დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-698-2026 24 სექტემბერი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე
კასატორი – ლ.მ–ნი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.გ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. გ.გ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.მ–ნის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (ქ. თბილისი, .........., ს/კ .........., შემდეგში სადავო უძრავი ნივთი) გამოთხოვის მოთხოვნით.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.07.2024წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონება, მდებარე- ქალაქი თბილისი, ............., , ს/კ ....... ... და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, თუმცა მას დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 201-ე, 2321-ე მუხლებზე და სსკ-ის 170-172-ე მუხლებზე და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.07.2024წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2025 წლის 14 ივლისის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
5.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დგინდება, რომ მოპასუხეს სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ორჯერ გაეგზავნა შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, დასახლება საქსოფმანქანა, კვარტალი IV, კორპუსი №5, ბინა №36 და არ ჩაბარდა (იხ. ტომი I, ს.ფ.27-29). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მოპასუხისათვის სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ჩაბარება დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამმართველოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ........... 2024 წლის 19 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს პოლიციის IV სამმართველოს მიერ წარმოდგენილი ოქმებიდან ირკვევა, რომ ადრესატს გზავნილი ვერ ჩაბარდა. 2024 წლის 13 ივნისს, სასამართლომ მიიღო განჩინება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. მართალია საქმეში არსებული ჩაბარების დასტურებიდან ჩანს რომ სასამართლომ აპელანტ (მოპასუხის) ფაქტობრივ მისამართზე გაუგზავნა სარჩელი, ხოლო შსს-ს რეგისტრაციის მისამართზე დაავალა დოკუმენტის ჩაბარება. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2025 წლის 14 ივლისის გამართულ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა დ.ი–ძემ (იხ. 14.07.2025 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 10:15:06 წუთიდან) დაადასტურა, რომ მოპასუხემ ჩაიბარა სარჩელი და შესაგებელი არ წარუდგენია, ვინაიდან არ ჰქონდა შესაბამისი სამართლებრივი ცოდნა, რაც, ასევე არ გახადა სადავოდ თავად მოპასუხემ (იხ. 14.07.2025 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 10:45:30 წუთიდან).
5.3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე. ამასთან, სასამართლოს გზავნილიდან ირკვევა, რომ მოპასუხეს განემარტა სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დანიშნული საპროცესო ვადის (შესაგებლის წარდგენის ვადის) არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე. მოპასუხეს, კანონით გათვალისწინებული წესით სასამართლოში შესაგებელი არ წარუდგენია და არც წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია.
5.4. რაც შეეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთი აუცილებელ პირობას, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურებულად მიჩნევა ნიშნავს მოსარჩელის მიერ სარჩელში აღნიშნული ფაქტების კანონის ძალით დადგენილად ცნობას. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მას) სსკ-ის 170-ე, 172-ე, 168-ე მუხლების საფუძველზე ამართლებდა სარჩელით აღძრულ მოთხოვნას უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ. გარდა იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს პრეტენზიას აღნიშნულ საკითხზე, როგორც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველზე.
6. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით და საქმის განხილვის მოთხოვნით.
6.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხეს კვლავ აქვს საქმის განხილვის ინტერესი, და დაუსწრებელი გადაწყვეტილება, როგორც უკიდურესი ღონისძიება არ უნდა გამოეყენებინა.
6.3. კასატორის განმარტებით, სადავო საცხოვრებელი ფართი მოსარჩელის საკუთრებაში თვალთმაქცური გარიგების საფუძველზე აღმოჩნდა, რაც მხარის არაკეთილსინდისიერ ქცევაზე მიუთითებს.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 14 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხის მიმართ, შესაგებლის წარუდგენლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის პრეტენზია შეეხება, როგორც პროცესუალურ, აგრეთვე, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; ამდენად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოპასუხე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას სარჩელი და თანდართული მასალები დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული და ამომწურავად განმარტებული- 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ეს ფაქტობრივი წინაპირობები განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუარა მოთხოვნას იურიდიული თვალსაზრისით.
14. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულადარეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ ერთი გარემოების არსებობისას.
15. სსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბრების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ამდენად, ზემოთ დასახელებული საპროცესო ნორმებიდან ცალსახად გამომდინარეობს, რომ ადრესატის ოჯახის წევრისთვის შეტყობინების დატოვება სრულ შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს მხარე ჩათვალოს ინფორმირებულად და განახორციელოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება (იხ. სუსგ №ას-125-119-2013, 20 მაისი, 2013 წელი).
16. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად მიჩნეულ გარემოებებს და განმარტავს, რომ არსებული მტკიცებულებებიდან დგინდება, რომ მოპასუხეს სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ორჯერ გაეგზავნა შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, დასახლება ............ და არ ჩაბარდა (იხ. ტომი I, ს.ფ.27-29). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მოპასუხისათვის სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ჩაბარება დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამმართველოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, .......... ქუჩა №11. 2024 წლის 19 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს პოლიციის IV სამმართველოს მიერ წარმოდგენილი ოქმებიდან ირკვევა, რომ ადრესატს გზავნილი ვერ ჩაბარდა. 2024 წლის 13 ივნისს, სასამართლომ მიიღო განჩინება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. მართალია საქმეში არსებული ჩაბარების დასტურებიდან ჩანს რომ სასამართლომ მოპასუხეს ფაქტობრივ მისამართზე გაუგზავნა სარჩელი, ხოლო შსს-ს რეგისტრაციის მისამართზე დაავალა დოკუმენტის ჩაბარება. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2025 წლის 14 ივლისის გამართულ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა დ.ი–ძემ (იხ. 14.07.2025 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 10:15:06 წუთიდან) დაადასტურა, რომ მოპასუხემ ჩაიბარა სარჩელი და შესაგებელი არ წარუდგენია, ვინაიდან არ ჰქონდა შესაბამისი სამართლებრივი ცოდნა, რაც, ასევე არ გახადა სადავოდ თავად მოპასუხემ (იხ. 14.07.2025 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 10:45:30 წუთიდან). ამდენად, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ მხარემ ნამდვილად მიიღო სარჩელი და თანდართული დოკუმენტები.
17. ამასთან, სასამართლოს გზავნილიდან ირკვევა, რომ მოპასუხეს განემარტა სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დანიშნული საპროცესო ვადის (შესაგებლის წარდგენის ვადის) არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე. დადგენილია, რომ მოპასუხეს მითითებულ ვადაში სასამართლოში შესაგებელი არ წარუდგენია და არც წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია. სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლი ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც მხარე ვალდებულია, სარწმუნო მტკიცებულებით დაადასტუროს მის მიერ მითითებული გარემოების არსებობა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეს სასამართლოსთვის არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზებზე მიუთითებია (სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი). კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება (მაგ: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, კლინიკური კვლევის შედეგი და ა.შ), რაც შეუძლებელს გახდიდა შესაგებლის წარდგენას და აღნიშნულის თაობაზე სასამართლოს წინასწარ ინფორმირებას. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მხარემ თავად დაადასტურა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების ფაქტი, საპატიო მიზეზის თაობაზე კი მას არ მიუთითებია, აღნიშნული ვერ დაედება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად.
18. მატერიალურსამართლებრივი კუთხით, კასატორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში, მხარეთა შორის იხილება ვინდიკაციური მოთხოვნით წარმოდგენილი დავა, რომლის ფარგლებშიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძვლითაა სარჩელი დაკმაყოფილებული, ამდენად, კასატორის პრეტენზია გარიგების თვალთმაქცობაზე ვერ გახდება მსჯელობის საგანი.
19. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურებულად მიჩნევა ნიშნავს მოსარჩელის მიერ სარჩელში აღნიშნული ფაქტების კანონის ძალით დადგენილად ცნობას. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მას) სსკ-ის 170-ე, 172-ე, 168-ე მუხლების მუხლების საფუძველზე ამართლებდა სარჩელით აღძრულ მოთხოვნას უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ. გარდა იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს პრეტენზიას აღნიშნულ საკითხზე, როგორცსარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველზე.
20. ამდენად, მოპასუხის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, სასამართლო არ იკვლევს ამ უკანასკნელის შესაგებლის არგუმენტებს. სასამართლოს მხოლოდ სარჩელის იურიდიული მართებულობის შემოწმება ევალება. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნებს, ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა უცვლელად მოპასუხის წინაარმდეგ, განმეორებით გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მიღებული შედეგი.
21. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
22. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
25. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.მ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ლ.მ–ნს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის (საგადახდო დავალება N46334503906, გადახდის თარიღი 05.05.2026 და საგადახდო დავალება N47558002448) 70% – 105 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე