დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-224-2024 25 სექტემბერი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს ,,გ.პ–ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ე.პ–ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. შპს „ე.პ–მა’’ სარჩელი აღძრა შპს ,,გ.პ–ის" წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა: მოპასუხე შპს ,,გ.პ–ისათვის’’ მოსარჩელის სასარგებლოდ 211 357.46 ლარის დაკისრება, საიდანაც საქონლის მიწოდებიდან წარმოშობილი დავალიანების თანხაა - 201 307.46 ლარი, სასაწყობე ფართის საიჯარო ქირის დავალიანება - 4 200 ლარი და ავტომობილების საიჯარო ქირის დავალიანება - 5 850 ლარი (მოთხოვნა დაზუსტებულ იქნა მოსარჩელის 06.06.22წ განცხადებით. იხ.ტომი 3, ს.ფ.24-28); მოპასუხე შპს ,,გ.პ–ისათვის’’ მოსარჩელის სასარგებლოდ 211 357.46 ლარის წლიური 12.5 %-ის დაკისრება, სარჩელის აღძვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის სრულად გადახდამდე.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. სარჩელში აღნიშნულია შემდეგი: მხარეებს შორის წლების განმავლობაში არსებობდა საქმიანი ურთიერთობა. კერძოდ, მოსარჩელე მოპასუხეს აწვდიდა სხვადასახვა დასახელების ერთჯერადი მოხმარების საქონელს. მოპასუხე მოსარჩელეს პერიოდულად უხდიდა მიწოდებული საქონლის ღირებულებას. მოსარჩელემ მოპასუხეს 2017 წლის დეკემბერსა და 2018 წლის იანვრის თვეში მიაწოდა ჯამში 201 307.46 ლარის საქონელი; მიწოდებულ პროდუქციაზე გამოწერილ იქნა გამყიდველის მიერ სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომელიც მიღებული და დადასტურებული იქნა მყიდველის მიერ. მიწოდებული საქონლის საფასური მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ გადაუხდია, შესაბამისად მას ერიცხება დავალიანება 201 307.46 ლარით ოდენობით;
2.2. მოპასუხეს იჯარით ჰქონდა აღებული სასაწყობე ფართი - ქ. თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. ყოველთვიური საიჯარო ქირა განსაზღვრული იყო 1 400 ლარით. საიჯარო პერიოდის საიჯარო ქირა შეადგენდა 16 800 ლარს, ამ თანხიდან მოპასუხის მიერ გადახდილ იქნა 12 600 ლარი, დარჩენილი 4 200 ლარი კი სარჩელის აღძვრის დღისთვისაც გადაუხდელია. საიჯარო ფართით სარგებლობისათვის ასანაზღაურებელი თანხების ვალდებულება დასტურდება მოპასუხე შპს “გ.პ–ზე“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, რომელიც მიღებული და დადასტურებულია მოპასუხის მიერ.
მოპასუხეს ასევე იჯარით ჰქონდა აღებული, მოსარჩელისაგან სატვირთო ავტომობილები („მერსედეს ბენც ფურგონი“ და „ფორდ ტრანზიტი ფურგონი“). საიჯარო ქირიდან - 7 050 ლარი, გადახდილ იქნა მხოლოდ 1 200 ლარი და სარჩელის წარდგენის დროისთვის მოპასუხის დავალიანება შეადგენს 5 850 ლარს. ასანაზღაურებელი თანხების ვალდებულება დასტურდება მოპასუხე შპს“გ.პ–ზე“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, რომელიც მიღებული და დადასტურებულია მოპასუხის მიერ. მოთხოვნის ხასითის და ფულის თვისებიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ანაბრისთვის განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის (12.5%) შესაბამისად.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხე ნაწილობრივ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა არ დაადასტურა დავალიანების არსებობა, ასევე მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე. მხარის განმარტებით, მიწოდებული საქონლის ღირებულების და საიჯარო ქირის გადახდის ანგარიშში, მოსარჩელისთვის გადახდილია 120 008.52 ლარი. მოპასუხე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილშიც.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ე.პ–ის“ სარჩელი მოპასუხე შპს „გ.პ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს „გ.პ–ს“ მოსარჩელე შპს „ე.პ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების - 201 307.46 ლარის, სასაწყობე ფართის საიჯარო ქირის დავალიანების - 4 200 ლარის და ავტომობილების საიჯარო ქირის დავალიანების - 2 100 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს „გ.პ–ს“ მოსარჩელე შპს „ე.პ–ის“ სასარგებლოდ, მიუღებელი შემოსავლის სახით, დაეკისრა 207 607.46 ლარის წლიური 8%-ის გადახდა 2020 წლის 03 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებში, შემდგომი გადახდის პირობით, მოსარჩელე მოპასუხეს აწვდიდა საქონელს.
7.2. მხარეებს შორის ასევე არსებობდა სასაწყობე ფართის და ავტომობილების იჯარის სახელშეკრულებო ურთიერთობა. აღნიშნული ურთიერთობის ფარგლებში მხარეებს შორის ანგარიშსწორება ხორციელდებოდა პერიოდული დაგვიანებებით.
7.3. მოპასუხემ მოსარჩელის მიერ მიწოდებული საქონლის ნაწილის ღირებულება 196 201.40 ლარი სადავო არ გახადა. კერძოდ, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია საქონლის მიწოდების შესახებ შემდეგი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: ეა-143544274, 09/01/2018წ - 2 671.40 ლარზე, ეა-143715846 (კორექტირებული), 14/02/2018წ. - 164 520.87 ლარზე, ეა-143886780, 26/01/2018 წ. - 29 009.13 ლარზე. რაც შეეხება უფრო ადრე თარიღით გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურებს, შესაბამისი ფულადი ვალდებულების მოთხოვნა, მოპასუხის მტკიცებით, ხანდაზმულია.
7.4. მხარეებს შორის სასაწყობე ფართის იჯარით გადაცემის გამო წარდგენილ იქნა 16 800 ლარის მოთხოვნა, რაც დასტურდება მოსარჩელის მიერ გამოწერილი და მოპასუხის მიერ დადასტურებული ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებით. საბანკო გადარიცხვის გზით 2017 წლის 23 ოქტომბერს მოპასუხემ გადაიხადა 12 600 ლარის ოდენობით საიჯარო ქირის დავალიანება.
7.5. მხარეებს შორის არსებობდა ავტომობილების იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე წარდგენილი 22 ცალი ანგარიშ-ფაქტურის ჯამური ღირებულება შეადგენს 3300 ლარს. მოპასუხეს ავტომობილების საიჯარო ქირის სახით გადახდილი აქვს 1 200 ლარი.
7.6. მოსარჩელის მოთხოვნები საქონლის ნასყიდობის ღირებულებისა და საიჯარო ქირის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მოპასუხის მხრიდან მთლიანად დადასტურებულია, რის გამოც იგი ხანდაზმული არ არის.
8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
8.1. სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 477-ე, 581-ე, 404-ე,411-ე, 412-ე მუხლები.
8.2. მხარეთა შორის ნასყიდობისა და ავტომობილების იჯარის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტი უდავოა. სააპელაციო საჩივრის წარმოდგენამდე, შესაგებლის ფორმატში, მხარეს სადავოდ არ გაუხდია არც უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საიჯარო ურთიერთობა.
8.3. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი ნაწილდება შემდეგი სახით: ხელშეკრულების დადებისა და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს; ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს შესრულების დაყოვნების (შესრულების გადადების) უფლებას.
8.4. მხარეთა შორის სადავო არ არის ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ახორციელებდა საქონლის მიწოდებას მოპასუხისათვის, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებული იყო მოეხდინა ანგარიშსწორება მოსარჩელესთან. გამყიდველმა დაკისრებული საპროცესო მოვალეობის შესრულების მიზნით და სადავო გარემოების დასადასტურებლად, წარადგინა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც დადასტურებულია მოპასუხე მხარის მიერ და მყიდველს საფასურის გადახდის მოვალეობას წარმოუშობს.
8.5. ნასყიდობის მარეგულირებელი ნორმები მოძრავ ნივთებთან მიმართებით რაიმე მითითებას სპეციალური მტკიცებულების არსებობაზე არ შეიცავს. მაშასადამე, რელევანტურ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული გამყიდველის მიერ წარმოდგენილი და მყიდველის მიერ დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურები.
8.6. მოსარჩელე, მოპასუხის მიერ დადასტურებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებსა და სასაქონლო ზედნადებებზე მითითებით განმარტავს, რომ სადავო პერიოდში (2017-2018 წლები) მიაწოდა ჯამში 358 236.21 ლარის პროდუქცია, რომლის ღირებულებაც შემსყიდველს სრულად არ აუნაზღაურებია; კერძოდ, შპს „გ.პ–მა“ აანაზღაურა 155 121.51 ლარი, ხოლო გადასახდელი დარჩა 203 114.7 ლარი, საიდანაც 1807.24 ლარის მოთხოვნაზე მოსარჩელემ უარი თქვა (იხ.ტომი 3, ს.ფ. 25) და მოითხოვა შემძენისათვის ნასყიდობის საფასურის დარჩენილი ნაწილის 201 307.46 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
8.7. ვინაიდან საქონლის მიწოდების ფაქტი მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, ხოლო მტკიცების ტვირთის მქონე მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტის ან/და იმ გარემოებათა არსებობის დადასტურება, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს მყიდველს შესრულების დაყოვნების (შესრულების გადადების) უფლებას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მყიდველის მიერ გამყიდველის სასარგებლოდ განხორციელებული გადახდებისა და შპს „ე.პ–ის“ პოზიციის გათვალისწინებით, მართებულად მიიჩნია რომ მიწოდებული პროდუქციის საფასურიდან მყიდველს ასანაზღაურებელი აქვს 201307.46 ლარი, რაც გამყიდველს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ნასყიდობის საფასურის გადაუხდელი ნაწილის ანაზღაურება.
8.8. სარჩელით შპს „ე.პ–ი“ სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ მოიჯარე კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, კერძოდ, საიჯარო პერიოდზე გადასახდელი ქირიდან - 16 800 (ყოველთვიურად 1400 ლარი) ლარიდან - მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ 12 600 ლარი, დარჩენილი 4200 ლარი კი სარჩელის აღძვრის დღისთვისაც გადაუხდელია. მოსარჩელის განმარტებით, საიჯარო ფართით სარგებლობისათვის ასანაზღაურებელი თანხების ვალდებულება დასტურდება მოპასუხე შპს „გ.პ–ზე“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომელიც დადასტურებულია მოპასუხის მიერ.
8.9. აპელანტი სადავოდ ხდის როგორც მხარეთა შორის სასაწყობე ფართის იჯარით გადაცემის, ასევე აღნიშნული საიჯარო ურთიერთობის ფარგლებში, მოსარჩელის სასარგებლოდ, 2017 წლის 23 ოქტომბერს 12600 ლარის ოდენობით საიჯარო ქირის დავალიანების გადახდის ფაქტს, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია; აპელანტი განმარტავს, რომ სასაწყობე ფართი აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 2017 წლის მარტში, 12600 ლარი კი წარმოადგენდა მოსარჩელისათვის ავანსად გადახდილ თანხას.
8.10. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების (საჯარო რეესტრის ამონაწერი, იჯარის ხელშეკრულება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 207-211), მოსარჩელის მიერ გამოწერილი და მოპასუხის მიერ დადასტურებული ელექტრონული ანგარიშფაქტურები) საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა დადგენილი მოპასუხე კომპანიის მიერ მოსარჩელე კომპანიის კუთვნილი ქ. თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, 200კვ.მ სასაწყობე ფართით (ს/კ .........) სარგებლობის ფაქტი, რაც განაპირობებს მოიჯარის მიერ მეიჯარის სასარგებლოდ ქირის გადახდის ვალდებულების არსებობას.
8.11. რაც შეეხება აპელანტი მხარის მიერ შპს „ე.პ–ისათვის“ 12600 ლარის ავანსად გადახდის ფაქტზე აპელირებას, პალატამ შენიშნა, რომ მოპასუხე მხარეს თანხის ავანსად გადახდის თაობაზე განმარტება სააპელაციო საჩივრის წარმოდგენამდე, სარჩელზე შედავების ფარგლებში არ დაუფიქსირებია; თავად 12600 ლარის ოდენობით თანხის მოსარჩელის ანგარიშზე საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტშიც (იხ. ტ.3, ს.ფ. 19) გადახდის დანიშნულების გრაფაში მითითებულია - „იჯარის თანხა“ და არა „ავანსის თანხა“.
8.12. სასამართლომ ყურადღება მიაპყრო მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის გადაწყვეტილებებს, რომელიც შეეხება შპს შპს „ე.პ–ის“ სარჩელს 01.12.2017 წლის უძრავი ნივთის იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე და რომელშიც, შპს „გ.პ–ი“, როგორც ერთ-ერთი მოპასუხე, არ ეთანხმება კომპანიებს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნას და ორივე ინსტანციაში ავითარებს შემდეგ პოზიციას: „...შპს „ე.პ–ის“ საიჯარო ურთიერთობა შპს „გ.პ–თან“ 2017 წლის 18 დეკემბერს არ დაწყებულა, არამედ კომპანიებს შორის არსებობდა მრავალწლიანი ბიზნესპარტნიორული ურთიერთობა, მოპასუხეები მანამდეც სარგებლობდნენ შპს „ე.პ–ის“ საიჯარო ფართით და იხდიდნენ საიჯარო ქირას; აღნიშნულს ადასტურებს საიჯარო ქირის 12600 ლარის და 4000 ლარის გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალებები. ამასთან, აღნიშნული განხორციელებულია 2017 წლის 23 ოქტომბერს, ანუ სადავო ფაქტამდე 2 თვით ადრე...“ (იხ. ტომი 2, მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მოპასუხის პოზიცია, ს.ფ 77; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, მოპასუხის პოზიცია, ს.ფ. 98).
8.13. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საპირწონედ, მოპასუხე მხარემ სასამართლოს ვერ შესთავაზა სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული არგუმენტირებული მსჯელობა, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია სასაწყობე ფართის საიჯარო ურთიერთობის ფარგლებში საიჯარო პერიოდზე გადასახდელ საიჯარო ქირას - 16 800 ლარსა და 2017 წლის 23 ოქტომბერს მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გადახდილ - 12 600 ლარს შორის სხვაობის ფარგლებში, 4 200 ლარის ოდენობით, საიჯარო ქირის მოთხოვნის საფუძვლიანობა.
8.14. აპელანტის იმ პოზიციასთან მიმართებით, რომ მას სასარჩელო მოთხოვნაში ასახული საქონლის ღირებულებისა და საიჯარო ქირის ნაწილი გადახდილი აქვს, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ მიწოდებული საქონლის ღირებულებასა და საიჯარო ქირას გადახდილი თანხები არ გამოაკლო, პალატამ მიუთითა შემდეგზე: 31.12.2018წ. გადარიცხული 500 ლარი, დანიშნულებით საქონლის ღირებულება; 22.04.2018წ. - 2000 ლარი, დანიშნულებით საქონლის ღირებულება; 21.08.2017წ. - 10 000 ლარი, დანიშნულებით საქონლის ღირებულება; 15.08.2017წ. 28 954 ლარი, დანიშნულებით საქონლის ღირებულება; 21.06.2017წ. -გადარიცხული 48700 ლარი, დანიშნულებით საქონლის ღირებულება; 02.06.2017წ. გადარიცხული 400 ლარი, დანიშნულებით საქონლის ღირებულება; 23.10.2017წ. გადარიცხული 1200 ლარი - „იჯარა ავტომობილების“ დანიშნულებით, 12600 ლარი დანიშნულებით „იჯარის თანხა“ და 15654.52 ლარი დანიშნულებით „საქონლის ღირებულება“, ასახულია მოსარჩელის მიერ შედგენილ ანგარიშის ბრუნვის ბარათებში, გამოკლებულია არსებულ დავალიანებას, შესაბამისად, გათვალისწინებულია საბოლოო ნაშთის ფორმირებაში (ტ.1.ს.ფ. 104, ს.ფ. 19, ს.ფ. 55, ს.ფ. 58-61). ამრიგად, ვალდებულების შესრულების გზით შეწყვეტის შესაგებელი სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა.
8.15. პალატამ მიუთითა სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - 6 წელს; სასამართლომ მოიხმო ამავე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმადაც, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან - სამი წელია.
8.16.1. სასამართლომ სსკ-ის 130-ე მუხლზე (ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ), ამავე კოდექსის 137-ე მუხლსა (ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას) და 141-ე მუხლზე (ძალით, შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან) დაფუძნებით უარყო მოთხოვნათა ნაწილობრივ ხანდაზმულობის შესაგებელი, შემდეგი დასაბუთებით:
8.16.2. მოსარჩელის მოთხოვნა საქონლის მიწოდებიდან წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურების თაობაზე მხარეთა შორის ზეპირი ფორმით დადებული ნასყიდობისა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს, შესაბამისად, მასზე სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ვრცელდება, ხოლო ხანდაზმულია თუ არა სარჩელი, უნდა გადაწყდეს მოთხოვნის წარმოშობის მომენტის სწორად განსაზღვრის გზით, სსკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად.
8.16.3. მოსარჩელის მიერ გამოწერილი და მოპასუხის მხრიდან დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, 2027 წლის 2 ივნისიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე, მათ შორის, 2017 წლის 23 ოქტომბერს, დანიშნულებით - „საქონლის ღირებულება”, ნაწილობრივ განხორციელებული გადახდების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, და რომ ყოველი გადახდა (შესრულება) ადასტურებდა ვალდებულების არსებობას (თანახმად სკ-ის 361-ე მუხლის პირველი ნაწილისა) და ასევე იწვევდა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც გადახდის დროს არ ხდებოდა კონკრეტული ანგარიშფაქტურის მიხედვით მოთხოვნათა იდენტიფიცირება, პალატამ მიიჩნია, რომ გაუმართლებელელი იქნებოდა კრედიტორის სასარგებლოდ, პერიოდულად შესასრულებელი გადახდების გამო, თითოეული ანგარიშ-ფაქტურიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა თავიდან ათვლილიყო.
8.16.4. შესაბამისად, გამყიდველისათვის ნასყიდობის საგნის (მიწოდებული საქონლის) დარჩენილი საფასურის – 201 307.46 ლარის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა, სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელის აღძვრის დროისათვის (02.09.2020წ), ხანდაზმულად არ იქნა მიჩნეული.
8.17. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ მოპასუხის მიერ 2017 წლის 23 ოქტომბერს გამყიდველის სასარგებლოდ განხორციელებული გადახდებით (1200 ლარი - „იჯარა ავტომობილების“, 12600 ლარი - „იჯარის თანხა“) ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა და სარჩელის სასამართლოში წარდგენის მომენტისათვის (02.09.2020წ), არც სასაწყობე ფართის საიჯარო ქირის დარჩენილი ნაწილის - 4200 ლარის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა და არც ავტომობილების იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2200 ლარის ოდენობით საიჯარო ქირის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული.
8.18.1. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით პალატამ მიუთითა, რომ ფულის მაღალი სყიდვაუნარიანობის ხარისხის გათვალისწინებით, ფულს ყოველთვის გააჩნია სარგებლის მოტანის უნარი, სულ მცირე, გარკვეული პერიოდული საბანკო პროცენტის სახით. ამგვარად, ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტს და არც მისი ოდენობის დადგენას .
8.18.2. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ხელშემკვრელი მხარეები ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას, შესაბამისად, მოპასუხისათვის, როგორც მეწარმე სუბიექტისათვის, ცნობილი იყო ის რისკები, რის წინაშეც შეიძლებოდა, დამდგარიყო კომპანია, თუ ხელშეკრულების მხარეები გამოიჩენდენ გულგრილობას და დროულად არ შეასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს. აღნიშნული ზიანი პალატამ მით უფრო თვალსაჩინოდ მიიჩნია, როდესაც საქმე ეხება ფულად ვალდებულებას, ვინაიდან თავისუფლად აკუმულირებული თანხა საუკეთესო საშუალებაა ნებისმიერი მეწარმე სუბიექტისათვის, რათა მოახდინოს მისი ბრუნვა, შეიძინოს სასურველი ქონება, ბანკში დეპოზიტზე განათავსოს ფული და ამ გზით მიიღოს მოგება. ვინაიდან შემძენის/მოიჯარის მხრიდან დადგინდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა, პალატამ მიიჩნია, რომ კრედიტორს წარმოეშვა დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, შესაბამისად, მართებულად იქნა მიჩნეული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილიც, რომლითაც ანაზღაურებაუნარიან მიუღებელ შემოსავლად (ზიანად) მიჩნეული იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის საშუალო სტატისტიკური საანაბრე პროცენტი ვადიანი ანაბრისათვის წლიური 8%-ის ოდენობით.
8.19.1. პალატამ სამართლებრივად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ის წინმსწრები საოქმო განჩინებები, რომლებიც აპელანტს სააპელაციო საჩივრის საგნად ჰქონდა ქცეული, სახელდობრ, 2022 წლის 07 აპრილის და 2022 წლის 13 ივნისის განჩინებები, რომლებითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობები მიკერძოების მოტივით მოსამართლის აცილებისა და საქმეთა გაერთიანების შესახებ.
8.19.2. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტი ვერ უთითებდა მინიმალურ საფუძველზეც კი, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განმხილველი მოსამართლის მიკერძოებას დაასაბუთებდა, შესაბამისად, აცილებაზე უარის თქმის საკითხის გარშემო წარდგენილი სააპელაციო პრეტენზია მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ.
8.19.3. საქმეთა გაერთიანებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ შენიშნა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების რაოდენობის, შინაარსისა და სირთულის გათვალისწინებით, საქმეთა გაერთიანება დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვას ვერ უზრუნველყოფდა, შესაბამისად, ამ ნაწილში წარდგენილი სააპელაციო პრეტენზიაც მიჩნეული იქნა დაუსაბუთებლად.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
10. კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი დასაბუთებულობის თვალსაზრისით. კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა გამოყენებული სამართლის ნორმები.
11. კასატორი მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია 120 008.52 ლარის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალებები, რომელთა ნამდვილობა და განხორციელების ფაქტი მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ წარმოადგინა 196 201.40 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების დამადასტურებელი ანგარიშფაქტურები, ხოლო მოპასუხემ - 120 008.52 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საიდანაც 12 600 ლარი წარმოადგენს საიჯარო ქირას, 1 200 ლარი - ავტომობილების იჯარის საფასურს, ხოლო დარჩენილი 106 208.52 ლარი - საქონლის ღირებულების ანაზღაურებას. აღნიშნული დასტურდება საგადახდო დავალებებით: №497734689, №485876214, №472814949, №472480111, №468885094, №476407729 და №467513828. შესაბამისად, 120 008.52 ლარიდან საიჯარო ქირისა და ავტომობილების იჯარის საფასურის გამოკლებით, საქონლის ღირებულების ანგარიშში გადახდილია 106 208.52 ლარი. საქმეში დადგენილად არის მიჩნეული 196 201.40 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება. შესაბამისად, მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან 106 208.52 ლარის გადახდის გათვალისწინებით, დარჩენილი დავალიანება შეადგენს 89 992.88 ლარს. მიუხედავად ამისა, სასამართლომ აღნიშნული გადახდები არც ფაქტობრივ გარემოებებში ასახა და არც დავალიანების განსაზღვრისას გაითვალისწინა. გაურკვეველია, რა საფუძვლით არ გამოაკლო სასამართლომ აღნიშნული თანხა მიწოდებული საქონლის ღირებულებას, მით უფრო, რომ მისი გადახდის ფაქტი მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.
12. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების 8.4 პუნქტში მითითებულია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ყველა ანგარიშფაქტურა დადასტურებულია მოპასუხის მიერ და შპს „ე.პ–მა“ შპს „გ.პ–ს“ ჯამში 358 236.21 ლარის პროდუქცია მიაწოდა. აღნიშნული დასკვნა არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოს მიერ 358 236.21 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად არ არის მიჩნეული. უფრო მეტიც, სარჩელზე დართული ანგარიშფაქტურებით დასტურდებოდა, მხოლოდ 228 637.00 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება, ხოლო საბოლოოდ სასამართლომ დადგენილად 196 201.40 ლარი მიიჩნია.
13. კასატორის მტკიცებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი 358 236.21 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება, დადასტურებული ანგარიშფაქტურები ან სხვა ორმხრივად ხელმოწერილი დოკუმენტი. სასამართლოს არც ის მიუთითებია, რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო აღნიშნული თანხის განსაზღვრისას.
14. ამდენად, კასატორის შეფასებით გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში გამოყენებულია ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტობრივი მონაცემები: ერთი მხრივ, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს 196 201.40 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდებას, ხოლო მეორე მხრივ, სამოტივაციო ნაწილში მიუთითებს 358 236.21 ლარის პროდუქციის მიწოდებაზე, რომლის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება საქმეში არ არსებობს. აღნიშნული გარემოება არსებითად მნიშვნელოვანია დავალიანების ოდენობის სწორად განსაზღვრისათვის. სააპელაციო სასამართლოს განჩინების 8.7 პუნქტში სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტის ან იმ გარემოებათა დადასტურება, რომლებიც გამორიცხავდა შესრულებას ან მყიდველს შესრულების დაყოვნების უფლებას. აღნიშნული დასკვნა არ შეესაბამება საქმის მასალებს, ვინაიდან სასამართლოსთვის ცნობილი იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავა, რომელშიც შპს „გ.პ–ი“ შპს „ე.პ–ის“ მიმართ ითხოვს ფულადი ვალდებულების შესრულებას და მოთხოვნის ოდენობა შეადგენს 530 529.21 ლარს. აღნიშნულ საქმეში წარმოდგენილია მოთხოვნის არსებობისა და ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო თავად შპს „ე.პ–ი“, მიუხედავად სარჩელის არაღიარებისა, ეტაპობრივად ახორციელებს დავალიანების დაფარვას.
15. კასატორის განმარტებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია შპს „გ.პ–ის“ სარჩელი მის მიერ მიერ შპს „ე.პ–ისთვის“ საქონლის მიწოდებიდან წარმოშობილი დავალიანების დაკისრების მოთხოვნით. კასატორმა პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, მოცემულ საქმეს გაერთიანებოდა ბათუმში ინიცირებული დავაც, რამეთუ ისინი ერთგვაროვან და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებულ საქმეებს წარმოადგენდნენ და ამ საქმეთა გაერთიანებით სასამართლოსთვის ნათელი გახდებოდა, რომ თავად შპს „ე.პ–ის“ დავალიანება კასატორის მიმართ აღემატება წინამდებარე საქმეში გაცხადებული სასარჩელო მოთოვნის ოდენობას, შესაბამისად, სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს წარედგინა ბათუმის საქალაქო საქმეში მიმდინარე საქმის მასალების ასლები, თუმცა საქმეთა გაერთიანების შუამდგომლობას დაუსაბუთებლად ეთქვა უარი, რაც კანონიერად მიიჩნია სააპელაციო პალატამაც;
16. საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას მოპასუხემ დააყენა შუამდგომლობა საქმის შეჩერების შესახებ სსსკ-ის 279-ე მუხლის "დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც უკავშირდებოდა შპს „გ.პ–სა" (აგრეთვე მოპასუხეები არიან შპს „ც–ი" და შპს „მ.გ–ი“) შპს „ე.პ–ს" შორის მიმდინარე დავას საიჯარო ხელშეკრულებების ბათილობის თაობაზე. საქმის სამართლიანად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო საქმის შეჩერება, ვინაიდან იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საქმეში შპს „ე.პ–ი“ ამტკიცებდა, რომ 2017 წლის დეკემბრამდე მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობა არ არსებობდა, ხოლო მოცემულ საქმეში სწორედ საიჯარო ურთიერთობის არსებობას ასაბუთებდა და ითხოვდა საიჯარო ქირის ანაზღაურებას. საქმეთა ურთიერთკავშირი დადასტურდა სააპელაციო სასამართლოს მიერაც, როდესაც განჩინების 8.6 პარაგრაფში სასამართლომ არასწორი ინტერპრეტაციით გამოიყენა მოპასუხის მიერ საქმეში წარდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის გადაწყვეტილებები, კერძოდ, მოპასუხის განმარტებები იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით („...შპს „ე.პ–ის“ საიჯარო ურთიერთობა შპს „გ.პ–თან“ 2017 წლის 18 დეკემბერს არ დაწყებულა, არამედ კომპანიებს შორის არსებობდა მრავალწლიანი ბიზნესპარტნიორული ურთიერთობა, მოპასუხეები მანამდეც სარგებლობდნენ შპს „ე.პ–ის“ საიჯარო ფართით და იხდიდნენ საიჯარო ქირას; აღნიშნულს ადასტურებს საიჯარო ქირის 12600 ლარის და 4000 ლარის გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დავალებები. ამასთან, აღნიშნული განხორციელებულია 2017 წლის 23 ოქტომბერს, ანუ სადავო ფაქტამდე 2 თვით ადრე...“). ამ ციტატის მოხმობით სააპელაციო სასამართლო, ფაქტობრივად, დაეთანხმა, რომ მოცემული საქმის განხილვა შეუძლებელია იჯარის ბათილობის საქმის გადაწყვეტამდე.
17. კასატორის მტკიცებით, შპს „გ.პ–ის" მოთხოვნა შპს „ე.პ–ის" მიმართ გაცილებით მეტია, ვიდრე წინამდებარე სარჩელით მოთხოვნილი დავალიანების მოცულობა, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს "გ.პ–ზე" დაკისრებული ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით ისეთ პირობებში, როდესაც შპს "ე.პ–ი" არ ასრულებს გადახდის ვალდებულებას შპს „გ.პ–ის" სასარგებლოდ 2018 წლის იანვრიდან გაცილებით დიდ თანხაზე და ზიანის მიყენება მიუღებელი შემოსავლის სახით დღემდე არ არის გადაწყვეტილი, წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით დაცულ კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის პრინციპის დარღვევას.
18. ამდენად, სასამართლოს მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების არასათანადო შეფასებამ, 358 236.21 ლარის პროდუქციის მიწოდების სათანადო მტკიცებულების გარეშე მიჩნევამ, 106 208.52 ლარის გადახდის ფაქტის გაუთვალისწინებლობამ, საქმეთა გაერთიანებისა და საქმის შეჩერების შესახებ მხარის შუამდგომლობების სათანადო შეფასების არარსებობამ და მხარეთა ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციების შეუფასებლობამ გამოიწვია საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა და, შესაბამისად, დავალიანების ოდენობის არასწორად განსაზღვრა. აღნიშნული დარღვევების ერთობლიობა მიუთითებს მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვან დარღვევაზე, რამაც არსებითი გავლენა მოახდინა საქმის შედეგზე.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, შპს ,,გ.პ–ის" საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
21.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
22. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა დავისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.
23. უწინარესად, საკასაციო პალატა სამართლებრივად შეაფასებს საქონლის მიწოდების სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნასა და მისი დაკმაყოფილების წინააღმდეგ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიების საფუძვლიანობას.
24. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. ამავე კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა; საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით; დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ საბოლოო მომხმარებლისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევისას, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში; საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) ფორმებს, რეკვიზიტებს, მისი გაცემის, აღრიცხვისა და გამოყენების (მათ შორის, გამოყენებაზე შეზღუდვის) წესებს, ასევე ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ გამოიწერება, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
25. დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაშვები/დასაბუთებული პრეტენზია არ არის წამოყენებული იმ ფაქტის მიმართ, რომ თანხის დაკისრების მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის დასასაბუთებლად წარდგენილი ყველა ანგარიშ-ფაქტურა დადასტურებულია კასატორი საწარმოს მიერ.
26. პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე (იხ. სუსგ. №ას-1298-2018; 22.03.2019წ; №ას-1329-2018, 22.02.2019წ; №ას-1610-2019, 07.02.2020წ; №ას-804-2019, 19.03.2021წ; №ას-1133-2019, 30.07.2021წ; №ას-754-2021, 02.12.2021წ).
27. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურდა მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის სახით, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 477-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ფასის გადახდის სავალდებულოობას კი ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა განაპირობებს.
28. საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკის შესაბამისად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ხელშეკრულების დადებისა და საქონლის მიწოდების ფაქტების დასტურია, თუ მხარე, რომელმაც ანგარიშ-ფაქტურა დაადასტურა, საწინააღმდეგოს არ დაამტკიცებს (იხ. სუსგ. №ას-1296-2019 08.06.2021წ; №ას-599-574-2016, 23.09.2016წ; №ას-825-2020, 02.12.2021წ; №ას-1296-2019 08.06.2021წ; №ას-514-514-2018 03.06.2021წ; №ას-514-514-2018, 03.08.2019წ). დასახელებულ საქმეებში საკასაციო პალატა ელექტრონულად დადასტურებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს განიხილავს მყიდველის მიერ საქონლის მიღების ფაქტის მტკიცებულებად, რაც კვალიფიციური შედავების არარსებობის პირობებში, წარმოშობს საფასურის გადახდის ვალდებულებას. ერთ-ერთ საქმეში კი საკასაციო პალატამ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა, იგულისხმება, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა (იხ. სუსგ. №ას-381-381-2018, 01.05.2018წ).
29. საკასაციო სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს კვალიფიციური შედავების მნიშვნელობაზე სამოქალაქო პროცესში.
30. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.
30.1. მოსამართლეს ჯერ კიდევ წერილობითი ფორმით წარდგენილი სარჩელიდან და შესაგებლიდან უნდა შეექმნას წარმოდგენა დავის სურათზე (ფაბულა), მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე (სარჩელით მოთხოვნილი შედეგის განმსაზღვრელი ნორმა), მოთხოვნის წინაპირობებზე (ნორმის შემადგენლობა), მტკიცების საგანსა (სადავო გარემოება, რომელიც უნდა დამტკიცდეს) თუ სარჩელის პერსპექტიულობაზე.
30.2. დასაბუთებულობის მოთხოვნა წაეყენება არამარტო სარჩელს, არამედ შესაგებელსაც. ამ დროს მოწმდება როგორი შესაგებელი წარადგინა მოპასუხემ (მოთხოვნის შემწყვეტი, შემაფერხებელი, გამომრიცხავი). შესაგებლის შინაარსიდან უნდა მიხვდეს მოსამართლე, რომელია უდავო და რომელია სადავო მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები. შესაგებლის ინსტიტუტი, სარჩელის ინსტიტუტთან ერთად ერთგვარი გზამკვლევია მტკიცების სტადიისა, რომელზე გადასვლაც არ ხდება, ვიდრე არ ამოიწურება მხარეთა პოზიციების (სარჩელი; შესაგებელი; მოპასუხის მხრიდან არსებითი შედავების შემთხვევაში მოსარჩელის პასუხი და ა.შ.) ურთიერთგაცვლა და უდავო გარემოებების იდენტიფიცირება. ერთი მხრივ, რელევანტური ფაქტების დახარისხება ხდება სამართლის ნორმის მიხედვით, ხოლო მეორე მხრივ, ფაქტები განსაზღვრავენ, რომელია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა. აქედან გამომდინარე, დავის გადაწყვეტაში სარჩელთან ერთად შესაგებლის, როგორც საპროცესო ინსტიტუტის როლი, უაღრესად მნიშვნელოვანია.
30.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.
30.4. „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 02 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016).
30.5. ციტირებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სარჩელს, სადაც აღწერილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხისთვის მიწოდებული აქვს ჯამში 358 236.21 ლარის ერთჯერადი მოხმარების საქონელი, საიდანაც მოპასუხეს ანაზღაურებული აქვს მარტოოდენ 155 121.51 ლარის, ხოლო 203 114.7 ლარი წარმოადგენს მოპასუხის დავალიანებას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საპასუხოდ მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა მხოლოდ „არ ვეთანხმები“ და დაზუსტებული შესაგებლის წარსადგენად მოითხოვა დრო, რომელიც, საბოლოოდ, არ წარუდგენია. შესაგებლის ალტერნატივად მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა პოზიცია სასარჩელო მოთხოვნებზე განცხადების სახით (იხ. ტ.3, ს.ფ. 1-2), რომელშიც საქონლის მიწოდების სამართალურთიერთობასთან მიმართებით ის გარემოება მიუთითა, რომ ანგარიშფაქტურებში, ნომრით: ეა-138724791, ეა-138724790, ეა-1387247789, ეა-138762021, ეა-138065297, ასახული მოთხოვნები, ჯამში 32 437.7 ლარის ოდენობით, იყო ხანდაზმული.
30.6. ამრიგად, კვალიფიციური შესაგებლის არარსებობის პირობებში, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია დადგენილად მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობობა და ის ფაქტი, რომ 2017-2018 წლებში მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულება შეადგენს 358 236.21 ლარს.
31. რაც შეეხება მიწოდებული საქონლის ასანაზღაურებელი ღირებულების ოდენობას, სარჩელში ასეთად დასახელებულია 203 114.7 ლარი. საქმის მომზადების ეტაპზე, მთავარი სხდომის გახსნამდე, მოსარჩელის 06.06.2022 წლის განცხადების საფუძველზე სასარჩელო მოთხოვნა შემცირდა და განისაზღვრა 201 114.7 ლარით (იხ. ტ.3, ს.ფ. 24-28). ამასთან, დასახელებულ განცხადებაში მოსარჩელემ მიუთითა დავისთვის მნიშვნელოვან ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე, სახელდობრ, იმაზე, რომ 201 114.7 ლარის დავალიანება წარმოშობილი იყო არამარტო 2017 წლის დეკემბრის-იანვრის პერიოდში, როგორც ამას სარჩელში მიუთითებდა, არამედ 2017 წლის სექტემბრის თვიდან, შესაბამისად, საქონლის მოწიდებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა, მოსარჩელის განმარტებით, წარმოადგენდა სარჩელზე დართული აუნაზღაურებელი ანგარიშ-ფაქტურებსა (საერთო ღირებულებით 196 201.4) და 06.06.2022 წლის განცხადებაზე დამატებით 29 ფურცლად დართული ანგარიშ-ფაქტურებში (საერთო ღირებულებით 5 106.06 ლარი) ასახული საქონლის ღირებულების ჯამს.
32. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, რომ წერილობითი შეჯიბრების პროცესში მოსარჩელის 06.06.2022 წლის განცხადება მოპასუხე მხარემ უპასუხოდ დატოვა, რაც განაპირობებს იმ სამართლებრივ შედეგებს, რაზეც სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა - დამტკიცებულად ითვლება, რომ დავალიანების წარმოშობის საფუძვლად მიჩნეული საქონლის მიწოდების სამართალურთიერთობა მიმდინარეობდა 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის იანვრის ჩათვლით დროის შუალედში.
33. წარდგენილ შესაგებელსა და დამატებით წარდგენილ 13.05.2022 წლის განცხადებაში მოპასუხე არ შედავებია ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას, თუმცა 2022 წლის 27 მაისს შპს „გ.პ–მა“ სასამართლოს წარუდგინა განცხადება საგადახდო დავალებების წარმოდგენის შესახებ, რომლებიც, მოპასუხის მითითებით, ადასტურებენ შპს „გ.პ–ის“ მხრიდან 120 008.52 ლარის საქონლის ღირებულებისა და იჯარის თანხის გადახდას შპს „ე.პ–ის“ სასარგებლოდ. აღნიშნულ განცხადებაზე დართული საგადახდო დავალებებით მტკიცდება, რომ 31.12.2018 წელს, 22.04.2018 წელს, 23.10.2017 წელს, 21.08.2017 წელს, 15.08.2017 წელს, 21.06.2017 წელს, წელს და 02.06.2017 წელს დანიშნულებით „საქონლის ღირებულება“, შპს „გ.პ–ს“ შპს „ე.პ–ისთვის“ გადარიცხული აქვს ჯამში 106 218 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის განსჯით, მოპასუხე საქონლის აუნაზღაურებელი ღირებულების სახით მოთხოვნილი 201 114.7 ლარიდან შეედავა სწორედ 106 218 ლარის მოთხოვნას.
34. აღნიშნულის საპასუხოდ, მოსარჩელემ 06.06.2018 წელს წარდგენილ განცხადებაში მიუთითა, რომ მოპასუხის შედავება აუნაზღაურებელი საქონლის ღირებულების ოდენობის შესახებ უსაფუძვლოა, რადგან წარმოდგენილი საგადახდო დავალებით გათვალისწინებული ყველა გადახდა, რომელიც საქონლის ღირებულებას მიემართება, მოსარჩელეს გათვალისწინებული (გამოკლებული) აქვს საბოლოო სასარჩელო მოთხოვნის განსაზღვრისას, კერძოდ, სარჩელზე დართული ანგარიშის ბრუნვის ბარათები მოწმობს, რომ 31.12.2018 წელს 500 ლარის, 22.04.2018 წელს გადარიცხული 2000 ლარის, 21.08.2017 წელს გადარიცხული 10 000 ლარის, 15.08.2017 წელს გადარიცხული 28 954 ლარის, 21.06.2017 წელს გადარიცხული 48 700 ლარის, 23.10.2017 წელს გადარიცხული 15 654.52 ლარისა და 02.06.2017 წელს გადარიცხული 400 ლარის გადახდები მოსარჩელეს გამოკლებული აქვს მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან და სწორედ ამ გამოქვითვების გათვალისწინებით არის საქონლის აუნაზღაურებელი ღირებულება განსაზღვრული 203 114.7 ლარით, რომელიც მოსარჩელემ ნებაყოფლობით შეამცირა 201 114.7 ლარამდე.
35. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უკლებლივ ყველა ანგარიშ-ფაქტურა, რომლებსაც ეფუძნება მოსარჩელის მოთხოვნა აუნაზღაურებელ 201 114.7 ლარზე, დათარიღებულია 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის იანვრის ჩათვლით დროის პერიოდით (იხ. ტ.1, ს.ფ. 18-23; ტ.3, ს.ფ. 29-57). კასატორის მტკიცება, რომ მის მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალებებით გათვალისწინებული გადახდები სწორედ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად არსებული ვალდებულების შემცირებისკენ იყო მიმართული, არადამაჯერებელია, ვინაიდან, დასახელებული გადახდების უმრავლესობა (ოთხი ტრანსაქცია ჯამური თანხით 88 054 ლარი) შესრულებულია 2017 წლის ივნისსა და აგვისტოში, ესე იგი, სადავოდ ქცეული ვალდებულების წარმოშობამდე, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ მითითებული გადარიცხვები 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის იანვრამდე მიწოდებული საქონლის ღირებულების გადასახდელად გამიზნული ვერ იქნებოდა.
36. კასატორის პოზიცია, რომ მოთხოვნილი საქონლის ღირებულებას უნდა გამოაკლდეს ზემოაღნიშნული საგადახდო დავალებებით გადარიცხული თანხა ჯამში 106 218 ლარის ოდენობით, გასაზიარებელი არ არის იმის გამოც, რომ მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან - 358 236.21 ლარიდან 155 121.51 ლარის გადახდის ფაქტზე წარმოდგენილ სარჩელში თავად მოსარჩელეც უთითებდა, ამასთან სარჩელს თავად მოსარჩელემ დაურთო ამონაწერები შპს „ე.პ–ის“ N14 10 15 და N14 12 15 ანგარიშის ბარათებიდან, რომელშიც, თოთოეული გადარიცხვა, რომლის შესრულებაზეც აპელირებს კასატორი, გათვალისწინებულია კრედიტის გრაფაში (იხ. ტ. 3, ს.ფ. 56; ს.ფ. 59-62), გამოკლებულია დებეტის თანხას, ხოლო ნარჩენი შეუსრულებელი ვალდებულება განსაზღვრულია სწორედ ამ გადახდების მხედველობაში მიღებით. ამრიგად, კასატორის პრეტენზიას, რომ დაკისრებული 201 114.7 ლარიდან 106 218 ლარი გადახდილი აქვს, საფუძველი არ გააჩნია.
37. როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხე საქონლის მიწოდებიდან გამომდინარე დავალიანების სარჩელისგან თავს იცავდა მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლით - ხანდაზმულობითაც. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე წარდგენილი საკასაციო საჩივარი კი არ შეიცავს პრეტენზიას იმ დასაბუთების წინააღმდეგ, რომელიც სააპელაციო სასამართლომ მოიხმო ხანდაზმულობის შესაგებლის უარსაყოფად.
38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო პალატას დასახელებული ნორმა ზღუდავს, მსჯელობა წარმართოს პრეტენზიებზე, რომელიც კასატორს საკასაციო საჩივარში არ ჩამოუყალიბებია, ამდენად, მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე საკასაციო პალატა მსჯელობას არ შეუდგება, თუმცა მოკლედ აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქონლის მიწოდებიდან გამომდინარე მოთხოვნები ეფუძნება 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის იანვრის ჩათვლით გამოწერილ და დადასტურებულ ანგარიშ-ფაქტურებს, 2017 წლის მაისისა და ივნისის ანგარიშ-ფაქტურებიდან წარმოშობილი მოთხოვნების ხანდაზმულობაზე მითითება სამართლებრივად ვარგის შედავებას არ წარმოადგენდა, მათ შორის, არც საქმის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში განხილვისას, ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი მართებულად ჩაითვალა საფუძველს მოკლებულად.
39. საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლი 1-ლი ნაწილი, რომლის თანახმადაც, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.
40. მოსარჩელე უძრავ ნივთსა და ორ ავტომობილზე საიჯარო ურთიერთობის არსებობის დასადასტურებლად მიუთითებდა მოსარჩელის მიერ გამოწერილ და მოპასუხისგან დადასტურებულ ანგარიშ-ფაქტურებზე; საამისოდ სწორ საპროცესო ეტაპზე - საქმის მომზადების დასრულებამდე, არც შესაგებლით და არც დამატებით წარმოდგენილი განცხადებებით, კასატორს არ უარუყვია საიჯარო ურთიერთობების არსებობა, არამედ თავს იცავდა საიჯარო ქირის მოთხოვნების ხანდაზმულობაზე მითითებით, შესაბამისად, სასამართლომ, სსკ 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მართებულად მიიჩნია დადასტურებულად საიჯარო ურთიერთობების არსებობა მხარეთა შორის.
41. სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე აპელანტის შეცვლილი პოზიცია, რომლის თანახმადაც, უძრავ ნივთთან მიმართებით საიჯარო ურთიერთობა არ არსებობდა, ხოლო ამ ურთიერთობის ფარგლებში გადახდილი 12 600 ლარი საიჯარო ავანსს წარმოადგენდა, სააპელაციო პალატას უნდა შეეფასებინა სსსკ 380-ე მუხლის მე-2 ჭრილში (სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა), ახალ ფაქტზე მითითება ჩაეთვალა დაუშვებლად და არსებითად მასზე არ უნდა ემსჯელა, ვინაიდან სწორ საპროცესო ეტაპზე (საქმის მომზადების დასრულებამდე) უძრავ ნივთზე იჯარის არსებობის გარემოებაზე შეუდავებლობით მხარემ დაკარგა ამ გარემოებაზე საპატიო მიზეზის მითითების გარეშე სააპელაციო სამართალწარმოების ფარგლებში შედავების უფლება.
42. ამრიგად, საკასაციო პალატის განსჯით, წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურებისა და საიჯარო ურთიერთობის ფარგლებში გადახდილი საიჯარო ქირების სხვაობა (2100 ლარი და 4200 ლარი) სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია მოპასუხის დავალიანებად უძრავი ნივთის იჯარის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.
43. საკასაციო სასამართლო კვლავს მიუთითებს სსსკ 404-ე მუხლის პირელ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლებს ადგენს საკასაციო საჩივრის შინაარსი. როგორც უძრავი ნივთის, ისე ავტომანქანების საიჯარო ქირის მოთხოვნისგან მოპასუხე თავს იცავდა ხანდაზმულობის შესაგებლით, თუმცა პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე წარდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს პრეტენზიას იმ დასაბუთების წინააღმდეგ, რომელიც სააპელაციო სასამართლომ მოიხმო ამ ნაწილში ხანდაზმულობის შესაგებლის უარსაყოფად. შესაბამისად, კასატორის წერილობითი პრეტენზიის არარსებობის პირობებში, საკასაციო პალატა არაუფლებამოსილია, გადასინჯოს გასაჩივრებული განჩინების ის ნაწილი, რომელიც მიემართება უძრავი ნივთისა და ავტომობილების საიჯარო ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობის უარყოფის დასაბუთებას.
44. ამრიგად, პალატას მართებულად მიაჩნია ავტომანქანების იჯარის სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოპასუხისთვის 1200 ლარის გადასახდელად დაკისრება, ვინაიდან ავტომანქანების იჯარაზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების ჯამური ღირებულებიდან - 3300 ლარიდან - დასტურდება მოპასუხის მიერ მხოლოდ 1200 ლარის გადახდის ფაქტი.
45. წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, არსებობს თუ არა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავლის სახით, მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობები.
46. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „ე.პ–მა“ შპს „გ.პ–ს“ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიაწოდა საქონელი, ხოლო იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა უძრავი ნივთითა და ავტომანქანებით სარგებლობის უფლება. დადგენილია, რომ ნასყიდობის საფასურისა და საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება 207 607.46 ლარის ოდენობით შეუსრულებელია, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა კუთვნილი თანხის დროულად გადაუხდელობის გამო მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით მან განიცადა ზიანი მისაღები თანხის წლიური 12.5%-ის ოდენობით სარგებლის სახით, რასაც ის მიიღებდა თანხის ანაბარზე განთავსებით.
47. დადგენილია, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაღაურების სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხე შპს „გ.პ–ს“ მოსარჩელე შპს „ე.პ–ის“ სასარგებლოდ, მიუღებელი შემოსავლის სახით დააკისრა 207 607.46 ლარის წლიური 8%-ის გადახდა 2020 წლის 3 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც უცვლელად არის დატოვებული სააპელაციო სასამართლოს განჩინებით.
48. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად წარმოშობილი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში ასახული განმარტების თანახმად, ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, იგულისხმება მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელიც არ იარსებებდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირი კავშირი გულისხმობს მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის იმ ლოგიკური ბმას, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ. №ას-459-438-2015, 07.10.2015წ.; №ას-754-2021, 02.12.2021წ.).
49. გასაჩივრებულ განჩინებაში ხაზგასმულია ფულისაგან, როგორც ბრუნვაუნარიანი ობიექტისგან, სარგებლის მიღების რეალური შესაძლებლობის თავისთავად არსებობა, თუმცა აღნიშნული იმთავითვე არ გულისხმობს მოსარჩელის მტკიცების ტვირთის არაგონივრულად შემცირებას, არამედ იგი პირდაპირპროპორციულად მნიშვნელოვანია მოსამართლის როლისათვის მიუღებელი შემოსავლის განმარტების, არსებობის დასაბუთებისა და ოდენობის განსაზღვრის პროცესში. მხოლოდ მხარეთა მტკიცების ტვირთის პირობებში გახდება შესაძლებელი, რომ მიუღებელი შემოსავალი არარეალურ და აბსტრაქტული შინაარსის მოთხოვნად არ იქცეს და მტკიცებულებები და გარემოებები კომპლექსურად შეფასდეს (შდრ. ჩიტაშვილი ნ. „საქართველოს სამოქალაქო სამართლის საფუძვლები ქართულ სასამართლო პრაქტიკაში“, თსუ, 2016, გვ. 154).
50. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ მხარეებს შორის არსებული რამდენიმეწლიანი სამეწარმეო საქმიანობა მოპასუხისათვის, როგორც მეწარმე სუბიექტისათვის ნათელს ხდიდა იმ რისკებს, რომელთა წინაშეც კრედიტორი შესაძლოა დამდგარიყო ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისას. ფულადი ანაზღაურების შემთხვევაში კი აღნიშნული ზიანი უფრო თვალსაჩინო იყო ფულის, როგორც ბრუნვაუნარიანი ობიექტის თვისებიდან გამომდინარე.
51. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას იურიდიულად ამართლებს სარჩელში მითითებული და ქვემდგომი სასამართლოების დადგენილი ფაქტები ეროვნული ბანკის მიერ ანაბრისთვის დადგენილი წლიური საპროცენტო განაკვეთის თაობაზე, რის მიხედვითაც დაანგარიშდა ზიანის ოდენობა.
52. საკასაციო პალატა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, განსახილველ შემთხვევაში, იკვეთებოდა. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ მოპასუხისთვის, როგორც მეწარმე სუბიექტისთვის, ცნობილი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობით გამოწვეული რისკები, განსაკუთრებით ფულადი ვალდებულების შემთხვევაში. შესაბამისად, შემძენის/მოიჯარის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შედეგად კრედიტორს წარმოეშვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუღებელი შემოსავლის განსაზღვრისას, ვადიანი ანაბრების პროცენტთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ასანაზღაურებელი თანხის წლიური 8%-ის ოდენობით განსაზღვრა კანონიერად და დადგენილი სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად
53. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე ითხოვს პირველი ინსტანციის იმ საოქმო განჩინებების გადასინჯვას საკასაციო სასამართლოს მიერ, რომლითაც საქმეთა გაერთიანებისა და საქმის წარმოების შეჩერების შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე მას უარი ეთქვა.
54. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
55. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხემ წარადგინა სამი შუამდგომლობა: 1) მოსამართლის აცილების შესახებ, რომელიც 07.04.2022 წლის საოქმო განჩნებით არ დაკმაყოფილდა; 2) საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, რომელიც 16.05.2022 წლის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა და 3) საქმეთა გაერთიანების შესახებ, რომელიც არ დაკმაყოფილდა 13.06.2022 წლის საოქმო განჩინებით.
56. საკასაციო პალატას, მოპასუხის სააპელაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ დასახელებული განჩინებებიდან სააპელაციო საჩივრის საგანი გახდა მხოლოდ ორი - აცილებაზე უარის თქმისა და საქმეთა გაერთიანებაზე უარის შესახებ საოქმო განჩინებები (იხ. სააპელაციო საჩივარი, ტ.3, ს.ფ. 121-122; 133-134); შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გადასინჯა მხოლოდ დასახელებული განჩინებების კანონიერება.
57. საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე და 407-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სამართალწარმოება შეზღუდულია რა ინსტანციურობის პრინციპით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო ამოწმებს უშუალოდ მისი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას; პირველი ინსტანციის სასამართლო აქტის სააპელაციო ინსტანციაში გაუსაჩივრებლობით მხარე კარგავს ამავე აქტის საკასაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილებას.
58. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის დისპოზიციური ნებიდან გამომდინარე (რაც საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინების სააპელაციო სასამართლოში გაუსაჩივრებლობით გამოიხატა), სააპელაციო პალატას არ უმსჯელია 16.05.2022 წლის საოქმო განჩინების კანონიერებაზე, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილი არ არის, განიხილოს საქმის წარმოების შეუჩერებლობის შესახებ ერთი ინსტანციის გამოტოვებით წარდგენილი პრეტენზია.
59. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მარტოოდენ 13.06.2022 წლის საოქმო განჩინება, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა საქმეთა ერთ წარმოებად გაერთიანების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.
60. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მეოთხე ნაწილი უშვებს სასამართლოს წარმოებაში არსებულ რამდენიმე ერთგვაროვან და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებულ საქმეთა ერთ წარმოებად გაერთიანებას იმ დათქმით, რომ ამგვარ გაერთიანებას შედეგად უნდა მოჰყვეს ამავე საქმეთა სწრაფად და სწორად განხილვა. ორი ან მეტი საქმის ერთ წარმოებად გაერთიანების კუმულატიურ წინაპირობებს წარმოადგენს: 1) საქმეთა ერთგვაროვნება და ურთიერთკავშირი; 2) გაერთიანების შედეგად დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვის უზრუნველყოფა (იხ. სუსგ. №ას-633-2021 09.11.2021წ.).
61. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ წინამდებარე დავა აღმოცენებულია შპს „ე.პ–ის“ მხრიდან კასატორისთვის მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების დაყოვნების გამო, ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში მყოფ საქმეში კი მხარეთა გარიგებისმიერი და პროცესუალური როლები გაცვლილია და მიმწოდებლად გვევლინება შპს „გ.პ–ი“, ხოლო საქონლის მიმღებად შპს „ე.პ–ი“, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი დაფუძნებული არ არის იმ ანგარიშ-ფაქტურებზე, რომლებიც მოსარჩელეს წინამდებარე სარჩელის დასასაბუთებლად აქვს გამოყენებული. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის ერთგვაროვნების მიუხედავად, ბათუმის საქალაქო სასამართლოში კასატორის მიერ აღძრულ სარჩელსა და წინამდებარე საქმეს შორის არ იკვეთება იმგვარი ურთიერთკავშირი, რომელიც დავის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის, წარმოშობს საქმეთა ერთ წარმოებად გაერთიანების აუცილებლობას. ამავდროულად, დასახელებულ საქმეებში მტკიცების საგანში შემავალ და დასადგენ გარემოებათა წრის მოცულობა და მათი სხვადახვაობა, მაღალი ალბათობით, განაპირობებდა საქმის განხილვის ვადების გახანგრძლივებასაც, რაც საქმეთა გაერთიანების მიზანთან შეუსაბამოა.
63. ყოველივე აღნიშნულის გამო, პალატას საქმეთა გაერთიანებაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინება მართებულად მიაჩნია.
64. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
65. ამრიგად, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმებას ექვემდებარება მაშინ, თუკი დროებით (სარჩელის მიღებაზე უარის თქმისას, სარჩელის განუხილველად დატოვებისას) ან მუდმივად (სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას, საქმის წარმოების შეწყვეტისას) დგება მოსარჩელის საუარესო შედეგი. იმ მოცემულობაში კი, როდესაც სარჩელი სრულად ან ნაწილობრივ მაინც დაკმაყოფილებულია, სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
66. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, შესაბამისად, არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
67. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.„ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, no. 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, no. 16034/90, 19/04/1994, §61, série A, №288,. Garcia Ruiz v. Spain [GC] no. 30544/96, 21/01/1999, §26; CEDH 1999-I; Perez v France [GC], no. 47287/99, 12/02/2004, § 81).
68. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
69. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. შპს ,,გ.პ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს ,,გ.პ–ს" (ს/კ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 7.03.2024წ. №5178189950 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის, 5.03.2024წ. №5178176210 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3561.00 ლარის და 1.03.2024წ. №5178158176 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4339.00 ლარის, ჯამში 8000.00 ლარის 70% – 5600.00 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი