დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-759-2026 17 სექტემბერი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
კასატორი – ნ.ჟ–ნი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.წ–ის მემკვიდრეები: თ.წ–ი, გ.შ–ძე, ბ.წ–ნი, ა.წ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 30 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ცილისმწამებლური ცნობების უარყოფა, პოსტის სოციალური ქსელიდან წაშლა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ა.წ–ის მემკვიდრეებმა: თ.წ–მა, გ.შ–ძემ, ბ.წ–ნმა და ა.წ–მა (შემდეგში: მოსარჩელეები) სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ნ.ჟ–ნის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
მოპასუხე, ნ. (ნ.) ჟ–ს, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში დაევალოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს აწ გარდაცვლილი მოსამართლის ა.წ–ის შესახებ „ფეისბუკზე“ (Facebook-ზე) გავრცელებული პოსტის უარყოფა და ცილისწამებად იქნეს მიჩნეული მოპასუხე, ნ. (ნ.) ჟ–ის (N. Z.), მიერ 2025 წლის 12 აპრილს „ფეისბუკზე“ (Facebook-ზე) გამოქვეყნებული (ფეისბუკ-პოსტი), სადაც მითითებულია: „წ–ის მამამ დახვრიტა შემდეგი ადამიანები: 1. ბ.ვ. ძე მ–ძე 2. კ.ჯ. ძე გ–ვა 3. ს.ყ. ძე ც–ძე 4. რ.ლ. ძე გ–ძე 5. მ.ზ.ჭ–ძე 6. მ.შ. ძე მ–ძე 7. ა.მ. ნ–ვი 8. გ.ო. ძე ზ–ია 9. ზ.ი. ძე ბ–ი 10. მ.ნ. ძე ჩ–ია 11. ზ.ს. ძე მ–ნი 12. ბ.ზ. ძე ქ–ლი 13. ი.გ. ძე კ–ძე 14. ბ.რ. ძე კ–ძე 15. ა.ი. ძე მ–ლი 16. გ.ვ. ძე. ა–ძე 17. გ.ვ. ძე. გ–ლი 18. ზ.ა. ძე. ქ–ლი 19. კ.ა. ძე ჭ–ძე 20. ს.ვ. ძე შ–ნი.“ წაშალოს 2025 წლის 12 აპრილის „ფეისბუკ“ პოსტი, გამოაქვეყნოს ცნობა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომ ცილისწამებაა ნ. (ნ.) ჟ–ის (N. Z.), „ფეისბუკ“ (Facebook) პოსტი.
სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში, ნ. (ნ.) ჟ–ს დაევალოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს აწ გარდაცვლილი მოსამართლის ა.წ–ის მიმართ ცილისმწამებლური („ფეისბუკ-ზე“) პოსტის უარყოფა და მიჩნეულ იქნას ცილისწამებად მოპასუხის მიერ გაკეთებული განცხადება „ეს იყო გარდამავალი დრო, როცა სიკვდილით დასჯა უქმდებოდა და მოსამართლე წ–ს შეეძლო სხვა უმაღლესი სასჯელის გამოყენება“. გამოაქვეყნოს ცნობა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც დადგინდა, რომ ცილისწამებაა ნ. (ნ.) ჟ–ის (N. Z.), („ფეისბუკ“ Facebook) მიერ 2025 წლის 12 აპრილის გამოქვეყნებული „ფეისბუკ“ - პოსტი.
2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ა.წ–ის მემკვიდრეების თ.წ–ის, გ.შ–ძის, ბ.წ–ნისა და ა.წ–ის სარჩელი ნ. (ნ.) ჟ–ის მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხე, ნ. (ნ.) ჟ–ს, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში დაევალა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს აწ გარდაცვლილი მოსამართლის ა.წ–ის შესახებ „ფეისბუკზე“ (Facebook)-ზე გავრცელებული პოსტის უარყოფა და ცილისწამებად იქნა მიჩნეული მოპასუხე, ნ. (ნ.) ჟ–ის (N. Z.), მიერ 2025 წლის 12 აპრილს „ფეისბუკზე“ (Facebook)-ზე გამოქვეყნებული (ფეისბუკ-პოსტი), სადაც მითითებულია: „წ–ის მამამ დახვრიტა შემდეგი ადამიანები:
1. ბ.ვ. ძე მ–ძე
2. კ.ჯ. ძე გ–ვა
3. ს.ყ. ძე ც–ძე
4. რ.ლ. ძე გ–ძე
5. მ.ზ.ჭ–ძე
6. მ.შ. ძე მ–ძე
7. ა.მ. ნ–ვი
8. გ.ო. ძე ზ–ია
9. ზ.ი. ძე ბ–ი
10. მ.ნ. ძე ჩ–ია
11. ზ.ს. ძე მ–ნი
12. ბ.ზ. ძე ქ–ლი
13. ი.გ. ძე კ–ძე
14. ბ.რ. ძე კ–ძე
15. ა.ი. ძე მ–ლი
16. გ.ვ. ძე. ა–ძე
17. გ.ვ. ძე. გ–ლი
18. ზ.ა. ძე. ქ–ლი
19. კ.ა. ძე ჭ–ძე
20. ს.ვ. ძე შ–ნი“.
მოპასუხეს ასევე დაევალა წაშალოს 2025 წლის 12 აპრილის „ფეისბუკ“ პოსტი, გამოაქვეყნოს ცნობა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც დადგინდა, რომ ცილისწამებაა ნ. (ნ.) ჟ–ის (N. Z.), „ფეისბუკ“ (Facebook) პოსტი; სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში, ნ. (ნ.) ჟ–ს დაევალა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს აწ გარდაცვლილი მოსამართლის ა.წ–ის მიმართ ცილისმწამებლური („ფეისბუკ“) პოსტის უარყოფა და მიჩნეულ იქნას ცილისწამებად მოპასუხის მიერ გაკეთებული განცხადება „ეს იყო გარდამავალი დრო, როცა სიკვდილით დასჯა უქმდებოდა და მოსამართლე წ–ს შეეძლო სხვა უმაღლესი სასჯელის გამოყენება“. დაევალა გამოაქვეყნოს ცნობა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც დადგინდა, რომ ცილისწამებაა ნ. (ნ.) ჟ–ის (N. Z.), („ფეისბუკ“ Facebook) მიერ 2025 წლის 12 აპრილის გამოქვეყნებული „ფეისბუკ“ - პოსტი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 30 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. მოსარჩელე თ.წ–ი არის პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (სარჩელის წარდგენის ეტაპზე). შესაბამისად, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, მოსარჩელე არის საჯარო პირი.
6.2. გ.შ–ძე, ბ.წ–ნი და ა.წ–ი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, არიან
კერძო პირები.
6.3. მოსარჩელეები - თ.წ–ი, გ.შ–ძე, ბ.წ–ნი და ა.წ–ი არიან აწ გარდაცვლილი ა.წ–ის მემკვიდრეები.
6.4. ა.წ–ი იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.
6.5. 2025 წლის 12 აპრილს ნ. (ნ.) ჟ–მა თავის პირად „Facebook“ გვერდზე, N. Z. გამოაქვეყნა შემდეგი პოსტი. „წ–ის მამამ დახვრიტა შემდეგი ადამიანები: 1. ბ.ვ. ძე მ–ძე; 2. კ.ჯ. ძე გ–ვა; 3. ს.ყ. ძე ც–ძე; 4. რ.ლ. ძე გ–ძე; 5. მ.ზ.ჭ–ძე; 6. მ.შ. ძე მ–ძე; 7. ა.მ. ნ–ვი; 8. გ.ო. ძე ზ–ია; 9. ზ.ი. ძე ბ–ი; 10. მ.ნ. ძე ჩ–ია; 11. ზ.ს. ძე მ–ნი; 12. ბ.ზ. ძე ქ–ლი; 13. ი.გ. ძე კ–ძე; 14. ბ.რ. ძე კ–ძე; 15. ა.ი. ძე მ–ლი; 16. გ.ვ. ძე. ა–ძე; 17. გ.ვ. ძე. გ–ლი; 18. ზ.ა. ძე. ქ–ლი; 19. კ.ა. ძე ჭ–ძე; 20. ს.ვ. ძე შ–ნი. ა.წ–ი მოსამართლედ 1976-1990 წლებში მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდში მიუსაჯა მან 20 ადამიანს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. ეს იყო გარდამავალი დრო, როცა სიკვდილით დასჯა უქმდებოდა და მოსამართლე წ–ს შეეძლო სხვა უმაღლესი სასჯელის გამოყენება“. აღნიშნულ პოსტს აქვს 5.1 ათასი მოწონება, 776 გაზიარება და 754 ნეგატიური კომენტარი.
6.6. მოსარჩელეთა წარმომადგენელმა 2025 წლის 16 ივლისის №130869 წერილით მიმართა სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ითხოვა ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით ინფორმაცია, ბ.ვ. ძე მ–ძის, კ.ჯ. ძე გ–ვას, მ.ზ.ჭ–ძის, გ.ო. ძე ზ–ას, ს.ყ. ძე ც–ძის, რ.ლ. ძე გ–ძის, მ.შ. ძე მ–ძის, ა.მ. ოღლი ნ–ის, ზ.ი. ძე ბ–ის, მ.ნ. ძე ჩ–იას, ზ.ს. ძე მ–ნის, ბ.ზ. ძე ქ–ლის, ი.გ. ძე კ–ძის, ბ.რ. ძე კ–ძის, ა.ი. ძე მ–ლის, გ.ვ. ძე. ა–ძის, გ.ვ. ძე. გ–ლის, კ.ა. ძე ჭ–ძის, ს.ვ. ძე შ–ნისა და ზ.ა. ძე. ქ–ლის გარდაცვალების შესახებ.
6.7. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2025 წლის 17 ივლისის №01/168061 წერილის თანახმად:
- ბ.ვ. ძე მ–ძის (დაბ.29.09.1967წ.) მიმართ, ქარელის რ-ნის ........ სასოფლო საბჭოს მიერ, 2000 წლის 25 ოქტომბერს რეგისტრირებულია გარდაცვალების აქტის №36 ჩანაწერი. გარდაცვალების ადგილი-ქარელი; გარდაცვალების თარიღი - 13.08.2000წ.
- კ.ჯ. ძე გ–ვას (დაბ. 1945წ.) მიმართ, სენაკის რ-ნის მმაჩის განყოფილების მიერ, 1994 წლის 03 ივნისს რეგისტრირებულია გარდაცვალების აქტის №8 ჩანაწერი. გარდაცვალების ადგილი - თბილისი; გარდაცვალების თარიღი - 04.05.1994წ.
- მ.ზ.ჭ–ძის (დაბ. 1968წ.) მიმართ, ქუთაისის №2 მმაჩის განყოფილების მიერ, 1995 წლის 04 აპრილს რეგისტრირებულია გარდაცვალების აქტის №361 ჩანაწერი. გარდაცვალების ადგილი - თბილისი; გარდაცვალების თარიღი - 14.02.1995წ.
- გ.ო. ძე ზ–იას (დაბ.16.04.1960წ. პ/ნ ........) მიმართ, სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, 2020 წლის 18 მაისს რეგისტრირებულია გარდაცვალების აქტის №40207000391 ჩანაწერი. გარდაცვალების ადგილი-მცხეთა; გარდაცვალების თარიღი - 16.05.2020წ.
6.8. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ იძებნება ს.ყ. ძე ც–ძის, რ.ლ. ძე გ–ძის, მ.შ. ძე მ–ძის, ა.მ. ოღლი ნ–ის, ზ.ი. ძე ბ–ის, მ.ნ. ძე ჩ–იას, ზ.ს. ძე მ–ნის, ბ.ზ. ძე ქ–ლის, ი.გ. ძე კ–ძის, ბ.რ. ძე კ–ძის, ა.ი. ძე მ–ის, გ.ვ. ძე. ა–ძის, გ.ვ. ძე გ–ის, კ.ა. ძე ჭ–ძისა და ს.ვ. ძე შ–ნის მიმართ რეგისტრირებული გარდაცვალების აქტის ჩანაწერები.
6.9. რაც შეეხება ინფორმაციას ზ.ა. ძე. ქ–ლის გარდაცვალების შესახებ, პირადი მონაცემების არ/ვერ მითითების გამო ვერ ხერხდება იდენტიფიცირება, ვინაიდან მსგავსი მონაცემებით იძებნება რამდენიმე სამოქალაქო აქტის ჩანაწერი.
6.10. ა.წ–ი (დაბ. 02.04.1942წ.) გარდაიცვალა 2020 წლის 19 მარტს.
6.11. იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადასტურება მოპასუხის მიმართვის საფუძველზე განხორციელდა 2025 წლის 25 ივლისს, სანოტარო მოქმედებით №250950430. ნოტარიუსმა შეამოწმა მოპასუხის მიერ მიწოდებული ლინკების საფუძველზე ვებ-გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის არსებობის ფაქტი. კერძოდ: - რადიო თბილისი/FM 93.5/Radio Tbilisi: „მოსამართლე ა.წ–მა 20 ადამიანს სასჯელის უმაღლესი ზომა-დახვრეტა მიუსაჯა, იმ პერიოდში, როდესაც სიკვდილით დასჯის გაუქმება უკვე დღის წესრიგში იდგა“ წერს - საინფორმაციო სააგენტო News of the Day. თ.წ–ის მამა, ა.წ–ი, 1976-1990 წლებში მუშაობდა მოსამართლედ-გარდამავალ პერიოდში, როცა საბჭოთა სისტემაში სიკვდილით დასჯის გაუქმება აქტიურად განიხილებოდა, მიუხედავად იმისა, მან 20 ადამიანს მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა-დახვრეტა. დახვრეტილთა სია ასე გამოიყურება: 1. ბ.მ–ძე; 2. კ.გ–ვა; 3. ს.ც–ძე; 4. რ.გ–ძე; 5. მ.ჭ–ძე; 6. მ.მ–ძე; 7. ა.ნ–ვი; 8. გ.ზ–ია; 9. ზ.ბ–ი; 10. მ.ჩ–ია; 11. ზ.მ–ნი; 12. ბ.ქ–ი; 13. ი.კ–ძე; 14. ბ.კ–ძე; 15. ა.მ–ი; 16. გ.ა–ძე; 17. გ.გ–ი; 18. ზ.ქ–ი; 19. კ.ჭ–ძე; 20. ს.შ–ნი. მოსამართლეს იმ პერიოდში უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, შეეფასებინა გარემოებები და ალტერნატიული-ხანგრძლივი პატიმრობის სასჯელი გამოეყენებინა, თუმცა არჩევანი დახვრეტაზე შეაჩერა“ - წერს News of the Day. - Kvirispalitra.ge გამოქვეყნებული სტატია შემდეგი სათაურით: „წელიწად ნახევარი დახვრეტას ველოდი“ - სიკვდილმისჯილის აღსარება 15 წლის შემდეგ. „გიორგობას მოსამართლე წ–მა ორჯერ მომისაჯა სიკვდილი...“ „კედელზე ეწერა: „გ.კ–ძე, 1984“. ამ საკანში იჯდა სპორტსმენი ნ–იც, მისი სახელიც ეწერა... კედელი გავსებული იყო დახვრეტილი პატიმრების სახელებით და დახვრეტის წლებით“. საქართველოში სიკვდილით დასჯა 1997 წელს გაუქმდა, ამ დროს ორთაჭალაში, სიკვდილმისჯილთა საკანში 52 პატიმარი იხდიდა სასჯელს. ისინი ყოველ წუთს ელოდნენ განაჩენის აღსრულებას, მაგრამ გადარჩნენ. ბოლო დახვრეტა 1995 წლის 15 თებერვალს მოხდა, ერთ დღეს 7 კაცი დახვრიტეს. ადრეულ წლებში, დახვრეტის განაჩენის გამოტანის შემდეგ, ოჯახის წევრებს კონტაქტი აღარ ჰქონდათ სიკვდილმისჯილთან, დიდი ხნის მერე მათთან კურიერს ტანსაცმელი მიჰქონდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ განაჩენი აღსრულდა... ჩვენი რესპონდენტი 19 წლის იყო, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ა.წ–მა დახვრეტა მიუსაჯა. „მიესაჯოს სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა“, - ეს სიტყვები მოსამართლემ პროცესზე ორჯერ წარმოთქვა, ორგზის მიუსაჯა სიკვდილით დასჯა ბრალდებულს განზრახ მკვლელობისთვის და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვისაც. სიკვდილმისჯილი დღეს 38 წლისაა, მან ციხეში 15 წელი გაატარა. ამბობს, რომ პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობს, სამსახურიც აქვს, ამიტომ მის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ. ზ.: - 18 წლის ვიყავი, მკვლელობა რომ ჩავიდინე, 19 წლის ციხეში გავხდი. 1996 წლის 6 მაისს, გიორგობას, მოსამართლე წ–მა დახვრეტა მომისაჯა. გულის სიღრმეში ვგრძნობდი, დახვრეტას რომ მომისჯიდნენ, მაგრამ რადგან გიორგობა იყო, მეგონა, მოსამართლე მეტყოდა, ახალგაზრდა ხარ და ერთ შანსს მოგცემო. ასე არ მოხდა დანაშაული ჯგუფური იყო, ჩემს თანამზრახველს 7 წელი მიუსაჯეს. მე ორივე ბრალზე ცალ-ცალკე დახვრეტა მომესაჯა. მკვლელობა ყაჩაღობის დროს მოხდა - ერთი გარდაიცვალა, მეორე კი დაიჭრა. - ეს არ იყო თქვენი პირველი ნასამართლობა, ასეა? - პირველად ავტოავარია მოვახდინე, მერე ქურდობისთვის დამიჭირეს და 5 წელი მომისაჯეს, მაგრამ ამნისტია შემეხო და მალე გამოვედი. 4 თვის გამოსული ვიყავი, ახალი დანაშაული რომ ჩავიდინე. მაშინ ისეთი ვითარება იყო, ყველა იარაღით დადიოდა. „მხედრიონი“ და გვარდია გვყავდა მისაბაძი. ჩვენი თაობა ფიქრობდა, რომ ძალა იარაღშია. ავტომატიანის ყველას ეშინოდა. ვაკეში გავიზარდე. ჩემი მეგობრების უმრავლესობა, 7 ბიჭი, გარჩევებს შეეწირა, მაშინ ასე იყო, ვინ ვის დაასწრებდა. თითზე ჩამოსათვლელები დავრჩით. გარეთ რომ ვყოფილიყავი, ალბათ, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. ჩვენ ყ–ძის დაჯგუფებას გვეძახდნენ. მეც მინდოდა, ვყოფილიყავი ისეთი მაგარი ბიჭი, როგორიც სხვები იყვნენ. ასე აღმოვჩნდი იმ წუმპეში. 6 მაისი, გიორგობა, არასოდეს დამავიწყდება. მოსამართლის თავთან ეკიდა წმინდა გიორგის გამოსახულებით გერბი და გიორგობას დახვრეტა მომისაჯა. დედა ცუდად გახდა, შევძახე, დედა, გამაგრდი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. გარეთ ჩვეულებრივ გავედი, მაშინ ვერაფერს ვგრძნობდი, მაგრამ როცა სიკვდილმისჯილთა საკანში, ე.წ. სპეცებში შემიყვანეს, მივხვდი, რაც მჭირდა. მიწის ქვეშ 24 საკანი სიკვდილმისჯილებისთვის იყო განკუთვნილი, ვინც იქ ნამყოფია, დამეთანხმება, საკანში მორგის სუნი იდგა. ფეხი შევდგი თუ არა, მივხვდი, ფაქტობრივად, მორგში ვიყავი. კავკასიის ისტორიაში თურმე მეშვიდე პატიმარი ვიყავი ამ ასაკის, რომელსაც დახვრეტა მომესაჯა. - სამარტოო საკანში გამოგკეტეს? - სულ მარტო ვიყავი თვე-ნახევარი, მერვე საკანში. რკინის ლოგინი წყალში იდგა, მხოლოდ ლეიბი მომცეს. მარტო დარჩენილი მხოლოდ დედაზე ვფიქრობდი. ის ჩემზე დარდს გადაჰყვა. პაემნებზე რომ შემოდიოდა, ვხედავდი, როგორ დნებოდა ქალი. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში დახვრეტა გაუქმდა. მაშინ ჩემს თავს მივეცი სიტყვა, თუ იქიდან გამოვიდოდი, დანაშაულს არასოდეს ჩავიდენდი. თვე-ნახევრის მერე უკვე სხვებთან გადამიყვანეს. ლოდინი ძალიან გვღლიდა, ვეღარ ვუძლებდით. წლების განმავლობაში ყოველ წუთს რომ დახვრეტის მოლოდინში ხარ, ძნელია. იმ პერიოდში პ.გ–სა და ი. დ–საც დახვრეტა მიუსაჯეს. მათ ბევრი იბრძოლეს, რომ დახვრეტა გაუქმებულიყო. კანონები კარგად იცოდნენ. დიდი ბრძოლით მიაღწიეს პაემნის, ამანათის, ინფორმაციის მოწოდების უფლებას. ყველა კარის გაღება შიში იყო. ყოველდღე ტარდებოდა დათვალიერება, დღის პირველ საათზე უნდა გაეჩხრიკათ საკნები, გავყავდით გარეთ, გვაყენებდნენ კუთხეში და ჩხრეკდნენ ოთახს... დასახვრეტი ადამიანი სპეცრაზმის თანხლებით გაჰყავდათ. დახვრეტის წინ, განაჩენის წაკითხვამდე ბადრაგი პატიმარს ხელბორკილს ადებდა და ხვდებოდი, რომ ეს შენი ცხოვრების ბოლო წუთები იყო. აფხაზეთიდან ერთი რუსი იხდიდა სასჯელს, 4 წელიწად-ნახევარი იჯდა სიკვდილმისჯილთა საკანში, ბევრის დახვრეტას შეესწრო. იყო კიდევ ერთი, თ., ის იხსენებდა, საკნებით მოჰყვებოდნენ დასახვრეტებს, ჩემ წინა საკნებში მყოფები დახვრიტეს და მეც ველოდებოდი, როდის მომაკითხავდნენ. მეგონა, მხნედ ვიყავი, მაგრამ, როცა კარი გააღეს, ჩავიჩოქე, ფეხზე ვერ ვდგებოდი, ფეხები წამერთვა, იმ დღეს გადავრჩი, მე არ წამიყვანესო. თავდაპირველად 23 სიკვდილმისჯილი ვიყავით, მერე, ეს რიცხვი 52-მდე გაიზარდა. 40% ა.წ–ის გასამართლებული იყო, 30% - ლ.ბ–ის. - დრო როგორ გაგყავდათ? -ი. დ–ძემ ციხეში პატარა გადამცემები გააკეთა და ველაპარაკებოდით. ბადრაგმა იცოდა, მაგრამ ვერ პოულობდა. პატარა მოწყობილობა ქინდერ-სიურპრიზებში იყო ჩაწყობილი, ჩხრეკის დროს სათამაშო ეგონათ. ზოგს სასაპნეში ჰქონდა ჩამონტაჟებული. ხშირად გვჩხრეკდნენ, მაგრამ ისე იყო ყველაფერი შეფუთული, ვერ ხვდებოდნენ. ხან მუსიკას ვუსმენდით ასე, ან თუ ჩვენს საკითხზე პრესაში რაიმე დაიწერებოდა, ი.დ–ძე კითხულობდა ხმამაღლა სტატიას თავის საკანში და ყველა ვუსმენდით ჩვენს საკნებში. შუქი თუ გაითიშებოდა, დავიწყებდით ბრაგუნს და ჩამოგვიჭიმავდნენ „დვიჟოკის“ შუქს. ერთხელ 18 დღე ვიშიმშილეთ, ამის მერე ტელევიზორების შემოტანის უფლება მოგვცეს და ინფორმაციასაც ვუსმენდი. მთავარია წყნარად ვყოფილიყავით, რადგან სიკვდილმისჯილს დასაკარგი არაფერი აქვს, ყველაფერზეა წამსვლელი გაქცევის მცდელობას აზრი არ ჰქონდა. სულ სინესტეში, წყალში ვისხედით. ერთი ჭლექით გარდაიცვალა. ზოგი პატიმარი მართლა დასახვრეტი იყო - მათ ბავშვების გაუპატიურება-მკვლელობა ედებოდათ ბრალად. მეცოდებოდა, რომ უნდა დაეხვრიტათ, თუმცა, ადამიანი აღარ ეთქმოდათ. ერთს 5 ხანში შესული ქალის გაუპატიურება-მკვლელობა და გატყავება ჰქონდა ბრალად. ერთი კიდევ, მეგობარმა სახლში შეუშვა და მან მისი 12 წლის შვილი გააუპატიურა და აბაზანაში დაახრჩო. არ იყვნენ ისინი სიცოცხლის ღირსი, მაგრამ მათაც ვაწვდიდით ლუკმას. მე-8 საკნიდან მე-12 საკანში გადამიყვანეს, სადაც გ.კ–ძე იჯდა, კედელზე ეწერა: „გ.კ–ძე 1984“. ამ საკანში იჯდა სპორტსმენი ნ–იც, მისი სახელიც ეწერა. კედელი გავსებული იყო დახვრეტილი პატიმრების სახელებით და დახვრეტის წლებით. ჩემი უახლოესი მეგობრის, გ.ბ–ძის მამის სადისტურად მკვლელობაში ვინმე ი.კ–ძე გაასამართლეს. ციხეში ვეძებდი, მინდოდა, შური მეძია. როცა გავიგე, დახვრეტა მიუსაჯეს, მისი მოკვლა გადავიფიქრე. მინდოდა, მენახა, ამიტომ საპირფარეშოში გავჭედე კარტოფილი, რომ საკნიდან გავეყვანე, და „კარმოშკაში“ შევძახე, სხვაგან რომ მენახე, თავს მოგჭრიდი, სიკვდილმისჯილი ხარ და აწი აზრი არა აქვს-მეთქი. მერე მასთან საუბრით დავრწმუნდი, რომ ის არ იყო ამ საქმეში დამნაშავე... სიკვდილით დასჯის გაუქმებას 25 ივლისს მოაწერა ხელი შევარდნაძემ. ყოველ წელს ამ დღეს ყოფილი სიკვდილმისჯილები ვიკრიბებით. ზოგიერთთან ურთიერთობას ვაგრძელებ, ერთს დისშვილიც მოვანათვლინე. მაშინ დახვრეტა 20 წლიანი სასჯელით შეგვიცვალეს, კანონმდებლობაში მაქსიმუმი 15 წელი იყო და დიდი ბრძოლის შემდეგ ყველას 5-5 წელი ჩამოგვაკლდა. 15 წელი სრულად მოვიხადე, მხოლოდ ერთი დღე მაჩუქეს. აქედან 10 წელზე მეტი ჩაკეტილ სისტემაში მაქვს გატარებული. კრიტში რომ გადაგვიყვანეს, დღეში ერთი საათი გვასეირნებდნენ. მოგვიანებით, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაგვიყვანეს, ციხის უფროსებს ეშინოდათ, ვინმე არ აგვეყოლიებინა გაქცევაზე ან რამე არ ჩაგვედინა და სხვა პატიმრებს უკრძალავდნენ ჩვენთან კონტაქტს. ისინიც მერიდებოდნენ, როცა გაიგებდნენ, რომ სიკვდილმისჯილი ვიყავი... პირველი აღსარება წითელ პარასკევს ჩავაბარე. მას მერე სხვა თვალით შევხედე ცხოვრებას. ადამიანს სიცოცხლე წავართვი, ამის უფლება არ მქონდა. ციხეში ხატწერა დავიწყე. კოლონიაში საამქრო იყო გახსნილი, სადაც პატიმრები ხელობას სწავლობდნენ. მე პირველად ვედრების ხატი დავწერე კანონიკა ვიცოდი, რადგან საეკლესიო ლიტერატურას ვკითხულობდი, ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას, რომანებს, დეტექტივებს... ჩემი ხატები პატრიარქმა ნახა. 2010 წლის დეკემბერში გამოვედი ციხიდან. რა გარემო დაგხვდა? - მეგობარს დავურეკე, რომ დიდუბის სადგურზე დამხვედროდა. იქ ვერავინ ვნახე, ამიტომ დიღმის მასივისკენ წავედი, ვეძებდი ქუჩის ტელეფონებს, ვერსად ვნახე, როცა ვკითხულობდი, გაკვირვებულები მიყურებდნენ. ყველაფერი შეცვლილი დამხვდა, ხალხიც ძალიან შეცვლილია. რომ გამოვედი, მეგობრის დედის დახმარებით ბალნეოლოგიურში მანუალთერაპია და ფიზიოთერაპია შევისწავლე. ნასამართლობა ყველგან ხელს მიშლიდა. მინდოდა, პატიოსნად მემუშავა, ამიტომ ერთ მეგობარს მივაკითხე, მას ხელოსნების ბრიგადა ჰყავდა. ვუთხარი, მიშველე, მუშაობის დაწყება მინდა-მეთქი. მეკაიფებიო, არ დაიჯერა. მერე მითხრა, თუ ცუდი რამე გაქვს ჩაფიქრებული, არ დამიმალოო. არადა, მართლა წესიერი ცხოვრებით მინდოდა მეცხოვრა, მაგრამ სასტიკი რეალობის წინაშე აღმოვჩნდი, ახლოს არავინ მიკარებდა. ძველი მეგობრები ლამაზად მიხურავდნენ კარს... მხოლოდ რ. დამიდგა გვერდში, ხელობაც ვისწავლე და წელშიც გავიმართე. ახლა მეც მაქვს ჩემი კომპანია, მყავს ხელოსნები და ვაკეთებთ რემონტებს. ოჯახიც შევქმენი. - რას ნანობთ ყველაზე მეტად? - ვნანობ იმ დანაშაულს, რისთვისაც ვიხდიდი სასჯელს. ჩვენს ბედს ჩვენვე ვქმნით. ახლანდელ ახალგაზრდებსაც სჭირდებათ დახმარება, ვხედავ, უმოწყალოდ ხოცავენ ერთმანეთს. ცხოვრებამ - ბევრ რამეზე დამაფიქრა. წელიწად-ნახევარი სიკვდილმისჯილთა საკანში ვიყავი, ყოველ წუთს დახვრეტას ველოდი. ერთხელ რომ შევეწყალებინე მთავრობას, მეორე დახვრეტა მაინც მრჩებოდა და გარდაუვალი იყო ჩემი სიკვდილით დასჯა. მხოლოდ იმან მიშველა, რომ გაუქმდა ეს საშინელი სასჯელის ზომა. თ. ხ–ვა“ - intermedia.ge - გამოქვეყნებული სტატია, სათაურით, „თ.წ–ის მამამ, ა.წ–მა 20 ადამიანს მიუსაჯა დახვრეტა“. „მას შემდეგ რაც ოცნების კომისია თ.წ–ის ხელმძღვანელობით იბარებს ქართველ სამხედრო პირებს, უწყობს მათ მრავალსაათიან დაკითხვებს პირდაპირ ეთერში და საზოგადოების თანდასწრებით ცდილობს შექმნას ქართული მხარის ბრალეულობა აგვისტოს ომში, აქტუალური გახდა თ.წ–ის პიროვნება. ინტერნეტში აქტიურად ვრცელდება presa.ge-ის 2013 წლის სტატია, რომელიც მოგვითხრობს, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნის მამამ ა.წ–მა 20 ადამიანს მიუსაჯა დახვრეტა და ეს მაშინაც გააკეთა, როცა სიკვდილით დასჯის გაუქმება განიხილებოდა“. საარქივო სტატიას უცვლელად გთავაზობთ: „19:06:55, 13-01- 2013 „პრესა.ჯი“ გთავაზობთ იუსტიციის მინისტრის თ.წ–ის მამის მიერ დახვრეტილთა სრულ სიას. ა.წ–ი მოსამართლედ 1992-97 წლებში მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდში მიუსაჯა მან 20 ადამიანს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. საყურადღებოა, რომ ა.წ–მა 11 პირი დასახვრეტად მაშინაც გაიმეტა, როცა აქტიურად განიხილებოდა საკითხი - სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ. პირველად წ–ის მამის სისხლიან წარსულზე უმცირესობის წევრმა, დეპუტატმა თ. ბ–ამ ისაუბრა. Ambebi.ge-ზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით, „თ.წ–ის მამის განხილული საქმეები, რაზეც სასიკვდილო განაჩენი გამოიტანეს“ „Facebok“-ზე მოქალაქე ე.ბ–ის მიერ 2021 წლის 08 თებერვალს გავრცელებულია შემდეგი პოსტი: „გთავაზობთ თ.წ–ის მამის მიერ დახვრეტილთა სრულ სიას. ა.წ–ი მოსამართლედ 1991-97 წლებში მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდში მიუსაჯა მან 20 ადამიანს სასჯელის უმაღლესი ზომა-დახვრეტა. საყურადღებოა, რომ ა.წ–მა 11 პირი დასახვრეტად მაშინაც გაიმეტა, როცა აქტიურად განიხილებოდა საკითხი - სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ. პირველად, წ–ის მამის სისხლიან წარსულზე უმცირესობის წევრმა, დეპუტატმა თ.ბ–ამ ისაუბრა. წყარო პრესა.ჯი“. - Itv.ge-ს მიერ „Facebook-ზე“ გამოქვეყნებული პოსტი - „პრესა.ჯი“ გთავაზობთ იუსტიციის მინისტრის, თ.წ–ის მამის მიერ დახვრეტილთა სრულ სიას. ა.წ–ი მოსამართლედ 1991-97 წლებში მუშაობდა. სწორედ იმ პერიოდში მიუსაჯა მან 20 ადამიანს სასჯელის უმაღლესი ზომა-დახვრეტა.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის 6.41 მუხლზე, რომლის თანახმად, გარდაცვლილი პირის პირადი არაქონებრივი უფლებების დასაცავად ცილისწამების თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვა შეუძლია პირს, რომელსაც საამისოდ აქვს დაცვის ღირსი ინტერესი. მას შეუძლია სახელისა და ღირსების ისეთი დაცვის მოთხოვნის განხორციელება, რომელიც პიროვნების არსების განმსაზღვრელია და გრძელდება სიკვდილის შემდეგაც. სახელის, პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა სიკვდილის შემდეგ დაუშვებელია) და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-19 მუხლზე, რომლის მიხედვითაც მე-18 მუხლში (პირადი არაქონებრივი უფლებები) აღნიშნული უფლებები შეუძლია გამოიყენოს იმ პირმაც, რომელიც, თუმცა თვითონ არ არის სახელის ან პირადი ღირსების უფლების მატარებელი, მაგრამ საამისოდ აქვს დაცვის ღირსი ინტერესი. მას შეუძლია სახელისა და ღირსების ისეთი დაცვის მოთხოვნის განხორციელება, რომელიც პიროვნების არსების განმსაზღვრელია და გრძელდება სიკვდილის შემდეგაც. სახელის, პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა სიკვდილის შემდეგ დაუშვებელია. პალატამ აღნიშნა, რომ აღნიშნული მუხლების საფუძველზე იდენტურად არის რეგულირებული გარდაცვლილი პირის მემკვიდრეთა უფლება - დაცვის ღირსი ინტერესი, სადავოდ გახადონ გარდაცვლილ პირთან მიმართებით ცილისმწამებლური განცხადებები.
7.2. პალატამ აღნიშნა, რომ წინამდებარე სარჩელით სადავოდ იყო გამხდარი მოპასუხის მიერ გარდაცვლილ ა.წ–თან მიმართებით გავრცელებული განცხადება, ხსენებული საკითხის სპეციალური სამართლებრივი მოწესრიგების გათვალისწინებით, იმის გადასაწყვეტად, მოპასუხის გამონათქვამი შეიცავს თუ არა ცილისმწამებლურ განცხადებას (სამოქალაქო კოდექსის 18.2 მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენის საფუძველი), უნდა გაირკვეს მოპასუხის მსჯელობა წარმოადგენს „აზრს“ თუ „არსებითად მცდარ ფაქტს“.
7.3. პალატამ აღნიშნა, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით მოცემულია როგორც აზრის (შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს), ისე ცილისწამების (არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება) დეფინიცია, რომელთა ანალიზი ცხადყოფს, რომ ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა აუცილებელი პირობაა ცილისწამების განსაზღვრისათვის. მითითებული ნორმის მიხედვით, „აზრი“ ფართოდ უნდა განიმარტოს. იგი გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია.
7.4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის შესაბამისად: „სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს, შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალიბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში“ (იხ. სუსგ # ას-1278- 1298-2011, 20.02.2012 წ.). „აზრისა“ და „ფაქტის“ ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ, №ას-1477-1489-2011, 03.04.2012 წ.). ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ, №ას-179-172-2012, 01.10.2014 წ.).
7.5. პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის შესაბამისად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. მითითებული ნორმის მე-5 პუნქტი კი შეიცავს კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვის ლეგალურ საფუძვლებს, კერძოდ კონსტიტუციით გარანტირებული ღირებულების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
7.6. პალატამ მიუთითა საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ 2025 წლის 26 ივნისს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების (№825-IIმს-XIმპ) შედეგად მტკიცების ტვირთის გადატანა მოხდა მოპასუხეზე, მოსარჩელე, რომელმაც მიიღო შესაძლო მორალური, რეპუტაციული ზიანი, გათავისუფლდა მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების მცდარობის მტკიცების ტვირთისაგან და ამასთანავე, მოპასუხეს დაეკისრა იმის მტკიცების ტვირთი, რომ მისი განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ; ე.ი. მოპასუხემ, როგორც ცილისწამების ავტორმა, სასამართლოში თვითონ უნდა დაამტკიცოს მოსარჩელის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი ჭეშმარიტება. (იხ. განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/393477). „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 26.06.2025წ. კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ საქმეზე, რომელზედაც სარჩელი ამ კანონის ამოქმედებამდე აღიძრა. აღნიშნული საქმის წარმოება უნდა დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი წესით. წინამდებარე სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი იყო 2025 წლის 18 ივლისს, შესაბამისად, პალატის მითითებით, განსახილველ საქმეზე მტკიცების ტვირთი უნდა განაწილებულიყო საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით.
7.7. სპეციალური კანონის მე-7 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელით მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული გამონათქვამები არასწორია. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში, სასამართლოს შეფასების საგანია, შეიცავს თუ არა სადავო გამონათქვამები სინამდვილესთან შეუსაბამო ფაქტებს და ამდენად, წარმოადგენს თუ არა გარდაცვლილი პირის ცილისწამებას იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სპეციალური კანონი ერთმანეთისაგან განასხვავებს კერძო პირისა და საჯარო პირის სტატუსს და ამ პირთა მიმართ ცილისწამებას, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, აუცილებელია დადგინდეს ცილისწამების მსხვერპლი წარმოადგენს კერძო პირს თუ საჯარო პირს.
7.8. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მოსარჩელე თ.წ–ი არის პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. შესაბამისად, „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის არის საჯარო პირი. გ.შ–ძე, ბ.წ–ნი და ა.წ–ი „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, არიან კერძო პირები. ამასთანავე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აწ. გარდაცვლილი ა.წ–ი, რომლის შესახებაც გავრცელდა განცხადება კანონის მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს საჯარო პირს.
7.9. სადავო გამონათქვამების სწორი კვალიფიკაციისთვის, პალატის მოსაზრებით, უნდა შემოწმებულიყო მათი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივ კომპონენტებს მოიცავს და ამავდროულად, რა მიზნით იქნა გასაჯაროვებული. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.
7.10. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ მის მიერ გავრცელებული სავადო პოსტის შინაარსი არ არის ცილისმწამებლური, ვინაიდან მისი „ფეისბუქ“ პოსტი არ არის პირველწყარო და გამოყენებული აქვს სხვა მედია საშუალებებში უკვე გავრცელებული ინფორმაცია. სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, კერძოდ: (საქმეზე №ას-432-2024;) „თანამედროვე ჭარბი ინფორმაციული ნაკადის საუკუნეში და ინფორმაციის გავრცელების საშუალებების, ხერხების, წყაროების და ინსტრუმენტების მრავალფეროვნება შეუძლებელს ხდის ყველა ინფორმაციის შეტყობას გავრცელებისთანავე, მით უფრო, არავინ არის ვალდებული, მედიის ყველა საშუალებას ადევნოს თვალი, ყველა ჟურნალისტს მოუსმინოს, ყველა ინფორმაციას გაეცნოს“. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის მითითებაზე, რომ მის მიერ გამოქვეყნებული სადავო პოსტის წყარო იყო „presa.ge“ (პრესა.ჯი), თუმცა თავად მოპასუხე მხარის მიერაც იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ სტატია, რაზე დაყრდნობითაც, მოპასუხის მითითებით, მან განახორციელა პოსტის განთავსება თავის პირად „ექაუნთზე“, არ იძებნებოდა, შესაბამისად, ვერ იქნებოდა გაზიარებული მოპასუხის მტკიცება იმის შესახებ, რომ მოპასუხე, სამართალწარმოებაში მასთან ერთად ასევე უნდა ყოფილიყო presa.ge, როგორც ინფორმაციის გავრცელების პირველწყარო და აღნიშნულის გათვალისწინებით მის მიერ გამოქვეყნებული პოსტი არ უნდა ჩათვლილიყო ცილისწამებად.
7.11. პალატამ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მსჯელობა, რომ მოპასუხის მიერ განთავსებული სადავო პოსტი მიმართულია ა.წ–ის მიერ, ფიზიკურად, ადამიანების დახვრეტის სახით გავრცელებისაკენ და არა იმ თვალსაზრისით, რომ მოსამართლემ სასჯელის უმაღლესი ზომა-სიკვდილით დასჯა შეუფარდა კონკრეტულ პირებს, იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მოსამართლეს მის მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მით უფრო მოსამართლის მიერ სიკვდილმისჯილთა დახვრეტასთან.
7.12. ასევე პალატამ ყურადღება მიაქცია და მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წერილი, რომლის საფუძვლადაც მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი ითხოვდა ინფორმაციას „ფეისბუქ“ პოსტში მითითებული პირების შესახებ, რომლის პასუხადაც აღნიშნულია, რომ 1) ბ.ვ. ძე მ–ძის (დაბ. 29.09.1967წ.) მიმართ, ქარელის რ-ნის ........ სასოფლო საბჭოს მიერ, 2000 წლის 25 ოქტომბერს რეგისტრირებულია გარდაცვალების აქტის №36 ჩანაწერი. გარდაცვალების ადგილი-ქარელი; გარდაცვალების თარიღი - 13.08.2000წ. 2) კ.ჯ. ძე გ–ვას (დაბ. 1945წ.) მიმართ, სენაკის რ-ნის მმაჩის განყოფილების მიერ, 1994 წლის 03 ივნისს რეგისტრირებულია გარდაცვალების აქტის №8 ჩანაწერი. გარდაცვალების ადგილი - თბილისი; გარდაცვალების თარიღი - 04.05.1994წ. 3) მ.ზ.ჭ–ძის (დაბ. 1968წ.) მიმართ, ქუთაისის №2 მმაჩის განყოფილების მიერ, 1995 წლის 04 აპრილს რეგისტრირებულია გარდაცვალების აქტის №361 ჩანაწერი. გარდაცვალების ადგილი - თბილისი; გარდაცვალების თარიღი - 14.02.1995წ. 4) გ.ო. ძე ზ–იას (დაბ.16.04.1960წ. პ/ნ 39201044968) მიმართ, სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, 2020 წლის 18 მაისს რეგისტრირებულია გარდაცვალების აქტის №40207000391 ჩანაწერი. გარდაცვალების ადგილი-მცხეთა; გარდაცვალების თარიღი- 16.05.2020წ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ მოიძებნა ს.ყ. ძე ც–ძის, რ.ლ. ძე გ–ძის, მ.შ. ძე მ–ძის, ა.მ. ოღლი ნ–ის, ზ.ი. ძე ბ–ის, მ.ნ. ძე ჩ–იას, ზ.ს. ძე მ–ნის, ბ.ზ. ძე ქ–ლის, ი.გ. ძე კ–ძის, ბ.რ. ძე კ–ძის, ა.ი. ძე მ–ის, გ.ვ. ძე. ა–ძის, გ.ვ. ძე გ–ის, კ.ა. ძე ჭ–ძისა და ს.ვ. ძე შ–ნის მიმართ რეგისტრირებული გარდაცვალების აქტის ჩანაწერები. რაც შეეხება ინფორმაციას, ზ.ა. ძე. ქ–ლის გარდაცვალების შესახებ, პირადი მონაცემების არ/ვერ მითითების გამო ვერ მოხერხდა იდენტიფიცირება, ვინაიდან რამდენიმე პირი იქნა მოძიებული მსგავსი სახელით.
7.13. ამდენად, პალატამ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ სიაში არსებული რამდენიმე პირი ცოცხალია, ხოლო რამდენიმე ადამიანი, წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, გარდაიცვალა მას მერე, რაც გარდაიცვალა ა.წ–ი.
7.14. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო პოსტში, ასევე მითითებული სიტყვები, „ა.წ–ი მოსამართლედ 1976-1990 წლებში მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდში მიუსაჯა მან 20 ადამიანს სასჯელის უმაღლესი ზომა- დახვრეტა. ეს იყო გარდამავალი დრო, როცა სიკვდილით დასჯა უქმდებოდა და მოსამართლე წ–ს შეეძლო სხვა უმაღლესი სასჯელის გამოყენება“. რომელიც მოსდევს იმ პირთა ჩამონათვალს, რომელიც ერთვის ასევე გამონათქვამს, „წ–ის მამამ დახვრიტა შემდეგი ადამიანები...“, მკითხველზე უპირატესად, იმ შთაბეჭდილების მოსახდენად და ფაქტის გასაძლიერებლად არის მოპასუხის მიერ მოხმობილი, რომ მოსამართლე წ–ი, რომელმაც „დახვრიტა“ ადამიანები, სწორედ დახვრეტას ირჩევდა და „უნდოდა“ „დაეხვრიტა“ ადამიანები, შეეძლო სხვა სასჯელის გამოყენება, ვინაიდან იყო გარდამავალი დრო, როცა სიკვდილით დასჯა უქმდებოდა, თუმცა ირჩევდა „დახვრეტას“, რაც იმთავითვე ემსახურება აწ გარდაცვლილი მოსამართლის ა.წ–ის სახელისა და ღირსების შელახვას და ბოროტად განზრახული კონტექსტით არის გაჟღერებული, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და პოსტს ჰქონდა 5.1 ათასი მოწონება, 776 გაზიარება და 754 შეურაცხმყოფელი, სიძულვილით გაჟღენთილი კომენტარი, მაგალითად როგორიცაა „ჯალათის შვილი“, „მკვლელის შვილი“, „სატანას მოდგმა“, „ჯალათის ჯალათი შვილი“ და მრავალი სხვა რაც მიემართებოდა როგორც აწ გარდაცვლილ ა.წ–ს, ისე მის ოჯახს (მოსარჩელე მხარეს).
7.15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე/აპელანტმა გაავრცელა სინამდვილესთან შეუსაბამო, არსებითად მცდარი ფაქტები, რაც მიზნად ისახავდა მოსარჩელის დისკრედიტაციას. ამდენად, მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ ადგილი ჰქონდა ცილისმწამებლურ განცხადებებს, რის გამოც მოპასუხეს უნდა დავალებოდა 2025 წლის 12 აპრილს მოპასუხის მიერ გავრცელებული სადავო პოსტის წაშლა (ვინაიდან არ მოხდეს აღნიშნული პოსტის შენახვა, ან სხვა დროს გაზიარება) და გაკეთებული განცხადებების უარყოფა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 30 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს გადაწყვეტილება სადავო პოსტის წაშლის ნაწილში დაუსაბუთებელია, რადგან წაშლის მოთხოვნის უფლებას არ იცნობს საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“. ასევე, სასამართლომ მოპასუხეს დაავალა სრულად წაშალოს პოსტი იმ პირობებში, როდესაც, სრულად პოსტის შინაარსი სადავო არ ყოფილა მოსარჩელეების მხრიდან.
9.2. კასატორი მიიჩნევს, რომ მისი ფრაზები „წ–ის მამამ დახვრიტა“, „ეს იყო გარდამავალი დრო, როცა სიკვდილით დასჯა უქმდებოდა და მოსამართლე წ–ს შეეძლო სხვა უმაღლესი სასჯელის გამოყენება“ არის აზრი და ღირებულებითი მსჯელობა, რომელსაც გააჩნია საკმარისი ფაქტობრივი საფუძველი. მოპასუხემ სასამართლოში წარადგინა საჯარო წყაროების დამუშვების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები და განმარტა, რომ განცხადება გაავრცელა ქვემოთ მითითებულ წყაროებზე დაყრდნობით, რომელთა ნაწილიც დღემდე ხელმისაწვდომია.
9.3. კასატორი მიუთითებს საბჭოთა კავშირის პერიოდის საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის მუხლებზე და აღნიშნავს, რომ 1963 წლის საქართველოს სისხლის სამართლის კოდქსში არ არსებობდა მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა მხოლოდ დახვრეტას, არამედ იმავდროულად გათვალისწინებული იყო უფრო მსუბუქი სასჯელი და სასჯელის განსაზღვრა მოსამართლის დისკრეციაზე იყო დამოკიდებული. შესაბამისად, მოპასუხის მიერ გაკეთებული განცხადება ამ საკითხზე იყო სწორი.
9.4. კასატორმა ორივე სადავო განცხადება გაავრცელა „Facebook“-ის პირად გვერდზე, როგორც ინდივიდმა და საქართველოს მოქალაქემ. მან დაამუშავა საქმეში მითითებული წყაროები, ჩამოუყალიბდა მოსაზრება და საკუთარი ღირებულებითი მსჯელობა საჯაროდ გაავრცელა მხოლოდ მისი აუდიტორიისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტია და სასამართლომ მის მიერ გავრცელებული ფრაზები ჟურნალისტის მიერ გავრცელებულადაც რომ მიიჩნიოს, უდავოა, რომ კეთილსინდისიერად მოქმედებდა. სპეციალური კანონის მე-16 მუხლის თანახმად კი, პირს ცილისწამებისთვის არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ მან არ იცოდა და არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ წილისწამებას ავრცელებდა.
9.5. კასატორი სადავოდ ხდის ასევე მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ იგი არასწორად გაანაწილა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 16 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 03 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შემოწმების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით კასატორს ასეთი დასაბუთებული საკასაციო შედავება არ აქვს წარმოდგენილი.
14. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რაც საკასაციო პრეტენზიის არსებითად განხილვის ეტაპზე, საკასაციო საჩივრის უარყოფისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
15. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სწორედ ამ ფარგლებში არსებითად განიხილავს და ამოწმებს საკასაციო პრეტენზიის დასაბუთებულობას (სსსკ-ის 407-ე მუხლი), ამასთან, მიაჩნია, რომ არ ვლინდება სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი (სსსკ-ის 412-ე მუხლი).
16. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და, აქედან გამომდინარე, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი სავსებით მართებულად არის განსაზღვრული, რაც სსკ-ის მე-18 მუხლით და სპეციალური კანონის მოწესრიგების საფუძველზე სწორად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ, რასაც საკასაციო სასამართლო ეთანხმება. სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელეები ამყარებენ თავიანთ მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს.
17. მოცემულ დავაში მოსარჩელეების მოთხოვნაა საქართველოს უზენაესი სასამართლოს აწ გარდაცვლილი მოსამართლის ა.წ–ის შესახებ, მოპასუხის მიერ „ფეისბუკზე“ (Facebook-ზე) გავრცელებული პოსტის უარყოფა და მათი ცილისწამებად მიჩნევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სადავო პოსტში მითითებული ინფორმაცია მოსარჩელეების მამკვიდრებლის შესახებ წარმოადგენს თუ არა მოსარჩელეების სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით დაცულ სფეროში იმგვარ ჩარევას, რასაც მოპასუხის მიმართ სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება. შეიცავს თუ არა სადავო პოსტი მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველ, პირისათვის ზიანის მიმყენებელ, მისთვის სახელის გამტეხ განცხადებებს. შესაბამისად, მოპასუხის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა აუცილებელია თუ არა დემოკრატიულ საზოგადოებაში მოსარჩელეების პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დასაცავად.
18. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, სხვათა უფლებების დასაცავად.
19. საკასაციო პალატა, მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს რამდენიმე თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე საკითხზე, როგორიცაა: სახელმწიფოს ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებანი; ერთი მხრივ გამოხატვის თავისუფლებისა და მეორე მხრივ, პატივისა და ღირსების დაცვის ურთიერთმიმართება; დაცულ უფლებაში ჩარევის სტანდარტი; სადავო განცხადების შინაარსი.
20. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (შემდგომში - კონვენცია) პირველი მუხლის მიხედვით, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ყველასათვის თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყოფენ ამ კონვენციის I კარში განსაზღვრულ უფლებებსა და ვალდებულებებს. სიტყვით „უზრუნველყოფენ“ პრეცედენტული სამართლის მიხედვით განიმარტება არა მხოლოდ სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებანი, არ ხელყოს კონვენციური უფლებანი, არამედ ასევე, პოზიტიური ვალდებულებანი, დაიცვას უფლებანი და თავისუფლებანი, მათ შორის მესამე პირების მიერ დარღვევის შემთხვევაში. დაცვაში იგულისხმება რეალური, ეფექტური დაცვა შესაბამისი ინსტიტუტების და პროცედურების საშუალებით. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ერთ-ერთი ასპექტია, უზრუნველყოს საკანონმდებლო და ადმინისტრაციული საფუძველი მე-8 მუხლით დაცული უფლების რეალიზაციისათვის. პრეცედენტული სამართლის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს და ერთ-ერთ ძირითად პირობას მისი პროგრესისა და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციისათვის. მე-10 მუხლის შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლება ექვემდებარება გამონაკლისებს, რომლებიც უნდა განიმარტოს მკაცრად, თუმცა რაიმე სახის შეზღუდვის საჭიროება დამაჯერებლად უნდა დასაბუთდეს. ზედსართავი სახელი „აუცილებელი“, 10.2 მუხლის მნიშვნელობით, გულისხმობს „გადაუდებელი სოციალური საჭიროების“ არსებობას. ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გააჩნიათ დისკრეციული უფლებამოსილების გარკვეული ფარგლები ამგვარი საჭიროების არსებობის შესაფასებლად, თუმცა ეს მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპულ ზედამხედველობასთან, რომელიც ეხება როგორც კანონმდებლობას, ისე კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუნდაც ისინი დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ იყოს გამოტანილი. სასამართლომ უნდა განიხილოს სადავო ჩარევა მთლიანი საქმის კონტექსტის ჭრილში და დაადგინოს, იყო თუ არა ის „ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი“ და რამდენად „სათანადო და საკმარისია“ ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ აღნიშნული ჩარევის დასაბუთებისათვის მოყვანილი მიზეზები. სასამართლომ უნდა გადაამოწმოს და დარწმუნდეს, რომ ეროვნული ხელისუფლების ორგანოებმა გამოიყენეს სტანდარტები, რომლებიც შეესაბამებოდა მე-10 მუხლით განსაზღვრულ პრინციპებს და დაეყრდნენ შესაბამისი ფაქტების მისაღებ შეფასებას („ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (1976 წლის 7 დეკემბერი, სერია A, N24), „სტოლი შვეიცარიის წინააღმდეგ“ ([დიდი პალატა] N 69698/01, § 101, ECHR 2007-V), „ცხოველთა უფლებების დამცველები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ [დიდი პალატა] N 48876/08, §100, EჩHღ 2013).
21. იმ საქმეებში, რომლებშიც წინააღმდეგობაში მოდის ერთი მხრივ გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი) და მეორე მხრივ, პატივისა და ღირსების დაცვა (კონვენციის მე-8 მუხლი), პირველ რიგში ყურადღება ექცევა შემდეგ საკითხებს: ა) რამდენად ეხება კონკრეტული გამონათქვამი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილი მიადგა პატივსა და ღირსებას, როგორია კონტექსტი - ეხება თუ არა გამონათქვამი პიროვნების საჯარო საქმიანობას, საქმე გვაქვს ფაქტთან თუ შეფასებით მსჯელობასთან, როგორია გამოხატვის ფორმა და შინაარსი; გ) რამდენად იყო პირის მიმართ გავრცელებული გამონათქვამი პროვოცირებული თავად ამ პირის მიერ; დ) ეროვნულმა ორგანოებმა როგორ დაიცვეს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და პატივისა და ღირსების დაცვას შორის.
22. როდესაც ვსაუბრობთ ჩარევის სტანდარტზე, პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს: ექცევა თუ არა საკითხი კონვენციის შესაბამისი მუხლით დაცულ სფეროში? ჰქონდა თუ არა ადგილი დაცულ სფეროში ჩარევას? ჩარევა გათვალისწინებულია თუ არა კანონით? ჩარევა ემსახურება თუ არა ლეგიტიმურ მიზანს? ჩარევა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში? ჩარევის ფორმა არის თუ არა მწვავე საზოგადოებრივი საჭიროების პროპორციული? ჩარევის ფარგლებთან დაკავშირებით სახელმწიფოებს აქვთ თავისუფალი შეფასების ფარგლები, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს აქვთ გარკვეული თავისუფლება კონვენციური უფლების შეზღუდვის მიზანშეწონილობის კუთხით, რომელიც როგორც ზემოთ ვახსენეთ, ექცევა საერთაშორისო საზედამხედველო ორგანოების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონტროლის ქვეშ.
23. რაც შეეხება გამოხატვის ბუნებას, აღიარებულია, რომ მე-10 მუხლი იცავს გამოხატვის ისეთ ფორმებსაც, რომლებიც სხვებისთვის დამაზიანებელია ან ასეთი ზიანის საფრთხეს ქმნიან. ზოგადად, მოსაზრებები, რომლებიც მისაღებია საზოგადოების უმრავლესობისთვის, ნაკლებად ექვემდებარება სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას, თუმცა პრეცედენტული სამართლით აღიარებულია, რომ მე-10 მუხლი ფარავს ისეთ აზრებს და ინფორმაციასაც, რომლებიც მისაღებია უმცირესობისთვის ან ცალკეული ინდივიდებისთვის, მათ შორის რომლებიც შოკისმომგვრელია უმრავლესობისთვის. ინდივიდუალური მოსაზრებების შემწყნარებლობა მნიშვნელოვანი კომპონენტია დემოკრატიული პოლიტიკური სისტემისა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ მე-10 მუხლი იცავს არა მხოლოდ „ინფორმაციას“ ან „იდეებს“, რომლებიც დადებითი, არაშეურაცხმყოფელი ან უმნიშვნელოა, არამედ შეურაცხმყოფელ, შოკისმომგვრელ ან შემაწუხებელ ინფორმაციას, ან იდეებს. ასეთია პლურალიზმის, შემწყნარებლობისა და ლიბერალური აზროვნების მოთხოვნები, რომელთა გარეშე „დემოკრატიული საზოგადოება“ არ არსებობს („ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (1976 წლის 7 დეკემბერი, სერია A, N24)). ამგვარი გამონათქვამების დაცვა დამოკიდებულია გამოთქმის კონტექსტზე და კრიტიკის მიზანზე. იმ საქმეებში, სადაც გამონათქვამი ეხება საჯარო დებატებს ან საჯარო ინტერესს, ან კრიტიკა მიმართულია საჯარო მმართველობის წინააღმდეგ, „მძაფრი“ ანდა „მკვახე გამონათქვამები“ უფრო მეტად არის შეწყნარებული.
24. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნისა და სარჩელის ფაბულის გათვალისწინებით, უდავოა, რომ საკითხი ექცევა კონვენციის მე-10, ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლებით დაცულ სფეროში. ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისაგან ამ უკანასკნელის მიერ „Facebook“-ის პოსტის სახით გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას. ეს ცალსახად მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება განიხილება ჩარევად დაცულ სფეროში, რომელიც უნდა განხორციელდეს ზემოთ განხილული პირობების მკაცრად დაცვით (გათვალისწინებულია კანონით; ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს; აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით (მუხლი 4.1), ამასთან, სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირების კუთხით, სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია ცილისწამებისთვის (არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება).
25. სსკ-ის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან“, მესამე ნაწილით „თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით. თუ ამგვარ მონაცემებს შეიცავს ორგანიზაციის მიერ გაცემული საბუთი, მაშინ ეს საბუთი უნდა შეიცვალოს და ამის შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ პირებს“. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის 6.41 მუხლით გარდაცვლილი პირის პირადი არაქონებრივი უფლებების დასაცავად ცილისწამების თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვა შეუძლია პირს, რომელსაც საამისოდ აქვს დაცვის ღირსი ინტერესი. მას შეუძლია სახელისა და ღირსების ისეთი დაცვის მოთხოვნის განხორციელება, რომელიც პიროვნების არსების განმსაზღვრელია და გრძელდება სიკვდილის შემდეგაც. სახელის, პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა სიკვდილის შემდეგ დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად კი, მე-18 მუხლში (პირადი არაქონებრივი უფლებები) აღნიშნული უფლებები შეუძლია გამოიყენოს იმ პირმაც, რომელიც, თუმცა თვითონ არ არის სახელის ან პირადი ღირსების უფლების მატარებელი, მაგრამ საამისოდ აქვს დაცვის ღირსი ინტერესი. მას შეუძლია სახელისა და ღირსების ისეთი დაცვის მოთხოვნის განხორციელება, რომელიც პიროვნების არსების განმსაზღვრელია და გრძელდება სიკვდილის შემდეგაც. სახელის, პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა სიკვდილის შემდეგ დაუშვებელია. აღნიშნული მუხლები ითვალისწინებს გარდაცვლილი პირის მემკვიდრეთა უფლებას - სადავოდ გახადონ გარდაცვლილ პირთან მიმართებით ცილისმწამებლური განცხადებები.
26. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა სადავო გახადეს მოპასუხის მიერ გარდაცვლილ ა.წ–თან მიმართებით გავრცელებული განცხადება. იმის გამოსარკვევად, მოპასუხის გამონათქვამებში ადგილი ჰქონდა თუ არა ცილისმწამებლულ განცხადებას, მნიშვნელოვანია გაირკვეს მოპასუხის მსჯელობა წარმოადგენს „აზრს“ თუ არსებითად მცდარ ფაქტს.
27. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისთვის სახელის გამტეხი განცხადება. ამდენად, იმისათვის, რომ სასამართლოს გზით განხორციელდეს პირის საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვა, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: - არსებითად მცდარი ფაქტის (ფაქტების) გავრცელება, რომელიც მტკიცებას ექვემდებარება; - გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა ანუ შესაძლებელია ფაქტების საწინააღმდეგოს დამტკიცება; - განცხადების გავრცელების შედეგად პირს ადგება ზიანი ან/და იგი იწვევს მის პატივისა და ღირსების შელახვას.
28. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს, გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შეეფასებინა, ხოლო, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია რამდენად სწორად გამოარკვია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხის გამონათქვამები - წარმოადგენდა აზრს, თუ არსებითად მცდარ ფაქტებს. მათ შორის განსხვავების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ „აზრის თავისუფლება“ მიჩნეულია კერძო საკითხად, რომელიც გონების სფეროს მიეკუთვნება და ამდენად, იგი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და სხვა უფლებებისაგან განსხვავებით, არ შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვისათვის. აზრის საწინააღმდეგოდ კი, „ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილი, რეალური ან არსებული გარემოებები და საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებებით დადასტურებას და იგი მიეკუთვნება რელატიურ (შეფარდებით) უფლებათა კატეგორიას.
29. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტი კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და ნამდვილობასთან მისი შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ. ამიტომ ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნას შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (იხ. სუსგ საქმე №ას-1278-1298-2011, 20 თებერვალი, 2012 წელი). აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ საქმე №ას-1477-1489-2011, 3 აპრილი, 2012 წელი). ცილისწამების ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური და, რაც მთავარია, მათი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ საქმე №ას-179-172-2012, 1 ოქტომბერი, 2014 წელი).
30. ამდენად, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, ისე ეროვნული კანონმდებლობით, აღიარებულია სიტყვისა და აზრის ნებისმიერი საშუალებით გამოხატვის თავისუფლება. განსხვავებით აზრის ქონის უფლებისაგან, რომლის შეზღუდვაც როგორც დაუშვებელი, ისე ობიექტურად შეუძლებელიც არის, მისი გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობის პირობებში. დაცულ უფლებაში ჩარევა გათვალისწინებულია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც ცილისწამების შემთხვევაში სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვას ადგენს.
31. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ 2025 წლის 12 აპრილს ნ. (ნ.) ჟ–მა თავის პირად „Facebook’’ გვერდზე, N. Z. გამოაქვეყნა შემდეგი პოსტი. „წ–ის მამამ დახვრიტა შემდეგი ადამიანები: 1. ბ.ვ. ძე მ–ძე; 2. კ.ჯ. ძე გ–ვა; 3. ს.ყ. ძე ც–ძე; 4. რ.ლ. ძე გ–ძე; 5. მ.ზ.ჭ–ძე; 6. მ.შ. ძე მ–ძე; 7. ა.მ. ნ–ვი; 8. გ.ო. ძე ზ–ია; 9. ზ.ი. ძე ბ–ი; 10. მ.ნ. ძე ჩ–ია; 11. ზ.ს. ძე მ–ნი; 12. ბ.ზ. ძე ქ–ლი; 13. ი.გ. ძე კ–ძე; 14. ბ.რ. ძე კ–ძე; 15. ა.ი. ძე მ–ლი; 16. გ.ვ. ძე. ა–ძე; 17. გ.ვ. ძე. გ–ლი; 18. ზ.ა. ძე. ქ–ლი; 19. კ.ა. ძე ჭ–ძე; 20. ს.ვ. ძე შ–ნი. ა.წ–ი მოსამართლედ 1976-1990 წლებში მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდში მიუსაჯა მან 20 ადამიანს სასჯელის უმაღლესი ზომა- დახვრეტა. ეს იყო გარდამავალი დრო, როცა სიკვდილით დასჯა უქმდებოდა და მოსამართლე წ–ს შეეძლო სხვა უმაღლესი სასჯელის გამოყენება.“ აღნიშნულ პოსტს აქვს 5.1 ათასი მოწონება, 776 გაზიარება და 754 ნეგატიური კომენტარი.
32. დადგენილია, რომ მოსარჩელეთა წარმომადგენელმა 2025 წლის 16 ივლისის №130869 წერილით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ითხოვა ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით ინფორმაცია, ბ.ვ. ძე მ–ძის, კ.ჯ. ძე გ–ვას, მ.ზ.ჭ–ძის, გ.ო. ძე ზ–ას, ს.ყ. ძე ც–ძის, რ.ლ. ძე გ–ძის, მ.შ. ძე მ–ძის, ა.მ. ოღლი ნ–ის, ზ.ი. ძე ბ–ის, მ.ნ. ძე ჩ–იას, ზ.ს. ძე მ–ნის, ბ.ზ. ძე ქ–ლის, ი.გ. ძე კ–ძის, ბ.რ. ძე კ–ძის, ა.ი. ძე მ–ლის, გ.ვ. ძე. ა–ძის, გ.ვ. ძე. გ–ლის, კ.ა. ძე ჭ–ძის, ს.ვ. ძე შ–ნისა და ზ.ა. ძე. ქ–ლის გარდაცვალების შესახებ.
33. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2025 წლის 17 ივლისის №01/168061 წერილის თანახმად: - ბ.ვ. ძე მ–ძის (დაბ.29.09.1967წ.) მიმართ, ქარელის რ-ნის ........ სასოფლო საბჭოს მიერ, 2000 წლის 25 ოქტომბერს რეგისტრირებულია გარდაცვალების აქტის №36 ჩანაწერი. გარდაცვალების ადგილი-ქარელი; გარდაცვალების თარიღი - 13.08.2000წ. - კ.ჯ. ძე გ–ვას (დაბ. 1945წ.) მიმართ, სენაკის რ-ნის მმაჩის განყოფილების მიერ, 1994 წლის 03 ივნისს რეგისტრირებულია გარდაცვალების აქტის №8 ჩანაწერი. გარდაცვალების ადგილი - თბილისი; გარდაცვალების თარიღი - 04.05.1994წ. - მ.ზ.ჭ–ძის (დაბ. 1968წ.) მიმართ, ქუთაისის №2 მმაჩის განყოფილების მიერ, 1995 წლის 04 აპრილს რეგისტრირებულია გარდაცვალების აქტის №361 ჩანაწერი. გარდაცვალების ადგილი - თბილისი; გარდაცვალების თარიღი - 14.02.1995წ. - გ.ო. ძე ზ–იას (დაბ.16.04.1960წ. პ/ნ ......) მიმართ, სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, 2020 წლის 18 მაისს რეგისტრირებულია გარდაცვალების აქტის №40207000391 ჩანაწერი. გარდაცვალების ადგილი-მცხეთა; გარდაცვალების თარიღი - 16.05.2020წ.
34. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ იძებნება ს.ყ. ძე ც–ძის, რ.ლ. ძე გ–ძის, მ.შ. ძე მ–ძის, ა.მ. ოღლი ნ–ის, ზ.ი. ძე ბ–ის, მ.ნ. ძე ჩ–იას, ზ.ს. ძე მ–ნის, ბ.ზ. ძე ქ–ლის, ი.გ. ძე კ–ძის, ბ.რ. ძე კ–ძის, ა.ი. ძე მ–ის, გ.ვ. ძე. ა–ძის, გ.ვ. ძე გ–ის, კ.ა. ძე ჭ–ძისა და ს.ვ. ძე შ–ნის მიმართ რეგისტრირებული გარდაცვალების აქტის ჩანაწერები. რაც შეეხება ინფორმაციას ზ.ა. ძე. ქ–ლის გარდაცვალების შესახებ, პირადი მონაცემების არ/ვერ მითითების გამო ვერ ხერხდება იდენტიფიცირება, ვინაიდან მსგავსი მონაცემებით იძებნება რამდენიმე სამოქალაქო აქტის ჩანაწერი.
35. 2025 წლის 26 ივნისს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების (№825-IIმს-XIმპ) შედეგად მტკიცების ტვირთის გადატანა მოხდა მოპასუხეზე, მოსარჩელე, რომელმაც მიიღო შესაძლო მორალური, რეპუტაციული ზიანი, გათავისუფლდა მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების მცდარობის მტკიცების ტვირთისაგან და ამასთანავე, მოპასუხეს დაეკისრა იმის მტკიცების ტვირთი, რომ მისი განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ; ე.ი. მოპასუხემ, როგორც ცილისწამების ავტორმა, სასამართლოში თვითონ უნდა დაამტკიცოს მოსარჩელის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი ჭეშმარიტება. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 26.06.2025წ. კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება იმ საქმეზე, რომელზედაც სარჩელი ამ კანონის ამოქმედებამდე აღიძრა. აღნიშნული საქმის წარმოება უნდა დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი წესით. ვინაიდან, განსახილველი სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2025 წლის 18 ივლისს, საქმეზე მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით.
36. სპეციალური კანონი ერთმანეთისაგან განასხვავებს კერძო პირისა და საჯარო პირის სტატუსს და ამ პირთა მიმართ ცილისწამებას, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, აუცილებელია დადგინდეს ცილისწამების მსხვერპლი წარმოადგენს კერძო პირს თუ საჯარო პირს. დადგენილია, რომ ა.წ–ი იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეები - თ.წ–ი, გ.შ–ძე, ბ.წ–ნი და ა.წ–ი არიან აწ გარდაცვლილი ა.წ–ის მემკვიდრეები. მოსარჩელე თ.წ–ი არის პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (სარჩელის წარდგენის ეტაპზე). ასევე, უდავოა, რომ მოპასუხე ნ.ჟ–ნი არის ჟურნალისტი და ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი პირი. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტები „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამოდინარე ექცევიან განსაკუთრებულ რეგულირებაში. კერძოდ, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო პირია - „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება. მოხმობილი ნორმის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, კერძო პირია ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო.
37. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო პირმა, რომელიც თავს ცილისწამების ადრესატად თვლის და აღძრავს სარჩელს ცილისმწამებლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით, სასამართლოს უნდა წარუდგინოს ის განცხადება, რომელიც მას ცილისწამებად მიაჩნია, სარჩელში უნდა მიუთითოს მის შესახებ რა არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს ეს განცხადება, და უნდა დაასაბუთოს, რატომ არის აღნიშნული განცხადება მოსარჩელის სახელის გამტეხი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, მოპასუხეს ცილისწამებისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სარჩელის საფუძველზე შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუ იგი ვერ დაამტკიცებს, რომ სადავო განცხადება მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარ ფაქტს არ შეიცავს. სპეციალური კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო პირმა, რომელიც თავს ცილისწამების ადრესატად თვლის და აღძრავს სარჩელს ცილისმწამებლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით, სასამართლოს უნდა წარუდგინოს ის განცხადება, რომელიც მას ცილისწამებად მიაჩნია, სარჩელში უნდა მიუთითოს, მის შესახებ რა არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს ეს განცხადება, და უნდა დაასაბუთოს, რატომ არის აღნიშნული განცხადება მოსარჩელის სახელის გამტეხი. მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, მოპასუხეს ცილისწამებისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სარჩელის საფუძველზე შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუ იგი ვერ დაამტკიცებს, რომ სადავო განცხადება მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარ ფაქტს არ შეიცავს, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოპასუხის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა გამოირიცხება, თუ, მიუხედავად იმისა, რომ სადავო განცხადება მოსარჩელის შესახებ არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს, მოპასუხე განცხადების გავრცელებასთან დაკავშირებით საკუთარ კეთილსინდისიერებას დაამტკიცებს. ამ ნორმის მიზნებისთვის კეთილსინდისიერებად ითვლება, როდესაც მოპასუხემ აღნიშნული განცხადების გავრცელებამდე შესაბამისი ინფორმაციის სისწორის გადასამოწმებლად ყველა აუცილებელი გონივრული ზომა მიიღო და ფაქტის მცდარობა
მისთვის უცნობი იყო. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და სადავო გარემოებას
არ წარმოადგენს, რომ მოსარჩელე თ.წ–ი არის პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. შესაბამისად, „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის არის საჯარო პირი, ხოლო გ.შ–ძე, ბ.წ–ნი და ა.წ–ი „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, არიან კერძო პირები. ამასთანავე, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ აწ. გარდაცვლილი ა.წ–ი, რომლის შესახებაც გავრცელდა განცხადება, კანონის მიზნებიდან გამომდინარე წარმოადგენს საჯარო პირს.
38. პალატა კასატორის პრეტენზიებს მასზედ, რომ გავრცელებული პოსტის შინაარსი არ არის ცილისმწამებლური, ვინაიდან, პოსტი არ არის პირველწყარო და გამოყენებული აქვს სხვა მედია საშუალებებში უკვე გავრცელებული ინფორმაცია, ვერ გაიზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სადავო საკითხზე. პალატა მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, საქმეზე: Nას-432-2024, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ „თანამედროვე ჭარბი ინფორმაციული ნაკადის საუკუნეში და ინფორმაციის გავრცელების საშუალებების, ხერხების, წყაროების და ინსტრუმენტების მრავალფეროვნება შეუძლებელს ხდის ყველა ინფორმაციის შეტყობას გავრცელებისთანავე, მით უფრო, არავინ არის ვალდებული, მედიის ყველა საშუალებას ადევნოს თვალი, ყველა ჟურნალისტს მოუსმინოს, ყველა ინფორმაციას გაეცნოს“. აქვე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხის მითითებაზე, რომ მის მიერ გამოქვეყნებული სადავო პოსტის წყარო იყო „presa.ge“ (პრესა.ჯი), თუმცა თავად მოპასუხე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ სტატია, რაზე დაყრდნობითაც, მოპასუხის მითითებით, მან განახორციელა პოსტის განთავსება თავის პირად „ექაუნთზე“, არ იძებნება, შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული მოპასუხის მტკიცება იმის შესახებ, რომ მოპასუხე, სამართალწარმოებაში მასთან ერთად ასევე უნდა ყოფილიყო presa.ge, როგორც ინფორმაციის გავრცელების პირველწყარო და აღნიშნულის გათვალისწინებით, მის მიერ გამოქვეყნებული პოსტი არ უნდა ჩაითვალოს ცილისწამებად.
39. სადავო პოსტის ,,ფეისბუქ“ გვერდზე განთავსება ეხმიანებოდა მოსარჩელის, აწ გარდაცვლილი ა.წ–ის შვილის - თ.წ–ის თავმჯდომარეობით მიმდინარე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობას. „Facebook“ პოსტის სახით განცხადება, ნ. (ნ.) ჟ–ის მიერ, რომ „წ–ის მამამ დახვრიტა შემდეგი ადამიანები“, რომელსაც მოჰყვება ჩამონათვალი 20 ადამიანის სია, აშკარა ცილისწამებაა აწ გარდაცვლილი მოსამართლის ა.წ–ის მიმართ, რომელიც ახორციელებდა სამოსამართლეო საქმიანობას და რომლის ფარგლებშიც გამოჰქონდა განაჩენი. პალატა ასევე იზიარებს მოსარჩელე მხარის მსჯელობას, რომ მოპასუხის მიერ განთავსებული სადავო პოსტი მიმართულია ა.წ–ის მიერ, ფიზიკურად, ადამიანების დახვრეტის სახით გავრცელებისაკენ და არა იმ თვალსაზრისით, რომ მოსამართლემ სასჯელის უმაღლესი ზომა-სიკვდილით დასჯა შეუფარდა კონკრეტულ პირებს, იმ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მოსამართლეს მის მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მით უფრო სიკვდილმისჯილთა დახვრეტასთან.
40. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ასევე ადასტურებს, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებულ სიაში არსებული რამდენიმე პირი ცოცხალია, ხოლო რამდენიმე ადამიანი, წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, გარდაიცვალა მას მერე, რაც
გარდაიცვალა ა.წ–ი.
41. საკასაციო სასამართლო, ყურადღებას მიაქცევს გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობასა და მის გამოკვეთილ პრიორიტეტს რეპუტაციის დაცულობასა და გარკვეულ სხვა უფლებებთან მიმართებაში, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლების დაცვის ფარგლებს გარეთაა ისეთი განცხადებები, რომელიც შეეხება საჯარო პირს მიმართ გაჟღერებულ უსაფუძვლო და სერიოზულ ბრალდებებს.
42. ერთ-ერთ საქმეზე, ევროპულმა სასამართლომ მომჩივანის (დეპუტატის) განცხადება მიუღებლად გამოაცხადა „აშკარა უსაფუძვლობის“ მოტივით, ვინაიდან, ბრალდების სერიოზული ხასიათი და ხარისხი, მომჩივანმა ვერავითარი საფუძვლით ვერ გაამყარა. დასახელებულ საქმეში, უნგრეთის პარლამენტის დეპუტატმა (სოციალისტური პარტიიდან) პარლამენტის სესიაზე განაცხადა, რომ ულტრა-მემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფის საქმის გამოუძიებლობა გამოწვეული იყო „პასუხისმგებელი მინისტრის“ (ვინაობის დასახელების გარეშე) ლოიალური დამოკიდებულებით, რაც, თავის მხრივ განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ მინისტრის მამა წარმოადგენდა შოვინისტური ულტრა-მემარჯვენე ორგანიზაციის Hungarista-ს (რომელიც დიდ სიმპათიას ამჟღავნებდა ნაციზმისადმი) წევრს. ეს განცხადება დეპუტატმა შემდეგ დაადასტურა სატელევიზიო გამოსვლის დროს, დაასახელა მინისტრის ვინაობაც. ეროვნულმა სასამართლოებმა, მიიჩნიეს, რომ საქმე შეეხებოდა ხელისუფლების ბოროტად გამოყენების სერიოზულ ბრალდებას, რომელიც დამტკიცებას საჭიროებდა, ხოლო, ამის დასადასტურებლად დეპუტატს არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია (Keller v. Hungary, decision of 4 April 2006).
43. ამდენად, ზემოაღნიშნული მოხმობილი პრაქტიკისა და ევროკონვენციური სტანდარტის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურება. კერძოდ, დადგენილია, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის მამკვიდრებლის შესახებ; ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა (შეილახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია); მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. სინამდვილესთან შეუსაბამო და არსებითად მცდარი ინფორმაციის გავრცელებით მოპასუხე მიზნად ისახავდა მოსარჩელის დისკრედიტაციას. მოპასუხის მიერ გაკეთებული განცხადების სათანადო მტკიცებულებებით დაუდასტურებლობის პირობებში კი, ასეთი ფაქტის გავრცელება საჯარო პირის მიმართ, ვერ მიიჩნევა გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტის რეალიზებად და ვერც ისეთ ღირებულ მოსაზრებად, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში უპირატესი დაცვის ღირსი ინტერესი ექნებოდა, კონკრეტული საჯარო პირის თმენის ვალდებულებასა და რეპუტაციასთან მიმართებით.
44. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ ადგილი ჰქონდა ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას და არსებობდა მოპასუხის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის აუცილებლობა, დემოკრატიულ საზოგადოებაში მოსარჩელის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დასაცავად, რის გამოც მოპასუხეს მართებულად დაევალა 2025 წლის 12 აპრილს მის მიერ გავრცელებული სადავო პოსტის წაშლა (ვინაიდან არ მოხდეს აღნიშნული პოსტის შენახვა, ან სხვა დროს გაზიარება) და გაკეთებული განცხადების უარყოფა.
45. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
46. სსსკ-ის 55.2-ე მუხლის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში, რადგან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 410-ე, 264.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ჟ–ნის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 30 აპრილის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლევან ნემსაძე
მიხეილ ჯინჯოლია