დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-877-2026 28 სექტემბერი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
კასატორი – სს „ს.კ.ჯ.ჰ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.ქ.ე–ია - ფ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სადაზღვევო შემთხვევიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის დაკისრება, პირგასამტეხლოს დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ჯ.ქ.ე–ია - ფ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა ფ–ს საქალაქო სასამართლოში სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული მატერიალური ზიანის 400 000 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუღებელი შემოსავლის სახით 71 461.45 ლარის დაკისრება. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვადის გადაცილებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადასახდელი თანხის 0,2%-ის - 800 ლარის გადახდის დაკისრება, 2023 წლის 01 ივნისიდან სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ჯ.ქ.ე–ია-ფ–ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ჯ.ქ.ე–ია-ფ–ს“ მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით 71461.45 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. შპს „ჯ.ქ.ე–ია-ფ–ს“ უარი ეთქვა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე. მოპასუხე სს „ს.კ.ჯ.ჰ–ს“ მოსარჩელის შპს „ჯ.ქ.ე–ია-ფ–ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 400 000 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 400 000 ლარის 0.02%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2023 წლის 01 ივნისიდან გადაწყვეტილების მიღებამდე.
4. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
4.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 დეკემბრის განჩინებით სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ სააპელაციო საჩივარი და შპს „ჯ.ქ.ე–ია-ფ–ს“ შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. 2021 წლის 2 ივნისს, შპს „ჯ.ქ.ე–ია - ფ–სა“ და სს „ს.კ.ჯ.ჰ–ს“ შორის გაფორმდა ქონების დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა ქონების დაზღვევის პოლისი PV18947/21. ქონების დაზღვევის განაცხადით მოსარჩელის კუთვნილი ჯოჯგინა ამწე№4 (KCK – 32/42) შეფასებული და მზღვეველის მიერ დაზღვეული იქნა 400 000 ლარის ღირებულებით. დაზღვეულ იქნა სხვადასხვა რისკები, მათ შორის, სტიქიური მოვლენები (B ჯგუფი): სეტყვა, წყალდიდობა, მიწისძვრა, მეწყერი, ზვავი, გრუნტის აწევა ან დაწევა, თოვლის სიმძიმით გამოწვეული ფიზიკური ზიანი, ჰაერის მასების მოძრაობა 20 მ/წმ.-ზე მეტი სიჩქარით, რომელიც გამოწვეულია ბუნებრივი პროცესებით ატმოსფეროში (3.3.1 პუნქტი).
6.1.1. საგამონაკლისო შემთხვევებში დაზღვევა არ აანაზღაურებდა დაზიანებას ან ზარალს გამოწვეულს, მათ შორის, მოსარგებლის, ასევე მოსარგებლესთან მომუშავე პირების ან მოსარგებლის უფლებამოსილი პირების განზრახი ქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით დაზღვეული ქონების მიმართ (4.1.20 პუნქტი).
6.1.2. დამზღვევი უფლებამოსილი იყო მზღვეველის მიერ დაზღვევის პირობებით ნაკისრი სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში წერილობით მოეთხოვა მზღვეველისაგან პირგასამტეხლოს გადახდა გადასახდელი სადაზღვევო ანაზღაურების 0.20%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც არ ათავისუფლებდა მზღვეველს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან. პირგასამტეხლოს დარიცხვა/ათვლა დაიწყებოდა შესაბამის წერილობით შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან (5.4.2 პუნქტი).
6.1.3. ქონების სრული განადგურებისას სადაზღვევო კომპანია უფლებამოსილი იყო აენაზღაურებინა სადაზღვევო თანხა სრულად (შესაბამისი ფრანშიზის გამოკლებით), ქონების ნარჩენი ღირებულების გამოკლების გარეშე. ამასთან, სადაზღვევო კომპანიაზე გადმოვიდოდა საკუთრების უფლება ქონებაზე, რომელიც მიიჩნეოდა მთლიანად განადგურებულად (აღნიშნული პუნქტი არ შეეხებოდა მიწას) (9.4 პუნქტი).
6.1.4. შპს „ჯ.ქ.ე–ია ფ–ს“ ტერმინალზე არსებული ამწეები არის მოდერნიზებული. 2008 წელს რეკონსტრუირებული და მოდერნიზებული იყო №4 ჯოჯგინა ამწეც და რეკონსტრუქციის შემდეგ გაიცა პასპორტი ახალი საინჟინრო გათვლების გათვალისწინებით. სს „ს.კ.ჯ–აის“ მიერ წლების მანძილზე ხდებოდა რეკონსტრუირებული და მოდერნიზებული ჯოჯგინა ამწეების დაზღვევა.
6.2. №4 ჯოჯგინა ამწე, პასპორტში მითითებული ტექნიკური მონაცემების მიხედვით, გათვლილია შემდეგზე: ქარის დასაშვები სიჩქარე მიწიდან 10 მეტრის სიმაღლეზე მ/წმ: ამწის მუშა მდგომარეობისთვის 14 მ/წ. ამწის არამუშა მდგომარეობისთვის 30 მ/წ..
6.3. შპს „ჯ.ქ.ე–ია - ფ–ი“ პერიოდულად უტარებდა გეგმიურ შემოწმებას ტერმინალზე განთავსებულ ამწეებს. №4 ჯოჯგინა ამწესაც ჩატარებული ჰქონდა ასეთი კონტროლი და აკმაყოფილებდა ნორმატიული დოკუმენტების ტექნიკურ მოთხოვნებს (1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №429
დადგენილება „ამწე მოწყობილობების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“; 2. ინსპექტირების მეთოდები და პროცედურები TIG-023/3-7.4).
6.4. 2021 წელს შპს „მ–იის“ მიერ ჩატარებულ იქნა შპს „ჯ.ქ.ე–ია - ფ–ს“ ტერიტორიაზე მდებარე ჯოჯგინა ამწეების საფუძვლების გამოკვლევა, რაზეც 23.12.2021წ. გაიცა დასკვნა, რომ „ამწეების სავალი ნაწილების გრუნტის მომზადების პირობები და ნორმატიული მოთხოვნები ჯეროვნად იყო შესრულებული. შესრულებული სამუშაოები აკმაყოფილებდა საქართველოში მოქმედ სამშენებლო წესებსა და ნორმატივებს. ამწეების საბაზისო საფუძვლებს ეძლეოდა დადებითი შეფასება“.
6.5. 2021 წლის 25 სექტემბერს, ფ–ში, შპს „ჯ.ქ.ე–ია - ფ–ს“ ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ქარის შედეგად, დაზიანდა მათი კუთვნილი ქონებები, მათ შორის, ჯოჯგინა ამწე №4 (KCK - 32/42), კერძოდ, იგი მოექცა მოულოდნელად ამოვარდნილი ქარის უშუალო დარტყმის ქვეშ, წაიქცა და დაეცა იქვე განთავსებულ კონტეინერებს. წაქცევის შედეგად, ამწე ისე დაზიანდა, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია.
6.6. 2021 წლის 27 სექტემბერს, შპს „ჯ.ქ.ე–ია - ფ–მა“ სს „ს.კ.ჯ.ჰ–ს“ მიმართა 2021 წლის 25 სექტემბერს ფ–ში სტიქიის შედეგად ჯოჯგინა ამწის №4 (KCK - 32/42) დაზიანებით სადაზღვევო შემთხვევის განხილვის მოთხოვნით.
6.7. სადაზღვევო კომპანიის 2023 წლის 31 მაისის საპასუხო წერილით დგინდება, რომ სტიქიის შედეგად დაზიანდა სს „ს.კ.ჯ.ჰ–ში“ დაზღვეული შპს „ჯ.ქ.ე–ია-ფ–ს“ ქონება, კერძოდ, №6, №2, №4 (წაიქცა) ჯოჯგინა ამწე. ამავე წერილით მზღვეველმა დამზღვევს განუცხადა უარი ზიანის ანაზღაურებაზე უხეშ გაუფრთხილებლობაზე მითითებით. აღნიშნული წერილით მზღვეველმა დამზღვევს განუმარტა ანაზღაურებაზე უარი თქმის საფუძველი ა მიუთითა, რომ ტექნიკური შეუსაბამობების არარსებობის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა ამწეზე ძლიერ ზემოქმედებას, ამწის ავარია არ მოხდებოდა. მათი მითითებით, აუცილებელი ყურადღებიანობის (წინდახედულობის) მოთხოვნები დაირღვა უჩვეულოდ მაღალი ხარისხით და შესაბამისად, ამწეების დაზიანება განხორციელდა უხეში გაუფრთხილებლობით.
6.8. 2022 წლის 28 მარტს, შპს „ჯ.ქ.ე–ია - ფ–ს“, სს ,,ს.კ.ჯ.ჰ–ს“ და შპს ,,თ.ვ.ჯ–იას“ (შემსრულებელი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წლის 25 სექტემბერს სადაზღვევო შემთხვევის (ქარბორბალა) შედეგად, დაზიანდა ჯ.ქ.ე–ია-ფ–ს ტერმინალზე (მდებარე ქ. ფ–, .......) არსებული შემდეგი ქონება - რამპა №4 და №5 შენობა, სს „ს.კ.ჯ.ჰ–მა“ თავად შეარჩია შემსრულებელი და ჩართო ზიანის დარეგულირების პროცესში ქონების დაზიანებამდელ მდგომარეობაში მოყვანის ვალდებულებით. ასევე, თავად შეუთანხმდა სამუშაოების ღირებულებაზე, რომელიც მითითებულია წინამდებარე ხელშეკრულებაზე თანდართულ ხარჯთაღრიცხვაში.
6.9. სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ დაკვეთით შესრულებული - სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 22.03.2023წ. №001823823 დასკვნის თანახმად: „ქ.ფ–ში, .......... მდებარე შპს „ჯ.ქ.ე–ია - ფ–ს“ ტერმინალზე, 2021 წლის 25 სექტემბერს, მომხდარ ქარბორბალას სიჩქარესთან დაკავშირებით, რომელსაც მოჰყვა ინფრასტრუქტურის დაზიანება, წარმოდგენილ იქნა 2 ვიდეოინფორმაცია, მარკირებით კამერა 30412 და მარკირებით კამერა 11:21, რომელთაგან ერთი ჩანაწერი გაანალიზდა და დასკვნის სახით წარმოდგენილია წინამდებარე დოკუმენტით. ვიდეოჩანაწერი თან ერთვის დასკვნას. 2021 წლის 25 სექტემბრის საღამოს ფ–ს პორტის რაიონში აღინიშნა (დაფიქსირდა) ქარბორბალა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს სტანდარტულ მეტეოპროგნოზებში ქარბორბალას პროგნოზი არ შედის. უახლოესმა მეტეოსადგურმა დააფიქსირა ქარის მაქსიმალური სიმყარე ფ–ში ნავსადგურის აკვატორიის ტერიტორიაზე, კერძოდ, 2022 წლის 25 სექტემბერს, ქარის მაქსიმალური სიჩქარე დაფიქსირდა 32 მ/წმ (ცნობა ჰიდროგრაფიული სამსახურიდან წარმოდგენილია განმცხადებლის მიერ). მოწოდებული ვიდეომასალის (ვიდეოჩანაწერი კამერით 19412) თანახმად, ქარბორბალა ტერმინალის ტერიტორიაზე შემოიჭრა ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან, მისი ბრუნვის მიმართულება საათის ისრის საწინააღმდეგოა. მანძილი ზღვის ნაპირიდან 2.6 კილომეტრი. ქარბორბალას სავარაუდო სიჩქარის განსასაზღვრად მოახდინეს ქარის მიერ გადაადგილებულ ობიექტებზე დაკვირვება იქიდან გამომდინარე, რომ გადაადგილებული ობიექტების სიჩქარე არაუმეტესია ქარის სიჩქარეზე. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულია ქარის მიერ სახურავის საფარიდან მოგლეჯილი ფილების გადაადგილება. აღნიშნული ფილების გადაადგილების სიჩქარის დასადგენად, წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი გამოკვლეული იქნა სპეციალური საექსპერტო პროგრამული უზრუნველყოფის „Amped Five-ის“ გამოყენებით, ვიდეოჩანაწერში მონიშნული იქნა სახურავის ფილის კადრში შემოსვლის მომენტი მის უკანა მარჯვენა წერტილზე და შემდგომ იმ ადგილამდე, საიდანაც ეს წერტილი გადაადგილდება სწორხაზოვნად, სახურავის ფილის სიგრძის (12 მეტრი) გამოყენებით გამოთვლილი იქნა ამ ფილის მიერ გადაადგილების პროცესში განვლილი მანძილი და აღნიშნულმა შეადგინა, დაახლოებით, 11 მეტრი და აღნიშნული 11 მეტრის მანძილის დაფარვას სახურავის ფილა ანდომებს 0.333 მ.წ. დროს. ამ მონაცემების მიხედვით, ვიანგარიშოთ რა სიჩქარით გადაადგილდებოდა სახურავის ფილა: V=S/T=11,0.333=33 მ/წმ. მივიღეთ, რომ სახურავის ფილა გადაადგილდება 33 მ/წმ სიჩქარით. აღნიშნული მონაცემი შესაბამისობაში მოდის მეტეოროლოგიური ცენტრის მიერ დაფიქსირებულ მონაცემთან (32 მ/წმ). საექსპერტო შეფასება: სპეციალური ჯოჯგინა ამწე KCK-32-ის ელექტრული პრინციპიალური სქემით გათვალისწინებული ქარისაგან გატაცების საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ საექსპერტო შეფასება ჩატარდა ქ. ფ–ში შპს „ჯ.ქ.ე–ია ფ–ს“ კუთვნილი ჯოჯგინა ამწის KCK - 32-ის ტექნიკური ინციდენტის მიზეზებისა და ხელშემწყობი გარემოებების დადგენისათვის. შესაფასებლად წარმოდგენილი იქნა დაზიანებული ამწის (საქ. 538) ტექნიკური დოკუმენტაცია (პასპორტი). შეფასებისთვის ასევე გამოყენებული იქნა შემდეგი ამწეების ტექ. დოკუმენტაცია (პასპორტები): KCK -32, საქ. №010/4110, დამზადების წელი 2987; 2. KCK -32 საქ. N308/555, დამზადების წელი 1988. განხილული სამივე ამწის ტექნიკური დოკუმენტაცია (პასპორტის ტექნიკური აღწერილობა და პრინციპიალური ელექტრული სქემა) მოიცავს ამწის ქარისაგან გატაცების საწინააღმდეგო იდენტურ სისტემას. ქარისაგან გატაცების საწინააღმდეგო სისტემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ელექტრომექანიკური რელსდამჭერი - 3 ერთეული; ანემომეტრი - M - 95Б, 3 ერთეული; ელექტრული ზარი - M3 - 1, - 1 ერთეული. რელსადამჭერების ჩართვისა და გათიშვის ღილაკები ამწის მემანქანის კაბინაში. სამივე ამწის ელექტრული პრინციპიალური სქემა ითვალისწინებს შემდეგ მოქმედებებს: როდესაც ქარის სიჩქარე მიაღწევს 14 მწ.მ.-ს, ირთვება ხმოვანი სიგნალი, ამწის მემანქანე, წყვეტს მუშაობას, კაბინაში არსებულ სათანადო ღილაკზე ზემოქმედებით რთავს ორ ელექტრომექანიკურ დამჭერს და ამწე გადაჰყავს არასამუშაო მდგომარეობაში. ამის შემდეგ, ამწის მემანქანე ვალდებულია, ჩამოვიდეს დაბლა და ამწის დამაგრება განაგრძოს ხელის რელსდამჭერებით. ამწის ელექტრული პრინციპიალური სქემით გათვალისწინებულ მესამე ნახევრადავტომატური დამჭერის ჩართვა უნდა მოხდეს ქარის სიჩქარის კიდევ უფრო გაძლიერების შემთხვევაში (რომელ სიჩქარეზე მითითებული არ არის) ანემომეტრით. ადამიანის ჩარევის გარეშე. დაზიანებული ამწის პასპორტში, ნახევრად ავტომატური ქარდამჭერების რაოდენობა მითითებულია 2, ხოლო ხელის დამჭერი - 4. ექსპერტული შეფასების ობიექტი: ექსპერტული შეფასების ობიექტია შპს „ჯ.ქ.ე–ია ფ–ს“ მფლობელობაში არსებული ჯოჯგინა ამწე KCK-32 (საქარხნო N538, საიდენტიფიკაციო N4, დამზადებულია ქალაქ ზაპოროჟიეს ენერგომექანიკური ქარხნის მიერ, დამზადების წელი 1985), რომელმაც ავარია განიცადა 2021 წლის 25 სექტემბერს. ინფორმაცია ობიექტის შესახებ: ჯოჯგინა ამწის KCK-32 ტექნიკური მონაცემებია (პასპორტი მიხედვით): - მაქსიმალური ტვირთამწეობა - 32 ტონა; - კავის აწევის სიმაღლე - 18 მეტრი; - მალი - 42 მეტრი: - ქარის დასაშვები სიჩქარე: ამწის მუშა მდგომარეობისთვის - 15 - მ.წ., არამუშა მდგომარეობისთვის - 30-მდე (4 საქარე ზონა): - რელსდამჭერების რაოდენობა: ნახევრადავტომატური - 3, ხელის ორი - 2. შენიშვნა: აღნიშნული მოდელის ამწეზე უნდა ეყენოს მე-3 საქარე ზონაში 2, ხოლო მე-4 საქარე ზონაში, 3 ნახევრად ავტომატური რელსდამჭერი. ტექნიკური ინციდენტის გარემოებები: მომხდარი ინციდენტის დოკუმენტურად ასახვისათვის გამოყენებულია შპს „ჯ.ქ.ე–ია ფ–ს“ ვიდეოკამერების ჩანაწერები. ვიდეოკამერის ჩანაწერების მიხედვით, მოვლენათა ქრონოლოგია შემდეგია: (მიმართულების ორიენტირად აღებულია ვიდეოკამერის ხედვის მიმართულება, დრო - ვიდეოკამერის მიერ დაფიქსირებული დრო, ჯოჯგინა ამწის საყრდენებისა და ურიკების ნუმერაცია შემდეგნაირია: 1-დი საყრდენი - საყრდენი, რომელზეც განთავსებულია ამწის მემანქანის კაბინა და ასასვლელი კიბე, მე-2 საყრდენი - 1-ლი საყრდენის გასწვრივ იმავე რელსზე მდებარე, მე-3 საყრდენი - მე-2 საყრდენის გადასწვრივ მომიჯნავე რელსზე მდებარე, მე-4 საყრდენი მე-3 საყრდენის მომიჯნავე იმავე რელსზე) 16-33-29 ამწე გაჩერდა დგომისთვის გათვალისწინებულ ადგილზე; 16-38-02 ამწის მემანქანე ჩამოდის ამწიდან; 16-38-14 ამწის მემანქანე ხელით ამაგრებს ამწის №1 საყრდენთან არსებულ ხელის რელსდამჭერს და ტოვებს ამწის მიმდებარე ტერიტორიას; 17-04-26 ქარის ზემოქმედებით ამწე იწყებს მოძრაობას, ამწის მარცხენა მხარე გადადგილდა რელსზე წინ (კაბინის საპირისპირო მხარეს) ამწის მარჯვენა მხარე უძრავია. ქარის ზემოქმედებით ამწე განიცდის გრეხვას პორიზონტალურ სიბრტყეში საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით. 17-04-33 ქარი გაძლიერდა, ამწის მარჯვენა მხარე მცირედ გადაადგილდა და გაჩერდა. 17-04-37 ქარის გაძლიერების გამო ამწის №2 საყრდენი ირხევა და აწვება რელსს სავალი გზის ცენტრისკენ. 17-04-40 №2 საყრდენმა დაიწყო გადაადგილება ამწის სავალი გზის შიდა მიმართულებით ბეტონის შპალთან ერთად. სავალი გზა მცირედ გამრუდდა: 17-04-99 ამწის №2 საყრდენი ურიკასთან ერთად გადმოვარდა რელსიდან. ამწის მარცხენა მხარის გადაადგილება აჩქარდა; 17-04-52 N4 საყრდენი გადმოვარდა რელსიდან; 17-04-53 ამწის №1 საყრდენს მოტყდა სავალი ურიკა, საყრდენი დაეცა მიწაზე: 17-04-54 ამწეს მოტყდა №3 საყრდენის ურიკა და №2: 17-04-58 ქარის მოქმედებით წონასწორობადაკარგული ამწე იწყება გადაადგილებას და ვარდნას მარჯვნივ; 17-05-00 მიწაზე დაეცა ამწის მარჯვენა-კაბინის მხარე: 17-05 ამწე მთლიანად დაეცა მიწაზე. მოვლენათა ქრონოლოგია გვაძლევს მათი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის სურათს: ამწის კონსტრუქციამ განიცადა ქარის ძლიერი ზემოქმედება ჯერ ამწის რიგელის მართობულად, შემდეგ რიგელის ღერძის გასწვრივ მარცხნიდან მარჯვნივ. იმის გამო, რომ ნაცვლად ოთხი რელსდამჭერისა, ამწე დაფიქსირებული იყო ერთი რელსდამჭერით, ქარის ზემოქმედებით ამწემ განიცადა გრეხვა ჰორიზონტალურ სიბრტყეში საათის ისრის ბრუნვის მიმართულებით, რასაც მოჰყვა რელსდამჭერით დაფიქსირებული პირველი ურიკისა და მისი საყრდენის დამაკავშირებელი 4 ჭანჭიკის მოწყვეტა, ქარის ზემოქმედების შედეგად, საყრდენი ჩამოვარდა ურიკიდან, ამწემ დაკარგა მდგრადობა და გაძლიერებული ქარის ზემოქმედებით დაეცა მიწის ზედაპირზე. დასკვნა: რელსდამჭერებით არასათანადოდ დაფიქსირებულ ამწეზე ქარის ზემოქმედების გამო, მოხდა ამწის კონსტრუქციის გრეხვა, რამაც გამოიწვია ამწის საყრდენისა და ურიკის დამაკავშირებელი ჭანჭიკების რღვევა (გადაჭრა), კონსტრუქციის გადაადგილება ქარის მიმართულებით, პირველი საყრდენის დაცემა მიწაზე ამწის მდგრადობის დაკარგვა და ვარდნა. ამწის ტექნიკური დოკუმენტაციისა ტექნიკური მდგომარეობის ანალიზი: ა. ამწის მფლობელის მიერ წარმოდგენილი იქნა ამწის პასპორტის ახლი (იხილეთ დანართი 3), რომელიც შედგენილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „სამშენებლო მანქანებისა და მექანიკური მოწყობილობების №55 მიმართულების“ შემდეგში ,,ტექ. უნივერსიტეტი") მიერ 2008 წელს, როდესაც განხორციელდა ამწის რეკონსტრუქცია. წარმოდგენილ პასპორტის ასლში არის ჩანაწერები, რომლებიც შესრულებულია და დადასტურებულია ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლის მიერ. ვინაიდან ამწეს არ აქვს საქარხნო ფირნიში, არ იყო შესაძლებლობა ცალსახად გვევარაუდა, რომ წარმოდგენილი პასპორტის ასლი ეკუთვნის გამოსაკვლევ ამწეს. შესაბამისად, ანალიზისთვის გამოყენებული იქნა იმავე ქარხნის მიერ, იმავე წლებში დამზადებული, იმავე მოდელის ამწეების პასპორტების ორიგინალი და ორიგინალის ქსეროასლი. წარმოდგენილი ამწის პასპორტის ახლის ჩანაწერებით ირკვევა, რომ 2005 აღნიშნულ ამწეს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, კერძოდ, ამწის ტვირთამწეობა 32 ტ.-დან გაზრდილი იქნა 36 ტ.-მის, აქვე მითითებულია, რომ სამუშაოები ჩატარდა ქარხანა-დამამზადებლის წერილის 05.04.1999-წ-ის №20-330/46 თანახმად (იხილეთ დანართი 2). აღნიშნული წერილი ეხება ამწეს, რომლის საქარხნო ნომერია 411 (დამზადების წელი 1987) და მფლობელია შპს „კ–ი“, მისამართი ფოთი, ..... ამ ამწის რეკონსტრუქცია განხორციელდა 1999 წელს, ანუ დამზადებიდან 10 წლის ექსპლუატაციის შემდეგ. ამწემშენებლობაში არსებობს პრაქტიკა, რომლის თანახმად ამწის რეკონსტრუქცია დასაშვებია მის დამამზადებელთან (ან დამპროექტებელთან) შეთანხმების შემთხვევაში, დამამზადებლები თითოეული ამწის რეკონსტრუქციის შესაძლებლობას განიხილავენ კონკრეტული ამწის პარამეტრების მიხედვით, კერძოდ, ამწის დადგენილი - საპროექტო სამუშაო რეჟიმის, ფაქტობრივი მდგომარეობისა და დარჩენილი რესურსის გათვალისწინებით. გამოსაკვლევი ამწის რეკონსტრუქციაზე ასეთი წერილი არ ყოფილა ან ქარხანა - დამამზადებელმა უარი განაცხადა 1988 წელს დამზადებული ამწის რეკონსტრუქციაზე 2008 წელს, ვინაიდან დადგენილი საპროექტო რესურსი (20 წელი) ამწეს ამოწურული ჰქონდა. ვინაიდან რეკონსტრუქცია ითვალისწინებდა ისეთი სამუშაოებისა ჩატარებას, რა დროსაც ადგილი ექნებოდა ჯოჯგინა ამწეზე დატვირთვების გადანაწილებას, რეკონსტრუქციის განმახორციელებელს უნდა ჩაეტარებინა ამწის მდგრადობის გადაანგარიშება. ამწის პასპორტის ასლში არ არის შეტანილი ინფორმაცია მდგრადობის გადაანგარიშების შესახებ. დასკვნა: ხანდაზმული ამწის რეკონსტრუქცია ტვირთამწეობის გაზრდით წარმოქმნა ჯოჯვინა ამწის სიმტკიცისა და მდგრადობის შემცირების ხელშემწობი გარემოება. ბ. ტექნიკური უნივერსიტეტის შედგენილ ამწის პასპორტში მითითებულია, რომ ამწეს ,,ბალასტი არ გააჩნია" (იხილეთ დანართი ამწის პასპორტის ასლი 2. ამწის ძირითადი მახასიათებლები, პუნქტი 18). სხვა ამწეების პასპორტებში (იხილეთ დანართები 3 და 4 ) მითითებულია, რომ ამწეს უნდა ჰქონდეს 10 ტონა ბალასტი. მაგალითად, ზემოაღნიშნული შპს ,,კ–ის" კუთვნილი ანალოგიური KCK-32 ამწის ორიგინალ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ კაბინის მხარეს თითოეულ საყრდენში (№№ 1 და 2) უნდა იყოს 1 ტონა, ხოლო კაბინის საწინააღმდეგო მხარეს საყრდენებში (№№ 3 და 4) თითოეულში - 4 ტონა ბალასტი. ბალასტისთვის ამწის საყრდენებს გააჩნია ლითონის ფურცლებით შემოსაზღვრული სივრცე-გამოსაკვლევ ამწეს აღნიშნული საპირწონეები არ ჰქონდა. დასკვნა: საყრდენებში კაბინის საწინააღმდეგო მხარეს უნდა ყოფილიყო ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებული 8 ტონა ბალასტი. იმის გამო რომ საყრდენებში არ იყო ბალასტი, ამწის მდგრადობა შემცირებული იყო, აღნიშნული 8 ტონა საპირწონის ამწის საყრდენებში არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ქარს ვერ დაეძლია ამწის მდგრადობა. გ. მფლობელის მიერ წარმოდგენილ ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ შედგენილ პასპორტში ელექტრული პრინციპიალური სქემა არ არის, პასპორტში არის მითითებული, რომ ამწეს აქვს ორი ცალი ნახევრადავტომატური და ოთხი ცალი ხელის რელსდამჭერი. შპს „კ–ის“ კუთვნილი ანალოგიური KCK-32 ამწის ტექნიკის დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ როდესაც ამწე განთავსებულია მე-4 საქარე ზონაში, ამწე დაკომპლექტებული უნდა იყოს 3 ნახევრადავტომატური რელსდამჭერით. ამავე ამწის ელექტრულ პრინციპიალურ სქემაში აღწერილია მოცემული მოდელის ამწის ნახევრადავტომატური რელსდამჭერების მუშაობის პრინციპი და განხილულიაექსპერტ ნ.ფ–ძის დასკვნაში. ამწის დოკუმენტაციით გათვალისწინებულია, რომ ამწე აღჭურვილი უნდა ყოფილიყო ქარისაგან გატაცების სისტემით, რომელიც შედგება: ნახევრადავტომატური რელსდამჭერი - 3 ერთეული: ანემომეტრი - 81-958 - 1 ერთეული: ელექტრული ზარი - 1 ერთეული: ელექტრომექანიკური რელსადამჭერების ჩართვისა და გათიშვის ღილაკები ამწის მემანქანის კაბინაში: ხელის რელსდამჭერი - ორი ერთეული. ამწის ქარსაწინააღნდეგო სისტემა ითვალისწინებს შემდეგ სიტუაციას: როდესაც ქარის სიჩქარე მიაღწევს 14 მ/წმ.-ს, ელექტრული პრინციპიალური სქემით გათვალისწინებულია, ანემომეტრის იმპულსით უნდა ჩაირთოს ხმოვანი სიგნალი, ამ დროს მემანქანემ უნდა შეწყვიტოს მუშაობა, კაბინაში ამწის არსებულ სათანადო ღილაკზე ზემოქმედებით უნდა ჩართოს ორი ნახევრადავტომატური დამჭერი და ამწე გადაიყვანოს არასამუშაო მდგომარეობაში. ამის შემდეგ ამწის მემანქანე უნდა ჩამოვიდეს დაბლა და ამწის დამაგრება განაგრძოს ხელის რელსდამჭერებით. ამწის ელექტრული პრინციპიალური სქემით ასევე გათვალისწინებულია პირველი ორი რელსდამჭერის ჩართვა ანემომეტრის იმპულსით, მესამე ნახევრადავტომატური დამჭერის ჩართვა უნდა მოხდეს ქარის სიჩქარის კიდევ უფრო გაძლიერების შემთხვევაში ანემომეტრით, ადამიანის ჩარევის გარეშე. შპს „ჯ.ქ.ე–ია ფ–ს“ დაზიანებული №4 ამწე, აღჭურვილი იყო მხოლოდ ორი ხელის რელსდამჭერით, აქედან ერთი, რომელიც მდებარეობდა კაბინის საწინააღმდეგო მხარეს ვერ უზრუნველყოფდა ამწის რელსის გასწვრივ გადაადგილებისაგან შეკავებას. შენიშვნა: რელსდამჭერის მიერ გათვალისწინებული ფუნქციის შეუსრულებლობის ალბათობა შესაძლებელია. დასკვნა: ამწის ქარსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც გათვლილი იყო 30 მ/წმ. სიჩქარის ქარის ზემოქმედებაზე (მე-4 საქარე ზონა) არ იყო გამართულ მდგომარეობაში და არ შეესაბამებოდა განთავსების საქარე ზონას: დ. ამწის ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაციის (მფლობელის) მიერ ვალდებულების შესრულების ანალიზი: ამწის მფლობელი ვალდებულია ამწე მოწყობილობების ექსპლუატაცია განახორციელოს ამწის ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების დაცვით. ამ შეთხვევაში მფლობელის (ექსპლუატაციის გამწევი პირის მიერ) მიერ დარღვეულია შემდეგი მოთხოვნები: ამწეებზე არ ფუნქციონირებდა ქარსაწინააღმდეგო სისტემა გათვალისწინებული მოცულობით, კერძოდ, ნაცვლად გათვალისწინებული 5 ერთეული რელსდამჭერისა, ამწეს ჰქონდა მხოლოდ არი ხელით სამართავი დამჭერი, აქედან ერთმა ვერ შეასრულა თავისი ფუნქცია. ამწეს არ ჰქონდა ნახევრადავტომატური სამი რელსდამჭერი და ანემომეტრი, რომელსაც ავტომატურად უნდა ჩაერთო სამი რელსდამჭერი. მფლობელმა არ უზრუნველყო საწარმოს ინფორმირებულობა ქარის გაძლიერების შესახებ ინფორმაციის დროულად მისაღებად. მეტეოროლოგიური სადგურის ცნობით, 15:00 საათიდან ფოთის საზღვაო აკვატორიაში დაიწყო ქარის გაძლიერება და 15:30 საათზე ქარის სიჩქარემ შეადგინა 14.7-21.5 მწ.მ.-ში, ანუ დაფიქსირდა ქარიშხალი და შესაბამისად, უნდა შეწყვეტილიყო მუშაობა და უნდა მიეღოთ ზომები ყველა ამწის არასამუშაო მდგომარეობაში გადაყვანაზე (დაზიანებული ამწის მემანქანემ მუშაობა შეწყვიტა 16:33-ზე). ამწის სავალი გზა, რომელიც ამწის მდგრადობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია, არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. დასკვნა: მითითებული ტექნიკური შეუსაბამობების არარსებობის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა ამწეზე ქარის ძლიერ ზემოქმედებას, ამწის ავარია არ მოხდებოდა. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტი, რომ ქარის ძლიერი დაქროლვის მიმართულებით ერთ ხაზზე ერთდროულად იმყოფებოდა სამი ამწე შემდეგი თანმიმდევრობით: №6, №4 და №2. №6 ამწემ, რომელმაც პირველმა განიცადა ქარის ზემოქმედება, მდგრადობა შეინარჩუნა თუმცა მიიღო დაზიანება, იმის გამო მანაც განიცადა გრეხვა, ვინაიდან მსგავსად მე-4 ამწისა ისიც ცალი მხრიდან იყო დაბმული. №4 ამწე წაიქცა. №2 ამწე, რომელიც მსგავსია №4 ამწისა, ორივე მხრიდან იყო დაბმული, ამასთან ერთად, განიცადა შეჯახება №4 ამწის ვარდნის დროს - არ წაიქცა“. აღნიშნული დასკვნის შემსრულებელი ექპერტები არიან: ლ.ა–ძე - კრიმინალისტური ექსპერტიზის დეპარტამენტის ვიდეო, ფონოსკოპური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი, სპეციალობით მუშაობის 20 წლის სტაჟით; დ.გ–ნი - კრიმინალისტური ექსპერტიზის დეპარტამენტის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური, რადიაციული და სახანძრო ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი, სპეციალობით მუშაობის 20 წლის სტაჟით; ნ.ფ–ძე - აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოს „ს.ე.ჯ–ას“ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (ამწეები და ატრაქციონები) ელექტრონული მოწყობილობების ექსპერტი, სპეციალობით მუშაობის 40 წლის სტაჟით; ო.ე–ი - მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიეტების (ამწე მოწყობილობები, ლიფტები, საბაგირო გზები, წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლები, ორთქლისა და ცხელი წყლის საქვაბე დანადგარები) ინსპექტირებაზე აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოს „ს.ე.ჯ–ას“ ტექნიკური დირექტორი, სპეციალობით მუშაობის 36 წლის სტაჟით.
6.10. შპს „ჯ.ქ.ე–ია ფ–ს“ დაკვეთით შესრულებული - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო მანქანების დეპარტამენტის სამშენებლო მანქანების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიის დოქტორის გ.ნ–ის 30.12.2021წ. დასკვნის თანახმად: „2021 წლის 25 სექტემბერს, ქ. ფოთში, განვითარებული ქარბორბალას შედეგად სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო შპს „ჯ.ქ.ე–ია ფ–ს“ კუთვნილ საკონტეინერო მოედანზე მოქმედი შვიდი ჯოჯგინა ამწიდან ოთხმა. შპს „,ჯ.ქ.ე–ია ფ–ს“ ხელმძღვანელობისაგან მომხდარის შესახებ ტელეფონოგრამით ინფორმაციის მიღებისა და მათი თხოვნით, 26 სექტემბერს, იმყოფებოდა ქ. ფოთში, შპს „ჯ.ქ.ე–ია ფ–“ საკონტეინერო მოედანზე. ადგილზე ტერმინალის სპეციალისტებთან გასაუბრებით და ქარბორბალას ზემოქმედების შედეგად დაზიანებული ჯოჯგინა ამწეების ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა შემდეგი: 1. KCK-32 ტიპის ჯოჯგინა ამწე საინვენტარო ნომრით 4 ქარბორბალას მიერ იქნა გადაყირავებული და წაქცეული, რის გამოც იგი დაენარცხა ტერმინალის მოედნის ბეტონის ზედაპირზე. შედეგად ამწის რიგელიდან მოგლეჯილი იქნა იქ დამონტაჟებული ტვირთამწევი ჯალამბრები, ელექტრო კარადები, ტვირთამწევი ურიკა. მათი ნაწილი მოყოლილია ამწის ლითონკონსტრუქციების ქვეშ, ნაწილი მიმობნეულია ტერმინალის ტერიტორიაზე. ამწის რიგელი ძლიერ არის დეფორმირებული. ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიბრტყეებში, მიყენებული დეფორმაციების გარდა რიგელის კონსტრუქცია დაგრეხილია მისი გრძივი ღერძის მიმართ. მრავალ ადგილზე ჩაღუნულია და გატეხილია ზედა სარტყლის 300 მმ. დიამეტრის მილები. ქვედა სარტყლის №45 ორტესებრი კოჭი გაღუნულია სხვადასხვა სიბრტყეში, დეფორმირებული აქვს თაროები. გაღუნული და შეერთების ადგილებიდან აგლეჯილია რიგელის შემადგენელი 125 მმ. გვერდების მქონე დაწყვილებული კუთხოვანებით შედგენილი ირიბანები. ამწის საყრდენი ფეხები დეფორმირებულია მრავალ ადგილზე და ასევე დაგრეხილია გრძივი ღერძის მიმართ. ფეხებიდან მოგლეჯილია სავალი ურიკები. ზემოაღნიშნულის გამო, გატეხილია სავალი ლიანდაგის მარჯვენა რელსი. ვინაიდან ამწე გადახრილი იქნა მარჯვნივ, მიაწვა სავალი ლიანდაგის მარცხენა რელსს და გამოიწვია მისი დეფორმაცია; ამოგლეჯილ იქნა განძელების ნაწილიც. გატეხილია ელექტროძრავებისა და რედუქტორების კორპუსები. დეფორმირებულია მუხრუჭების კონსტრუქციები. დაწყვეტილია ელექტროგაყვანილობის კაბელები. ტვირთამწევი ბაგირები და კონტეინერების ტვირთსატაცი სპრედერი მოყოლილია ამწის ლითონკონსტრუქციების ქვეშ. 2. ვარდნის დროს №4 ჯოჯგინა ამწე დაჯახებულია მისი სავალი ლიანდაგის მარცხენა მხრიდან პარალელურ ლიანდაგზე მოქმედი №2 საინვენტარო ნომრის მქონე KCK-32 ტიპის ჯოჯგინა ამწის კონსტრუქციას. შედეგად ჩამოგლეჯილია ამ ამწის მემანქანის ჯიხური და მისი საყრდენი ლითონკონსტრუქცია. ჩამოჭრილია და დეფორმირებულია ამწეზე ასასვლელი კიბე. ჩაღუნულია ამწის საყრდენი ფეხი ქვემოდან სიგრძის 1/3 მანძილზე. აღნიშნული ფეხის შესაბამისი სავალი ურიკა ჩაკეცილია სავალ თვლებს შორის. დაზიანებულია სავალი ურიკის ამძრავიც. ჩამოთვლილი დაზიანებების გამო, ვერ მოხერხდა ამწის რიგელზე ასვლა და მისი ლითონკონსტრუქციის დათვალიერება. 3. ქარბორბალას მიერ ერთი მხრიდან წამოწეულ იქნა №4 ჯოჯგინა ამწის მარჯვენა მხრიდან, პარალელურ ლიანდაგზე მოქმედი, №6 საინვენტარო ნომრის მქონე KC 50-42 ჯოჯგინა ამწე, რომელიც იმ მომენტისათვის არ იყო გამოყენებაში და დაბმული იყო გაგორების საწინააღმდეგო მომჭერებით სავალი ლიანდაგის რელსზე. მოგლეჯილია გაგორების საწინააღმდეგო მომჭერი. ამის შემდეგ. სავარაუდოდ ქარბორბალამ დაკარგა ძალა და ამწე ვეღარ გადააყირავა. ვინაიდან ამწე მთლიანად გადახრილი იყო მარცხნივ მარჯვენა საყრდენი ფეხით იგი დაეცა ტერმინალის მოედნის ბეტონის ზედაპირზე. ლითონკონსტრუქციის ვიზუალური დათვალიერების შედეგად მარჯვენა საყრდენი ფეხი დგას ვერტიკალიდან გადახრილი, ფეხის ზემოდ, რიგელის ლითონკონსტრუქციაში დაფიქსირებულია შენადუღი ნაკერების რღვევა. 4. №4 და №6 ჯოჯგინა ამწეებიდან მოშორებით, ტერმინალის მოედანზე შესასვლელთან ახლოს, დამოუკიდებელ სავალ ლიანდაგზე მდგომი KCK-32 ტიპის ჯოჯგინა ამწე საინვენტარო ნომრით №7 ქარბორბალამ გაიტაცა, მიიყვანა ლიანდაგის ბოლოში არსებული საწყობის შესასვლელთან, ამწეზე დაკიდებული კონტეინერების ასაწევი სატაცი (სპრედერი) შეაჯახა საწყობის შესასვლელის სახურავს, შეანგრია იგი, სპრედერი ჩავარდა საწყობის შიდა სივრცეში, ტვირთამწევი ბაგირები გამოედო საწყობის სახურავის ლითონკონსტრუქციას, რის გამოც ამწე იქნა შეჩერებული. ამწის ვიზუალური დათვალიერების შედეგად დაფიქსირებულია სპრედერის აწევის სიმაღლის შემზღუდველი ლითონკონსტრუქციების დეფორმაციები, ერთი ძელი მოტეხილია და გდია საწყობის შესასვლელში. მოტეხილია სპრედერის კონტეინერზე ჩამოსაცმელი გაბარიტული თათები. ცნობილია, რომ ქარბორბალების ინტენსივობის შეფასებისათვის 1971 წელს მიღებული ფუდზიტი-პირსონის შკალით (F შკალით) დადგენილია ქარბორბალების კატეგორიები FO დან F5 ჩათვლით, უძლიერესი ქარის სიჩქარით 512 კმ/სთ. (142 მ/წ.) ამ შკალის მიხედვით, F0 კატეგორიის „შტორმული“ ქარბორბალას ქარის სიჩქარე არის 18-32 მ/წ., ამ დროს აქცევს სატელევიზიო ანძებს, ჩამოაგდებს სარეკლამო აბრებს; F1 კატეგორიის „ზომიერი“ ქარბორბალას ქარის სიჩქარე არის 32-50 მ/წ., ამ დროს ხდის სახლის სახურავს, გადაადგილებს ავტომობილებს; F2 კატეგორიის „მნიშვნელოვანი“ ქარბორბალას ქარის სიჩქარე არის 50,1 - 70 მ/წ., ამ დროს ხდის სახლების სახურავებს, ანგრევს მოძრავ სახლებს, გადააბრუნებს სატვირთო ვაგონებს; F3 კატეგორიის „ძლიერი“ ქარბორბალას ქარის სიჩქარე არის 70,1-92,5 მ/წ., ამ დროს გლეჯს სახლების სახურავებს, ანგრევს ვერტიკალური კედლების ნაწილს, გადააბრუნებს მატარებლებს, ჰაერში ასწევს მძიმე ავტომობილებს, არღვევს ფოლადის გარსიან (ანგარის ტიპის) ნაგებობებს. მიუხედავად ქ.ფ–ს მეტეოროლოგიური სადგურის მიერ 2021 წლის 4 ოქტომბრის №05/358 წერილით მოწოდებული ინფორმაციისა, იმის შესახებ, რომ 2021 წლის 25 სექტემბრის 16 საათსა და 50 წუთიდან 17 საათსა და 00 წუთამდე, ფ–ს შავი ზღვის სანაპირო ზოლში ქარის სიჩქარე იყო 17-32 მ/წ (სასტიკი შტორმი), ის რაც მოხდა შპს „ჯ.ქ.ე–ია ფ–ს“ საკონტეინერო ტერმინალის ტერიტორიაზე, თავისი დამანგრეველი შედეგებიდან გამომდინარე მიეკუთვნება ქარბორბალის ინტენსივობის F2 კატეგორიას, რომლის დროსაც მისი მოქმედების ზონაში ქარის სიჩქარე იქნებოდა 50,1-70 მ.წ. ქარის დატვირთვების ზემოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული დოკუმენტები: 1) საქართველოში დღესაც მოქმედი ГОСТ 14551-77 „ქარის დატვირთვები“, რომლის შესაბამისად საქართველოს მთელი ტერიტორია მიკუთვნებულია IV საქარე რაიონს, რომელშიც ქარის მაქსიმალური სიჩქარე განსაზღვრულია 30 მ/წ. სიდიდით, რომელსაც შეესაბამება ნორმატიული დატვირთვა 550 პა (50 კგძ/მ2) (იხ. დაპროექტების ნორმები - „სამშენებლო კლიმატოლოგია“ (პნ. 01.05-08) ცხრ. 3.9 25.08.2008. ნ.); 2) საბჭოთა კავშირში მოქმედი, 1971 მიღებული, რუსეთის ფედერაციას მიერ 1999 წელს გადამუშავებული და მიღებული - ტვირთამწე მანქანების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესები; 3) საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წლის 31 დეკემბერს №429 დადგენილებით დამტკიცებული „ამწე მოწყობილობების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის რეგლამენტი“; 4) სახელმწიფოთაშორისი სტანდარტი ГОСТ 344589-2019 „Краны грузоподъемные. Краны мостовые и козловые, Общие технические требования“; 5) სახელმწიფ–აშორისი სტანდარტი ГОСТ 34018-2016 „Краны грузоподъемные. Крепежные устройства для рабочего и нерабочего состояний. Основные принципы. ითვალისწინებენ ამწეების „არამუშა მდგომარეობაში“ გატაცების (გაგორების) საწინააღმდეგო მოწყობილობების გაანგარიშებას საქარე რაიონის ქარის მაქსიმალურ დაწოლაზე 20% გადამეტებულ დატვირთვაზე. ზემოთაღნიშნული ფაქტების ანალიზის საფუძველზე, ქ.ფოთში, შპს „ჯ.ქ.ე–ია ფ–ს“ საკონტეინერო ტერმინალზე განვითარებული ქარბორბალას ზემოქმედების შედეგად გამოწვეული, ტერმინალზე მოქმედი ჯოჯგინა ამწეების დაზიანებების ხარისხიდან გამომდინარე, ვიზუალური დათვალიერების შედეგად (ინსტრუმენტალური კვლევა არ ჩატარებულა) ვაკეთებთ შემდეგ დასკვნებს: 1. ფ–ს საბაჟო საკონტეინერო ტერმინალის მუშაობის რეჟიმიდან გამომდინარე, 17 საათსა და 45 წუთზე №4 ჯოჯგინა ამწე არ იმყოფებოდა „არამუშა მდგომარეობაში“, იმყოფებოდა ტვირთის მოლოდინში, მემანქანე დროებით ჩამოსული იყო ამწიდან. 2. ქარბორბალას მოქმედების ზონაში ქარის სიჩქარე იქნებოდა 50,1-70 მ/წ., რაც 1,6 2,3 ჯერ აღემატება IV საქარე რაიონისათვის გათვალისწინებულ ქარის მაქსიმალურ სიჩქარეს 30 მ/ნ. 3. ამწეებზე ტექნიკური პასპორტით გათვალისწინებული ჯოჯგინა ამწის „არამუშა მდგომარეობაში“ ოთხი ცალი ხრახნიანი „გატაცების (გაგორების) საწინააღმდეგო მომჭერებით“ დაბმაც ვერ აიცილებდა დამდგარ შედეგს. 4. ამწეების შემდგომი ექსპლუატაციის შესახებ დასკვნის მოსაწოდებლად საჭირო იქნება მათი ლითონკონსტრუქციების საფუძვლიანი (მათ შორის ინსტრუმენტალური) კვლევის ჩატარება შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.
6.11. შპს „ჯ.ქ.ე–ია ფ–ს“ დაკვეთით შესრულებული - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო მანქანების დეპარტამენტის სამშენებლო მანქანების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიის დოქტორის გ.ნ–ის 11.03.2022წ. დასკვნის თანახმად: „2021 წლის 25 სექტემბერს, ქ.ფ–ში, განვითარებული ქარბორბალას შედეგად სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო შპს „ჯ.ქ.ე–ია ფ–ს“ კუთვნილ საკონტეინერო მოედანზე მოქმედი შვიდი ჯოჯგინა ამწიდან ოთხმა. შპს „ჯ.ქ.ე–ია ფ–ს“ ხელმძღვანელობისაგან მომხდარის შესახებ ტელეფონოგრამით ინფორმაციის მიღების შემდეგ და მათი თხოვნით 26 სექტემბერს იმყოფებოდა ქ.ფ–ში შპს „ჯ.ქ.ე–ია ფ–ს“ საკონტეინერო მოედანზე. ადგილზე ტერმინალის სპეციალისტებთან გასაუბრებით და ქარბორბალას ზემოქმედების შედეგად დაზიანებული ჯოჯგინა ამწეების ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა შემდეგი: 1. KCK-32 ტიპის ჯოჯგინა ამწე საინვენტარო ნომრით 4 ქარბორბალას მიერ იქნა გადაყირავებული და წაქცეული, რის გამოც იგი დაენარცხა ტერმინალის მოედნის ბეტონის ზედაპირზე. შედეგად ამწის რიგელიდან მოგლეჯილი იქნა იქ დამონტაჟებული ტვირთამწევი ჯალამბრები, ელექტრო კარადები, ტვირთამწევი ურიკა. მათი ნაწილი მოყოლილია ამწის ლითონკონსტრუქციების ქვეშ, ნაწილი მიმობნეულია ტერმინალის ტერიტორიაზე. ამწის რიგელი ძლიერ არის დეფორმირებული. ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიბრტყეებში, მიყენებული დეფორმაციების გარდა რიგელის კონსტრუქცია დაგრეხილია მისი გრძივი ღერძის მიმართ. მრავალ ადგილზე ჩაღუნულია და გატეხილია ზედა სარტყლის 300 მმ. დიამეტრის მილები. ქვედა სარტყლის N45 ორტესებრი კოჭი გაღუნულია სხვადასხვა სიბრტყეში, დეფორმირებული აქვს თაროები. გაღუნული და შეერთების ადგილებიდან აგლეჯილია რიგელის შემადგენელი 125 მმ. გვერდების მქონე დაწყვილებული კუთხოვანებით შედგენილი ირიბანები. ამწის საყრდენი ფეხები დეფორმირებულია მრავალ ადგილზე და ასევე დაგრეხილია გრძივი ღერძის მიმართ. ფეხებიდან მოგლეჯილია სავალი ურიკები. ზემოაღნიშნულის გამო, გატეხილია სავალი ლიანდაგის მარჯვენა რელსი. ვინაიდან ამწე გადახრილი იქნა მარჯვნივ, მიაწვა სავალი ლიანდაგის მარცხენა რელსს და გამოიწვია მისი დეფორმაცია; ამოგლეჯილ იქნა განძელების ნაწილიც. გატეხილია ელექტროძრავებისა და რედუქტორების კორპუსები. დეფორმირებულია მუხრუჭების კონსტრუქციები. დაწყვეტილია ელექტროგაყვანილობის კაბელები. ტვირთამწევი ბაგირები და კონტეინერების ტვირთსატაცი სპრედერი მოყოლილია ამწის ლითონკონსტრუქციების ქვეშ. 2. ვარდნის დროს N4 ჯოჯგინა ამწე დაჯახებულია მისი სავალი ლიანდაგის მარცხენა მხრიდან პარალელურ ლიანდაგზე მოქმედი N2 საინვენტარო ნომრის მქონე KCK-32 ტიპის ჯოჯგინა ამწის კონსტრუქციას. შედეგად ჩამოგლეჯილია ამ ამწის მემანქანის ჯიხური და მისი საყრდენი ლითონკონსტრუქცია. ჩამოჭრილია და დეფორმირებულია ამწეზე ასასვლელი კიბე. ჩაღუნულია ამწის საყრდენი ფეხი ქვემოდან სიგრძის 1/3 მანძილზე. აღნიშნული ფეხის შესაბამისი სავალი ურიკა ჩაკეცილია სავალ თვლებს შორის. დაზიანებულია სავალი ურიკის ამძრავიც. ჩამოთვლილი დაზიანებების გამო, ვერ მოხერხდა ამწის რიგელზე ასვლა და მისი ლითონკონსტრუქციის დათვალიერება. 3. ქარბორბალას მიერ ერთი მხრიდან წამოწეულ იქნა N4 ჯოჯგინა ამწის მარჯვენა მხრიდან, პარალელურ ლიანდაგზე მოქმედი, N6 საინვენტარო ნომრის მქონე KC 50-42 ჯოჯგინა ამწე, რომელიც იმ მომენტისათვის არ იყო გამოყენებაში და დაბმული იყო გაგორების საწინააღმდეგო მომჭერებით სავალი ლიანდაგის რელსზე. მოგლეჯილია გაგორების საწინააღმდეგო მომჭერი. ამის შემდეგ. სავარაუდოდ ქარბორბალამ დაკარგა ძალა და ამწე ვეღარ გადააყირავა. ვინაიდან ამწე მთლიანად გადახრილი იყო მარცხნივ მარჯვენა საყრდენი ფეხით იგი დაეცა ტერმინალის მოედნის ბეტონის ზედაპირზე. ლითონკონსტრუქციის ვიზუალური დათვალიერების შედეგად მარჯვენა საყრდენი ფეხი დგას ვერტიკალიდან გადახრილი, ფეხის ზემოდ, რიგელის ლითონკონსტრუქციაში დაფიქსირებულია შენადუღი ნაკერების რღვევა. 4. N4 და N6 ჯოჯგინა ამწეებიდან მოშორებით, ტერმინალის მოედანზე შესასვლელთან ახლოს, დამოუკიდებელ სავალ ლიანდაგზე მდგომი KCK-32 ტიპის ჯოჯგინა ამწე საინვენტარო ნომრით N7 ქარბორბალამ გაიტაცა, მიიყვანა ლიანდაგის ბოლოში არსებული საწყობის შესასვლელთან, ამწეზე დაკიდებული კონტეინერების ასაწევი სატაცი (სპრედერი) შეაჯახა საწყობის შესასვლელის სახურავს, შეანგრია იგი, სპრედერი ჩავარდა საწყობის შიდა სივრცეში, ტვირთამწევი ბაგირები გამოედო საწყობის სახურავის ლითონკონსტრუქციას, რის გამოც ამწე იქნა შეჩერებული. ამწის ვიზუალური დათვალიერების შედეგად დაფიქსირებულია სპრედერის აწევის სიმაღლის შემზღუდველი ლითონკონსტრუქციების დეფორმაციები, ერთი ძელი მოტეხილია და გდია საწყობის შესასვლელში. მოტეხილია სპრედერის კონტეინერზე ჩამოსაცმელი გაბარიტული თათები. ამასთან ერთად, შპს „ჯ.ტ.ე.ფ–ს“ საკონტეინერო ტერმონალის მოედანზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერების დათვალიერებით დადგინდა შემდეგი: 1. ფოთის საბაჟო საკონტეინერო ტერმინალის მუშაობის რეჟიმიდან გამომდინარე 17 საათსა და 05 წუთზე N4 ჭოჯგინა ამწე არ იმყოფებოდა „არამუშა მდგომარეობაში“, იმყოფებოდა ტვირთის მოლოდინში, ელექტრული კვება არ იყო გათიშული, მემანქანე დროებით 16 საათსა 38 წუთსა და 01 წამზე ჩამოვიდა ამწიდან, ტერმინალის შინაგანაწესის შესამამისად ორ ურთიერთსაპირისპირო საყრდენ ფეხზე დაამაგრა გატაცების საწინააღმდეგო მომჭრები. 2. მემანქანის ამწიდან ჩამოსვლის მომენტისათვის წყნარი, მაგრამ ღრუბლიანი ამინდი იყო (ვიდეოკადრში წყლის გუბეების ზედაპირები სარკისებრი სუფთაა). 3. ქარბორბალას ჩასახვა მოხდა ტერმინალის ტერიტორიის გარეთ 17 საათს 04 წუთსა და 30 წამზე (ჩანს ვიდეოკადრებში). 4. ქარბორბალამ 17 საათს 04 წუთსა და 49 წამზე გადმოლახა ტერმინალის ბეტონის მესერი და შეეჯახა N6 საინვენტარო ნომრის მქონე KC 50-42 ჯოჯგინა ამწეს. 5. 17 საათს 04 წუთსა და 50 წამზე ქარბორბალა აყირავებს N4 საინვენტარო ნომრის მქონე KCK-32 ჯოჯგინა ამწეს, რომელიც 17 საათს 05 წუთსა და 02 წამზე ეცემა ტერმინალის ბეტონის მოედანზე. 6. ქარბორბალას ზემოქმედება ჩასახვიდან N4 ჯოჯგინა ამწის წაქცევამდე გრძელდებოდა 32 წამი. ცნობილია, რომ ქარბორბალების ინტენსივობის შეფასებისათვის 1971 წელს მიღებული ფუდზიტი-პირსონის შკალით (F შკალით) დადგენილია ქარბორბალების კატეგორიები FO დან F5 ჩათვლით, უძლიერესი ქარის სიჩქარით 512 კმ/სთ. (142 მ/წ.) ამ შკალის მიხედვით F0 კატეგორიის „შტორმული“ ქარბორბალას ქარის სიჩქარე არის 18-32 მ/წ., ამ დროს აქცევს სატელევიზიო ანძებს, ჩამოაგდებს სარეკლამო აბრებს; F1 კატეგორიის „ზომიერი“ ქარბორბალას ქარის სიჩქარე არის 32-50 მ/წ., ამ დროს ხდის სახლის სახურავს, გადაადგილებს ავტომობილებს; F2 კატეგორიის „მნიშვნელოვანი“ ქარბორბალას ქარის სიჩქარე არის 50,1 - 70 მ/წ., ამ დროს ხდის სახლების სახურავებს, ანგრევს მოძრავ სახლებს, გადააბრუნებს სატვირთო ვაგონებს; F3 კატეგორიის „ძლიერი“ ქარბორბალას ქარის სიჩქარე არის 70,1-92,5 მ/წ., ამ დროს გლეჯს სახლების სახურავებს, ანგრევს ვერტიკალური კედლების ნაწილს, გადააბრუნებს მატარებლებს, ჰაერში ასწევს მძიმე ავტომობილებს, არღვევს ფოლადის გარსიან (ანგარის ტიპის) ნაგებობებს. მიუხედავად ქ. ფ–ს მეტეოროლოგიური სადგურის მიერ 2021 წლის 4 ოქტომბრის N05/358 წერილით მოწოდებული ინფორმაციისა, იმის შესახებ, რომ 2021 წლის 25 სექტემბრის 16 საათსა და 50 წუთიდან 17 საათსა და 00 წუთამდე, ფოთის შავი ზღვის სანაპირო ზოლში ქარის სიჩქარე იყო 17-32 მ/წ (სასტიკი შტორმი), ის რაც მოხდა შპს „ჯ. ტ.ე.ფ–ს“ საკონტეინერო ტერმინალის ტერიტორიაზე, თავისი დამანგრეველი შედეგებიდან გამომდინარე მიეკუთვნება ქარბორბალის ინტენსივობის F2 კატეგორიას, რომლის დროსაც მისი მოქმედების ზონაში ქარის სიჩქარე იქნებოდა 50,1-70 მ.წ. საქართველოში დღესაც მოქმედი ГОСТ 14551-77 „ქარის დატვირთვები“ (დანართი 1) საქართველოს მთელი ტერიტორია მიკუთვნებულია IV საქარე რაიონს, რომელშიც ქარის მაქსიმალური სიჩქარე განსაზღვრულია 30 მ/წ. სიდიდით, რომელსაც შეესაბამება ნორმატიული დატვირთვა 550 პა (50 კგი/მო), ასევე იხილე დაპროექტების ნორმები - „სამშენებლო კლიმატოლოგია“ (პნ. 01.05-08) ცხრ. 3,9 25.08.2008 ნ.); შპს „ჯ.ქ.ე. ფ.“ საკონტეინერო მოედანზე მოქმედი KCK 32 და KC 50-42 ტიპის ჯოჯგინა ამწეები გათვალისწინებულია I-IV საქარე რაიონებში სამუშაოდ. საპასპორტო მონაცემების შესაბამისად, მათთვის მუშა მდგომარეობაში დასაშვებია მიწიდან 10 მეტრის სიმაღლეზე ქარის მაქსიმალური სიჩქარე 14 მ/წ, ხოლო არამუშა მდგომარეობაში შესაბამისად ქარის დასაშვები მაქსიმალური სიჩქარე 30 მ/წ. ამავე დროს არამუშა მდგომარეობაში გათვალისწინებულია ამწის დაბმა ოთხი ცალი ხრახნიანი ხელითსამართავი გატაცების (გაგორების) საწინააღმდეგო რელსებზე დამჭერებით. სტანდარტით ГОСТ 32579.1-2013 Формирование расчетных нагрузок... „ამწის არამუშა მდგომარეობა“ განისაზღვრება როგორც - ამწე არ არის დატვირთული ტვირთით, დაყენებულია საექსპლუატაციო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ სპეციალურ მდგომარეობაში, გათიშული აქვს ელექტროკვება (3პ 3,9 დანართი 9). დღეისათვის საქართველოში მოქმედ საბჭოთა კავშირში მოქმედი, 1971 მიღებული, რუსეთის ფედერაციის მიერ 1999 წელს გადამუშავებული და მიღებული „ტვირთამწე მანქანების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის წესები“; საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წლის 31 დეკემბერს N422 დადგენილებით დამტკიცებული „ამწე მოწყობილობების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის რეგლამენტი“ (დანართი 8); სახელმწიფ–აშორისი სტანდარტი ГОСТ 34589-2019 „Краны грузоподъемные. Краны мостовые и козловые, Общие технические требования. (დანართი 2); სახელმწიფ–აშორისი სტანდარტი ГОСТ 34018-2016 „Краны грузоподъемные. Крепежные устройства для рабочего и нерабочего состояний. Основные принципы (დანართი 3); ითვალისწინებენ ამწეების „არამუშაო მდგომარეობაში" გატაცების (გაგორების) საწინააღმდეგო მოწყობილობების გაანგარიშებას საქარე რაიონის ქარის მაქსიმალურ დაწოლაზე 20% გადამეტებულ დატვირთვაზე. ზემოთაღნიშნული ფაქტების, ტერმინალის ტერიტორიაზე დამონტაჟებული ორი ვიდეოკამერის ჩანაწერების, ჩვენს მიერ ჩატარებული გაანგარიშებების შედეგების ანალიზის საფუძველზე, ქ.ფ–ში, შპს „ჯ.ქ.ე.ფ–ს“ საკონტეინერო ტერმინალზე განვითარებული ქარბორბალას ზემოქმედების შედეგად გამოწვეული, ტერმინალზე მოქმედი ჯოჯგინა ამწეების დაზიანებების ხარისხიდან გამომდინარე, ვიზუალური დათვალიერების შედეგად, ვაკეთებთ შემდეგ დასკვნას: 1. KCK-32 ჯოჯგინა ამწე საინვენტარო ნომრით 4 არ იმყოფებოდა არამუშა მდგომარეობაში. 2. ტვირთის მოლოდინის რეჟიმში ამწის მემანქანე ჩამოვიდა ამწიდან. ტერმინალის შინაგანაწესის თანახმად, დიაგონალურად განლაგებული ორი ურთიერთსაწინააღმდეგო საყრდენის სავალი ურიკა დააბა ხელითსამართავი, ხრახნიანი „გატაცების საწინააღმდეგო მომჭერით“. 3. ქარბორბალას წარმოქმნამდე იყო წყნარი ღრუბლიანი ამინდი. 4. ქარბორბალას მოქმედება ჩასახვიდან ამწის წაქცევამდე გრძელდებოდა 32 წამის განმავლობაში, რის გამოც დამატებითი დამცავი ღონისძიებების მიღების შესაძლებლობა არ იყო. 5. რომ ყოფილიყო ამწე არამუშა მდგომარეობაში და დაბმული ყოფილიყო ოთხი ხელითსამართი ხრახნიანი „გატაცების საწინააღმდეგო მომჭერით“ ამწე მაინც დამარცხდებოდა, ვინაიდან მასზე მოქმედებდა IV საქარე რაიონისათვის დასაშვებ ქარის მაქსიმალურ სიჩქარეზე 67%. ...133%-ით მეტი სიჩქარისა და შესაბამისად, მეტი დაწოლის მქონე ქარი. ამასთან, ქარბორბალას ზემოქმედება არის არა მარტო მიწის პარალელურ სიბრტყეში, არამედ ტურბულენტური, ზეაღმავალი და პულსირებული. 6. რომ არ ყოფილიყო ამწე საერთოდ დაბმული ხელითსამართი ხრახნიანი „გატაცების საწინააღმდეგო მომჭერებით“, მოხდებოდა იმის მსგავსი, რაც 2010 წელს მოხდა ქალაქ თბილისში, შპს „ტ.კ.ტ–ი“ საკონტეინერო მოედანზე, როდესაც ქარის გაძლიერების გამო მემანქანე ჩამოდიოდა ამწიდან, ვერ მოასწრო მომჭერების დადება, ჯოჯგინა ამწე KC 50-42 ქარმა გაიტაცა, იმავე ლიანდაგზე 100 მეტრით მოშორებით, არამუშა მდგომარეობაში მყოფ KC 50-42 ჯოჯგინა ამწეს შეაჯახა, ორივე ამწე გადააგდო ლიანდაგიდან, ამწეები დაიმტვრა. შეიძლებოდა მომხდარიყო უარესიც, თუ გავითვალისწინებთ, რომ N4 ამწის ლიანდაგზე მოქმედებდა N3 საივენტარო ნომრის მქონე, იგივე ტიპის ჯოჯგინა ამწე, ხოლო პარალელურ ლიანდაგზე არამუშა მდგომარეობაში იდგა N 1 საივენტარო ნომრის მქონე 65 ტ. ტვირთამწეობის K-651 ჯოჯგინა ამწე, ამასთან, ლიანდაგის ბოლოდან ახლოს განლაგებულია ადმინისტრაციული შენობა. 7. 2021 წლის 25 სექტემბერს, ქ. ფოთში, შპს „ჯ.ქ.ე. ფ–ს“ საკონტეინერო მოედანზე ადგილი ჰქონდა დაუძლეველი ძალის მქონე და სწრაფმოქმედ ბუნებრივ მოვლენას, რომლის მოქმედებაზე არცერთი ამწე არ იანგარიშება და არც არის გათვლილი. ამწეების შემდგომი ექსპლუატაციის შესახებ დასკვნის მოსაწოდებლად საჭირო იქნება მათი ლითონკონსტრუქციების საფუძვლიანი კვლევის ჩატარება შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე“.
6.12. შპს „ჯ.ქ.ე. ფ–ს“ დაკვეთით შესრულებული - 29.03.2022წ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოფიზიკის ინსტიტუტის ფიზიკა მათემატიკის მეცნიერ დოქტორის ვ.ჩ–ძის დასკვნის თანახმად: ,,წარმოდგენილი ვიდეო-ჩანაწერისა და დადგენილი მეთოდების გამოთვლის პრინციპის თანახმად, ქარის საშუალო სიჩქარე შპს „ჯ.ქ.ე. -ფ–ს" ტერმინალზე ვიდეოჩანაწერში მითითებულ დროს შეადგენდა არანაკლებ 52,8 მ/წმ, რომელიც შეესაბამებოდა მოყვანილი ფუძიტას ცხრილის F2-საც“.
6.13. შპს „ჯ.ქ.ე.ფ–ს“ დაკვეთით შესრულებული - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიის დოქტორის მ.ბ–ძის დასკვნის (საინჟინრო შეფასება) თანახმად: „ქ. ფოთში, 2021 წლის 25 სექტემბერს 17:04:35 საათზე განვითარებულმა ქარბორბალამ შპს „ჯ.ქ.ე. ფ–ს“ კუთვნილ საკონტეინერო ტერმინალზე გამოიწვია მოქმედი ხარიხა ამწეების (KCK-32-42 და KC-50-42) ძლიერი დაზიანება. როგორც ვიდეო ჩანაწერიდან ჩანს, იმ დროს, როცა სამუშაო დრო არ არის დასრულებული (16:38 სთ), ამწის მემანქანე ჩამოდის ამწედან და ამწეს სავალ ერთ თვალს ამაგრებს გატაცების საწინააღმდეგო დამჭერით, ისე, რომ ამწეში არ იყო გამორთული ელ. დენი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მემანქანე კვლავ აპირებდა მუშაობის გაგრძელებას, 17:04:35 საათზე განვითარებული ქარბორბალა ამწესთან მივიდა 17:04:49 სთ-ზე და 17:04:52 სთ-ზე (3 წამში!) 32 ტონიანი ამწე №4 (მოდერნიზაციის შემდეგ ამწე გახდა 36 ტონა ამწეობის), რომელიც მოხვდა ქარბორბალას მოქმედების არეალში, ძირს დაანარცხა და დაამსხვრია, ძლიერად დაზიანდა 50 ტონიანი ამწეც. აღნიშნულ სიტუაციას კარგად ასახავს საკონტეინერო ტერმინალზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეო კადრები. სადაზღვევო კომპანიას აინტერესებს - ტექნოლოგიურ პროცესში დაშვებული ხომ არ იყო ისეთი შეცდომა, რომელიც გამორიცხავდა ავარიულ სიტუაციას და აცილებული იქნებოდა მატერიალური ზარალი. ვიდეოკადრების ანალიზისა და ქარბორბალასთვის დამახასიათებელი ტურბულენტობისას წარმოქმნილი ძალების საინჟინრო გამოთვლების საფუძველზე შეგვიძლია დასაბუთებულად ვუპასუხოთ კითხვებს: იყო თუ არა სტიქიური ძალა დაუძლეველი ძალა - იყო სტიქიური დაუძლეველი ძალა - ქარბორბალა, რაც კარგად სჩანს ვიდეო მასალიდან; როდის განვითარდა სტიქიური უბედურება - სამუშაო დროს (17:04:35 სთ.); ჰქონდა თუ არა უფლება ამწის მემანქანეს ჩამოსულიყო ამწიდან - ჰქონდა; დანაშაულია ამწის დამაგრება ორ ფეხზე გამოურთავ მდგომარეობაში? - არა; მოხდებოდა ავარიული სიტუაცია ამწე ყველა დამჭერით რომ ყოფილიყო დამაგრებული? - მოხდებოდა; მიეკუთვნება ქარბორბალა, ქარიშხალი სადაზღვევო რისკებს? - რა თქმა უნდა! განმარტავს: ღია სივრცეში მომუშავე ჯოჯგინა ამწეებში გათვალისწინებულია ქარისგან გატაცების საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც იანგარიშება დედამიწის პარალელურად მიმართული ქარის დაწოლის ძალაზე და ყენდება რელსებზე მავალი ამწეების თვლებზე. მნიშვნელოვანია ამწის განთავსების არეალიც - დედამიწა დაყოფილია ქარის მოქმედების ზონებად. საბჭოთა კავშირის დროს შედგენილი საქარო სარტყლების რუკის მიხედვით, კოლხეთის დაბლობი მიეკუთვნება ქარის მოქმედების მესამე სარტყელს, სადაც ქარის მაქსიმალური სიჩქარე მიიღება 27 მ/წმ, ხოლო ქარის დაწოლა - 450 მპა. ((ГОСТ 1451-77). (გაგორების საწინააღმდეგო საშუალებები ქარის ამ დატვირთვაზეა გაანგარიშებული). ქ.ფოთში კი, 2021 წლის 25 სექტემბერს, 17:04:35 საათზე, ზღვის მხრიდან განვითარდა ქარბორბალა, რამაც შეცვალა ქარის დაწოლის მიმართულება წრფივობიდან ხრახნულად ზეამავალი მიმართულებით და ამწე N44 (КСК-32M), ფაქტიურად 3 წამში - (17:04:49 სთ-დან 17:04:52 წამამდე) გამოიყვანა მდგრადი მდგომარეობიდან და დაანარცხა დედამიწაზე, რითაც იგი გახადა გამოუსადეგარი. ქარბორბალაში ჰაერის მასის დიდი სიჩქარით მბრუნავი ნაკადი ქმნის რეაქტიულ მომენტს და წარმოშობს ვერტიკალურად ზემოთ მიმართულ წევის ძალას. ამ დროს ადგილი აქვს ბერნულის ეფექტს (ჰაერის ნაკადის სიჩქარის გაზრდით წნევა მცირდება ნაკადის შიგნით), კერძოდ, ჰაერის ნაკადის განსხვავებული სიჩქარეების გამო წნევა ქარბორბალას ქვედა ნაწილში ბევრად აღემატება ზედა ნაწილში განვითარებულ წნევას, რაც წარმოშობს ამწევ ძალას. შექმნილი ძალური სიტუაცია - ძლიერი ტურბოხრახნული მომენტი დიდ გავლენას ახდენს შემხვედრი სხეულების მდგრადობასა და სიმთელეზე. ამ დროს შექმნილ ტურბოხრახნულ აეროდინამიკურ სივრცეში მოხვედრილი ამწე, კერძოდ, ხარიხა ამწე უძლური ხდება შეინარჩუნოს მდგრადობა და სიხისტე, თუნდაც გამოყენებული იყოს ამწის გატაცების საწინააღმდეგო დამჭერები, რომლებიც გათვლილია ამწეზე დედამიწის პარალელურად მიმართული ქარის დაწოლის ძალაზე. ამწის კონსტრუქცია ჰაერის ძლიერად მბრუნავი, ამწევი ნაკადის მოქმედებით განიცდის გრეხას და ხდება მისი კონსტრუქციის გრეხა-გადაღუნვა, საყრდენებიდან აწევა და გადაგდება. აღსანიშნავია, რომ ამწის კონსტრუქცია სავალ ურიკებთან დაკავშირებულია არა ხისტად, არამედ ურიკის ტაბიკზე ზემოდანაა დასმული (იხ. ნახ. 1). (ამწის სავალი თვლები რებორდების ცვეთის გამო ხშირად საჭიროებს შეცვლას, რისთვისაც ახდენენ ამწის საყდენი ფეხის წამოწევას დომკრატების საშუალებით მცირე მანძილზე - ტაბიკის სიმაღლის ტოლ მანძილზე). ქარბორბალას ამწევი ძალის მოქმედებით ამწის ერთი საყრდენის ამოვარდნაც კი უსათუოდ მის გადაყირავებას და გადავარდნას გამოიწვევდა. ამწის გაგორების საწინააღმდეგო დამჭერები გათვლილია ქარის მიწოლის ძალაზე. ამწევი ძალის მოქმედების დროს კი ისინი დაიჭერენ მხოლოდ სავალ თვლებს (მათი დაჭერის ძალა რელსზეა მოდებული). ამწის კონსტრუქციაზე მათი ზემოქმედება ნულის ტოლფასი იქნება. გარდა ამისა, ხარიხა ამწე თავისი კონსტრუქციული თავისებურებით ექვემდებარება გადაყირავებას და ამწის პასპორტში მოიცემა ამწის გადამყირავებელი მომენტი მუშა და არამუშა მდგომარეობებისთვის. აღნიშნული გარემოებანი მაძლევს უფლებას დავასკვნა - ამწეების დაზიანება გამოწვეულია საკონტეინერო ტერმინალის ტერიტორიაზე განვითარებული დაუძლეველი ძალის - ქარბორბალას მოქმედების შედეგად და დაზიანებების თავიდან აცილება შეუძლებელი იქნებოდა ამწე ყველა სამაგრითაც რომ ყოფილიყო დამაგრებული.
6.14. შპს „ჯ.ქ.ე.ფ–ს“ დაკვეთით შესრულებული - 23.12.2021წ. შპს „მ–იის“ საექსპერტო დასკვნის თანახმად, ამწეების სავალი ნაწილების გრუნტის მომზადების პირობები და ნორმატიული მოთხოვნები ჯეროვნადაა შესრულებული. შესრულებული სამუშაოები აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედ სამშენებლო წესებსა და ნორმატივებს.
6.15. დამოუკიდებელი შემფასებლის „აუდიტის და შეფასების სახლის“ დასკვნის თანახმად, 2024 წლის 01 ოქტომბრის მდგომარეობით, შესაფასებელი ქონების საბაზო ღირებულებად შეფასებულ იქნა: ამწის საბაზრო ღირებულება, ტრანსპორტირების გარეშე 346 096,12 ლარი, ხოლო მისი ტრანსპორტირება 397 215 ლარი.
6.16. 04.02.2025წ. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ვ.ჩ–ძემ (29.03.2022წ. დასკვნის შემდგენი - ფიზიკა მათემატიკის მეცნიერ-დოქტორი) დაადასტურა მის დასკვნაში მითითებული გარემოებები და დამატებით მიუთითა, რომ ფოთის მიდამოებში სადავო დღეს იყო ქარბორბალა. მისი გადაადგილების სიჩქარე საშუალოდ საათში 40-60 კმ. იყო. მან ქარის სიჩქარის განსაზღვრა ვიდეოკადრიდან გამომდინარე. ქარბორბალას ამწესთან ჰქონდა პერიფერიული შეხება. არავინ იცის როდის და სად წარმოიშობა ქარბორბალა და რა მიმართულებით წავა.
6.17. 04.02.2025წ. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა გ.ნ–მა (30.12.2021წ. და 11.03.2022წ. დასკვნების შემდგენი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო მანქანების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიის დოქტორი) დაადასტურა მის დასკვნაში მითითებული გარემოებები და დამატებით მიუთითა, რომ მან დასკვნა შეადგინა ადგილზე დათვალიერების შედეგად. შესაბამისად, პირველი დასკვნა დაწერა პირველი შთაბეჭდილებიდან გამომდინარე. ამწე კი არ გაგორდა რელსზე, აიწია ჰაერში და ძირს დაენარცხა. მსოფლიოში არავის გაუზომავს ქარბორბალის სიჩქარე მისი მოქმედების დროს, საშიშროებიდან გამომდინარე, ეს ხდება შემდგომ ი. ეს იყო მეორე კატეგორიის ქარბორბალა 52-74 მ.წ. იყო მისი სიჩქარე. ეს იყო მბრუნავი, ზეაღმავალი, რამაც გამოიწვია ეს შედეგი. იყო სამუშაო პერიოდი და შესაბამისად, ამწე არ იყო არასამუშაო მდგომარეობაში, როდესაც მოხდა სადავო ფაქტი. აქედან გამომდინარე, ამწე არ იყო გამორთული და დამაგრებული ყველა სამაგრით. 29 წამში ამწე ძირს ეგდო. შესაბამისად, შეტყობინებაც, გაფრთხილება რომ ყოფილიყო მოსალოდნელ ქარბორბალაზე, მემანქანე რეაგირებას მაინც ვერ მოახდენდა, ის ვერაფერს ვერ მოასწრებდა. ქარბორბალამ ფეხი მოამტვრია ამწეს და წამოწია ზემოთ. ამწე არამუშა მდგომარეობაში რომ ყოფილიყო, მაინც ვერ გაუძლებდა ქარბორბალის იმ დაწოლას, რაც იყო. არამუშა მდგომარეობაში მყოფი ამწე ოთხივე ფეხზე უნდა იყოს დამაგრებული.
6.18. 04.02.2025წ. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა მ.ბ–ძემ (საინჟინრო შეფასების შემდგენი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მექანიკის ინჟინერიის და ტექნოლოგიის დოქტორი) დაადასტურა მის დასკვნაში მითითებული გარემოებები და დამატებით მიუთითა, რომ მან დასკვნა გააკეთა ვიდეომასალაზე დაყრდნობით. ქარის სიძლიერიდან გამომდინარე მოხდა ამ მძიმე წონიანი ამწის გადაყირავება. აქედან გამომდინარე, ეს იყო ნამდვილად სტიქიური უბედურება და დაუძლეველი ძალა. ქარის ძალა ათჯერ აღემატებოდა ამწის მომჭერების ძალას, ამწე ოთხივე სამაგრით რომ ყოფილიყო დამაგრებული, მაინც ეს შედეგი დადგებოდა. ამწის დანარცხება მოხდა სამ წამში. ქარის სიჩქარე ყველა შემთხვევაში აღემატებოდა დამჭერების გამძლეობას.
6.19. 24.02.2025წ. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ო.ე–მა (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 22.03.2023წ. დასკვნის ერთ-ერთი ავტორი, პროფესიით - მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (ამწე მოწყობილობები, ლიფტები, საბაგირო გზები, წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლები, ორთქლისა და ცხელი წყლის საქვაბე დანადგარები) ინსპექტირებაზე აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოს „ს.ე.ჯ–ას“ ტექნიკური დირექტორი, სპეციალობით მუშაობის 36 წლის სტაჟი) დაადასტურა მის დასკვნაში მითითებული გარემოებები და დამატებით მიუთითა, რომ მან კვლევა ჩაატარა საქმეში არსებული მასალებისა და ვიდეოფირზე დაყრდნობით. ამწე დამაგრებული რომ ყოფილიყო სათანადოდ ეს შედეგი არ დადგებოდა. ტექნიკური პირობების დაცვის შემთხვევაში, ეს შედეგი არ დადგებოდა. ამწეს ტექნიკური დოკუმენტაციით უნდა ჰქონოდა 5 დამჭერი. კონკრეტულ ამწეს ჰქონდა მხოლოდ 2 დამჭერი. ვიდეოში ჩანს, რომ ამწის მემანქანე ჩამოვიდა კაბინიდან და დაუჭირა ფეხთან არსებული მექანიკური დამჭერი და არც კი გადაუმოწმებია სხვა დამჭერები, რომ წავიდა, დატოვა სამუშაო ადგილი. მეორე დამჭერს რომ შეესრულებინა მისი ფუნქცია, არ მოხდებოდა მისი მოგრეხვა. ქარბორბალასთან მიმართებაში, მისი სპეციალობიდან გამომდინარე, არ შეუძლია არც არაფრის მტკიცება და არც არაფრის უარყოფა. ეს მისი სფერო არ არის. მან ამწე და სადავო ტერიტორია ნახა წელიწად-ნახევრის შემდეგ. როდესაც მივიდა ტერიტორიაზე ნახა, რომ ეს მეოთხე ამწე იყო დამტვრეული, ჯართის სახით ეყარა მიწაზე. სავალი რელსები ადგილზე ვერ დაათვალიერა, რადგან ჯართი იყო ზედ დაყრილი. თუმცა, სავალი რელსები, რაც ნახა ვიდეოში, იყო ცუდ მდგომარეობაში, კუსტარულად დამაგრებული რკინა-ბეტონის შპალებზე. მაგრამ ამ სავალი გზის კავშირი მომხდართან არ დასტურდება. ამწე იყო დამაგრებული ცალი მხრიდან და არა ორივე მხრიდან, ორივე დამჭერს რომ შეესრულებინა მისი ფუნქცია, შესაძლებელია, ეს არ მომხდარიყო. პირველი საყრდენი მოტყდა და ამის შემდეგ მოხდა ყველაფერი. მისი დასკვნა ეყრდნობა ძირითადად წარმოდგენილ ვიდეოკადრს. ამწე იყო დამაგრებული, მაგრამ მისი ფუნქცია ვერ შეასრულა, პირველი ფეხის სამაგრი იყო დამაგრებული და ასრულებდა მის ფუნქციას. მეორე სამაგრი მას არ უნახავს, მაგრამ კომპანიის თანამშრომელმა უთხრა, რომ ის დამაგრებული იყო, მაგრამ ფაქტია მან მისი ფუნქცია არ შეასრულა. მეორე დამჭერი მას არ უნახავს და არ იცის იყო თუ არა დამაგრებული, მაგრამ, ფაქტია, მან ვერ შეასრულა მისი ფუნქცია. ამის მიზეზს ის ვერ დაადგენდა, თუ რატომ არ შეასრულა მეორე დამჭერმა მისი ფუნქცია, ის ან გაფუჭებული იყო ან ცუდად იყო დაჭერილი. ვიდეოკადრში ჩანს, რომ ფეხი დადიოდა წინ და უკან, 2 მეტრის რადიუსში, რაც მიუთითებს მასზე, რომ არ იყო დაჭერილი მეორე ფეხზე. მისი ვარაუდით, 30-35 მ.წ. სიჩქარის ქარი ვერ დააზიანებდა ოთხივე ფეხზე დაბმულ ამწეს. მაშინ რატომ არ დაიმტვრა სხვა ამწეები? ეს არის მისი ვარაუდი მისი მხრიდან. წესით ამწე ამ დატვირთვას უნდა უძლებდეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
6.20. პალატის მითითებით, დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი , მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ .85.).
6.21. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა.
6.22. მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იყო იმის დადგენა, არსებობდა თუ არა სადაზღვევო კომპანიის მიერ მითითებული, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უნდა შეფასებულიყო დამზღვევის ქმედების ბრალეულობის ხარისხი და დადგენილიყო, არსებობდა თუ არა მზღვეველის ზიანის ანაზღაურებისაგან გათავისუფლების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.
6.23. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულების მიზნობრივი განმარტებიდან გამომდინარე, დაზღვეულ იქნა სხვადასხვა რისკები, მათ შორის, სტიქიური მოვლენები (B ჯგუფი): სეტყვა, წყალდიდობა, მიწისძვრა, მეწყერი, ზვავი, გრუნტის აწევა ან დაწევა, თოვლის სიმძიმით გამოწვეული ფიზიკური ზიანი, ჰაერის მასების მოძრაობა 20მ/წმ.-ზე მეტი სიჩქარით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჰაერის მასების მოძრაობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა 20მ/წმ.-ს.
6.24. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა, ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ რა ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს (იხ. სუსგ საქმე №ას-1147-1067-2017, 29 დეკემბერი, 2017 წელი, საქმე №ას-653-2019 14 ივლისი, 2021 წელი); მოცემულ შემთხვევაში, პალატის მოსაზრებით, ადგილი არ ჰქონია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების გამონაკლის შემთხვევას, როცა მზღვეველი არ არის პასუხისმგებელი სადაზღვევო რისკის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებაზე.
6.25. პალატის მითითებით, სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი დაკმაყოფილებადია იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა შეთანხმებით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკი, ანუ მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი წარმოშობის შესაძლებლობისა და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა, ასევე თუ სახეზეა დამდგარი სადაზღვევო შემთხვევით (მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას) პირისთვის ზიანის მიყენება.
6.26. მოსარჩელის მტკიცებით, სახეზე იყო სადაზღვევო შემთხვევა, კერძოდ, სტიქიური მოვლენა (ქარბორბალა), რაც დაზღვეული იყო მოპასუხის მიერ და რის გამოც ითხოვდა სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას; მოპასუხის შედავებით, არსებობდა საგამონაკლისო შემთხვევა, რაც გამორიცხავდა ზიანის ანაზღაურებას, კერძოდ, მიუთითებდა, რომ ამწე არ აკმაყოფილებდა გარკვეულ ტექნიკურ მოთხოვნებს. მის მიერ სადავოდ გამხდარი ტექნიკური შეუსაბამობების არარსებობის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა ამწეზე ქარის ძლიერ ზემოქმედებას, ამწის ავარია არ მოხდებოდა. ამდენად, ამწეების დაზიანება განხორციელდა მოსარჩელის უხეში გაუფრთხილებლობით, რაც თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი იყო.
6.27. საქმეში წარმოდგენილი გარემოებების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველი საქმის ფარგლებში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოცემული დავის ძირითადი კვლევის საგანი და ამასთან სწორად განსაზღვრა, რომ არ არსებობდა სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან მზღვევლის განთავისუფლების საფუძველი.
6.28. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს განსაზღვრის ნაწილში და მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირება ემსახურება მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას სასამართლოს მხრიდან დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობის შეფასებისას მხედველობაში მიიღო დავალიანების ოდენობა და მიიჩნია, რომ მისი გადახდის დაყოვნებისათვის დავალიანების ძირ თანხაზე ყოველდღიური 0,02% პირგასამტეხლოს დაკისრება სრულად უზრუნველყოფდა მოსარჩელის ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომ მოპასუხეს დაეკისროს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ერთგვარი სანქცია, ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, გადაუხდელი დავალიანების ღირებულების 0.2%-ზე გაანგარიშებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრება კი არაგონივრული იქნებოდა და გამოიწვევდა მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას.
6.29. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 411-ე და 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მოცემულ შემთხვევაში, შპს „ჯ.ქ.ე.ფ–ს“ საქმიანობას წარმოადგენდა ტვირთების გადამუშავება (ტერმინალი) და მისი ბიზნეს საქმიანობა არ ითვალისწინებდა ფულადი თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების შედეგად მოგების მიღებას. ამდენად, დაუსაბუთებელლად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ მოსარჩელე დეპოზიტზე განათავსებდა რაიმე თანხას და მიიღებდა შემოსავალს. აღნიშნული კი გამორიცხავდა ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სს „ს.კ.ჯ.ჰ–მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება. საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება, კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მოსარჩელე მხარის განმარტებას, თითქოს მოსარჩელის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ქარბორბალას. პირიქით, სარჩელზე დართულ სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის 04.10.2021 წლის 05/358 წერილში ქარბორბალა საერთოდ არ არის ნახსენები. აღნიშნული წერილის თანახმად, 17:00 საათიდან 18:40 საათამდე ფიქსირდებოდა დასავლეთის ქარი 15-21 მ/წმ (ქარიშხალი) და წვიმა. მოსარჩელის მითითებს ქარბორბალასთან დაკავშირებით ემყარება სუბიექტურად განწყობილი პირების განმარტებებს და არა რაიმე სახის ობიექტურ მტკიცებულებებს.
8.2. კასატორი სადავოდ ხდის სარჩელზე დართულ ვ.ჩ–ძის შეფასებებს, რომლის მიხედვითაც მან ქარბორბალას სავარაუდო სიჩქარის განსასაზღვრად მოახდინა ვიდეოჩანაწერზე ქარის მიერ გადაადგილებულ ობიექტზე დაკვირვება ისეთი პროგრამით, რომელიც წარმოადგენს ვიდეო ფაილების სამონტაჟო სამოყვარულო უფასო პროგრამას, რომელსაც წარმატებით იყენებენ მათ შორის ვიდეომოყვარულები.
8.3. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა დაუსაბუთებლად მიანიჭეს უპირატესობა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს და არ გაითვალისწინეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა. ყურადღების მიღმა დატოვეს ის გარემოება, რომ წაიქცა მხოლოდ ის ამწე, რომელიც არასათანადოდ იყო დამაგრებული. ამწის მფლობელი ვალდებული იყო მოწყობილობის ექსპლუატაცია განეხორციელებინა ამწის ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების დაცვით, მოცემულ შემთხვევაში კი, ეს მოთხოვნები არ ყოფილა დაცული და სწორედ აღნიშნულმა გამოიწვია ამწის განადგურება.
8.4. საკასციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება ზიანის კალკულაციასაც და აღნიშნავს, რომ დადგენილი არ არის და ზიანს გამოკლებული არ აქვს განადგურებული ამწეს ნარჩენი ღირებულება.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 01 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
15. სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), ამავე კოდექსის 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 821-ე (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში) მუხლები.
16. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა (სუსგ Nას-1165-1110-2014, 23.01.2015წ.).
17. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულია დაზღვევის ხელშეკრულება; დამზღვევის მიერ შესრულებულია ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკით სადაზღვევო პრემიის გადახდის თაობაზე. დადგა სადაზღვევო შემთხვევა და განადგურდა დაზღვეული ჯოჯგინა ამწე.
18. სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა ზარალის ანაზღაურებაზე და უარის თქმის საფუძვლად მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლზე (მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევაზე. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სადაზღვევო კომპანიის მიერ ზარალის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაზღვევის პირობების შესაბამისად, ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. სადაზღვევო კომპანია სადავოდ ხდის როგორც ზიანის ანაზღაურების საფუძვლის არსებობას, ასევე, შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ოდენობას. საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის საფუძვლად მზღვეველი დაზღვეული ამწეს მფლობელის უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებაზე მიუთითებს, რაც მოპასუხეს აძლევს უფლებას უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურებაზე. კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნული პირობა ასევე გათვალისწინებული იყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, საგამონაკლისო შემთხვევის სახით. შესაბამისად, საკასაციო პალატის შეფასების საგანს სწორედ ამწის მფლობელის ქმედების/უმოქმედობის „უხეშ გაუფრთხილებლობად“ კვალიფიკაციის საფუძვლისა და საგამონაკლისო შემთხვევის არსებობა წარმოადგენს.
19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება საკუთარი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ამდენად, განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, მართებულად შეფასდეს ამწის მოსარგებლის (ტექნიკურ გამართულობასა და რელსდამჭერებით სათანადოდ დაფიქსირებაზე ვალდებული პირის/პირების) ბრალეულობა, კერძოდ, ვლინდებოდა თუ არა უხეში გაუფრთხილებლობა, რამაც განაპირობა ამწის განადგურება. აღნიშნული განაპირობებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა დამზღვევმა უნდა ამტკიცოს, მზღვეველმა კი უნდა დაასაბუთოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისია და მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ.: №ას-1091-2022, 23.02.2023წ.).
20. სამოქალაქო კანონმდებლობა არ ქმნის უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (იხ.: სუსგ №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-865-2023, 29.09.2023წ.; №ას-422-2023, 9.11.2023წ.). უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (იხ.: სუსგ №ას-654-2019, 26.06.2020წ.; №ას-499-2023, 7.06.2023წ.).
21. „უხეში გაუფრთხილებლობის“ ლეგალურ დეფინიციას როგორც უკვე აღნიშნა სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა. დაზღვევის ხელშეკრულებით კი, შესაძლოა, მოხდეს მხარეთა შეთანხმებით სახელშეკრულებო ვალდებულებებთან მიმართებით პასუხისმგებლობის სრულად ან ნაწილობრივ გამორიცხვა ან შეზღუდვა. პასუხისმგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული განსხვავებული მოწესრიგება უპირატესად გამოსაყენებელი დებულებაა და გამორიცხავს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა წარმოშობას, თუმცა მოცემული საქმის განხილვისას მნიშვნელოვანია სწორად დადგინდეს ვალდებულების წარმომშობი გარემოებების არსებობა, რათა მზღვეველის მხრიდან გამოირიცხოს საგამონაკლისო დებულებებით უსაფუძვლო აპელირება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1479-2019, 21.01.2020წ.; №ას-984-2024, 29.11.2024წ.).
22. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დასტურდება, რომ დაზღვეულ იქნა სხვადასხვა რისკები, მათ შორის, სტიქიური მოვლენები (Bჯგუფი): სეტყვა, წყალდიდობა, მიწისძვრა, მეწყერი, ზვავი, გრუნტის აწევა ან დაწევა, თოვლის სიმძიმით გამოწვეული ფიზიკური ზიანი, ჰაერის მასების მოძრაობა 20 მ/წმ.-ზე მეტი სიჩქარით, რომელიც გამოწვეულია ბუნებრივი პროცესებით ატმოსფეროში (3.3.1 პუნქტი). ასევე, დასტურდება შეთანხმება საგამონაკლისო შემთხვევაზე, კერძოდ, დაზღვევა არ აანაზღაურებდა დაზიანებას ან ზარალს გამოწვეულს მათ შორის, მოსარგებლის, ასევე მოსარგებლესთან მომუშავე პირების ან მოსარგებლის უფლებამოსილი პირების განზრახი ქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით დაზღვეული ქონების მიმართ. შესაბამისად, საკასაციო პალატამ დაზღვევის ნორმების სამართლებრივი ანალიზისა და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, კონკრეტულ შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით უნდა შეაფასოს აღნიშნული საკითხი.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასების წესს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
24. სამოქალაქო სამართალწარმოებაში მტკიცების პროცესი, როგორც გაშუალებული შემეცნება, საკმაო სისრულითაა მოწესრიგებული კანონით. მაგალითად, სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონი განსაზღვრავს, თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს აგრეთვე, თუ რომელ მხარეს ეკისრება ფაქტების მითითებისა და ამ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, მტკიცების რა საშუალებები დაიშვება და რა არ დაიშვება, როგორ და რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვება, შემოწმება და შეფასება და ა.შ.
25. სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის) დასაბუთება-გამართლების მიზნით. მნიშვნელოვანია, რა კრიტერიუმით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ მტკიცების საგნის განსაზღვრისას. სარჩელის აღძვრით მოსარჩელეს სურს გარკვეული შედეგის დადგომა (ნივთის მიკუთვნება, ვალის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება, ხელშეკრულების მოშლა და ა.შ.), მისი ეს სურვილი აისახება სარჩელის იმ ელემენტში, რომელსაც სარჩელის საგანი ეწოდება. ამრიგად, სარჩელის საგანს ქმნის მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მაგრამ მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრემ, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.
26. მტკიცების საგანში შედიან მხარეთა მიერ მითითებული ფაქტები, რომლებიც სასამართლოს შეხედულებით სამართლებრივად ასაბუთებენ (ამართლებენ) მათ მოთხოვნებს და შესაგებელს. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არაა, ესაა სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა.
27. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიებს სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საფუძვლის არარსებობის შესახებ ვერ გაიზიარებს. ამ კუთხით, შეაფასებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებს, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებს ერთობლიობაში.
28. უდავოა, რომ შპს „ჯ.ქ.ე.ფ–ს“ ტერმინალზე არსებული ამწეები არის მოდერნიზებული. 2008 წელს რეკონსტრუირებული და მოდერნიზებული იყო №4 ჯოჯგინა ამწეც და რეკონსტრუქციის შემდეგ გაიცა პასპორტი ახალი საინჟინრო გათვლების გათვალისწინებით. სს „ს.კ.ჯ–აის“ მიერ წლების მანძილზე ხდებოდა სწორედ რეკონსტრუირებული და მოდერნიზებული ჯოჯგინა ამწეების დაზღვევა. უდავოა, რომ სადაზღვევო კომპანიამ სწორედ სადავო პერიოდში არსებული მდგომარეობით დააზღვია სადავო ამწე 400 000 ლარით. ამწის დაზღვევისას სადაზღვევო კომპანიას შეეძლო შეემოწმებინა მისი ფაქტობრივი მდგომარეობა, რაც მას არ გაუკეთებია. სადაზღვევო კომპანია ამწის დაზღვევისას დაეყრდნო მხოლოდ მისი ისპექტირების შედეგებს, რაც მან საკმარისად მიიჩნია და რის შედეგადაც დააზღვია კიდეც ისინი. ის გარემოება, რომ მოპასუხეს არ ჰყავს სათანადო სპეციალისტი ამწეების ფაქტობრივი მდგომარეობის შესამოწმებლად, მის სასარგებლო არგუმენტად ვერ გამოდგება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 2021 წლის 25 სექტემბერს, ფ–ში, შპს „ჯ.ქ.ე. - ფ–ს“ ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოვარდნილი ძლიერი ქარის (ქარბორბალა) შედეგად, დაზიანდა მათი კუთვნილი ჯოჯგინა ამწე №4 (KCK - 32/42), კერძოდ, იგი მოექცა მოულოდნელად ამოვარდნილი ქარის უშუალო დარტყმის ქვეშ, წაიქცა და დაეცა იქვე განთავსებულ კონტეინერებს. წაქცევის შედეგად, ამწე ისე დაზიანდა, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია.
29. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სადავო საკითხზე და თავადაც მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების, ასევე, მათი სპეციალობისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით, თვით ექსპერტთა ჩვენებების ურთიერთშეჯერების შედეგად, მართალია, დასტურდება ის გარემოება, რომ სადავო შემთხვევის განვითარების დროისათვის სრულად არ იყო დაცული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა (მუშა მდგომარეობაში არ იყო გამაფრთხილებელი სიგნალი და ამწის ყველა რელსდამჭერი), თუმცა, ამ პირობების დაუცველობის შემთხვევაშიც კი, უეცრად ამოვარდნილი ზეაღმავალი და ერთ სიბრტყეში მბრუნავი ქარბორბალის ძალიდან გამომდინარე, ეს შედეგი მაინც დადგებოდა. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა სტიქიურ უბედურებას, დაუძლეველ ძალას (ქარბორბალა), რამაც გამოიწვია დამდგარი შედეგი და რაც ექცვეოდა სადაზღვევო შემთხვევაში. მნიშვნელოვანია, რომ მოპასუხეს დაზღვეული ჰქონდა ჰაერის მასების მოძრაობა 20მ/წმ.-ზე მეტი სიჩქარით, რასაც ჰქონდა კიდეც ადგილი. აქვე, აღსანიშნავია ისიც, რომ თავად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 22 მარტის დასკვნით დასტურდება, რომ ჰაერის მასების მოძრაობა იყო 20 მ/წმ.-ზე მეტი სიჩქარით, კერძოდ 33 მ/წმ. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ მოპასუხემ წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 22.03.2023წ. დასკვნა. თუმცა, პალატის მოსაზრებით, აღნიშნული დასკვნა ვერ აბათილებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. იგი არ შეიცავს ზუსტ მტკიცებას სადავო ფაქტებთან მიმართებაში. ამასთან, ტექნიკური მდგომარეობის ანალიზისათვის გამოყენებული იქნა არა რეკონსტრუქციის შემდეგ გაცემული პასპორტი ახალი საინჟინრო გათვლების გათვალისწინებით, არამედ იმავე ქარხნის მიერ, იმავე წლებში დამზადებული, იმავე მოდელის ამწეების პასპორტების ორიგინალი და ორიგინალის ქსეროასლი. გარდა ამისა, აღნიშნული დასკვნის შემდგენმა ერთ-ერთმა ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე ისაუბრა ვარაუდებზე და შესაძლებლობებზე. მას კატეგორიული განმარტება, იმის შესახებ, რომ ტექნიკური პირობების სრულყოფილად დაცვა გამორიცხავდა დამდგარ შედეგს, არ გაუკეთებია. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ მისი პროფესიიდან გამომდინარე (მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (ამწე მოწყობილობები, ლიფტები, საბაგირო გზები, წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლები, ორთქლისა და ცხელი წყლის საქვაბე დანადგარები) ინსპექტირებაზე აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოს ,,ს.ე.ჯ–ას“ ტექნიკური დირექტორი, სპეციალობით მუშაობის 36 წლის სტაჟი), ქარბორბალასთან მიმართებაში, არ შეეძლო არც არაფრის მტკიცება და არც არაფრის უარყოფა. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მხარე კრიტიკულად აფასებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს, მათი კვლევის მეთოდებს და ექსპერტების კვალიფიკაციას, ასევე, მიიჩნევს, რომ დასკვნები შედგენილია სუბიექტური დამოკიდებულების მქონე პირთა მიერ, მას ამ მტკიცებულებების გასაბათილებლად რაიმე სახის სათანადო და სარწმუნო მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მხოლოდ პრეტენზიის სახით მოსაზრების დაფიქსირება კი გამორიცხავს მათი გაზიარების შესაძლებლობას. წარმოდგენილი არგუმენტები ვერ აქარწყლებს სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ საფუძველზე გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. ამასთან, მხარეებს წინამდებარე დავის ფარგლებში მხარეებს სრულად ჰქონდათ შესაძლებლობა, წარედგინათ როგორც ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტები, ისე შესაბამისი მტკიცებულებები სადაზღვევო შემთხვევის არსებობის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებების დასადასტურებლად. აღნიშნული საკითხები სასამართლოების მიერ გამოკვლეული და შეფასებულია სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტის მიხედვით.
30. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ზიანის კალკულაციაზე, სადაც მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ დადგენილი არ არის და ზიანს გამოკლებული არ აქვს განადგურებული ამწეს ნარჩენი ღირებულება. საკასაციო პალატა ვერც ამ პრეტენზიას გაიზიარებს და კასატორს მიუთითებს მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც ქონების სრულად განადგურებისას ითვალისწინებდა სადაზღვევო თანხის სრულად ანაზღაურებას ქონების ნარჩენი ღირებულების გამოკლების გარეშე. ამასთან, ადგენდა, რომ სადაზღვევო კომპანიაზე გადავიდოდა საკუთრების უფლება განადგურებულად მიჩნეულ ქონებაზე. შესაბამისად, ნარჩენი ღირებულების გამოკლებით სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე მხარეები არ შეთანხმებულან, ხოლო განადგურებულად მიჩნეულ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპასუხეზე გადასვლის საკითხი მოცემული საქმის დავის საგანს არ წარმოადგენს და სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ამ დავის ფარგლებში იმსჯელოს მასზე. ვინაიდან, საკასაციო პრეტენზია მიმართული არ არის მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობაზე, პალატა არც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალების, მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ დაზღვეული ქონების დაზიანება გამოწვეული იყო სადაზღვევო რისკით - სტიქიური მოვლენით, ქარბორბალათი. შესაბამისად, მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება სწორია.
32. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
33. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
34. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
35. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
37. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. სს „ს.კ.ჯ.ჰ–ს“ (.......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 20.01.2026) 70% – 5600 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი