დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 19.03.2026
საქმის ნომერი
ას-1592-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1592-2025

19 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ.ქ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ–ე “ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პარტნიორის გარიცხვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „დ”-მა (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კომპანია“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ.ქ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაეკისროს 188 584 აშშ დოლარი გადახდა; მოპასუხე განთავისუფლდეს კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და გაირიცხოს კომპანიის პარტნიორობიდან. 2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაეკისრა 188 584 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხე განთავისუფლდა კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და გაირიცხა კომპანიის პარტნიორობიდან. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის 1.2 ქვეპუნქტი და მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. მხარეებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს საკასაციო საჩივრები. მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა; ხოლო, მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გაუქმებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ხოლო, მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს კომპანიის პარტნიორის - მოპასუხის გარიცხვისა და ამავე საწარმოსთვის მოპასუხის, როგორც საზოგადოების დირექტორის, მიერ მიყენებული ზიანის საკითხების დამატებითი გამოკვლევის მიზნით; გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან მოპასუხის გათავისუფლების მოთხოვნის უარყოფის ნაწილში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება და მოპასუხის კომპანიის პარტნიორობიდან გარიცხვის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხის კომპანიის პარტნიორობიდან გარიცხვის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. მხარეებმა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე წარადგინეს საკასაციო საჩივრები. მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა; ხოლო, მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და მოპასუხის პარტნიორობიდან გარიცხვის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ხოლო, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა საწარმოდან პარტნიორის - მოპასუხის გარიცხვის თაობაზე და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის საოქმო განჩინება მოსარჩელის მიერ შუამდგომლობით წარდგენილი აუდიტორული დასკვნის დართვაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში იმავე სასამართლოს დაევალა ხელახლა მსჯელობა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: მოპასუხე გაირიცხოს კომპანიის პარტნიორობიდან და კომპანიაში მოპასუხის 50% წილის ღირებულება განისაზღვროს 159 000 აშშ დოლარით. 15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ სასარჩელო მოთხოვნები სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების განხილვის საგანი იყო არაერთხელ. თავდაპირველი სარჩელი წარდგენილი იყო კომპანიის დირექტორის - მოპასუხის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, თუმცა ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უარყოფილ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით, რომლითაც კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილებით სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაეკისრა 188 584 აშშ დოლარის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 07 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურება განსახილველ სადავო საკითხს აღარ წარმოადგენდა; საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 07 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა კომპანიის სასარჩელო მოთხოვნა საწარმოდან პარტნიორის - მოპასუხის გარიცხვის თაობაზე და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განსახილველ საკითხს პარტნიორის გარიცხვა წარმოადგენდა.

16. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კომპანია 2000 წელს დაფუძნდა; კომპანიის 2000 წლის წესდებით, საზოგადოების 50% წილის მესაკუთრეს წარმოადგენს მოპასუხე, ხოლო დარჩენილი 50% წილის მესაკუთრეა ა.გ–ი. მოპასუხე დაფუძნების დღიდან მის გათავისუფლებამდე წარმოადგენდა კომპანიის დირექტორს.

17. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პარტნიორის გარიცხვა დასაშვებია, თუ დადასტურდა პარტნიორის მიერ საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, თუმცა ასეთ შემთხვევაში გარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს არა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის კონკრეტული ნორმა, არამედ საზოგადოების წესდების, როგორც მხარეთა ნების გამოვლენით დადებული გარიგების, პირობები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლი. სამეწარმეო სუბიექტის წესდება, თავისი არსით, სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებაა, შესაბამისად, მხარეები სახელშეკრულებო თავისუფლების პირობებში განსაზღვრავენ თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებს, რომელთა დარღვევის შემთხვევაში მხარეს უფლება ენიჭება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უარი განაცხადოს საზოგადოებისთვის ზიანის მიმყენებელ პარტნიორთან გრძელვადიან სახელშეკრულებო ურთიერთობაზე.

18. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო სადავო პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მიუთითა საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის წინაპირობებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად: სასამართლომ უნდა დაადგინოს პარტნიორის გარიცხვის უფლების წარმოშობის წინაპირობები სსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას ხანგრძლივი სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობის მოშლის შესაძლებლობას, გამოიკვლიოს საზოგადოების მიერ ამ უფლების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ უნდა დაადგინოს პარტნიორის მიერ საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულების დარღვევა - საზოგადოების მიზნის შელახვა, რის შედეგადაც შეუძლებელი ხდება პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება; საზოგადოებისთვის ზიანის მიყენება; პირველ და მეორე წინაპირობას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა. გარიცხვის შესახებ სასარჩელო წარმოებისას სასამართლო ამოწმებს რამდენად კეთილსინდისიერად გამოიყენეს პარტნიორებმა გარიცხვის უფლება, ხომ არ იყო მათი გადაწყვეტილება მოტივირებული პარტნიორთა ცალკეული ჯგუფის პირადი ინტერესებით, პირადი სარგებლის ან ქონებრივი უპირატესობის მოსაპოვებლად (იხ. სუსგ Nას-201-201-2018).

19. სააპელაციო პალატამ ყურადღებას გაამახვილა სამეწარმეო საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის საკითხზე დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რომლის შესაბამისად, პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვა უკიდურესი ზომაა. შესაბამისად, ასეთი ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობისას. პარტნიორის გარიცხვის მნიშვნელოვანი საფუძველი სახეზეა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოებამ აღარ უნდა ითმინოს გასარიცხი პარტნიორის კორპორაციულსამართლებრივი მონაწილეობა; სახელდობრ, როდესაც მისი ქცევა შეუძლებელს ხდის ან მნიშვნელოვნად ართულებს საზოგადოების მიზნის მიღწევას, რაც აუტანელს გახდიდა მისი საზოგადოების რიგებში დარჩენას. საუბარია პიროვნულ თვისებებსა და ურთიერთობებზე, როგორიცაა, მაგალითად, ნდობის დეფიციტი, ვალდებულებების მძიმე დარღვევა, დანაშაულებრივი საქმიანობა, ნდობის ბოროტად გამოყენება და სხვა პარტნიორებთან დაძაბული ურთიერთობები. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის საფუძველი შეიძლება გახდეს არა ყველა სახის, არამედ იმგვარი ზიანი, რომელიც საწარმოს საქმიანობას უშლის ხელს გრძელვადიან პერსპექტივაში და, მაშასადამე, საფრთხის ქვეშ აყენებს მის არსებობას (შდრ. სუსგ Nას-812-1099-2009, 09.11.2009). ამდენად, საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას, როდესაც სახეზეა კომპანიისათვის არსებითი ზიანის მიყენება, რაც არღვევს ნდობას პარტნიორთა შორის და რის გამოც მათი ერთობლივი საქმიანობა შეუძლებელი ხდება (იხ. სუსგ Nას-ას-1203-2018, 25.04.2019).

20. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარდგენილია კომპანიის წესდება, რომლის 3.4 პუნქტის მიხედვით, პარტნიორები ვალდებული არიან დაიცვან საზოგადოების წესდება, დროულად შეიტანონ შესატანი საწესდებო ფონდში, არ განახორციელონ ქმედება, რომელიც აზარალებს ან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოების ინტერესებს, დაიცვან საზოგადოების კომერციული საიდუმლოება; დადგენილია, რომ 2012 წლის 06 აგვისტოს კომპანიის პარტნიორთა კრებამ, რომელსაც არ დაესწრო მოპასუხე, ეს უკანასკნელი გაათავისუფლა დირექტორის თანამდებობიდან. ის, ასევე, გაირიცხა კომპანიის პარტნიორობიდან. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მოპასუხის მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა - მოსარჩელის სახელით ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერა, ასევე, ერთგულების მოვალეობის დარღვევა - კომპანიის კომერციული შანსის მითვისება; 2012 წლის 06 აგვისტოს პარტნიორთა კრების ოქმში აღნიშნულია, რომ კომპანია მშენებლობის პერიოდში სარგებლობდა მიწის ნაკვეთით, რაც მშენებლობის ნორმების მოთხოვნის თანახმად, შემოსაზღვრული იყო ხის ღობით. აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული იყო დროებითი სასაწყობო მეურნეობა. კომპანიის მიერ სარგებლობაში არსებულ ნაკვეთზე, შემდგომში შეძენის პერსპექტივის გათვალისწინებით, განთავსდა საწარმოს ბენზინგასამართი სადგურების ავზები და შემოისაზღვრა კაპიტალური კედლით, რომლის წინ განზრახული იყო ავტოსამრეცხაო ფარეხების მოწყობა. აღნიშნული ნაკვეთის საერთო ფართი იყო 419 კვ.მ, სადაც 155 კვ.მ ეკავა კომპანიის ბენზინგასამართი სადგურის ავზებს, რომელიც შემოსაზღვრულია კაპიტალური კედლით. კომპანიამ გადაწყვიტა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ყიდვა ან იჯარით აღება. კომპანიამ შესაბამის სამსახურს ააზომინა და საბოლოოდ პარტნიორები შეთანხმდნენ მის შესყიდვაზე. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე, მოლაპარაკების შესაბამისად, დირექტორს - მოპასუხეს უნდა უზრუნველეყო ნაკვეთის შესყიდვა. ნაცვლად ამისა, მოპასუხემ აუქციონზე წაიყვანა თავისი შვილი ბ.ქ–ი (კომპანიის სახელით თვითონ არ მიიღო მონაწილეობა) და თვალთმაქცურად შეაძენინა მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებული იყო საზოგადოების 6 ცალი 30 ტონიანი ავზი თავისი ღობეებით. ოქმში მითითებულია, რომ მოპასუხემ იმოქმედა შპს-ს ინტერესების საზიანოდ და გამოიყენა ინფორმაცია პირადი სარგებლობის მიზნით. გ.ქ–მა კარგად იცოდა, რომ ტერიტორიის შეძენით დაინტერესებული იყო კომპანია და მასზე განთავსებული ინფრასტრუქტურა ამ უკანასკნელს ეკუთვნოდა.

21. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საწარმოს დირექტორი (50%-იანი) პარტნიორი გათავისუფლებულია დირექტორის პოზიციიდან, შესაბამისად, სარჩელი საწარმოს სახელით მისმა მოქმედმა დირექტორმა აღძრა. საწარმოს სარჩელის ფარგლებში სასამართლოს უნდა ემსჯელა და შეეფასებინა, განაპირობა თუ არა საწარმოს 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის, რომელიც სადავო პერიოდში დირექტორიც იყო, მიერ საწარმოს „ინსაიდერული“ (შიდა) ინფორმაციის ფლობამ და არაკეთილსინდისიერად გამოყენებამ საწარმოსთვის კორპორაციული შესაძლებლობის (კომერციული შანსის) დაკარგვა. ამ საკითხის შეფასება მნიშვნელოვანი იყო პარტნიორის გარიცხვის ნაწილში შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან მიემართებოდა როგორც პარტნიორის, ისე დირექტორის (რადგან ამ შემთხვევაში ერთსა და იმავე პირს ეხება საკითხი) პასუხისმგებლობას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლომ, რომლის მითითებებიც მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოსთვის სავალდებულოა, იმსჯელა საწარმოსთვის ხელსაყრელი კორპორაციული შესაძლებლობის პრეზუმფციაზე, დოქტრინაში არსებულ ტესტებზე, რათა გამოეკვეთა კაუზალური კავშირი პარტნიორის, რომელიც იმავდროულად დირექტორი იყო, ქმედებებსა და საწარმოს საქმიანობიდან გამომდინარე, მისი ოპერირების საკითხს შორის.

22. სააპელაციო პალატის მითითებით, საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით, 50 %-იანი წილის მფლობელი პარტნიორისა და სადავო მიწის ნაკვეთის შეძენის დროისათვის იმავდროულად საწარმოს დირექტორის - მოპასუხის შვილის - გ.ქ–ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის შეძენა კასატორი საწარმოს კორპორაციული (კომერციული) შესაძლებლობის მითვისებას წარმოადგენს. საკასაციო სასამართლოს დასკვნა დამყარებულია იმ უდავო ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სადავო 419 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც საწარმოს საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით, მისი ბიზნესის სფეროდან გამომდინარე შემდგომი განვითარებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქონება და პოტენციური აქტივი იყო, აუქციონზე გატანის დროს მოიცავდა სწორედ იმ 155 კვ.მ ფართობს, რომელზედაც უკვე განთავსებული იყო საწარმოს საქმიანობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა. მხარეთა შორის სადავო არაა, რომ მითითებული 155 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული ინფრასტრუქტურით, სადავო მიწის ნაკვეთის აუქციონის გზით გასხვისებამდე უკვე ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში ჰქონდა მოსარჩელე საწარმოს და ამის გარეშე საქმიანობას ვერ გააგრძელებდა. სადავო არ არის, რომ მოპასუხის (საწარმოს 50%-იანი წილის მფლობელისა და იმხანად დირექტორის) შვილის - გ.ქ–ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის შეძენის შემდეგ, საწარმომ, რომელსაც წარმოადგენდა მოპასუხე, იჯარის ხელშეკრულება გააფორმა დირექტორის შვილთან. საქმის მასალების მიხედვით, მთლიანი 419 კვ. მეტრიდან 155 კვ.მ მიწის ნაკვეთი და ზედ განთავსებული სარეზერვუარო პარკი იმყოფება კომპანიის (მეიჯარის) კანონიერ სარგებლობაში მეიჯარესა და ფიზიკურ პირს - გ.ქ–ს შორის 2010 წლის 21 ივლისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 234). საქმეზე დადგენილი, მათ შორის, მხარეთა შორის უდავო გარემოებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით, „ბიზნეს საქმიანობის სფეროს ტესტისა“ და კეთილსინდისიერების სტანდარტით, რომელიც არა მხოლოდ იურიდიული დოქტრინის კონტექსტშია, არამედ სამოქალაქო ბრუნვის ღერძს წარმოადგენს (სსკ-ის 8.3 მუხლი), სადავო მიწის ნაკვეთის მოპასუხის შვილის მიერ შეძენის გზით მოხდა საწარმოს კომერციული შესაძლებლობის ხელყოფა, რადგან მკაფიო და უდავოა საწარმოს მატერიალური კავშირი ხელყოფილ კომერციულ შესაძლებლობასთან.

23. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 8.3 მუხლი და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში კომერციული შანსის მითვისების ნაწილში მოპასუხის მტკიცება იმით შემოიფარგლა, რომ მის შვილს, სადავო მიწის ნაკვეთის გარდა, იმავე ტერიტორიაზე სხვა მიწის ნაკვეთებიც აქვს შეძენილი. მოსარჩელის არგუმენტებისა და მტკიცებულებების გასაბათილებლად მოპასუხეს არ შემოუთავაზებია დამაჯერებელი და სარწმუნო შედავება (არათუ მტკიცებულება), თუნდაც იმგვარი მსჯელობა, რომ შესაძლოა რაღაც ეტაპზე დაინტერესებული იყო საწარმო სადავო მიწის ნაკვეთის შეძენით, თუმცა შემდეგ შეიცვალა ვითარება და ასეთი ინტერესი აღარ გააჩნდა; ან საწარმოს სადავო მიწის ნაკვეთის შეძენა რეალურად მისი საქმიანობის განსავითარებლად არ სჭირდებოდა, რადგან მას სხვა რესურსებიც ჰქონდა; ან მოპასუხემ იმის გამო შეიძინა სადავო მიწის ნაკვეთი, რომ სხვა პირზე არ გასხვისებულიყო და ამ გზით არათუ პირადი ინტერესიდან გამომდინარე დაეუფლა საწარმოს კომერციულ შესაძლებლობას, არამედ „დაარეზერვა“ საწარმოს საქმიანობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქონება. თუმცა, როგორც ყველა მოხმობილი, ისე ამ ბოლო ვერსიის დაშვების შემთხვევაშიც, მოპასუხე მარტივად ვერ გათავისუფლდებოდა მტკიცების ტვირთისგან, რადგან თითოეული ასეთი გარემოების სასამართლოსთვის შეთავაზების დროს ისევ მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, თუ რა გზას მიმართა, როგორც 50%-იანი წილის პარტნიორმა და იმავდროულად დირექტორმა (სადავო პერიოდში), რომ საწარმოს ბიზნეს საქმიანობისთვის ყველა შესაძლო ღონისძიება გამოეყენებინა, რამდენად კეთილსინდისიერად იმოქმედა, რათა სხვას არ მოეპოვებინა საწარმოსთვის კორპორაციული შესაძლებლობის თვალსაზრისით მნიშვნელოვან ქონებაზე უფლება.

24. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხის მიერ, როგორც 50%-იანის წილის მფლობელი პარტნიორისა და იმავდროულად დირექტორის, ხელთ არსებული ინფორმაცია ბიზნესსაქმიანობის ზოგადი ეთიკური წესების, გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობაზე დამყარებული ნდობისა და კეთილსინდისიერი ქცევისა და მოლოდინის პრინციპების საწინააღმდეგოდ იქნა გამოყენებული. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ბიზნესსაქმიანობის ეთიკურ პრინციპებზე დიდად არის დამოკიდებული კორპორაციის წარმატებული თუ წარუმატებელი საქმიანობა. ბიზნეს ეთიკა მოიცავს კორპორაციის მმართველი ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების წესებსა და სტანდარტებს, თუმცა ეს მხოლოდ შიდაკორპორაციულ ურთიერთობებზე როდი ახდენს გავლენას, არამედ, ასევე მნიშვნელოვანია კორპორაციის გარე ურთიერთობებში მისი საქმიანი რეპუტაცია და ბიზნესის განხორციელების ეთიკური სტანდარტები. საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ პრეზუმირებულია ოჯახის წევრებს შორის გარკვეული ინფორმაციის ფლობა. კომერციული შესაძლებლობის მითვისების კუთხით ასევე საყურადღებოა, რომ საწარმოს მტკიცებას, პარტნიორთა მოლაპარაკების თანახმად საწარმოსათვის კომერციულად საინტერესო მიწის ნაკვეთის შესაბამისი სამსახურების მიერ აზომვისა და საბოლოოდ მისი შეძენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 179) მოპასუხე შეედავა და მიუთითა, რომ „სწორედ გ.ქ–ი ხელმძღვანელობდა 2008 წლის აპრილ-მაისში დამატებით სარემონტო სამუშაოებს კომპანიის ავზების ტერიტორიაზე“ (იხ. ტ. 3, ს.ფ. 6), რაც, როგორც მხარის განმარტება, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სწორედ იმას ადასტურებს, რომ მოპასუხემ, ასევე, მისმა შვილმა, იცოდნენ კონკრეტული მიწის ნაკვეთის მოსარჩელე საწარმოს საქმიანობისათვის საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ, მოპასუხემ შეგნებულად დაუშვა ინტერესთა კონფლიქტი და კეთილსინდისიერების პრინციპის საწინააღმდეგოდ, იმოქმედა პირადი და არა საწარმოს ინტერესით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე კომპანიის პოზიცია და დაადგინა, რომ საწარმოს ფუნქციონირებისათვის არსებითად მნიშვნელოვანი მიწის ნაკვეთი საწარმოს იმდროინდელი დირექტორის (იმავდროულად 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის) შვილმა შეიძინა აუქციონზე, რითაც საწარმოს კორპორაციული შესაძლებლობის მითვისების გზით, მოპასუხემ შექმნა ისეთი ბერკეტი, რომელიც საწარმოს ოპერირებას უქადდა საფრთხეს.

25. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, საწარმოს კორპორაციული შესაძლებლობის (შანსის) ხელყოფის შესაფასებლად სამართლებრივად უმნიშვნელოა საწარმოს პარტნიორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების არარსებობა, რადგან კორპორაციული შესაძლებლობის გამოყენების დოქტრინის განვითარება ცხადყოფს, რომ ზედმეტად ფორმალურად არ უნდა შეფასდეს კორპორაციისთვის კონკრეტული კომერციული შანსი, მეტიც, ბიზნეს საქმიანობის სფეროსთან თავსებადობისა და მისი შემდგომი გაფართოების სტანდარტი სავსებით საკმარისია, რომ დადგინდეს საწარმოს კომერციული (კორპორაციული) შესაძლებლობის ხელყოფა. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის ხელშეწყობით საწარმოს კომერციული შანსის მითვისების საკითხი გამოვლენილია, რაც პარტნიორის გარიცხვის ერთ-ერთი ფაქტობრივი საფუძველია საქმეში წარდგენილი საწარმოს პარტნიორთა 06.08.2012წ. კრების ოქმის მიხედვით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 185-192). აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 სექტემბრის განჩინებით (საქმე Nას-502-2020) უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინება, რომლითაც განუხილველად დარჩა მოპასუხის სასარჩელო მოთხოვნა კომპანიის პარტნიორთა 06.08.2012წ. კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ, ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობის მოტივით. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კეთილსინდისიერად მოქმედების ტესტი, რომელიც მიემართება საწარმოს წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე დირექტორს, ვერ იქნება გამიჯნული ისეთ შემთხვევაში, როდესაც დირექტორი იმავდროულად 50 %- იანი წილის მფლობელი პარტნიორია. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საწარმოში თანაბარი წილის მფლობელობით პარტნიორობა უცილობლად ნიშნავს პარტნიორულ „თანამგზავრობას“ ყველა იმ გადაწყვეტილებასა და საქმიანობაში, რომელიც საწარმოს ფუნქციონირებასა და ჯეროვან ოპერირებას ეხება, რადგან პარტნიორთა თანაბარი წილობრივი მონაწილეობა განაპირობებს გადაწყვეტილებათა მიღებას კონსენსუსის გზით, ხოლო როდესაც ეს შეუძლებელია, ამასთან, 50%-იანი წილის მფლობელ პარტნიორთაგან ერთი იმავდროულად დირექტორია, მოქმედებს მომეტებული რისკის პრეზუმფცია საწარმოსათვის საზიანო ქმედებების თვალსაზრისით. ამ პრეზუმფციას თავისთავად აფუძნებს ერთპიროვნულად თავმოყრილი და კონცენტრირებული ძალაუფლება, როდესაც რეალურად ერთსა და იმავე პირს აქვს შესაძლებლობა, საწარმოს ფუნქციონირებისათვის, მისი ოპერირებისათვის გამოიყენოს კორპორაციულსამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების ბერკეტი ერთდროულად, როგორც პარტნიორმა და დირექტორმა. ასეთ ფაქტობრივ-სამართლებრივად გართულებულ შემთხვევაში საწარმოს 50%-იანი წილის პარტნიორისა და იმავდროულად დირექტორისადმი მოთხოვნილი კეთილსინდისიერების სტანდარტი იმით კი არ უნდა დაკნინდეს, რომ ყველა შემთხვევაში და ყოველთვის უნდა გაიმიჯნოს ერთი და იმავე პირის როლების მიხედვით ფუნქციები, არამედ, სწორედ ის უნდა შეფასდეს, რომ ერთსა და იმავე პირთან თავმოყრილი სამეწარმეო-სამართლებრივი ბერკეტებიდან გამომდინარეობს ფაქტების ცოდნა, ინფორმაციის ფლობა და შედავების შემთხვევაში, არაკეთილსინდისიერად მოქმედება პრეზუმირებულია. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საწარმოსათვის საზიანო ქმედებების პრეზუმფცია ვერ იქნება შემსუბუქებული მხოლოდ ფორმალური დანაწესით, რომ პარტნიორისა და დირექტორის უფლება-მოვალეობები გამიჯნულია. საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტში შესული 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის, როდესაც იგი იმავდროულად დირექტორია, კეთილსინდისიერ ქმედებაზე პასუხისმგებლობის შესუსტება მისი უფლებამოვალეობების ფორმალური განკერძოების გზით არ ხდება.

26. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით, საქმეში არსებული და პარტნიორთა 06.08.2012წ. კრების ოქმში ასახული ფაქტობრივი გარემოებები (მათ დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად) (იხ. ტ. 1, ს.ფ.185-192), ერთობლივად ქმნის 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორისა და, იმავდროულად, სადავო პერიოდში დირექტორის, მიერ საწარმოსთვის ხელსაყრელი კორპორაციული შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად მითვისების შესახებ სამართლებრივი დასკვნის გამოტანის საფუძველს, ასევე - მოპასუხის მხრიდან საწარმოსათვის საზიანო განგრძობადი ხასიათის ქმედებების პრეზუმფციას, რამაც საწარმოს 50%-იანი მფლობელი მიიყვანა მეორე 50%-იანი მფლობელი პარტნიორის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. ზემოხსენებულ ოქმში ასახულია ისიც, რომ საწარმოს კუთვნილი ბენზინგასამართი სადგური (თავისი რეზერვუარის ავზებით) 2008 წლის მაისიდან 2009 წლის მარტამდე იჯარით ჰქონდა აღებული შპს „ა...“-ს, რომლის მფლობელი სწორედ გ.ქ–ია. მამა-შვილი საწარმოს წინააღმდეგ მოქმედებდა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 190-191). პარტნიორის გარიცხვის სამართლებრივი რეგულირების კუთხით, საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მისსავე 2019 წლის 25 აპრილის განჩინებაზე (საქმე Nას-1203-2018), რომლითაც საქმე ერთხელ უკვე დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს დამატებითი გარემოებების გამოსაკვლევად და რომელშიც მითითებულია, რომ პარტნიორის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს კომპანიის პარტნიორთა კრების დისკრეციაში შემავალ საკითხს, რომლის მიზანშეწონილობაზეც სასამართლო კონტროლი არ ვრცელდება. სასამართლო შემოწმების უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ პარტნიორის გარიცხვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ნამდვილობაზე, სახელდობრ, რამდენადაა დაცული კანონითა და კომპანიის წესდებით განსაზღვრული პროცედურები სადავო გადაწყვეტილების მიღებისას.

27. ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების საფუძვლით პარტნიორის გარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასების საგანია პარტნიორის ქმედება და ამ ქმედების შედეგად კომპანიისათვის ზიანის მიყენების ფაქტი. პარტნიორის გარიცხვის მიზნით საზოგადოების ინტერესებისათვის საზიანო ქმედებების შეფასებისას, ზიანის მატერიალიზაცია (დადგომა) არ არის აუცილებელი. ხშირად, თავად ზიანის დადგომის ფაქტი არ არის რელევანტური, თუკი პარტნიორის ქმედება თავისთავად (მისი უარყოფითი ფინანსური შედეგის დადგომის გარეშეც) საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული და პარტნიორებს შორის არსებულ ნდობას, როგორც საწარმოს არსებობის განმსაზღვრელ ელემენტს, გამოუსწორებლად ანგრევს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს აზრით, სწორედ ამგვარ გარემოებებს აქვს ადგილი. კერძოდ, ვლინდება საწარმოს კომერციული შესაძლებლობის მითვისება მოპასუხის მხრიდან (მისი ქმედებებით), რაც პარტნიორთა შორის ნდობის დეფიციტით (ამავე კონტექსტში სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ განაჩენით დადგენილ გარემოებებსაც ენიჭება მნიშვნელობა), კეთილსინდისიერად მოქმედების ვალდებულების დარღვევის სიმძიმით, პარტნიორულ ურთიერთობებში დამკვიდრებული ნდობის გონივრული და სამართლიანი მოლოდინის ბოროტად გამოყენებითა და საზოგადოებისათვის ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რასაც უნდა მოჰყვეს კონკრეტული სამართლებრივი შედეგი. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განხორციელებულია პარტნიორის გარიცხვის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები, რის გამოც უნდა დადგინდეს პარტნიორული წილის ღირებულება.

28. სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა საკასაციო სასამართლოს იმავე გადაწყვეტილების 68.16. პუნქტზე, სადაც საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ აუქმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში საწარმოდან პარტნიორის გარიცხვის საკომპენსაციო წილის ღირებულების დასადგენად, რადგან ამ ეტაპზე შეუძლებელია საბოლოო გადაწყვეტილების მიღება”.

29. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, როგორც აღინიშნა, საკასაციო სასამართლოს მითითებები მოცემულ შემთხვევაში სავალდებულო იყო სააპელაციო სასამართლოსთვის. ამასთან, საქმე იხილებოდა იმ ფარგლებში, რა ნაწილშიც საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა საკასაციო სასამართლომ.

30. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 07 აგვისტოს განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის საოქმო განჩინება კომპანიის მიერ შუამდგომლობით წარდგენილი აუდიტორული დასკვნის დართვაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს ხელახლა მსჯელობა დაავალა. უზენაესმა სასამართლომ განჩინებაში ასევე მიუთითა, რომ აუდიტორული დასკვნა უნდა დაერთოს საქმის მასალებს და იმის გათვალისწინებით, რომ პარტნიორის საწარმოდან გარიცხვა უკავშირდება საკუთრების უფლებას, ამ საკითხის გადაწყვეტა პარტნიორის წილის კომპენსაციის უფლების დაცვით უნდა მოხდეს, მოპასუხეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მხარეთა თანასწორობის საფუძველზე, სურვილისამებრ, წარადგინოს სხვა აუდიტორული დასკვნა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას საქმეს მტკიცებულების სახით დაერთო მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნა. ამასთან, სასამართლომ მოისმინა მხარეთა პოზიციები და მოპასუხეს ალტერნატიული დასკვნის წარსადგენად მისცა ვადა. მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნის თანახმად, კომპანიის 50%-იანი წილის ღირებულება შეფასებულია 159 000 აშშ დოლარად. აღსანიშნავია, რომ მოპასუხის მიერ საპირწონე აუდიტორული დასკვნის წარსადგენად, სააპელაციო სასამართლოში გადაიდო არაერთი სხდომა. 2025 წლის 02 ოქტომბრის სასამართლოს სხდომაზე (იხ. 02.10.2025წ. სხდომის ოქმი, 12:45:28-12:46:17სთ) მოპასუხემ განაცხადა, რომ ექსპერტიზის დასკვნა არასწორი იყო, რის გამოც არ იქნა წარდგენილი. სასამართლო სხდომა აღნიშნული დასკვნის წარდგენის მიზნით კიდევ ერთხელ გადაიდო 2025 წლის 09 ოქტომბერს, თუმცა 2025 წლის 09 ოქტომბრის სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, ხოლო მისმა წარმომადგენელმა ზ.გ–ძემ განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომლის წარსადგენადაც გადადებული იყო სხდომა, არ არსებობდა და ამიტომ არ იყო სასამართლოში წარდგენილი (იხ. 09.10.2025წ. სხდომის ოქმი, 13:12:25 სთ).

31. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლოში საქმისწარმოება მიმდინარეობს თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნა, ხოლო საპირწონე მტკიცებულების წარსადგენად სააპელაციო სასამართლოს მიერ აპელანტს მიეცა გონივრული ვადა. აღნიშნული მიზნით, ჩატარდა და გადაიდო არაერთი სხდომა. საბოლოოდ, დასკვნის მომზადების მიუხედავად, აპელანტმა არ წარადგინა მისი სასარგებლო მტკიცებულება, რაც მოპასუხის 50%-იანი წილის განსაზღვრის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. შესაბამისად, ვინაიდან არ არსებობდა საწინააღმდეგო მტკიცებულება, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნა და მიიჩნია, რომ მოპასუხის 50%-იანი წილის ღირებულება 159 000 აშშ დოლარით უნდა განსაზღვრულიყო.

32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო მოპასუხის საზოგადოებიდან გარიცხვისა და წილის ღირებულების ანაზღაურების საფუძველი, ხოლო წილის ღირებულების განსაზღვრისთვის სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარდგენილ დასკვნას და სამეწარმეო საზოგადოების 50%-იან წილის ღირებულებად განსაზღვრა 159 000 აშშ დოლარი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3 ქვეპუნქტი უნდა ჩამოყალიბებულიყო შემდეგი სახით: მოპასუხე გაირიცხოს კომპანიის პარტნიორობიდან და კომპანიაში მოპასუხის 50% წილის ღირებულება განისაზღვროს 159 000 აშშ დოლარით.

33. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

34. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

34.1. მოცემული დავა სასამართლომ უნდა განიხილოს, როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გათვალისწინებული საკუთრების უფლების ჩამორთმევა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ კომპანიის აქციები და წილები, რომელთაც აქვთ ეკონომიკური ღირებულება, წარმოადგენენ საკუთრებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის გაგებით. კერძოდ, კონვენცია საკუთრებაში მოიაზრებს აქციებსა და წილებსაც და განსაზღვრავს, რომ საკუთრების უფლების მიხედვით, ადამიანს უნდა ჰქონდეს ამ უფლებით სრულად და მშვიდად სარგებლობის შესაძლებლობა, უხეში ჩარევების გარეშე. კონკრეტული უფლების შეზღუდვა მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში დაიშვება; სახელმწიფოს ვალდებულებაა, არა მხოლოდ თავი შეიკავოს თვითნებური ჩარევისგან, არამედ უზრუნველყოს კიდეც პარტნიორის წილის ეფექტური სასამართლო დაცვა. პარტნიორის წილის ფაქტობრივი გაუფასურება არღვევს სამართლიან ბალანსს და იწვევს საკუთრების უფლების დარღვევას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებულ საკუთრების უფლების მნიშვნელობასთან;

34.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ 2019 წლის 25 აპრილს მიღებულ განჩინებას საქმეზე Nას-1203-2018. კერძოდ, აღნიშნული განჩინების 24.4 პუნქტს, რომლის თანახმად, უზენაესმა სასამართლომ დაადგინა შემდეგი: „საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის სამართლებრივ შედეგს წილზე საკუთრების უფლების ჩამორთმევა წარმოადგენს, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, შესაბამისი ფაქტობრივი წინაპირობების შესრულების შემთხვევაში, საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა არ უნდა განხორციელდეს მისი წილის კომპენსაციის საკითხის გადაუწყვეტლად, რათა არ მოხდეს მისი კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლების შელახვა. აღნიშნული კი, თავის მხრივ, დამოკიდებულია კომპანიაში თავისუფალი სახსრების არსებობაზე, რაც ასევე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს კვლევის საგანი უნდა გახდეს“;

34.3. არცერთი ინსტანციის სასამართლოს არ გამოუკვლევია კომპანიის სახსრები, მისი მზაობა გამოისყიდოს წილი, ასევე, გაანაწილოს ამ პერიოდში დაგროვილი დივიდენდი. არაა გამოკვლეული - არის თუ არა კომპანიის ინტერესებში წილის გამოსყიდვა, არის თუ არა კომპანიაში რაიმე გეგმა, მოლოდინი ან/და წილის გამოსყიდვის განსაზღვრული ვადა. სასამართლოს არათუ არ გამოუკვლევია ეს გარემოებები, არამედ აღნიშნულის პირობები და ვადებიც კი არ განუსაზღვრავს. კომპანიიდან ინფორმაციის მოპოვება წარმოადგენს პრობლემას თავად მოპასუხისთვის, რომელსაც, მიუხედავად იმისა რომ დღემდე პარტნიორია, არ აქვს წვდომა და, შესაბამისად, არ აქვს ინფორმაცია თანხის ხარჯვაზე, მიზნობრიობაზე, კომპანიის სახსრებზე. ასეთი ინფორმაცია არ გააჩნია არც სასამართლოს. ვინაიდან კომპენსაციის საკითხი არ ყოფილა მსჯელობის საგანი პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოპასუხეს არ ჰქონია არც საჭიროება და არც ვალდებულება (მტკიცების ტვირთი) კომპანიის ამჟამინდელი სახსრების, სამომავლო შესაძლებლობებისა თუ გეგმების მტკიცებისა. ახლა კი ამის შესაძლებლობა არ გააჩნია, რადგან საქმეზე კომპენსაციის საკითხი წამოიჭრა მხოლოდ მთავარი სხდომის შემდეგ, ზემდგომ ინსტანციაში;

34.4. ამდენად, ნათელია, რომ სასამართლოს მიერ უზენაესი სასამართლოს მითითება არ შესრულებულა, რაც მხოლოდ და მხოლოდ სრულყოფილი პროცესით მოსამზადებელი სტადიის გავლისას არის შესაძლებელი პირველი ინსტანციის სასამართლოში;

34.5. მნიშვნელოვანია, რომ კომპენსაციის სანაცვლოდ გარიცხვის თაობაზე არც მოთხოვნა ყოფილა დაყენებული, რაც ასევე შეუძლებელს ხდიდა რაიმე მსჯელობაში შესვლას, მოპასუხის მიერ რამის მტკიცებას, მტკიცების უარყოფას, მტკიცებულებათა წარდგენასა თუ სადავოდ გახდომას; სასამართლომ გადაწყვიტა ის, რაც არცერთ მხარეს არ მოუთხოვია. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შეიცვალა საჩივრის საფუძველზე, კომპენსაციის ოდენობას არ შეეხებოდა. სარჩელში წილის ღირებულებაზე აღნიშვნაც კი არ ყოფილა და აღნიშნული საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მსჯელობის საგანი არ გამხდარა;

34.6. ამასთან, სასამართლომ საერთოდ ღიად დატოვა - ღირებულება უნდა გადახდეს თუ არა კომპანიას, ვინ უნდა გადაიხადოს ეს თანხა, რა ვადაში, რა პირობით, საერთოდ შეუძლია თუ არა კომპანიას ამ თანხის გადახდა. ანუ, სასამართლოს არ გადაუწყვეტია და კომპენსაციის გადახდა არავისთვის არ დაუკისრებია. მოპასუხე ვერ აიღებს სააღსრულებო ფურცელს აღსასრულებლად. რეალურად, სასამართლომ უბრალოდ ჩამოართვა მოპასუხეს წილი კომპენსაციის მეორე მხარისათვის დაუკისრებლად;

34.7. საკასაციო სასამართლოს იმავე განჩინების (2019 წლის 25 აპრილის განჩინება საქმეზე Nას-1203-2018) 25-ე პუნქტის თანახმად: „სასამართლომ უნდა დაადგინოს პარტნიორის მიერ საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, საზოგადოების მიზნის შელახვა, რის შედეგადაც შეუძლებელი ხდება პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება; საზოგადოებისთვის ზიანის მიყენება; პირველ და მეორე წინაპირობას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა. გარიცხვის შესახებ სასარჩელო წარმოებისას სასამართლო ამოწმებს, რამდენად კეთილსინდისიერად გამოიყენეს პარტნიორებმა (პარტნიორმა) გარიცხვის უფლება, ხომ არ იყო მათი გადაწყვეტილება მოტივირებული პირადი ინტერესებით, პირადი სარგებლის ან ქონებრივი უპირატესობის მოსაპოვებლად“. ეს გარემოებები სასამართლოს საერთოდ არ გამოუკვლევია;

34.8. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რამდენიმე საფუძველი. აუცილებელია სასამართლოს მიერ ინსტიტუციურად მოწესრიგდეს საზოგადოების პარტნიორობიდან გარიცხვის კანონით გაუთვალისწინებელი წინაპირობები, მისი შესაბამისობა კონსტიტუციასთან და დადგინდეს გარიცხვის განხორციელების წესი, რაც დღეის მდგომარეობით სასამართლოს არცერთ საქმეზე არ დაუდგენია;

34.9. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს არ დაუდგენია ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც მოპასუხის პარტნიორობიდან გარიცხვას დაასაბუთებდა; ვერ საბუთდება გარიცხვის უალტერნატივობა და, ამასთან, სასამართლო ღიად ტოვებს გარიცხვის თანამდევ შედეგებს, რის გამოც გადაწყვეტილების საბოლოო შედეგები განუსაზღვრელია; მიღებული გადაწყვეტილება პარტნიორობიდან გარიცხვის შესახებ, რაც გულისხმობს პარტნიორის ყველა უფლების შეზღუდვას, არის დაუსაბუთებელი და არათანაზომიერი გარიცხული პარტნიორის მიმართ;

34.10. რამდენადაც არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო სასამართლო პრაქტიკა, დასაბუთებულია ვარაუდი, რომ სასამართლომ შეიძლება მიიღოს მანამდე მიღებული გადაწყვეტილებებისგან განსხვავებული გადაწყვეტილება;

34.11. გასათვალისწინებელია სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა პარტნიორობიდან გარიცხვასთან დაკავშირებით. კერძოდ, სასამართლო პარტნიორის გარიცხვისას დაეფუძნა მისი, როგორც დირექტორის, მიერ საზოგადოების არასათანადო მართვასა და პარტნიორებს შორის უთანხმოებას, რაც უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, არ შეიძლება იყოს გარიცხვის საფუძველი, ანუ პარტნიორი იმ დასაბუთებით გაირიცხა, რაც უზენაეს სასამართლოს უკანონოდ აქვს მიჩნეული (იხ. სუსგ საქმე Nას-289-273-2011, Nას-771-732-2013). უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის ანალიზით დგინდება, რომ პარტნიორის გარიცხვის აუცილებელი წინაპირობა არის პარტნიორის მიერ, მისი პარტნიორული (წილის საკუთრებიდან გამომდინარე) უფლებამოსილების ორგანიზაციის საწინააღმდეგოდ გამოყენება, ხოლო დირექტორის საქმიანობიდან გამომდინარე დარღვევა არ შეიძლება გახდეს პარტნიორის გარიცხვის საფუძველი, ისევე, როგორც პარტნიორებს შორის უთანხმოება;

34.12. სასამართლომ არ გამოიყენა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 143-ე მუხლით გათვალისწინებული პარტნიორის გარიცხვის პროცესუალური დებულებები, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტები. ასევე, იმავე კანონის 145-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-7 პუნქტები. აღნიშნული ნორმები წარმოადგენს პროცესუალურ ნორმებს, შესაბამისად, არა კერძოსამართლებრივი, არამედ საჯაროსამართლებრივი ნორმებია და ისინი მოქმედებს სწორედ პროცესის მიმდინარეობისას არსებული, ძალაში მყოფი სახით;

34.13. სასამართლომ არასწორად დაადგინა წილის ღირებულება. სასამართლოს მიერ წილის ღირებულების დასადგენად საჭირო იყო სრულყოფილი მოკვლევა (და არა მხოლოდ აპელაციაში ერთი დასკვნის წარდგენა) მხარეთათვის თანაბარი და სრული საპროცესო უფლებამოსილების მინიჭებით, განსაკუთრებით კი იმ პირისათვის, რომლის ქონების ჩამორთმევასაც ეხება დავა, მათ შორის, კომპანიის სრული დოკუმენტაციის მოპოვება, მისი ღირებულების განსაზღვრა აქტივებისა და პასივების შედარების მეთოდით, ექსპერტთა გამოკითხვითა და ყველა იმ საშუალებით, რაც პროცესის მონაწილეს გააჩნია საქმის მოსამზადებელ ეტაპზე. მთავარი სხდომის დასრულების შემდეგ მხარე შეზღუდულია პროცესუალურ შესაძლებლობას, ამტკიცოს ესა თუ ის გარემოება; სასამართლოს მიერ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება;

34.14. ზიანის მიყენების ფაქტის, მიზეზშედეგობრივი კავშირისა და ოდენობის დაუდგენლობის გამო, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის თანხის დაკისრება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ასევე, იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო დაუშვებელი იყო მოპასუხის გარიცხვა. კომპანიას აღნიშნულის მიმართ არავითარი ინტერესი არ გააჩნია. კომპანიას წილის შესყიდვის სახსრებიც არ გააჩნია. ამდენად, მისთვის წილის გამოსყიდვის ვალდებულების დაკისრება მხოლოდ დამღუპველია და დაუშვებელია.

35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 08 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

36. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

38. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაეკისრა 188 584 აშშ დოლარის გადახდა; ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხის კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, შესულია კანონიერ ძალაში (დეტ. იხ. წინამდებარე განჩინების მე-15 პუნქტი). რაც შეეხება კომპანიიდან პარტნიორის - მოპასუხის გარიცხვის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი კომპანიიდან პარტნიორის - მოპასუხის გარიცხვის თაობაზე და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ განჩინებაში მოხმობილი იურიდიული დოქტრინისა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოვლინდა საწარმოს კომერციული შესაძლებლობის მითვისება მოპასუხის მხრიდან (მისი ქმედებებით), რაც პარტნიორთა შორის ნდობის დეფიციტის, კეთილსინდისიერად მოქმედების ვალდებულების დარღვევის სიმძიმის, პარტნიორულ ურთიერთობებში დამკვიდრებული ნდობის გონივრული და სამართლიანი მოლოდინის ბოროტად გამოყენებისა და საზოგადოებისათვის ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდებოდა და რასაც უნდა მოჰყოლოდა კონკრეტული სამართლებრივი შედეგი; საკასაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში განხორციელებულად მიიჩნია პარტნიორის გარიცხვის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები, რის გამოც, უნდა დადგენილიყო პარტნიორული წილის ღირებულება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ საქმე სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა მხოლოდ საწარმოდან პარტნიორის გარიცხვის საკომპენსაციო წილის ღირებულების დასადგენად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმე ხელახლა სწორედ ამ ფარგლებში განიხილა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კომპანიაში მოპასუხის 50%-იანი წილის, როგორც პარტნიორის გარიცხვის საკომპენსაციო წილის, ღირებულების განსაზღვრის მართლზომიერება. აღნიშნული გადაწყვეტილებით კომპანიაში მოპასუხის 50%-იანი წილის ღირებულება განისაზღვრა 159 000 აშშ დოლარით, რასაც კასატორი არ ეთანხმება. საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, მისი პრეტენზია არსებითად იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები/მტკიცებულებები და მოპასუხეს არ მიეცა სათანადო მტკიცების განხორციელების საპროცესო საშუალება, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა [სსსკ-ის მე-5.1 მუხლის თანახმად, მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე] და შეჯიბრებითობის [სსსკ-ის მე-4.1 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები] ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. აღნიშნული პრინციპების რეალიზება მოდავე მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან) (იხ. სუსგ საქმე Nას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე Nას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 აგვისტოს განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბრის საოქმო განჩინება მოსარჩელის მიერ შუამდგომლობით წარდგენილი აუდიტორული დასკვნის დართვაზე უარის თქმის ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს დაევალა აღნიშნულ შუამდგომლობაზე ხელახლა მსჯელობა. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აუდიტორული დასკვნა უნდა დართვოდა საქმეს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ პარტნიორის საწარმოდან გარიცხვა უკავშირდება საკუთრების უფლებას, ამ საკითხის გადაწყვეტა პარტნიორის წილის კომპენსაციის უფლების დაცვით უნდა მომხდარიყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოპასუხეს უნდა მისცემოდა შესაძლებლობა მხარეთა თანასწორობის საფუძველზე, სურვილისამებრ წარედგინა სხვა აუდიტორული დასკვნა, რადგან მოპასუხეს ამგვარი საპროცესო აქტიურობა არ მოეთხოვებოდა იმ ეტაპზე და იმ პირობებში, როდესაც საქმეზე მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნის დართვა უარყოფილ იქნა სასამართლოს განჩინებით. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნა დაერთო საქმეს. ამასთან, მოპასუხეს მიეცა ვადა აუდიტის დასკვნის წარსადგენად და ამ მოტივით სასამართლო სხდომა გადაიდო 2025 წლის 06 თებერვალს; აღსანიშნავია, რომ მოპასუხის მიერ აუდიტორული დასკვნის წარდგენის მიზნით სააპელაციო სასამართლოში არაერთი სხდომა გადაიდო; ხოლო, 2025 წლის 09 ოქტომბერს, თითქმის 10 თვის შემდგომ გამართულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომლის წარსადგენადაც იყო გადადებული სხდომა, არ არსებობდა და, შესაბამისად, სასამართლოში არ იყო წარდგენილი (იხ. 09.10.2025წ. სხდომის ოქმი, 13:12:25სთ). ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხეს მტკიცებულების წარსადგენად მიეცა საკმარისი ვადა/შესაძლებლობა, თუმცა მან, მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულება ვერ წარადგინა, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კომპანიაში მოპასუხის 50%-იანი წილის ღირებულების განსაზღვრისას მართებულად იხელმძღვანელა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ABC CONSULTING-ის 15.06.2020წ. აუდიტის დასკვნის შედეგებით (იხ. ტ. 8, ს.ფ. 105-124), რომლის თანახმად, კომპანიის 50%-იანი წილის საბაზრო ღირებულება შეადგენს 159 000 აშშ დოლარს და, შესაბამისად, ასევე მართებულად დაადგინა მისი ღირებულება (159 000 აშშ დოლარი). კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო დასაბუთებული და სამართლებრივად ვარგისი პრეტენზია არ წარმოუდგენია. სააპელაციო სასამართლოს მიერ საკომპენსაციო წილის ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის სამართლებრივ შედეგს წილზე საკუთრების უფლების ჩამორთმევა წარმოადგენს. შესაბამისად, საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა დაუშვებელია განხორციელდეს მისი წილის კომპენსაციის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, რათა არ მოხდეს მისი კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლების შელახვა (იხ. სუსგ საქმე Nას-1203-2018, 25 აპრილი, 2019 წელი). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ბ.ქ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ბ.ქ–ს (პ.ნ. ........) დაუბრუნდეს ბ. რ–ის (პ.ნ. .......) მიერ 2025 წლის 15 დეკემბერს №9203 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლევან ნემსაძე

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

მიხეილ ჯინჯოლია