დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
15 სექტემბერი, 2026 წელი,საქმე №ას-814-2026 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ა.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.მ–ი (მოსარჩელე)
მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ი.მ–ი, მ.კ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 27 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით:
1.1. გ.მ–ის (შემდეგში - მოსარჩელე ან კერძო საჩივრის ავტორის მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა;
1.2. 1/4 ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის 19 დეკემბერს ნოტარიუს ქ.გ–ას მიერ ა.მ–ის (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა;
1.3. მოსარჩელე ცნობილ იქნა დუშეთში, ........... 3 213კვ.მ მიწის ნაკევთზე (შემდეგში - სადავო მიწის ნაკვეთი, უძრავი ნივთი ან უძრავი ქონება) 1/4 წილის თანამესაკუთრედ.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი მოპასუხემ შეიტანა.
3. კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 27 მაისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
4. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების მოთხოვნით დასახელებულ განჩინებაზე მოპასუხემ კერძო საჩივარი წარმოადგინა, რომელიც შემდეგნაირად დაასაბუთა:
- განჩინებით საპელაციო სასამართლო ადასტურებს, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლო სხდომას არცერთი მხარე არ ესწრებოდა. ამასთან, საყოველთაოდ ცნობილია, რომ გასაჩივრებული განჩინებისა თუ გადაწყვეტილების მომზადებას საქმეთა სიმრავლის გამო სასამართლო ვერ ასწრებს. აქედან გამომდინარე, გაითვალისწინა რა სასამართლო პრაქტიკა, მოპასუხე სააპელაციო სასამართლოს განჩინების მისთვის ჩაბარებას დაელოდა, რის შემდეგაც გეგმავდა გასაჩივრებას.
- ნებისმიერი საპროცესო ვადა, დასაბუთებული განჩინების ჩაბარების დღიდან აითვლება. სააპელაციო საჩივარი მოპასუხემ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარადგინა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია, თუ რატომ უნდა მოესპოს მხარეს მისი კანონიერი უფლების დაცვის შესაძლებლობა და ეროვნული სასამართლოსადმი ნდობის უფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო (სსსკ-ის) 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
6. კერძო საჩივრის განხილვის საგანია, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა დაარღვია.
7. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 14 დღეა. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
8.სსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციით: თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ:
1). გასაჩივრების უფლების მქონე პირი ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი და,2). ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში იგი სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი ცალსახად მიუთითებს, რომ მხარე, გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ვალდებულია კანონით განსაზღვრულ ვადაში ჩაიბაროს სასამართლოს გადაწყვეტილება. დასახელებული წესიდან გამონაკლისი დადგენილია მხოლოდ სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისთვის, ასევე, პატიმრობაში მყოფი იმ პირებისთვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი;
მათთვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას სასამართლო უზრუნველყოფს, ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (სსსკ-ის 2591 მუხლის მე-2 ნაწილი).
დადასტურებულია, რომ კერძო საჩივრის ავტორი საგამონაკლისო პირების აღნიშნულ ჩამონათვალს არ მიეკუთვნება და განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს საპროცესო დოკუმენტის გაგზავნის ვალდებულება არ გააჩნდა.
9. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 60.2 მუხლის დანაწესზეც, რომელიც გასაჩივრების ვადის მიმდინარეობის დაწყებას აწესრიგებს და რომლის თანახმადაც, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. იხ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება Nას-1161-1106-2014).
10. საქმის მასალების თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 2026 წლის 20 მარტს გამოცხადდა. აღნიშნულ სხდომას არცერთი მხარე არ ესწრებოდა, თუმცა, მოსარჩელისთვისაც და მოპასუხისთვისაც ცნობილი იყო სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, დრო და ადგილი. სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში მოპასუხეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოსთვის არ მიუმართავს (დასაბუთებული გადაწყვეტილება მან 2026 წლის 24 აპრილს - 35-ე დღეს ჩაიბარა).
11. შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობა გვაუწყებს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა მოპასუხისთვის მცხეთის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო თარიღიდან დაიწყო და 2026 წლის 4 მაისს (3 მაისი იყო არასამუშაო დღე - კვირა) ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი კი, მხარემ, 2026 წლის 7 მაისს წარადგინა.
12. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი კანონშესაბამისად დარჩა განუხილველად.
13. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება).
14. გასაჩივრებული განჩინების და კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის შედეგად საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ სახეზეა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საპროცესოსამართლებრივი საფუძველი და გასაჩივრებული განჩინება კანონშესაბამისია.
15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა). კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
16. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 27 მაისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია