დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 09.07.2026
საქმის ნომერი
ას-520-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
09.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე Nას-520-2026

09 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.ზ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ.ე.კ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ე.კ–ი“

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 17 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „მ.ე.კ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი მ.ზ–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის - 4 215.78 ლარისა და სარგებლის, - 2 102.23 ლარის გადახდა.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2025 წლის 17 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 17 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2025 წლის 30 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში.

5. 2026 წლის 26 თებერვალს, სააპელაციო სასამართლოს, განცხადებით მიმართა შპს „ე.კ–ის“ წარმომადგენელმა, რომელმაც, მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, წინამდებარე საქმეში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ შპს „ე.კ–ის“ ცნობა მოითხოვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 მარტის განჩინებით შპს „ე.კ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შპს „ე.კ–ი“ ცნობილ იქნა მოსარჩელე სს „მ.ე.კ–ის“ უფლებამონაცვლედ შემდეგ გარემოებათა გამო:

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 92-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

6.2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობას მატერიალური სამართლის ნორმები განაპირობებენ, რომელთა მიხედვითაც დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს, შესაბამისად, თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დაუშვებელია, მაშინ დაუშვებელია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობისთვის აუცილებელია შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი.

6.3. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელ შპს „ე.კ–ის“ წარმომადგენელი ასეთ მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველად მიუთითებს 2025 წლის 02 აპრილს სს „მ.ე.კ–სა“ და მათ საზოგადოებას შორის გაფორმებულ „სასესხო პორტფელის გაყიდვის შესახებ“ (მოთხოვნის დათმობის (ცესიის)) ხელშეკრულებასა და მის საფუძველზე მოთხოვნის დამთმობის (ცედენტის) მიერ გაცემულ ცნობაზე (დანართი #1), რომლითაც დასტურდება, რომ წინამდებარე საქმეში სადავოდ გამხდარი მოთხოვნის უფლება - ძირი თანხა 4 215.78 ლარი და სარგებლის 2 102.23 ლარი - კანონით დადგენილი წესით სს „მ.ე.კ–მა“ შპს „ე.კ–ს“ დაუთმო.

6.4. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 199-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია, მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა).

6.5. პალატამ განმარტა, რომ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება არის აბსტრაქტული ხელშეკრულება. მოთხოვნის დათმობის ნების გამოვლენასა და ახალი კრედიტორის მიერ თანხმობის გამოხატვასთან ერთად, ხელშეკრულების აუცილებელი პირობაა დათმობილი მოთხოვნის ზუსტი აღნიშვნა. მოთხოვნა იმდენად უნდა იყოს ინდივიდუალიზებული, რომ მხარეთა შეთანხმება მოთხოვნის დათმობის საგანზე არ უნდა იძლეოდეს ეჭვის საფუძველს (განსაზღვრულობის პრინციპი).

6.6. განსახილველ საქმეზე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ზემოთ აღნიშნული დოკუმენტები, პალატის მოსაზრებით, ადასტურებს მოსარჩელე სს „მ.ე.კ–ის“ მიერ შპს „ე.კ–ისთვის“ წინამდებარე საქმეში სადავოდ გამხდარი მოთხოვნის უფლების - ძირი თანხა 4 215.78 ლარი, სარგებლის 2 102.23 ლარი - დათმობას.

6.7. პალატამ აღნიშნა, რომ მოთხოვნის გადაცემის შემთხვევაში, ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იკვეთება აქტიური მხარის კრედიტორის შეცვლა, რაც ყოველთვის გარკვეული სამართლებრივი საკითხების წარმოშობას უკავშირდება, ვინაიდან ამ უკანასკნელს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა აკავშირებს მოვალესთან და კრედიტორის გასვლა ამ ურთიერთობიდან იწვევს მის მიმართ ვალდებულების შეწყვეტას.

6.8. სსკ-ის 198.1 მუხლის მიხედვით (მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ), ეს არის თავდაპირველ და ახალ კრედიტორს შორის დადებული გარიგება, რომლითაც თავდაპირველი კრედიტორი მოვალის მიმართ თავის მოთხოვნას გადასცემს ახალ კრედიტორს.

6.9. როგორც საქართველოს უზენაეს სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, „საპროცესო უფლებამონაცვლეობა შეიძლება პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, მათ შორის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების სტადიაზეც. ხოლო მოთხოვნის დათმობა კი, შეიძლება მანამ სანამ მოთხოვნა ჯერ კიდევ არსებობს და ვალდებულება არ არის შესრულებული მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლომ უნდა შეაფასოს დ.მ-ის მოთხოვნის ოდენობა შპს „მ-ის“ მიმართ გასაჩივრებული განჩინების მიღების დროისათვის, რადგან სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხოლოდ ისეთი მოთხოვნის გადასვლას ახალ კრდიტორზე, რომელიც მოთხოვნის დათმობის დროისათვის არსებობდა და ეკუთვნოდა მოთხოვნის დამთმობს“ (იხ. სუსგ #ას-154-148-2012, 19.03.2012 წ.).

7. სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 26 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მისი გაუქმება მოითხოვა.

8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო ეყრდნობა ერთი მხარის მიერ გაცემულ ცნობას. ცნობა არის მეორადი დოკუმენტი. პირველადი დოკუმენტი არის ცესიის ხელშეკრულება. ხელშეკრულების დანართი კი საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა, რის გამოც სასამართლოს შესაძლებლობა არ ჰქონდა, შეემოწმებინა ნამდვილად შედიოდა თუ არა მოპასუხის ვალდებულება იმ „პორტფელში“, რომელიც გაიყიდა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 1 ივნისის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს; სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

11. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენის კანონიერების საკითხი, კერძოდ, არსებობდა თუ არა სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის დადგენის საფუძველი.

13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. საპროცესო უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება, თუ დაუშვებელია მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი პირიდან მეორე პირზე. საპროცესო უფლებამონაცვლეობა - ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში. უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა (იხ. ლილუაშვილი თ., სამოქალაქო საპროცესო სამართალი, 2005, 137).

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მატერიალურ სამართალში ურთიერთობის მონაწილე – კონტრაჰენტის ამა თუ იმ საფუძვლით ურთიერთობიდან გასვლა იწვევს ამ ურთიერთობაში უფლებამონაცვლის ჩართვას და მისთვის იმ უფლება-მოვალეობათა გადაცემას, რაც თავდაპირველ სამართალსუბიექტს გააჩნდა. ზოგადად, სამოქალაქო სამართალში ორი სახის უფლებამონაცვლეობა გვაქვს: პირველი – უნივერსალური ანუ ზოგადი უფლებამონაცვლეობა, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მისი წინამორბედის ყველა უფლება-მოვალეობა (მემკვიდრეობა, იურიდიული პირის რეორგანიზაცია და სხვ.) და მეორე – სინგულარული (კერძო) უფლებამონაცვლეობა, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მხოლოდ ცალკეული უფლება (მოთხოვნის დათმობა). ორივე შემთხვევაში, უფლებამონაცვლეობის ფარგლები იმისდა მიხედვით დგინდება, თუ რა სახის უფლებამონაცვლეობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ამასთან, უფლებამონაცვლე უფლებებსა და მოვალეობებს იმ ფარგლებში იძენს, რა ფარგლებშიც იგი მის წინამორბედთან იყო (იხ. სუსგ-ები: №ას-532-508-2016, 16.09.2016 წ., №ას-1558-1478-2017, 26.10.2018 წ., ͏№ას-1339-2022 2.12.2022წ.)

15. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია შეეხება იმას, რომ განმცხადებელმა წარმოადგინა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება და ცნობა, რაც არ არის საკმარისი იმის დასადგენად მოიცავს თუ არა მოპასუხის დავალიანებას წარმოდგენილი ხელშეკრულება.

16. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან 2025 წლის 02 აპრილს სს „მ.ე.კ–სა“ და შპს „ე.კ–ს“ შორის გაფორმებული „სასესხო პორტფელის გაყიდვის შესახებ“ (მოთხოვნის დათმობის (ცესიის)) ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე მოთხოვნის დამთმობის (ცედენტის) მიერ გაცემული ცნობით (დანართი #1) დასტურდება, რომ წინამდებარე საქმეში სადავოდ გამხდარი მოთხოვნის უფლება - ძირ თანხაზე 4 215.78 ლარის ოდენობით და სარგებლის 2 102.23 ლარის ოდენობით - კანონით დადგენილი წესით სს „მ.ე.კ–მა“ შპს „ე.კ–ს“ დაუთმო.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად იხელმძღვანელა სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად (სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია შპს „ე.კ–ი“ - სს „მ.ე.კ–ის“ უფლებამონაცვლედ.

18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორს სსსკ-ის 92.2-ე მუხლზე მითითებით განუმარტავს, რომ უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა (შედარებისათვის იხ. სუსგ #ას-1488-2024, 24.01.2025 წ.).

19. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ წანამძღვრებს, რის გამოც მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 მარტის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ზ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი