გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.07.2026
საქმის ნომერი
ას-494-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-494-2026 16 ივლისი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - სს „ლ.ბ–ი“ (აპელანტი, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა.ჯ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ბონუსის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებზე უარის თქმა

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და ბონუსის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის 23 აპრილის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე, ა.ჯ–ძე, 2021 წლის 01 ივნისიდან, დასაქმებული იყო სს „ლ.ბ–ში“, საცალო გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

2. დასაქმებულის შრომის ანაზღაურება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე შეადგენდა 11 000 ლარს, საიდანაც კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სახის გადასახადის დაქვითვა დასაქმებულის ხელფასიდან განხორციელდება ბანკის მიერ.

3. სს „ლ.ბ–ის“ 2023 წლის 21 მარტის N122300055 ბრძანებით ა.ჯ–ძე - სს „ლ.ბ–ის“ საცალო გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი, 2023 წლის 24 მარტიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მიეცა კომპენსაცია 2 (ორი) თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, ბანკში განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებების გამო, რამაც განაპირობა ბანკის საცალო გაყიდვების დეპარტამენტის და აღნიშნულ სტრუქტურულ ერთეულში არსებული სამუშაო პოზიციების გაუქმება და სამუშაო ძალის შემცირება. ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, სს „ლ.ბ–ის“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი N541, 14 მარტი, 2023.

4. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები

ბათილად იქნეს ცნობილი სს „ლ.ბ–ის“ N12230005 ბრძანება ა.ჯ–ძესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; ა.ჯ–ძე აღდგენილ იქნეს სს „ლ.ბ–ის“ საცალო დეპოზიტების და საოპერაციო პროდუქტების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე; სს „ლ.ბ–ს“ ა.ჯ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2023 წლის 01 ივნისიდან - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 11 000 ლარის (დასაბეგრი) ანაზღაურება; სს „ლ.ბ–ს“ ა.ჯ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს ბონუსის სახით დავალიანების გადახდა 34 000 ლარის ოდენობით (დაუბეგრავი).

5. მოპასუხის შესაგებელი

5.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ა.ჯ–ძე ნამდვილად მუშაობდა სს „ლ.ბ–ში“. მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში აღნიშნულ გარემოებას მოსარჩელის მიზანმიმართული დისკრედიტაციის შესახებ, რომ ხელმძღვანელობის მიზანი იყო მაღალ პოზიციებზე დანიშნულიყვნენ სასურველი კადრები. ა.ჯ–ძის მიმართ მუდმივად ფიქსირდებოდა კონსტრუქციული კრიტიკა ე/წ ფიდბექ საქმიანობიდან გამომდინარე, რაც სავარაუდოდ უქმნის მოსარჩელეს მიზანმიმართული დისკრედიტაციის განცდას.

5.2. რეორგანიზაციამდე საცალო გაყიდვების დეპარტამენტში, რომლის ხელმძღვანელი იყო ა.ჯ–ძე, შედიოდა შემდეგი განყოფილებები: ა. უზრუნველყოფილი სესხების და პროექტების განყოფილება; ბ. საკრედიტო განყოფილება (არაუზუნველყოფილი სესხები); გ. სოციალური სეგმენტის განყოფილება; დ. საოპერაციო პროდუქტების განყოფილება; ე. ღირებულების შექმნის განყოფილება.

5.3. რეორგანიზაციის შედეგად უზრუნველყოფილი სესხების და პროექტების განყოფილება, საკრედიტო განყოფილება, სოციალური სეგმენტის განყოფილება გადავიდა სასესხო პროდუქტების დეპარტამენტში (2022 წ. დეკემბერი). რეორგანიზაციის შედეგად, ამავე დეპარტამენტში გადავიდა განვადებების განყოფილება და დაემატა არაერთი ფუნქცია (ქსელში გაყიდვების კოორდინაცია: ესკალაციები, ბიზნეს-შემოსავლების დამუშავება) და შესაბამისი თანამშრომელი, რომელიც დეპარტამენტის გამართულად მუშაობისთვის იყო საჭირო. სესხების დეპარტამენტის შექმნის შემდეგ, ა.ჯ–ძე აგრძელებდა მუშაობას თავის პოზიციაზე.

5.4. რეორგანიზაციის შედეგად ღირებულების შექმნის განყოფილება შეუერთდა ახალშექმნილ პერსონალური ბანკინგისა და ღირებულების შექმნის დეპარტამენტს, შეიცვალა თანამშრომლები, დაემატა არა ერთი ფუნქცია (სეგმენტური კამპანიები, დატა ანალიტიკა, კლიენტების ერთგულების ზრდა), რომელიც ამ დეპარტამენტის გამართულად მუშაობისთვის იყო საჭირო. რეორგანიზაციის შედეგად საოპერაციო პროდუქტების განყოფილება გადავიდა საოპერაციო პროდუქტების დეპარტამენტში, სადაც ჩამოყალიბდა „საცალო ოპერაციების და გზავნილების განყოფილება“ და „საცალო დეპოზიტების და ნაკრებების განყოფილება“ და დაემატა არა ერთი ფუნქცია (ქსელში გაყიდვების კოორდინაცია, დეპოზიტების ფასდადება).

5.5. მოსარჩელის გათავისუფლებამდე მისი დაქვემდებარების ქვეშ მყოფი დეპარტამენტის სახელწოდება იყო საცალო გაყიდვების დეპარტამენტი, თუმცა 2022 წლის დეკებრიდან დ.ს–ის დაქვემდებარებაში გადასული იყო სესხების ნაწილი. შესაბამისად, ბოლო პერიოდში ა.ჯ–ძის პასუხისმგებლობის ქვეშ ფაქტობრივად რჩებოდა საოპერაციო განყოფილება და ღირებულების შექმნის განყოფილება.

5.6. 2023 წლის 1 იანვარს, ნამდვილად მოხდა ხელფასის მატება და ცვლილება 2021 წლის 23 აპრილის ხელშეკრულებაში, თუმცა მოსარჩელის თანამდებობის სახელწოდება არ შეცვლილა და ა.ჯ–ძე გათავისუფლების დღემდე რჩებოდა საცალო გაყიდვების დეპარტამენტის უფროსად.

5.7. ხელფასის მატების მოტივს წარმოადგენდა მოსარჩელის შენარჩუნება და მოტივირება ბანკისთვის მნიშვნელოვანი მიზნისთვის, რომელიც გამოიხატებოდა შემდეგში: 2023 წლის თებერვლის დასაწყისში მოსარჩელეს ეცნობა, რომ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მენეჯმენტი აპირებდა შეექმნა პირადი ბანკინგის დეპარტამენტი და დაევალა დაეწყო შესაბამისი სამზადისი, რასაც მოწმობს 2022 წლის თებერვალში და მარტში მიმდინარე მიმოწერები, ხოლო თებერვლის ბოლოს ეცნობა, რომ საოპერაციო მიმართულება გამოიყოფოდა ცალკე და, შესაბამისად, მისი მთელი ყურადღება პირადი ბანკინგის დეპარტამენტის მშენებლობას უნდა მოხმარებოდა. ხელფასის მატება მოწმობს ზუსტად იმას, რომ ბანკს მოსარჩელის მიმართ ჰქონდა პოზიტიური მოლოდინები და განწყობა და აკეთებდა მაქსიმუმს, რომ მასთან ერთად მიეღწია ბანკისთვის სასარგებლო მაქსიმალური შედეგისთვის. სწორედ, მოსარჩელის წახალისების მიზნით მოხდა მისთვის ხელფასის მომატება, როგორც ეს განხორციელდა სხვა თანამშრომლებთან მიმართებაში და სარჩელის საფუძვლიანობასთან რაიმე კავშირში არაა. რეორგანიზაცია, როგორც მთელს დეპარტამენტში, ისევე სრულად საცალო მიმართულებით, ემსახურებოდა მხოლოდ ბიზნესის ეფექტურად მართვას. მოსარჩელის მართვის ქვეშ არსებულ ყველა მიმართულებაში ბიზნეს შედეგები მკვეთრად გაუმჯობესდა მოსარჩელის წასვლის დღიდან.

5.8. ა.ჯ–ძის კომპეტენციებიდან გამომდინარე, მისთვის შეთავაზებული იქნა ოპტიმალური და დიდი მიმართულება, რომელიც ტექნიკურ საბანკო სამუშაოებზე მეტად პირადი ურთიერთობების აწყობას მოიცავს და ესადაგებოდა მოსარჩელის ძლიერ მხარეებს. 2023 წლის მარტში, მოსარჩელესთან შეხვედრას წინ უსწრებდა ამ მიმართულებით არსებული ბანკის მაჩვენებლების გათვალისწინებით რეორგანიზაციის და შტატების ოპტიმიზაციის აუცილებლობა. ახალი დირექტორი მოსვლის დღიდან პირადად იყო ჩართული არსებული სტრუქტურის დაკვირვებით, მისი ტენდენციების კვლევით, კონკრეტულ კადრებთან პირადი კომუნიკაციით და მისი მხრიდან საკურატორო მიმართულების ცვლილების ინიცირება ხდებოდა საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით იმგვარად, რაც ბანკის სწორ განვითარებას უწყობდა ხელს. რეორგანიზაციამდე, ახალი დირექტორის მოსვლისა და ბანკის ახალი რითეილ კონცეფციის შექმნის დღიდან, დირექტორსა და ა.ჯ–ძეს შორის შედგა არაერთი კომუნიკაცია სამუშაოს გაუმჯობესების კუთხით, რაზეც მოსარჩელის ქცევა/მიდგომა იყო ბანკის მიზნებზე არაორიენტირებული და ვერ მიყვებოდა ახალი კონცეფციით დასახულ მოლოდინებს.

5.9. საბოლოოდ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მოხდა რეორგანიზაციის საფუძველზე. რეორგანიზაციის შედეგად შესაბამისი მიმართულების სტრუქტურული ცვლილება შეეხო არაერთ სტრუქტურას და პიროვნებას. ზოგადად, მიმდინარე რეორგანიზაცია ბანკის მასშტაბით დაიწყო 2018 წლიდან და შეეხო ბანკის მთელ სტრუქტურას. საცალო საბანკო მიმართულებითაც ახალი დირექტორის მოსვლის შემდეგ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საბოლოოდ ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურა და მანამდე სტრუქტურაში არსებული დეპარტამენტის უფროსებიდან, მათი უმრავლესობა დაკომპლექტებულია ახალი კადრებით (მხოლოდ 2 დეპ. უფროსია შენარჩუნებული), რადგან ძველი კადრებიდან უდიდესი უმრავლესობა ახალ მოცემულობას ვერ მოერგო, ვერ ნახა მისი ადგილი ახალ სტრუქტურულ ერთეულებში (სხვადასხვა მიზეზით), გადაინაცვლა სხვა სტრუქტურაში ა.შ. 2023 წლის 16 მარტს რეორგანიზაცია იყო დასრულებული (დირექტორთა საბჭოს ოქმი მიღებულია 2023 წლის 14 მარტს) და ის დეპარტამენტი, რომელსაც ა.ჯ–ძე ხელმძღვანელობდა, აღარ არსებობდა. შესაბამისად, მოსარჩელეს მხოლოდ კეთილი ნების საფუძველზე შეეთავაზა ურთიერთშეთანხმებით წასვლა, თუ იყო მისთვის უფრო მისაღები როგორც პირადი შრომით ისტორიის, ისე კომპენსაციის თვალსაზრისით, რასაც მისი მხრიდან მოყვა უარყოფითი რეაქცია.

5.10. მოსარჩელემ ბანკის კუთვნილი კომპიუტერი ბანკის გარეთ 16 მარტის შეხვედრის შემდეგ გაიტანა, რაზეც ბანკის რისკების მიმართულებით გაჩნდა დასაბუთებული ეჭვი, რომ იგი შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული ბანკის ინტერესების საწინააღმდეგოდ, კერძოდ, მომხდარიყო ბანკის კუთვნილი ინფორმაციის გადინება ან მესამე პირისთვის გადაცემა. კორპორაციული სახელმძღვანელოს 10.7 მუხლის მიხედვით, ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე, დაუშვებელია მოწყობილობის, ინფორმაციის, პროგრამული უზრუნველყოფის გარეთ გატანა, მიუხედავად მათი შენახვის ფორმისა და შემნახველი მედიისა. მოსარჩელე უარს აცხადებდა კომპიუტერის მოტანაზე, რამაც ბანკი იძულებული გახადა, მოეხდინა პროგრამული უზრუნველყოფის წვდომების გათიშვა. საბოლოოდ, კომპიუტერი ა.ჯ–ძემ ბანკში მოიტანა თავად. რეორგანიზაციის შედეგად, ა.ჯ–ძის დაქვემდებარებულმა დეპარტამენტმა შეწყვიტა ფუნქციონირება და იგი აღარ არსებობს.

5.11. ბონუსის გაცემა არის ბანკის დისკრეცია და არა ვალდებულება, რაც გაწერილია კორპორაციულ სახელმძღვანელოსა და ხელშეკრულებაში და მისი გაცემა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბონუსის განაწილების პერიოდისთვის დასაქმებული კვლავ ბანკის თანამშრომელია. ამდენად, ბონუსის მოთხოვნის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი წინაპირობა სახეზე არაა.

5.12. ა.ჯ–ძეს მისი უშუალო ხელმძღვანელისგან 2022 წლის წლიურ შეფასებაში მიღებული აქვს 2.9 შეფასება, რაც ძალიან დაბალია. რეორგანიზაციის დროს პროცესების და ადამიანების ცვლილება ხდებოდა ნელ-ნელა და წინასწარ არც ერთი კადრი გამიზნულად შერჩეული არ ყოფილა, როგორც ამას მოსარჩელე აცხადებს. ამდენად, ბანკის მასშტაბით არ არსებობს არც ერთი სტრუქტურა, რომელიც შეიძლება იყოს იგივე ან ტოლფასი ფუნქციების მატარებელი. 2023 წლის მარტისთვის საოპერაციო პროდუქტების და დეპოზიტების მართვის ფუნქცია შეითავსა თინათინ ნეფარიძემ, თუმცა ეს დეპარტამენტი ა.ჯ–ძის თანამდებობის იდენტური არაა მისი ფუნქციური სხვაობის გამო. დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია, აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესების საფუძველზე განხორციელდა რეორგანიზაცია.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილებით ა.ჯ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სს „ლ.ბ–ის“ 21.03.2023წ. ბრძანება ა.ჯ–ძესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; სს „ლ.ბ–ს“ ა.ჯ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის 38 069,224 ლარის (ხელზე მისაღები თანხა) ოდენობით ანაზღაურება; სს „ლ.ბ–ს“ ა.ჯ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ბონუსის 34 000 ლარის (ხელზე მისაღები თანხა) ანაზღაურება; სარჩელი დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

7. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის განჩინებით, სს „ლ.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ა.ჯ–ძის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტის შეცვლით საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება: სს „ლ.ბ–ს“ ა.ჯ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის 45 584 ლარის (ხელზე მისაღები თანხა) ოდენობით ანაზღაურება.

8.2. სასამართლომ მიუთითა შემდეგი: პალატა სიტყვა ბონუსის მნიშნელობის, შრომით ხელშეკრულებაში მისი გათვალისწინებისა და გაცემის წესების ურთიერთშეჯერების შედეგად ეთანხმება მოსარჩელის ლოგიკას, რომლის მიხედვითაც მისი გაცემა მხოლოდ ბანკის ნებასურვილზე დამოკიდებული გარემოება კი არაა არამედ დასაქმებული პირის მიერ წინასწარ განსაზღვრული გეგმის დაძლევის, ზედმიწევნით და მეტად შესრულების გამო კანონზომიერი და პერიოდული და არაყოველთვიური გასაცემელია. ამდენად, ბონუსი როგორც გასაცემელი დამოკიდებულია როგორც დამსაქმებლის ნებაზე, ასევე დასაქმებულის მიერ ინდივიდუალურად ან გუნდურად შესასრულებელი სამუშაოს წარმატებულობაზე.

8.3. დამსაქმებელმა მოსარჩელეზე რამდენჯერმე უკვე გასცა ბონუსი და, რა თქმა უნდა, ლოგიკურია რომ სხვა მსგავს სიტუაციაში იგი კვლავ გასცემდა ბონუსს. თუ კი გეგმის გადამეტებით შესრულებას შედეგად არ მოჰყვება ბონუსის გაცემა, პალატას ლოგიკას მოკლებულად მიაჩნია რაიმე სახის მოტივაცია ჰქონდეს დასაქმებულს იმაზე მეტად იზრუნოს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე, ვიდრე სტანდარტულად, გეგმიურად ევალება.

8.4. პირველი აპელანტის პოზიცია, რომ ბონუსს მხოლოდ დასაქმებული პირები იღებენ, ლოგიკას მოკლებულია, რადგან ხელფასსაც დასაქმებული პირები იღებენ, თუმცა იმის გამო, რომ უკანონოდ გათავისუფლდა მოსარჩელე, ხელფასის აუღებელი ნაწილი დამსაქმებელს დაეკისრა პასუსისმგებლობის ზომად. დადგენილია რა მოსარჩელის დეპარტამენტში ყველა პირის მიერ ბონუსის მიღების ფაქტი, ლოგიკურია, რომ ბონუსის თანხა 34 000 ლარის ოდენობით უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

9. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

9.1. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ბონუსის დაკისრების ნაწილში.

9.2. კასატორის მითითებით, ბონუსი უნდა მიეცეს მხოლოდ იმ ირს, რომელიც გაცემის დროისთვის დასაქმებულია. ასევე, ბონუსის გაცემა დამოკიდებული იყო მხოლოდ დამსაქმებლის ნებაზე, ამიტომ, დაუსაბუთებელია რატომ დააკმაყოფილა სასამართლომ ბონუსის გაცემა.

9.3. სარჩელში მითითებული იყო გარემოებები, რომლებიც ადგენდა თუ რატომ არ იმსახურებდა მოსარჩელე ბონუსს. კერძოდ, ხელმძღვანელმა პირებმა შეაფასეს მისი შედეგები დასახულ მიზნებთან, რაც ბევრად მცირე აღმოჩნდა, რაც ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ცხადი გახდა. ასევე მითითებულია შესაგებელში, რომ ა.ჯ–ძის შეფასება უშუალო ხელმძღვანელისგან 2022 წლის შეფასებაში დაბალი - 2.9 ქულაა. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მსჯელობა, რომ თითქოს ბონუსსაც მიიღებდა თანამშრომელი გათავისუფლების პერიოდში, დაუსაბუთებელია, რამდენადაც დამსაქმებელი არც კი აპირებდა მისთვის ბონუსის გადაცემას. ამასთან, საქმეში არ მოიძებნება საპირისპირო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელე აუცილებლად მიიღებდა ბონუსს. ამიტომ, ის, რომ ბანკის სრული დისკრეციაა ბონუსის გაცემის საკითხი, ხოლო მერე ის, რომ მოსარჩელის სამსახურებრივი შეფასებები არ იძლეოდა მისთვის ბონუსის დაკისრებას შესაძლებლობას, ორმაგად ამართლებს ბინის სამსახურებრივ პოზიციას.

9.4. საჩივრის თანახმად, სასამართლოს საორიენტაციოდ ბონუსის განსასაზღვრად გააჩნდა მხოლოდ შრომითი ხელშეკრულება, რომლის არცერთი მუხლი არ მოიცავს ბონუსის როგორც აუცილებელი გასაცემლის ინსტიტუტის შეფასებას და ბონუსი არის ისეთი გასაცემელი, რაც დაკავშირებულია მხოლოდ დამსაქმებლის კეთილ ნებასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა მოსარჩელე კვლავ დასაქმებული ყოფილიყო, თუმცა ბონუსი საერთოდ არ მიეღო.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 15 მაისის განჩინებით, აღნიშნული საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული. ხოლო, 2025 წლის 2 ივლისის განჩინებით დასაშვებადაა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც ითვალისწინებს იმ შედეგს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველ სამართლებრივ შედეგს (სუსგ. №ას-189-2020, 20 აპრილი, 2022).

14. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის კვლევის საგანია, შრომითი ურთიერთობის პირობებში ბონუსის გაცემის მართლზომიერების საკითხი, რაც, სააპელაციო პალატის შეფასებით, სავალდებულო გასაცემელს გულისხმობს. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ იმსჯელებს მხოლოდ საკასაციო შედავების ფარგლებში, ბონუსის ნაწილში გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე.

15. პირველ რიგში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სსკ-ის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. “pacta sunt servanda“- ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.

16. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ბონუსის განმარტებასთან დაკავშირებით მითითებულ მოტივაციაში, სადაც სასამართლო საუბრობს ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტებასა და შევსებით განმარტებაზე, რამდენადაც მათი გამოყენების აუცილებლობა სწორედ იმ დროსაა, როდესაც სახეზეა ორაზროვანი, მრავალმნიშნველოვანი გამონათქვამი, რომლებიც დაზუსტებას საჭიროებენ, როდესაც მათი მნიშვნელობა,შინაარსი სადავოა მხარეებისთვის, ან როდესაც (შევსებითი), მხარეებს გამორჩენილი აქვთ სადავო საკითხის მომწესრიგებელი პირობები. განსახილველ შემთხვევაში, ასეთი მოცემულობა სახეზე არაა, რამდენადაც ხელშეკრულების ხელშეკრულების პირობებშია (3.2.6 პუნქტი) მოწესრიგებული ბონუსის საკითხი, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ „ბანკი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ გადაუხადოს დასაქმებულს ბონუსი ყოველწლიურად, ბანკი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას ბონუსის გაცემის პირობების განსაზღვრის ცვლილების ან გაუქმების შესახებ, დასაქმებულისთვის ცნობილია, რომ ბონუსის გაცემა დამოკიდებულია მხოლოდ ბანკის ნებაზე და წინამდებარე ხელშეკრულება არ ავალდებულებს ბანკს ნებისმიერ შემთხვევაში გასცეს დასაქმებულზე ბონუსი, არამედ მხოლოდ განსაზღვროს მისი გაცემის წესი.“

17. საკასაციო პალატის შეფასებით, დასახელებული სახელშეკრულებო პირობა ბონუსის გაცემის შესახებ ცხად და არაორაზროვან მოწესრიგებას ადგენს, რომლის თანახმად, ბონუსის გაცემა ცალსახად წარმოადგენს ბანკის პრეროგატივას და არ ექვემდებარება არანაირ სამსახურებრივ საფუძველს - წარმატებულად იმუშავებს თუ არა თანამშრომელი. სააპელაციო პალატის მსჯელობა („დამსაქმებელმა მოსარჩელეზე რამდენჯერმე უკვე გასცა ბონუსი და, რა თქმა უნდა, ლოგიკურია რომ სხვა მსგავს სიტუაციაში იგი კვლავ გასცემდა ბონუსს. თუ კი გეგმის გადამეტებით შესრულებას შედეგად არ მოჰყვება ბონუსის გაცემა, პალატას ლოგიკას მოკლებულად მიაჩნია რაიმე სახის მოტივაცია ჰქონდეს დასაქმებულს იმაზე მეტად იზრუნოს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე, ვიდრე სტანდარტულად, გეგმიურად ევალება“) ეწინააღმდეგება მხარეებს შორის ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის საფუძველზე მიღწეულ შეთანხმებას, რომ ბონუსი არ არის სავალდებულო გასაცემელი, სხვაგვარად კი შესაძლოა დასკვნის გამოტანა, რომ ბონუსის გაცემას დამსაქმებლის მხრიდან ტენდენციური ხასიათი აქვს და დამოკიდებულია დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულებაზე, რომ თუ კი დასაქმებული სამუშაოს გადამეტებით შეასრულებს, ან/და შესრულებული საქმე ჯეროვანი, ხარისხიანი იქნება, თითქოს დამსაქმებელი ავტომატურად ხდება ვალდებული დასაქმებულს გადაუხადოს ბონუსი. ასეთი მსჯელობა ბონუსის, როგორც დამსაქმებლის მიერ გადახდის უფლებამოსილებას, არა ვალდებულების შინაარსს ცალსახად ეწინააღმდეგება და ხელფასის სახეს იძენს, რამდენადაც სწორედ ხელფასი და არა ბონუსი შეიცავს სავალდებულო გადახდის სამართლებრივ საფუძველს. საპირისპირო განმარტება ბონუსს ფაქტობრივ ხელფასად აქცევს, რაც აღნიშნული ინსტიტუტის უსაფუძვლო უგულებელყოფას გულისხმობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მხარეები ცალსახად და არაორაზროვნად მიუთითებენ მისი გადახდის წესზე.

18. აღნიშნულთან დაკავშირებით, თუნდაც მხარეებს არ ჰქონდეთ განსაზღვრული ბონუსის გაცემის წესი, საკასაციო პალატა დამატებით მოიხმობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმად, ბონუსი დამსაქმებლის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება და არ წარმოადგენს მის ვალდებულებას, თუკი ეს პირდაპირ და ცალსახად არ არის შეთანხმებული მხარეთა შორის, როგორც შრომის ანაზღაურების ფიქსირებული ნაწილი. უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში, იძულებითი განაცდურის გაანგარიშებისას ბონუსი, როგორც „საალბათო გასაცემელი“, ჩვეულებრივ, არ ანაზღაურდება.

19. ერთ-ერთ საქმეში (სუსგ. № ას-1526-2023) საკასაციო სასამართლომ იმსჯელა იძულებითი განაცდურის ფარგლებში ბონუსის ანაზღაურების მოთხოვნის მართლზომიერებაზე, სადაც განიმარტა, რომ შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტისას, უფლებრივი რესტიტუციის მიზანია იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის მიმყენებელი გარემოება. თუმცა, სასამართლომ მკაფიოდ გამიჯნა ერთმანეთისგან ფიქსირებული შრომის ანაზღაურება და ბონუსი, რომელიც დამსაქმებლის ნებაზეა დამოკიდებული. როდესაც შრომითი ხელშეკრულებით ბონუსის გაცემა დამოკიდებულია კომპანიის ფინანსურ შედეგებზე, დასახული გეგმების შესრულებაზე და დამსაქმებლის ერთპიროვნულ შეხედულებაზე, ასეთი გასაცემელი წარმოადგენს საალბათო გასაცემელს. ის ფაქტი, რომ დამსაქმებელი წარსულში გასცემდა ბონუსს, არ წარმოშობს მისი მომავალში გაცემის ავტომატურ ვალდებულებას. შესაბამისად, ბონუსი არ განიხილება იმ მიუღებელ შემოსავლად, რომლის მიღების გარანტირებული მოლოდინი დასაქმებულს უნდა ჰქონოდა.

20. სხვა საქმეზე (სუსგ. № ას-1055-2024) სასამართლომ განიხილა კომერციული დირექტორის მოთხოვნა საბონუსე სისტემით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების თაობაზე და აღნიშნა, რომ შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობა, რომლის მიხედვითაც ბონუსი გაიცემა „დამსაქმებლის შეხედულებისამებრ“, გამორიცხავს დასაქმებულის უფლებას, მოითხოვოს მისი იძულებითი გადახდა. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დამსაქმებელი თავად წყვეტს, რამდენად ჯეროვნად შეასრულა დასაქმებულმა სამუშაო და არის თუ არა სახეზე წახალისების საფუძვლები. ვინაიდან საბონუსე პოლიტიკა არ იყო მხარეთა შორის შეთანხმებული, როგორც სავალდებულო სახელშეკრულებო პირობა, მისი ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. როდესაც ბანკია დამსაქმებელი

21. სხვა საქმეზე ( სუსგ. № ას-54-2024) საკასაციო სასამართლომ იმსჯელა საბანკო დაწესებულებიდან უკანონოდ გათავისუფლებული კრედიტ-ოფიცრის მოთხოვნაზე, რომელიც იძულებითი განაცდურის სახით ითხოვდა არა მხოლოდ ფიქსირებულ ხელფასს, არამედ საშუალო ყოველთვიურ ბონუსსაც, სასამართლომ განმარტა, რომ შრომის ანაზღაურების საკითხი გულისხმობს იმ მდგომარეობის აღდგენას, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუმცა, სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბონუსის ბუნება არსებითად განსხვავდება ფიქსირებული ხელფასისგან. წარსულში ბონუსის გაცემის ფაქტი არ წარმოშობს დამსაქმებლის ვალდებულებას, მომავალშიც აუცილებლად გასცეს იგივე ანაზღაურება. ვინაიდან ბონუსი არ იყო შრომითი ხელშეკრულების გარანტირებული პირობა, იგი არ განიხილება იმ „მიუღებელ შემოსავლად“, რომლის ანაზღაურებაც იძულებითი განაცდურის ფარგლებში სავალდებულოა.

22. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების მოწესრიგებაზე, სადაც ბონუსზე პირდაპირაა მითითებული, რომ „ბანკი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ გადაუხადოს დასაქმებულს ბონუსი ყოველწლიურად, ბანკი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას ბონუსის გაცემის პირობების განსაზღვრის ცვლილების ან გაუქმების შესახებ, დასაქმებულისთვის ცნობილია, რომ ბონუსის გაცემა დამოკიდებულია მხოლოდ ბანკის ნებაზე და წინამდებარე ხელშეკრულება არ ავალდებულებს ბანკს ნებისმიერ შემთხვევაში გასცეს დასაქმებულზე ბონუსი, არამედ მხოლოდ განსაზღვროს მისი გაცემის წესი.“ შესაბამისად, ცალსახაა, რომ ბანკის დისკრეციაზე იყო დამოკიდებული ბონუსის გაცემის უფლებამოსილება. არ იყო მისი გაცემა სავალდებულო წესი. შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იზიარებს რა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, ეთანხმება კასატორის დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არამართლზომიერად დააკისრა ბონუსის გადახდის ვალდებულება, თუნდაც იმის ფონზე, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი.

23. ამდენად, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და მათი სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს „ლ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების პირველი და მე-5 პუნქტები:

3. ა.ჯ–ძის სასარჩელო მოთხოვნა სს „ლ.ბ–ის“ მიმართ ბონუსის სახით 34 000 ლარის (ხელზე მისაღები თანხა) დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

4. ა.ჯ–ძეს სს „ლ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში სს „ლ.ბ–ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჯამური ოდენობა - 3060 ლარი;

5. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი და სს „ლ.ბ–ი“ 1020 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლდეს;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი