დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-744-2025
24 აპრილი 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - დ.კ–ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ფ.ჯ–ია“ (მოსარჩელე)
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „ფ.ჯ–იას“ წარმომადგენელმა (შემდეგში ტექსტში ხსენებული, როგორც „მოსარჩელე", „მოწინააღმდეგე მხარე“), სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, დ.კ–იას (შემდეგში ტექსტში ხსენებული, როგორც „მოპასუხე", „აპელანტი“, “კასატორი“), და ვ.ჩ–ის (შემდეგში ტექსტში ხსენებული, როგორც „მოპასუხე"), მიმართ, თანხის, 7279 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით, შპს „ფ.ჯ–იას“ სარჩელი დაკმაყოფილდა. დ.კ–იას და ვ.ჩ–ს შპს „ფ.ჯ–იას“ სასარგებლოდ დაეკისრათ ლიზინგის საგნის გადაუხდელი ღირებულების - 7279 ლარის გადახდა.
3.2 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.კ–იამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინებით, დ.კ–იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.
4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:
4.2.1 2019 წლის 27 ნოემბერს შპს „მ–სა“ და დ.კ–იას შორის გაფორმდა ლიზინგის №L27112019/0315 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „მ–მ“, მოპასუხისათვის გადასაცემად შეიძინა ავტომობილი TOYOTA PRIUS, სახელმწიფო ნომრით - ........, გამოშვების წელი - 2007 წ., რომელიც იმავე დღეს გადაეცა მოპასუხეს მფლობელობის, სარგებლობისა და გამოსყიდვის უფლებით. ლიზინგის ღირებულებად განისაზღვრა 11700 (თერთმეტი ათას შვიდასი) ლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 2025 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდი. ლიზინგის საგნით სარგებლობისათვის ლიზინგის მიმღებს უნდა გადაეხადა ყოველთვიურად - 427.47 ლარი, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა სალიზინგო საზღაურის ოდენობა დღეში 0.1128%-ის ოდენობით დაფინანსების სარგებლობის პერიოდში. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური გადასახადი (427.47 ლარი) მოიცავს ყოველდღიურ სალიზინგო საზღაურს (0.1128%-ს).
4.2.2 ხელშეკრულების 12.2 პუნქტის შესაბამისად, შპს „მ–ს“ უფლება აქვს დააკისროს ლიზინგის მიმღებს ყოველი ახალი ვადაგადაცილების ფაქტის დაფიქსირებისას, 20 ლარი ერთჯერადი პირგასამტეხლო ხელშეკრულებით დადგენილი გადასახდელების ვადის გადაცილებისთვის, ხოლო თუ გადახდა არ განხორციელდება, დამატებით დაარიცხოს ხელშეკრულების დარღვევის მომენტისთვის ლიზინგის საგნის გადაუხდელი ღირებულების 0.27% საჯარიმო პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. ხელშეკრულების 13.7. პუნქტის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების მოქმედება ვადამდე წყდება, ან შპს „მ.“ ცალმხრივად გადის ხელშეკრულებიდან, ამ უკანასკნელს გააჩნია სრული უფლება გაასხვისოს სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ ფასად.
4.2.3 მოპასუხემ დაარღვია ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, მის მიერ არ იქნა შესრულებული გრაფიკით გათვალისწინებული არცერთი გადახდა, მიუხედავად გაფრთხილების და დამატებითი ვადის მიცემისა. მოპასუხე ვადაგადაცილებაში იმყოფებოდა 2020 წლის 10 იანვრიდან, შესაბამისად პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდა 2020 წლის 11 იანვრიდან - 2021 წლის 15 იანვრამდე, ავტომობილის რეალიზაციის დღემდე.
4.2.4 2019 წლის 27 ნოემბრის, სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით, ვ.ჩ–ი, 20 633.20 ლარის ფარგლებში, სოლიდარულ თავდებად დაუდგა ლიზინგის მიმღებს, 2019 წლის 27 ნოემბერს გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.
4.2.5 მოსარჩელემ შეწყვეტა ლიზინგის ხელშეკრულება, დაიბრუნა ლიზინგის საგანი და განახორციელა მისი რეალიზაცია. მოპასუხის დავალიანება ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის განისაზღვრებოდა: ლიზინგის საგნის გადაუხდელ ღირებულებით - 11700 ლარით, სალიზინგო საზღაურით - 1002 ლარით და პირგასამტეხლოთი -1077 ლარით.
4.2.6 მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 13.7 პუნქტის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების მოქმედება ვადამდე წყდება, ან ლიზინგის გამცემი ცალმხრივად გადის ხელშეკრულებიდან, ლიზინგის გამცემს გააჩნია სრული უფლება გაასხვისოს სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ ფასად და სატრანსპორტო საშუალების გასხვისებით მიღებული თანხით ლიზინგის მიმღების დავალიანება დაფაროს მის მიერვე განსაზღვრული რიგითობით. მოპასუხის დავალიანება ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის განისაზღვრებოდა: ლიზინგის საგნის გადაუხდელ ღირებულებით - 11700 ლარით, სალიზინგო საზღაურით - 1002 ლარით და პირგასამტეხლოთი -1077 ლარით. მოსარჩელემ 2021 წლის 15 იანვარს ხელშეკრულების 13.7 პუნქტის შესაბამისად, განახორციელა ლიზინგის საგნის რეალიზაცია, 6500 ლარად. ლიზინგის საგნების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით სრულად დაიფარა სალიზინგო საზღაური და პირგასამტეხლო, ხოლო ძირი ვალდებულება დაიფარა ნაწილობრივ, რის შემდეგაც მოპასუხეს დარჩა ძირი თანხის დავალიანება 7279 ლარის ოდენობით.
4.2.7 2021 წლის 17 ივნისს, შპს „მ–სა“ და შპს „ფ.ჯ–იას“ შორის, გაფორმდა მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „მ–მ“, მოპასუხეთა მიმართ არსებული მოთხოვნა დაუთმო შპს „ფ.ჯ–იას“.
4.3 სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, სადაც იგი მიუთითებს, რომ ავტომობილის საბაზრო ღირებულება არის 12000 ლარი ან მეტი, შესაბამისად შპს „მ–მ“ მისი რეალიზაცია მოახდინა საბაზრო ფასთან შედარებით, ნახევარ ფასში, 6500 ლარად, მაშინ, როდესაც რეალურად, ჰქონდა შესაძლებლობა საბაზრო ღირებულების ფარგლებში ავტომობილის გასხვისებით სრულად დაეფარა ლიზინგის ღირებულება 11700 ლარი.
4.4 სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ
მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მითითებული მუხლის დანაწესი ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ამ სახის წარმოების ამოსავალი პრინციპია და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეების პოზიციითაა განსაზღვრული. შესაბამისად, მხარემ, თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი საფუძვლის დამტკიცების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება წარუდგინოს სასამართლოს. თუმცა, მხარისათვის მხოლოდ მტკიცებულების წარმოდგენის უფლების მინიჭებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპი არ რეალიზდება. ამისათვის სავალდებულოა, რომ თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე, მტკიცებულებების ჩათვლით, ისეთ პირობებში, რომელიც მას თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით არსებითად არახელსაყრელ პირობებში არ მოაქცევს.
4.5 სააპელაციო პალატამ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 13.7 პუნქტზე დაყრდნობით განმარტა, რომ შპს „მ–ს“ გააჩნდა სრული უფლება გაესხვისებინა სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ ფასად. მხარეები არ იყვნენ შეთანხმებულნი, რომ ლიზინგის საგნის რეალიზაცია უნდა მომხდარიყო საბაზრო ღირებულების შესაბამისად. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5.1 აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ.კ–იამ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
5.2 კასატორის განმარტებით, ლიზინგის საგანს წარმოადგენდა სატრანსპორტო საშუალება-ტოიოტა პრიუსი, გამოშვების წელი 2007. აღნიშნული მახასიათებლებით მსგავსი ავტომობილის საბაზრო ღირებულება არის 12000 ლარი ან მეტი, შესაბამისად შპს „მ–მ“ მისი რეალიზაცია მოახდინა საბაზრო ფასთან შედარებით ნახევარ ფასში 6500 ლარად, მაშინ, როდესაც რეალურად, ჰქონდა შესაძლებლობა საბაზრო ღირებულების ფარგლებში ავტომობილის გასხვისებით სრულად დაეფარა ლიზინგის ღირებულება 11700 ლარი.
5.3 კასატორი არ ეთანხმება გარემოებას, რომ მისი ვალდებულება შპს „ფ.ჯ–იას“ მიმართ შეადგენს 7279 ლარს, ვინაიდან მოსარჩელემ დაიბრუნა ავტომობილი, ლიზინგის საგანი, რომლის რეალიზაციაც მოახდინა, საბაზრო ღირებულებასთან შედარებით ბევრად ნაკლებ ფასად, შესაბამისად, მას არანაირი ვალდებულება აღარ აქვს მოსარჩელის წინაშე, ვინაიდან ეს სხვაობა, რომელიც ავტომობილის გასხვისების შედეგად იქნა მიღებული, წარმოადგენს მხოლოდ შპს „მ–ს“ ქმედებით გამოწვეულ შედეგს. რეალურად ლიზინგის გამცემს ჰქონდა შესაძლებლობა ავტომობილი გაეყიდა ისეთ ფასში, რომელიც დაფარავდა ძირსაც და პირგასამტეხლოსაც. თუ ავტომობილის რეალიზაცია მოხდებოდა საბაზრო ფასის (12000 ლარი) შესაბამისად, კასატორს აღარ ექნებოდა არანაირი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს.
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო საჩივარი დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დასაბუთებულ შედავებას არ შეიცავს, რის გამოც საკასაციო პალატისთვის სავალდებულო ძალისაა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები.
11. ლიზინგის მიმღების მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე მხარისთვის თანხის დაკისრების კანონიერება.
12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც მოწესრიგებულია სსკ-ის 576-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია).
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ლიზინგის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებისა და მისი პრაქტიკული დანიშნულების გაანალიზება შესაძლებელია ფინანსური ლიზინგის შესახებ 1988 წლის UNIDROIT-ის ოტავის კონვენციით გათვალისწინებული დებულებებით (Unidroit Convention on International Financial leasing, Ottawa, 28 May, 1988). კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, ლიზინგი არის ისეთი გარიგება, რომლითაც ერთი მხარე (ლიზინგის გამცემი) მეორე მხარის (ლიზინგის მიმღების) მითითებით დებს მესამე მხარესთან (მომწოდებელთან) ხელშეკრულებას, რომლითაც ლიზინგის გამცემი ყიდულობს მანქანებს, სატრანსპორტო საშუალებებს ან სხვა მოწყობილობებს ლიზინგის მიმღების მიერ მოწონებული პირობებით, რამეთუ ეს შეეხება მის ინტერესებს და დებს ლიზინგის ხელშეკრულებას ლიზინგის მიმღებთან, რომლის ძალით უფლებას აძლევს ლიზინგის მიმღებს, გამოიყენოს შეძენილი მოწყობილობები განსაზღვრული დროის განმავლობაში, შეთანხმებული საზღაურის გადახდით. ამავე კონვენციაში მოცემულია მხარეთა უფლება-მოვალეობები, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები და ა.შ. საქმე (იხ. სუსგ. საქმე №ას-1414-2024 24.01.2025წ.საქმე №ას-886-2025 24 დეკემბერი, 2025 წელი).
14. ლიზინგთან (ფინანსური ლიზინგი) დაკავშირებული საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრაქტიკის იდენტიფიკაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყაროა 13.11.2008წ.-ის UNIDROIT-ის რომის მოდელური კანონი ლიზინგის შესახებ (Unidroit Model Law on Leasing, Rome, 13 November, 2008), რომელიც მოიცავს ლიზინგის რეგულირების სფეროში არსებულ მოწინავე წესებსა და საუკეთესო გამოცდილებას, აერთიანებს საერთო სამართლისა და სამოქალაქო სამართლის სისტემებისთვის დამახასიათებელ ტენდენციებს. მოდელური კანონის მიხედვით ლიზინგის მიმღების მიერ გადახდილი საზღაური შეიძლება მოიცავდეს ლიზინგის საგნის ან მისი ნაწილის ამორტიზაციის ხარჯებს (იხ., გოთუა ლ., საქართველოში ფინანსური ლიზინგის განვითარების სამართლებრივი პრობლემები, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი, 3/2021).
15. სსკ-ის 5805 მუხლის თანახმად ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს.
16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5806 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სალიზინგო ურთიერთობის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ლიზინგის საგანი წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობის ძირითად უზრუნველყოფას ანუ ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, ლიზინგის საგანი უბრუნდება ლიზინგის გამცემს და რჩება მის საკუთრებაში/მფლობელობაში, ხოლო ლიზინგის მიმღებს არ აქვს მასზე მფლობელობის აღდგენის მოთხოვნის უფლება.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმებისა და ლიზინგის საგნის მიღების შემდგომ ლიზინგის მიმღებს გააჩნია უპირობო და გამოუთხოვადი ვალდებულება გადაიხადოს სალიზინგო საზღაური; აღნიშნული ვალდებულება არ არის დამოკიდებული ლიზინგის გამცემის მხრიდან ვალდებულების შესრულებასა და/ან სხვა დამატებით ფაქტორებზე. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ლიზინგის მიმღები ახორციელებს ქონებით სარგებლობას, რომელიც არ წარმოადგენს ამ უკანასკნელის საკუთრებას, ხოლო ლიზინგის გამცემის, როგორც მესაკუთრის, ფუნდამენტური უფლებაა იყოს დაცული უკანონო ხელყოფისგან. გარდა ამისა, სალიზინგო ურთიერთობა არის ისეთი სახის მომსახურება, რომლის ფარგლებშიც ლიზინგის მიმღები სალიზინგო საზღაურს იხდის სწორედ ლიზინგის საგნის გამოყენების (მოხმარების/ამორტიზაციის) პროპორციულად. შესაბამისად, მის მიერ სალიზინგო საზღაურების გადაუხდელობა ავტომატურად ანიჭებს მესაკუთრეს (ლიზინგის გამცემს) უფლებას დაიბრუნოს მის საკუთრებაში არსებული ქონება და არ მიეცეს ლიზინგის მიმღებს სხვისი საკუთრების განადგურების (ცვეთის) შესაძლებლობა. სალიზინგო საზღაურის გადაუხდელობა/დარღვევა წარმოშობს ლიზინგის მიმღებისთვის ლიზინგის საგანზე მფლობელობის უფლების უპირობო ჩამორთმევის უფლებას, მასზე მფლობელობის აღდგენის მოთხოვნის უფლების გარეშე (იხ., სუსგ №ას-96-2021, 21.07.2022წ., პ.61).
19. განსახილველ შემთხვევაში, იმ საფუძვლით, რომ ლიზინგის მიმღებმა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება ლიზინგის საზღაურის გადახდის შესახებ, მხარეთა შორის არსებული სალიზინგო ურთიერთობა შეწყდა, ლიზინგის გამცემის ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე. შპს „მ–მ“ დაიბრუნა ლიზინგის საგანი და განახორციელა მისი რეალიზაცია.
20. 2019 წლის 27 ნოემბრის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით ვ.ჩ–ი 20 633.20 ლარის ფარგლებში, სოლიდარულ თავდებად დაუდგა ლიზინგის მიმღებს, 2019 წლის 27 ნოემბერს გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. კერძოდ, თავდებმა ვალდებულება იკისრა, თუ ლიზინგის მიმღები გადააცილებს ლიზინგის თანხის გადახდის ვალდებულების შესრულებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დადგენილ ვადას და უშედეგოდ იქნება გაფრთხილებული, კომპანია უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა უშუალოდ თავდებისგან, ლიზინგის მიმღების მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც. ასეთ შემთხვევაში თავდები პასუხს აგებს მთელი თავის ქონებით თავდებობის ხელშეკრულების ფარგლებში.
21. 2021 წლის 17 ივნისს, შპს „მ–სა“ და შპს „ფ.ჯ–იას“ შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „მ–მ“ მოპასუხეთა მიმართ არსებული მოთხოვნა დაუთმო შპს „ფ.ჯ–იას“.
22. დადგენილია, რომ მოპასუხის დავალიანება ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის განისაზღვრებოდა: ლიზინგის საგნის გადაუხდელ ღირებულებით - 11700 ლარით, სალიზინგო საზღაურით - 1002 ლარით და პირგასამტეხლოთი -1077 ლარით.
23. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 13.7 პუნქტის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების მოქმედება ვადამდე წყდება, ან ლიზინგის გამცემი ცალმხრივად გადის ხელშეკრულებიდან, ლიზინგის გამცემს გააჩნია სრული უფლება გაასხვისოს სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ ფასად და სატრანსპორტო საშუალების გასხვისებით მიღებული თანხით ლიზინგის მიმღების დავალიანება დაფაროს მის მიერვე განსაზღვრული რიგითობით. მოსარჩელემ 2021 წლის 15 იანვარს ხელშეკრულების 13.7 პუნქტის შესაბამისად განახორციელა ლიზინგის საგნის რეალიზაცია, 6500 ლარად. ლიზინგის საგნების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით სრულად დაიფარა სალიზინგო საზღაური და პირგასამტეხლო, ხოლო ძირი ვალდებულება დაიფარა ნაწილობრივ, რის შემდეგაც მოპასუხეს დარჩა ძირი თანხის დავალიანება, 7279 ლარის ოდენობით.
24. კასატორის პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ შპს „მ–მ“ ავტომობილის რეალიზაცია მოახდინა საბაზრო ფასთან შედარებით, ნახევარ ფასში 6500 ლარად, მაშინ, როდესაც რეალურად, ჰქონდა შესაძლებლობა საბაზრო ღირებულების ფარგლებში ავტომობილის გასხვისებით სრულად დაეფარა ლიზინგის ღირებულება 11700 ლარი. შესაბამისად, მას არანაირი ვალდებულება აღარ აქვს მოსარჩელის წინაშე, ვინაიდან ეს სხვაობა, რომელიც ავტომობილის გასხვისების შედეგად იქნა მიღებული, წარმოადგენს მხოლოდ შპს „მ–ს“ ქმედებით გამოწვეულ შედეგს. რეალურად ლიზინგის გამცემს ჰქონდა შესაძლებლობა ავტომობილი გაეყიდა ისეთ ფასში, რომელიც დაფარავდა ძირსაც და პირგასამტეხლოსაც.
25. კასატორის აღნიშნული პრეტენზიის საპასუხოდ, საკასაციო პალატა განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი „affirmanti, non negate, incumbit probatio“ (მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს) პრინციპიდან გამომდინარე, კასატორს აღნიშნულის დასადასტურებლად რაიმე სახის მტკიცებულება წარმოდგენილი არ აქვს. მხარის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება რომ ლიზინგის საგანი გაიყიდა საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლებ ფასად ვერ იქნება მიჩნეული შესაბამის მტკიცებულებად.
26. საკასაციო პალატა, მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი.
27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანასკნელის ნების ავტონომიის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას (იხ.სუსგ. საქმე №ს-126-2024 15.10. 2024წ.).
28. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (შდრ. სუსგ. დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017, პ.201).
29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს, დ.კ–იას, სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია. მოპასუხე ვ.ჩ–მა შესაგებელი კი წარადგინა, მაგრამ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უდავოდ დადგენილად მიიჩნია.
30. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაპყრობს, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 13.7 პუნქტზე, რომლის თანახმად, შპს „მ–ს“გააჩნდა სრული უფლება გაესხვისებინა სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ ფასად. მხარეები არ იყვნენ შეთანხმებულნი, რომ ლიზინგის საგნის რეალიზაცია უნდა მომხდარიყო საბაზრო ღირებულების შესაბამისად. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მოსარჩელის მხრიდან არც ხელშეკრულების დარღვევის და არც მისი არაკეთილსინდისიერი ქცევის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
31. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
32. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
33. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
34. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. 35. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
37. პროცესის ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 08 აგვისტოს განჩინებით, კასატორს, საქმის განხილვის დასრულებამდე, გადაუვადდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი ბაჟის 363.95 ლარის 70%, 254.76 ლარის გადახდა. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 30 % - 109.19 ლარი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ.კ–იას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი