დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-633-2025
3 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – რ.ვ–ძე, თ.მ–ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შ.ს–ი (მოპასუხე)
დავის საგანი – აუცილებელი გზის დადგენა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
რ.ვ–ძემ და თ.მ–მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში, შ.ს–ის მიმართ, აუცილებელი გზის დადგენის მოთხოვნით.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. მოპასუხემ შ.ს–მა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და დასაბუთება
4.1. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით, რ.ვ–ძის და თ.მ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა .
4.2. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განჩინებით, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5.2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.2.1. უძრავი ქონება მდებარე ქალაქი ქობულეთი, .........., საკადასტრო კოდით ........., (არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 1404.00 კვ.მ.), წარმოადგენს თ.მ–ის საკუთრებას. თ.მ–ი და რ.ვ–ძე ცხოვრობენ იმავე მისამართზე. (ამავე მიწის ნაკვეთზე განთავსებულია სახცოვრებელი სახლი და საოჯახო ტიპის სასტუმრო (ს.ფ.27; 156; ადგილზე დათვალიერების ოქმი)).
5.2.2. უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი ქობულეთი, ..........., საკადასტრო კოდით .......... (არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 707.00 კვ.მ.), წარმოადგენს შ.ს–ის საკუთრებას 2005 წლის 2 სექტემბრიდან დღემდე (ს.ფ. 25;111-112, 162-163).
5.2.3. უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით ..........) შ.ს–ის საკუთრებად რეგისტრაციის საფუძველია 2005 წლის 29 აგვისტოს, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული ნოტარიუს მ.კ–ძის მიერ (ს.ფ. 52-56). ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათში, რომელიც შედგენილია 2005 წლის 2 სექტემბერს, მითითებულია, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართი 707 კვ.მ-ს შეადგენს (ს.ფ. 110).
5.2.4. თ.მ–ის საკუთრებაში არსებული, .......... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდით ......... ქობულეთში, ......... მხრიდან არ გააჩნია დამაკავშირებელი გზა. ყველა კომუნიკაცია ......... ქუჩიდანაა. ექსპერტის დასკვნა (ს.ფ. 30-32).
5.2.5. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 28.04.2023 წლის №002837923 დასკვნის თანახმად, ქ. ქობულეთში, .............. (ს/კ ..........) რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე (ს/კ ..........) რიცხულ მიწის ნაკვეთს, ფაქტობრივად არსებული მდგომარეობით, საჯარო გზასთან კავშირი, მისასვლელი გზა გააჩნია ....... სანაპიროს მხრიდან.
5.2.6. ექსპერტიზის დასკვნას ერთვის ფოტოცხრილი და სიტუაციური ნახაზი, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული №.......... საკადასტრო კოდით აღრიცხულ მიწის ნაკვეთს მისასვლელი გზა გააჩნია ........ სანაპიროს საავტომობილო გზის მხრიდან (ს.ფ. 94).
5.2.7. მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერითა და სააპელაციო სასამართლოს ადგილზე დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ მოსარჩელე თ.მ–ის კუთვნილ №....... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთს, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი, გააჩნია ......... სანაპიროს საავტომობილო გზასთან დამაკავშირებელი ორფრთიანი კარები, ჭიშკარი. ........ სანაპიროს საავტომობილო გზა თავის მხრივ პერპენდიკულარულად, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, გადამკვეთი ქუჩით უკავშირდება ....... გამზირს (ს.ფ. 101; 166-167).
5.2.8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 06.08.2024 წლის წერილით, ქ. ქობულეთში, ....... მდებარე მოქალაქე თ.მ–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გაცემული სამშენებლო დოკუმენტაციით დგინდება, რომ მისასვლელ გზად განსაზღვრულია ......... სანაპირო.
5.2.9. მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მიმდინარე მშენებლობისთვის საჭირო სამშენებლო მასალა და ტექნიკა, მათ შორის ავტოამწე, ....... სანაპიროს ქუჩიდან მდებარე ჭიშკრის მეშვეობით შედის ნაკვეთში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს ს.კ №......... გააჩნია საჯარო სივრცესთან დამაკავშირებელოი ალტერნატიული მისასვლელი (ს.ფ. 166-167).
5.2.10. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 28.04.2023 წლის №002840323 დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ქალაქ ქობულეთში, .......... მდებარე (ს/კ .......)-ით რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მიწის ნაკვეთის ყიდვიდან (2005 წლიდან) დღემდე არ განუცდია კონფიგურაცია/ცვლილება (ს.ფ. 105).
5.2.11. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკითხული მოწმის რ.რ–ძის ჩვენებით დადგენილია, რომ ....... სანაპიროს ქუჩა ასფალტის საფარიანია, მოწყობილია განათება, საცხოვრებელი სახლები გადანომრილია. ადგილობრივი მაცხოვრებლები გადაადგილდებიან ავტომანქანებით და დამაკავშირებელი გზების მეშვეობით, უშუალოდ უკავშირდებიან ........ გამზირს. თ.მ–ის მიწის ნაკვეთს ........ სანაპიროს ქუჩის მხრიდან აქვს სამანქანე ჭიშკარი, რომლის გავლით, ავტომანქანით შედის თავის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთში და მშენებლობისათვის საჭირო ტექნიკაც ნაკვეთში შეყავს ......... ქუჩიდან (ს.ფ. 197-202).
5.2.12. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, საჯარო სივრცესთან დამაკავშირებელი ალტერნატიული მისასვლელი არ გააჩნია. მოსარჩელის მიწის ნაკვეთს გააჩნია სხვა ალტერნატიული მისასვლელი და ამ პირობებში საქმეში არ არის წარმოდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მიუხედავად ალტერნატიული მისასვლელისა, დამატებით დამაკავშირებელი გზა მოსარჩელის კუთვნილი მისი ნაკვეთით სარგებლობისთვის, სასიცოცხლოდ აუცილებელია
5.3. სააპელაციო პალატის განმარტებით, დავის ფარგლებში სარჩელის საგანია მეზობელ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი სარგებლობის გზის დადგენა. ასევე, გამოსარკვევია გააჩნია თუ არა მოსარჩელის მიწის ნაკვეთს საჯარო გზასთან ჯეროვანი კავშირი და ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ადგილი ხომ არ აქვს მოპასუხის თვითნებური მოქმედებით უკვე არსებული დაკავშირების გაუქმებას.
5.4. სააპელაციო სასამართლოს შესაფასებელია არსებული ალტერნატიული ვარიანტის არსებობის პირობებში, რომელია ოპტიმალური გზა, რომლითაც თანაბრად იქნება დაცული მხარეთა კანონიერი ინტერესები და რომელიც უსამართლოდ არ შეზღუდავს რომელიმე მხარის უფლებას.
5.5. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით (ექსპერტიზის დასკვნები, თვით ექსპერტის განმარტებები, ადგილზე დათვალიერებით დადგენილი გარემოებები, საქმეში წარმოდგენილი წერილები, მოწმის ჩვენება და სხვა მტკიცებულებები), დაადგინა, რომ მოსარჩელეების მიწის ნაკვეთზე შესასვლელად ნამდვილად არსებობს ალტერნატიული გზა ...... ქუჩის მხრიდან.
5.6. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების პრეტენზია, რომ სადავო გზა ოდითგანვე არსებობდა და მოპასუხის საკუთრებაში, არსებული ნაკვეთის კონფიგურაციის ცვლილების შედეგად მოჰყვა. ამასთან, მოსარჩელე არ შედავებია, სადავო ფართზე მოპასუხის საკუთრების უფლებას. მოპასუხის შედავების მიხედვით, კი მოსარჩელეს საშუალება აქვს ...... ქუჩიდან ჰქონდეს კავშირი და მისასვლელი გზა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან და ამისათვის მოპასუხის კუთვნილი ნაკვეთის გზად გამოყენების აუცილებლობა მოსარჩელის მიერ არაა დადასტურებული.
5.7. სააპელაციო სასამართლოს ადგილზე დათვალიერების ოქმით დადასტურდა, რომ მოსარჩელე თ.მ–ის კუთვნილ №....... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთს, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი, გააჩნია ...... სანაპიროს საავტომობილო გზასთან დამაკავშირებელი ორფრთიანი კარები, ჭიშკარი. ...... სანაპიროს საავტომობილო გზა თავის მხრივ პერპენდიკულარულად, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, გადამკვეთი ქუჩით უკავშირდება ......... გამზირს (ს.ფ. 101; 166-167). საგულისხმოა, რომ ....... გამზირზე საავტომობილო გზის წყვეტილი მონიშვნა, საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირს, დაუბრკოლებლად გადაადგილდეს ...... სანაპიროს მიმარეთულებით ორივე მხრიდან. (იხ. ადგილის დათვალიერების ოქმი).
5.8. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის 105-ე, 172- ე მუხლების საფუძველზე გაზიარებული ვერ იქნება ექსპერტის დასკვნა (ს.ფ. 30-32), იმის შესახებ, რომ თ.მ–ის საკუთრებაში არსებული, ........ გამზირი №..... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდით ....... ქობულეთში, ...... გამზირის მხრიდან არ გააჩნია დამაკავშირებელი გზა. ექსპერტის მტკიცება, რომ ყველა კომუნიკაცია ...... ქუჩიდანაა, ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება საქმეში არსებულ და სასამართლოს მიერ გამოკვლეულ მტკიცებულებებს. (იხ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 06.08.2024 წლის წერილი; ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 28.04.2023 წლის №002837923 დასკვნა; ადგილზე დათვალიერების ოქმი).
5.9. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, ....... ქუჩიდან საჯარო სივრცესთან კავშირის აუცილებლობა. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს გააჩნია საჯარო მისასვლელი ...... ქუჩიდან, მოსარჩელეთა მხრიდან, დამატებით, ....... ქუჩიდან სხვისი საკუთრების გავლით, დამატებითი მისასვლელის მოთხოვნის აუცილებლობა მაღალი ხარისხის მტკიცებას მოითხოვს, რაც მოსარჩელემ, მიუხედავად წარმოდგენილი მტკიცებულებებისა, ვერ შეძლო. ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, ალტერნატიული გზის არსებობის პირობებში, რატომ უნდა დადგინდეს აუცილებელი გზა მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გავლით, რაც ბუნებრივია, შ.ს–ის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთის მიჯნაზე მოწყობილი ჭიშკარის მოშლის გარეშე შეუძლებელი იქნება.
5.10. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს საჯარო სივრცესთან და კომუნიკაციებთან დამაკავშირებელი ალტერნატიული მისასვლელი გააჩნია. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება 180-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა კონკრეტულ დავასთან მიმართებით. ამასთან, აპელანტების (მოსარჩელეების) მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომ სადავო ფართის წინა მესაკუთრისაგან უფლება ჰქონდათ მიღებული მისი ნაკვეთის გზად გამოყენებისა და მიწის ნაკვეთის ნასყიდობისას არსებობდა დათქმა იმის შესახებ, რომ შ.ს–ის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე, მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრეს (მოსარჩელეებს) აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება გააჩნდა. აღნიშნული გარემოება არც მოსარჩელეს მიუთითებია და საქმეში წარმოდგენილი არცერთი წერილობითი მტკიცებულებებით არ დასტურდება. მისასვლელ გზაზე შეთანხმება არ დასტურდება არც საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით და ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან.
5.11. სააპელაციო პალატის განმარტებით, სადავო არაა რეესტრის ჩანაწერის სისწორე და არც რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლება. აუცილებელ გზათ მოთხოვნილი მიწის ფართზე შ.ს–ის საკუთრების უფლებას მოსარჩელე ადასტურებს, ამასთან, არსებობს მოსარჩელე თ.მ–ის საკუთრებად აღრიცხული მიწის ნაკვეთის საჯარო სივრცესთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზა ...... ქუჩიდან, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილება, ფაქტობრივად შ.ს–ის საკუთრების უფლების გაუქმების ტოლფასად შეიძლება შეფასდეს. მაშინ, როდესაც ეს უფლება სარჩელის დავის საგანს არ წარმოადგენდა.
5.12. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 180-ე მუხლიდან გამომდინარე, განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში საჯარო სივრცესთან ჯეროვანი კავშირის შეუძლებლობის დამადასტურებელი რაიმე გარემოება საქმის არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ დადგენილა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები თავიანთ მოთხოვნას აფუძნებენ იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე თავიდანვე არსებობდა მოსარჩელეების მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საერთო სარგებლობის საზოგადოებრივი გზა, რომელიც მოპასუხემ დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში.
5.13. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი იმ შემთხვევაში იარსებებდა, თუ მოპასუხის საკუთრების უფლების შეუდავებლობასთან ერთად, მოსარჩელე დაამტკიცებდა, რომ მის მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აუცილებელი გზის დადგენის გარდაუვალობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზე იყო, რომელმაც სათანადო, სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებებით ვერ უზრუნველყო საკუთარი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამტკიცება, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
5.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განჩინება მოსარჩელეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
6. კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები
6.1. მოსარჩელეებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
6.2. საკასაციო საჩივარში კასატორები მიუთითებენ, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ იმსჯელეს საჯარო რეესტრის იმ განმარტებაზე, რომლის თანახმადაც მოპასუხის მიერ 2005 წლის 29 სექტემბერს შეძენილ ქონებაზე კოდი შეიცვალა, რომელმაც მხოლოდ 2010 წელს მიმართა საჯარო რეესტრს მიწის ცვლილებისთვის, რა დროსაც მიენიჭა ახალი კოდი. ტექბიუროს მასალების თანახმად, იმ დროისთვის მიწის ნაკვეთი დაუზუსტებელი იყო.
6.3. კასატორების განმარტებით, მხარეთა მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები ურთიერთსაპირისპიროა. სსიპ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელიც ადგილზე გაუსვლელად მომზადდა დაუსაბუთებელია, ვინაიდან მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების საფუძველზეა დადგენილი, რომ კასატორებს გზასთან კავშირი და მისასვლელი აქვს ...... სანაპიროს მხრიდან, თუმცა არ მიუთითებია, რომ მისამართი და საჯარო კავშირები ...... მხრიდან არის. ხოლო ...... მხრიდან ეზოში შესვლა და სახლამდე მისვლა შეუძლებელია, ამ ქუჩაზე არ არის არც საავტომობილო გზა.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 23 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
13. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორებს ასეთი შედავება არ წარმოუდგენიათ.
14. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მეზობლის მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა.
15. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სანივთო სამართლიდან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისთვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად.
16. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; შეად. სუსგ-ებს: N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას-804-2019, 19.03.2021წ; N ას-1133-2019, 30.07.2021წ; N ას-754-2021, 02.12.2021წ; N ას-1126-2023, 20.12.2023წ; N ას-1208-2023, 20.12.2023წ.).
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტური არ არის და ის შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით. სსკ-ის 180-ე მუხლის, როგორც საკუთრების უფლების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებისათვის მნიშვნელოვანია ნორმის მიზნის განსაზღვრა, რაც მიწის ნაკვეთის მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფაში გამოიხატება. „ამ მიზნის მისაღწევად ნორმა ვალდებულებას აკისრებს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს, ითმინოს აუცილებელი გზა იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სასარგებლოდ, რომელსაც არ აქვს კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის. გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან. ნორმის მიხედვით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელსაც არ აქვს ეს კავშირი, მოიპოვებს მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ვალდებულია, გადაიხადოს შესაბამისი კომპენსაცია. სარგებლობის უფლება- ესაა კანონით დადგენილი საკუთრების უფლების შეზღუდვა და იგი წარმოიშობა მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც არის ცალმხრივი აღმჭურველი ნების გამოვლენა“ (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, ჭანტურია (რედ.), 2018, მუხლი 180, ველი 1).
15. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „სსკ-ის 180-ე მუხლით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება, მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტური მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ.“ (სხვა მრავალთა შორის შეად. სუსგ-ებს : N ას-157-147-2015 14.05.2015წ.; N ას-815-763-2017 11.01.2018 წ.; N ას-965-2019, 10.04.2020წ; Nას-1513-2018, 08.02.2019წ; N ას-848-848-2018, 11.12.2020წ; N ას-45-2021, 22.04.2021წ; N ას-832-2020, 21.04.2021წ; Nას-568-2021, 26.11.2021წ.; N ას-1022-2019 30.07.2021წ.; N ას-1107-2020, 2.02.2022წ.; N ას-558-2023, 30.11.2023წ.). საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ აუცილებელი გზის უფლების თაობაზე სარჩელი ფორმალურად გამართულია, თუკი მოსარჩელე მიუთითებს ნორმით განსაზღვრულ ყველა წინაპირობაზე: ის უნდა წარმოადგენდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს; მიწის ნაკვეთს არ უნდა გააჩნდეს ჯეროვანი კავშირი საჯარო გზასთან; მეზობელი ნაკვეთის აუცილებელ გზად გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ნივთის ფაქტობრივი მდებარეობითა და ფუნქციური დანიშნულებისამებრ გამოყენებით; მეზობელი მიწის ნაკვეთი უნდა იყოს მიზნის მიღწევის ერთადერთი პროპორციული საშუალება. იმის მიხედვით, თუ ჩამოთვლილთაგან რომელ ფაქტებს შეედავება მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრე, განისაზღვრება მტკიცების საგანი (სადავო ფაქტები) და შედავებათა პროცესუალური ხასიათიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ნაწილდება მტკიცების ტვირთი (იხ. სუსგ-ები: N ას-1869-2018, 25.10.2019წ; N ას-367-2021 15.10.2021წ.; N ას-258-2019 30.10.2023წ.; N ას-827-2023 25.04.2024წ.; N ას-1620-2023 30.04.2024წ.; N ას-1147-2021, 31.03.2023წ.).
16. ყოველივე ზემოაღნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო შეაფასებს რამდენად გააჩნიათ მოსარჩელეების მიწის ნაკვეთს საჯარო გზასთან ჯეროვანი კავშირი. ამასთანავე, ალტერნატიული ვარიანტის არსებობის პირობებში, რომელია ყველაზე ოპტიმალური გზა, რომლითაც თანაბრად იქნება დაცული მხარეთა კანონიერი ინტერესები და რომელიც უსამართლოდ არ შეზღუდავს რომელიმე მხარის უფლებას.
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმადაც, მესაკუთრემ უნდა ითმინოს თავისი უძრავი ნივთის დატვირთვა მეზობლის ინტერესებისათვის, მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. ამ გარემოებების არსებობა ყველა კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით სარწმუნოდ უნდა იქნეს დადგენილი.
17. სსსკ-ის კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მითითებული ნორმების შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნებს აფუძნებენ მათ მიერვე მითითებულ კონკრეტულ გარემოებებზე.
18. სსსკ-ის მე-4 და 102- ე მუხლებით დადგენილი სტანდარტის თანახმად, იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელეების მიწის ნაკვეთს საჯარო გზასთან ჯეროვანი კავშირი არ გააჩნიათ და რომ მოპასუხის მიწის ნაკვეთზე გადის ერთადერთი აუცილებელი გზა - მოსარჩელეების მტკიცების ვალდებულება იყო, ხოლო იმ ფაქტის მტკიცების ტვირთი, რომ საჯარო გზასთან დასაკავშირებლად არსებობს სხვა ალტერნატიული გზა-მოპასუხის ვალდებულება. ამდენად, მოსარჩელეებმა უნდა დაადასტურონ სხვისი საკუთრების უფლების კანონისმიერი ბოჭვის სსკ-ის 180-ე მუხლით განსაზღვრული პირობების არსებობა (შდრ. სუსგ №ას-367-2021, 15.10.2021წ.; №ას-828-2020, 18.12.2020წ.).
19. საქმის მასალებში წარმოდგენილია მტკიცებულებები - ექსპერტის დასკვნები, განმარტებები, ადგილზე დათვალიერებით დადგენილი გარემოებები, საქმეში წარმოდგენილი წერილები, მოწმის ჩვენება და სხვა მტკიცებულებები, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელეების მიწის ნაკვეთის შესასვლელად არსებობს ალტერნატიული გზა ...... ქუჩის მხრიდან.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „ერთი მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე. ამდენად, ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გაქარწყლების ვალდებულება, მტკიცებულებათა შეფასების ეტაპზე უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონეა. კერძო დავებზე წარმატების მისაღწევად კი, მხარეებმა ჯეროვნად უნდა განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, რაც დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და მათი რელევანტური მტკიცებულებებით დამტკიცების ტვირთის რეალიზებაში მდგომარეობს. ამ უფლებით თანაბრად სარგებლობს როგორც მოსარჩელე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება), ასევე, მოპასუხე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება.
21. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხე მხარემ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 28.04.2023 წლის №002837923 დასკვნის წარმოდგენით გააქარწყლა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის 24 ივნისის შპს ა-ფ–ის N64 საექსპერტო დასკვნა, რომელიც არასრულია. (დასკვნის თანახმად, ქ. ქობულეთში ......... მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, რომლის მესაკუთრეა თ.მ–ი, ეზოში შესასვლელი გზა უნდა განესაზღვროს ...... ცენტრალური ქუჩიდან, ვინაიდან წინა მხარეს ........ ქუჩაა, მოპირდაპირე მხარეს ზღვა და პლიაჟია. ყველა კომუნიკაცია და საჯარო კავშირები ...... ქუჩიდანაა. შესასვლელი გზის ალტერნატივა არ არსებობს. იხ. ტ.1, ს/ფ30-34). ამ დასკვნის საწინააღმდეგოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 28.04.2023 წლის №002837923 დასკვნის თანახმად, ქ. ქობულეთში, .......... (ს/კ ......) რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე (ს/კ ......) რიცხულ მიწის ნაკვეთს, ფაქტობრივად არსებული მდგომარეობით, საჯარო გზასთან კავშირი, მისასვლელი გზა გააჩნია ...... სანაპიროს მხრიდან. ექსპერტიზის დასკვნას ერთვის ფოტოცხრილი და სიტუაციური ნახაზი, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებული №....... საკადასტრო კოდით აღრიცხულ მიწის ნაკვეთს მისასვლელი გზა გააჩნია ...... სანაპიროს საავტომობილო გზის მხრიდან (ს.ფ. 92-98).
22. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 06.08.2024 წლის წერილით, ქ. ქობულეთში, ........ მდებარე მოქალაქე თ.მ–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გაცემული სამშენებლო დოკუმენტაციით დგინდება, რომ მისასვლელ გზად განსაზღვრულია ...... სანაპირო.
23. სააპელაციო სასამართლოს ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, მოსარჩელე თ.მ–ის კუთვნილ №....... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთს, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი, გააჩნია ...... სანაპიროს საავტომობილო გზასთან დამაკავშირებელი ორფრთიანი კარები, ჭიშკარი. ...... სანაპიროს საავტომობილო გზა თავის მხრივ პერპენდიკულარულად, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, გადამკვეთი ქუჩით უკავშირდება .......... გამზირს (ს.ფ. 101; 166-167). ამასთან, დ. ...... გამზირზე საავტომობილო გზის წყვეტილი მონიშვნა, საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირს, დაუბრკოლებლად გადაადგილდეს ...... სანაპიროს მიმართულებით ორივე მხრიდან. (იხ. ადგილის დათვალიერების ოქმი).
24. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნა, არ შეესაბამება საქმეში არსებულ და სასამართლოს მიერ გამოკვლეულ მტკიცებულებებს. (იხ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 06.08.2024 წლის წერილი; ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 28.04.2023 წლის №002837923 დასკვნა; ადგილზე დათვალიერების ოქმი). საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, ექსპერტის დასკვნების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, ....... ქუჩიდან საჯარო სივრცესთან კავშირის აუცილებლობა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს გააჩნია საჯარო მისასვლელი ...... ქუჩიდან. ხოლო კასატორების მოთხოვნა, მოპასუხის საკუთრების გავლით, დამატებითი მისასვლელის მოთხოვნის თაობაზე, მაღალი ხარისხის მტკიცებას მოითხოვს, რაც მოსარჩელეებმა ვერ დაძლიეს.
25. მოსარჩელეებმა წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ვერ დაასაბუთეს, შ.ს–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის დადგენის საჭიროება, იმ პირობებში, როდესაც კასატორების საკუთრებაში მისასვლელად არსებობს ალტერნატიული გზა ...... ქუჩიდან. მითუმეტეს, რომ ....... ქუჩიდან აუცილებელი გზის დადგენის შემთხვევაში, საჭირო იქნებოდა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთის მიჯნაზე მოწყობილი ჭიშკარის მოშლა.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების შეზღუდვას აწესებს მხოლოდ ნორმაში აღნიშნულ წინაპირობათა არსებობის შემთხვევაში - 1) მოსარჩელის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი; 2) სწორედ მოსარჩელეა მოპასუხის მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე; 3) მოპასუხის საკუთრების უფლების შეზღუდვა ერთადერთი და გარდაუვალი აუცილებლობაა.
27. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ მიჯნის მოშლა და მისი საკუთრების შეზღუდვა არ არის ერთადერთი და გარადაუვალი აუცილებლობა მოსარჩელეთა ინტერესების დასაკმაყოფილებლად. აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების განხორციელება გამომდინარეობს საკუთრებაში არსებული ქონების სრულფასოვანი სარგებლობის მიზნიდან, რომელიც მოცავს მიწის ნაკვეთის საჯარო გზასთან და კომუნიკაციებთან კავშირს, რაც სხვა ნაკვეთით შეზღუდული სარგებლობის გარეშე ვერ ხორციელდება. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს საჯარო სივრცესთან და კომუნიკაციებთან დამაკავშირებელი ალტერნატიული მისასვლელი გააჩნია.
28. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება 180-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა კონკრეტულ დავასთან მიმართებით. ასევე, უსაფუძვლოა მოსარჩელეების არგუმენტი, რომ მათ სადავო ფართის წინა მესაკუთრისაგან უფლება ჰქონდათ მიღებული მისი ნაკვეთის გზად გამოყენების და მიწის ნაკვეთის ნასყიდობისას, არსებობდა დათქმა იმის შესახებ, რომ მოპასუხის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე, მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრეს (მოსარჩელეებს) აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება გააჩნდა. აღნიშნული გარემოება არც მოსარჩელეს მიუთითებია და საქმეში წარმოდგენილი არცერთი წერილობითი მტკიცებულებებით არ დასტურდება. მისასვლელ გზაზე შეთანხმება არ დასტურდება არც საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით და არც ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან.
29. კანონმდებლის ნებით, საკუთრების არსებითი შინაარსი მის ექსკლუზიურობაშია - გამორიცხოს ყველა სხვა პირის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვისაგან. საკუთრების უფლების ექსკლუზიურობა პირს აძლევს ძალაუფლებას დაუპირისპირდეს სხვა ნებისმიერი პირის ჩარევას. საკუთრების უფლება თავისი სრული, ექსკლუზიური ხასიათის გამო განსაკუთრებული უფლებაა, თუმცა მის გამოყენებასაც ახლავს შეზღუდვები. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლებას, მოსთხოვოს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან. განსახილველ შემთხვევაში კი საჯარო სივრცესთან ჯეროვანი კავშირის შეუძლებლობის დამადასტურებელი რაიმე გარემოება საქმის არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ დადგენილა.
30. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები თავიანთ მოთხოვნას აფუძნებენ იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე თავიდანვე არსებობდა მოსარჩელეების მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საერთო სარგებლობის საზოგადოებრივი გზა, რომელიც მოპასუხემ დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში. საქმის გარემოებებით არ დასტურდება კასატორების მიერ მითითებული გარემოებები, ასევე არ დასტურდება მოპასუხის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე დავის არსებობის ფაქტი.
31. პალატას მიუთითებს, რომ აუცილებელი გზის დადგენის გარდაუვალობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზე იყო, რომელმაც სათანადო, სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებებით ვერ უზრუნველყო საკუთარი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამტკიცება, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
36. პროცესის ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი თანახმად „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტისა, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.ვ–ძის და თ.მ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. რ.ვ–ძეს და თ.მ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ, თ.ზ–ძის (პ/ნ .......) მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „საქართველოს ბანკში“, 2025 წლის 24 აპრილს, საგადახდო დავალებით N26967443247 გადახდილი 160 ლარიდან, 150 ლარის 70 % - 105 ლარი და ზედმეტად გადახდილი 10 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი