დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 09.07.2026
საქმის ნომერი
ას-407-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-407-2026

9 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ე.ი–ვა (მოპასუხე)

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდეგში: „მოსარჩელე“, აპელანტი“, „კასატორი“), სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, ე.ი–ვას (შემდეგში: „მოპასუხე", „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ, ზიანის 4 582,61 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მიუთითა, რომ მომხდარი შემთხვევიდან გამომდინარე დამდგარი ზიანი სადაზღვევო კომპანიის მიერ სრულად ანაზღაურდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი მოპასუხე ე.ი–ვას მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.

4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.2.1. 2021 წლის 30 ნოემბერს, ქ. თბილისში, ………. ქუჩაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ე.ი–ვა მართავდა ავტომანქანა ფორდს სახ. №…., პარკირების დროს, იგი შეეჯახა ტოიოტას მარკის ავტომანქანას, სახ. №……., მან ასევე ვერ დაიმორჩილა საჭე და შეეჯახა მის წინ არსებულ რკინის დამცავ ჯებირს. მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირად მიჩნეულ იქნა მძღოლი ე.ი–ვა, რომლის მიმართაც შედგენილ იქნა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 21; პატაკი; ს.ფ. 23; ელექტრონული საჯარიმო ქვითარი).

4.2.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2021 წლის 30 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების №02.09.01/30/158 ხელშეკრულების და 2021 წლის 02 დეკემბრის №14-01213361450 დავალების საფუძველზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების ჩატარება განახორციელა შპს „A “-მა. ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, ……… ქუჩაზე დაზიანებული ლითონის მოაჯირისა და ბორდიურების აღდგენის სამუშაოების ჩატარების ღირებულებამ შეადგინა 4 582.61ლარი (ს.ფ 25; მიღება ჩაბარების აქტი №54; ს.ფ 26-38; შესრულებული სამუშაოების აქტი №54)

4.2.3. ე.ი–ვა დასაქმებულია შპს „გ.ვ–ში“ (ს/კ ……..). იგი 2014 წლის 19 მაისიდან დღემდე (ცნობის გაცემის თარიღი: 2024 წლის 11 აპრილი) იკავებს LTL მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას (ს.ფ 118; ცნობა);

4.2.4. სს „თ.დ–ას“ მიერ 2021 წლის 21 დეკემბერს ხაზინის ერთიან ანგარიშზე, თვითმმართველი ქალაქი თბილისი, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის, (ბანკის კოდი: TRESGE22) ანგარიშზე განხორციელდა თანხის ჩარიცხვა 4 582.61 ლარის ოდენობით. გადახდის დანიშნულებაში მითითებულია: სახელმწიფოსადმი მიყენებული სხვა ზიანის ანაზღაურებიდან მიღებული შემოსავალი. საგადახდო დავალების დანიშნულებაში მითითებულია: „PRF-91035 ზარალის ანაზღაურება MOCL114118-TPL/1 ქ. თბილისის მერია 204521794, 4 582.61 ლარი, ჯებირი, გებრიუდერვაის სახელმწიფოსადმი მიყენებული სხვა ზიანის“ (ს.ფ 51-53; საგადახდო დავალება №1640085656)

4.2.5. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მოპასუხე კ.ი–ას მიმართ აღძრული სარჩელით, მოითხოვს მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 4 582.61 ლარის გადახდის დაკისრებას. მოსარჩელე სარჩელს აფუძნებს 2021 წლის 30 ნოემბერს, ქ. თბილისში, ........ ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების ჩატარების ფაქტზე, რაზედაც გაწეულმა ხარჯმა 4 582.61 ლარი, შეადგინა.

4.3.სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო არ იყო სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობების არსებობა. მხარეთა შორის სადავო იყო, მოპასუხის მიერ, მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი.

4.4.დადგენილია, რომ 2021 წლის 30 ნოემბერს, ქ. თბილისში ........ ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ე.ი–ვას მიერ ქ. თბილისის მერიის ქონების დაზიანების ფაქტი. სადავო არ არის ასევე, ზიანის ოდენობა. აპელანტის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ 2021 წლის 30 ნოემბრის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ინფრასტრუქტურის დაზიანებით მიყენებული ზიანი 4 582.61 ლარის ოდენობით, ე.ი–ვას მიერ არ არის ანაზღაურებული, რასაც, მოპასუხე არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ მომხდარი შემთხვევიდან გამომდინარე დამდგარი ზიანი სადაზღვევო კომპანიის მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული.

4.5.მოპასუხე 2014 წლის 19 მაისიდან დღემდე დასაქმებულია შპს „გ.ვ–ში“, მოსარჩელისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 4 582.61ლარი. სს „თ.დ–ას“ მიერ 2021 წლის 21 დეკემბერს ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადარიცხულ იქნა 4 582.61 ლარი. აღნიშნულ საგადახდო დავალებას მოსარჩელე არ აღიქვამს, როგორც ე.ი–ვას მიერ დამდგარი ზიანის ანაზღაურებას.

4.6.სააპელაციო პალატამ სს „თ.დ–ას“ 2024 წლის 25 იანვრის წერილზე, რომლის თანახმადაც მათ კომპანიაში დაზღვეულმა შპს „გ.ვ–ის“ საკუთრებაში არსებულმა ავტომობილმა (სახ.№………) დააზიანა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე არსებული ჯებირი, ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეულ მძღოლად განისაზღვრა ე.ი–ვა. ვინაიდან დაზღვევის პოლისი ითვალისწინებდა მესამე პირის მიმართ წარმოშობილი ვალდებულების ანაზღაურებასაც სს „თ.დ–ამ“ აანაზღაურა მერიისთვის მიყენებული ზარალი. დაფიქსირებული ზარალის ფარგლებში ე.ი–ვას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ რაიმე ტიპის შეუსრულებელი ვალდებულება აღარ გააჩნია. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ საგადახდო დავალება №1640085656-ით ცნობილია, რომ სს „თ.დ–ამ“ გადახდა განახორციელა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (ბანკის კოდი: TRESGE22) ანგარიშზე, გადახდილი თანხა შეადგენს 4582.61 ლარს, ხოლო გადახდის დანიშნულება კი არის „PRF-91035 ზარალის ანაზღაურება MOCL114118- TPL/1 ქ. თბილისის მერია 204521794, 4582.61 ლარი, ჯებირი, გებრიუდერვაის სახელმწიფოსადმი მიყენებული სხვა ზიანის“.

4.7.საქმეზე არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის და მათი ერთობლიობის შეფაებით, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის, ე.ი–ვას ბრალეულობით, 2021 წლის 30 ნოემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ინფრასტრუქტურის დაზიანებით მიყენებული ზიანი 4 582.61 ლარის ოდენობით, ანაზღაურებულია. აღნიშნულის გათვალისწინებით კი აღარ არსებობს მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივ სამართლებრივი საფუძველი.

5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

5.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5.2. კასატორი არ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოპასუხის მიერ 2021 წლის 30 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ინფრასტრუქტურის დაზიანებით მიყენებული ზიანი 4582,61 ლარის ოდენობით ანაზღაურებულია. მისი განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით თანხის ანაზღაურება არ დასტურდება.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 8 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით კასატორს ასეთი დასაბუთებული საკასაციო შედავება არ აქვს წარმოდგენილი.

10. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999.1. (მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი), სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებზე.

11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ფაქტი.

12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.).

13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 105-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევა-შეფასების წესი და დადგენილია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების შედეგი აისახება სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც უნდა შეიცავდეს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ იზიარებს ან რატომ უარყოფს სასამართლო ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამასთან, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა ნიშნავს მათ ერთობლიობაში შესწავლა-ანალიზს, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო გამოიტანს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს მათი სარწმუნოობისა თუ არასარწმუნოობის თვალსაზრისით და, ასევე იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება (იხ. სუსგ-ები: №ას-1339-1377-2014, 24.06.2015წ.; №ას-984-2020, 19.04.2022; №ას-1133-2022, 28.09.2023წ.;).

14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2021 წლის 30 ნოემბერს, ქ. თბილისში ........ ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ე.ი–ვამ დააზიანა ქ. თბილისის მერიის ქონება. ამასთან, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობების არსებობა მხარეთა შორის სადავო არ არის.

15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე 2014 წლის 19 მაისიდან დღემდე დასაქმებულია შპს “გ.ვ–ში”, ხოლო ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი კი ამ კომპანიის საკუთრება იყო. დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევით დამდგარი ზიანის ოდენობა შეადგენს 4 582,61 ლარს. აღნიშნული თანხა, სს”თ.დ–ის” მიერ, 2021 წლის 21 დეკემბერს, გადაირიცხა სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე.

16. კასატორის პრეტენზიის თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელისთვის 2021 წლის 30 ნოემბრის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ინფრასტრუქტურის დაზიანებით მიყენებული ზიანი 4 582.61 ლარის ოდენობით, არ აუნაზღაურებია. კასატორი, ზემოთ აღნიშნულ გადარიცხვის დოკუმენტს/საგადახდო დავალებას არ მიიჩნევს ზიანის ანაზღაურების დამადასტურებელ მტკიცებულებად. საკასაციო სასამართლო, კასატორის პრეტენზიის პასუხად მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ, სს “თ.დ–ას” 2024 წლის 25 იანვრის წერილზე, რომლის თანახმადაც, მათ კომპანიაში დაზღვეულმა შპს „გ.ვ–ის“ საკუთრებაში არსებულმა ავტომობილმა (სახ.№........) დააზიანა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე არსებული ჯებირი, ავტოსაგზაო შემთხვევაში, ბრალეულ მძღოლად განისაზღვრა ე.ი–ვა. ვინაიდან, დაზღვევის პოლისი ითვალისწინებდა მესამე პირის მიმართ წარმოშობილი ვალდებულების ანაზღაურებასაც სს „თ.დ–ამ“ აანაზღაურა მერიისთვის მიყენებული ზარალი. დაფიქსირებული ზარალის ფარგლებში ე.ი–ვას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ რაიმე ტიპის შეუსრულებელი ვალდებულება აღარ გააჩნია. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ საგადახდო დავალება №1640085656-ით ცნობილია, რომ სს „თ.დ–ამ“ გადახდა განახორციელა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (ბანკის კოდი: TRESGE22) ანგარიშზე, გადახდილი თანხა შეადგენს 4582.61 ლარს, ხოლო გადახდის დანიშნულება კი არის „PRF-91035 ზარალის ანაზღაურება MOCL114118- TPL/1 ქ. თბილისის მერია 204521794, 4582.61 ლარი, ჯებირი, გებრიუდერვაის სახელმწიფოსადმი მიყენებული სხვა ზიანის“.

17. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული წერილიდან, ასევე წარმოდგენილი საგადახდო დავალებიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შესრულებული აქვს. წარმოდგენილ საგადახდო დავალებაში (იხ. ს/ფ 119) მითითებულია, რომ სახაზინო ანგარიშზე, სს „თ.დ–ის“ მიერ ჩაირიცხა 4 582,61 ლარი, ხოლო დანიშნულებაში მითითებულია „PRF-91035 ზარალის ანაზღაურება MOCL114118- TPL/1 ქ. თბილისის მერია 204521794, 4582.61 ლარი, ჯებირი, გებრიუდერვაის სახელმწიფოსადმი მიყენებული სხვა ზიანის“. დანიშნულებაში მითითებული რეკვიზიტები კი თანხვედრაშია საქმეში წარმოდგენილ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ შედგენილ პატაკთან, რომელშიც განმარტებულია, რომ ე.ი–ვა შეეჯახა რკინის დამცავ ჯებირებს, ასევე საგადახდო დავალებით ჩარიცხული თანხა ემთხვევა იმ თანხას, რომელიც მითითებულია წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტში N54. (იხ.ს/ფ 24-25).

18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლების თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ზიანის ობიექტით, გადარიცხული თანხის და დამდგარი ზიანის ოდენობის იდენტურობის, გადამხდელი კომპანიის მოპასუხესთან კავშირის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების დასკვნას, რომ მოსარჩელისთვის მოპასუხის მიერ 2021 წლის 30 ნოემბრის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ინფრასტრუქტურის დაზიანებით, მიყენებული ზიანი 4582.61 ლარის ოდენობით ანაზღაურებულია.

20. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

21. ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას.

22. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

26. პროცესის ხარჯები

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, პირველი პუნქტის, „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი