გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.09.2026
საქმის ნომერი
ას-739-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-739-2026 17 სექტემბერი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ვა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 31 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ნ.ვ.დ–ვის“ (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ 11900 ლარის დაკისრება.

1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1190 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 31 მარტის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. სს „ნ.ვ.დ–ვასა“ (შემდგომში – „მიმწოდებელი“ ან „მზღვეველი“) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – „შემსყიდველი“ ან „დამზღვევი“) შორის, 2023 წლის 28 დეკემბერს, დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N123 ხელშეკრულება („ხელშეკრულება“), რომლის საფუძველზეც განისაზღვრა შემსყიდველის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის პირობები. დაზღვევის პირობების მე-2 ნაწილის მე-2 მუხლის, მე-10 პუნქტის თანახმად, ავტომანქანის ან მისი ნაწილების შეკეთება/აღდგენის ვადად განისაზღვრა, სადაზღვევო შემთხვევის აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღე, ხოლო დეფიციტური ნაწილების შემთხვევაში 45 კალენდარული დღე. დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა შორის მოიაზრება მიცუბიში, სახელმწიფო ნომრით .........

5.2. მოპასუხე ორგანიზაციის მიერ დაზღვეულ იქნა ხელშეკრულების N1 დანართის მე-2 ნაწილის, მე-2 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული მომსახურება. კერძოდ, 2024 წლის 30 იანვარს დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა მიცუბიში, სახელმწიფო ნომრით ......... მხარეებმა ხელი მოაწერეს გადაწყვეტილებას, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის თაობაზე, აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2024 წლის 18 მარტისა, გაეწია 2024 წლის 15 ივლისს - 119 კალენდარული დღის დაგვიანებით.

5.3. ხელშეკრულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით.

5.4. ხელშეკრულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 100 ლარის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 11 900 ლარს.

5.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სადავო ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაზიანებული ავტომობილი სერვის ცენტრში დაგვიანებით მიიყვანა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.6. პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა იმ საკითხის გარკვევა, სწორად შეამცირა თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ვადაში შეუსრულებლოს გამო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო.

5.7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება პირგასამტეხლოს ნაწილში გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და მიიჩნია, რომ მართალია მოპასუხის მხრიდან სახეზე იყო ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა, თუმცა სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პრინციპით პირგასამტეხლოს დაკისრება არ გამომდინარეობდა არც პირგასამტეხლოს არსიდან და არც მისი გონივრული ოდენობის განსაზღვრის მიზნებიდან.

5.8. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და, არსებული დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობად 1190 ლარი განსაზღვრა მართლზომიერად. მითითებულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა ერთობლივი შეფასებით. კერძოდ, მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმე ეხებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების ვადებს, რომელზე ზემოქმედების ბერკეტებიც სადაზღვევო კომპანიას არ გააჩნია; მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდებოდა მზღვეველის მხრიდან სადაზღვევო ანაზღაურების დაგვიანებით გაცემის ფაქტი, საქმის მასალებით ასევე არ იკვეთებოდა, რომ მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების დაგვიანება სს „ნ.ვ.დ–ვის ბრალით“ მოხდა. ასევე, არ დგინდებოდა, რომ აღნიშნულმა ვადაგადაცილებამ რაიმე არსებითი ხასიათის ზიანი გამოიწვია მოსარჩელისათვის, რაც კორელაციაში იქნებოდა სადაზღვევო კომპანიის უმოქმედობასთან ან სხვა მსგავს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან. შესაბამისად, მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობის მხედველობაში მიღებით, სს „ნ.ვ.დ–ვას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა 1190 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა, რომლის გაზრდის წინაპირობები სახეზე არ იყო.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 31 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

7. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, არ გაითვალისწინა პირგასამტეხლოს დანიშნულება და უხეშად ჩაერია სამოქალაქო სამართალში არსებულ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპში. ამასთან, მოპასუხემ სარწმუნოდ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა, თუ რას ეფუძნებოდა მისი მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ.

7.2. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს თვითნებურად შემცირება 11900 ლარიდან 1190 ლარამდე, ვერ ჩაითვლება გონივრულ შემცირებად, ვინაიდან, პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის აუცილებელ სხვადასხვა სუბიექტურ და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით უნდა მიეღო სასამართლოს გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, სუბიექტურ გარემოებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ის ფაქტი, რომ მეწარმე სუბიექტი წინასწრ, გაცნობიერებულად დასთანხმდა იმ პირობას, რომ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში, გადაიხდიდა შეთანხმებულ პირგასამტეხლოს. ობიექტურ გარემოებას კი, წარმოადგენს ის, რომ მოპასუხე არაჯეროვნად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და დაარღვია ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება/მიწოდების ვადები. ასეთ პირობებში კი, პირგასამტეხლოს შემცირება 1190 ლარამდე არაპროპორციულია და ლახავს ამ ინსტიტუტის არსს, რითაც პირგასამტეხლო კარგავს თავის ფუნქციას.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 11 ივნისის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2026 წლის 03 აგვისტოს განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. მოსარჩელის მოთხოვნაა, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება. ეს სამართლებრივი შედეგი მიიღება 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში. კერძოდ, ეს წინაპირობები შემდეგია: ა) მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება; ბ) პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება; გ) ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.

12. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად შეამცირეს.

13. მოპასუხე ორგანიზაციის მიერ დაზღვეულ იქნა ხელშეკრულების N1 დანართის მე-2 ნაწილის, მე-2 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული მომსახურება. საქმის მასალების თანახმად, 2024 წლის 30 იანვარს დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა მიცუბიში, სახელმწიფო ნომრით ......... მხარეებმა ხელი მოაწერეს გადაწყვეტილებას, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის თაობაზე, აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2024 წლის 18 მარტისა, გაეწია 2024 წლის 15 ივლისს - 119 კალენდარული დღის დაგვიანებით. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით. რამაც ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, შეადგინა 11900 ლარი. მხარეებს შორის სადავოა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი).

15. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).

16. სსკ-ის 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, აღნიშნული მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.

17. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთმითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად.

18. მართალია, სსკ-ის 420-ე მუხლი უშვებს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, თუმცა აუცილებლად უნდა შეფასდეს, თუ რამდენად კვალიფიციური შედავება განახორციელა მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ, რამეთუ, სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან (მრავალთა შორის იხ. სუსგ.: ას-1499-2022, 24.01.2023წ; ას-1576-2022, 16.03.2023წ.). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს) (იხ. სუსგ-ები: №ას-888-2020, 10 დეკემბერი, 2020 წელი; №ას-1245-2022, 09 მარტი, 2023 წელი).

19. გამომდინარე იქიდან, რომ მოვალეს გააჩნია პროცესუალური ვალდებულება, კვალიფიციური შესაგებლით დაასაბუთოს, თუ რატომ არის მოთხოვნილი პირგასატმეხლო შეუსაბამოდ მაღალი, საკასაციო პალატა პირველ რიგში შეაფასებს თუ რამდენად კვალიფიციური შედავება განახორციელა მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ.

20. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მის მიერ სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში ძირითად მსჯელობას ავითარებდა სარჩელის უსაფუძვლობის მიმართულებით. თუმცა, ასევე აღნიშნავდა, რომ სასამართლოს მიერ სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის შემთხვევაშიც, პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი. ამ თვალსაზრისით მიუთითებდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციაზე, რომლითაც შესასრულებელი ვალდებულებისათვის ვადაგადაცილებულ დღეზე გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 0.02%-ს.

21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას.

22. პალატას მიაჩნია, რომ როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. პალატა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა.

23. მოცემულ შემთხვევაშიც, იმის განსაზღვრისას, დარიცხული პირგასამტეხლო არის თუ არა შეუსაბამოდ მაღალი, პალატა შეაფასებს მოპასუხის მიერ აღნიშნულის დასადასტურებლად შესაგებელში მითითებული გარემოებების საფუძვლიანობას (მითითებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე) და აღნიშნავს, რომ მხოლოდ მითითება პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობაზე, არ წარმოადგენს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველს. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმას, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს მოპასუხის სახით წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას ყოველ გადაგადაცილებულ დღეზე და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. გასათვალისწინებელია ასევე ის, რომ შემსყიდველი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სამინისტროს ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის სადაზღვევო მომსახურების გაწევა. რომლის შესრულების განსაკუთრებული მოლოდინი ჰქონდა მოსარჩელეს და მიმწოდებელს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეთხოვებოდა ვალდებულების შესრულება. დადგენილია, რომ დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება გაწეულ იქნა 119 დღის დაგვიანებით. მართალია მოპასუხე პასუხისმგებლობის გამოსარიცხად იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ თავად შემსყიდველმა დააგვიანა ავტომობილის სერვის ცენტრში მიყვანა შესაკეთებლად. თუმცა, აღნიშნული ფაქტის სისწორე საქმის მასალებით არ დადასტურდა. ამასთან, სადაზღვევო კომპანიამ ხელშეკრულებით იკისრა სერვის ცენტრში ავტომობილის მიყვანისა და შეკეთების ვადების კონტროლი, რაც შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას ექვემდებარება.

24. საკასაციო პალატა იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხე მხარის შედავება პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე არ წარმოადგენს კვალიფიციურ შედავებას, ვინაიდან, მხოლოდ ზოგადად უთითებს, რომ დარიცხული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და არ მიუთითებია იმ კონკრეტულ გარემოებებზე, რაც შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი, მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ქვემდგომი სასამართლოების მიერ არამართებულად შემცირდა. პალატა აქვე ყურადღებას მიაქცევს მოპასუხის აპელირებაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციაზე და აღნიშნავს, რომ მითითებული დოკუმენტი არის სარეკომენდაციო ხასიათის, მას ვერ ექნება სავალდებულო ძალა ხელშეკრულების მხარეებისთვის ან სასამართლოსათვის და შესაბამისად, პირგასამტეხლოს გამოთვლა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულების სპეციფიკიდან და საქმეში არსებული გარემოებებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს.

25. მოპასუხის მიერ განხორციელებული შედავების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით, არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული ოდენობა, რომელიც არ გამოიწვევს კრედიტორის გამდიდრებას.

26. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არამართებულად შემცირდა.

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ: პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 11900 ლარის ოდენობით.

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი და სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოებში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 1320 (357+428.4+535.5) ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 31 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად;

4. სს „ნ.ვ.დ–ვას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 11900 ლარის გადახდა;

5. სს „ნ.ვ.დ–ვას“ (.........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 1320 ლარის გადახდა;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლევან ნემსაძე

მიხეილ ჯინჯოლია