დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-736-2026
4 აგვისტო, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ე.ხ–ი, ა.ხ–ი, ა.ე–ვა (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ.კ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 8 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „რ.კ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა:
1. ე.ხ–ის, ა.ე–ვასა და ა.ხ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ............ I კვარტალი, კორპუსი N14, სადარბაზო N1, მე-4 სართული, ბინა N11, საკადასტრო კოდი N ........, და ეს უძრავი ნივთი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა შპს „რ.კ–ს“.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 აპრილის განჩინებით მოპასუხეთა საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 29.04.2025 წლის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 8 აპრილის განჩინებით ე.ხ–ის, ა.ხ–ის და ა.ე–ვას სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2025 წლის 29 აპრილის განჩინებაზე, დაუშვებლობის გამო დატოვებული იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 11 ივნისის განჩინებით ე.ხ–ს, ა.ხ–ს და ა.ე–ვას დაევალათ კერძო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოეგინათ კერძო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების მითითებით და 25 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო (კერძო) საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო (კერძო) საჩივარი განუხილველი დარჩება. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 11 ივნისის განჩინებით ე.ხ–ს, ა.ხ–ს და ა.ე–ვას დაევალათ კერძო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოეგინათ კერძო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების მითითებით და 25 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორებს გაეგზავნათ ორჯერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძო საჩივარში მათ მიერ მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, .........., კორპუსი 14, სადარბაზო 1, მე-4 სართული, ბინა 11. თუმცა, ადრესატებისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. კორესპოდენციის ჩაუბარებლობის მიზეზად შეტყობინების ბარათებში აღნიშნულია, რომ ადრესატები მისამართზე არ ცხოვრობენ. (იხ. საფოსტო ბარათები - ტომი I, ს.ფ. 188-193). პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნულ მისამართზე კერძო საჩივრის ერთ-ერთ ავტორს, ე.ხ–ს, ჩაბარებული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოდან გაგზავნილი მასალები (იხ. საფოსტო ბარათი - ტომი I, ს.ფ. 97).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამავე კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილით თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორებს განჩინება გაეგზავნათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, ხოლო გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა, საკასაციო სასამართლო ე.ხ–ისათვის, ა.ხ–ისათვის და ა.ე–ვასათვის ხარვეზის განჩინებას ჩაბარებულად მიიჩნევს განმეორებით გაგზავნილი უწყების ჩაუბარებლობის დამადასტურებელ აქტებში კურიერის მიერ მითითებულ დროს - 2026 წლის 9 ივლისს.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2026 წლის 10 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 14 ივლისს, რომელიც იყო სამუშაო დღე - სამშაბათი. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორები ვალდებულნი იყვნენე ხარვეზი შეევსო 2026 წლის 14 ივლისის ჩათვლით. ამ დროის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396.3, 284-ე 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ხ–ის, ა.ხ–ისა და ა.ე–ვას კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 8 აპრილის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლევან ნემსაძე