დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1115-2026 25 სექტემბერი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ა.ყ.კ–ა“ (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ე.ზ–ძე (აპელანტი, მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების/ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით ე.ზ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1.1. ბათილად იქნა ცნობილი შპს „ა.ყ.კ–ის“ 2024 წლის 19 თებერვლის №5 ბრძანება ე.ზ–ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
1.2. ე.ზ–ძის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა;
1.3. მოპასუხე შპს „ა.ყ.კ–ას“ ე.ზ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 5000 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით.
1.4. შპს „ა.ყ.კ–ას“ მოსარჩელე ე.ზ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2024 წლის 17 თებერვლიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 2091.32 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით
2. აღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ა.ყ.კ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ე.ზ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.4 პუნქტი, რომლითაც შპს „ა.ყ.კ–ას“ მოსარჩელე ე.ზ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2024 წლის 17 თებერვლიდან - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 2091.32 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება. შპს „ა.ყ.კ–ას“ მოსარჩელე ე.ზ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2024 წლის 17 თებერვლიდან - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 5000 (ხუთი ათასი) ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით ანაზღაურება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა შპს „ა.ყ.კ“-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული ვადის გასვლამდე, კასატორმა 2026 წლის 24 სექტემბერს, განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და განაცხადა უარი საკასაციო საჩივარზე (ა-4477-2026).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა.ყ.კ“-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს.
სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით, ხოლო ამავე კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
8. განსახილველ შემთხვევაში, 2026 წლის 24 სექტემბერს, კასატორმა კასატორმა განცხადებით მომართა (ა-4477-26) საკასაციო პალატას და უარი განაცხადა საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
9. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე. როგორც აღინიშნა, გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე მხოლოდ მხარის უფლებას წარმოადგენს და თუ მხარე უარს განაცხადებს მასზე, სასამართლო უფლებამოსილი არ არის მიიღოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში და განიხილოს იგი.
10. კასატორმა საკასაციო საჩივარზე უარის თქმით განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია. საკასაციო საჩივარზე უარის თქმა მის წარმოებაში მიღებამდე მისი განუხილველად დატოვების საფუძველია (შდრ. სუსგ Nას-37-36-2014, 17.02.2014).
11. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რადგან კასატორმა იქამდე განაცხადა უარი საკასაციო საჩივარზე, ვიდრე სასამართლო იმსჯელებდა მის წარმოებაში მიღებაზე, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 284-ე-285-ე, 372-ე და 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ა.ყ.კ–ის" საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: მირანდა ერემაძე