დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 25.06.2026
საქმის ნომერი
ას-77-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ას-77-2026

25 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა.მ–ნი (მოსარჩელე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ნ.რ–ნი, ნ.ს–ძე, ზ.კ–ნი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა

საკთხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ა.მ–ნმა (შემდეგში: მოსარჩელე ან მოსარგებლე) სარჩელით მიმართა სასამართლოს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან სააგენტო) წინააღმდეგ და მოითხოვა: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 19 აპრილის TT2022026602 ცნობა-დახასიათებით მისამართზე: ქ. თბილისი, ................. მდებარე უძრავი ნივთიდან ფ.ს–ვას სახელზე აღრიცხული 1/6 ნაწილის, ფ.ს–ას სახელზე აღრიცხული 1/6 ნაწილის და ა.ს–ას სახელზე აღრიცხული 2/6 ნაწილის, ე.ი. ჯამში მთლიანი უძრავი ნივთის 4/6 ნაწილის უმკვიდროდ ცნობა და მოსარჩელისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხე სააგენტომ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო.

3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; უმკვიდროდ იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 19 აპრილის TT2022026602 ცნობა-დახასიათებით მისამართზე: ქ. თბილისი, ........... მდებარე უძრავი ნივთიდან ფ.ს–ვას სახელზე აღრიცხული 1/6 ნაწილი, ფ.ს–ას სახელზე აღრიცხული 1/6 ნაწილი და ა.ს–ას სახელზე აღრიცხული 2/6 ნაწილი, ე. ი. ჯამში მთლიანი უძრავი ნივთის 4/6 ნაწილი და დადგინდა, რომ უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს მოსარჩელეს; დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელდეს მოსარჩელის საკუთრების უფლების შესაბამისი რეგისტრაცია.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 19 აპრილის TT2022026602 ცნობა-დახასიათებით დადგენილია, რომ მისამართზე: ქ. თბილისი, ........... მდებარე უძრავი ქონების 2/6 ნაწილი აღრიცხულია ე.გ–ას სახელზე, 1/6 ნაწილი - ფ.ს–ვას სახელზე, 1/6 - ფ.ს–ას სახელზე, ხოლო 2/6 ნაწილი - ა.ს–ას სახელზე.

4.3. 2024 წლის 14 მაისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ 1599 მ2 დაზუსტებული მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით N1-N5, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ............, ს.კ. .......... რეგისტრირებულია ნ.ს–ძის, ზ.კ–ნისა და „თანამესაკუთრეების“ თანასაკუთრებად. კერძოდ, ნ.ს–ძისა და ზ.კ–ნის თანასაკუთრებად რეგისტრირებულია მთლიანი უძრავი ნივთის 2/6 ნაწილი, დანარჩენი 4/6 ნაწილი რეგისტრირებულია „თანამესაკუთრეების“ თანასაკუთრებად.

4.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 16 მაისის N105550 ინფორმაციით დადგენილია, რომ სააგენტოს 2022 წლის 26 ივლისის NM22009820/3 გადაწყვეტილების საფუძველზე, მისამართი: ქ. თბილისი, .................. საკადასტრო კოდით N.......... ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ქ. თბილისი, ...........

4.5. საჯარო რეესტრის 2024 წლის 14 მაისის N103565 ცნობით დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, .......... (ყოფილი ქ. თბილისი, ..........) ს.კ. N .........., ნაკვეთის ტიპი: თანასაკუთრება, დაზუსტებული ფართობი: 1599 მ2, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1-N5, რეგისტრირებულია ზ.კ–ნისა და ნ.ს–ძის თანასაკუთრება 2/6 ნაწილზე და ასევე - თანამესაკუთრის უფლება, ამასთან, ამ უძრავ ნივთზე ა.ს–ას, ფ.ს–ასა და ფ.ს–ას საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის

4.6. გარდაცვალების მოწმობით დადგენილია, რომ ფ.ს–ვა გარდაიცვალა 2010 წლის პირველ მარტს საბერძნეთში.

4.7. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის ინფორმაციით ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან დადგენილია, რომ რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 2010 წლის პირველ მარტს გარდაცვლილი ფ.ს–ვას ......) სამკვიდრო ქონების თაობაზე.

4.8. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის ინფორმაციით ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან დადგენილია, რომ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი 2010 წლის პირველ მარტს გარდაცვლილი ფ.ს–ვას სახელით შესრულებული ანდერძის თაობაზე.

4.9. გარდაცვალების მოწმობით დადგენილია, რომ ფ. ი. ასული ს–ვა გარდაიცვალა 2020 წლის 29 მარტს საბერძნეთში.

4.10. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2022 წლის 23 აგვისტოს ინფორმაციით ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან დადგენილია, რომ რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი 2020 წლის 29 მარტს გარდაცვლილი ფ.ს–ას სამკვიდრო ქონების თაობაზე.

4.11. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2022 წლის 23 აგვისტოს ინფორმაციით ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან დადგენილია, რომ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი 2020 წლის 29 მარტს გარდაცვლილი ფ.ს–ას სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

4.12. გარდაცვალების მოწმობით დადგენილია, რომ ა.ს–ვა გარდაიცვალა 2001 წლის 8 ივლისს დმანისში.

4.13. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2022 წლის 23 აგვისტოს ინფორმაციით ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან დადგენილია, რომ რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი 2001 წლის 8 ივლისს გარდაცვლილი ა.ს–ას სამკვიდრო ქონების თაობაზე.

4.14. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2022 წლის 23 აგვისტოს ინფორმაციით ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან დადგენილია, რომ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი 2001 წლის 8 ივლისს გარდაცვლილი ა.ს–ას სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

4.15. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2022 წლის 30 აგვისტოს და 2024 წლის 4 სექტემბრის საინფორმაციო ბარათებით დადგენილია, რომ რ.მ–ნი 1996 წლის 17 იანვრიდან 2011 წლის 29 მაისამდე იყო რეგისტრირებული მისამართზე ქ. თბილისი, .........

4.16. სს „თ–ის“ 2023 წლის 3 მაისის ინფორმაციით და აბონენტის ბრუნვის ისტორიით დადგენილია, რომ 1996 წლის მდგომარეობით, N301..... სააბონენტო ბარათზე კომპანიის აბონენტად რეგისტრირებული იყო „ს–ვა“, ხოლო 1999 წლიდან ამავე სააბონენტო ბარათზე აბონენტად რეგისტრირებულია „რ. მ–ი“, მისამართი: ........... ქ. N15“ N....... აბონენტის - „მ–ის“ მიერ სს „თ–ის“ კომუნალური გადასახადის 1996 წელს გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნით, ლიბერთი ბანკის 2025 წლის 21 იანვრის ცნობითა და ასევე 2012 წლის, 2013 წლის, 2015 წლის, 2021 წლის და 2022 წლის კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით დადგენილია, რომ 1996 წლიდან 2022 წლის ჩათვლით სადავო საცხოვრებელი სადგომის კომუნალურ გადასახადებს რ.მ–ნი იხდიდა.

4.17. 2024 წლის 12 თებერვლის N240161504 სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ მოსარჩელემ, როგორც 2023 წლის 20 ივლისს გარდაცვლილი რ.მ–ნის (პ.ნ. ..........) პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - შვილმა, მიიღო რ.მ–ნის დანაშთი მთელი სამკვიდრო ქონება.

4.18. რ.მ–ნი 1996 წლიდან გარდაცვალებამდე სადავო ქონებაში თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ სადავო საცხოვრებელ სადგომში ცხოვრებას აგრძელებს რ.მ–ნის შვილი (მოსარჩელე).

4.19. რ.მ–ნმა სადავო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება ამ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე მესაკუთრეებისგან მიიღო, რაც დასტურდება რ.მ–ნის სადავო საცხოვრებელ სადგომში 1997 წლის 25 ნოემბრამდე, 1996 წლის 17 იანვრიდან 2011 წლის 29 მაისამდე რეგისტრაციითა და კომუნალური გადასახადების 1996 წლიდან 2022 წლის ჩათვლით პერიოდში გადახდის ფაქტებით. შესაბამისად, გარდაცვალების მომენტისთვის რ.მ–ნი სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლე იყო.

4.20. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. იმავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა. ამდენად, გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ შეიძლება დადასტურდეს ორი გზით: 1. სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდით ან/და 2. მესაკუთრისთვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდით. თუმცა სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემობაზე, რომ ზემოაღნიშნული ტიპის გარიგების არსებობის დადასტურებისათვის აუცილებელი არ არის მოცემულ ნორმაში ჩამოთვლილი ყველა სახის დოკუმენტის ერთდროულად არსებობა (იხ. სუსგ №ას-922-2019, 01.08.2019 წ.).

4.21. მოცემულ შემთხვევაში აპელანტი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ფ.ს–ა და ა.ს–ა 1972 წლიდან ირიცხებოდნენ ცნობა-დახასიათებაში მითითებულ მისამართზე: ......... ქ. N15, თუმცა სადავოდ ხდის სპეციალური კანონით დადგენილ ვადებში ფ.ს–ას მოცემულ მისამართზე აღრიცხვას, ვინაიდან იმავე ცნობა-დახასიათებაში მითითებულია, რომ ფ.ს–ა მესაკუთრეების/მოსარგებლეების გრაფაში აღრიცხულია 1998 წლის 22 დეკემბრიდან (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის პირველი ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 13:42:09-13:43:02 სთ.; იხ. ს.ფ. 64-65).

4.22. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, ცნობა-დახასიათებაში ფ.ს–ასთან მიმართებით მესაკუთრეების/მოსარგებლეების გრაფაში მითითებულია 22/12/1998 წელი, თუმცა უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რაც თავის მხრივ მიუთითებს, რომ ფ.ს–ამ საკუთრების/სარგებლობის უფლება კანონისმიერი მემკვიდრეობის გზით მოიპოვა.

4.23. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ფ.ს–ვას მიღებული აქვს ი. (ს–ის) მემკვიდრეობა (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის პირველი ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 13:43:40-13:44:04 სთ.).

4.24. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის ფ.ს–ას სამკვიდრო მოწმობა, სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მამის - რ.მ–ნის სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლედ მიჩნევის საკითხთან მიმართებით ყურადღება გაამახვილა იმ დადგენილ გარემოებებზე, რომ: სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2022 წლის 30 აგვისტოს და 2024 წლის 4 სექტემბრის საინფორმაციო ბარათების მიხედვით, რ.მ–ნი 1996 წლის 17 იანვრიდან 2011 წლის 29 მაისამდე იყო რეგისტრირებული მისამართზე: ქ. თბილისი, ..........

4.25. სააპელაციო პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ რ.მ–ნმა სადავო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება ამ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე მესაკუთრეებისგან მიიღო, რაც დასტურდება რ.მ–ნის სადავო საცხოვრებელ სადგომში 1997 წლის 25 ნოემბრამდე, 1996 წლის 17 იანვრიდან 2011 წლის 29 მაისამდე რეგისტრაციითა და კომუნალური გადასახადების 1996 წლიდან 2022 წლის ჩათვლით პერიოდში გადახდის ფაქტებით.

4.26. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სპეციალური კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე, შესაბამისად, პალატამ ასევე მიიჩნია, რომ მოსარჩელე სადავო საცხოვრებელი სადგომის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნაზე უფლებამოსილი სუბიექტია.

4.27. სპეციალური კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება. შესაბამისად, საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ: მოსარჩელე იყოს მოსარგებლე; საცხოვრებელი სადგომი შედიოდეს სამკვიდრო მასაში; მესაკუთრე იყოს გარდაცვლილი; არ უნდა არსებობდეს მემკვიდრე, რომელმაც სამკვიდრო მიიღო (იხ. სუსგ №ას-1017-2023, 10.10.2023 წ.).

4.28. სსკ-ის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახად, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე; ხოლო თუ მამკვიდრებელი მოხუცთა, ინვალიდთა, სამკურნალო, აღმზრდელობით და სოციალური დაცვის სხვა დაწესებულებათა რჩენაზე იმყოფებოდა, მაშინ – მათ საკუთრებაში.

4.29. 2024 წლის 12 თებერვლის N240161504 სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ მოსარჩელემ, როგორც 2023 წლის 20 ივლისს გარდაცვლილი რ.მ–ნის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - შვილმა, მიიღო რ.მ–ნის დანაშთი მთელი სამკვიდრო ქონება.

4.30. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2022 წლის 22 სექტემბრის ინფორმაციით ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან დადგენილია, რომ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი 2010 წლის პირველ მარტს გარდაცვლილი ფ.ს–ვას სახელით შესრულებული ანდერძის თაობაზე.

4.31. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2022 წლის 23 აგვისტოს ინფორმაციით ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან დადგენილია, რომ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი 2020 წლის 29 მარტს გარდაცვლილი ფ.ს–ას სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე

4.32. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2022 წლის 23 აგვისტოს ინფორმაციით ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან დადგენილია, რომ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი 2001 წლის 8 ივლისს გარდაცვლილი ა.ს–ას სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე

4.33. ვინაიდან დადგინდა, რომ მოსარჩელე არის სპეციალური კანონით გათვალისწინებული მოსარგებლის სტატუსის მქონე პირის უფლებამონაცვლე - მემკვიდრე, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობა-დახასიათებით მისამართზე: ქ. თბილისი, ........ მდებარე უძრავი ნივთიდან ფ.ს–ვას სახელზე აღრიცხული 1/6 ნაწილი, ფ.ს–ას სახელზე აღრიცხული 1/6 ნაწილი და ა.ს–ას სახელზე აღრიცხული 2/6 ნაწილი, ე. ი. ჯამში მთლიანი უძრავი ნივთის 4/6 ნაწილი - უმკვიდრო, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მისი უმკვიდროდ ცნობისა და მოსარჩელისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საფუძველი არსებობდა.

5. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

5.1. მოპასუხე სააგენტომ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

5.2. კასატორის განმარტებით, არ დასტურდება მოსარჩელის მამის რ.მ–ნის მიერ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის ფაქტი, რადგან როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა სს „თ–ის“ 2023 წლის 3 მაისის ინფორმაციითა და აბონენტის ბრუნვის ისტორიით, 1996 წლის მდგომარეობით, #3....... სააბონენტო ბარათზე, კომპანიის აბონენტად რეგისტრირებული იყო „ს–ვა“, ხოლო 1999 წლიდან კი „რ. მ–ი“. აღნიშნული შესაძლოა ადასტურებდეს ერთ ფაქტს, რომ მ–ების ოჯახმა ქონების ფაქტობრივი ფლობა დაიწყო არა - 1996, არამედ 1999 წელს.

5.3. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა მესაკუთრისათვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მხარეთა შორის გარიგების დადების დამადასტურებელი ხელშეკრულება.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 30 იანვრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

8. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელე სპეციალური კანონით გათვალისწინებული მოსარგებლის სტატუსის მქონე პირს, რომელიც უფლებამოსილი იქნებოდა, სადავო ფართის მესაკუთრის გარდაცვალების შემდეგ, მოეთხოვა უძრავი ნივთის უმკვიდროდ ცნობა და მასზე საკუთრების უფლების მოპოვება.

12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სპეციალური კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

13. სპეციალური კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინში „მოსარგებლედ“ მოიაზრება პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობდა საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საცხოვრებელი სადგომი ეს არის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი, მოსარგებლის მიერ განხორციელებული მიშენება-დაშენების ჩათვლით, იმ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომლის არსებითი შემადგენელი ნაწილიც ის არის; „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულებაა – წერილობითი საბუთი/საბუთები, რომლითაც/რომლებითაც მესაკუთრე ადასტურებს საცხოვრებელი სადგომის გაყიდვის ნებას და ნასყიდობის ფასის მიღებას. ამ მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე (იხ. სუსგ №ას-1017-2023, 13.10.2023წ.).

14. სპეციალური კანონის მიზანია ისეთი ფაქტობრივი ურთიერთობების მოწესრიგება, რომელთაც არ ითვალისწინებს არც საქართველოს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი და ისინი არც საბჭოთა სამოქალაქო კანონმდებლობით იყო სათანადოდ მოწესრიგებული. ეს ურთიერთობანი ათეულობით წლების განმავლობაში ყალიბდებოდა მოქალაქეთა შორის მოწესრიგებული სამოქალაქო ურთიერთობების გვერდით. მათ ფართოდ დამკვიდრებას ხელს უწყობდა არამარტო საბჭოთა სამართლებრივი სისტემის ნაკლოვანებანი, არამედ – სხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებანი. სამოქალაქო უფლებათა განხორციელება კანონში მითითებულ პერიოდში ბევრად იყო დამოკიდებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დანაწესებზე, რაც ხელს უშლიდა თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. ასეთ ვითარებაში მხარეები ფაქტობრივად იძულებული იყვნენ, ურთიერთობა დაემყარებინათ კანონის მიღმა. მითითებულიდან გამომდინარე, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონმა მათ მიანიჭა იურიდიული მნიშვნელობა და დაუკავშირა მას კონკრეტული სამართლებრივი შედეგი ე.ი. აღნიშნული გარიგებების საგანი აღიარებულ იქნა სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად. თავის მხრივ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად მიიჩნევა არა მხოლოდ ნივთები, არამედ არამატერიალური ობიექტები – უფლებები და მოთხოვნები, შესაბამისად, ამ კანონით მოსარგებლეს სტატუსიდან გამომდინარე უფლება შესაძლოა იქნეს განკარგული ან/და გადავიდეს მემკვიდრეზე (იხ. სუსგ ას-958-2022, 30.09.2022წ; N ას- 1017-2023, 13.10.2023წ. ას-336-2024, 19.12.2025 წ.).

15. სპეციალური კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება. შესაბამისად, საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ: მოსარჩელე იყოს მოსარგებლე; საცხოვრებელი სადგომი შედიოდეს სამკვიდრო მასაში; მესაკუთრე იყოს გარდაცვლილი; არ უნდა არსებობდეს მემკვიდრე, რომელმაც სამკვიდრო მიიღო.

16. საკასაციო პალატა მიუთითებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელსაც კასატორი არ შედავებია, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობა-დახასიათებით მისამართზე: ქ. თბილისი, ....................... მდებარე უძრავი ნივთიდან ფ.ს–ვას სახელზე აღრიცხული 1/6 ნაწილი, ფ.ს–ას სახელზე აღრიცხული 1/6 ნაწილი და ა.ს–ას სახელზე აღრიცხული 2/6 ნაწილი, ე. ი. ჯამში მთლიანი უძრავი ნივთის 4/6 ნაწილი - არის უმკვიდრო ქონება. რაც შეეხება კასატორის მიერ სადავოდ ქცეულ გარემოებას, რომ მოსარჩელე არ არის სპეციალური კანონით გათვალისწინებული მოსარგებლის სტატუსის მქონე პირი, სანამ საკასაციო პალატა, უპასუხებს ზემოთ მითითებულ პრეტენზიას, უპირველესად, მიუთითებს საკასაციო სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკაზე სპეციალური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის განმარტების შესახებ. აღნიშნული პრაქტიკის თანახმად, გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებებით: 1) სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციით და კომუნალური გადასახადების გადახდით ან/და 2) მესაკუთრისთვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდით (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირისა). მოყვანილი დანაწესი იმპერატიული შინაარსისაა და ადგენს, რომ რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტი ერთად უნდა არსებობდეს, რათა სასამართლომ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება დაადგინოს. (იხ. სუსგ ას-144-2025 2 ოქტომბერი, 2025 წელი, №ას-772-733-2013 27.01.2014წ.; №ას-691-662-2016 24.11.2017წ.).

17. მოცემულ საქმეზე, დადგენილია, რომ სს „თ–ის“ 2023 წლის 3 მაისის ინფორმაციით და აბონენტის ბრუნვის ისტორიით დადგენილია, რომ 1996 წლის მდგომარეობით, N3....... სააბონენტო ბარათზე კომპანიის აბონენტად რეგისტრირებული იყო „ს–ვა“, ხოლო 1999 წლიდან ამავე სააბონენტო ბარათზე აბონენტად რეგისტრირებულია „რ. მ–ი“, მისამართი: .......... ქ. N15“ N3........აბონენტის - „მ–ის“ მიერ სს „თ–ის“ კომუნალური გადასახადის 1996 წელს გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნით, ლიბერთი ბანკის 2025 წლის 21 იანვრის ცნობითა და ასევე 2012 წლის, 2013 წლის, 2015 წლის, 2021 წლის და 2022 წლის კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით დადგენილია, რომ 1996 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, სადავო საცხოვრებელი სადგომის კომუნალურ გადასახადებს რ.მ–ნი იხდიდა.

18. 2024 წლის 12 თებერვლის N240161504 სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ მოსარჩელემ, როგორც 2023 წლის 20 ივლისს გარდაცვლილი რ.მ–ნის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - შვილმა, მიიღო რ.მ–ნის დანაშთი მთელი სამკვიდრო ქონება. 1996 წლიდან გარდაცვალებამდე, რ.მ–ნი სადავო ქონებაში თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, სადავო საცხოვრებელ სადგომში ცხოვრებას აგრძელებს რ.მ–ნის შვილი, მოსარჩელე.

19. საკასაციო პალატის მოსაზრებით, რ.მ–ნმა სადავო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება ამ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე მიიღო, რაც დასტურდება რ.მ–ნის მიერ, 1997 წლის 25 ნოემბრამდე, კომუნალური გადასახადების 1996 წლიდან 2022 წლის ჩათვლით პერიოდში, გადახდის ფაქტებით და რ.მ–ნის სადავო საცხოვრებელ სადგომში, 1996 წლის 17 იანვრიდან რეგისტრაციით. შესაბამისად, კასატორის შედავება, რომ რ.მ–ნი, აბონენტად დარეგისტრირდა 1999 წლიდან, ვერ შეცვლის სამართლებრივ სურათს და შესაბამისად, მას პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან რ.მ–ნი, სადავო მისამართზე დარეგისტრირებული იყო 1996 წლის 17 იანვრიდან.

20. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

21. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (იხ. სუსგ. №ას-584-543-2017, 06.06.2017წ.; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).

22. საკასაციო სასამართლო, საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ რ.მ–ნმა სადავო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება ამ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე მიიღო. ამგვარად, გარდაცვალების მომენტისთვის,რ.მ–ნი სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლე იყო.

23. სპეციალური კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებზე.

24. საბოლოოდ, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლო დაეთანხმა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლის მემკვიდრეს, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოთა დასკვნას, რომ მოსარჩელის სადავო ქონების უმკვიდროდ ცნობისა და მის საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნები დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

25. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. კასატორი, კანონის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი