დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-4220-შ-136-2026 11 სექტემბერი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „პ.რ.პ.ჰ–სი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ა–ი“, სს „პ–სი“, სს „კ.პ.კ–ი“
ბრძანება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – კვიპროსის ქალაქ ნიქოზიის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 13 ივლისის ბრძანება
დავის საგანი – დროებითი განკარგულების გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „პ.რ.პ.ჰ–სმა“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა კვიპროსის რესპუბლიკის ქალაქ ნიქოზიის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 13 ივლისის №920/2026 ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
2. აღნიშნული ბრძანებით სასამართლომ დაადასტურა, რომ მის წარმოებაში იმყოფება საქმე შპს „პ.რ.პ.ჰ–სის“ (შემდგომ - მოსარჩელე) სარჩელის საფუძველზე, შპს „ს.ა–ის“ (შემდგომ - №1 მოპასუხე), სს „პ–სისა“ (შემდგომ - №2 მოპასუხე) და სს „კ.პ.კ–ის“ (შემდგომ - №3 მოპასუხე) წინააღმდეგ. განმცხადებლის წარმომადგენლის მიერ 500 000 ევროს ოდენობის გარანტიის წარდგენის სანაცვლოდ, რომელიც მიმართულია ნებისმიერი ზიანისა და ხარჯის ანაზღაურების უზრუნველყოფისკენ, სასამართლომ შემდეგი განკარგულებები გასცა:
ა) აეკრძალოს №1 და №2 მოპასუხეებს, რომელთა წინააღმდეგაც მიმართულია პირველი და მეორე სასამართლო მოთხოვნები, კერძოდ, შპს „ს.ა–სა“ და სს „პ–სს“, მათ შორის, მათი დირექტორების, თანამდებობის პირების, პარტნიორების, თანამშრომლების ან წარმომადგენლების მეშვეობით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით მოითხოვონ, ამოიღონ, დაიბრუნონ, აღასრულონ, გაქვითონ, დათმონ, გადასცენ ან სხვაგვარად განკარგონ ნებისმიერი თანხა, რომელიც №3 მოპასუხეს - სს „კ.პ.კ–ის“ ეკისრება და შესაძლოა, ეკისრებოდეს 2020 წლის 15 იანვრის №150120 მიწოდების ხელშეკრულებისა ან/და 2022 წლის 3 თებერვლის №030222 მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე ან/და მათთან დაკავშირებით (რომლებიც დადებულია №2 და №3 მოპასუხეებს შორის), მათში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, ან წინამდებარე ბრძანების გაუქმებულად გამოცხადების თარიღამდე, ან სასამართლოს მიერ ახალი ბრძანების გამოცემამდე;
ბ) აეკრძალოს №3 მოპასუხეს, რომლის წინააღმდეგაც წარდგენილია მესამე სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, სს „კ.პ.კ–ის“, მათ შორის მისი დირექტორების, თანამდებობის პირების, პარტნიორების, თანამშრომლების ან წარმომადგენლების მეშვეობით ან ნებისმიერი სხვა ფორმით, სრულად ან ნაწილობრივ შეასრულოს, დაფაროს ან/და სხვაგვარად დააკმაყოფილოს ნებისმიერი ფულადი ვალდებულება, რომელიც №3 მოპასუხეს ეკისრება, ან შესაძლოა, ეკისრებოდეს 2020 წლის 15 იანვრის №150120 მიწოდების ხელშეკრულებისა ან/და 2020 წლის 3 თებერვლის №030222 მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე ან/და მათთან დაკავშირებით (რომლებიც დადებულია ͏№2 და №3 მოპასუხეებს შორის), მათში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, ან წინამდებარე ბრძანების გაუქმებულად გამოცხადების თარიღამდე, ან სასამართლოს მიერ ახალი ბრძანების გამოცემამდე.
3. შუამდგომლობას დაერთო ამავე სასამართლოს 2026 წლის 28 ივლისის ბრძანება, რომლითაც 2026 წლის 13 ივლისის ბრძანება დარჩა ძალაში სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ან სასამართლოს მიერ ახალი ბრძანების გამოცემამდე.
4. შუამდგომლობის ავტორმა განმარტა, რომ შპს „პ.რ.პ.ჰ–სი“ არის კვიპროსის კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელმაც სარჩელი აღძრა კვიპროსის სასამართლოში №1, №2 და №3 მოპასუხეების წინააღმდეგ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე. მოსარჩელე ფლობს №2 მოპასუხის, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საზოგადოების, აქციების 100%-ს. მას გააჩნია მნიშვნელოვანი აქტივები. ამჟამად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის „გარკვეული აქტივების დროებით ადმინისტრირების“ შესახებ 2023 წლის 25 აპრილის №302 დადგენილების გამო, მოსარჩელემ სრულად დაკარგა კონტროლი №2 მოპასუხე საზოგადოებაზე. მითითებული დადგენილების ძალით რუსეთის ფედერაციამ დროებითი ადმინისტრირების ღონისძიება გაავრცელა იმ პირების საკუთრებაში არსებული აქტივების მიმართ, რომლებიც ე.წ „არამეგობრულ“ სახელმწიფოებს მიეკუთვნებიან. მოსარჩელე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოშია რეგისტრირებული, შესაბამისად, რუსეთის მხარემ შეაფასა ე.წ „არამეგობრულ“ სახელმწიფოდ. მოსარჩელეს ჩამოერთვა №2 მოპასუხის აქციონერის უფლებამოსილებები და აღნიშნული საზოგადოების კონტროლი გადაეცა „საფპეტს“ - დროებით ადმინისტრატორს. მოსარჩელეს აღარ შეუძლია „პ–სის“ მართვა და კონტროლი, რის შედეგადაც მას უკვე მიადგა ქონებრივი ზიანი.
5. მოსარჩელის მიერ წარდგენილ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის თუ „საფტეფის“ დანიშნული „დროებითი ადმინისტრაციის ხელით და „პ–სის“ მეშვეობით „კ.პ.კ–ისგან“ ამოიღებს ან შეეცდება მიიღოს მიწოდების ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების თანხა, მოსარჩელეს მნიშნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგება. აღნიშნული მიზეზით დააკმაყოფილა კვიპროსის სასამართლომ მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სხვა სახელმწიფოში ცნობა და აღსრულება ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რომლის განხორციელების საკითხშიც სახელმწიფო სუვერენიტეტითა და დისკრეციით სარგებლობს.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხის არსებითად განხილვამდე საქართველოს უზენაესი სასამართლო, პირველ რიგში, ამოწმებს შუამდგომლობის დასაშვებობას და იმ საპროცესო წინაპირობების არსებობას, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია მოთხოვნილი სამართლებრივი შედეგის განხილვა. ამ მიზნით, სასამართლომ უნდა დაადგინოს, შედის თუ არა შუამდგომლობაში დასმული საკითხის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონით განსაზღვრულ კომპეტენციაში, გააჩნია თუ არა შუამდგომლობის ავტორს მოთხოვნილი სამართლებრივი შედეგის მიღების იურიდიული ინტერესი და აკმაყოფილებს თუ არა შუამდგომლობა კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. მხოლოდ აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში წარმოიშობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხის არსებითად განხილვის საფუძველი.
10.ამდენად, უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებული აქტის სამართლებრივი ბუნებისა და შინაარსის შეფასებამდე, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, წარმოადგენს თუ არა იგი იმგვარ გადაწყვეტილებას, რომლის ცნობა და აღსრულება საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და, შესაბამისად, ექვემდებარება თუ არა წარმოდგენილი შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განხილვას.
11.საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების აღიარების (ცნობის) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე (იხ. დამატებით: ბ.ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, თბ., 2009.).
12.საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ან უცხოური საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები. ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის პრობლემის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა კრიტერიუმების არსებობას უკავშირებს გადაწყვეტილების ცნობას შესაბამისი ქვეყნის სასამართლო. ამგვარი კრიტერიუმები კი, სხვადასხვაა. შესაძლებელია გადაწყვეტილების ცნობისას მოცემული ქვეყნის კანონმდებლობა ან მის მიერ გაფორმებული ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმება პირდაპირ ჩამოთვლიდეს კონკრეტულ პრინციპებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ამ საკითხთან მიმართებით საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში გავრცელება ჰპოვა ე.წ. „სარკისებური ასახვის პრინციპმა“, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მცნობ სასამართლოს სარკისებურად გადააქვს თავისი ქვეყნის წესები გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციის შესახებ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე (იხ. სუსგ საქმე №ა-1606-შ-55-2026, 11.06.2026წ.).
13.საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისათვის კანონით დადგენილი სამართლებრივი წინაპირობების არსებობის თვალსაზრისით. ამასთან, უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოში სამართლებრივი ძალის გავრცელებისათვის უნდა არსებობდეს როგორც შესაბამისი ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებული ისეთი აქტის არსებობა, რომლის სამართლებრივი შედეგების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებასაც შუამდგომლობის ავტორი ითხოვს, ხოლო სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით დადგენილი ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესაძლებლობასა და წინაპირობებს.
14.ამასთან, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისას საქართველოს სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ხელახლა განიხილოს იმ დავის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საკითხები, რომლებიც უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ იქნა გადაწყვეტილი, ან შეაფასოს გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა საქმის არსებითად განხილვის ფარგლებში. სასამართლოს შეფასების საგანია სწორედ ის, არსებობს თუ არა საქართველოს სამართლებრივი წესრიგით გათვალისწინებული საფუძვლები უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე სამართლებრივი ძალის გავრცელებისათვის. შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლო უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების შესაძლებლობას და, ამ გზით, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სამართლებრივ აღიარებას საქართველოში. აღნიშნულის სამართლებრივი შედეგი კი გამოიხატება იმაში, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, საქართველოში იწვევს იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც მას შესაბამისი უცხო ქვეყნის სამართლის მიხედვით გააჩნია.
15.საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
16.„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
17. სსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
18. სსსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
19. სასამართლოში მოთხოვნის წარდგენისას იურიდიული ინტერესის არსებობის აუცილებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 180-ე მუხლი, რომელიც ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
20. ამდენად, აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით (იხ. სუსგ საქმე №ა-5646-შ-168-2019, 27.12.2019 წ.).
21. წარმოდგენილი შუამდგომლობის მიხედვით, მისი ავტორი ითხოვს კვიპროსის ქალაქ ნიქოზიის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 13 ივლისის №920/2026 ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას. აღნიშნული ბრძანებით კვიპროსის სასამართლომ, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, დროებით აუკრძალა №1 და №2 მოპასუხეებს №3 მოპასუხისგან გარკვეული ფულადი მოთხოვნების მიღება ან სხვაგვარად განკარგვა, ხოლო №3 მოპასუხეს - შესაბამისი ფულადი ვალდებულებების შესრულება, სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ან სასამართლოს მიერ ახალი ბრძანების გამოცემამდე. ბრძანების შინაარსი სრულად გადმოცემულია წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში.
22. განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორმა კანონით დადგენილი წესით ვერ დაასაბუთა საქართველოს ტერიტორიაზე ზემოაღნიშნული აქტის ცნობისა და აღსრულების მოთხოვნის იურიდიული ინტერესი, რაც წარმოადგენს შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველს. განმცხადებელი საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს ბრძანების ცნობისა და აღსრულების აუცილებლობას ძირითადად იმ გარემოებით ასაბუთებს, რომ ერთ-ერთი მოპასუხე, კერძოდ, სს „კ.პ.კ–ია“, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია. თუმცა, აღნიშნული გარემოება, თავისთავად, საკმარისი არ არის იმის დასასაბუთებლად, რომ კვიპროსის სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებას კონკრეტული სამართლებრივი და პრაქტიკული შედეგი მოჰყვება. შუამდგომლობის ავტორს არ მიუთითებია საქართველოს ტერიტორიაზე ისეთ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაზე, მოქმედებაზე ან სააღსრულებო პროცესზე, რომლის ფარგლებშიც საჭირო გახდებოდა კვიპროსის სასამართლოს მიერ დადგენილი აკრძალვის მოქმედება. კერძოდ, არ არის მითითებული, რომ საქართველოს ტერიტორიაზე №1 ან №2 მოპასუხეების მიერ მოსალოდნელია №3 მოპასუხის მიმართ იმგვარი მოთხოვნის განხორციელება, რომლის აღკვეთასაც ემსახურება კვიპროსის სასამართლოს ბრძანება, ან რომ საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს ან მოსალოდნელია კონკრეტული სააღსრულებო მოქმედება, რომლის განხორციელებაც აღნიშნული ბრძანების ცნობისა და აღსრულების გარეშე შესაძლებელი იქნებოდა.
23. ამასთან, შუამდგომლობის ავტორს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სამართლებრივი შედეგის მიღწევას ემსახურება მოთხოვნილი ცნობა და აღსრულება უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე და რა საფრთხის თავიდან აცილებაა შესაძლებელი ამ გზით. მის მიერ მითითებული გარემოებები, მათ შორის, №2 მოპასუხე საზოგადოების მიმართ რუსეთის ფედერაციაში განხორციელებული დროებითი ადმინისტრირების ღონისძიება და ამ გარემოების შედეგად მოსარჩელის მიერ №2 მოპასუხე საზოგადოებაზე კონტროლის დაკარგვა, თავისთავად არ ადასტურებს საქართველოში იმ კონკრეტული საფრთხის არსებობას, რომლის აღსაკვეთადაც საჭიროა კვიპროსის სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების სამართლებრივი ძალის გავრცელება.
24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს აქტის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება არ წარმოადგენს თვითმიზანს და არც მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ ასეთი აქტის გამოცემის ფაქტი ქმნის მისი საქართველოში ცნობისა და აღსრულების სამართლებრივ ინტერესს. სასამართლოსადმი მიმართვისას განმცხადებელმა უნდა მიუთითოს იმ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგზე, რომლის მიღწევასაც იგი მოთხოვნილი საპროცესო მოქმედებით ისახავს მიზნად. ამასთან, აღნიშნული შედეგი უნდა უკავშირდებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ან მოსალოდნელ სამართლებრივ ურთიერთობას, მოქმედებას ან სხვა ისეთ გარემოებას, რომლის მიმართაც უცხო ქვეყნის სასამართლოს აქტის სამართლებრივი ძალის გავრცელება რეალურად აუცილებელია პირის უფლებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად. წინააღმდეგ შემთხვევაში, უცხო ქვეყნის სასამართლოს აქტის ცნობა და აღსრულება მხოლოდ ფორმალურ სამართლებრივ მოქმედებად იქცევა, რომელსაც კონკრეტული სამართლებრივი შედეგი და განმცხადებლის უფლების ან კანონიერი ინტერესის დაცვის ფუნქცია არ გააჩნია. სასამართლოსთვის მიმართვისა და სასამართლო წარმოების მიზანი კი მხოლოდ ფორმალური საპროცესო მოქმედების განხორციელება არ არის. იგი უნდა ემსახურებოდეს პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლებისა და კანონიერი ინტერესის რეალურ და ეფექტიან დაცვას.
25. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორს არ მიუთითებია ისეთი გარემოებები, რომლებიც დაადასტურებდა საქართველოს ტერიტორიაზე კვიპროსის სასამართლოს მიერ დადგენილი აკრძალვის გავრცელების კონკრეტულ საჭიროებას. კერძოდ, არ დგინდება, რომ საქართველოში №1 და №2 მოპასუხეების მიერ №3 მოპასუხის მიმართ მიმდინარეობს ან მოსალოდნელია იმგვარი მოთხოვნის განხორციელება, რომლის აღკვეთასაც ემსახურება კვიპროსის სასამართლოს ბრძანება, ან რომ №3 მოპასუხის მიერ საქართველოში არსებობს შესაბამისი ფულადი ვალდებულების შესრულების რეალური შესაძლებლობა, რომლის შეზღუდვაც სწორედ მოთხოვნილი უცხო ქვეყნის სასამართლო აქტის ცნობითა და აღსრულებით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი. შესაბამისად, მხოლოდ სს „კ.პ.კ–ის“ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირად არსებობა ვერ ქმნის იმგვარ სამართლებრივ კავშირს საქართველოს სახელმწიფოსთან, რომელიც საკმარისი იქნებოდა კვიპროსის სასამართლოს მიერ დადგენილი დროებითი ღონისძიების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებისათვის. შუამდგომლობის ავტორმა ვერ მიუთითა კონკრეტულ სამართლებრივ ან ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოთხოვნილი ცნობისა და აღსრულების შედეგად საქართველოში დადგებოდა მისთვის კონკრეტული და რეალური სამართლებრივი შედეგი.
26. ამდენად, წარმოდგენილი შუამდგომლობის ფარგლებში არ იკვეთება განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი შედეგის მიღების რეალური და კონკრეტული იურიდიული ინტერესი, რის გამოც შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს. ამასთან, შუამდგომლობის განუხილველად დატოვება არ ართმევს განმცხადებელს შესაძლებლობას, შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, ხელახლა მომართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, თუ წარმოიშობა საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა, მოქმედება ან სააღსრულებო საჭიროება, რომლის მიმართაც კვიპროსის ქალაქ ნიქოზიის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 13 ივლისის №920/2026 ბრძანების ცნობა და აღსრულება აუცილებელი გახდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 187-ე, 275-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „პ.რ.პ.ჰ–სის“ შუამდგომლობა კვიპროსის ქალაქ ნიქოზიის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 13 ივლისის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლევან მიქაბერიძე