დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-61-2025 25 სექტემბერი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „მ.ჰ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ნ-ა–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 01 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - ბრძანებათა ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 01 დეკემბრის განჩინებით შპს „მ.ჰ–ის“ (შემდეგში - დამსაქმებელი ან მოპასუხე კომპანია ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც ლ.ნ-ა–ის (შემდეგში - დასაქმებული ან მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა:
1.1.ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2024 წლის 01 ივნისის №HR//03/002/24 ბრძანება დასაქმებულის მოპასუხე კომპანიის ფილიალი №1 დან (მის: ქ.თბილისი, ....... ქუჩა N27), ვარკეთილში, .......... ქუჩა N12-ში მდებარე ფილიალ №3-ში გადაყვანის შესახებ;
1.2. ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2024 წლის 19 ივნისის №HR/02/003/24 ბრძანება დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
1.3.მოსარჩელე აღდგენილ იქნა პირვანდელ - მოპასუხე კომპანიაში მის მიერ დაკავებული ოჯახის ექიმის პოზიციაზე;
1.4.მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2024 წლის 19 ივნისიდან სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი ან ნებაყოფლობითი აღსრულების მომენტამდე, ყოველთვიურად 1000 (ათასი) ლარის (დარიცხული გადასახადების ჩათვლით) ოდენობით.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.დასაქმებული 2022 წლის 01 მარტიდან უვადოდ იკავებდა მოპასუხე კომპანიაში ოჯახის ექიმის პოზიციას. მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 1000 (ათასი) ლარს (დარიცხული გადასახადების ჩათვლით) შეადგენდა’
2.2. მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების (შემდეგში- ხელშეკრულება) 2.1. პუნქტის თანახმად, დასაქმებულის ძირითად სამუშაო ადგილად განსაზღვრული იყო მოპასუხე კომპანიის ფილიალი N1, მისამართი: ქ.თბილისი, ....... ქუჩა N27;
2.3.ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, დამსაქმებლის მიერ შესაძლებელია განხორციელდეს დასაქმებულისთვის მითითებული სამუშაოს შესრულების ადგილის დროებით შეცვლა, სამუშაო ინტერესიდან გამომდინარე, შემდეგ მისამართებზე: მოპასუხე კომპანიის ფილიალი N2, ქ.თბილისი, ............ N83/11 და მოპასუხე კომპანიის ფილიალი N3, ქ.თბილისი, .......... ქუჩა N12;
2.4.2024 წლის 2 აპრილს მოპასუხე კომპანიის გენერალურ დირექტორს მოხსენებითი ბარათით მიმართა ამავე კომპანიის ფილიალი N3-ის მმართველმა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის მარტიდან ფილიალში ესაჭიროებოდათ ოჯახის ექიმი, პროცესის დაწყების მიუხედავად ვერ მოხერხდა კადრის მოძიება, რის გამოც ოპერატიულად ითხოვა დახმარება სხვა ფილიალიდან ოჯახის ექიმის გადაყვანის საშუალებით;
2.5.30 მაისით დათარიღებულ დოკუმენტში მითითებულია, დასაქმებული გაეცნო 2024 წლის 1 ივნისის ბრძანებას მისი ვარკეთილის ფილიალში გადაყვანის თაობაზე, რაზეც იგი აცხადებს უარს და ითხოვს, დაფიქსირდეს გადაყვანის ვადა არაუმეტეს 2 თვისა და ამასთან, დღის პირველ ნახევარში გაატაროს პაციენტები მუხიანში, ხოლო 15:00 საათიდან მოემსახუროს პაციენტებს ვარკეთილში;
2.6.2024 წლის 31 მაისს მხარეთა შორის შედგა მიმოწერა ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რა დროსაც, დამსაქმებელმა დასაქმებულს მოსთხოვა ახალ სამუშაო სივრცეში, ვარკეთილის ფილიალში გამოცხადება 2024 წლის 03 ივნისს, 10:00 საათიდან, რათა ჩაიბაროს და მართოს GPI-ის პროექტის ფარგლებში დაზღვეული პაციენტები. მოსარჩელემ დავალების შესრულებაზე უარი განაცხადა, ვინაიდან ბრძანებაში არ იყო მითითებული კონკრეტული ვადა, რომლითაც იგი უნდა გადასულიყო სხვა ფილიალში, ითხოვა საკითხის დეტალური განხილვა, საჭიროებისამებრ შრომის ინსპექტორის ჩართვა. მოპასუხემ აცნობა დასაქმებულს, რომ გამოუცხადებლობა შეფასდება მის მიერ ხელშეკრულების უხეშ დარღვევად და მოსარჩელის მიმართ გატარდება შესაბამისი დისციპლინური ღონისძიებები;
2.7. დამსაქმებელმა 2024 წლის 01 ივნისს გამოსცა №HR/03/002/24 ბრძანება კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე ფილიალი N1-ის ოჯახის ექიმის -მოსარჩელის ფილიალ N3-ში (მის; ........ 12) ოჯახის ექიმად გადაყვანის შესახებ, 2024 წლის 03 ივნისიდან. ფილიალის ცვლილებასთან დაკავშირებით გაიცა მითითება სახელფასე დანამატის, დარიცხული 125 ლარის განსაზღვრის შესახებ;
2.8.2024 წლის 2 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს, სადაც აღნიშნა, რომ 2024 წლის 1 ივნისის №HR/03/002/24 ბრძანებაში არ არის დაკონკრეტებული რა ვადით ხდება მისი ვარკეთილის ფილიალში გადაყვანა, არც ცვლილების საჭიროებაა დასაბუთებული, რის გამოც, ბრძანება არის უკანონო და იგი უარს აცხადებს ფილიალი N3-ში გამოცხადებაზე. მოსარჩელემ მოითხოვა ბრძანების გაუქმება;
2.9. 2024 წლის 03 ივნისს (ტექნიკური შეცდომით - 3 ივლისი) დამსაქმებელმა, დასაქმებულს განცხადების პასუხად მისწერა, დამსაქმებელს შეეძლო დასაქმებულის გადაყვანა სხვა ფილიალში სამუშაო ინტერესებიდან (და არა საჭიროებიდან ან აუცილებლობიდან) გამომდინარე, კანონით აღნიშნული არსებითი პირობის ცვლილებად არ მიიჩნევა, მათი მხრიდან შეუძლებელია ზუსტი თარიღის განსაზღვრა, თუმცა მოიაზრებენ საორიენტაციოდ 6 თვეს, რომელიც შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე;
2.10. დამსაქმებელმა მოუწოდა მუშაკს დაუყოვნებლივ გამოცხადება ფილიალ N3-ში და ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ან გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის წარმოდგენა. გააფრთხილა სამომავლოდ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
2.11. 2024 წლის 04 ივნისიდან 2024 წლის 06 ივნისამდე პერიოდში დასაქმებული იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. საავადმყოფო ფურცლის მოქმედება დასრულდა 10 ივნისს;
2.12. დასაქმებულმა 2024 წლის 12 ივნისს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხის მიერ 2024 წლის 1 ივნისის ერთი ფილიალიდან მეორე ფილიალში გადაყვანის ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით;
2.13. 2024 წლის 18 ივნისს, დამსაქმებელმა დასაქმებულს წერილობით აცნობა, რომ მათი მხრიდან არაერთხელ სთხოვეს დასაქმებულს სამუშაო ადგილზე გამოცხადება, რაზედაც ეს უკანასკნელი უარს აცხადებს, რის გამოც, დამსაქმებელი ბოლოჯერ აფრთხილებს დასაქმებულს, რომ 2024 წლის 19 ივნისს გამოცხადდეს შრომითი მოვალეობების შესასრულებლად ვარკეთილის ფილიალში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულება შეწყდება;
2.14. 2024 წლის 19 ივნისს დასაქმებულმა დამსაქმებელს აცნობა, რომ კვლავ უკანონოდ თვლიდა მის გადაყვანას ერთი ფილიალიდან მეორეში, რის გამოც, უფლებების დასაცავად სასამართლოს და შრომის ინსპექციის სამსახურს მიმართა, გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, მოთხოვნის შესაბამისად კი, ცხადდება შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ადგილას - ფილიალ N1-ში, ........... N27-ში. განცხადება ჩაბარებულია იმავე დღეს კომპანიის მიერ;
2.15. 2024 წლის 03 ივნისიდან - 2024 წლის 19 ივნისამდე პერიოდში დასაქმებული არ გამოცხადებულა მოპასუხე კომპანიის ვარკეთილის ფილიალში ოჯახის ექიმის შრომითი მოვალეობების შესასრულებლად;
2.16. მოპასუხე კომპანიის 2024 წლის 19 ივნისის №HR/02/003/24 ბრძანების თანახმად, ამავე თარიღიდან დასაქმებულთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ი) 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, შრომითი მოვალეობების უხეში დარღვევის საფუძვლით;
2.17. საქმეში წარმოდგენილია 2025 წლის 28 თებერვალს მოპასუხის მიერ გაცემული ცნობა, სადაც აღნიშნულია, 2024 წლის 19 ივნისიდან 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით არსებულ პერიოდზე, მოპასუხე კომპანიის მუხიანის ფილიალში არ წარმოშობილა ვაკანსია ოჯახის ექიმის-პედიატრის სამუშაო პოზიციაზე. მუხიანის ფილიალში, დროებით შეთავსებით გადაყვანილ იქნა სხვა ორი ექიმი პედიატრი.
3. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელი დასაქმებულს ედავებოდა ვალდებულების არაერთიგზის შეუსრულებლობას, რაც გამოიხატა სამსახურში (მის: ვარკეთილი, ...... N12) გამოუცხადებლობაში. დამსაქმებელი განმარტავდა, ფილიალ N3-ში სამუშაო ადგილზე გამოცხადების ვალდებულება დადგინდა 2024 წლის 1 ივნისის ფილიალიდან ფილიალში გადაყვანის ბრძანებით, რომელიც დასაქმებულმა არ შეასრულა - არ გამოცხადდა სამუშაო ადგილას ვარკეთილში, ......... ქუჩა N12-ში მდებარე ფილიალ N3-ში.
4. თვის მხრივ, დასაქმებული განმარტავდა, რომ 2024 წლის 1 ივნისის ბრძანებაში არ დამსაქმებელს დაუკონკრეტებია რა საჭიროებით იქნა განპირობებული მისი გადაყვანა სხვა ფილიალში, ასევე რა ვადით იყო გადაყვანილი, რის გამოც მის მიერ აღნიშნულ ფილიალში გადასვლაზე უარი არ შეიძლება შეფასდეს შრომითი მოვალეობების არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობად.
5. მხარეთა დაპირისპირებული პოზიციების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ შეაფასა 2024 წლის 01 ივნისის ბრძანების კანონიერება - ჰქონდა თუ არა წარმოშობილი მოსარჩელეს ახალ სამუშაო ადგილზე გამოცხადების ვალდებულება.
6. სშკ-ის მე-14 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობაა სამუშაო ადგილი. შრომითი ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, დასაქმებულის ძირითად სამუშაო ადგილად განსაზღვრული იყო შპს ,,მ.ჰ–ის“ ფილიალი N1, მისამართი: ქ. თბილისი, ....... ქუჩა N27.
7. 2024 წლის 1 ივნისს დამსაქმებელმა დასაქმებულის თანხმობის გარეშე მიიღო სამუშაო ადგილის ცვლილების შესახებ ბრძანება, რომლითაც სამუშაო ადგილი განისაზღვრა ფილიალ N3-ში, მისამართი: ვარკეთილი, ......... 12. დასაქმებული ცვლილებას არ დაეთანხმა. დამსაქმებელი მიიჩნევდა, რომ სშკ-ის მე-20 მუხლის საფუძველზე უფლება ჰქონდა მიეღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება სამუშაო ადგილის ცვლილებისა, ვინაიდან გადაადგილების დრო არ აღემატებოდა 3 საათს, არსებითი პირობის ცვლილება მოპასუხესთან შეთანხმებას არ საჭიროებდა.
8. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2022 წლის 1 მარტის ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, დამსაქმებლის მიერ შესაძლებელია განხორციელდეს დასაქმებულისთვის მითითებული სამუშაოს შესრულების ადგილის დროებით შეცვლა, სამუშაო ინტერესიდან გამომდინარე, შემდეგ მისამართებზე: შპს ,,მ.ჰ–ის“ ფილიალი N2, ქ.თბილისი, ........... N83/11 და შპს ,,მ.ჰ–ის“ ფილიალი N3, ქ.თბილისი, ........ ქუჩა N12.
9. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმდა სშკ-ის გან განსხვავებული, დასაქმებულის მდგომარეობის გასაუმჯობესებელი პირობა - ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, „დამსაქმებლის მიერ შესაძლებელია განხორციელდეს დასაქმებულისთვის მითითებული სამუშაოს შესრულების ადგილის დროებით შეცვლა, სამუშაო ინტერესიდან გამომდინარე, შემდეგ მისამართებზე: მოპასუხე კომპანიის ფილიალი N2, ქ.თბილისი, ............ N83/11 და მოპასუხე კომპანიის ფილიალი N3, ქ.თბილისი, ........... ქუჩა N12“.
10. შესაბამისად, კანონით გათვალისწინებულ მოწესრიგებას დაემატა სამუშაო ინტერესის დასაბუთებისა და დროის განსაზღვრის ვალდებულება, რაც სადავო 2024 წლის 1 ივნისის ბრძანებაში დაზუსტებული არ იყო. ამ მოცემულობაში, დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, დასაქმებულის სხვა ფილიალში გადაყვანის თაობაზე, საჭიროებდა მხარეთა შეთანხმებას. დამსაქმებლის სადავო გადაწყვეტილებით კი, არ დგინდება არც სამუშაო ინტერესი, რამაც განაპირობა მოსარჩელის ვარკეთილის ფილიალში გადაყვანის აუცილებლობა და არც კონკრეტული ვადა, რა ვადითაც უნდა მომხდარიყო თანამშრომლის სხვა მისამართზე გადაყვანა. ამგვარი არც მოგვიანებით გაცემულ წერილშია მითითებული რომელშიც მოპასუხე აღნიშნავს, რომ საორიენტაციოდ 6 თვით ხდება დასაქმებულის გადაყვანა სხვა სამუშაო მისამართზე, თუმცა აქვე მიუთითებს, რომ შესაძლოა აღნიშნული დრო იყოს 6 თვეზე მეტიც და ნაკლებიც. შეთავაზებული ვადა არ არის ცხადი, განჭვრეტადი და ზუსტი, რაც მის დროებითობას განაპირობებდა. ასეთ შემთხვევაში კი სამუშაო ადგილის ცვლილება ვერ მოხდებოდა ერთპიროვნულად, საჭიროებდა დასაქმებულის თანხმობას, რაც არც მანამდე და არც შემდგომ მოსარჩელეს არ გაუცია.
11. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია 2024 წლის 1 ივნისის ბრძანების არამართლზომიერების თაობაზე, რაც ვერ წარმოშობდა შესრულების ვალდებულებას. აღნიშნული ბრძანების არამართლზომიერად ცნობის პირობებში, ფაქტობრივი საფუძველი გამოეცალა სამსახურიდან მოსარჩელის დათხოვნის შესახებ 2024 წლის 19 ივნისის გათავისუფლების ბრძანებასაც.
12. სშკ-ის 48.8 მუხლის საფუძველზე უფლებრივი რესტიტუციის მიზნით მოსარჩელე აღდგენილი იქნა პირვანდელ პოზიციაზე - შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ (ფილიალი N1, მისამართი: ქ.თბილისი, .... ქ.№27) მოპასუხე კომპანიის ოჯახის ექიმის თანამდებობაზე.
13. რაკი, მოსარჩელე დასაქმებული იყო განუსაზღვრელი ვადით, 2022 წლის 1 მაისიდან ოჯახის ექიმის თანამდებობაზე, ყოველთვიურად 1000 ლარიანი (დარიცხული გადასახადების ჩათვლით) ხელფასით, წარმოშობილი იყო იძულებითი განაცდურის ანაზღაურების წინაპირობები, რის გამოც, მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2024 წლის 19 ივნისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებით ან ნებაყოფლობით აღსრულების თარიღამდე, ყოველთვიურად დარიცხული 1000 ლარის (დარიცხული გადასახადების ჩათვლით) ოდენობით.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხე აპელანტმა საკასაციო საჩივარი შეიტანა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
15. კასატორი აღნიშნავს, მოსარჩელე კანონიერად გათავისუფლდა, კერძოდ, დასაქმებულს ხელშეკრულებით განესაზღვრა, რომ სამუშაო ინტერესებიდან გამომდინარე დამსაქმებელს უფლება ჰქონდა დროებით შეეცვალა დასაქმებულის სამუშაოს შესრულების ადგილი, ხელშეკრულებაშივე დაკონკრეტდა ფილიალების ადგილმდებარეობა. დასაქმებულს განემარტა, რომ სამუშაო ინტერესებიდან გამომდინარე საჭირო იყო მისი სხვა ფილიალში დროებით გადაყვანა, განემარტა რის გამო ხდებოდა სამუშაო ადგილის ცვლილება, კერძოდ, ვარკეთილის ფილიალში საჭირო იყო სადაზღვევო კონტიგენტის მართვა, აქვე დასაქმებულს განემარტა, რომ ცვლილება იყო დროებითი ხასიათის - საორიენტაციოდ 6 თვის განმავლობაში. დასაქმებულს განესაზღვრა ფინანსური დანამატი, მიუხედავად იმისა, რომ ახალ სამუშსაო ადგილზე მისვლა და დაბრუნება არ მოითხოვდა არაპროპორციულ ხარჯებს და დღეში 3 საათზე მეტ დროს. აღნიშნულის მიუხედავად, დასაქმებულმა უარი განაცხადა სხვა ფილიალში გადასვლაზე. ობიექტური მიზეზის გარეშე არ გამოცხადდა სამუშაო ადგილზე.
16. კასატორი აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები არ მსჯელობენ დამსაქმებლის სამუშაო ინტერესსა და აუცილებლობას შორის განსხვავებაზე. ისინი უთითებენ მხოლოდ აუცილებლობის ფაქტის მტკიცებაზე რაც საქმისათვის რელევანტური არ არის ვინაიდან განსახილველ საქმეში სამუშაო აუცილებლობა სახეზე არ არის (დეტალურად იხ., საკასაციო საჩივარი).
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
19. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
20. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. შესაბამისად, ამ განჩინების პ:2-ში მითითებულ გარემოებებს საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა აქვთ, რადგან მათ მიმართ კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
21. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია დასაქმებულის სამუშაო ადგილის ცვლილების შესახებ ბრძანების და შრომითი მოვალეობის უხეში დარღვევის საფუძვლით სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერება.
22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის 47-ე, 48-ე მუხლები, რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. დასახელებული მუხლების კუმულაციური ერთობლიობით უნდა აღინიშნოს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ კანონით გათვალისწინებული გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება მდგომარეობს იმაში, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ საკანონმდებლო მოწესრიგებას, რომლებიც სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომითი ურთიერთობის მხარეთა თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის.
23. განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სშკ-ის 47-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი. ხსენებული ნორმის დანაწესზე მითითებით ,,შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა“ საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების „უხეში“ დარღვევა სშკ-ის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების დარღვევას გულისხმობს, რაც შეიძლება გამოიხატოს თანამდებობრივი ინსტრუქციისა და/ან ნორმატიული აქტების დანაწესის შეუსრულებლობაში.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში განმარტებულია, „მუშაკის სამუშაოდან განთავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად“ (მრავალთა შორისაა, სუსგ №ას-475-2022, 5 ივლისი, 2022 წელი).
25. ზემოთქმულიდან გამომდინარე უზენაესი სასამართლო კიდევ ერთხელ მიუბრუნდება აღნიშნულ საკითხს და ყურადღებას გაამახვილებს შრომითსამართლებრივ დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესზე. მოსარჩელემ სადავო გახადა სამუშაოდან მისი გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის ბრძანების კანონიერება. ასეთ ვითარებაში გასათვალისწინებელია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურება, რაც დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილებაში მდგომარეობს. მოსამართლის ერთ-ერთი ვალდებულება მტკიცებით საქმიანობაში მხარეთა შორის საპროცესო ვალდებულებების სწორი გადანაწილებაა. აღნიშნული ემსახურება პროცესის მონაწილე სუბიექტების უფლებრივი მდგომარეობის დაცვასა და იმავდროულად, უზრუნველყოფს მართლწესრიგის ეფექტურ ფუნქციონირებას. მტკიცების ტვირთის გადანაწილების დროს, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა ის, თუ როდის გადადის მტკიცების ვალდებულება ერთი მხარიდან მეორეზე. როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი. ამის თვალსაჩინო მაგალითია შრომითი დავა, რომლის დროსაც, ფაქტებზე მითითების ტვირთი და დამტკიცების ტვირთი პროცესის სხვადასხვა მონაწილეს ეკისრება, კერძოდ, დასაქმებული უთითებს სამუშაოდან მისი გათავისუფლებისათვის აუცილებელი სშკ-ის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობაზე, ხოლო დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძვლისმტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება (Protection Against Unjustified Dismissal, International Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva, 7). ამდენად, შრომითისამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთვის მნიშნელოვანი საფუძვლის (“Good Reason“) არსებობის მტკიცების ტვირთი, დამსაქმებელს ეკისრება. კანონმდებლის ასეთი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებში, ,,სუსტი მხარის“ -დასაქმებულის პროცესუალური თანადგომა პრიორიტეტულია. ცხადია, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად. მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ. დამსაქმებელი სარგებლობს მტკიცებითი უპირატესობით, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საამისოდ გათვალისწინებული მართლზომიერი საფუძველი ჰქონდა“ (იხ., ილონა გაგუა „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, თბ., 2020 წელი, გვ: 229-231; 258-259.).
26. ზემოთქმულიდან გამომდინარე სადავო შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სადავო ბრძანების კანონიერების დადგენა დამოკიდებული იყო დამსაქმებლის მხრიდან დამაჯერებელი არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენაზე, რომლითაც ის დაამტკიცებდა, რომ დასაქმებულმა სამსახურებრივი მოვალეობა ნამდვილად უხეშად დაარღვია, რადგანაც საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში.
27. ამრიგად, მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების შესწავლა.
28. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელი იმაზე მიუთითებდა, რომ დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ 2024 წლის 19 ივნისის ბრძანებას წინ უძღოდა ამავე საქმეში სადავოდ ქცეული 2024 წლის 01 ივნისის ბრძანება, რომლითაც დასაქმებული კომპანიის ფილიალი 1-დან გადაყვანილი იქნა ფილიალ 3-ში (მის: ....... 12) ოჯახის ექიმად (იხ., ტ.1. ს.ფ. 68). წარმოდგენილ საკასაციო საჩივარშიცაა განმარტებული, მოსარჩელეს ხელშეკრულებით განესაზღვრა, რომ სამუშაო ინტერესებიდან გამომდინარე დამსაქმებელს უფლება ჰქონდა დროებით შეეცვალა დასაქმებულის სამუშაოს შესრულების ადგილი, ხელშეკრულებაში დაკონკრეტდა ფილიალების ადგილმდებარეობა. დასაქმებულს განემარტა, რომ სამუშაო ინტერესებიდან გამომდინარე საჭირო იყო მისი სხვა ფილიალში დროებით გადაყვანა, განემარტა რის გამო ხდებოდა სამუშაო ადგილის ცვლილება, კერძოდ, ვარკეთილის ფილიალში საჭირო იყო სადაზღვევო კონტიგენტის მართვა, აქვე დასაქმებულს განემარტა, რომ ცვლილება იყო დროებითი ხასიათის - საორიენტაციოდ 6 თვის განმავლობაში. აღნიშნულის მიუხედავად, დასაქმებულმა უარი განაცხადა სხვა ფილიალში გადასვლაზე. ობიექტური მიზეზის გარეშე არ გამოცხადდა სამუშაო ადგილზე.
29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების პირობების შეცვლის ნორმატიულ პროცედურას სშკ-ის 20-ე მუხლი აწესრიგებს, ნორმის დანაწესი შემდეგია: „2. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. თუ შრომითი ხელშეკრულება არ შეიცავს რომელიმე არსებით პირობას, ასეთი პირობის განსაზღვრა შესაძლებელია დასაქმებულის თანხმობით. 3. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა, რაც განპირობებულია საქართველოს კანონმდებლობის ცვლილებით, დასაქმებულის თანხმობას არ საჭიროებს. 4. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად არ მიიჩნევა შემდეგი გარემოების შეცვლა: ა) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მითითებული სამუშაოს შესრულების ადგილის შეცვლა, თუ ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებებით დასაქმებულის საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაოს შესრულების ახალ ადგილამდე მისასვლელად და დასაბრუნებლად საჭიროა დღეში არაუმეტეს 3 საათისა, ამასთანავე, ეს არ მოითხოვს არაპროპორციულ ხარჯებს; ბ) სამუშაოს დაწყების ან დამთავრების დროის შეცვლა არაუმეტეს 90 წუთით. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ორივე გარემოების ერთდროულად შეცვლა მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად“. ნორმის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ კანონმდებელი შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის შეცვლად არ მიიჩნევს სამუშაოს შესრულების ადგილის შეცვლას, თუ ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებებით დასაქმებულის საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაოს შესრულების ახალ ადგილამდე მისასვლელად და დასაბრუნებლად საჭიროა დღეში არაუმეტეს 3 საათისა, ამასთანავე, ეს არ მოითხოვს არაპროპორციულ ხარჯებს. ამ ასპექტში, სამუშაოს შესრულების ადგილის შეცვლისთვის დამსაქმებელს დასაქმებულის თანხმობა არ სჭირდება, ხოლო საკუთრივ ბრძანების გამოცემა, მუშაკს წარმოუშობს ახალ სამუშაო ადგილზე შრომითი მოვალეობების შესრულების ვალდებულებას. შრომითი მოვალეობების უხეში დარღვევა კი, თავის მხრივ, სშკ-ის 47.1.„ზ„ ქვეპუნქტის საფუძველით სამუშაოდან დათხოვნის საფუძველია.
30. თუმცა, სადავო შემთხვევაში, საგულისხმო სწორედ ისაა, რომ ზემოაღწერილ შემთხვევას ემატება დამატებითი მოცემულობა, რომელიც არსებითად ცვლის დამსაქმებელის ცალმხრივი ნების შესრულების ვალდებულებას დასაქმებულის მხრივ, სახელდობრ დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, დასაქმებულის ძირითად სამუშაო ადგილად განსაზღვრული იყო მოპასუხე კომპანიის ფილიალი N1, მისამართი: ქ.თბილისი, ........... ქუჩა N27; ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, დამსაქმებლის მიერ შესაძლებელია განხორციელდეს დასაქმებულისთვის მითითებული სამუშაოს შესრულების ადგილის დროებით შეცვლა, სამუშაო ინტერესიდან გამომდინარე, შემდეგ მისამართებზე: მოპასუხე კომპანიის ფილიალი N2, ქ.თბილისი, .......... N83/11 და მოპასუხე კომპანიის ფილიალი N3, ქ.თბილისი, ......... ქუჩა N12.
31. შრომით ხელშეკრულებაში ზემოაღწერილი პირობის არსებობა ავალდებულებდა დამსაქმებელს არსებითი პირობის, დასაქმებულის სამუშაო ადგილის ცვლილების დროს, გარდა შრომის კოდექსით დადგენილი ნორმატიული საფუძვლისა, დაეცვა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორი პირობაც: დაესაბუთებინა სამუშაო ინტერესი, რამაც განაპირობა მოსარჩელის ვარკეთილის ფილიალში გადაყვანის აუცილებლობა და განესაზღვრა კონკრეტული ვადა, რა ვადითაც უნდა მომხდარიყო თანამშრომლის სხვა მისამართზე გადაყვანა.
32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს კერძო ავტონომიის პირობებში, თავისუფალი ნების გამოვლენის გზით შეუძლიათ შეთანხმდნენ არსებითი პირობის ცვლილებისთვის საჭირო დამატებითი პირობების არსებობაზე, როგორიცაა დროებითობა და სამუშაო ინტერესი. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი უთითებს, რომ ცვლილება იყო დროებითი ხასიათის - საორიენტაციოდ 6 თვეს მოიცავდა, თუმცა, საკასაციო პალატა აღნიშნულს არ მიიჩნევს ხელშეკრულების შინაარსის მიზნებისთვის სამუშაოს ადგილის შეცვლის დროის კონკრეტიზაციას, არამედ როგორც კასატორი აღნიშნავს ესაა საორიენტაციო პერიოდი.
33. დასაქმებულისთვის მითითებული სამუშაოს შესრულების ადგილის დროებით შეცვლისთვის საჭირო სამუშაო ინტერესს რაც შეეხება, გასაზიარებელია სააპელაციო პალატის დასკვნის ის ნაწილიც რომ დამსაქმებლის სადავო გადაწყვეტილებით არ დგინდება არც სამუშაო ინტერესი, რამაც განაპირობა მოსარჩელის ვარკეთილის ფილიალში გადაყვანის აუცილებლობა, შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ამ განჩინების პ.16-ში მითითებული არგუმენტი გასაზიარებელი არაა.
34. ზემომითითებული მსჯელობების გათვალისწინებით, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია დამსაქმებლის პრეტენზია დასაქმებულის სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობის და სამუშაოს შეუსრულებლობის მოტივით შრომითი მოვალეობების უხეშ დარღვევაზე მითითება, რაც ამ უკანასკნელის მხრიდან შრომითი მოვალეობების დარღვევის საფუძვლით გათავისუფლების კანონიერ საფუძველს შექმნიდა.
35. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ისეთი სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც დაარწმუნებდა სასამართლოს მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წინამდებარე საფუძვლის არსებობაში. აღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ბრძანებები მართებულად იქნა ბათილად ცნობილი.
36. ამასთან, უკანონოდ დათხოვნილი მუშაკის უფლებრივი რესტიტუციაც სშკ-ის 48-ე მუხლის მიხედვით სწორად განხორციელდა, რომლის წინააღმდეგაც კასატორს დასაბუთებული (დასაშვები) შედავება არ წარმოუდგენია.
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
38. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „მ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „მ.ჰ–ს“ (ს.კ: ...........) დაუბრუნდეს 30.01.2026წ. №1769769598 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 350 ლარისა და 30.12.2025წ. N1767099378 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 600 ლარის, ჯამში 950 ლარის 70% – 665 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე