დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1427-2025
18 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.გ–ი (მოსარჩელე)
მესამე პირები - გ.ბ–ი, ა.ბ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – აუცილებელი გზის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ.გ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მესაკუთრე“) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“, „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ აუცილებელი გზის დადგენის მოთხოვნით.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს 2025 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. 81.10.28.889 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (შემდგომში ასევე - „იზოლირებული მიწის ნაკვეთი“) ეკუთვნის მოსარჩელეს;
6.2.იზოლირებული მიწის ნაკვეთი სრულად არის მოქცეული სხვა პირთა კუთვნილ ნაკვეთებს შორის და მას საჯარო გზასთან უშუალო და პირდაპირი კავშირი არ გააჩნია;
6.3. .........., ........, ........., .........., ........... და .......... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები ეკუთვნის სახელმწიფოს, რომელსაც სადავო სამართალურთიერთობაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს;
6.4.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 15 აპრილის დასკვნით დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან მისასვლელად ოპტიმალური, საავტომობილო და საფეხმავლო გზა ერთი მხრიდან, სახელმწიფოს კუთვნილი ნაკვეთების გავლით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი წესით შეიძლება მოეწყოს.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთიდან საჯარო გზებთან დაკავშირება, სწორედ, ამ ნაკვეთების გავლით არის შესაძლებელი. ამრიგად, თუ მოსარჩელეს მათზე გადაადგილების უფლება არ მიეცემა, იგი საკუთრებით ვეღარ ისარგებლებს და, არსებითად, საკუთრებას დაკარგავს.
8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთი არც ერთ საჯარო გზას არ ესაზღვრება. შესაბამისად, მას აუცილებელი გზის მოთხოვნის უფლება, ხოლო მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს ამის თმენის ვალდებულება გააჩნია.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 15 აპრილის დასკვნის საწინააღმდეგო დასკვნა აპელანტს არ წარუდგენია. მას არც კი მიუთითებია თუ სხვა რომელი გზით შეიძლება დაუკავშირდეს მოსარჩელის ნაკვეთი საჯარო კომუნიკაციებს და რატომ იქნება ეს გზა უმჯობესი ექსპერტის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტთან შედარებით.
10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2024 წლის 26 იანვრის წერილს საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც ეს წერილი სახელმწიფოს კუთვნილი, მხოლოდ ერთი ........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სერვიტუტით და არა აუცილებელი გზით დატვირთვას ეხება. შესაბამისად, ნაკვეთზე აუცილებელი გზის დადგენის თაობაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის პოზიცია უცნობია. ........., .........., 81.10.28.230, ......... და ...... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დატვირთვის თაობაზე კი ზემოხსენებულ ადმინისტრაციულ ორგანოს, როგორც ჩანს, არ უმსჯელია. ამასთან, მოსარჩელემ აუცილებელი გზა, სწორედ, იმიტომ მოითხოვა, რომ მას მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვაზე უარი ეთქვა - აპელანტისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელის უფლების რეალიზაციაზე, თავისთავად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ზემოხსენებული წერილით დგინდება, რომ .......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი საავტომობილო გზის განვითარების არეალში მდებარეობს, ე.ი. მასზე გზა უნდა მოეწყოს. სააპელაციო პალატის მითითებით, ბუნდოვანია თუ რატომ შეუშლის გზის მოწყობას ხელს მოსარჩელისათვის ამ გზითვე სარგებლობის უფლების მინიჭება.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
12. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:
12.1. მოსარჩელეს სსკ-ის 180-ე მუხლის შესაბამისად, აუცილებელი გზის მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს მისი საკუთრების ჯეროვანი გამოყენების ერთადერთი საშუალებაა. შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს იმპერატიულ მოთხოვნას, რაც მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს;
12.2. მოსარჩელის მიერ წარდგენილ დასკვნაში მსჯელობა განვითარებულია არა ერთადერთ და აუცილებელ საშუალებაზე, არამედ ოპტიმალურ ვერსიაზე, რაც იძლევა ვარაუდს რომ დასკვნაში მითითებული აუცილებელი გზის მოწყობის ვარიანტი არ არის ერთადერთი საშუალება მოსარჩელის საკუთრებასთან მისასვლელად;
12.3. სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2024 წლის 26 იანვრის N2-03/943 წერილი, რომლითაც მოსარჩელეს ეცნობა რომ მიწის ნაკვეთი მოქცეულია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ვაზიანის შემოსასვლელი მონაკვეთის განვითარების არეალში. ამრიგად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას, შეითანხმოს აღნიშნული მიწის ნაკვეთის განკარგვის საკითხი.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შეფასების საგანს სამეზობლო სამართლიდან გამომდინარე მოთხოვნის - აუცილებელი გზის უფლების დადგენის წინაპირობების არსებობა წარმოადგენს.
19. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოშობილი სადავო სამართალურთიერთობა სანივთო სამართლიდან გამომდინარეობს. მოსარჩელე მოითხოვს აუცილებელი გზის უფლების დადგენას, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და მესაკუთრის უფლებები – ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით) ისე, რომ არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით.
21. საკუთრების უფლების შეზღუდვის ერთ-ერთი შემთხვევა რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. შესაბამისად, 180-ე მუხლი წარმოადგენს საკუთრებით თავისუფალი სარგებლობის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს და გამართლებულია სხვა მესაკუთრის აუცილებელი საჭიროებით (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება). ამასთანავე, უფლებათა კონკურენციის საკითხი კანონმდებლობით მოწესრიგებულია იმგვარად, რომ მესაკუთრეს, რომლის ნივთთან კავშირიც სხვა მესაკუთრის ინტერესებიდან გამომდინარე ეზღუდება, მიეცემა კომპენსაცია, რაც უფლებაში ჩარევის ადეკვატური საშუალება უნდა იყოს.
22. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება, მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტური მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ.
23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის გამოყენებისათვის საჭიროა ობიექტური გარემოებების არსებობა, რაც წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. ეს კი ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გულისხმობს, ანუ - თუ არსებობს ობიექტური გარემოება, როგორიცაა - სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება. ამასთან, ვინაიდან აუცილებელი გზის დადგენა მეზობელი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მნიშვნელოვან ჩარევას იწვევს, აუცილებელი კავშირი მკაცრი კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს (იხ. სუსგ საქმე Nას-1901-2018, 22 ნოემბერი, 2019 წელი).
24. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ აუცილებელი გზის უფლების თაობაზე სარჩელი ფორმალურად გამართულია, თუკი მოსარჩელე მიუთითებს ნორმით განსაზღვრულ ყველა წინაპირობაზე: ის უნდა წარმოადგენდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს; მიწის ნაკვეთს არ უნდა გააჩნდეს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან; მეზობელი ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ნივთის ფაქტობრივი მდებარეობითა და ფუნქციური დანიშნულებისამებრ გამოყენებით; მეზობელი მიწის ნაკვეთი უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი პროპორციული საშუალება. იმის მიხედვით, თუ ჩამოთვლილთაგან რომელ ფაქტებს შეედავება მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე, განისაზღვრება მტკიცების საგანი (სადავო ფაქტები) და შედავებათა პროცესუალური ხასიათიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი.
25. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზია შეეხება იმას, რომ ექსპერტიზის დასკვნაში ასახული აუცილებელი გზის მოწყობის შესაძლებლობა არ არის მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან დაკავშირების ერთადერთი საშუალება.
26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის - მოპასუხის მიწის ნაკვეთის გამოყენება მოსარჩელის ქონებით სარგებლობის ერთადერთ და საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს თუ არა, მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში წარდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ იზოლირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი ოპტიმალური საავტომობილო და საფეხმავლო გზა შესაძლებელია მოეწყოს ერთი მხრიდან. დასკვნა არ შეიცავს ინფორმაციას ალტერნატიული გზის მოწყობის შესაძლებლობასთან დაკავშირებით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 155-163). ამ ფაქტის გაქარწყლების თვალსაზრისით მოპასუხე მხარეს რაიმე მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა არ წარუდგენია, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას, რომ მოსარჩელის უფლების რეალიზაციის საუკეთესო საშუალება სწორედ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გზის მოწყობის ვარიანტია.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლო მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
28. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე, რაც მათი უფლებაა, მაგრამ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; იხ: სუსგ საქმე №ას-1298-2018; 22.03.2019 წელი; №ას-1329-2018, 22.02.2019 წელი; №ას-1610-2019, 07.02.2020 წელი).
29. მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია, არამედ, სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მტკიცებულების ყოველმხრივი შესწავლა-გამოკვლევის საფუძველზე ადგენს სასამართლო მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს და ამ გზით ყალიბდება სადავო ფაქტის არსებობა-არარსებობის თაობაზე მოსამართლის შინაგანი რწმენა. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და უკავშირდებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები კი უნდა იყოს დასაბუთებული და, იმავდროულად, უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით (სსსკ-ის 102. 3 მუხლი)(იხ. სუსგ საქმე Nას-438-2024, 22 ივლისი, 2024).
30. მოცემულ შემთხვევაში, მას შემდეგ რაც მოსარჩელემ მიუთითა და დაადასტურა სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა და სასამართლოს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადადის. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მხარე (კასატორი) შეედავა მოსარჩელის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, იგი შემოიფარგლა ზეპირსიტყვიერი შედავებით, ხოლო ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნის საპირისპირო რაიმე მტკიცებულება ან ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც გაბათილდებოდა მოსარჩელის მტკიცებას, წარმოდგენილ დასკვნაზე დაყრდნობით, და სასამართლოს დაარწმუნებდა ალტერნატიული გზის არსებობასა და მის ოპტიმალურობაში, მოპასუხე მხარეს არ წარუდგენია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ წარმატებით დაადასტურა მისი მტკიცების ტვირთში შემავალი გარემოებები და სასამართლოს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა - აუცილებელი გზის მოწყობის წინაპირობების არსებობა დაადასტურა.
31. რაც შეეხება კასატორის მითითებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2024 წლის 24 იანვრის წერილზე, აღნიშნული შეეხება სერვიტუტის უფლების დატვირთვის საკითხს და სწორედ სერვიტუტის უფლებით დატვირთვაზე უარმა განაპირობა მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 180-ე მუხლის საფუძველზე მოეთხოვა აუცილებელი გზა.
32. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ აუცილებელი გზა ყოველთვის ნაკარნახებია უალტერნატივო აუცილებლობით და დგინდება კანონის საფუძველზე. სერვიტუტი, თავის მხრივ, ყოველთვის მხარეთა ნების საფუძველზე დგინდება, ანუ იქ, სადაც მხარეები თანხმდებიან. აუცილებელი გზის დადგენა სერვიტუტის ფორმითაც არის შესაძლებელი, ამ შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს მხარეთა შეთანხმება. სერვიტუტის დადგენა აუცილებლობიდან არ გამომდინარეობს, ის ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელია წარმოშვას. იქ, სადაც მხარეთა ნება გამორიცხულია, კანონი ერევა უხეშად და სწორედ კანონისმიერი უფლების დადგენის გზით გვარდება სამართლებრივი კონფლიქტი. აუცილებელი გზის კონსტრუქციით კანონმდებელმა შემოიტანა საკონტროლო მექანიზმი, რომლითაც, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში შეუძლია, ისარგებლოს იზოლირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ, მიწის ნაკვეთის აუცილებელ კომუნიკაციებთან კავშირის უზრუნველსაყოფად (თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 281). ამდენად, აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება - ესაა კანონით დადგენილი საკუთრების უფლების შეზღუდვა (ე. წ. „აუცილებელი გზის სერვიტუტი“, „servitus №ecessaria“) და იგი წარმოიშობა მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც არის ცალმხრივი აღმჭურველი ნების გამოვლენა (ლევან თოთლაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი, 2018წ., მუხ.180, ველი 1) (იხ. სუსგ საქმე №ას-1147-2021, 31 მარტი, 2023 წელი).
33. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 247-ე და 180-ე მუხლების შედარებითი ანალიზი ცხადყოფს, რომ – თუ სერვიტუტი უკავშირდება მიწის ნაკვეთის გარკვეული უფლებით შესაძლო დატვირთვას, აუცილებელი გზა ცალსახად გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვის იმპერატიულ მოთხოვნას. მიწის ნაკვეთის უკეთ გამოყენების მიზნით მხარეებმა შეიძლება დაადგინონ სერვიტუტიც, მაგრამ განსხვავებით სერვიტუტისაგან, აუცილებელი გზის მოთხოვნა გამომდინარეობს არა მხარეთა შეთანხმებიდან, არამედ კანონიდან გამომდინარე ვალდებულებიდან, რომ იმ მიწის მესაკუთრემ, რომელზეც გადის აუცილებელი გზა, უნდა ითმინოს მის მიწის ნაკვეთზე განხორციელებული აუცილებელი გზის მოსაწყობად აუცილებელი ღონისძიებები და გზის ექსპლუატაციის შედეგები. მოცემულ შემთხვევაში, ობიექტურმა საჭიროებამ წარმოშვა აუცილებელი პირობა სხვისი ნივთით სარგებლობისა, რასაც კანონმდებლობა მკაფიო შედეგს – აუცილებელი გზის უფლებას უკავშირებს. სსკ-ის 180-ე მუხლით აუცილებელი გზის მხოლოდ აუცილებელ, უალტერნატივო შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, ამასთან, ამ უფლების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში.
34. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორებმა მიუთითეს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში, მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-892-2021, 22 დეკემბერი 2023 წელი; №ას-558-2023, 30 ნოემბერი 2023 წელი).
36. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ს“ პრიმა ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
ლევან ნემსაძე