დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-969-2026 2 ოქტომბერი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ.უ.ე.ფ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – მ.ლ–ი, ქ.ს–ძე, ა.კ–ძე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 13 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 13 მაისის განჩინებით შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მ.ლ–ის (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“), ქ.ს–ძის (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“) და ა.კ–ძის (შემდგომში - „მესამე მოსარჩელე“) სარჩელი მოპასუხე კომპანიის მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს პირველი და მეორე მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 140 000 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხეს პირველი და მეორე მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 2024 წლის 06 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 500 აშშ დოლარის გადახდა გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული კურსის შესაბამისად; მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 130 000 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 25200 ლარის გადახდა; მოპასუხეს მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ქირის სახით ყოველთვიურად 1100 ლარის გადახდა 2024 წლის აპრილიდან ვალდებულების შესრულებამდე.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. პირველი მოსარჩელის საკუთრებაშია უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ........, ს.კ. ......... (სართული 1, შენობა N1 - 3.61 კვ.მ), ასევე პირველი და მეორე მოსარჩელეების თანასაკუთრებაშია იმავე მისამართზე მდებარე უძრავი ქონება, ს.კ. ........(სართული 2, შენობა N1 – 77.68 კვ.მ), ხოლო მესამე მოსარჩელის საკუთრებაშია ამავე მისამართზე განთავსებული უძრავი ნივთი - ს.კ. ......... (სართული 1, შენობა N1 61.33 კვ.მ);
2.2. 2022 წლის აპრილის შემდგომ მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიმდებარედ (ქ. თბილისი, ........) ადგილი ჰქონდა მოპასუხე კომპანიის კუთვნილი წყალსადენის ქსელის დაზიანებებს. ფუძეგრუნტების გაწყლიანებისა და წყალსადენის ქსელზე არსებული დაზიანების აღმოფხვრის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ზიანი მიადგა მოსარჩელეების კუთვნილ უძრავ ქონებას იმგვარად, რომ საცხოვრებლად უვარგისი გახდა;
2.3. 22.09.2023 წელს პირველმა და მესამე მოსარჩელეებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს მოპასუხეს და მოითხოვეს უმოკლეს ვადებში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, სანამ საბოლოოდ არ დასრულდებოდა დაზიანების აღმოფხვრა;
2.4. 2023 წლის 12 ოქტომბერს პირველ და მეორე მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმად, 2022 წლის აპრილში, მაისსა და ივლისში ქ. თბილისში, ........... მიმდებარედ, ადგილი ჰქონდა „GWP“-ის კუთვნილი წყალსადენის ქსელის დაზიანებებს, რომელთა აღმოფხვრის მიზნით სამუშაოები ჩატარდა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით. ფუძეგრუნტების გაწყლიანებისა და წყალსადენის ქსელზე არსებული დაზიანების აღმოფხვრის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ზიანი მიადგა ქ. თბილისში, ............ მდებარე უძრავ ქონებას და აღნიშნულ უძრავ ქონებაში ცხოვრება/განთავსება საფრთხის შემცველია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მხარეებმა შეთანხმებაში გაითვალისწინეს უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდი: N..............; მის.: ქ. თბილისი, ..........., მე-6 სადარბაზო, ბინა N14; ფართი: 97.80 კვ.მ.; ქირავნობის თანხა განისაზღვრა ყოველთვიურად 500 აშშ დოლარის ეკვივალენტური ღირებულებით ლარში;
2.5. შეთანხმების მე-5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე „შეთანხმება“ მოქმედებს ხელშეკრულების მოქმედების ვადით - 2024 წლის 10 აპრილის ჩათვლით. ამასთან, ხელშეკრულების ვადის გაგრძელება ავტომატურად არ გამოიწვევდა შეთანხმების ვადის გაგრძელებას. შეთანხმების ვადის გაგრძელება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მხარეთა წერილობით შეთანხმების არსებობის შემთხვევაში;
2.6. ასევე მოპასუხე კომპანიამ უზრუნველყო მესამე მოსარჩელის გაყვანაც ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართში და მას ყოველთვიურად ურიცხავდა 500 აშშ დოლარს, ქირის გადახდის მიზნით;
2.7. მოპასუხე კომპანიამ მხარეთა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება ალტერნატიული საცხოვრებელი ბინის ქირისათვის საჭირო თანხის ანაზღაურებაზე შეასრულა მხოლოდ 6 თვის განმავლობაში. მესამე მოსარჩელისათვის მოპასუხეს ქირისთვის საჭირო თანხა - 500 აშშ დოლარი არ გადაუხდია 2024 წლის აპრილის თვიდან;
2.8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 29.05.2024 წლის დასკვნის თანახმად, ქალაქ თბილისში, .......... მდებარე შენობის ტექნიკური მდგომარეობა ავარიულია. არსებული დაზიანებები დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით შეესაბამება IV ხარისხს, რაც გულისხმობს, რომ შენობის ამჟამინდელი სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია. შენობას აღენიშნება საძირკვლის არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციებისთვის დამახასიათებელი დაზიანებები, რაც კვლევით ნაწილში მოცემული გარემოებების გათვალისწინებით გამოწვეულია შენობის მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა წყალგაყვანილობის მილიდან პერიოდული გაჟონვით და ფუძე-გრუნტების გაწყლოვანებით. შენობის დაზიანებების ხარისხიდან გამომდინარე მისი აღდგენა-რეაბილიტაცია არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად და საჭიროა მოხდეს შენობის დემონტაჟი;
2.9. დასკვნის კვლევით ნაწილში, ექსპერტმა მიუთითა, რომ:
2.9.1. მისამართზე არსებული საცხოვრებელი შენობა ორსართულიანია, სარდაფით. იგი აშენებულია დაახლოებით XX საუკუნის შუა ხანებში. შენობა განთავსებულია მკვეთრად დახრილ რელიეფზე, ........... ქუჩისა და .......... ქუჩების კვეთაზე. შენობაზე შეინიშნება შემდეგი სახის დაზიანებები: .......... ქუჩის და .......... ქუჩის მხარეს არსებულ გარე კედლებზე წარმოქმნილია დახრილი მიმართულების გამჭოლი ბზარები, ხოლო აღნიშნული ქუჩების კვეთასთან არსებული შენობის კუთხე მოცილებულია დანარჩენი შენობის კედლებისგან და წარმოქმნილია ნაპრალები. დანაპრალებული მონაკვეთები შეინიშნება აგურის წყობით შესრულებულ ზღუდარებზე და ფანჯრების რაფისქვედა მონაკვეთებში. შენობის კედლები გადახრილია ....... და .......... ქუჩების კვეთის მხარეს. დახრილობა შეინიშნება იატაკებზეც. შენობის პერიმეტრზე არსებული ასფალტისა და ბეტონის შემონაკირწყლი დანაპრალებულია. ......... ქუჩის მხარეს არსებული აგურის ღობე დეფორმირებულია და წარმოქმნილია დახრილი მიმართულების ნაპრალი. შენობას აღენიშნება ფუძე-საძირკვლების არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციებისთვის დამახასიათებელი დაზიანებები, რომლებიც თავმოყრილია ........... და ........... ქუჩების კვეთისკენ;
2.9.2. დამკვეთის გადმოცემით, ........... ქუჩაზე შენობის გარე კედლების მიმდებარედ პერიოდულად ხდებოდა მიწისქვეშა წყალსადენი მილის ავარია. დამკვეთმა აღნიშნული დაადასტურა ექსპერტიზაზე ნივთმტკიცების სახით წარმოდგენილი ფოტო და ვიდეო მასალით, სადაც ჩანს სხვადასხვა დროს .......... და .......... ქუჩებზე არსებული მიწისქვეშა წყალსადენი მილიდან მაღალი წნევით წყლის ჟონვა და აღნიშნული მილის სარემონტო სამუშაოები. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული წყალსადენი მილის ავარია ხდებოდა შენობის კედლებიდან დაახლოებით 2-3 მეტრის მოშორებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შენობის საძირკვლის არათანაბარი ჯდენების გამომწვევი მიზეზი წყალსადენი მილის პერიოდული გაუმართაობის შედეგად ფუძე-გრუნტის გაწყლოვანებაა, რაც იწვევს გრუნტების ჯდენას, გამორეცხვას და აღნიშნული უარყოფითად აისახება ფუძე-გრუნტების ფიზიკურ-მექანიკურ თვისებებზე. ყოველივე ზემოთ აღნიშნულს ადასტურებს ასევე შენობის კედლებზე არსებული ბზარებისა და დეფორმაციების გავრცელების მიმართულება და კონცენტრაცია ........... და .......... ქუჩების კვეთისკენ;
2.10. 2024 წლის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების შედეგების თანახმად, მისამართზე: თბილისი, .......... ქუჩა N23, ნაკვეთი საკადასტრო კოდი .........., არეალი დღესდღეისობით განაშენებულია, მასზე განთავსებულია XX საუკუნის მეორე ნახევარში აშენებული 2-სართულიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, სარდაფით. სახლი დაზიანებულია, გააჩნია მრავლობითი დეფორმაციული ბზარები და დაზიანებები, რომელიც გამოწვეულია წინა წლებში მეზობლად გამავალი 400-იანი წყალმდენის მილის დაზიანებებით, რამაც გამოიწვია საძირკვლებში ფუძე-გრუნტების დასველება და ლოკალული გამორეცხვების შედეგად წარმოქმნილი არათანაბარი ჯდენით მოვლენების განვითარება. შენობა ექვემდებარება დემონტაჟს, იგი ავარიულ მდგომარეობაშია;
2.11. შპს საპროექტო არქიტექტურულ-დიზაინერული სტუდია „ბაზისი XXI“-ის 27.05.2024 წლის დასკვნის თანახმად, მიწის ნაკვეთზე: ქალაქი თბილისი, .......... ქუჩა N23, პირველი, მეორე და მესამე მოსარჩელეების თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი ..........., ასაშენებელი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტის კონსტრუქციული ნაწილი დამუშავებულია საკმარისი მოცულობით, საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისობაში. პროექტის გრაფიკული ნაწილისა და შენობის ძირითადი მზიდი კონსტრუქციული სისტემის სივრცული ანგარიშის შედეგების ანალიზის საფუძველზე, ექსპერტიზა დადებით შეფასებას აძლევს ასაშენებელი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტის კონსტრუქციულ ნაწილს და რეკომენდაციას უწევს მას მშენებლობის ნებართვის მისაღებად;
2.12. შედგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად, ქ. თბილისში, ............ ქუჩა N23-ში, ახალი იდენტური ორსართულიანი ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ღირებულებამ შეადგინა ჯამში 302 734.44 ლარი, რაც მოიცავდა სადემონტაჟო სამუშაოებსაც;
2.13. შპს „ი–ის“ მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად, ახალი იდენტური ორსართულიანი ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ღირებულებამ შეადგინა 246 802.32 ლარი;
2.14. შპს „ჯ.ი.კ–ის“ 2024 წლის 22 მარტის უძრავი ქონების შეფასების დასკვნით, უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, ........ ქუჩა N23, შენობა 1-ის მეორე სართულზე, ს.კ. .......... (მესაკუთრეები პირველი და მეორე მოსარჩელეები), განთავსებული საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულება საცხოვრებლად ვარგის და გარემონტებულ მდგომარეობაში 2024 წლის 22 მარტის მდგომარეობით იქნებოდა 231 000 ლარი, რაც შეადგენს საშუალოდ 85 302 აშშ დოლარს;
2.15. ამავე კომპანიის 2025 წლის 28 ნოემბრის დასკვნით, უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, .........., მდებარე მიწის ნაკვეთზე 80 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სახლის აშენების შემთხვევაში, მისი საბაზრო ღირებულება გარემონტებულ მდგომარეობაში შეადგენს 340 500 ლარს (125 929 აშშ დოლარი) (იხ. 394-406);
2.16. შპს „ჯ.ი.კ–ის“ 2025 წლის 24 ნოემბრის დასკვნის N24/11-01 თანახმად, 124 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ......... ქუჩა N23, N.......... 1/2 ნაწილის 62 კვ.მ. საბაზრო ღირებულება 2025 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობით შეფასებული იქნა 73 000 ლარად, რაც იმდროინდელი კურსით შეადგენდა 26 975 აშშ დოლარს (იხ. ს.ფ. 349-362);
2.17. ასევე შპს „ჯ.ი.კ–ის“ 2025 წლის 24 ნოემბრის დასკვნის N24/11-02 თანახმად, ქ. თბილისში, .......... ქუჩა N23-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ .........) 76 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლის აშენების შემთხვევაში, მისი საბაზრო ღირებულება გარემონტებულ მდგომარეობაში 2025 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობით იქნებოდა 323 500 ლარი, რაც იმდროინდელი კურსით შეადგენდა 119 540 აშშ დოლარს (იხ. 363-376);
2.18. საქმეზე ასევე წარმოდგენილია ამონაწერი ვებ.გვერდიდან, რომლის შესაბამისად, მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი ფართის [3-ოთახიანი] საცხოვრებელი ბინების საბაზრო ფასი მერყეობს 120 000 – 145 000 აშშ დოლარის ფარგლებში, ხოლო 7-10 ოთახიანი კერძო სახლის საბაზრო ღირებულებები იმავე ტერიტორიაზე მერყეობს 156 000 – 245 000 აშშ დოლარის ფარგლებში;
2.19. 10.10.2023 წლის ხელშეკრულებით მესამე მოსარჩელემ იქირავა უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ..........., 2024 წლის 13 აპრილამდე, ქირის ღირებულებად განისაზღვრა 500 აშშ დოლარი;
2.20. მესამე მოსარჩელეს ერთი წლის ვადით დაქირავებული ჰქონდა უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, .........., ........... ქირავნობის ღირებულება განისაზღვრა 1 თვე - 1300 ლარი, 2 თვე - 1300 ლარი, 3 თვე - 1400 ლარი, მე-4 თვიდან მე-11 თვის ჩათვლით - 1000 ლარი;
2.21. 10.06.2025 წლის ხელშეკრულებით, მესამე მოსარჩელემ ერთი წლის ვადით იქირავა საცხოვრებელი ფართი მდებარე ........., რომლის ღირებულება ყოველთვიურად შეადგენს 1100 ლარს. ქირავნობის თანხები გადახდილია გამქირავებლებისთვის მესამე მოსარჩელის მიერ;
2.22. მესამე მოსარჩელემ 25.04.2024 წლის მომსახურების ხელშეკრულებით დაუკვეთა უძრავი ქონების - ქ, თბილისი, .........., ს.კ. ..........., საინჟინრო-გეოლოგიური ლაბორატორიული კვლევებისა და საექსპერტო დასკვნის მომზადება. მომსახურების საფასური განისაზღვრა 9000 ლარით, საიდანაც დამკვეთს გადახდილი აქვს ამ ეტაპზე 2800 ლარი;
2.23. ასევე, 14.05.2024 წლის მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით მესამე მოსარჩელემ დაუკვეთა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის სამშენებლო-არქიტექტურული დოკუმენტაციის მომზადება. მომსახურების საფასური განისაზღვრა 11200 ლარით, საიდანაც მესამე მოსარჩელეს ამ ეტაპზე გადახდილი აქვს 3200 ლარი;
2.24. მოსარჩელემ დაუკვეთა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ელექტროგაყვანილობის და წყალკანალიზაციის პროექტი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 5000 ლარი;
2.25. 2025 წლის 02 ოქტომბრის მომსახურების ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ კომპანია შპს „უ.ს–ის“ დაუკვეთა შენობა-ნაგებობის (მდებარე მისამართზე: თბილისი, .........., ს.კ. ...........) სადემონტაჟო სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 25 დღე.
3. სააპელაციო პალატამ წინამდებარე დავის ფარგლებში შეაფასა მოსარჩელეთა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანებასა და მოთხოვნილი ოდენობით ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით მოპასუხე კომპანიის პასუხისმგებლობის წინაპირობების არსებობა. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 992-ე და 408.1 მუხლებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა თანასაკუთრებაშია ქ. თბილისში, .......... მდებარე უძრავი ნივთი, რომელიც მოიცავს მიწის ნაკვეთსა და 2-სართულიან შენობა-ნაგებობას, რომელზეც განთავსებულია 3 დამოუკიდებელი (სართული 1, შენობა N1 - 3.61 კვ.მ, სართული 2, შენობა N1 – 77.68 კვ.მ და სართული 1, შენობა N1 - 61.33 კვ.მ) ფართი (ს.კ. ........., ს.კ. ........., ...........). 2022 წლის აპრილის შემდგომ მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიმდებარედ ადგილი ჰქონდა მოპასუხე კომპანიის კუთვნილი წყალსადენის ქსელის დაზიანებებს, ფუძეგრუნტების გაწყლიანებისა და წყალსადენის ქსელზე არსებული დაზიანების აღმოფხვრის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ზიანი მიადგა მოსარჩელეების კუთვნილ უძრავ ქონებას იმგვარად, რომ საცხოვრებლად უვარგისი გახდა, რის შედეგადაც ქონების მესაკუთრეები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ საკუთრება და გადასულიყვნენ ქირით არსებული მდგომარეობის აღმოფხვრამდე. მოპასუხემ მხარეთა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება ალტერნატიული საცხოვრებელი ბინის ქირისათვის საჭირო თანხის ანაზღაურებაზე შეასრულა მხოლოდ 6 თვის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეები დღეის მოცემულობითაც ცხოვრობენ ქირით, რადგანაც მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საცხოვრისად უვარგისია, რაც დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით.
4. სააპელაციო პალატამ შეაფასა რა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნები და მოდავე მხარეთა ურთიერთშეთანხმება, მოპასუხის მხრიდან მოსარჩელეთათვის 6 თვის მანძილზე საცხოვრებელი ქირის გადახდა, ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიიჩნია მოპასუხე კომპანიის მხრიდან მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის დაზიანება. კერძოდ, მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება შენობების დაზიანების ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რამდენადაც დასკვნის თანახმად, შენობის დაზიანება გამოწვეულია შენობის მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა წყალგაყვანილობის მილიდან პერიოდული გაჟონვით და ფუძე-გრუნტების გაწყლოვანებით. გარდა ამისა, დადგენილია, რომ ავარიული შენობის დემონტაჟისათვის საჭირო ხარჯი და მოქმედებები 2025 წლის 2 ოქტომბრის ხელშეკრულებით მოპასუხემ გაიღო. საგულისხმოა, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე ალტერნატიული დასკვნა ან მტკიცებულება, რაც ზიანის დადგომაში მის ბრალეულობას გააქარწყლებდა, მოპასუხე კომპანიას კვალიფიციური შედავება მის არაბრალეულობასთან მიმართებით არ წარუდგენია და მხოლოდ ზეპირი ფორმით უარყო ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მიზეზობრივი კავშირი და ბრალი, რაც მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საპირწონედ ვერ აქარწყლებდა დადგენილ გარემოებას მოსარჩელეთა კუთვნილი ქონების განადგურებასთან მიმართებით.
5. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით ერთმნიშვნელოვნად დაადგინა, რომ მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი დაზიანებების ხარისხიდან გამომდინარე აღდგენა-რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, იგი ავარიულ მდგომარეობაშია და საჭიროა მოხდეს შენობის დემონტაჟი. ასევე, დადგენილია, რომ 2025 წლის 02 ოქტომბრის მომსახურების ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ კომპანია შპს „უ.ს–ის“ დაუკვეთა შენობა-ნაგებობის (მდებარე მისამართზე: თბილისი, ......... ქუჩა N23, ს.კ. ..........) სადემონტაჟო სამუშაოების შესრულება.
6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სარჩელებით, პირველი და მეორე მოსარჩელეები მოითხოვდნენ ქონების დაზიანებიდან გამომდინარე დამდგარი ზიანის - 140 000 აშშ დოლარისა და საცხოვრებელი სახლის დაქირავებისათვის 2024 წლის 06 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თვეში 500 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებას, გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული კურსის შესაბამისად, ასევე მესამე მოსარჩელე მოითხოვდა ქონების დაზიანებიდან გამომდინარე დამდგარი ზიანის - 130 000 აშშ დოლარის, სხვადასხვა კვლევის ჩატარებისათვის გაღებული ხარჯის, ჯამში - 25 200 ლარისა და საცხოვრებელი სახლის დაქირავებისათვის 2024 წლის აპრილიდან ვალდებულების შესრულებამდე, ყოველთვიურად 1100 ლარის დაკისრებას.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდიდა მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი ზიანის მოცულობას და მიუთითებდა მის მიერ წარმოდგენილ შპს „ბ.ჯ–ის“ დასკვნაზე, რომლის შესაბამისად, პირველი და მესამე მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლებისთვის მიყენებული ზიანის მოცულობა განისაზღვრა 304 323 ლარით (ტომი 1, ს.ფ. 99-131). სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ აღნიშნული დასკვნა გულისხმობდა შენობის გამაგრებითი სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო ფინანსებს, ხოლო საქმის განხილვის პერიოდისათვის შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელებული იყო თავად მოპასუხის მიერვე. შესაბამისად, აღნიშნულ დასკვნაში მითითებული ზიანის მოცულობა ვერ იქნებოდა სასამართლოსათვის სახელმძღვანელო და მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამაქარწყლებელი.
8. სააპელაციო პალატის შეფასებით, საქმეზე წარმოდგენილი შესაბამისი შეფასების დასკვნები, ასევე მიწის ნაკვეთის დაზიანების ხარისხი და იმავე ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინების საბაზრო ღირებულება ერთობლიობაში ამართლებდა, როგორც პირველი და მეორე მოსარჩელების მოთხოვნას ქონების დაზიანებიდან გამომდინარე დამდგარი ზიანის - 140 000 აშშ დოლარის ნაწილში, ასევე მესამე მოსარჩელის მოთხოვნას - 130 000 აშშ დოლარის ანაზღაურებასთან მიმართებით.
9. პალატამ ასევე გამართლებულად მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნა ქირის სახით გადახდილ და სამომავლოდ გადასახდელ თანხების ანაზღაურებასთან მიმართებით. პალატის დასკვნით, მოპასუხეს პირველი და მეორე მოსარჩელეების სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა 2024 წლის 06 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 500 აშშ დოლარის გადახდა გადახდის დღეს არსებული ეროვნული კურსის შესაბამისად, ხოლო მესამე მოსარჩელის სასარგებლოდ - ქირის სახით ყოველთვიურად 1100 ლარის გადახდა 2024 წლის აპრილიდან ვალდებულების შესრულებამდე.
10. სააპელაციო სასამართლომ ასევე დასაბუთებულად მიიჩნია მესამე მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანიდან გამომდინარე გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან მიმართებითაც, კერძოდ, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მესამე მოსარჩელემ 25.04.2024 წლის მომსახურების ხელშეკრულებით დაუკვეთა უძრავი ქონების - ქ. თბილისი, .........., ს.კ. .........., საინჟინრო-გეოლოგიური ლაბორატორიული კვლევებისა და საექსპერტო დასკვნის მომზადება. მომსახურების საფასური განისაზღვრა 9000 ლარით, საიდანაც დამკვეთს გადახდილი აქვს ამ ეტაპზე 2800 ლარი. 14.05.2024 წლის მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით კი, მესამე მოსარჩელემ დაუკვეთა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის სამშენებლო-არქიტექტურული დოკუმენტაციის მომზადება. მომსახურების საფასური განისაზღვრა 11200 ლარით, საიდანაც მესამე მოსარჩელეს ამ ეტაპზე გადახდილი აქვს 3200 ლარი. ასევე, მოსარჩელემ დაუკვეთა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ელექტროგაყვანილობის და წყალკანალიზაციის პროექტი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 5000 ლარი. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც დადგენილია მოპასუხის პასუხისმგებლობა მოსარჩელის კუთვნილი სახლის დაზიანებასთან მიმართებით, სააპელაციო პალატის შეფასებით, მასვე უნდა დაკისრებოდა აღნიშნული დაზიანებიდან გამომდინარე წარმოშობილი დამატებითი ხარჯების ანაზღაურებაც და შესაბამისად, მესამე მოსარჩელის მოთხოვნა 25200 ლარის ანაზღაურების თაობაზე მართებულად დაკმაყოფილდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
12. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
12.1. ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში ექსპერტი ეყრდნობა დამკვეთი მხარის მონაყოლს და თავად არ აქვს გამოკვლეული ფაქტის (გამომწვევი მიზეზი) არსებობა;
12.2. მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლომ უსაფუძვლოდ დაადგინა და მოპასუხეს დააკისრა უძრავი ქონებების თითქოსდა საბაზრო ღირებულებები. წარმოდგენილი მტკიცებულებები იყო არა მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლის ანალოგიური ან მსგავსი ტიპის საცხოვრებელი სახლის ღირებულება (რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა საერთო ორსართულიანი სახლის ერთი სართულის ღირებულება), არამედ, ინდივიდუალური კერძო სახლის ღირებულების მტკიცებულებები. შესაბამისად, სასამართლომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დასაბუთებულად დაადგენდა მოპასუხის ბრალეულობას მოსარჩელეებისთვის ზიანის მიყენებაში, დაუსაბუთებლად დაადგინა ზიანის ოდენობები;
12.3. მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების მიზნით დაეკისრა ახალი საცხოვრებელი სახლის ღირებულების ოდენობა, მაშინ, როცა დაზიანებული საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად დარჩა მოსარჩელის საკუთრებაში. ანუ სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარჩელეები უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 3 აგვისტოს განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
15. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წყლის ჩამოდინებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება კანონისმიერი ვალდებულებითი სამართლის სფეროს მიკუთვნებული საკითხია. სსკ-ის მე-1000 მუხლი ადგენს პასუხისმგებლობას ნაგებობიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის [1. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. 2. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გამორიცხულია, თუ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი გამოწვეულია ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდა ნავთობის, გაზის, წყლის ან ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებებით].
18. პასუხისმგებლობა ნივთიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის ყოველთვის დგება ბრალის მიუხედავად. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სსკ-ის მე-1000 მუხლი მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის წესს ამკვიდრებს და, განსხვავებით დელიქტური ვალდებულების ზოგადი დანაწესისაგან (სსკ-ის 992-ე მუხლი), ბრალის მიუხედავად, ადგენს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, თუკი მომეტებული საფრთხის წყაროს ექსპლუატაციას შედეგად მოჰყვა პირის ან ნივთის დაზიანება (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-543-518-2016, 23 დეკემბერი, 2016 წელი). სსკ-ის მე-1000 მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ ზიანის მიყენების წყაროა მომეტებული საფრთხის შემცველი მოწყობილობა ან საგანი, რომლის მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს ამგვარ ობიექტსა თუ მოქმედებასთან დაკავშირებული ზიანი. მომეტებულ საფრთხეში იგულისხმება ნებისმიერი საქმიანობა, რომლის განხორციელება შეიცავს ზიანის მიყენების აშკარა შესაძლებლობას და რომლის კონტროლირებაც აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს (იხ. სუსგ საქმე №ას-40-37-2015, 24 დეკემბერი, 2015 წელი; შდრ. სუსგ საქმე №ას-1287-1208-2015, 26.02.2016). ამდენად, კანონი მომეტებული საფრთხის წყაროს (მაგ: წყალი) პრაქტიკული რეალიზაციის შემთხვევაში მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის ადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობას, მიუხედავად მისი ბრალისა, ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს ზიანის დადგომის ფაქტი და ის, რომ ეს ზიანი სწორედ მოპასუხის ნაგებობიდან მომდინარეობდა (იხ. სუსგ საქმე №ას-90-90-2018, 11 მაისი, 2018 წელი; №ას-322-2021, 21 ოქტომბერი, 2021 წელი).
19. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არსებობის შემთხვევაში, ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის შესაძლებლობა განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ აღდგეს ვითარება, რომელიც არსებობდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ დადგებოდა რომ არა ვალდებულების დარღვევა. აღნიშნული მუხლის თანახმად, ზიანის გამომწვევმა პირმა უნდა აღადგინოს ის თავდაპირველი ვითარება, რომელიც ზიანის გამომწვევი მოვლენის გარეშე იარსებებდა. ნატურით რესტიტუციის დამაბრკოლებელ გარემოებას პირველადი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა წარმოადგენს (სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლი) (იხ. სუსგ საქმე №ას-188-2023, 30 მაისი, 2023 წელი). კანონმდებელი ზიანის მიმყენებლის მიერ ზიანის ნატურით რესტიტუციის პრინციპს უპირატესობას ანიჭებს, კერძოდ, დაზარალებულს არ აქვს უფლება ზიანის მიმყენებელს ნატურით რესტიტუციის ნაცვლად, ფულადი ანაზღაურება მოსთხოვოს, თუ რესტიტუცია შესაძლებელია და ის არათანაზომიერად დიდ დანახარჯს არ მოითხოვს (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-98-93-2010, 8 ივნისი, 2010 წელი; საქმე №ას-389-366-2014, 20 მაისი, 2016 წელი). 408 I და 409-ე მუხლების სისტემური ანალიზი ცხადყოფს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უწინარესად მიმართულია შელახული სამართლებრივი სიკეთის ან დარღვეული უფლების აღდგენისა და შენარჩუნების ინტერესისაკენ. გამონაკლისის სახით, ანუ როდესაც რესტიტუციის გზით შელახული სამართლებრივი სიკეთის, ან დარღვეული უფლების აღდგენა და შენარჩუნება შეუძლებელია, ან არათანაზომიერად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, შესაძლებელია, კრედიტორს მიეცეს ფულადი ანაზღაურება, ანუ ზიანი ანაზღაურდეს მატერიალური ბალანსის აღდგენის გზით (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, მუხ. 316-476, თბილისი, 2019, გვ. 713).
20. განსახილველ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის როგორც მის პასუხისმგებლობას დამდგარ ზიანში, ასევე - მიყენებული ზიანის ოდენობას.
21. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიუთითებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე, რის საფუძველზეც სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის მილიდან გამოჟონილი წყლით. კასატორი არ ეთანხმება აღნიშნულ ფაქტს, რადგან ხსენებულ დასკვნაში ექსპერტი ეყრდნობა დამკვეთი მხარის მონაყოლს და თავად არ აქვს გამოკვლეული ფაქტის (გამომწვევი მიზეზი) არსებობა.
22. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 29.05.2024 წლის დასკვნის თანახმად, ქალაქ თბილისში, ......... მდებარე შენობის ტექნიკური მდგომარეობა ავარიულია. არსებული დაზიანებები დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით შეესაბამება IV ხარისხს, რაც გულისხმობს, რომ შენობის ამჟამინდელი სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია. შენობას აღენიშნება საძირკვლის არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციებისთვის დამახასიათებელი დაზიანებები, რაც კვლევით ნაწილში მოცემული გარემოებების გათვალისწინებით გამოწვეულია შენობის მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა წყალგაყვანილობის მილიდან პერიოდული გაჟონვით და ფუძე-გრუნტების გაწყლოვანებით. შენობის დაზიანებების ხარისხიდან გამომდინარე მისი აღდგენა-რეაბილიტაცია არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად და საჭიროა მოხდეს შენობის დემონტაჟი. დასკვნის კვლევით ნაწილში, ექსპერტმა მიუთითა, რომ დამკვეთის გადმოცემით, ......... ქუჩაზე შენობის გარე კედლების მიმდებარედ პერიოდულად ხდებოდა მიწისქვეშა წყალსადენი მილის ავარია. დამკვეთმა აღნიშნული დაადასტურა ექსპერტიზაზე ნივთმტკიცების სახით წარმოდგენილი ფოტო და ვიდეო მასალით, სადაც ჩანს სხვადასხვა დროს ...... და .......... ქუჩებზე არსებული მიწისქვეშა წყალსადენი მილიდან მაღალი წნევით წყლის ჟონვა და აღნიშნული მილის სარემონტო სამუშაოები. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული წყალსადენი მილის ავარია ხდებოდა შენობის კედლებიდან დაახლოებით 2-3 მეტრის მოშორებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შენობის საძირკვლის არათანაბარი ჯდენების გამომწვევი მიზეზი წყალსადენი მილის პერიოდული გაუმართაობის შედეგად ფუძე-გრუნტის გაწყლოვანებაა, რაც იწვევს გრუნტების ჯდენას, გამორეცხვას და აღნიშნული უარყოფითად აისახება ფუძე-გრუნტების ფიზიკურ-მექანიკურ თვისებებზე. ყოველივე ზემოთ აღნიშნულს ადასტურებს ასევე შენობის კედლებზე არსებული ბზარებისა და დეფორმაციების გავრცელების მიმართულება და კონცენტრაცია ი. .......... და .......... ქუჩების კვეთისკენ (იხ. წინამდებარე განჩინების 2.8 და 2.9.2 ქვეპუნქტები).
23. გარდა ზემომითითებული დასკვნისა, საქმეში წარმოდგენილია 2024 წლის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების შედეგებიც, რომლის თანახმად, მისამართზე: თბილისი, .......... ქუჩა N23, ნაკვეთი საკადასტრო კოდი ......., არეალი დღესდღეისობით განაშენებულია, მასზე განთავსებულია XX საუკუნის მეორე ნახევარში აშენებული 2-სართულიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, სარდაფით. სახლი დაზიანებულია, გააჩნია მრავლობითი დეფორმაციული ბზარები და დაზიანებები, რომელიც გამოწვეულია წინა წლებში მეზობლად გამავალი 400-იანი წყალმდენის მილის დაზიანებებით, რამაც გამოიწვია საძირკვლებში ფუძე-გრუნტების დასველება და ლოკალული გამორეცხვების შედეგად წარმოქმნილი არათანაბარი ჯდენით მოვლენების განვითარება. შენობა ექვემდებარება დემონტაჟს, იგი ავარიულ მდგომარეობაშია (იხ. წინამდებარე განჩინების 2.10 ქვეპუნქტი).
24. დადგენილია ასევე, რომ 22.09.2023 წელს პირველმა და მესამე მოსარჩელეებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს მოპასუხეს და მოითხოვეს უმოკლეს ვადებში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, სანამ საბოლოოდ არ დასრულდებოდა დაზიანების აღმოფხვრა. მიმართვის შემდგომ, 2023 წლის 12 ოქტომბერს პირველ და მეორე მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის თანახმად, 2022 წლის აპრილში, მაისსა და ივლისში ქ. თბილისში, .......... ქ. N23-ის მიმდებარედ, ადგილი ჰქონდა „GWP“-ის კუთვნილი წყალსადენის ქსელის დაზიანებებს, რომელთა აღმოფხვრის მიზნით სამუშაოები ჩატარდა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით. ფუძეგრუნტების გაწყლიანებისა და წყალსადენის ქსელზე არსებული დაზიანების აღმოფხვრის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ზიანი მიადგა ქ. თბილისში, .......... ქ. N23-ში მდებარე უძრავ ქონებას და აღნიშნულ უძრავ ქონებაში ცხოვრება/განთავსება საფრთხის შემცველია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მხარეებმა შეთანხმებაში გაითვალისწინეს უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: N..........) და ქირავნობის თანხა განისაზღვრა ყოველთვიურად 500 აშშ დოლარის ეკვივალენტური ღირებულებით ლარში. უდავოა ისიც, რომ მოპასუხე კომპანიამ უზრუნველყო მესამე მოსარჩელის გაყვანაც ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართში და მას ყოველთვიურად ურიცხავდა 500 აშშ დოლარს, ქირის გადახდის მიზნით. უფრო მეტიც, 2025 წლის 02 ოქტომბრის მომსახურების ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ კომპანია შპს „უ.ს–ის“ დაუკვეთა შენობა-ნაგებობის (მდებარე მისამართზე: თბილისი, .......... ქუჩა N23, ს.კ. .........) სადემონტაჟო სამუშაოების შესრულება (იხ. წინამდებარე განჩინების 2.3, 2.4, 2.6, 2.25 ქვეპუნქტები).
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლი]. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ [სსსკ-ის 105-ე მუხლი]. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. მტკიცებულებები უნდა შეფასდეს ყველა იმ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორით, რაც მათ იურიდიულ ბუნებას ახლავს. თითოეული მტკიცებულების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებზე საუბარი. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და შეფასებული თითოეული დეტალი, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწმენით მტკიცებულებათა შეფასების მეთოდი მოიცავს თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრას დამოუკიდებლად. გამომდინარე აქედან, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ (იხ. სუსგ საქმე №ას-589-896-09, 22 იანვარი, 2010 წელი).
26. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნებით, მოდავე მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, მოპასუხის მხრიდან მოსარჩელეთათვის 6 თვის მანძილზე საცხოვრებელი ქირის გადახდითა და ავარიული შენობის დემონტაჟისათვის განხორციელებული მოქმედებებით, ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია მოპასუხე კომპანიის მხრიდან მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის დაზიანების ფაქტი. მოპასუხის მხოლოდ ზეპირი შედავება კი ვერ გააქარწყლებს შენობის მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა წყალგაყვანილობის მილიდან პერიოდული გაჟონვითა და ფუძე-გრუნტების გაწყლოვანებით შენობის დაზიანების ფაქტს.
27. რაც შეეხება დამდგარი ზიანის მოცულობას, კასატორს არც აღნიშნულის საწინააღმდეგოდ აქვს წარმოდგენილი კვალიფიციური პრეტენზია.
28. საქმეში წარმოდგენილია შპს „ჯ.ი.კ–ის“ 2025 წლის 24 ნოემბრის დასკვნა N24/11-02, რომლის თანახმად, ქ. თბილისში, .......... ქუჩა N23-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ........) 76 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლის აშენების შემთხვევაში, მისი საბაზრო ღირებულება გარემონტებულ მდგომარეობაში 2025 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობით იქნებოდა 323 500 ლარი, რაც იმდროინდელი კურსით შეადგენდა 119 540 აშშ დოლარს, ხოლო ამავე კომპანიის 2025 წლის 28 ნოემბრის დასკვნით, უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, .......... ქუჩა N23, მდებარე მიწის ნაკვეთზე 80 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი სახლის აშენების შემთხვევაში, მისი საბაზრო ღირებულება გარემონტებულ მდგომარეობაში შეადგენს 340 500 ლარს (125 929 აშშ დოლარი) (იხ. წინამდებარე განჩინების 2.15 და 2.17 ქვეპუნქტები). საქმეზე ასევე წარმოდგენილია ამონაწერი ვებ.გვერდიდან, რომლის შესაბამისად, მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი ფართის [3-ოთახიანი] საცხოვრებელი ბინების საბაზრო ფასი მერყეობს 120 000 – 145 000 აშშ დოლარის ფარგლებში, ხოლო 7-10 ოთახიანი კერძო სახლის საბაზრო ღირებულებები იმავე ტერიტორიაზე მერყეობს 156 000 – 245 000 აშშ დოლარის ფარგლებში (იხ. წინამდებარე განჩინების 2.18 ქვეპუნქტი).
29. სააპელაციო სასამართლომ მართებულად უარყო მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შპს „ბ.ჯ–ის“ დასკვნა, რომლის შესაბამისად, პირველი და მესამე მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლებისთვის მიყენებული ზიანის მოცულობა განისაზღვრა 304 323 ლარით, ვინაიდან აღნიშნული დასკვნა გულისხმობდა შენობის გამაგრებითი სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო ფინანსებს, ხოლო საქმის განხილვის პერიოდისათვის შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელებული იყო თავად მოპასუხის მიერვე. შესაბამისად, აღნიშნული დასკვნა ვერ იქნება მიჩნეული მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საპირწონედ.
30. გამომდინარე აქედან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საქმეზე წარმოდგენილი შესაბამისი შეფასების დასკვნები, ასევე მიწის ნაკვეთის დაზიანების ხარისხი და იმავე ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინების საბაზრო ღირებულება ერთობლიობაში ამართლებდა, როგორც პირველი და მეორე მოსარჩელების მოთხოვნას ქონების დაზიანებიდან გამომდინარე დამდგარი ზიანის - 140 000 აშშ დოლარის ნაწილში, ასევე მესამე მოსარჩელის მოთხოვნას - 130 000 აშშ დოლარის ანაზღაურებასთან მიმართებით.
31. ამდენად, ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების შედეგად, დასტურდება როგორც მოპასუხის კუთვნილი მომეტებული საფრთხის მქონე ნაგებობის (წყლის მილის) დაზიანებასა და მოსარჩელეთათვის მიყენებულ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი, ისე - ამ ზიანის ოდენობა. მოსარჩელე მხარის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა. განსახილველ შემთხვევაში კი მოპასუხემ არაკვალიფიციური შედავების პირობებში ვერ შეძლო მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაქარწყლება, რაც მისთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს შპს „ჯ.უ.ე.ფ–ი“-ს (ს/კ: .......) დაუბრუნდეს მის მიერ 2026 წლის 27 ივლისს №4 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე