადენი და დეფეკაცია ყავისფერი განავლოვანი მასებით.
მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობისას ეჭვი ტოქსიური ჰეპატიტის განვითარებაზე მიიტანეს, რის გამოც კონსერვატული მკურნალობის ტაქტიკა შეიცვალა, ბილირუბინის მატებასთან დაკავშირებით საკითხი გაურკვეველი იყო. ბოლო საკონტროლო ანალიზებით საერთო ბილირუბინი 236mmol/l, პირდაპირი კი - 193mmol/l იყო.
პაციენტს და მის ახლობლებს არსებული სიტუაცია განემარტათ, რომლებმაც მექანიკური სიყვითლის გამოსარიცხად დაგეგმილი მკურნალობის ტაქტიკაზე (მექანიკური ხასიათის სიყვითლის დადგენის შემთხვევაში ოპერაციული მკურნალობა: სანაღვლე გზების რევიზია, გარე ან შიდა დრენირება) უარი განაცხადეს. ისტორიიდან პაციენტის ანალიზები, კონსულტაციის მიზნით, ხელწერილის საფუძველზე გაიტანეს. ამავდროულად, პაციენტთან მკურნალობა დანიშნულების მიხედვით გაგრძელდა.
ჩანაწერის მიხედვით - 2020 წლის 1 აგვისტოს 03:30 საათზე, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო სტაბილური, საშუალო სიმძიმის. უჩიოდა ზოგად საერთო სისუსტეს, ჰემოდინამიკა სტაბილური იყო.
ოჯახის წევრებმა პაციენტისთვის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, ღვიძლშიდა ნაღვლის სადინარის ტრანსლკუტანური დრენირების თაობაზე მიიღეს გადაწყვეტილება, ვინაიდან კლინიკა ვერ უზრუნველყოფდა აღნიშნული პროცედურის ჩატარებას, პაციენტი რეფერირდა. გამოიძახეს სათანადო ბრიგადა.
კასატორის დასკვნითი კლინიკური დიაგნოზია - „ნაღველ-კენჭოვნი დაავადება, ფლეგმონური კულკულოზური ქოლეცისტიტი, ქოლედოქოლითიაზი, ქოლედოქის დისტალური ნაწილის სტუქტურა, მწვავე ბილიოგენური პანკრეატიტი შეშუპებითი ფორმა, არტერიული ჰიპერტენზია, ღვიძლის ტოქსიკური ავადმყოფობა, დაუზუსტებელი“.
სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათის მიხედვით, მოსარჩელე 2020 წლის 1 აგვისტოს, კატასტროფის ბრიგადამ სს „ჯ–ში“ მიიყვანა. ჩანაწერის მიხედვით, პაციენტს აღენიშნებოდა - ძლიერი საერთო სისუსტე, სიყვითლე, ქოშინი, ტემპერატურის მატება, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, მუცლის შებერილობა, სიმძიმე მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ქავილი.
იხ. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 11 სექტემბრის შემოწმების აქტი და პროფესიული განვითარების საბჭოს 2022 წლის 29 აპრილის სხდომის ოქმები.
2. სს ,,ჯ–ის“ მკურნალი ექიმისა და განყოფილების გამგის კ. მ–ძის მიერ 2020 წლის 6 აგვისტოს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა #100 თანახმად:
პაციენტის ძირითადი დიაგნოზია - ნაღვლის სადინარის ქვები ქოლესტერინთან ერთად, ნაღვლის სადინარის დახშობა, შოკის სხვა ფორმები, გართულებებით - დაუზუსტებელი გენეზის სიყვითლე, ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება ქოლესტერინით, ჰიპოკალემეა, ქოლანგიტი.
პაციენტის მოკლე ანამნეზის მიხედვით - პაციენტი მოყვანილი იყო კლინკაში კ/ბ-ის მიერ ჩივილებით: ძლიერი საერთო სისუტე, სიყვითლე, ქოშინი, ტემპერატურის მატება, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, მუცლის შებერილობა, სიმძიმე მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ქავილი. გადმოყვანილი იყო მოპასუხე კლინიკიდან, სადაც 2020 წლის 20 ივლისს მიიყვანეს. დიაგნოსტირდა მწვავე კალკულოზური ქოლეცისტიტი, ქოლედოქოლითიაზი, მწვავე ბილიოგენური პანკრეატიტი, დაწყებული კონსერვატიული თერაპია აღმოჩნდა უშედეგო, რის გამოც ჩატარდა ოპერაცია, ქოლეცისტექტომია, აღმოჩნდა ქოლედოქის დისტილური ნაწილის სტრიქტურა, შესრულდა ქოლედოქოტომია.
ოპერაცია შესრულდა ტექნიკური სირთულეებით (დეტალურად იხ. ფორმა N100), პოსტოპერაციულად ამილაზის მაჩვენებლების დადებითი დინამიკა აღენიშნა, თუმცა პერიოდულად აღენიშნებოდა ბილირუბინების მატება და კლება, მიუხედავად მიმდინარე მკურნალობისა, მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ მოხერხდა, საჭიროდ ჩაითვალა რეტროგრადული ქოლანგიოგრაფიის ჩატარება, შესაბამისად, დრენირების ჩატარება, რაც გახდა მათ კლინიკაში გადმოყვანის მიზეზი. გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში ჩაუტარდა შესაბამისი კლინკურ-ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები, გამოვლინდა მკვეთრი ბილირუბინემია, ტრანსამინაზების მატება სისხლში, პაციენტს ჩაუტარდა ზოგადი ქირურგისა და რეანიმატოლოგის კონსულტაცია, ჩაუტარდა მარცხენამხრივი ქოლანგიოსტომია, რის შემდეგაც პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსდა.
პაციენტის ავადმყოფობის მიმდინარეობა - მწვავე. პაციენტი შემოსული იყო კლინიკაში ჩივილებით - ძლიერი საერთო სისუსტე, სიყვითლე მთელ სხეულზე, ქოშინი, ტემპერატურის მატება, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, მუცლის შებერილობა, სიმძიმის და ტკივილის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ქავილი მთელ სხეულზე, აქოლიური განავალი. შემოსვლისას ვლინდებოდა არტერიული წნევის დაბალი მაჩვენებლები.
კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე დასმული დიაგნოზია - ენდოტოქსიური შოკი, ნაღვლის სადინრის დახშობა, მექანიკური სიყვითლე, ქოლანგიტი, ღვიძლის ტოქსიური დაზიანება ქოლესტაზით.
მკურნალობა - ვაზოპრესორული მხარდაჭერა ჰემოდინამიკის სტაბილიზაციის მიზნით, ინფუზიურ-დეზინტოქსიკაციური თერაპია, ვოლემიის რესურსიტაცია, გასტროპროტექცია. ჩატარდა ნაღვლის სადინრის კანქვეშა ტრანსჰეპატიკური დრენირება, რის შედეგადაც მოხდა სანაღვლე გზების განტვირთვა. ჩატარებული ინტენსიური თერაპიის ფონზე აღდგა ნორმალური ჰემოდინამიკა, შემცირდა მკვეთრად იქტერუსი, ქავილი მოიხსნა, ლაბორატორიული მაჩვენებლები გაუმჯობესდა დინამიკაში.
პაციენტს მიეცა რეკომენდაციები ამბულატორიული მკურნალობის გაგრძელებაზე, ოჯახის ექიმის, ქირურგის ამბულატორიულ მეთვალყურეობაზე, რის შემდეგაც გაეწერა კლინიკიდან.
3. შპს „ნ.ჰ–ის“ მკურნალი ექიმის 2020 წლის 11 აგვისტოს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა #100 თანახმად:
პაციენტის დიაგნოზი იყო - ნაღვლის სადინარის დახშობა, დრენირების შ/პ.
მოკლე ანამნეზი - პაციენტს სხვა კლინიკაში 2020 წლის 21 ივლისს ქოლეცისტექტომია ჩაუტარდა, შემდეგად განუვითარდა ბილიარული სტრიქტურა და სიყვითლე, 2020 წლის 1 აგვისტოს ჩაუტარდა ქოლანგიოსტომია. ამჟამად მომართა მათ კონსულტაციისა და შესაძლო მცირეინვაზიური ჩარევისათვის. სიყვთლე ალაგებულია, არსებული ქოლანგიოსტომიური კათეტერიდან დღე-ღამეში მიიღებოდა 900 მლ-მდე ნაღველი, რომელსაც პაციენტი ვერ ღებულობდა პერორალურად, რის გამოც სასწრაფო დაყოვნებული წესით ესაჭიროებოდა ბილიარული რეკანალიზაცია სტენტირებით.
სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები - სასწრაფო დაყოვნების წესით ნაღვლის სადინარის კანქვეში ტრანსჰეპატიკური (ღვიძლის გავლით) დრენაჟი სტენტით.
4. შპს „კ.მ.ც–ის“ მკურნალი ექიმის შ. ძ–ას 2022 წლის 26 თებერვლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა #100 თანახმად:
პაციენტის დიაგნოზია - სანაღვლე გზების დაზუსტებული ავადმყოფობები.
მოკლე ანამნეზი - პაციენტი უჩივის პერიოდულ სიყვითლეს, ცხელებას, შემცივნებას, ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა არეში. 07.2020 ჩაუტარდა ღია წესით ქოლეცისტექტომია და ქოლედოქის დისტალურ ნაწილში არსებული სტრიქტურის გამო დაედო ბილიოდიგესტიკური ანასტომოზი. თუმცა ოპერაციის შემდგომ პაციენტს ისევ აღენიშნა სიყვითლე, რის გამოც ჩაუტარდა ნაღვლის სადინარის ტრანსკუტანური დრენირება, რის შემდგომ პაციენტმა ამბულატორიულად ჩაიტარა ქოლედოქის სტენტირება. ბოლო პერიოდში ჩივილების ინტენსივობამ იმატა, პაციენტს კვლავ აღენიშნებოდა პერიოდული სიყვითლე, ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, რის გამო მიმართა მათ კლინიკას კონსულტაციისთვის.
სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები - საჭიროებდა დაუყოვნებლივ ოპერაციას, ნაღვლის სადინარის ანასტომოზი წვრილ ნაწლავთან.
5. მოსარჩელის სამედიცინო დოკუმენტაცია, ქირურგიული პროფილით, რეცენზირდა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ. რეცენზენტ ზ.დ–ის დასკვნის მიხედვით, მოპასუხე კლინიკაში პაციენტს სრულფასოვანი მკურნალობა ჩაუტარდა, სახელდობრ:
1. მწვავე კალკულოზური ქოლეცისტიტის დიაგნოზი დროულად და სწორად დაისვა.
2. სწორად იქნა წარმოებული კონსერვატული მკურნალობა;
3. კონსერვატული მკურნალობის უეფექტობის გამო, განისაზღვრა სასწრაფო ოპერაციული მკურნალობის ჩვენება;
4. სწორად იქნა არჩეული სასწრაფო ოპერაციის ტიპი-ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია;
5. ოპერაციამდე ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, სწორად იქნა ეჭვი მიტანილი ქოლედოქოლითიაზის არსებობაზე, რის გამოც ნაწარმოები იყო ინტრაოპერაციული ქოლანგიოგრაფია და დადასტურებული იყო აღნიშნული დიაგნოზი;
6. ქოლედოქოლითიაზის დადგენის შემდეგ, მართებული იყო გადაწყვეტილება ინტრაოპერაციულად ენდოსკოპიური ქოლანგიოპანკრეატოგრაფიის და პაპილოსფინქტეროტომიის წარმოების შესახებ;
7. ედოსკოპიური ქოლანგიოპანკრეატოგრაფიის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, სწორი გადაწყვეტილება იყო კონვერსიასთან (ლაპარასკოპიული ოპერაციის გაგრძელება ღია მეთოდით) დაკავშირებით;
8. ინტრაოპერაციული მონაცემების გათვალისწინებით, მართებული იყო გადაწყვეტილება ბილეოდიგესტიური ანასტომოზის ფორმირებასთან დაკავშირებით;
9. ოპერაციის შემდგომი მკურნალობა ჩატარებული იყო სწორად;
10. პოსტოპერაციულ პერიოდში განვითარებული სიყვითლის გენეზის დასადგენად ჩატარებული იყო ადეკვატური კვლევები და კონსულტაციები და ასევე სწორი იყო გადაწყვეტილება ენდოსკოპიური ქოლანგიოპანკრეატოგრაფიის ჩატარებასთან დაკავშირებით.
სამედიცინო დოკუმენტაციიდან (იგულისხმებოდა სამივე კლინიკის დოკუმენტაცია) გაურკვეველი იყო თუ რა იყო ოპერაციის შემდგომ პერიოდში განვითარებული მექანიკური სიყვითლის მიზეზი:
1) სს „ჯ–ში“ ჩატარებული პერკუტანული ტრანსჰეპატური ქოლანგიოსტომიის ოქმში საკონტრასტო ნივთიერების თორმეტგოჯა ნაწლავში გადასვლასთან დაკავშირებით, არაფერი იყო ნახსენები;
2) შპს „ნ.ჰ–ში“ ჩატარდა სანაღვლე გზების პერკუტანული რეკანალიზაცია სტენტირებით“.
6. პროფესიული განვითარების საბჭოს 2022 წლის 29 აპრილის სხდომის ოქმის თანახმად, ,,საკითხის შესწავლის შედეგად შემდეგი დარღვევა - ნაკლოვანებები გამოვლინდა:
2020 წლის 31 ივლისს, ექიმის/მესამე პირის ჩანაწერის მიხედვით:
პაციენტს და მის ახლობლებს აეხსნათ არსებული სიტუაცია. მექანიკური სიყვითლის გამოსარიცხად შეთავაზებული ჰქონდათ რეტროგრადული ქოლანგიოგრაფიის ჩატარება, რომლის შემდგომაც დაიგემებოდა მკურნალობის ტაქტიკა (მექანიკური ხასიათის სიყვითლის დადგენის შემთხვევაში ოპერაციული მკურნალობა: სანაღვლე გზების რევიზია, გარე ან შიდა დრენირება), რაზეც უარი განაცხადეს, თუმცა წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში აღნიშნული არ დასტურდებოდა პაციენტის, პაციენტის ნათესავის ან პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით, რითაც „საექიმო სამიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46.1 მუხლის მოთხოვნა დაირღვა, შესაბამისად, პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე ექიმის პროფესიული პასუხიმგებლობის თაობაზე, საკითხი დაისვა.
6. პროფესიული განვითარების საბჭოს 2022 წლის 29 აპრილის #9 სხდომის ოქმის თანახმად, „სხდომაზე განიხილეს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი საკითხი - პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის თაობაზე. აზრი გამოთქვეს საბჭოს წევრებმა და შედეგად, ექიმს 2 თვით სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება შეუჩერდა“.
7. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2022 წლის 21 აპრილის წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ:
,,პაციენტის განცხადების საფუძველზე, სამედიცინო ცენტრში მოსარჩელისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი შეისწავლეს.
პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაცია რეცენზირებული იქნა სსიპ ,,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ მიერ, ქირურგიული პროფილით. საკითხის შესწავლის შედეგად, გამოვლინდა შემდეგი დარღვევა - ნაკლოვანება:
2020 წლის 30 ივლისს 11:30 საათზე ექიმის ჩანაწერის მიხედვით, პაციენტსა და მის ახლობლებს აეხსნათ არსებული სიტუაცია. მექანიკური სიყვითლის გამოსარიცხად შეთავაზებული იქნა რეტროგრადული ქოლანგიოგრაფიის ჩატარება, რომლის შემდგომაც დაიგემებოდა მკურნალობის ტაქტიკა (მექანიკური ხასიათის სიყვითლის დადგენის შემთხვევაში ოპერაციული მკურნალობა: სანაღვლე გზების რევიზია, გარე ან შიდა დრენირება), რაზეც უარი განაცხადეს, თუმცა წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში აღნიშნული არ დასტურდებოდა პაციენტის, პაციენტის ნათესავის ან პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით, რითაც „საექიმო სამიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46.1 მუხლის მოთხოვნა დაირღვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროფესიული განვითრების საბჭოს წინაშე ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის შესაბამისად, ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა“.
8. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2022 წლის 27 მაისის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ:
,,მისი განცხადების (88417, 20.08.2020წ.) საფუძველზე, სამედიცინო ცენტრიში მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი შეისწავლეს.
საკითხის შესწავლის შედეგად (02/6625, 14.04.2022წ), გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ, პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ" 74-ე მუხლის შესაბამისად, სს ,,ჯ–ის" ექიმის, გ.ს–ის (სერტ. ,,ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა"), შპს ,,ნ.ჰ–ის" ექიმის, მ.მ–ისა (სერტ. ,,რადიოლოგია") და სამედიცინო ცენტრის ექიმის/მესამე პირის (სერტ. ,,ზოგადი ქირურგია") პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა.
პროფესიული განვითარების საბჭოს 2022 წლის 29 აპრილის #99 სხდომის გადაწყვეტილებით, სს ,,ჯ–ისა“ და შპს ,,ნ.ჰ–ის" ექიმებს პროფესიული პასუხისმგებლობა არ განესაზღვრათ, ხოლო სამედიცინო ცენტრის ექიმს/მესამე პირს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 2 თვით შეუჩერდა“.
9. მოპასუხე სამედიცინო დაწესებულების ან ექიმის/მესამე პირის მხრიდან არასწორ დიაგნოსტირებას და/ან მკურნალობას ადგილი არ ჰქონია, კერძოდ: სამედიცინო პერსონალის მხრიდან გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. სამედიცინო ცენტრში მოსარჩელეს სრულფასოვანი და სათანადო მკურნალობა ჩაუტარდა. მკურნალობის პროცესში ექიმმა/მესამე პირმა სწორი გადაწყვეტილებები მიიღო. ის ფაქტი, რომ პაციენტისათვის ჩატარებული შემდგომი მკურნალობა მოპასუხე კლინიკაში არასწორად განხორციელებული ქირურგიული ჩარევის შედეგია, საქმეში დაცული მტკიცებულებებით არ დასტურდება.
10. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა შპს „დ.ს.ს.ც–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, სამედიცინო ცენტრი ან კლინიკა) წინააღმდეგ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
11. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და სარჩელის უარყოფა მოითხოვა დაუსაბუთებლობის საფუძვლით.
12. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა.
13. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 2 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
15. მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
15.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად და არასრულყოფილად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შედეგად მოჰყვა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება. საქმეში დაცული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდა სამედიცინო ცენტრის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, პაციენტისთვის მიყენებული ზიანი, ასევე დგინდება მცდარი საექიმო მოქმედება.
15.2. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, მოპასუხე კლინიკაში ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შემდგომი მკურნალობის არასწორად წარმართვის გამო, პაციენტი დღემდე ვერ გამოჯანმრთელდა და სისტემატიურად განიცდის უეცარი გარდაცვალების შიშს, რაც მას მორალურ ზიანს აყენებს (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ
გარემოებათა გამო:
17. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, არასწორი სამედიცინო მომსახურების შედეგად მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უსაფუძვლობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1007-ე (სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაციის ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვ.) პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით. ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის), 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) 997-ე ((პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე), და 413.2 (სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში, დაზარალებულს შეუძლია, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც) მუხლების შემადგენლობის არარსებობამ განაპირობა.
19. სსსკ-ის მე-4 მუხლით მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
20. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 1007-ე მუხლის შინაარსზე და განმარტავს, რომ ამ ნორმით გათვალისწინებული სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება სსკ-ის 992-ე მუხლით განსაზღვრული ოთხი წინაპირობის არსებობას მოითხოვს: უნდა დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის და ბრალი. ნორმის მიზნიდან გამომდინარე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევა სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რამაც გამოიწვია ზიანი (საქმე №ას-1124-1044-2017, 30.07.2018წ.).
21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლის მიზნიდან გამომდინარე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევა სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული დიაგნოსტიკა, ქირურგიული ოპერაცია და მკურნალობა, რამაც გამოიწვია ზიანი. პაციენტს ზიანის ანაზღაურების უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ: 1. სამედიცინო საქმიანობის მიზანი მიღწეული არ არის (ადამიანის ჯანმრთელობის აღდგენა და სიცოცხლის შენარჩუნება) და 2. მედიცინის მუშაკის ქმედება არ შეესაბამება სამედიცინო მაჩვენებლებს. სამედიცინო მუშაკის ქცევის, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქცევის კვალიფიკაციისას, აუცილებელია არასათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ფაქტის დადგენა. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მოიცავს არამარტო მის აქტიურ მოქმედებებს, არამედ უმოქმედობასაც.
ამ ტიპის დელიქტებში, როგორც წესი, არ არის პირდაპირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება. მარტივად, რომ ვთქვათ სამედიცინო დელიქტი არის სამედიცინო ზრუნვა ან მკურნალობა, რომელიც არ შეესაბამება აღიარებულ სტანდარტს და ზიანს აყენებს პაციენტს. ნორმის მიზნიდან გამომდინარე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევა სამედიცინო პერსონალის (ექიმის) მიერ არასწორად განხორციელებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რამაც გამოიწვია ზიანი.
22. პაციენტს აქვს უფლება მიიღოს ხარისხიანი მომსახურება და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომსახურება მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს (უფლება ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების სტანდარტების დაცვაზე). პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
23. რაც შეეხება პაციენტის უფლებას უსაფრთხოებაზე, იგი პრაქტიკულად მოიცავს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების სტანდარტების დაცვასა და პრევენციულ ღონისძიებებზე უფლებებს. ყველას აქვს უფლება განთავისუფლდეს იმ საფრთხეებისაგან, რომლებიც განპირობებულია ჯანდაცვის სამსახურების ცუდი ფუნქციონირებით, საექიმო გულგრილობით, სამედიცინო შეცდომებით და ხელი მიუწვდებოდეს სამედიცინო მომსახურებასა და მკურნალობაზე, რომელიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს (ნუნუ კვანტალიანი, პაციენტის უფლებები და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია, თბილისი, 2012 წ., გვ.94-96).
24. პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს: კომპენსაცია ქონებრივი და არაქონებრივი ზიანისა, რომლებიც გამოწვეულია: პაციენტის უფლებების დარღვევით; მცდარი სამედიცინო ქმედებით.
25. სამედიცინო მუშაკის ქცევის, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქცევის კვალიფიკაციისას, აუცილებელია არასათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უტყუარად დადგენა. ამასთან, ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მოიცავს არა მარტო მის აქტიურ მოქმედებებს, არამედ - უმოქმედობასაც.
26. პაციენტისათვის მიყენებული ზიანისას, როგორც წესი, ექიმის განზრახი ბრალი არ იკვეთება. ასეთ შემთხვევებში საკმარისია, დადგინდეს ექიმის გაუფრთხილებლობა, რაც გულისხმობს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების აუცილებელი გულისხმიერებისა და ყურადღების გარეშე განხორციელებას. გულისხმიერება და ყურადღებიანობა გამოიხატება ექიმის მიერ საჭირო სამედიცინო მოქმედებების ზედმიწევნით ხარისხიანად, აღიარებული სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად შესრულებაში.
27. მკურნალობის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუკი პირისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია უშუალოდ მცდარი სამედიცინო მოქმედებით, ანუ გამოკვეთილია მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ის გარემოება, რომ ზიანი გამოიწვია სამედიცინო პერსონალის ქმედებამ, უტყუარად უნდა დადგინდეს. უშედეგო მკურნალობა ან მკურნალობის უარყოფითი შედეგი თავისთავად (უალტერნატივოდ) არ იწვევს სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობას. ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მკურნალობისას დაშვებული შეცდომებით, ანუ, თუ მკურნალობა სწორადაა წარმართული, თუნდაც მას უარყოფითი შედეგი მოჰყვეს, არ იწვევს ექიმის პასუხისმგებლობას (შდრ. იხ. სუსგ-ები: საქმე №ას-1046-966-2017, 20.07.2018წ.; საქმე №260-244-11, 27.06.2011წ.; №ას-1800-2019, 20.02.2020წ.).
28. „მცდარი საექიმო ქმედების“ განმარტება მოცემულია ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტში და გულისხმობს ექიმის მიერ უნებლიედ პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებებს, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა.
29. საექიმო შეცდომად მიიჩნევა ექიმის მიერ საზოგადოდ აღიარებული სამედიცინო და ეთიკური სტანდარტების, კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევა, რამაც განაპირობა პაციენტის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებები, რაც, თავის მხრივ, პაციენტისათვის ზიანის მიყენების უშუალო მიზეზი გახდა. ექიმს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ პაციენტს მართლზომიერად და უშეცდომოდ უმკურნალეს, იგი პასუხს აგებს არასწორ მკურნალობაზე და მხოლოდ ასეთი მკურნალობის თანმდევ უარყოფით შედეგზე. ამდენად, ექიმის პასუხისმგებლობის საფუძველი არის არა მკურნალობის უარყოფითი შედეგი, არამედ სამედიცინო მეცნიერების სტანდარტებიდან გადახვევა (შდრ. სუსგ. №1268-1526-09, 25.05.2010წ.).
30. აღნიშნული კატეგორიის დავებში პაციენტს ეკისრება, როგორც ფაქტების სრულყოფილად და დამაჯერებლად წარდგენისა და გაცხადების ვალდებულება, აგრეთვე, მტკიცების ტვირთი იმის დასადასტურებლად, რომ მკურნალობისას შეცდომა დაუშვეს. თუ მისი განმარტებები არ დადასტურდება, მაშინ სამკურნალო შეცდომა მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არ დამტკიცდება. ასევე, პაციენტმა უნდა წარმოადგინოს და დაამტკიცოს, რომ დამდგარი ზიანი ეფუძნება სამედიცინო დაწესებულების ვალდებულების დარღვევას. პაციენტის მიერ მხოლოდ ფაქტებზე მითითების ტვირთი არ წარმოადგენს სასურველი მატერიალურსამართლებრივი შედეგის მიღწევის წინაპირობას, აუცილებელია მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთის რეალიზებაც (შდრ. სუსგ. №ას-111-111-2018, 11.05.2018წ.).
31. ოპერაციის დროს სამედიცინო შეცდომის, წარმოქმნილი ზიანისა და მათ შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა სწორედ მოსარჩელის/პაციენტის მტკიცების ტვირთია, განსახილველ შემთხვევაში მან ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება, კერძოდ:
32. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცეს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2020 წლის 20 ივლისს 23:40 საათზე, მოსარჩელე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, შპს „აკ. ზ. ც.ს.დ.ს.ი.მ.ე.ც–ში“ (ამჟამინდელი მოპასუხე კლინიკა) მიიყვანა.
ოპერაციის #282 პროტოკოლით, 2020 წლის 21 ივლისს 16:40 საათზე, მოსარჩელეს ენდოტრაქეალური ნარკოზით ოპერაცია ჩაუტარდა - „ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია, ლაპარატომია, ქოლედოქოტომია, ქოლედოქოლითოტომია, ქოლედოქოდუედენალური ანასტომოზის ფორმირება“.
2020 წლის 21 ივლისს 23:30 საათზე პაციენტი გართულების გარეშე ექსტუბირებული იქნა და მისი მდგომარეობა განისაზღვრა როგორც მძიმე, გადატანილი ოპერაციის სიმძიმის შესაბამისი.
პოსტოპერაციულ პერიოდში პაციენტს ამილაზას დადებითი დინამიკა და ჰიპერბილირუბინემია აღენიშნა. ჰემოდინამიკა იყო სტაბილური, მუცლის ღრუს დრენაჟები ფუნქციონირებდა, პაციენტი გადიოდა გაზებზე, სუბიექტურად აღენიშნებოდა მდგომარეობის გაუმჯობესება.
2020 წლის 23 და 27 ივლისს, მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევით ღვიძლის მარცხენა ნაწილში სანაღვლე სადინრების მცირედი დილატაცია გამოვლინდა.
2020 წლის 28 ივლისს, პაციენტს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევა ჩაუტარდა, რომლის თანახმად, „ღვიძლშიდა სანაღვლე სადინრები მეტად მარცხენა ნაწილში მცირედ დილატირებული იყო. ღვიძლის საერთო სადინარი ისახებოდა მნიშვნელოვანი დილატაციის გარეშე, მისი სანათურში კონკრემენტის არსებობა არ ვლინდებოდა“.
ექმიმის ჩანაწერის მიხედვით, 2020 წლის 31 ივლისს 11:30 საათზე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო სტაბილური, საშუალო სიმძიმის, ზოგად საერთო სისუსტეს უჩიოდა, ჰემოდინამიკა სტაბილური. კანი და ხილული ლორწოვანი ყვითელი, ენა სველი, მუცელი ოვალური ფორმის, შებერილი არ იყო. სიმეტრიულად მონაწილეობდა სუნთქვაში, პალპაციით რბილი, უმტკივნეულო. პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები არ იყო. აუსკულტაციით პერისტალტიკა ისმინებოდა დუნედ. დეფეკაცია არ ჰქონდა, გაზზე გადიოდა, შარდვა თავისუფალი, უმტკივნეულო. პოსტოპერაციული ჭრილობა ინფილტრაციისა და სიწითლის გარეშე. ნახვევი სუფთა, ჭრილობა დამუშავდა და ასეპიური ნახვევი დაედო.
პოსტოპერაციული მკურნალობის პერიოდში პაციენტს პერიოდულად აღენიშნებოდა ბოლირუბინის მატება ან კლება, ასევე პოსტოპერაციული პერიოდის საწყის ეტაპზე ნაზოგასტრალური ზონდიდან ნაღვლოვანი გამონადენი და ყავისფერი განავლოვანი მასებით დეფეკაცია აღენიშნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობისას ეჭვი ტოქსიური ჰეპატიტის განვითარებაზე მიიტანეს, რის გამოც კონსერვატული მკურნალობის ტაქტიკა შეიცვალა, ბილირუბინის მატებასთან დაკავშირებით საკითხი გაურკვეველი იყო. ბოლო საკონტროლო ანალიზებით საერთო ბილირუბინი 236mmol/l, პირდაპირი კი - 193mmol/l იყო.
პაციენტს და მის ახლობლებს არსებული სიტუაცია განემარტათ, რომლებმაც მექანიკური სიყვითლის გამოსარიცხად დაგეგმილი მკურნალობის ტაქტიკაზე (მექანიკური ხასიათის სიყვითლის დადგენის შემთხვევაში ოპერაციული მკურნალობა: სანაღვლე გზების რევიზია, გარე ან შიდა დრენირება) უარი განაცხადეს, თუმცა წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში აღნიშნული არ დასტურდებოდა პაციენტის, პაციენტის ნათესავის ან პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით, რითაც „საექიმო სამიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46.1 (თუ ქმედუნარიანი ან /და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე პაციენტი უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ან მოითხოვს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურების შეწყვეტას, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მიაწოდოს პაციენტს ამომწურავი ინფორმაცია მოსალოდნელი შედეგების შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პაციენტი, რაც დასტურდება შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციაზე ხელმოწერით) მუხლის მოთხოვნა დაირღვა.
2020 წლის 1 აგვისტოს 03:30 საათზე, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილური იყო, საშუალო სიმძიმის. უჩიოდა ზოგად საერთო სისუსტეს, ჰემოდინამიკა ასევე სტაბილური იყო.
ოჯახის წევრებმა პაციენტისთვის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, ღვიძლშიდა ნაღვლის სადინარის ტრანსლკუტანური დრენირების გადაწყვეტილება მიიღეს, ვინაიდან კლინიკა ვერ უზრუნველყოფდა აღნიშნული პროცედურის ჩატარებას, პაციენტი რეფერირდა კატასტროფის ბრიგადის დახმარებით.
33. ქვემდგომის ინტანციის სასამართრთლოების მიერ დადგენილია უმნიშვნელოვანესი გარემოება, რომლის შესაბამისად კასატორის მკურნალობის პროცესში მოპასუხე სამედიცინო დაწესებულების ან ექიმის/მესამე პირის მიერ არასწორი დიაგნოსტირება და მკურნალობა არ მომხდარა.
სამედიცინო პერსონალის მხრიდან გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. სამედიცინო ცენტრში მოსარჩელეს სრულფასოვანი და სათანადო მკურნალობა ჩაუტარდა. მკურნალობის პროცესში ექიმმა/მესამე პირმა სწორი გადაწყვეტილებები მიიღო.
ის ფაქტი, რომ პაციენტისათვის შემდგომი მკურნალობა მოპასუხე კლინიკაში არასწორად ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შედეგია, საქმეში დაცული მტკიცებულებებით არ დასტურდება, სახელდობრ:
მოსარჩელის სამედიცინო დოკუმენტაცია რეცენზირდა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ, ქირურგიული პროფილით. რეცენზენტის დასკვნის მიხედვით, მოპასუხე კლინიკაში პაციენტს სრულფასოვანი მკურნალობა ჩაუტარდა, კერძოდ:
1. მწვავე კალკულოზური ქოლეცისტიტის დიაგნოზი დროულად და სწორად დაისვა.
2. სწორად იქნა წარმოებული კონსერვატული მკურნალობა;
3. კონსერვატული მკურნალობის უეფექტობის გამო, განისაზღვრა სასწრაფო ოპერაციული მკურნალობის ჩვენება;
4. სწორად იქნა არჩეული სასწრაფო ოპერაციის ტიპი-ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია;
5. ოპერაციამდე ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, სწორად იქნა ეჭვი მიტანილი ქოლედოქოლითიაზის არსებობაზე, რის გამოც ნაწარმოები იყო ინტრაოპერაციული ქოლანგიოგრაფია და დადასტურებული იყო აღნიშნული დიაგნოზი;
6. ქოლედოქოლითიაზის დადგენის შემდეგ, მართებული იყო გადაწყვეტილება ინტრაოპერაციულად ენდოსკოპიური ქოლანგიოპანკრეატოგრაფიის და პაპილოსფინქტეროტომიის წარმოების შესახებ;
7. ენდოსკოპიური ქოლანგიოპანკრეატოგრაფიის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, სწორი გადაწყვეტილება იყო კონვერსიასთან (ლაპარასკოპიული ოპერაციის გაგრძელება ღია მეთოდით) დაკავშირებით;
8. ინტრაოპერაციული მონაცემების გათვალისწინებით, მართებული იყო გადაწყვეტილება ბილეოდიგესტიური ანასტომოზის ფორმირებასთან დაკავშირებით;
9. ოპერაციის შემდგომი მკურნალობა ჩატარებული იყო სწორად;
10. პოსტოპერაციულ პერიოდში განვითარებული სიყვითლის გენეზის დასადგენად ჩატარებული იყო ადეკვატური კვლევები და კონსულტაციები და ასევე სწორი იყო გადაწყვეტილება ენდოსკოპიური ქოლანგიოპანკრეატოგრაფიის ჩატარებასთან დაკავშირებით.
სამედიცინო დოკუმენტაციიდან (იგულისხმებოდა სამივე კლინიკის დოკუმენტაცია) გაურკვეველი იყო თუ რა იყო ოპერაციის შემდგომ პერიოდში განვითარებული მექანიკური სიყვითლის მიზეზი:
1) სს „ჯ–ში“ ჩატარებული პერკუტანული ტრანსჰეპატური ქოლანგიოსტომიის ოქმში საკონტრასტო ნივთიერების თორმეტგოჯა ნაწლავში გადასვლასთან დაკავშირებით, არაფერი იყო ნახსენები;
2) შპს „ნ.ჰ–ში“ ჩატარდა სანაღვლე გზების პერკუტანული რეკანალიზაცია სტენტირებით“.
დადგენილია და უმნიშვნელოვანესია, ისიც რომ პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე ექიმის/მესამე პირის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი, არა მის მიერ გაწეული არასწორი სამედიცინო მომსახურეობის, არამედ „საექიმო სამიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46.1 (ხელმოწერის არ არსებობა) მუხლის მოთხოვნათა დარღვევის გამო დადგა და სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 2 თვით შეუჩერდა.
34. ამდენად, საქმეში დაცული მტკიცებულებებით, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, ასევე ეგრედ წოდებული „მცდარი საექიმო ქმედების“ ფაქტი დადასტურებული არაა და ექიმის მიერ სათანადო მკურნალობის გაწევის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებაც არ იკვეთება.
35. სსსკ-ის 992-ე და 1007-ე მუხლებთან მიმართებით საკასაციო პალატა მიუთითებს მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, რომელიც შეეხება სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს.
36. მოხმობილ ნორმათა თანახმად, ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის (შდრ: სუსგ #as-874-1146-05, 14 seqtemberi, 2005w.; სუსგ №ას-1163-1092-2012, 25 დეკემბერი, 2013 წელი). ნორმათა დანაწესები ერთობლივად განამტკიცებს საექიმო შეცდომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წესს და ადგენს ზიანის ანაზღაურების ზოგად პირობებს. საყურადღებოა, რომ დელიქტური ვალდებულების ზემოაღნიშნული შემადგენლობის რომელიმე კომპონენტის არარსებობა გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.
37. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სამედიცინო შეცდომით გამოწვეული ზიანის შემადგენლობაში ბრალის ხარისხზე. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის სავალდებულოა, დადასტურდეს ექიმის გაუფრთხილებლობა და არა განზრახვა არასასურველი შედეგის დადგომის მიმართ, ამასთანავე, დამდგარი ზიანი უშუალოდ ამ ქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს და არა ექიმის მიერ დაგეგმილი მკურნალობის გაუთვალისწინებლობის შედეგს (პაციენტის/მოსარჩელისა და მისი ახლობლების უარი დაგეგმილ მკურნალობაზე), რომლის თავიდან აცილებაც ექიმს ობიექტურად არ შეეძლო.
38. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, კერძოდ, იმ პირობებში, როცა არ დგინდება მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა, არასწორი მკურნალობა და მცდარი სამედიცინო მომსახურების გაწევა, არ არსებობს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების არავითარი სამართლებრივი საფუძველი.
39. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
40. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
41. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
42. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ჭ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია