დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 23.07.2026
საქმის ნომერი
ას-1394-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1394-2025

23 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ნ.ვ.დ–ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დამზღვევი“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ნ.ვ.დ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მზღვეველი“) მიმართ პირგასამტეხლოს - 3 900 ლარის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 1 000 ლარის გადახდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 2 000 ლარის გადახდა.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. 2020 წლის 29 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო N555 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ(შემდგომში - „ხელშეკრულება“), რომლითაც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება დაზღვევის მომსახურება გაუწიოს მოსარჩელის ბალანსზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებებს, თანდართული დაზღვევის პირობების №1 დანართისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალის №2 დანართის შესაბამისად. მომსახურების გაწევა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული CON200000301 სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებითა და ტარიფებით. ხელშეკრულების №1 დანართის „დაზღვევის პირობების“ II ნაწილის, მე-2 მუხლის, მე-10 პუნქტის თანახმად, ავტომანქანის ან მისი ნაწილების შეკეთება/აღდგენის ვადად განისაზღვრა, ზარალის რეგულირების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღე, ხოლო დეფიციტური ნაწილების შემთხვევაში, არაუგვიანეს 45 კალენდარული დღე. ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას შემსყიდველს გაუწიოს მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად, ხოლო 11.4 პუნქტის თანახმად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით;

6.2. ხელშეკრულების №2 დანართის თანახმად, დაზღვეულ იქნა შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალებები და გაიცა სადაზღვევო პოლისები - ავტომანქანა „RENAULT DUSTER“ სახელმწიფო №........;

6.3. 2021 წლის 8 დეკემბერს დაზიანდა მოსარჩელის ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის დარეგულირების აქტი შედგა 2021 წლის 27 დეკემბერს (გადაწყვეტილება №CASNVCL-010447). აღდგენა კი განხორციელდა ვადის დარღვევით და შემსყიდველთან მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2022 წლის 24 თებერვალს. ავტომანქანა „RENAULT DUSTER“ სახელმწიფო №.........; აღდგენილ იქნა 39 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით. დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 3900 ლარს.

7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა წინამდებარე განჩინების 6.1-6.3 პუნქტებზე და დამატებით აღნიშნა, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 180 684. 9 ლარის ოდენობით.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის (აპელანტი) სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 1000 ლარის გადახდა. მოპასუხეს ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად გადაწყვეტილება ამ ნაწილში სსსკ-ის 264-ე მუხლის თანახმად, შესულია კანონიერ ძალაში. სააპელაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს მოპასუხისათვის 2 900 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის მართებულობა.

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის საერთო ღირებულებაა 180 684.90 ლარი. მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულების დაზღვევის პირობების II ნაწილის მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნა, რის გამოც ამავე ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით, შესაბამისად ჯარიმა განისაზღვრა 3900 (სამი ათას ცხრაასი) ლარით, რადგან მომსახურების გაწევა მოხდა 39 დღის დაგვიანებით (2022 წლის 17 იანვრიდან 2022 წლის 24 თებერვლის ჩათვლით). საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული 2021 წლის 27 დეკემბრის დარეგულირების აქტის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული დაზღვეული ავტომანქანის RENAULT DUSTER, სახ. ნომ. ......, ზიანის ოდენობა განისაზღვრა 6020.00 ლარით.

10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხელშეკრულების 11.4 პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით, პირგასამტეხლოს მიზნებს სცდება და მოვალის მიმართ გადაჭარბებული სანქციის დაწესებას გამოიწვევს, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის თითქმის ოთხჯერ შემცირებაც, არ შეესაბამება სადავო შემთხვევაში პირგასამტეხლოს ობიექტურ და სამართლიან მოცულობას. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს თითქმის 4-ჯერ შემცირების საფუძველი არ არსებობდა, ამიტომაც პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობით შემცირებასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია. შესაბამისად, აპელანტის (მოსარჩელე) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი ნაწილობრივ დაუსაბუთებელი.

11. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კრედიტორის და მოვალის მტკიცების ფარგლების, ვალდებულების დარღვევის შინაარსის და ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2 000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა, რაც განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ადეკვატურ, გონივრულ და სამართლიან ოდენობას, ამასთან, არ გამოიწვევს აპელანტის (მოსარჩელე) უსაფუძვლო გამდიდრებას.

12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

13. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:

13.1. პირგასამტეხლოზე შეთანხმება მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგია. სასამართლოს უფლებამოსილება შეაფასოს პირგასამტეხლოს გონივრულობა უმთავრესად ობიექტური გარემოებების შესწავლას გულისხმობს, კერძოდ, შეფასდეს დარღვევის ხასიათი, ხანგრძლივობა, მხარის ინტერესი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. პირგასამტეხლო მოვალის წახალისების საშუალებას წარმოადგენს, რომ მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. აღნიშნული მიზანი უგულებელყოფილია სასამართლოს მიერ. სასამართლოს ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს მიზანს - აიძულოს მოვალე ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. სასამართლოს გადაწყვეტილება არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით მიმართულია უპირველესად მოვალის ინტერესების უზრუნველსაყოფად, იმ პირობებში როდესაც მოვალის მიერ ვალდებულება კრედიტორის მიმართ არ შესრულდა. აღსანიშნავია, რომ მეწარმე სუბიექტები მუდმივად ამყარებენ სახელშეკრულებო ურთიერთობას სხვადასხვა სუბიექტებთან და არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე აქვთ მოლოდინი, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის მიუხედავად, სასამართლოს მიერ მოხდება ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს შემცირება, რისი ნათელი მაგალითია სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;

13.2. ქვედა ინსტანციების სასამართლოთა გადაწყვეტილებები უნდა გაუქმდეს იმდენად, რამდენადაც ეწინააღმდეგება სსკ-ს 420-ე მუხლის მიზანსა და საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკას. კერძოდ, სსკ-ს 420-ე მუხლის დანიშნულებაა იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვა, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობაში შედის ბაზარზე კარგად გამოცდილ სუბიექტთან და რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ვერ აცნობიერებს იმ სამომავლო შედეგებს, რაც პირგასამტეხლოს არსებობას შეიძლება მოჰყვეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია, თავად მეწარმეა და ა.შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, მხარეთა ნამდვილ ნებას შეესაბამება და შემცირებას არ ექვემდებარება;

13.3. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ საურავი იცავს კრედიტორის იმ ინტერესს, რომელიც მას ვალდებულების დროული შესრულების მიმართ გააჩნია. საურავის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კონკრეტულ ოდენობაში ან პროცენტებში დადგენილი საურავი ერიცხება მოვალეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და ამით აიძულებს შეასრულოს ვალდებულება. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის ფარგლები არ არის შეუზღუდავი, არამედ პირთა თანასწორობაზე დამყარებული სამოქალაქო ურთიერთობების ნათელი გამოხატულებაა და ემსახურება მოვალის ინტერესების კრედიტორის ინტერესებთან თანაზომიერ დაცვას, პირგასამტეხლოს შემცირება არ უნდა იყო ორიენტირებული მოვალის ინტერესების ცალმხრივ დაცვაზე და არ შეიძლება ამ გზით საერთოდ დაკარგოს პირგასამტეხლოს ინსტიტუტმა ფუნქციური დანიშნულება;

13.4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის მნიშვნელოვანი იყო ვალდებულების დროული შესრულება, შესაბამისად, ამ პირობებში პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება უკარგავს აზრს პირგასამტეხლოს ფუნქციას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს და ამავდროულად „აიძულოს“ მოვალე ვალდებულება შეასრულოს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირება, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინების გარეშე, ინტერესს უკარგავს კრედიტორს - გამოიყენოს პირგასამტეხლო მისი ინტერესების უზრუნველსაყოფად, ვინაიდან მსგავსი პრაქტიკის პირობებში ის არ წარმოადგენს მისი ინტერესების დაცვის პრაქტიკულ და გონივრულ საშუალებას. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პირგასამტეხლოს ბუნება, მისი განსაზღვრის მიზანი, მიუთითა არსებით პრაქტიკაზე, თუმცა მოცემულ დავასთან მიმართებით, პირგასამტეხლოს შემცირების კრიტერიუმად მხოლოდ დამდგარი შედეგის მატერიალური ბუნება შეაფასა და არ გაითვალისწინა ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების მიზნით მოსარჩელის აღმატებული ინტერესი, ასევე ის გარემოებები, რომ სახელშეკრულებო ღირებულების თანაზომიერი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. წინამდებარე დავის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების გამოყენებით, რამდენად მართლზომიერად შეამცირა დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.

20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ.: სუსგ №ას-848-814-2016, 2016 წლის 28 დეკემბერი; №ას-1274-2022, 2022 წლის 22 ნოემბერი; №ას-1245-2022, 2023 წლის 9 მარტი).

21. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქციის არსი განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა (იხ.: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).

22. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება (იხ.: სუსგ №ას-1597-2019, 2019 წლის 13 დეკემბერი; №ას-89-2024, 2024 წლის 12 აპრილი; №ას-65-2024, 2024 წლის 15 აპრილი).

23. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ.: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე, იხ: სუსგ №ას-827-2021, 2021 წლის 3 დეკემბრი).

24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განასხვავებენ პირგასამტეხლოს ისეთ სახეებს, როგორიცაა საურავი და ჯარიმა. ჯარიმა პირგასამტეხლოს ერთ-ერთი სახეა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს ამ სახეს იცნობს. ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 419.1 მუხლის დანაწესი. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმამ კრედიტორის იმ ინტერესის ანაზღაურება უნდა მოახდინოს, რომელიც მას ვალდებულების შესრულების მიმართ გააჩნდა. შესაბამისად, მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში ჯარიმის განსაზღვრა ხდება იმ ოდენობით, რათა მან ვალდებულების დარღვევის შედეგად გამოწვეული უარყოფითი შედეგების აღმოფხვრა მოახდინოს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საურავი უმეტესად იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც ვალდებული პირი არ ასრულებს ვალდებულებას დადგენილ დროში. ჯარიმისაგან განსხვავებით, შესრულების ვადის გადაცილებისათვის საურავის სახით დადგენილი პირგასამტეხლოს თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი იძლევა ვალდებულების შესრულებისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის კუმულაციის შესაძლებლობას. საურავი იცავს კრედიტორის იმ ინტერესს, რომელიც მას ვალდებულების დროული შესრულების მიმართ გააჩნია. საურავის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კონკრეტულ ოდენობაში ან პროცენტებში დადგენილი საურავი ერიცხება მოვალეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და ამით აიძულებს შეასრულოს ვალდებულება. ჯარიმისაგან განსხვავებით, საურავის დროს ვალდებულების შესრულების უზრუნველმყოფი ფუნქცია უფრო ნათლად ჩანს, რაც იმაში გამოიხატება, რომ იგი განაგრძობს დარიცხვას ვალდებულების დარღვევის შემდეგაც. საურავი ირიბი იძულებითი ხასიათის ღონისძიებაა: ვალდებულმა პირმა იცის, რაც უფრო მეტი დრო გავა და რაც უფრო გვიან შეასრულებს ვალდებულებას, მით მძიმე იქნება მისი ფინანსური ტვირთი (იხ. სუსგ საქმე №ას-1634-2019, 4 მარტი, 2020 წელი).

25. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (იხ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022 წელი; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).

26. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (იხ.: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605.).

27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.

28. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების №1 დანართის „დაზღვევის პირობების“ II ნაწილის, მე-2 მუხლის, მე-10 პუნქტის თანახმად, ავტომანქანის ან მისი ნაწილების შეკეთება/აღდგენის ვადად განისაზღვრა, ზარალის რეგულირების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღე, ხოლო დეფიციტური ნაწილების შემთხვევაში, არაუგვიანეს 45 კალენდარული დღე. ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას შემსყიდველს გაუწიოს მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად, ხოლო 11.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით. წინამდებარე საქმის ფარგლებში დადგენილია, რომ 2021 წლის 8 დეკემბერს დაზიანდა მოსარჩელის ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის დარეგულირების აქტი შედგა 2021 წლის 27 დეკემბერს (გადაწყვეტილება №CASNVCL-010447). აღდგენა კი განხორციელდა ვადის დარღვევით და შემსყიდველთან მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2022 წლის 24 თებერვალს. ავტომანქანა „RENAULT DUSTER“ სახელმწიფო №.........; აღდგენილ იქნა 39 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით. დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 3 900 ლარს.

29. კასატორის ძირითადი პრეტენზია შეეხება იმას, რომ მოპასუხე, როგორც მეწარმე სუბიექტი თავისუფალი და გაცნობიერებული ნების საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს ოდენობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. სასამართლო ასეთ შემთხვევაში, ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას, ანუ სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთ მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე (იხ: სუსგ №ას-390-2023, 18 მაისი, 2023 წელი).

30. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ასეთ დროს სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ასევე, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიც არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-1560-1463-2012, 28 დეკემბერი, 2012 წელი; №ას-1200-1145-2013, 16 მაისი, 2014 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-1511-2018, 26 მარტი, 2019 წელი; №ას-183-2021, 29 ნოემბერი, 2022 წელი).

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-708-662-2017, 11.01.2017 წელი).

32. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მითითებას მეწარმე სუბიექტთან დაკავშირებით, კერძოდ, მართალია, რომ უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკით, როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ, ამავე პრაქტიკით, მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო მიუხედავად მოპასუხის სამართლებრივი ფორმისა, უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა პირგასამტეხლო მინიმუმამდე არ უნდა შემცირდეს.

33. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულების დაზღვევის პირობების II ნაწილის მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნა, რის გამოც ამავე ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით. საქართველოს უზენაესი სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, მზღვეველის მიერ ვადაგადაცილებული დღეების ოდენობას, დარღვევის ხარისხს, ასევე იმ გარემოებას, რომ თავად სადაზღვევო შემთხვევის ღირებულება 6 020 ლარით განისაზღვრა და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება 3 900 ლარიდან 2 000 ლარამდე ვალდებულების დარღვევის თანაზომიერია და უზრუნველყოფს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას.

34. ყოველი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შესაბამისობაშია პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან, ხოლო კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არის არაკვალიფიციური და დაუსაბუთებელი. კასატორმა ვერ დაადასტურა პირგასამტეხლოს შემცირების არამართლზომიერება და საკასაციო პალატა ვერ დაარწმუნა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობების არსებობაში.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

36. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

ლევან ნემსაძე