დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № ას-815-2026 25 სექტემბერი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.კ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 22 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. მ.კ–მა (შემდგომში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.კ–ის (შემდგომში მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (მდებარე: ქალაქ თბილისში, .........., საკადასტრო კოდი №..........) გამოთხოვა.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მ.კ–ის საკუთრებაშია უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, ..........., ს/კ №........... აღნიშნული ქონება ათეულობით წლებია მოპასუხის მფლობელობაშია ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე, თუმცა, რამდენადაც ბოლო 5 წელია მას ქირა აღარ გადაუხდია, მოსარჩელემ შეუწყვიტა ხელშეკრულება. შესაბამისად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ირღვევა მისი, როგორც მესაკუთრის კონსტიტუციური უფლება და ითხოვს მოპასუხის მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვასა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაბრუნებას.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. შესაგებელსა და სასამართლო სხდომებზე ლ.კ–ის წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ მის მარწმუნებელსა და მოსარჩელის ბაბუას შორის 22 წლის წინ დაიდო ზეპირი ფორმით ქირავნობის ხელშეკრულება და იქვე შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე შეისყიდიდა სადავო ფართს. ამ მიზნით ლ.კ–ი 2003 წლიდან 2020 წლის ჩათვლით ქირის თანხასთან - 100 აშშ დოლართან ერთად იხდიდა დამატებით 50 აშშ დოლარს და შედეგად ქონების გამოსასყიდი თანხიდან გადასახდელი აქვს მხოლოდ დარჩენილი 1 300 აშშ დოლარი. ამასთან, მხარისვე განმარტებით, მათ შორის არსებული ურთიერთობის გათვალისწინებით ყოველივე ზემოაღნიშნული წერილობით არ გაფორმებულა.
3.2. მოპასუხის მითითებით, ვინაიდან მას ქონება თავისად მიაჩნდა, ჩაატარა სარემონტო სამუშაოებიც, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ბინის ღირებულება. ყოველივე ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით მოპასუხეს მიაჩნია, რომ ქონებას ფლობს მართლზომიერად და არ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ.კ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ლ.კ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქი თბილისი, ........., ს/კ №......... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს - მ.კ–ს.
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 22 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 22 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
7. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
7.1. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ამასთან არასწორად განმარტა იგი.
7.2. გასაჩივრებული განჩინება არ ეფუძნება საქმის გარემოებების სრულყოფილ და ობიექტურ შეფასებას, რის გამოც სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და გამოიტანა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები.
7.3. კასატორის მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ დაახლოებით 22 წლის წინ ლ.კ–სა და ბ.ც–ს შორის ზეპირი ფორმით დაიდო როგორც ქირავნობის, ისე ბინის მომავალში გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება. ბინის ღირებულება განისაზღვრა 11 500 აშშ დოლარით. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე ლ.კ–ი 2003 წლიდან ყოველთვიურად იხდიდა 100 აშშ დოლარს ქირის სახით და დამატებით 50 აშშ დოლარს ბინის გამოსასყიდად. 2003 წლის აგვისტოდან 2020 წლის ჩათვლით გამოსყიდვის ანგარიშში გადახდილმა თანხამ 10 200 აშშ დოლარი შეადგინა, რის შედეგადაც მას დარჩენილი ჰქონდა მხოლოდ 1 300 აშშ დოლარის გადახდა, თუმცა სასამართლომ ამ გარემოებას სათანადო შეფასება არ მისცა.
7.4. მოპასუხე ბინას საკუთარ საკუთრებად მიიჩნევდა და საკუთარი ხარჯებით შეცვალა შესასვლელი კარი, შეასრულა სარემონტო, ელექტრო და სანტექნიკური სამუშაოები, რითაც მნიშვნელოვნად გაზარდა უძრავი ქონების ღირებულება. ამ გარემოებებს სასამართლომ, ასევე არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ.ც–ის მითითებით ქირისა და გამოსყიდვის თანხა გადაეცემოდა მის ქალიშვილს, მ.ც–ს. მხარეებს შორის არსებობდა მრავალწლიანი ნდობასა და მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, რის გამოც შეთანხმება წერილობით არ გაფორმებულა. სწორედ ამ ნდობის გამო ლ.კ–ს არ ჰქონია არც საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნის აუცილებლობა. ვითარება მხოლოდ მ.ც–ის გარდაცვალების შემდეგ შეიცვალა, როდესაც მისმა მემკვიდრეებმა ლ.კ–ის გამოსახლება, კომუნალური მომსახურებების შეწყვეტა და ქონების გასხვისება სცადეს, მიუხედავად იმისა, რომ მას ფაქტობრივად გადახდილი ჰქონდა ბინის თითქმის სრული საფასური.
7.5. კასატორის შეფასებით, სასამართლომ, ასევე, დაარღვია საპროცესო ნორმები. მთავარი სხდომის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე სასამართლოს ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი შეგებებული სარჩელი არ მიიღო იმ მოტივით, რომ მთავარი სხდომა უკვე გახსნილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი წარდგენილი იყო საქმის მომზადების ეტაპის დასრულებამდე.
7.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება №2ბ/7004-25 მიღებულია ფაქტობრივი გარემოებების არასრულყოფილი გამოკვლევისა და მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ.კ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 30 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, ლ.კ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
10.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10.2. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172.1 მუხლი.
10.3. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
10.4. მოსარჩელის საკუთრებაა ქალაქ თბილისში, .............., ს/კ №...........
5. სადავო უძრავ ქონებას მოპასუხე ფლობს და მოსარჩელე ვერ სარგებლობს თავისი ქონებით, მოპასუხე არ არის სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელი.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია.
12. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
13. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
14. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, მოპასუხეები სადავო უძრავ ქონებას ფლობენ. მოპასუხემ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მფლობელობის მართლზომიერება.
15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს არაერთ ქონებრივ/ფულად უფლებას, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – ,,მარქსი ბელგიის წინააღმდეგ“ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი). სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედვით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია, განაცხადოს, რომ მას აქვს საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. ,,იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ“, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII; ,,პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ“; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).
16. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის საქმე Nას-887-2019, განჩინება). საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს არ წარმოადგენს კასატორის შედავება, რომ მხარეთა შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე მას შეძენილი აქვს სადავო ბინა, რამდენადაც ქირის გადახდასთან ერთად დამატებით იხდიდა ბინის ნასყიდობის თანხას 50 აშშ დოლარს ყოველთვიურად. (იხ. წინამდებარე განჩინების 7.3 პუნქტი). კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ნივთს იგი მართლზომიერად ფლობს რამდენადაც ფაქტობრივად შეძენილი აქვს უძრავი ქონება.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის წინაპირობების არსებობას, რაც მართებულად გახდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ამდენად, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.„ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, no. 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, no. 16034/90, 19/04/1994, §61, série A, №288,. Garcia Ruiz v. Spain [GC] no. 30544/96, 21/01/1999, §26; CEDH 1999-I; Perez v France [GC], no. 47287/99, 12/02/2004, § 81).
19. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხის მხრიდან სადავო ფართის მართლზომიერად ფლობა რაიმე რელევანტური მტკიცებულებით დადასტურებული არ არის.
20. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის საქმე Nას-995-2024წ. განჩინება). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ლ.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ლ.კ–ს (პ/ნ ……..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 14.07.2026წ. №47723001198 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი