დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
29 სექტემბერი, 2026 წელი,საქმე № ას-781-2026 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ი.მ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ს.ტ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ს.ტ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ი.მ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 21 519 აშშ დოლარისა და 1022 ლარის, გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
4. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის/კერძო საჩივრის ავტორის გამოუცხადებლობის გამო.
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 5 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივრი განსახილველად იქნა მიღებული. სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით სასამართლოს სხდომა ჩაინიშნა 2026 წლის 20 თებერვალს, 12:00 საათზე. სხდომის გამართვის თაობაზე მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით.
6.2. 2026 წლის 20 თებერვალს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც სხდომის თაობაზე ეცნობა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, სასამართლო სხდომის ჩანიშვნის შესახებ აპელანტის/კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს (იხ. მინდობილობა) სატელეფონო შეტყობინების გზით 2026 წლის 16 თებერვალს ეცნობა (იხ. სატელეფონო შეტყობინება, სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები).
6.3. 2026 წლის 19 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იქნა აპელანტის/კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განცხადება სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე, სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად კი, ჯანმრთელობის მდგომარეობა მიეთითა.
6.4. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი არ დაეთანხმა განცხადებას და იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე და 215.3 მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ იყო დასაბუთებული და არ წარმოშობდა სხდომის გადადების კანონით გათვალისწინებულ საფუძველს, შესაბამისად, შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
6.6. სსსკ-ის 387-ე მუხლის გამოყენებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მას შეუძლია, ამავე კოდექსის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
6.7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 387.1, 70-ე-78-ე, 215.3-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან არ არსებობდა სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი.
7. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხის წარმომადგენელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო, რის თაობაზეც წინასწარ აცნობა კიდეც სასამართლოს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 15 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
9. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
10. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტი, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ, სხდომაზე არ გამოცხადდა, მოწინააღმდეგე მხარემ კი - იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
11. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.
12. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (სსსკ-ის 229-242 მუხლები). შესაბამისად, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, სსსკ-ის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
13. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
15. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი.
გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
16. სსსკ-ის 215.3 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად.
აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
17. ამდენად, მართალია, სსსკ-ის 215-ე მუხლით ავადმყოფობა მიჩნეულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, მაგრამ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
18. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოში სხდომამდე ერთი დღით ადრე წარდგენილ იქნა აპელანტის წარმომადგენლის განცხადება სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე, სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად კი, ჯანმრთელობის მდგომარეობა მიეთითა. თუმცა, განცხადებას არ ერთვოდა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები და შეიცავდა ზოგად მითითებას ხერხემალზე მანიპულაციის ჩატარების საჭიროების თაობაზე, რაც განმცხადებლის მითითებით მისთვის სხდომამდე ერთი დღით ადრე გახდა ცნობილი.
19. ამრიგად, წარდგენილი განცხადებას არ ერთვოდა მტკიცებულება რაც დაადასტურებდა საქმის განხილვის დღეს - 2026 წლის 20 თებერვალს, აპელანტის წარმომადგენლის ჯანმრთელობის იმ ხარისხით გაუარესების ფაქტს, რომელიც მას თავისი საპროცესო მოვალეობის შესრულებაში შეუშლიდა ხელს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ არ არსებობდა სსსკ - ის 215.3 მუხლით გათვალისწინებული რაიმე ისეთი საპატიო გარემოება, რომელიც ამავე კოდექსის 233-ე მუხლის კონტექსტში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას გამორიცხავდა.
ამავე კონტექსტში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კერძო საჩივარზე თანდართულ შპს სამედიცინო ცენტრ "კ–ის" ცნობაზე, რომლის შინაარსით აპლენატის წარმომადგენლისთვის განკუთვნილი პროცედურები მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და ამავე დოკუმენტში მათი დაცვის კატეგორიულ აუცილებლობაზე არაა საუბარი. დამატებით არაა წარმოდგენილი ინფორმაცია სასამართლო სხდომაზე უშუალოდ მხარის გამოუცხადებლობის მოტივების შესახებ რაც კერძო საჩივრის უარყოფის დამატებითი არგუმენტია.
20. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, რადგანაც აპელანტს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ეცნობა საქმის განხილვის შესახებ, იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა პროცესზე, სააპელაციო პალატის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
21. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია და ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.მ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 თებერვლის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია