დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 23.09.2026
საქმის ნომერი
ა-4237-შ-138-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
23.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-4237-შ-138-2026 23 სექტემბერი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – გ.კ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ს–ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – დიდი ბრიტანეთის, მისი უდიდებულესობის სასამართლოებისა და ტრიბუნალების სამსახურის საოჯახო სასამართლოს 2026 წლის 27 აპრილის პირობითი განკარგულება (საქმის ნომერი 1752-2387-8040-6330) (2026 წლის 15 ივნისის საბოლოო განკარგულება)

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დიდი ბრიტანეთის, მისი უდიდებულესობის სასამართლოებისა და ტრიბუნალების სამსახურის საოჯახო სასამართლოს 2026 წლის 27 აპრილის პირობითი განკარგულებით (საქმის ნომერი 1752-2387-8040-6330), 2011 წლის 14 სექტემბერს გაერთიანებულ სამეფოში, უესტმინისტერის ოლქში, უესტმინისტერის ქალაქში მდებარე ოლდ მერილებონის მერიაში, გ.კ–ძესა და ი.ს–ეს შორის შემდგარი ქორწინება საბოლოოდ შეწყდა (პირობითი განკარგულება საბოლოოდ გამოცხადაა 2026 წლის 15 ივნისს).

2. გ.კ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა შუამდგომლობით და მოითხოვა უცხო ქვეყნის განკარგულების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 2 სექტემბრის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე დგინდება, რომ დიდი ბრიტანეთის, მისი უდიდებულესობის სასამართლოებისა და ტრიბუნალების სამსახურის საოჯახო სასამართლოს 2026 წლის 27 აპრილის პირობითი განკარგულებით (საქმის №1752-2387-8040-6330) საბოლოოდ შეწყდა 2011 წლის 14 სექტემბერს გაერთიანებულ სამეფოში, უესტმინისტერის ოლქში, უესტმინისტერის ქალაქში მდებარე ოლდ მერილებონის მერიაში გ.კ–ძესა და ი.ს–ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება. პირობითი განკარგულება საბოლოო განკარგულებად გამოცხადდა 2026 წლის 15 ივნისს.

6. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა და აღსრულებულია დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.

7. საქართველოს მოქალაქე გ.კ–ძემ შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა დიდი ბრიტანეთის, მისი უდიდებულესობის სასამართლოებისა და ტრიბუნალების სამსახურის საოჯახო სასამართლოს 2026 წლის 27 აპრილის პირობითი განკარგულების (საქმის №1752-2387-8040-6330), რომელიც 2026 წლის 15 ივნისს საბოლოო განკარგულებად გამოცხადდა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

8. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.კ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს დიდი ბრიტანეთის, მისი უდიდებულესობის სასამართლოებისა და ტრიბუნალების სამსახურის საოჯახო სასამართლოს 2026 წლის 27 აპრილის პირობითი განკარგულება (საქმის №1752-2387-8040-6330), რომელიც 2026 წლის 15 ივნისს საბოლოო განკარგულებად გამოცხადდა და რომლის საფუძველზეც საბოლოოდ შეწყდა 2011 წლის 14 სექტემბერს გაერთიანებულ სამეფოში, უესტმინისტერის ოლქში, უესტმინისტერის ქალაქში მდებარე ოლდ მერილებონის მერიაში გ.კ–ძესა და ი.ს–ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

ბადრი შონია