დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 28.09.2026
საქმის ნომერი
ას-851-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-851-2026 28 სექტემბერი, 2026 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ზ.ბ–ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს–ო“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 18 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება

პროცესუალური საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - სააპელააციო საჩივრის განუხილევბლად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ.ბ–იას (შემდეგში - მოსარჩელე ან აპელანტი) სარჩელი შპს „ს–ოს“ მიმართ, 177 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი - დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ხარვეზის შევსების მიზნით, სხვა საკითხებს შორის, წარმოედგინა სააპელაციო საჩივრისათვის განსაზღვრული ოდენობით სახელმწიფო ბაჟის თანხა, დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა და არაუმეტეს 5000 ლარისა.

3. 2026 წლის 23 თებერვალს, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, წარმოადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი (სადაც სააპელაციო საჩივრის ფასის გრაფაში მითითებულია 177 500 აშშ დოლარი, სახ ბაჟი 5000 ლარი), ასევე წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 2500 ლარის დამადასტურებელი ქვითარი, იმავდროულად იშუამდგომლა, გადაწყვეტილების გამოტანამდე, დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იმ საფუძვლით, რომ აპელანტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მკურნალობს და ამ ეტაპზე არ აქვს შესაძლებლობა ბაჟის სრულად გადახდისა.

4. აპელანტის შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 05 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 14 დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი - 2500 ლარის გადახდა. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე უარის თქმის საფუძვლად, სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც გამორიცხავდა შუამდგომლობის დაკმაყოფილებას.

5. 2026 წლის 11 მაისს, სააპელაციო სასამართლოს კვლავ მომართა შუამდგომლობით აპელანტის წარმომადგენელმა, გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 2000 ლარით შემცირება და დარჩენილი 500 ლარის გადახდის დავალდებულება მოითხოვა. შუამდგომლობას დაურთო თ.ღ–ასთან მისი ქორწინების მოწმობა, ასევე, სააპელაციო საჩივრის წარდგენის შემდეგ, 2026 წლის 16 თებერვალს, თ.ღ–ას მიერ, სს „თ.ბ–თან“ გაფორმებული, 90700 ლარზე სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულება და აღნიშნა, რომ აპელანტი საჭიროებს მკურნალობას, მისი ყოველთვიური ხელფასია 400 ლარი, ოჯახს აღებული აქვს კრედიტები, რისთვისაც იპოთეკით არის დატვირთული მისი საცხოვრებელი სახლი. ამდენად, ჯანმრთელობის და ქონებრივი მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, არსებობს სახ. ბაჟის შემცირების საფუძველი.

6. სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად, რამდენადაც მიიჩნია, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს. პალატამ აღნიშნა, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან გასულია 4 თვემდე ვადა. აპელანტს, სასამართლოს განჩინებით, ერთი და იმავე საფუძვლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ორჯერ განესაზღვრა ვადა ხარვეზის შესავსებად და სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის, თუმცა უშედეგოდ. აპელანტმა, განმეორებითად წარმოდგენილ შუამდგომლობაში ბაჟის 2000 ლარით შემცირებისა და დარჩენილი 500 ლარის გადასახდელად ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნის საფუძვლად, კვლავ ჯანმრთელობისა და ეკონომიური პრობლემები მიუთითა, თუმცა განცხადებაში მითითებული მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი ან/და ჯანმრთლობისათვის მნიშვნელოვანი ოდენობით ხარჯის გაწევის აუცილებლობის რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

7. სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 18 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა და განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობის ბაჟიდან - 5000 ლარი მის მიერ, გადახდილია 2500 ლარი, ხოლო დარჩენილი 2500 ლარის ნაწილში 23.02.2026წ. შუამდგომლობა დააყენა გადახდის გადავადების შესახებ და წარადგინა ხელფასის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები, რაც უარყოფილი იქნა; ამის შემდგომ, აპელანტმა კვლავ დააყენა შუამდგომლობა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის - 2500 ლარიდან 500 ლარის გადავადებისა და 2000 ლარის შემცირების შესახებ, ამ შუამდგომლობას დაერთო ცნობა ოჯახის მიერ საკრედიტო ვალდებულების აღებისა და ერთადერთი საცხოვრებელი სახლის იპოთეკით დატვირთვის შესახებ, რაც არ შეაფასა სააპელაციო სასამართლომ და საბოლოოდ, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. კერძო საჩივრის ავტორი უკანონოდ მიიჩნევს დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის - 2500 ლარის გადახდის გადავადებაზე უარის თქმის შესახებ 2026 წლის 5 მარტის განჩინებას, ასევე, დარჩენილი სახელმწიფო ბაჟიდან - 2500 ლარიდან სახელმწიფო ბაჟის - 2000 ლარის შემცირებასა და 500 ლარის გადავადებაზე უარის თქმის შესახებ ამავე სასამართლოს 2026 წლის 18 მაისის განჩინების გაუქმებას და ითხოვს 2000 ლარით ბაჟის შემცირებას, ხოლო დარჩენილი 500 ლარის გადახდის გადავადებას.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, ის უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

11. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შეუვსებლობა, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადაუხდელობა.

12. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს, ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

13. სსსკ-ის 47-ე და 48-ე მუხლები ითვალისწინებს შეღავათებს სახელმწიფო ბაჟის გადახდაში. ეს ის შემთხვევებია, როდესაც სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით განსაზღვროს პროცესის მონაწილეთა მიმართ აღნიშნული მუხლის გავრცელების დასაშვებობა. სსსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისგან, რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. სსსკ-ის 48-ე მუხლის მიხედვით კი, სასამართლოს მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. შესაბამისად, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, ოდენობის შემცირებისა და გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს და სასამართლო დარწმუნდება, რომ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია საერთოდ, კონკრეტული დროისთვის ან გარკვეული ოდენობით.

14. შესაბამისად, სასამართლო ხარჯების ოდენობის შემცირებისა და გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს და სასამართლო დარწმუნდება, რომ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია საერთოდ, კონკრეტული დროისთვის ან გარკვეული ოდენობით.

15. საქმეში „Kreuz v. Poland“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულება, როგორიცაა: სახელმწიფო ბაჟი, შეესაბამება სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებას, თუ ის ზიანს არ აყენებს ამ უფლების არსს. ამასთან, სასამართლო ბაჟის ოდენობა უნდა გამოანგარიშდეს ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მომჩივნის ფინანსური მდგომარეობისა და სამართალწარმოების ეტაპის გათვალისწინებით, როცა აღნიშნული შეზღუდვა იქნა გამოყენებული; ეს კრიტერიუმები არის ხელშესახები იმის განსაზღვრისათვის, იქნა თუ არა პირი უზრუნველყოფილი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებით.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბაჟის ნაწილში წარმოდგენილი შუამდგომლობების შეფასების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს მომჩივნის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ყოველთვიური შემოსავალი.

17. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ წარმოდგენილია ხელფასის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები, ასევე, ოჯახის მიერ საკრედიტო ვალდებულების აღებისა და ერთადერთი საცხოვრებელი სახლის იპოთეკით დატვირთვის შესახებ ცნობები. აპელანტი განმარტავდა, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი მაქსიმალური ოდენობის სახელმწიფო ბაჟიდან - 5000 ლარი, გადაიხადა 2500 ლარი და მისი შუამდგომლობები სწორედ დარჩენილ სახელმწიფო ბაჟს - 2500 ლარს შეეხება, რომლის ნაწილში საშეღავათო პირობების გავრცელებაზე რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა, თუმცა უშედეგოდ, სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებები არ შეაფასა და საბოლოოდ, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ანდა მისი ოდენობის შემცირების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეაფასოს მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი სწორედ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა დაასაბუთოს.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სრულყოფილად არ გამოიკვლია აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც საკმარისი იყო მისი მძიმე მატერიალური მდგომარეობის შესაფასებლად. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დამაჯერებლად არ დაასაბუთა აპელანტის შუამდგომლობის უსაფუძვლობა.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ვერ შეძლო, დაეცვა სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, სასამართლო ხარჯების გადახდის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინტერესსა და, მეორე მხრივ, მომჩივნის ინტერესებს შორის -დაემტკიცებინა თავისი საჩივრის სამართლიანობა სასამართლოს გზით, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვის სტადიიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.ბ–იას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 18 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე