დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 25.09.2026
საქმის ნომერი
ას-986-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № ას-986-2026 25 სექტემბერი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ.ბ–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ბ–ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, უძრავი ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზ.ბ–იამ (შემდგომში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ.ბ–იას (შემდგომში მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (მდებარე: მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ .......... მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი № ..........) გამოთხოვა.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. ზ.ბ–იას კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ........, წლების განმავლობაში უკანონოდ იყო ბ.ბ–ასა და ამჟამად გარდაცვლილ ბ.ბ–ას მართლსაწინააღმდეგო მფლობელობაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2023 წლის 26 იანვარს სენაკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის აღიარების კომისიის 2017 წლის 24 თებერვლის N3 განკარგულება, რომლის საფუძველზეც სადავო უძრავი ქონება უსაფუძვლოდ იყო აღრიცხული ბ. და ბ.ბ–ების საკუთრებად. შემდგომ, 2025 წლის 28 თებერვალს, სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი, ასევე, აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით დადებული რიგი ჩუქების ხელშეკრულებები, რის შედეგადაც ზ.ბ–ია აღიარებულ იქნა უძრავი ქონების კანონიერ მესაკუთრედ.

2.2. მიუხედავად აღნიშნულისა, სადავო უძრავი ქონება დღემდე უკანონოდ რჩება მოპასუხის მფლობელობაში, რის გამოც მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას, ისარგებლოს და განკარგოს საკუთარი კუთვნილი უძრავი ქონება.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არასოდეს ჰქონია მამამისს სადავო ქონება მითვისებული. არასოდეს არ გამხდარა ქონება სადავო მამიდა ზ.ბ–იასთან. მოსარჩელე ზ.ბ–ია 1996 წლამდე ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში და ძმის შვილებს მუდამ აქცევდა ყურადღებას, შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში და ბინა იყიდა აბაშაში, სადაც დღესაც ცხოვრობს. ზ.ბ–იასა და დედამისს, ც.ბ–აიას შორის პერიოდულად იყო უკმაყოფილებები, რაც ხშირად შერიგებით სრულდებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებები მოცემულ შემთხვევაში, ვერ იქნება უდავო ფაქტები, რაზეც მიუთითებს მოსარჩელე, რადგან ახალი გადაწყვეტილებით უნდა იმსჯელოს სასამართლომ სხვა კომლის წევრებთან ნათესაურ კავშირზე და შესაბამისად წილის უფლებაზე.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით, ზ.ბ–იას სარჩელი ბ.ბ–ას მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის და უძრავი ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხე ბ.ბ–ას პ/ნ ........ და მისი თანხმლები პირების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ......... მდებარე უძრავი ქონება, ს/კ ....... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე ზ.ბ–იას პ/ნ .......... ბ.ბ–ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის გადახდა.

5. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

7. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

7.1. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში, რომ იგი დედასთან ც.კ–თან ერთად ცხოვრობს სადავო უძრავ ქონებაში და ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნიათ.

7.2. საგულისხმოა, რომ იგი დაბადებიდან რეგისტრირებულია სადავო ქონებაში, იქ გაიზარდა, სახლი მან და მამამისმა ბ.ბ–ამ ააშენეს ნაწილობრივ და მოსარჩელე იგივე მამიდა, დღეს ასახლებს სახლიდან, როცა მის მიმართ არაფერი დაუშავებია და მისი მემკვიდრეც არის ამადროულად.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 24 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, ბ.ბ–ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

10.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10.2. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172.1 მუხლი.

10.3. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

10.4. მოსარჩელის საკუთრებაა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ........... მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი № ..........

10.5. სადავო უძრავ ქონებას მოპასუხე ფლობს და მოსარჩელე ვერ სარგებლობს თავისი ქონებით, მოპასუხე არ არის სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელი.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია.

12. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

13. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

14. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, მოპასუხეები სადავო უძრავ ქონებას ფლობენ. მოპასუხემ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მფლობელობის მართლზომიერება.

15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს არაერთ ქონებრივ/ფულად უფლებას, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – ,,მარქსი ბელგიის წინააღმდეგ“ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი). სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედვით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია, განაცხადოს, რომ მას აქვს საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. ,,იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ“, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII; ,,პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ“; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

16. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის საქმე Nას-887-2019, განჩინება). კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ნივთს იგი მართლზომიერად ფლობს რამდენადაც ფაქტობრივად შეძენილი აქვს უძრავი ქონება.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის წინაპირობების არსებობას, რაც მართებულად გახდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ამდენად, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.„ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, no. 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, no. 16034/90, 19/04/1994, §61, série A, №288,. Garcia Ruiz v. Spain [GC] no. 30544/96, 21/01/1999, §26; CEDH 1999-I; Perez v France [GC], no. 47287/99, 12/02/2004, § 81).

19. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის საქმე Nას-995-2024წ. განჩინება). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ.ბ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ბ.ბ–ას (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 23.06.2026წ. №47292183094 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - ზედმეტად გადახდილი 150.00 ლარი და დარჩენილი - 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი